აპოლოგეტიკა - ნიკონის რეფორმის დამცველთა მაგალითების განხილვა 3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა

სანთელი

შინაარსი:

_____________________


მღვდლის დაკრძალვის წეს-განგების შესახებ


ახალმოწესე: ახლა მე დაგიმოწმებთ კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას: პატრიაქმა იოასაფმა, რომელსაც თქვენ, ძველმოწესეები, ღვთისმოსავ პატრიარქად აღიარებთ, კურთხევანიდან ამოიღო მღვდლის დაკრძალვის წეს-განგება და ის მწვალებლურად გამოაცხადა, პატრიარქმა იოსებმა კი ეს წეს-განგება ისევ კურთხევანში დააბრუნა. ეს მაგალითი, ჩემის აზრით, სრულიად ამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას და საერთოდ, მთლიანად ჩვენს ეკლესიას.


ძველმოწესე: დიახ, ეს მაგალითი, შეიძლებოდა გამოდგომოდა თქვენს ეკლესიას, მართლაც ისე რომ ყოფილიყო საქმე, როგორც თქვენ დახატეთ, მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ვითარება სულ სხვაგვარი იყო. რაიმეს ხომ არ წამიკითხავდით პატრიარქ იოასაფის ამ კურთხევანიდან?

ახალმოწესე: კი ბატონო!... ეს კურთხევანი, საბედნიეროდ, ხელთა მაქვს. ისმინეთ: "ხოლო მღვდლის დაკრძალვა დიდი ბატონისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი ჩვენი პატრიარქის, იოასაფის ბრძანებით ამოღებულია, რადგან, ის დაკრძალვა დაწერილი იყო მწვალებელ ერემიოსის, ბულგარელი მღვდლის მიერ, ხოლო ბერძნულ თარგმანებში ის არ მოიპოვება, არ არის ის ასევე ძველ ისტორიულ და წერილობით წყაროებში, როგორც მცირე რუსეთში, ასევე კიევის გამოცემებში" ("А поповское погребение от¬ставлено по повелению великаго господина святейшаго Иоасафа, патриарха московскаго и всея России, потому, что то погребение учинено от еретика Еремея, попа болгарскаго, а в греческих пе¬реводах его нет, также и в старых харатейных, и в письменных старых, и малыя России яже в киевских нет же" (Потребник Иоасафа патриарха). აჰა, წავიკითხე.

ძველმოწესე: და, სად არის აქ ნათქვამი, რომ პატრიარქმა იოასაფმა მღვდლის დაკრძალვის წესი მწვალებლურად გამოაცხადაო?

ახალმოწესე: აქ ნათქვამია, რომ დაკრძალვის წეის დაუწერია ბულგარელ მღვდელ ერემიოსს.

ძველმოწესე: და თქვენი აზრით, სულ ერთია რა "დაწერა მწვალებელმა" და რა არის "მწვალებლური"? ეს ერთნაირად მიუღებელია?

ახალმოწესე: რა თქმა უნდა, სულ ერთია.

ძველმოწესე: მითხარით, გეთაყვა, როგორ მიიჩნევთ თქვენსა და ჩვენს წიგნებში მოთავსებულ ღვთისმშობლის აკაფისტოს: მართლმადიდებლურად თუ მწვალებლურად?

ახალმოწესე: რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურად.

ძველმოწესე: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებლურად თვლით თუ მწვალებლურად?

ახალმოწესე: უცნაური ადამიანი ბრძანდებით! რა საჭიროა ასეთი შეკითხვები? განა შეიძლება ისეთი უდიდესი დღესასწაული, როგორიც ჯვართამაღლების დღესასწაულია ან კიდევ ღვთისმშობლის აკაფისტო - მწვალებლურად მიიჩნიო?... როგორი ცუდი წარმოდგენაც უნდა გქონდეთ ჩვენზე, ისეთი ბრიყვები როდი ვართ ამგვარ ცოდვილ საქმეზე წავიდეთ და ქრისტეანული დღესასწაულები მწვალებლურად გამოვაცხადოთ.
ძველმოწესე: გმადლობთ ასეთი სამართლიანი პასუხისთვის. მაგრამ ეს შეკითხვები იმიტომ კი არ დაგისვით, რომ მე "უცნაური ადამიანი" ვარ, არამედ იმიტომ, რომ გამოგიყვანოთ ცთომილებიდან. როდესაც გკითხეთ: განა სულ ერთია თქვენთვის, "მწვალებლის მიერ დაწერილი" და "მწვალებლური" მეთქი, თქვენ "დიახ, სულ ერთიაო", მიპასუხეთ. ხოლოდ როდესაც გკითხეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტოზე, რომელიც კონსტანტინოპოლის მწვალებელ-მონოთელიტ პატრიარქის, სერგის მიერ არის დაწერილი ("Историческое обозрение богослужебных книг". Киев, 1836 г., стр. 59).

და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის დღესასწაულიც პაპ ჰონორიუსის მიერ არის დაწესებული, რომელიც ერთნებიანთა მწვალებლობის მიმდევარი იყო ("Большой Феатрон", лето 626, лист 236 обор.): მართლმადიდებლურია თუ არა ეს დაწესებანი თუ მწვალებლურნი? თქვენ მიპასუხეთ: "მართლმადიდებლურიაო". აქედან კი გამოდის, რომ ის, "რაც მწვალებლის დაწერილია" ან "დაწესებულია" და საკუთრივ "მწვალებლური" – "ერთი და იგივე" როდია.

ახალმოწესე: გმადლობთ, რომ მიჩვენეთ აზრთა განსხვავება თქვენს მიერ მითითბულ ორ ტერმინში, თუმცა ამით კიდევ უფრო გაამართლეთ ნიკონ პატრიარქის რეფორმა.

ძველმოწესე: და, როგორ?!

ახალმოწესე: ძალიან მარტივად! თქვენ დაამტკიცეთ, რომ მღვდლის დაკრძალვის წესი "მწვალებლური" არ არის, არამედ მართლმადიდებლური, თანაც პატრ. იოასაფმა ის გააუქმა, თუმცა ამისთვის მწვალებლად როდი შეირაცხა. ზუსტად ასე მოიქცა ნიკონ პატრიარქიც, თუმც კი გააუქმა მართლმადიდებლური გადმოცემები, მაგრამ ამის გამო მწვალებელი როდი გახდა. კიდევ ერთხელ გმადლობთ ამისთვის!

ძველმოწესე: არა, პატივცემულო, თქვენი პატრიარქის მოქმედებები სულაც არ წააგავს პატრიარქ იოასაფის მოქმედებას და აი რატომ: იოასაფი ღვთისმოსავი პატრიარქი იყო, თუმცა მან თავისი კურთხევანიდან ამოიღო მღვდლის დაკრძალვის წესი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის შედგენილია მწვალებლის მიერ, აქედან გამომდინარე კი შიშობდა (თუმცა სრულიად უსაფუძლოდ), რაიმე შეცდომა არ დაეშვა ამ წეს-განგების გამოყენებით, რომელიც, მისი აზრით, მწვალებლის დაწერილი იყო.

გარდა ამისა, პატრიარქი იოასაფი არ მიიჩნევდა თავის გადაწყვეტილებას დაკრძალვის წესთან დაკავშირებით უეჭველად სწორ გადაწყვეტილებად, რომელიც არ ექვემდებარება გადასინჯვას. პირიქით, "ქრისტეანული მორჩილებით სთხოვდა თავის მომავალ მემკვიდრეებს გაეგრძელებინათ თავიანთი მზრუნველობა წიგნების შესწორების საქმეში და მისი ეჭვები გაექარწყლებინათ" (ციტატა ბროშურიდან: "Ответы Снежницкому").

უეჭველია, რომ პატრიარქ იოასაფს ვიღაცამ უთხრა, რომ დაკრძალვის წესი, თითქოსდა მწვალებელი ერემეის დაწერილი იყო. პატრიარქი მიენდო ამ რჩევას და შემოწმების გარეშე ვერ გაბედა კვლავ კურთხევანში დაებეჭდა იგივე წეს-განგება. "პატრიარქ იოსების დროს დადასტურდა, რომ მღვდლის დაკრძალვის წესი ბერძნულ კურთხევანებშიც იყო მოცემული და ამიტომაც, ის ისევ შეიტანეს იოსების დროს გამოცემულ რუსულ კურთხევანებში. ამგვარად აღასრულეს მათ პატრ. იოასაფის სურვილი და მისი ეჭვები გაქარწყლებულ იქნა" (ციტატა ბროშურიდან: "Ответы Снежницкому").

მოიქცა კი ასე ყოფილი პატრიარქი ნიკონი თავის თანამოაზრეებთან ერთად? - სრულიადაც არა! მან (ნიკონმა) ბრწყინვალედ იცოდა, რომ წმ. ეკლესიის გადმოცემები, რომლებიც იმ დროს რუსეთის ეკლესიას დაურღვევლად და წმიდად ეპყრა, სრულიად მართლმადიდებლურია, - მათ მისდევდნენ ღმრთის წმინდანები: პეტრე, ალექსი და იონა, ფილიპე მიტროპოლიტი, წმიდა გური, ბარსონუფი და გერმანე, ღირ. მაქსიმე ბერძენი და სხვა უდიდესი მღვდელმთავარნი და ღირსი მამები რუსეთის ეკლესიისა.

ნიკონს ბრწინვალედ ესმოსა, რომ ამ წმიდა გადმოცემებში არ არის არავითარი ცთომილება, რომ ისინი ძველ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებშია გადმოცემული. მაგრამ, ამპარტავნებით და პატივმოყვარეობით შეპყრობილი, ის თავს დაესხა წმიდა სიძველეს და თავის "თანამეინახეებთან" ერთად - აღმოსავლელ "პაისიებთან", "მაკარიებთან" და "არსენიებთან" ერთად შეუდგა ყოველივე წმიდის, მაცხოვნებლისა და ძველის გინებასა და გმობას. ასმუხლიანი კრების წმიდა და საკვირველმოქმედ მამებს მათ "უმეცრები" უწოდეს და სანაცვლოდ რა მოგვცეს? "პეშვი" (სამი თითი - რედ.), რომელიც არც ერთ წმიდა მამას არ უსწავლებია, ხოლოდ სიყვარულზე და მშვიდობაზე ქრსიტეს სწავლების ნაცვლად - ცეცხლი და მახვილი მოიტანა.

და თქვენ, პატივცემულო, გსურთ იპოვოთ ისეთი მაგალითი ქრისტეს ძველ ეკლესიაში, რომელიც გაამართლებდა თქვენი მოძღვრების ამგვარ უკეთურებას! ძლიერ დაშვერით აქ ძვირფასო, და შესაძლოა, კიდევ გააგრძელოთ ღვაწლი ამავე სულისკვეთებით, მაგრამ გახსოვდეთ, - თქვენი საქმეების გამართლება არფერს და არავის შეუძლია. ასე, რომ პატრიარქ იოასაფის მოქმედებასა და პატრიარქ ნიკონის მოქმედებას შორის არაფერია საერთო.


დიდ ხუთშაბათს ლიტურგიის ჩატარების შესახებ


ახალმოწესე: კიდევ ერთ მაგალითს მოგიტანთ: კართაგენის კრებამ 50-ე კანონში (სრული თარგმანის მიხედვით) დააწესა: "მსხვერპლი არავინ შეწიროს საკურთხეველზე, გარდა მმარხველი კაცებისა, ისიც განსაზღვრულ დღეს, როდესაც საუფლო სერობა სრულდება". ხედავთ, წმიდა კრება დიდ ხუთშაბათს ლიტურგიის მარხვის გარეშე ჩატარების უფლებას იძლევა, მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრებამ გააუქმა ეს კანონი და დააწესა, რათა დიდ ხუთშაბათ ლიტურგია "მმარხველებმა" ჩაატარონ. საერთოდ შესაძლებელია მრავალი ცვლილება ვპოვოთ ქრისტეს ძველ ეკლესიაში და ამასთან არ შეიძლება ჩავთვალოთ ის ერეტიკულად. რას იტყვით ამის შესახებ?


ძველმოწესე: მართლაც, თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ მეექვსე მსოფლიო კრებამ გააუქმა კართაგენის 50-ე კანონი, მაგრამ რა მიზნით მოიმოქმედა ეს შეგვიძლია დავინახოთ მეექვსე მსოფლიო კრების 29-ე კანონიდან, რომელიც მთლიანად უნდა წავიკითხოთ: "კართაგენელ მამათა 41(50)-ე კანონი განაწესებს, რომ წმინდა საკურთხეველზე მსხვერპლშეწირვა უნდა შეასრულონ იმათ, ვინც მარხვას იცავს მთელი წლის განმავლობაში, გარდა ერთი დღისა, დიდი ხუთშაბათისა, როდესაც სრულდება საუფლო სერობა. ასეთი გადაწყვეტილება (ხსნილი დიდ ხუთშაბათს) საღვთო მამებმა მიიღეს, ალბათ, რაღაც მიზეზების გამო, ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ სათანადო კრძალულება. დავადგენთ, რომ მივყვეთ მოციქულთა და მამათა გადმოცემას: უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს (დიდ ხუთშაბათს) მარხვის გახსნა და ამით მთელი მარხვის შეურაცხყოფა არ არის ჯეროვანი".

უფრო კარგად რომ გავიგოთ თუ რატომ გააუქმა მეექვსე მსოფლიო კრებამ კართაგენის 41 (50)-ე კანონი, წავიკითხავ თუნდაც ერთ განმარტებას მაინც, კერძოდ, მეექვსე მსოფლიო კრების 29-ე კანონის ზონარასეულ კომენტარში ვკითხულობთ: "კართაგენის მამებმა დააწესეს, რათა საკურთხევლის მსახურები, ანუ მღვდელმსახურები მთელი წლის განმავლობაში უნდა მარხულობდნენ დიდი ხუთშაბათის გარდა, რადგან ამ დღეს უფლის სერობა აღესრულება. ხოლო მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა ამ კანონით განსაზღვრეს, რომ კართაგენის მამებმა ამგვარი განკარგულება, შესაძლოა, იმ ადგილებში ეკლესიისთვის რაიმე სასარგებლო მიზეზით დაადგინეს; მაგრამ ახლა, როდესაც არავითარი აუცილებლობა არ არის ამისა, არ უნდა უგულებელვყოთ სიმკაცრე, მოციქულთა და მამათა გადმოცემა და გავიხსნილოთ დიდ ხუთშაბათს, დიდი მარხვის ბოლო შვიდეულს და მით მთელი მარხვა შეურაცხვყოთ და უსარგებლო გავხადოთ.

ხოლო მოციქულთა და მამათა გადმოცემებად ამ კრების ღვთაებრივმა მამებმა წმ. მოციქულთა 59-ე და ლაოდიკიის კრების 50-ე კანონებს უწოდეს; რადგან პირველი დაამხობს მათ ვინც არ მარხულობს წმიდა ორმოც დღეს პასექის წინ (თუ რაიმე სხეულებრივი უძლურება არ უშლის ხელს), ხოლო ლაოდიკიის კრება ამბობს, რომ ბოლო შვიდეულის ხუთშაბათს არ უნდა გავიხსნილოთ და მთელი დიდი მარხვა არ შეურაცხვყოთ, არამედ მშრალად უნდა ვიმარხულოთ. ამბობენ, რომ კართაგენის მამებმა ასე იმიტომ დაადგინესო, რომ როგორც ვარაუდობენ, უფალმა ამ დღეს თავის მოწაფეებთან აღასრულა სჯულიერი პასექი და შემდეგ მისცა მათ თავისი საიდუმლო და, რომ მოციქულები, როდესაც ქრისტეს საიდუმლოს ეზიარნენ უჭმელნი არ იყვნენ, როგორც თავიდან სჯულიერი პასექის მხმეველნი; ამრიგად, ამ ისტორიის სახედ განაწესესო კართაგენის მამებმა დიდ ხუთშაბათს ლიტურგიის აღსრულება" (Кормчая полного перевода).

აქედან განა ცხადი არ არის, რომ მეექვსე მსოფლიო კრების მამებს, როდესაც კართაგენის კრების 41 (50)-ე კანონს აუქმებდნენ, მხედველობაში ჰქონდათ მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემის ზედმიწევნითი და ზუსტი შესრულება. რაც შეეხება კართაგენის კრების მამებს, მეექვსე მსოფლიო კრებამ გამოთქვა აზრი, რომ შესაძლოაო მათ რაღაც ვითარების გამო ჰქონოდათ საპატიო მიზეზი, რომელიც იმ ადგილებში სარგებლობას მოუტანდა ეკლესიას. მაშინ როდესაც თქვენმა გაბატონებულმა ეკლესიამ, ყოფილი პატრიარქის ნიკონისა და მისი თანამოაზრეების სახით, მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ყოველი ძალისხმევით ცდილობდა ამოეძირკვა, მოციქულთა და წმიდა მამათა ძველი გადმოცემები და, მეტიც, შეურაცხყო და დაგმო ისინი, გამოაცხადა მწვალებლობად და შეურაცხყოფა მიაყენა წმიდა მამებს, რომლებიც უცვლელად და შეურყვნელად იცავდნენ მათ საუკუნეების განმავლობაში.

ღმრთის გულისთვის, მიუკერძოებლად მითხარით გეთაყვა, ამართლებს კი ეს მაგალითი ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეფორმას?

ახალმოწესე: ჩვენი მისიონერები, ცხადია, არ დათანხმდებიან თქვენს არგუმენტებს, მაგრამ ობიექტურად და მიუკერძოებლად თუ შევხედავთ, უნდა დაგეთანხმოთ, რომ ეს მაგალითი პატრიარქ ნიკონის რეფორმას ვერანაირად ვერ გაამართლებს.

ძველმოწესე: ახლა დაგელოდებით და მოგისმენთ, კიდევ რა მაგალითს დაიმოწმებთ.


კოვზის შესახებ


ახალმოწესე: მეექვსე მსოფლიო კრებამ 101-ე კანონით დააწესა ქრისტეს წმიდა და პატიოსანი ხორცის მიღება ხელით, მაგრამ დღეს ეს ჩვეულება არ სრულდება, არამედ უფლის წმიდა და ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლს კოვზით ვეზიარებით. ხედავთ: აქ პირდაპირი დარღვევაა მეექვსე მსოფლიო კრების კანონისა, თქვენ კი, ძველმოწესეები, რომლებიც კოვზიდანვე ეზიარებით, საკუთარ თავს მწვალებლებად არ მიიჩნევთ, თუმცა არ მისდევთ მეექვსე მსოფლიო კრების ამ განწესებას. ამიტომაც, არც ნიკონ პატრიარქს უნდა ადანაშაულებდეთ იმისთვის, რომ ძველ საეკლესიო საეკლესიო წეს-ჩვეულებებს არ იცავდა.


ძველმოწესე: ჩვენ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ VI კრების 101-ე კანონი, მაგრამ მანამ მინდა გკითხოთ: იკრძალება თუ არა ამ კანონით ზიარების კოვზით მიღება?

ახალმოწესე: ბუკვალური აკრძალვა კანონში არ გვაქვს.

ძველმოწესე: თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, რომ კოვზით ზიარების აკრძალვა კანონში ნამდვილად არ არის. ახლა კი მოდი, წავიკითხოთ VI მსოფლიო კრების 101-ე კანონი. მაშ ასე, ვკითხულობ: "ქრისტეს გვამად და ტაძრად ხმამაღლა სახელსდებს საღვთო მოციქული "ღვთის ხატად" დაბადებულ კაცს, რადგან ყოველ ხილულ დაბადებულზე ზე აღმატებული არის კაცი, რომელიც ღირსია მიიღოს გადამრჩენი ვნების სახის ნაცვალი ქრისტეს ზეციურ საიდუმლოთა ჭამით და სმით (ზიარებით), რადგან ამით საღვთო მადლით განწმენდილი დაუსრულებელი ცხონებისა და სამარადისო ნეტარებისთვის სულით და ხორცით განათლდება. ამიტომ ვინც წმიდა ჟამისწირვის დროს ისურვოს უხრწნელი ხორცის ზიარება, უნდა მოვიდეს მისი აღმსრულებლის წინაშე, ჯვრის სახედ დაიწყოს ხელები და ასე მიუახლოვდეს და მიიღოს მადლის ზიარება. ვინც ოქროს ან სხვა მასალისგან შეამზადებს ჭურჭელს საღვთო საჩუქრის მისაღებად, მას გამოიყენებს ხელის ნაცვლად და ამ ჭურჭლით ღირსეულთ გაუყოფს უხრწნელ ზიარებას, არა ვართ მათი მოქმედების მომხრენი, ვინაიდან საღვთო ხატებაზე მეტ პატივს სცემენ ისინი უსულო და ჩვენს მსახურად გაჩენილ ნივთებს. ხოლო თუ ვინმე გაბედავს და რამე ჭურჭელს შეამზადებს წმიდა და უხრწნელი ზიარების მისაღებად, უზიარებელ იქნეს მიმცემიცა და მიმღებიც.

მოდი, საკუთარი სიტყვებით რომ არ განვმარტოთ ეს კანონი, წავიკითხოთ ბალსამონის განმარტება, საიდანაც დაინახავთ, რომ მაგალითი, რომელიც თქვენ მოტანეთ, ვერ გაამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას. ბალსამონი წერს: "იმ დროს ზოგიერთი მდიდარი ადამიანი, როგორც ჩანს, ღარიბთა მიმართ ზიზღის გამო, ოქროსგან ან სხვა ძვირფასი მასალისგან ამზადებდა ჭურჭელს ზიარების მისაღებად და ვითოცმდა ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს ამ ჭურჭელში ღებულობდა. თავიდან, შესაძლოა ეს ვიღაცამ მართლაცდა ღვთისმოშიშების გამო მოიფიქრა, რადგან შესაძლოა მიაჩნდათ რომ ხელი, რომელიც ათასგვარ უკეთურ და სასირცხვო საგანს ეხება, უღირსია უფლის ხორცის მისაღებად. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს ღვთისმოშიშება მრავალს სულის წარმწყმედელ ჩვევად ექცა, რადგან ამგვარად მოქმედნი ცდილობდნენ ღარიბთა წინაშე საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას და მედიდურობდნენ. ამრიგად, რადგან მამებს მოეჩვენათ, რომ ეს შეიძლება საცთურის მიზეზი გახდეს, თანაც შეურაცხმყოფელია ჩვენი სხეულისთვის, რომელიც ღმრთის ხატად და მსგავსად შეიქმნა, ბრძანეს, რომ იმ დროს, როდესაც დიდი მოციქული პავლე ადამიანს ქრისტეს სხეულსა და ხატს უწოდებს, რომელიც ყოველ ქმნილებაზე უპატიოსნესია და სწორედ ის ეღირსა საღმრთო საიდუმლოებებთან ზიარებით სულისა და ხორცის განწმენდას, არავინ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ოქროს ან სხვა ძვირფასი მასალისგან დამზადებულ უსულო და მომსახურე საგნებს; ამრიგად, თუ ვინმე გაბედავს და რამე ჭურჭელს შეამზადებს წმიდა და უხრწნელი ზიარების მისაღებად, უზიარებელ იქნეს მიმცემიცა და მიმღებიც. არ გაგიკვირდეს და არ იკითხო მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთ ეკლესიაში ქრისტეს წმიდა ხორცი ერისკაცებს მიეცემა და ხელში არ ეძლევა წინამდებარე კანონის მოთხოვნის შესაბამისად; რადგან მართალმა რწმენამ, ღმრთის შიშმა და უეჭველმა ღვთისმოსაობამ გადმოგვცა ეს და არა ერისკაცთა უღირსებამ".

რას იტყვით ბალსამონის განმარტებაზე?

ახალმოწესე: უნდა გითხრათ, რომ წმიდა მამები განსაკუთრებული მონდომებით იცავდნენ და ზრუნავდნენ იმაზე, რათა სამწყსოსაც და მწყემსებსაც უდიდესი ღვთისმოსაობა და ღმრთის შიში ჰქონოდათ მოცემულ შემთხვევაში და ბოროტად არ ესარგებალად ისეთი უდიდესი საქმით, როგორიც წმიდა ზიარებაა. გარდა ამისა, წაკითხული განმარტებიდან ჩანს, რომ ძველ დროს ზიარება ქრისტეანებს კოვზიდანაც ეძლეოდათ.

ძველმოწესე: ჩემი წაკითხული სწორად გაგიგიათ. ახლა, თქვენს ბოლო სიტყვებს კიდევ იმას დავამატებ, რომ კოვზიდან ზიარება არც კი შეიძლება არასამოციქულო გადმოცემად იწოდოს, რადგან ყველა მორწმუნე ქრისტეანი ლიტურგიის დაფუძნების დღიდან თვლიდა საჭიროდ უფლის პატიოსან ხორცთან და სისხლთან ზიარებას. მათ შორის კი, ბუნებრივია, იქნებოდნენ ყრმებიც, რომელთაც არ შეეძლოთ ზიარების საკუთარი ხელებით მიღება და უეჭველია იქნებოდნენ ისეთი ავადმყოფებიც, რომელთაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი სნეულების გამო საკუთარი ხელებით წმიდა ზიარების მიღება და თუ წმიდა მოციქულებმა არსად თქვეს, ყრმები და ავადმყოფნი არ აზიაროთო, ცხადია, ისინიც აუცილებლად უნდა ეზიარონ და გამოიყენონ კოვზი ზიარების მისაღებად.

ახალმოწესე: ეს მხოლოდ თქვენი დასკვნაა, თუმცა, შეიძლება ითქვას, მთლად არასწორი როდია, რადგან, მართლაც, პატარა ყრმების ზიარება სხვა არაფრით არის შესაძლებელი თუ არა კოვზით; მიუხედავად ამისა, საჭიროა დამატებითი ფაქტების წარმოჩენა.

ძველმოწესე: კეთეილი, მე წაგიკითხავთ ღირ. ეფრემ ასურელს, რომელიც არა მარტო მეექვსე, არამედ მეორე მსოფლიო კრების უწინარეს ცხოვრობდა. ის წერს: "უხორცო სერაფიმმა გავარვარებული მუგუზალით განწმინდა ესაია. მუგუზალი კი ორი ბუნებისგან, ხისა და ცეცხლისგან შედგება. ასევე საზიარებელი პურიც არა მარტო პურია, არამედ ღვთაებრივი ხორციცაა. ამიტომაც, როდესაც საზიარებლად მოდიან ქრისტესმოყვარენი, არა თუ კაცისგან ღებულობენ საშინელ ზიარებას, ან მღვდლისგან, არამედ როგორც თვით სერაფიმისგან, იმ ცეცხლოვანი კოვზისგან, რომელიც იხილა ესაიამ" (ჰომ. 107). ესაიამ კი სერაფიმი იხილა მაშით ხელში და არა კოვზით. და თუკი ღირ. ეფრემ ასურელმა ის კოვზით შეცვალა, ცხადია, რომ იმ დროს ეკლესიაში არა მარტო ხელით, არამედ კოვზით ზიარების ჩვეულებაც უდავოდ არსებობდა.

ახალმოწესე: რა მიზეზებმა გამოიწვია ზიარების ხელიდან მიცემის ჩვეულების, კოვზით ზიარების ჩვეულებით შეცვლა? ხომ არ შეგიძლიათ რაიმე წაგვიკითხოთ ამასთან დაკავშირებით?

ძველმოწესე: მე უკვე წაგიკითხეთ ბალსამონის განმარტება VI მსოფლიო კრების 101-ე კანონზე, რომ ეს გადმოცემა მომდინარეობს "ღვთისმოსაობიდან, მართალი რწმენიდან და ღმრთის შიშიდან". მაგრამ ძველად ზოგიერთი ევქარისტიას ღმრთის შიშის გარეშეც ღებულობდა, რის შესახებაც ისტორიკოს ბარონის წიგნში ვკითხულობთ: "პრისკილიანე, დიდად გონიერი და მჭევრმეტყველი კაცი, და კიდევ ორი ეპისკოპოსი, ინსტანტე და სალვიანე აცთუნა ვინმე მარკოზმა, მანიქეველი მოგვის მოწაფემ მემფისიდან... ეს პრისკილიანელები ევქარისტიას ეკლესიაში კი არ ჭამდნენ, არამედ სახლში მოჰქონდათ; ამიტომაც, როდესაც მათ შესახებ შეიტყვეს ეპისკოპოსებმა, კრება მოიწვიეს, პრიკსილიანე და მისი თანამზრახველები განიკვეთეს და დააწესეს ზიარება იქვე, ეკლესიაში მიეღოთ პირით, და არა ხელით და დაუყოვნებლივ ეჭამათ..." (Лето Господне 381, число 20).
გასაგებია, რომ წმიდა ზიარების მიღებიდან მის ჭამამდე შესაძლებელი იყო ამ წმიდა ძღვენის ნამცეცების დაყრაც. ამით კი მისდამი ღვთისმოშიშება იკარგებოდა. გარდა ამისა, წმიდა ზიარების ამგვარი მიღების დროსაც კი ადგილი ჰქონდა აღმაშფოთებელ მკრეხელობას, როგორც ეს 9 ნოემბრის საკითხავ თვენში, ღირ. თეოკტისტეს ცხოვრების ბოლოშია აღწერილი. სელევკიაში ერთი მწვალებელი ვაჭრის მართლმორწმუნე მონას აუღია წმიდა ზიარება, რომელსაც კიდობანში ინახავდა; როდესაც ამის შესახებ მის ბატონს გაუგია, სიწმიდის განადგურება გადაუწყვეტია, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მთელ ნაწილს თავთავები გამოეღო... მოგვიანებით წმიდა მამებმა ერისკაცთ ზიარების ხელში მიღება და ეკლესიიდან მისი გატანა აუკრძალეს, ყველაზე მეტად კი წმ. იოანე ოქროპირმა გაილაშქრა ამის წინააღმდეგ, რადგან მისი პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში ერთ დედაკაცს ეკლესიაში მიღებული წმ. ზიარება სახლში მიჰქონდა ჯადოქრული რიტუალის აღსასრულებლად. როდესაც ეს გაიგო წმ. ოქროპირმა, ამცნო ყველა ეკლესიას, რათა ამიერიდან ხელში არავისთვის მიეცათ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, არამედ კოვზით, ღვინოსთან ერთად, რომელიც არის სისხლი ქრისტესი, პირდაპირ ეკლესიაშივე ეჭმიათ ზიარებად მოსულთათვის. თუ ადრე საზიარებელს ღვინის სახით არსებულ ქრისტეს სისხლს ცალკე ჭურჭლით ასმევდნენ, ზიარებას კი ხელში აძლევდნენ, წმ. იოანე ოქროპირის დროიდან უფლის ხორცსაც და სისხლსაც კოვზით აჭმევენ საზიარებლებს და უფლის ხორცთან ხელით მიკარების უფლებას მხოლოდ სამღვდლო პირებს აძლევენ, და არავითარ შემთხვევაში ერისკაცთ.

ასე, რომ თქვენს შეკითხვაზე, რა მიზეზები არსებობდა ამ ჩვეულების შესაცვლელად - უკვე გიპასუხეთ.

ახალმოწესე: თქვენი დამატებითი ორი მტკიცებულება, როგორც ჩანს, ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ძველმოწესე: რაში?

ახალმოწესე: ბოლო, მეორე მაგალითიდან ჩანს, რომ წმ. ოქროპირამდე კოვზი საერთოდ არ გამოიყენებოდა, ხოლო პირველ მაგალითში, ღირ. ეფრემი რომ დაიმოწმეთ, ამტკიცებდით თითქოსდა მის დროს მორწმუნეეებს კოვზით აზიარებდნენ. ეს ორი მტკიცებულება ერთმანეთს როგორ შევათანხმოთ?

ძველმორწმუნე: ვფიქრობ ამგვარი შეთანხმება ძნელი არ უნდა იყოს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ოქროპირის განკარგულება ეხებოდა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიებს, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ სხვა ეკლესიებთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვით, რადგან თეოდორ ბალსამონი მეექვსე კრების 101-ე კანონის განმარტებაში პირდაპირ მოწმობს, რომ წმიდა ძღვენს სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარად ღებულობდნენ. არა და, ბალსამონი იყო ანტიოქიის და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ამიტომაც, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმ. ოქროპირის განკარგულებას მხოლოდ მის საპატრიარქოში ჰქონდა ძალა.

საერთოდ, ჩემი სიტყვის დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ მე არ უარვყოფ არც ერთს და არც მეორეს, პირიქით, ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ ძველ ეკლესიაში ერთი ჩვეულებაც იყო და მეორეც; კოვზითაც ეზიარებოდნენ და ხელითაც, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ხსენებულ მიზეზთა გამო, დატოვეს მხოლოდ კოვზით ზიარების წესი. თანაც ეს წესი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ზიარების ხელით მიცემის ჩვეულება, რადგან თავიდან არის აცილებული ზემოთხსენებული ბოროტგანზრახვები, ხოლო რაიმე გადმოცემის ან საეკლესიო წესის სრულყოფა დანაშაული კი არ არის, არამედ ნებადართული საქმე, როგორც ამას გვამცნებს ღირ. ბიკენტი ლირინელი, რომელიც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებაში: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20), ბრძანებს: "ქრისტეს ეკლესიაში სრულყოფილება უნდა იყოს და საკმაოდ დიდიც... ოღონდ ეს სრულყოფა სარწმუნოების ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. სრულყოფა იმაში გამოიხატება, როდესაც რაღაც საგანი სრულ იქმნება თავის თავში, ხოლო ცვალებადობა იმაში, როდესაც რაღაც უკვე აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო.

ამრიგად, დაე სრულ იქმნეს და წარემატოს წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გონიერება, ცოდნა, სიბრძნე, როგორც თითოეული მორწმუნისა, ასევე მთელი ეკლესიისა, მხოლოდ ერთსა და იმავე სწავლებაში, ერთსა და იმავე აზრში, ერთსა და იმავე ცნებაში. რადგან თუ ერთხელ მივცემთ ნებას უკეთურ სიცრუეს შეცვალოს, დაამახინჯოს და შერყვნას ჭეშმარიტება, ვშიშობ თქმასაც კი, რა საფრთხე შეიძლება თავს დაგვატყდეს ეკლესიის გაპარტახებისა და რელიგიის განადგურების სახით; და თუკი უარვყოფთ კათოლიკე სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს, ჩვენი ამგვარი ნებართვითა და ჩვეულებით, ერთი მეორის მიყოლებით, ჭეშმარიტების სხვა ნაწილთა უარყოფასაც დაიწყებენ. ხოლო შემდეგ, როდესაც ნაწილებს სათითაოდ უარყოფენ, რაღა დარჩება თუ არა მთლიანობის ერთობლივი უარყოფა? მეორეს მხრივ, ძველს თუ შეურევენ ახალს და შინაურს გაურევენ უცხოს, წმიდას კი უწმინდურთან შეაზავებენ, ჩვეულება იგი აუცილებლად გავრცელდება ყველგან და ისე, რომ უკვე ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება - არც ერთობა, არც მთლიანობა, არც სიმტკიცე, არც უხრწნილება. არამედ იქ, სადაც ადრე უხრწნელი ჭეშმარიტების ტაძარი იყო, უკეთურ და ბილწ ცთომილებათა ჭაობი დაიბუდებს. დე განაშოროს ჩვენი გონებისგან ყოველი სიბილწე ღმრთის სახიერებამ! დე დარჩეს ის უკეთურთა უგუნურებად!.. ხოლო ვინც კათოლიკეა (ანუ მართლმადიდებელია - რედ.), პირიქით, ნამდვილად ახასიათებთ გადმოცემათა და წმიდა მამათა ცნებების დაცვა, უხმარ სიახლეთა გმობა და, მოციქულის სიტყვისამებრ, იმ სწავლებათა შეჩვენება, რაც მოციქულთაგან არ მიგვიღია" ("Памятные записки", главы 22, 23 и 24).

ასე რომ, წმიდა ზიარების მიღება კოვზით, ხელის ნაცვლად, ნამდვილად უკეთესი, ბიკენტი ლირინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილი ჩვეულებაა, რომელიც ეკლესიამ სიწმინდეზე იმ მკრეხელობის აღსაკვეთად დააწესა, ზემოთ რომ მოვიხსენეთ. ხოლო თქვენმა ეკლესიამ, ყოფილი პატრიარქის, ნიკონის დროს, რა სრულჰყო და ძველზე უკეთესი რა დაამკვიდრა?

პირიქით, თქვენი ეკლესიის მოძღვრებმა, სრულყოფილების ნაცვლად, ისევ ბიკენტი ლირინელის სიტყვებით ვიტყვი, დაამახინჯეს და შერყვნეს წმიდა ეკლესიის საუკუნეებითგან კურთხეული და თვით წმიდა მამათა ანათემატიზმებით დაცული უძველესი გადმოცემა; მშვიდობის ნაცვლად თქვენმა მოძღვრებმა მახვილი ჩასცეს ქრისტეს ეკლესიას, გაერთიანების ნაცვლად მოახდინეს განჰყოფა. მაშ, შეიძლება თუ ადამიანს სული და სინდისი გააჩნია, თქვას, რომ მოტანილი მაგალითი ამართლებს ნიკონის რეფორმას? არა, ამისი თქმა მხოლოდ ოფიციალური ეკლესიის "მისიონერებს" შეუძლიათ.


ლიტურგიის შესახებ


ახალმოწესე: რამდენიც უნდა ეცადოთ განმიმარტოთ ჩემს მიერ მოტანილი მაგალითები, წინ ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. ამჯერად მოვიტან საღმრთო ლიტურგიის მაგალითს. ცნობილია, რომ ძველ დროში მოციქულ იაკობის ლიტურგიას ასრულებდნენ, შემდეგ კი წმ. ბასილი დიდმა ეს ლიტურგია მიატოვა და დაწერა თავისი, ხოლო წმ. იოანე ოქროპირმა ესეც შეცვალა. განა ცხადი არ ხდება, რომ ნიკონ პატრიარქმაც გააკეთა იგივე, ოღონდ ეკლესიის ზოგიერთ გადმოცემასთან დაკავშირებით, ყოველ შეთმთხვევაში იმაზე მეტი არა, რაც ლიტურგიასთან მიმართებაში ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა გააკეთეს. ხოლო თუ ასეა, მაშინ იქნება კი სამართლიანი პატრიარქი ნიკონი მწვალებლად შეირაცხოს?


ძველმოწესე: ნება მიბოძეთ გკითხოთ: საიდან ჩანს, რომ ბასილი დიდმა იაკობ მოციქულის ლიტურგია მიატოვა ან გააუქმა, დაწერა თავისი, შემდეგ კი იოანე ოქროპირმაც თავისი ლიტურგია შეადგინა?

ახალმოწესე: ეს ჩანს წიგნიდან "Розыск" (ნიკონიანელთა საყვარელი "წმინდანის", დიმიტრი როსტოველის "ანტისტაროვერული" თხზულება - რედ.), სადაც ვკითხულობთ: "წმიდა მოციქულმა იაკობმა, ძმამ უფლისა, რომელიც იერუსალიმის ეპისკოპოსად თვით ქრისტემ დააყენა, დაწერა თავისი ლიტურგია... ასევე წმიდა ბასილი დიდმა, ეკლესიის სვეტმა და მსოფლიო მოძღვარმა, იაკობის ლიტურგია მიატოვა, და თავისი დაწერა, რომელიც გადასცა ეკლესიას... მის შემდეგ კი თავისი ლიტურგია დაწერა იოანე ოქროპირმაც, რომელიც დღემდე არსებობს..." (Розыск, ч. I, гл. 10, л. 15, изд. 1903 г.).

ძველმოწესე: ლიტურგიათა განსხვავებაზე თქვენი სიტყვების უტყუარობის რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ხომ არ მოგეპოვებათ?

ახალმოწესე: არა, სხვა მოწმობა ჯერ ჯერობით არ მაქვს.

ძველმოწესე: ასეთ შემთხვევაში დიდ ბოდიშს მოვითხოვ თქვენს წინაშე ზედმეტი საკითხის დაყენებისთვის, სანაცვლოდ კი ვაცხადებ, რომ წიგნ "Розыск"-იდან მოტანილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის.

ახალმოწესე: რატომ?

ძველმოწესე: ჯერ-ერთი იმიტომ, რომ "როზისკის" მტკიცება ბასილი დიდის მიერ იაკობ მოციქულის ლიტურგიის გაუქმებაზე, და ბასილი დიდის ლიტურგიის იოანე ოქროპირის მიერ შეცვლაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

იმისთვის, რათა ჩვენი სიტყვები დამაჯერებელი იყოს, მაგალითისთვის მივმართავ წიგნ "Розыск"-ის ერთ ადგილს, რომლის შემდეგაც, იმედია, უფრო ფრთხილნი იქნებით ამ წიგნთან დაკავშირებით. ერთ ადგილას იქ ნათქვამია შემდეგი: "რუსეთში სარწმუნოების დასაბამიდან მიღებული იყო ერთი, ოთხსვეტოვანი სახარება მახარობლებისა მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი, ხოლო სხვა სახარება, გარდა ქრისტესი, მანამდე არ ყოფილა. სქიზმატიკოსებს კი რაღაც ახალი სახარება ჰქონიათ, არა ქრiსტესი, არამედ ამბაკუმისა" (Розыск, ч. I, гл. 24, лист 41 изд. 1903 г.). მითხარით, შეიძლება თუ არა ამგვარი უაზრობის დაჯერება, თითქოსდა დეკანოზმა ამბაკუმმა დაწერა თავისი სახარება?

ახალმოწესე: დია, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, მაგრამ გამომდინარეობს კი აქედან ის, რომ "Розыск"-ში ნათქვამი ლიტურგიის შესახებ ასევე არასწორია?

ძველმოწესე: ის, რაც "Розыск"-ში ლიტურგიის შესახებ წერია არასწორი რომ არის, მრავალი მტკიცებულებებით დასტურდება. სანამ მათ დავიმოწმებდეთ, უნდა გამოვთქვა ჩემი შეხედულება თვით ამ წიგნის მიმართ. ცნობილია, რომ "Розыск"-ი დაიწერა ნიკონის რეფორმების დასაცავად, ზუსტად იმ მიზნით, რა მიზნითაც ახლა თქვენ, მთელის ძალისხმევით იცავთ პატრიარქ ნიკონის რეფორმას და მოგყავთ სულ ახალი და ახალი მაგალითები, რომლებიც თქვენი რწმენით ამართლებენ თქვენს ეკლესიას, უფრო სწორედ ნიკონ პატრიარქსა და მის თანამოაზრეებს.

მაგრამ, როგორც ხედავთ, ვერც ერთი მათგანი, არსებითად, ვერ გამოგადგათ თავის გასამართლებლად, პირიქით, უფრო ადანაშაულებს კიდევაც თქვენს რეფორმატორულ ეკლესიას. და როგორც თქვენ ამახინჯებდით ჩემთან საუბარში მთელ რიგს მაგალითებისა, ასე ამახინჯებს "Розыск"-ის ავტორიც სხვადასხვა ლიტურგიებთან დაკავშირებულ მაგალითებს. აი, ჩემი პირადი შეხედულება, რომლის გამოც არ მივიჩნევ თვენს მიერ "Розыск"-იდან მოტანილ მოწმობებს სანდოდ და ლიტურგიათა შორის განსხვავებებზე თქვენი სიტყვების დასტურად.

ახალმოწესე: კეთილი ბატონო. თქვენი შეხედულება თქვენთან დარჩეს, და კეთილი ინებეთ დაამტკიცოთ, რომ ჩემს მიერ მოტანილი მაგალითები ლიტურგიის შესახებ ვერ გაამართლებს პატრიარქ ნიკონის რეფორმას.

ძველმოწესე: კეთილი, მაშინ ისმინეთ! თავიდან მე მოვიტან მოწმობებს, რომ წმიდა ბასილი დიდს არ გაუუქმებია ან არ მიუტოვებია მოციქულ იაკობის ლიტურგია, არამედ მხოლოდ შეამოკლა სიტყვები, ან უბრალოდ რომ ვთქვათ ჯეროვანი სახე მისცა. წიგნში "Книге о вере" (გამოცემულია 1648 წ. ანუ ნიკონ პატრიარქის რეფორმების დაწყებამდე შვიდი წლით ადრე - რედ.) ვკითხულობთ: "ერთ ერთ წიგნში ვკითხულობთ, რომ წმიდა ბასილი დიდმა ახალი ლიტურგია კი არ შეთხზა, არამედ მხოლოდ ძველი მოაწესრიგა. კვერექსები მასში სამოციქულოა" (Историческое обозрение богослужебных книг российской церкви», Киев, 1863 г., стр. 39-51).

ახალმოწესე: თქვენ წაიკითხეთ ადგილი წიგნიდან "о вере", რომ წმ. ბასილი დიდმა მოციქულის ლიტურგია სიტყვებში შეამოკლა. მე კი მეჩვენება, რომ ეს სრულიად ამართლებს ჩვენს ეკლესიას და მის მიერ ზოგიერთი სამოციქულო გადმოცემის შეცვლას. კარგია რომ ეს წაიკითხეთ. წარმოიდგინეთ, მოციქულებმა ლიტურგია დაწერეს და დააწესეს, ბასილი დიდმა კი ეს მოციქულთა დაწესება შეამოკლა. განა ეს არ ამართლებს პატრიარქ ნიკონს?

ძველმოწესე: უმორჩილესად გთხოვთ ბოლომდე მისმინოთ ამ საკითხში და მაშინ დავინახავთ ამართლებს ეს მომენტი ნიკონს თუ არა. ამრიგად, მე დაგიმტკიცეთ, რომ წმ. ბასილი დიდს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლია, არც მიუტოვებია და თავისი, ახალი ლიტურგია არ დაუწერია, არამედ მხოლოდ სიტყვათა შემოკლებით მოუწესრგიებია იგი.

ახალმოწესე: თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ბასილი დიდს მოციქულთა ლიტურგია მოუწესრიგებია. აქედან კი გამოდის, რომ მოციქულებს ჩვენთვის მოუწესრიგებელი ლიტურგია დაუტოვებიათ. შეიძლება კი ამას დავეთანხმოთ? ხომ არ არის ეს მოციქულთა დაკნინება?

ძველმოწესე: მოციქულებმა ლიტურგია სრულიად მოწესრიგებულად დაგვიტოვეს, მაგრამ ზეპირ გადმოცემაში. ამის შედეგად, პირველი საკუკუნეების ზოგიერთი ეპისკოპოსი თავს უფლებას აძლევდა ლიტურგიაში საკუთარი ლოცვები და სიახლეები შეეტანა, რის გამოც ლიტურგია დამახინჯდა.

ახალმოწესე: საიდან ჩანს, რომ მოციქულებმა ლიტურგია ზეპირად გადმოგვცეს და რომ პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს იქ საკუთარი ლოცვები და სიახლეები შეჰქონდათ? "Книга о вере" ხომ პირდაპირ ამბობს, რომ მოციქულმა იაკობმა ლიტურგია დაწერა, შედეგად კი მოციქულთა გადმოცემა ეს არის წერილობითი გადმოცემა და არა ზეპირი და თუ ასეა, მაშინ ცვლილებები, თუნდაც სიტყვათა შემოკლება, უკვე აღარ უნდა დაშვებულიყო.

ძველმოწესე: ჩემი უღრმესი რწმენით "Книга о вере"-ს დამწერის გამოთქმა, რომ მოციქულმა იაკობმა ლიტურგია დაწერა - არაზუსტია და სხვა ისტორიულ მონაცემებს არ ეთანმხება, უპირველეს ყოვლისა კი თვით წმ. ბასილი დიდის სიტყვებს, რომელიც თავის 91-ე კანონში წერს: "მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე? არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა მრავალსაც, როგორც საიდუმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან" ("დიდი სჯულისკანონი". ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ).

ამის თანახმად წერენ და განმარტავენ ამ კანონს ზონარა, ბალსამონი და არისტინეც, რომელთა განმარტებებს ჩვენი გასაუბრების სიმოკლისთვის არ დავიმოწმებ. ხოლო პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს თავიანთი ლოცვები და სხვადასხვა სახის სიახლეები შეჰქონდათ ლიტურგიაში, ჩანს შემდეგი მოწმობიდან. წიგნში "რომაული ლიტურგიის შესახებ" ("О римской литур¬гии") ვკითხულობთ: "უნდა შევნიშნოთ, რომ ძველად კერძო ეკლესიები... ერთმანეთს შორის განსხვავდებოდნენ წესებით, გალობითა და ლოცვებით" (გვ. 80-81). "ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში, - წერია სხვა წიგნში, - ეპისკოპოსები, როდესაც ლიტურგიას ატარებდნენ, შესაწირ ძღვენზე წარმოთქვამდნენ საკუთარ ლოცვებს, ვისაც როგორ შეეძლო, თუმცა მოციქულების მიერ მითითებულ შედგენილობასა და ღვთისმსახურების წესებს იცავდნენ" (Вероучение, богослужение, чиноположение и правила церковного благочиния египетских христиан (коп¬тов)», стр. 118). "ბერძნებს, - ნათქვამია სხვა წიგნში, - ბეჭდვითი საქმის გამოგონებამდე, როდესაც ისინი ხელნაწერი ლიტურგიებით ხელმძღვანელობდნენ, საკუთარი დაუდევრობით თუ სხვა მიზეზებით უშიშრად შეჰქონდათ ლიტურგიაში ახალი სიტყვები და მოქმედებები და, მათ პრაქტიკულადაც კი აღასრულებდნენ. უჩვეულო სიახლეები ლიტურგიაში განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რომისადმი დაქვემდებარებულ ეკლესიებში..." ("Новая скрижаль", гл. 6, § 2, стр. 150).

შესაძლოა ეს უკანასკნელი მოწმობა განეკუთვნება ბასილი დიდზე და იოანე ოქროპირზე უგვიანეს დროებას, მაინც ნათლად ათვალსაჩინოებს ძველი ლიტურგიების მდგომარეობას, რომელთა მოწესრიგება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუშვებელ, ცოდვილ ცვალებადობად ან მოციქულთა ლიტურგიის გაუქმებად, და მით უფრო არ შეიძლება ამართლებდეს ნიკონ პატრიარქისა და მისი მომხრეების მიერ ჩატარებულ რეფორმებს.

ზემოთ მოტანილ სამ მოწმობას მინდა დავუმატო კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც მოცემულ საკითხს ეხება. მისი მიხედვით: "IV საუკუნეში, როდესაც შეწყდა ქრისტეანთა დევნა და ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად კეთილმოეწყო საკუთარი ღვთისმსახურება, აღმოჩნდა, რომ ლიტურიის სფეროში მრავალგვარობა და განსხვავება იყო არა მარტო ცალკეულ, ადგილობრივ ეკლესიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოებს შორისაც კი; ეს განსხვავებანი ეხებოდა ლოცვებს, რომელთაც ერთი და იგივე შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ გადმოცემის ფორმის მიხედვით განსხვავდებოდნენ. აღიარებულ იქნა ლიტურგიათა მოწესრიგების საჭიროება და ისიც, რომ სხვადასხვა ეკლესიათა ლიტურგიები უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი და თანხმიერი. ამ მიზნით წმ. ბასილი დიდმა გადაამოწმა და შეამოკლა მანამდე გამოყენებული ძველი ლიტურგიები, რომლებიც მოციქულ იაკობის სახელს ატარებდნენ" ("Три литургии". Заметка в Современном календаре 1898 г., изд. Ступина, месяц сентябрь).

ჩემს მიერ დამოწმებული მონაცემები ადასტურებენ, რომ წმიდა ბასილი დიდმა კი არ გააუქმა, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა მოციქულის ლიტურგია, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში განსხვავებული იყო, ზოგან კი უზუსტობები და დაუშვებელი დანამატებიც შეტანილიყო.

ახალმოწესე: თქვენ დაამტკიცეთ, რომ წმ. ბასილი დიდმა ნამდვილად კი არ გააუქმა მოციქულთა ლიტურგია, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა იგი. მაგრამ აი წმ. იოანე ოქროპირმა უკვე მოწესრიგებულ ლიტურგიაში შეიტანა ცვლილებები. რას იტყვით ამაზე?

ძველმოწესე: ამ შეკითხვას პასუხობს თქვენი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ბენიამინის წიგნი "ახალი ფილაქნები" ("Но¬вая Скрижаль"), რომელშიც ვკითხულობთ: "ამ წმიდა მამამ (ოქროპირმა) აიღო იგივე წესები და ჩვეულებები, რაც ბასილი დიდის ლიტურგიაშია მოცემული, მან მხოლოდ შეამოკლა ლოცვები" (гл. 7, § 1, стр. 190). ასე წერია ჩემს მიერ ზემოთ დამოწმებულ წიგნში "სამი ლიტურგია" ("Три литургии"): "წმ. ბასილი დიდის შემდეგ ამ საქმეში მოღვაწეობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელმაც ლიტურგია კიდევ უფრო შეამოკლა. თუმცა, ასეთი შემოკლება, მიღწეულ იქნა ლოცვათა ზუსტი გადმოცემით და ზოგიერთი ლოცვის საიდუმლოდ კითხვის ჩვეულების დამკვიდრებით. ლიტურგიის არსებითი შინაარსი კი ხელუხლებელი დარჩა" (Современ¬ный календарь 1898г., изд. Ступина).

"მან (ოქროპირმა), - წერს პროფესორი პოკროვსკი, - ხელუხლებლად დატოვა ლიტურგიის სამოციქულო საფუძველი, შეინარჩუნა მისი ზოგადი წყობა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიათა მონაპოვარია, მაგრამ შეიტანა მასში ახალი, მის მიერ შედგენილი ლოცვები, ნაწილობრივ მის მიერ რედაქტირებულნი" ("Отдых христианина", февраль 1908 г., стр. 13).

როგორც პირველი, ასევე ბოლო მოწმობებიდან ნათლად ჩანს, რომ არც წმ. ბასილი დიდს და არც წმ. იოანე ოქროპირს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლიათ, არამედ მხოლოდ მოაწესრიგეს და სრულყვეს იგი. ისეთი განსხვავებანი ლიტურგიებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს შორის, უძველეს დროშიც იყო და ეს არ ითვლებოდა რაიმე ცოდვად, უბრალოდ მაშინ ის არსებობდა როგორც ამა თუ იმ ეპისკოპოსის ქრისტეანული სულის სიმაღლის გამოხატულება და არ იყო დაცული მოციქულთა რომელიმე სპეციალური კანონით. და არავინ, თქვენი ეკლესიის მისიონერთა გარდა, ამ მაგალითით არ ხელმძღვანელობს ისეთი უსჯულოების დასაცავად, როგორიც პატრიარქმა ნიკონმა და "ძმათა მისთა" აღასრულეს.

ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად, ანუ იმის საჩვენებლად, რომ ძველ ლიტურგიებს შორის არსებობდა გარეგანი, არაარსებითი განსხვავება, სასარგებლოდ მიჩნს წაგიკითხოთ ამონარიდი წიგნიდან "ძველი ლიტურგიების კრებული" ("Собрание древних литургий"), რომელიც სანკტ-პეტერბურგის საულისერო აკადემიის გამოცემის, "Христианское чтение"-ს რედაქციამ შეადგინა. აქ ვკითხულობთ: "იესუ ქრისტეს მიერ დაწესებული და მის მიერ წმიდა მოწაფეთა და მოციქულთათვის გადაცემული საღმრთო ლიტურგია არსებითად ერთი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის და თვით აღმოსავლეთის არამართლმადიდებელ ეკლესიებშიც კი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ნესტორიანული და მონოფიზიტური ეკლესიები...

შემდეგ, ყველა ძველ ეკლესიაში ლიტურგია ერთია არა მარტო მის უმთავრეს ნაწილებში, არამედ ძირითადი თემის ერთობაშიც, რომელიც მის უმთავრეს ნაწილში - წმიდა შესაწირავის, მადლობის ლოცვაშია გამოხატული. ერთია ის აგრეთვე უმთავრესი ევქარისტული ლოცვების ანუ ასამაღლებლების უცვალებლობაში, რომლებიც აერთიანებენ ამ ლოცვებს. ამ თვალსაზრისით ძველი ქრისტეანულ ეკლესიებს, მართლმადიდებლურსაც და არამართლმადიდებლურსაც, თამამად და სრული უფლებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ მათ გააჩნიათ მოციქულთა ლიტურგია და მას უცვალებლად იცავენ მოციქულთა დროიდან. მაგრამ, ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა ქრიტეანული ეკლესიის ლიტურგიებს დეტალიზაციისა და ცალკეული მომენტების კუთხით, ანუ არაარსებითი გარეგნულობის მხრივ თუ განვიხილავთ, არ არის ერთნაირი.
ლიტურგიის გარეგანი მხარე ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო... რადგან, მოციქულთაგან ლიტურგია წერილობითად კი არ მოგვეცა, ან რაიმე ჩანაწერის სახით, რომელიც მოციქულებმა დატოვეს და მისი დაცვა ყოველ დეტალსა და ასოში უცვალებლად დაგვავალეს, არამედ ზეპირი გადმოცემით, რომლის მიხედვითაც ამცნეს ყველა ეკლესიას უცვალებლად დაეცვათ მხოლოდ მათ მიერ გადმოცემული არსებითი მომენტები. ხოლო რაც შეეხება არაარსებითს, როგორიცაა მაგალითად, წმ. წერილის საკითხავთა რაოდენობა და თანმიმდევრობა, ან საგალობელთა და ლოცვათა რაოდენობა და ტექსტი; ასევე სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებანი და სხვა თავიანთი მოწაფეების შეხედულებაზე დატოვეს...

ის რომ ლიტურგია მოციქულთაგან მიგვიღია არა წერილობით, არამედ ზეპირი გადმოცემით, პირდაპირ და სრულიად ცხადად არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ" (О Святом Духе, гл. 27). თუ ჩვენამდე მოაღწიეს ლიტურგიებმა, რომლებიც ატარებენ იაკობ და მარკოზ მოციქულთა სახელებს, და თუ არსებობს ძველი მოწმობები ამ მოციქულთა, როგორც ლიტურგიის დამწერთა შესახებ, ეს რაიმე წერილობით ლიტურგიკულ წყაროზე კი არ მიუთითბს, რომლებიც მათ ეკლესიას დაუტოვეს, არამედ იმაზედ, რომ სწორედ ამ მოციქულთაგან გადმოეცა ლიტურგია იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომლებიც ამ ეკლესიათა დამაარსებლები და ეპისკოპოსები იყვნენ.

უეჭველია იაკობისა და მარკოზის მონაწილეობა უძველესი ლიტურგიის მოწესრიგების საქმეში და მათი ლიტურგიების ზეგავლენა სხვა ქრისტეანულ ეკლესიათა ლიტურგიებზე. ამის დასტურად გამოდგება ყველა ძველი ლიტურგიის მსგავსება და თანხმობა უმთავრესსა და არსებითში. ხოლო მსგავსება და თანხმობა, შეუძლებელია ავხსნათ სხვა რომელიმე მიზეზით, რადგან შემთხვევითობის დაშვება მოცემული მოვლენის ასახსნელად, გონივრული პასუხის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.

ამგვარად, გადმოცემა იაკობისა და მარკოზის ლიტურგიების შესახებ, მის ერთადერთ და სწორ გააზრებაში, სულაც არ იმყოფება წინააღმდეგობაში ბასილი დიდის სიტყვებთან, რომ ადრე არავის გადმოუცია ლიტურგია წერილობითი სახით, ასევე სხვა ისტორიულ ფაქტებთან, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი" (გვ. 4 და 5).

იგივეს ამტკიცებენ სხვა თანამედროვე მკვლევარები და ლიტურგისტები; მაგალითად, პროფ. პოკროვსკი წერს: "მოციქულთათვის ქრისტე მაცხოვრის მიერ ბოძებული მცნება: "ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა" მოციქულთა ლიტურგიის ამოსავალი წერტილი გახდა. მოციქულთა დროინდელ ლიტურგიაზე მინიშნებებს ჩვენ ვხვდებით მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებში; მოციქულებრვი კაცთა დროინდელ ლიტურგიებზე - ეგნატე ღმერთშემოსილთან, მომდევნო საუკუნეების (II-III სს.) ლიტურგიებზე - ეკლესიის მამებთან და საეკლესიო მწერლებთან: იუსტინე ფილოსოფოსთნ, ირინეოს ლიონელთან, კლიმენტ ალექსანდრიელთან, ტერტულიანესთან, ორიგენესთან, კორნელიუს რომაელთან, ფირმილიანე კესარია-კაპადოკიელთან, მოციქულთა დადგენილებებსა და განწესებებში, გრიგოლ ნეოკესარიელთან, პლინიუს მცირესთან და მრავალი სხვა.

შესაძლოა ეს ცნობები მეტად მოკლეა და არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ უკვე პირველდაწყებით ქრისტეანობაში არსებობდა გარკვეული წყობა ლიტურგიისა, რომელიც თავიდან საიდუმლო სერობის "თვითმხილველ" მოციქულთაგან ამავე სერობის სახით ჩამოყალიბდა. იუსტინე მოწამე მოკლე ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის უკვე ძვირფას ცნობებს თვით ლიტურგიის წყობის შესახებ: პურსა და თასზე ღვინითა და წყლით, სულიწმიდის ქებაზე ძის სახელით და მამის დიდებაზე, მადლობაზე, მორწმუნეთა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცითა და სისხლით ზიარებაზე. ცხადია, რომ მოციქულთა მარცვალი ლიტურგიისა II საუკუნეში იზარდა და გარკვეული ნაყოფიც გამოიღო. ამას ირიბად ადასტურებს ჩვენამდე მოსული გადმოცემა მოციქულთა: იაკობის, ასევე მარკოზის, პეტრეს და თადეოსის მიერ ლიტურგიის შედგენის თაობაზე. ამ მოციქულთა ლიტურგიებმა ჩვენამდე წერილობითადაც მოაღწიეს (ცხადია, იგულისხმება გვიანდელი ჩაწერა მოციქულთა ზეპირი გადმოცემებისა - რედ.). ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც მათშია და რაც სადღეისოდ გადმოგვეცა, ყოველივე თავის ისტორიას მოციქულთა დროიდან იღებს; და უეჭველია, რომ მათი შინაარსის უდიდესი ნაწილი მოციქულთა საუკუნის შემდეგ, მოგვიანებით დაიწერა; მაგრამ მათში არის ერთი საერთო საფუძველი, რომელიც გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ყოველ მათგანში არსებობს უძველესი ეპოქის ლიტურგიკული ერთობა. დეტალებში ეს ლიტურგიები ძლიერ დასცილდნენ ერთმანეთს, და ასეთი დაცილების დასაწყისი უეჭველად ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება.

მოციქულთა ეპოქაში, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირი გააჩნდათ ერთმანეთთან, მსხვილი ლიტურგიკული განსხვავებები არ შეიძლებოდა ყოფილიყო; ისინი ეხებოდნენ მხოლოდ ევქარისტული ლოცვების ფორმულირებას, რომელშიც თავისუფალი იმპროვიზაცია დაშვებული იყო. მაგრამ ქრისტეანობის გავრცელებასთან და აქ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გამრავლებასთან ერთად, მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენებასთან ერთად, რომლებიც ლიტურგიკული საშუალებებითაც კი სარგებლობდნენ თავიანთი ცრუსწავლების პროპაგანდის მისაღწევად, ნელ-ნელა მომწიფდა აუცილებლობა ზუსტად ყოფილიყო ფორმულირებული უმთავრესი ლიტურგიკული ლოცვები და დაწესებულ ყოფილიყო განსაზღვრული ლიტურგიკული წყობა.

დადგა IV საუკუნე, ქრისტეანული ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: დევნილი ეკლესიიდან ის მფარველობაში მყოფი აღმოჩნდა, შემდეგ კი გაბატონებული მდგომარეობაც დაიკავა; დადგა საეკლესიო ყოფიერების ფართო, ორგანიზებული მოწყობის აუცილებლობა; მომწიფდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელიც ერთ ერთი უძლიერესი საშუალება იყოს ორთოდოქსიისა და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად.

კონსტანტინოპოლი გახდა იმპერიის დედაქალაქი; პატარა ბიზანტიამ მალე იცვალა თავისი იერსახე: მასში გაჩნდნე ვილები, სასახლეები, ბრწყინვალე ქრისტეანული ტაძრები; კონსტანტინოპოლის ქრისტეანული მოსახლეობა ძლიერ გაიზარდა; ლიტურგიის მოწყობის და მოწესრიგების დროც დადგა. ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი სწორედ ბასილი დიდმა გადადგა, რომელსაც თავისი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: მან პირველმა მოგვცა ვრცელი ლიტურგიული მასალის სისტემატიზაციისა და ერთ, მწყობრ სისტემად ჩამოყალიბების ბრწყინვალედ შესრულებული მცდელობა. ისეთი მცდელობა, რომელმაც გააერთიანა ადგილობრივი მოთხოვნილებები, შეავსო ყოველგვარი გაუთვალისწინებლობა..." (журнал «Отдых христианина», февраль 1908 г., стр. 6-9).

აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი სწორი დასკვნა, რომ ბასილი დიდმა მოციქულთა ლიტურგია კი არ შეცვალა, არამედ მას, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო ერთი, გარკვეული სახე მიანიჭა. ასე მოიქცა წმ. იოანე ოქროპირიც, რომელმაც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, კი არ შეცვალა წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ლოცვა გადმოსცა შემოკლებით.

ახალმოწესე: ასეთი მოწმობების შემდეგ, რომლებშიც ნამდვილად მოცემული სრული საფუძველი თქვენს მიერ გაკეთებული დასკვნისთვის, მეც სავსებით ვეთანხმები მას. მაგრამ, მეჩვენება, რომ მაინც არის შესაძლებელი აქ პატრიარქ ნიკონის გამართლება, რადგან მასაც იმაზე მეტი არ უქნია, რაც წმიდა ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა გააკეთეს. ანუ მანაც ეკლესიის ყველა გადმოცემა როდი უარყო, არამედ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი გარკვეულ ერთსახოვნებაში მოიყვანა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენც დაეთანხმებით ამას.

ძველმოწესე: თქვენ ეს სიტყვები მე უკვე პირველად როდი მესმის და რამდენჯერაც მოვინდომე ხმის ამოღება, გამაწყვეტინეთ. თქმა იმისა, რომ ნიკონმა იმაზე მეტი როდი ქნა, რაც ლიტურგიასთან მიმართებაში გააკეთეს ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა, ნიშნავს ჩაიდინო უდიდესი ცოდვა. ამ ორმა ბუმბერაზმა მსოფლიო მოძღვარმა მთელი ძალი და ღონე გამოიყენეს იმისთვის, რათა შეურყვნელად შეენარჩუნებინათ მოციქულთა ლიტურგია და გაეწმინდათ იგი დანაშრევებისა და დანამატებისგან, რომელიც მასში ძველი ეკლესიის ეპისკოპოსებს შემოჰქონდათ; ლიტურგიასთან მიმართებაში მათ გააკეთეს მხოლოდ ის, რასაც თვით მოციქულები არ უკრძალავდნენ არავის თავიანთი დადგენილებებითა და კანონებით.

ერთის სიტყვით, მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მაშინ როდესაც, ნიკონი, თავის თანამოაზრეებთან ერთად პირიქით მოიქცა. მან ჯერ უბილწესი სიცრუე გადმოანთხია ეპისკოპოს პავლე კოლომნელისა და დეკანოზ ამბაკუმის მიმართ, რომ მათ თითქოსდა განსაკუთრებული ლიტურგია ჰქონოდათ (იხ.грам. Паисия "Скрижаль"); და ეს მაშინ, როდესაც ისინი იმავე ლიტურგიას ასრულებდნენ, რასაც თვით ნიკონი; ასე მიაყენა ნიკონმა შეურაცხყოფა ლიტურგიას, რომელიც მთელი სიწმიდით და სისავსით დაიცვეს ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა.

უკეთებია კი ოდესმე ამ ორ უდიდეს წმინდანს იმგვარი რამ, თუნდაც სამოციქულო ლიტურგიასთან მიმართებაში, რაც ნიკონმა გაუკეთა ეკლესიას? ეს უპირველეს ყოფლისა. შემდეგ, ნიკონმა, თავის თანამოძმეებთან ერთად, დააღრვია და უკეთურებად გამოაცხადა მოციქულთა გადმოცემა - ორი თითით პირჯვრისწერა, შეურაცხყოფა მიაყენა მას და სომხური მწვალებლობა უწოდა, ხოლო ამ პირჯვრისწერის დამცველი მართლმადიდებლები მწვალებლებად გამოაცხადა და საშინელი წყევლა-კრულვა შეუთვალა. გაუკეთებიათ თუ არა ოდესმე მსგავსი რამ სამოციქულო ლიტურგიის მიმართ ბასილი დიდსა და იოანე ოქროპირს?

მე გულის ფანცქალით ვაყენებ ამ საკითხს, იმდენად მაძრწუნებს მისი განცხადებაც კი. ერთს კი ვიტყვი, ისეთი უსჯულოება, ნიკონმა რომ მოაწყო თავის თანამოაზრეებთან ერთად ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ, უსჯულოებითაც კი შეუძლებელია გაამართლო, არა თუ ისეთი მაგალითითი, როგორიც თქვენ მოგყავთ ლიტურგიის შესახებ. გადაამოწმეთ მთელი ჩვენი გასაუბრება და თქვენთვის კიდევ უფრო ცხადი გახდება, როგორ ცოდვას იკიდებთ ზურგზე, როდესაც ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ღვაწლს ლიტურგიკის საქმეში უდარებთ პატრიარქ ნიკონის უსჯულო რეფორმას. სულით და გულით გისურვებთ მეტ სიფრთხილეს ამ საკითხში და ძველი, წმ. ეკლესიის მაგალითების დამოწმებისას, რათა არ შეადაროთ ძველი ეკლესიის წმიდა ცხოვრება ნიკონ პატრიარქის უგუნურ რეფორმასთან. ახლა კი გელოდებით, კიდევ რა გაქვთ სათქმელი თქვენი ეკლესიის რეფორმების დასაცავად.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика