აპოლოგეტიკა - ნიკონის რეფორმის დამცველთა მაგალითების განხილვა 1 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა

17-ე ს. საეკლესიო რეფორმა

სოლოვეცის მონასტრის შტურმი და სოლოვეცკელი ბერების წამება ნიკონიანელი სატრაპების მიერ

შინაარსი:

_____________________


შესავალი


ნიკონიანელ მისიონერებთან ძველმოწესეთა საჯარო გასაუბრება და პოლემიკა აჩვენებს, რომ ნიკონისა და 1666-1667 წლების კრებათა მიერ ძველი, საეკლესიო წეს-ჩვეულებების შეცვლა აშკარად ეწინააღმდეგება მოციქულთა სწავლებას, ხოლო ამ ძველ გადმოცემათა ერთგულ მიმდევარ და დამცველ ძველმორწმუნე ქრისტეანთა წყევლა-კრულვით, გაბატონებულმა ეკლესიამ, თავისი დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმა, რითაც მოწყდა კიდეც მართლმადიდებლობის სიწმინდეს, - გაბატონებულ, ნიკონიანურ ეკლესიას ღვთის მადლი განშორდა. ვერაფრით იცავენ რა თავიანთ რეფორმას, ამ საკრებულოს მისიონერები გვპასუხობენ: დავუშვათ, რომ ის წესები, რომლებიც ნიკონ პატრიარქამდე არსებობდა რუსეთის ეკლესიაში, რეფორმის დროს შემოტანილ წესებზე უფრო ძველია, მაგრამ განა შეიძლება ამას ჰქონდეს რაიმე არსებითი მნიშვნელობა? ქრისტეს ეკლესიაც ძველ ეპოქაში სხვადასხვა ვითარებათა გამო ცვლიდა და დღესაც ცვლის საეკლესიო წეს-ჩვეულებებს, მიუხედავად ამისა, მასზე არავინ ამბობს, რომ მართლმადიდებლობის სიწმინდეს მოწყდა. ანალოგიურად, მართალია, ჩვენმა ეკლესიამაც შეცვალა ზოგიერთი წეს-ჩვეულება, მაგრამ ამის გამო მას მართლმადიდებლობის სიწმიდე არ დაუკარგავს.


ასე ამბობენ მისიონერები და ამგვარი დასკვნების გასამართლებლად ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან ისეთ მაგალითებს იმოწმებენ, რომლებიც თითქოსდა ნიკონის რეფორმის ანალოგიურია და ამართლებენ ამ რეფორმას. ცხადია, ნიკონიანელი მისიონერები აქაც მარცხდებიან ძველმორწმუნე მქადაგებლებთან, რამეთუ შეუძლებელია ქრისტეს ეკლესიის ძველ პრაქტიკაში ისეთი მაგალითების პოვნა, რომელიც გაამართლებდა ნიკონის რეფორმას.

სამწუხაროდ, ძველმოწესე მართლმადიდებელთაგან ყველას არა აქვს ის წიგნები, რომლებიც საჭიროა ამ საკითხის შესასწავლად და ნიკონიანელ მისიონერთა სამხილებლად. არადა, ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან, ღვთის შეწევნით, გადავწყვიტე მეტ-ნაკლები სისავსით განმეხილა ნიკონიანელ მისიონერთა მიერ ჩვენთან პოლემიკაში დამოწმებული მაგალითები და ამით შესაძლებლობა მიმეცა ძველმორწმუნე მქადაგებელთათვის ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ ამგვარი პოლემიკისთვის საჭირო მასალა.

კომპეტენტური პიროვნებების რჩევით, ჩვენი განხილვა ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმით.


* * *


ერთ ადგილას ერთმანეთს შეხვდა ორი კაცი, ძველმოწესე და ახალმოწესე (ე. ი. ნიკონიანელი - მთარგმნ.), რომელთა შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

ახალმოწესემ თქვა: დიდი ხანია მსურს გკითხოთ ძველმოწესეებს, ნიკონ პატრიარქის დროს (XVII ს. მეორე ნახევარი - მთარმგნ.) თქვენი წინაპრები რატომ გამოეყვნენ ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას?

ძველმოწესე: მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩვენი წინაპრები არასოდეს გამოყოფიან, პირიქით, მას გამოეყვნენ თქვენი ეპისკოპოსები ნიკონ პატრიარქთან ერთად, რომელმაც წმ. მოციქულთა გადმოცემები შეცვალა და ამ ძველ გადმოცემათა მიმდევარი ქრისტეანები დაწყევლა.

ახალმოწესე: დავუშვათ, ნიკონ პატრიარქმა და მისმა მომხრე სხვა ეპისკოპოსებმა ახლით შეცვალეს მანამდე არსებული ძველი გადმოცემა, მაგრამ გადმოცემებისა და წეს-ჩვეულებების შეცვლა ვინ აკრძალა?

ძველმოწესე: ამაზე ბევრი დაწერილა, მე მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ: წმ. მოციქული პავლე თესალონიკელებს წერს: "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონიკ. 2:15). წმ. ბასილი დიდი კი ბრძანებს: "ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს; თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში. ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახლის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით?" ("დიდი რჯულისკანონი". წმ. ბასილი დიდის 91-ე განწესება (ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ).

აშკარაა, რომ სავალდებულოა, დავიცვათ მოციქულთა ყველა გადმოცემა, წერილობით იქნება ის მოცემული თუ დაუწერლად. აქედანვე ჩანს, რომ ჯვრის გამოსახვა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა გახლავთ. ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.) ორი თითით პირჯვრისწერას "მოციქულთა საიდუმლო გადმოცემას" უწოდებს (იხ. მისი ხელნაწერი წიგნი. თ. 40). ამ მოწმობას ადასტურებს აგრეთვე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტიხბინის ხატი, რომელიც, გადმოცემით, ლუკა მახარობლის დაწერილია და რომელზეც მაცხოვარს ორთითიანი წყობა გამოუსახავს. აქედან ცხადია, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად მოციქულთა გადმოცემაა. ამიტომაც, როდესაც სამოციქულო გადმოცემა თქვენმა ეკლესიამ ერეტიკულად შერაცხა და მისი დამცველი ქრისტეანები დაწყევლა, თვით მოექცა მაცხოვრის სამსჯავროს ქვეშ, რომელმაც მოციქულებს უთხრა: "ვინც თქვენ გისმენთ მე მისმენს, და ვინც თქვენ უარგყოფთ მე უარმყოფს" (ლუკა 10:16). თქვენს ამ საქციელს განიკითხავს წმ. მოციქული პავლეც: "გინდა თუ ჩვენ, გინდა ანგელოზი ზეცით რომ გახარებდეთ იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებულ იყავნ" (გალატ. 1:9). აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი: "მოციქულს ის კი არ უთქვამს: თუ ჩვენ მიერ ნახარების საწინააღმდეგოს გახარებენ ან ყველაფერს შეცვლიანო, არამედ თუკი უმცირესშიაც კი გახარებენ იმის საწინააღმდეგოს, რაც ჩვენ გვიხარებია, ან თუკი ოდნავადაც შეკვეცავენ ჩვენს ქადაგებას, შეჩვენებულ იყავნ"-ო (Беседы апостольские). მოტანილი მოწმობებიდან ჩანს, რომ არ შეიძლება წმიდა მოციქულთა და მამათა გადმოცემების შეცვლა ან გაუქმება.

ახალმოწესე: თქვენი მოწმობებიდან ჩანს, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემების შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ, თუკი ასეა, მაშინ ქრისტეს მთელ ძველ ეკლესიასაც მადლი დაუკარგავს და ქრისტესად ვეღარ იწოდება.

ძველმოწესე: ეს როგორ? რატომ?

ახალმოწესე: დიახ ასეა, რამეთუ მასში ძველთაგანვე სხვადასხვა გარემოებათა გამო სამოციქულო და წმიდამამათამიერი გადმოცემები იცვლებოდა.

ძველმოწესე: მიგვითითეთ, თუ შეიძლება, თუნდაც ერთი სამოციქულო და წმიდამამამათამიერი გადმოცემა, რომელიც ეკლესიამ შეცვალა.

ახალმოწესე: დიდი სიამოვნებით: მე გიჩვენებთ არა ერთსა და ორ ასეთ გადმოცემას.

ძველმოწესე: ძალიან საინტერესოა. მე პირველად თქვენგან მესმის ასეთი სიტყვა. ყურადღებით გისმენთ. გთხოვთ, მაუწყოთ, რომელი გადმოცემა შეცვალა ქრისტეს ეკლესიამ.


კრავის შესახებ


ახალმოწესე: მეექვსე მსოფლიო კრებამდე ქრისტეს ეკლესიაში არსებობდა ჩვეულება, ქრისტეს ხატავდნენ კრავის სახით, რომელზეც იოანე წინამორბედი თითით ანიშნებდა. მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრებამ, 82-ე განწესებით შეცვალა ეს ჩვეულება და ამიერითგან ხატებზე ქრისტეს კაცობრივი მსგავსების გამოსახვა დააწესა. აი, თქვენ პირველი მაგალითიც. თუკი, როგორც თქვენ ამბობთ, საეკლესიო გადმოცემების შეცვლა არ შეიძლება, მაშინ მეექვსე მსოფლიო კრებას შეუცოდავს. მაგრამ, შეუძლია კი ვინმეს გაბედოს და თქვას, რომ მეექვსე წმიდა კრებამ ამ ცვლილებებსი შედეგად შესცოდა ან დაკარგა ღვთისმოსაობა?


ძველმოწესე: უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუწყოთ, რომ: ქრისტეს ეკლესია არ ცვლის მხოლოდ იმ გადმოცემებსა და ჩვეულებებს, რომლებიც გადმოცემულია ღვთაებრივ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ და ჭეშმარიტ, ქრისტეანულ სწავლებასთან თანხმიერია. თქვენ მიერ მოტანილი მაგალითი კი ამისთვის არ გამოდგება. კრავის სახით ქრისტეს გამოსახვა მოციქულთა ან წმ. მამათა ჩვეულება კი არ არის, არამედ ზოგიერთ ხატმწერთა ჩვეულება, როგორც ამას ვგებულობთ თვით VI მსოფლიო კრების ხსენებული კანონიდან:

"ზოგ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავი, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს მადლის სახედ არის შემოღებული. ჩვენთვის წინასწარ მოსწავებული სჯულის მიერ ყოვლად ძველ წესსა და აჩრდილს, როგორც ჭეშმარიტების სახეს და წინასწარმეტყველებას ეკლესიისთვის ბოძებულს, პატივს ვცემთ, მაგრამ უპირატესობას მადლსა და ჭეშმარიტებას ვანიჭებთ, ვთვლით რა მათ სჯულის სისრულედ. ამიტომაც, იმისთვის, რათა ხატწერის ხელოვნებით ყველას თვალწინ შესაძლებელი იყოს სრულყოფის წარმოდგენა, ამიერიდან ვადგენთ, სოფლის ცოდვების ამღების, ჩვენი ქრისტე ღმერთის კაცობრივი მსგავსება იქნეს გამოსახული ძველი კრავის ნაცვლად პატიოსან ხატებზე, რათა ღმრთის სიტყვის თავმდაბლობას, მის ხორციელ მოღვაწეობას, ვნებასა და მხსნელ სიკვდილს ჭვრეტით მოვიხსენიებდეთ და ყოველივე ამის მიერ სოფლის გამოხსნას კეთილად შევიმეცნებდეთ" (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლ. კრების 82-ე კანონი).

ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ბრძანებს: "მაშ, ასე, ეს (ძველაღთქმისეული კრავი) მოასწავებდა ქრისტეს. ამიტომაც ბრძანა უდიდესმა წინასწარმეტყველთა შორის და ანგელოსთასწორმა წინამორბედმა იოანემ: "აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს" (იოანე 1:29). ზოგიერთი პატიოსან ხატებზე წინამორბედის თითით ნაჩვენებ კრავს გამოსახავდა (რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმრთის, ქრისტეს მადლის სახედ არის შემოღებული - მთარგმნ.). წმიდა კრებამ განსაზღვრა, რომ, რადგანაც კრავი ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს, წინასახედ იყო მიღებული, ხოლო ჭეშმარიტების მოსვლით გარდახდა ყოველი წინასახე, ნიშანი და აჩრდილი, პატივს მივაგებთ მათ, როგორც ჭეშმარიტების წინასახეს, უპირატესობას კი მაინც ჭეშმარიტებას ვანიჭებთ; ამიტომაც განსაზღვრეს გაეუქმებინათ ის, რაც განეკუთვნებოდა წინასახეს, ხოლო ამიერითგან თვით ჩვენი ქრისტე ღმერთის კაცობრივი მსგავსება გამოესახათ მის წმიდა ხატებზე".

ამრიგად, როგორც კანონიდან, ასევე მისი განმარტებიდან ჩანს, რომ ქრისტეს გამოსახვა წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავის სახით მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემას კი არა, ზოგიერთი ხატმწერის გამონაგონს წარმოადგენს და აშკარად ეწინააღმდეგება მოციქულთა სწავლებას, რამეთუ იგი (გამოსახულება) ძველაღთქმისეული აჩრდილია და არა თავად ჭეშმარიტება, მაშინ, როდესაც, მოციქულის სწავლების მიხედვით, ძველი რჯული "მომავალ სიკეთეთა მხოლოდ არჩდილია და არა თვით საგანთა ხატების მქონე" (ებრ. 10:1). ამიტომაც ღმერთკაცის გამოსახვით აჩრდილისეული (ანუ ძვ. სჯულისეული - მთარგმნ.) კრავის სახით, რომელსაც იუდეველები ეგვიპტეში გაქცევამდე კლავდნენ, არა თვით ხატისადმი (ე. ი. ჭეშმარიტებისადმი - მთარგმნ.), არამედ მხოლოდ აჩრდილისადმი მსახურებას გამოხატავდნენ, რაც წმ. მოციქულმა პავლემ ასეთი სიტყვებით განიკითხა: "გვაქვს ჩვენ საკურთხეველი, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ აჩრდილის მსახურთ" (ებრ. 13:10). ამიტომაც, მეექვსე მსოფლიო კრებამ მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემა კი არ გააუქმა, არამედ, პირიქით, დაიცვა ეკლესია მოციქულთა სწავლების დარღვევისგან იმგვარ ხატმწერთა მხრიდან, რომლებიც პატიოსან ხატებზე ქრისტეს კრავის სახით გამოხატავდნენ. ამდენად, თქვენს მიერ მოტანილი პირველი მაგალითი ნიკონის რეფორმას არათუ არ ამართლებს, არამედ, პირიქით, ამტყუნებს კიდეც.

ახალმოწესე: გეთანხმებით, რომ ეს მაგალითი ნიკონის რეფორმას ვერ ამართლებს და რომ ნამდვილად VI მსოფლიო კრებამ მოციქულთა გადმოცემა კი არა ზოგიერთ ხატმწერთა ჩვეულება გააუქმა, მაგრამ, ამჯერად მოგიტანთ ისეთ მაგალითდ, რომელიც ეფუძნება მოციქულთა საქმეებს და ეკლესიამ მოგვიანებით შეცვალა.

ძველმოწესე: გმადლობთ იმის შეგნებისთვის, რომ თქვენ მიერ მოტანილი პირველი მაგალითი თქვენი ეკლესიის რეფორმას არ ამართლებს. თუკი შემდგომშიც ასე ყურადღებით მომისმენთ, ობიექტურად მიუდგებით ჩემ ახსნა-განმარტებებს და თქვენი მისიონერებივით არ მოიქცევით, არსებობს იმედი, რომ, ღვთის შეწევნით, ერთ დასკვნამდეც მივალთ, კერძოდ: მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემები ურყევად უნდა იყვნენ დაცულნი ეკლესიის მიერ და, რომ თქვენი ეკლესია მათი შეცვლის გამო მართლმადიდებლობის სიწმიდეს განეშორა. ახლა კი გისმენთ, კიდევ რა მაგალითის დამოწმება შეგიძლიათ?


შვიდი დიაკვნის შესახებ


ახალმოწესე: ვკითხულობ ნეოკესარიის კრების 15-ე კანონს: "პირველდაწყებითი კანონების მიხედვით, თუ ქალაქი ძალიან დიდია სასურველია შვიდი დიაკვნის ყოფნა. ამას ირწმუნებ წიგნიდან "საქმე მოციქულთა" (6:3-5) ("დიდი რჯულისკანონი". სრული თარგმანიდან). მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრების 16-ე კანონმა შეცვალა ნეოკესარიის კრების ეს განწესება, მიუხედავად იმისა, რომ ის მოციქულთა საქმეებს ეფუძნება; მეექვსე მსოფლიო კრების განმარტებაში კი ნათქვამია: "არასწორად გაიგეს ამ კრების მამებმა მოციქულთა საქმეებში ნათქვამი სიტყვა შვიდი დიაკვნის შესახებ" (არისტინე. სამგანმარტებიანი დიდი რჯულისკანონის მიხედვით). აი, საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ეკლესიას შეუძლია, შეცვალოს ისეთი გადმოცემებიც კი, რომლებიც მოციქულთა საქმეებს ეფუძნება.


ძველმოწესე: თქვენ ამ შემთხვევაშიც არასწორად ასკვნით, თითქოსდა მეექვსე მსოფლიო კრებამ შეცვალა გადმოცემა, რომელიც მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა მხოლოდ დააზუსტეს და დააკონკრეტეს "მოციქულთა საქმეებში" გადმოცემულ სიტყვათა მნიშვნელობა და მიანიშნეს თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს ადგილი.

"რადგანაც "მოციქულთა საქმეებში" გადმოცემულია, რომ მოციქულთაგან დადგენილ იქნა შვიდი დიაკვანი, ხოლო ნეოკესარიის კრების მამებმა ამაზე დაყრდნობით მათ მიერ დადგენილ კანონებში მსგავსად განსაჯეს, ამიტომაც, როდესაც მამათა აზრი მოციქულთა გამონათქვამს შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ისინი ლაპარაკობდნენ არა საიდუმლოს, არამედ ტაბლის მსახურებზე (Трехтолковая Кормчая полных переводов).

შედეგად, აქ მოციქულთა გადმოცემის შეცვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ დაზუსტებულია ნეოკესარიის მამების მიერ არაზუსტად გაგებული სიტყვები და გასწორებულია მათ მიერ დაშვებული უზუსტობა.

აღსანიშნავია, რომ მოციქულთა საქმეებში გადმოცემული სიტყვების ზუსტი აზრის გადმოცემითა და განმარტებით მეექვსე მსოფლიო კრებამ, დაიცვა მოციქულთა გადმოცემის ხელუხლებლობა და, ამასთანავე, წმიდა მამათათვის დამახასიათებელი მოკრძალებით, ნეოკესარიის მამათა განსაზღვრების უზუსტობას დუმილით ჩაუარა.

მაშ, ასე, პირველი მაგალითის დარად, ნიკონის რეფორმას არც ეს მაგალითი ამართლებს. მეტიც, მოციქულთა გადმოცემის შეცვლის გამო კიცხავს კიდეც. რაც შეეხება სლავურ "კორმჩაიაში", მეექვსე მსოფლიო კრების 16-ე კანონის განმარტებაში მოტანილ სიტყვებს, რომ ნეოკესარიის მამებმა "ჯეროვნად ვერ განსაჯეს", გთხოვთ, უსმინოთ ამის შესახებ ღირ. მაქსიმე ბერძენის მოწაფეს, ზინობი მონაზონს, რომელიც თავისი წიგნის - "Истины показание", 56-ე თავში წერს:

"ამაოდ აძაგებენ ზოგიერთნი წმიდა მამათა კრებებს: არავითარი წინააღმდეგობა არ არის მათ შორის, არამედ სულიწმიდის მადლში ერთსულოვნობენ". მაშინ ათანასემ ჰკითხა: "როსტოვულ წიგნებში მეექვსე მსოფლიო კრების კანონში წერია, რომ ნეოკესარიის მამებმა მოციქულთა ნათქვამი შვიდი დიაკვნის შესახებ "ჯეროვნად ვერ განსაჯეს" და მხოლოდ შვიდი დიაკვნის ყოფნა არასწორად დაადგინეს. ამის გამო, ამ კანონის განმარტებაში მეექვსე მსოფლიო კრების (16-ე) კანონში ნეოკესარიის კრებას კიცხავენ. ასეა როსტოვში გამოცემულ წიგნებში. მაშინ (ზინობემ - არქიეპ. პ.) ვკითხე: "ეს როსტოვული წიგნები ქაღალდზეა დაწერილი თუ ტყავზე? თუ ქაღალდზეა, რომელი გადამწერის დაწერილია, - ძველი გადამწერებისა თუ ახლებისა?" ათანასემ თქვა: "ეს როსტოვული წიგნი ქაღალდზეა დაწერილი ახლანდელი გადამწერების მიერ და თუმცა არც ისე ახალია, მაგრამ არც ისე ძველია". მაშინ მივუგე: "სანდო არ არის ეს როსტოვული წიგნი, რამეთუ ჭეშმარიტების მტრებსა და არაღვთისმოშიშ გადამწერებს მასში გადმოცემული კანონები დაუმახინჯებიათ. განწესებანი, რომლებსა აწ მე გთავაზობთ, ჭეშმარიტია, რამეთუ რუსეთის განმანათლებლის, დიდი ვლადიმირის შვილიშვილის, იაროსლაავლის ძის, იზიასლავის დროს არის დაწერილი ტყავზე... ხოლო როსტოვული წიგნი ქაღალდზეა დაწერილი თანამედროვე გადამწერების მიერ... ამიტომაც, რადგანაც როსტოვული წიგნი ეწინააღმდეგება ძველ განწესებებს, არ უნდა ვისმენდეთ როსტოვში გამოცემული წიგნის განჩინებას, რამეთუ არამართალ კაცთაგან არის შერყვნილი" (Истины показание, соч. инока Зиновия, стр. 993-999).

ახალმოწესე: ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ მეექვსე მსოფლიო კრებას ნამდვილად მხოლოდ "საქმე მოციქულთას" სიტყვათა ზუსტი აზრი განუმარტავს და, როდესაც ასწორებდა ნეოკესარიის კრების მამათა უზუსტობას, მოციქულთა განსაზღვრებას არ შეხებია, არ შეუცვლია მათი გადმოცემა, არამედ იგი ხელუხლებლად და ზუსტად დაუცავს. მაგრამ მე ამით როდი შემოვიფარგლები, არამედ კიდევ მიგითითებთ მაგალითზე, რომელიც ადასტურებს, რომ ძველი ეკლესია ნამდვილად ცვლიდა წმ. ეკლესიის მართლმადიდებლურ გადმოცემებს და ამის გამო არამართლმადიდებლური როდი ხდებოდა.

ძველმოწესე: აბა, მიგვითითეთ.


ლაოდიკიის კრების 11-ე კანონი


ახალმოწესე: ლაოდიკიის კრების 11-ე კანონში, სლავური "კორმჩაიას" მიხედვით წერია: "Бяху в древних неции обычаи в церквах бываемии, от них же убо временем ови забвени быша, инии же отнюдь престаша: другая же правила отсекоша" (ძველთაგანვე ეკლესიაში ჩვეულებები, რომლებიც დროთა განმავლობაში ზოგი მიივიწყეს, ზოგი კი უარყვეს). აჰა, ხედავ, ქრისტეს ძველი ეკლესია ცვლიდა ზოგიერთ იმ გადმოცემასა და ჩვეულებას, რომელიც ადრე გამოიყენებოდა. მაშ, რამდენად სამართლიანია გავკიცხოთ ჩვენი, გაბატონებული ეკლესია იმისთვის, რაც ქრისტეს ეკლესიაში ადრეც მომხდარა? მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც დაეთანხმებით ჩემს დასკვნას.


ძველმოწესე: გეთანხმებით იმაში, რომ ლაოდიკიის კრებამ შეცვალა ერთი ჩვეულება, რომელიც ადრე ეკლესიაში არსებობდა და იმაშიც, რომ მანამდეც შეუცვლიათ ზოგიერთი გადმოცემები, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვენმა ეკლესიამ XVII საუკუნეში ქნა იგივე, რასაც ქრისტეს ეკლესია იქმოდა ძველ საუკუნეებში.

ახალმოწესე: რატომ არ მეთანხმებით?

ძველმოწესე: აი, რატომ. ძველი ეკლესია ცვლიდა მხოლოდ იმ ჩვეულებებს, რომლებიც ჯერ-ერთი, უცნობია ვის მიერ იყო დაწესებული, და მეორეც, ისინი არსებობდნენ მოციქულთა სწავლების საპირისპიროდ, როგორც ეს თქვენს მიერ მოტანილი მაგალითიდანაც ჩანს. თქვენ არისტინეს განმარტება შემოკლებით წაიკითხეთ, ამიტომაც გამოგივიდათ არასწორი დასკვნა. წავიკითხოთ ის მთლიანად. თქვენ ბრძანეთ: "Бяху в древних неции обычаи в церквах бываемии, от них же убо временем ови забвени быша, инии же отнюдь престаша, другая же правила отсекоша". და აქ შეჩერდით, მაგრამ იმისთვის, რათა დავინახოთ, რომელ ჩვეულებებზეა აქ ლაპარაკი უნდა გავაგრძელოთ არისტინეს ციტირება, რომელიც შემდგომ ამბობს: "От нихже есть един и сей обычай, еже старыя жены в церквах поставляти, и сия первоседницы именовати, и да имеют старейшинство в женах, входящих в церковь, якоже учительницам им поставленным сущим на благочиние, и како и где подобает им стояти наказующе их, таковым убо женам не подобает быта, ни нарицатися тако, правило се повелевает" (толкование Аристина по славянской Кормчей). (მათგან არის ერთი ასეთი ჩვეულება, დედაბრების ეკლესიაში დაწესება და უპირატესებად მათი ხმობა, რათა პირველობა ჰქონდეთ დედაკაცთა შორის, რომლებიც შედიან ეკლესიაში, და იყონ მათი დამრიგებლები ღვთისმოსაობაში, ამგვარი დედაკაცები ეკლესიაში არ უნდა იყონ დაწესებულნი, რადგან ამას კრძალავს კანონი) (არისტინეს განმარტება სლავურ კორმჩაიაში).

აი, რომელ ჩვეულებაზეა ლაპარაკი ლაოდიკიის კრების 11-ე კანონში (სლავ. კორმჩიას მიხედვით). ეს ჩვეულება ეწინააღმდეგება წმ. მოციქულ პავლეს შემდეგ სიტყვებს: "ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი" (1 კორინთ. 14:34-35). "მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას" (1 ტიმ. 2:12).

ამავე ჩვეულების შესახებ ლაპარაკობს VI მსოფლიო კრებაც თავის 70-ე განწესებაში, სადაც ვკითხულობთ: "ქალებს არა აქვთ უფლება ილაპარაკონ წმ. ჟამისწირვის დროს, პავლე მოციქულის თქმულის თანახმად, არამედ დუმილით უნდა იდგნენ, "რადგან არ არის ნაბრძანები მათთვის ლაპარაკი, არამედ მორჩილება, როგორც სჯულიც ამბობს. ხოლო თუ რაიმეს გაგება უნდათ და შესწავლა, შინ თავიანთ ქმრებს ჰკითხონ" (1 კორ. 14:34-35) (დიდი სჯულისკანონი. სრული თარგმანის მიხედვით).

აქედან ცხადი ხდება, რომ ლაოდიკიის ადგილობრივი კრება კი არ არღვევდა მოციქულთა გადმოცემებს, არამედ იცავდა სამოციქულო სწავლების მთლიანობასა და სიწმინდეს. მაშინ როდესაც, თქვენი ეკლესია პირიქით მოექცა მოციქულთა და ძველი ეკლესიის მართლმადიდებლურ გადმოცემებს. სწორედ ამიტომაც გითხარით, რომ თქვენმა ეკლესიამ როდი მოიმოქმედა იგივე, რაც ლაოდიკიის კრებამ გააკეთა. ასე, რომ, როგორც ხედავთ, ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეფორმას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს.

ახალმოწესე: დიახ, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ეს მაგალითი, მართლაც მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ძველი ეკლესია მკაცრად ადევნებდა თვალყურს სამოციქულო გადმოცემებს და არ უშვებდა უმცირეს გადახრასაც კი მათში. თუმცა, მე ამაზე არ შევჩერდები და კიდევ მოვიყვან სხვა მაგალითებს.

ძველმოწესე: კეთილი, მოიყვანეთ, ძალიან მოხარული ვიქნები. გავაგრძელოდ დისპუტი.


ეპისკოპოსთა ცოლიანობისთვის

ახალმოწესე: ვკითხულობ წმიდა მოციქულთა მე-5 კანონს: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, საეკლესიო თანაზიარობისგან განიკვეთოს. თუ განაგრძობს ამას, უნდა დაემხოს" (1). ხედავთ, ეს კანონი ამბობს, რომ თუ ეპისკოპოსი თავის ცოლს განიშორებს უზიარებელ უნდა იქნესო, შედეგად ის (ეპისკოპოსი), ცოლიანი უნდა იყოს. მაგრამ VI მსოფლიო კრებამ 12-ე კანონში ამის საპირისპიროს აწესებს: "... დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ... თუ ვინმე (ეპისკოპოსთაგან) გაბედავს ასეთ მოქმედებას (ანუ ხელდასხმის შემდეგ იცხოვრებს თავის ცოლთან), პატივისგან დაემხოს" (სრული თარგმანის მიხედვით). ეკლესიას უფლება რომ არ ჰქონდეს საკუთარი გადმოცემების შეცვლისა, მეექვსე მსოფლიო კრებაც არ გააუქმებდა მოციქულთა მეხუთე კანონს. ეს არის უბადლო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გავამართლოთ ჩვენი ეკლესია, რომელმაც შეცვალა რამოდენიმე ძველი წესი და ჩვეულება.

ძველმოწესე: უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნო, რომ თქვენ არასწორად ამბობთ, თითქოსდა VI მსოფლიო კრებამ გააუქმა წმიდა მოციქულთა 5-ე კანონი. ეს არასწორია; VI მსოფლიო კრების 12-ე კანონში პირდაპირ წერია: "ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის (5-ე) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად".

ახალმოწესე: უკაცრავად, ტექსტი დაუკვირვებლად წავიკითხე, მაგრამ ამით საკითხის არსი მაინც უცვლელია. თუ კანონის არა, ეპისკოპოსთა ცოლიანობის გადმოცემის შეცვლის ფაქტი ხომ არის უეჭველი და ეს ფაქტადვე რჩება.

ძველმოწესე: მიუკერძოებლად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი: არის თუ არა ეპისკოპოსთა ცოლიანობა მოციქულთა გადმოცემა? იქნებ გაგვცეთ პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ოღონდ მოციქულთა სწავლებაზე დაყრდნობით.

ახალმოწესე: დიდი სიამოვნებით. მოციქული პავლე ტიმოთეს წერს: "სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:1-2). აი, პასუხი თქვენს კითხვაზე.

ძველმოწესე: ნამდვილად, ეს პასუხად ჩაითვლებოდა ჩემს შეკითხვაზე, რომ არა სიტყვა "ერთი", ამ სიტყვის არსებობა კი მისაღებს ვერ გახდის თქვენს პასუხს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე.

ახალმოწესე: და, ასეთი რა მნიშვნელობა გააჩნია ამ სიტყვას?

ძველმოწესე: გიპასუხებთ ნეტ. თეოდორიტე კვირელის სიტყვებით: "ჩემის აზრით, კარგად ითქვა: "ერთი ცოლის ქმარი". რადგან ძველად წარმართებსადა იუდეველებს თავიანთი სჯულის თანახმად, წესად ჰქონდათ ერთდროულად ყოფილიყვნენ ორ, სამ და მეტ ცოლთა ქმრები" (Творения. ч. VII, стр. 685 и 686) ხორციელი უბიწოების დამცველი კი ძნელად მოსაძებნი იყო. აქედან ჩანს, რომ სიტყვით "ერთი" მოციქულმა იმაზე მიუთითა, რათა ორი ან სამი ცოლის ქმარი ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი.

ახალმოწესე: თანახმა ვარ, რომ სიტყვა "ერთი" სწორედ ასეც უნდა გავიგოთ, მაგრამ ამ ერთი ცოლის ქმრობას მაინც ხომ ავალდებულებს ეპისკოპოსს მოციქული? მეც ამ აზრზე ვდგავარ.

ძველმოწესე: წმიდა წერილის განმარტებისას ძალიან ფრთხილნი უნდა ვიყოთ და შევეცადოთ თვითნებურად არ განვმარტოთ იგი, არამედ ეკლესიის წმიდა მამებსა და მოძღვრებს მივყვეთ, როგორც ეს არის დაკანონებული VI მსოფლიო კრების მიერ: "ეკლსიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო დასსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით" (VI მსოფლ. კრების 19-ე კანონი). ვხელმძღვანელობ რა ამ კრების ბრძნული გადაწყვეტილებით, თქვენი ბოლო სიტყვების უარსაყოფად დავიმოწმებ წმ. იოანე ოქროპირს, კერძოდ მოციქულ პავლეს ტიმოთესადმი მიწერილი ზემოთდამოწმებული სიტყვების მისეულ განმარტებას.

"მოციქულმა თქვა: ეპისკოპოსი უნდა იყოსო "ერთი ცოლის ქმარი", - და თქვა ეს მის დროებასთან მიმართებაში, რადგან ამჯერად ამას ეკლესიაში არავინ იცავს, რადგან ეპისკოპოსი სრული სიწმინდითა და უბიწოებით უნდა იყოს დამშვენებული; მოციქულმა კი ასე იმიტომ თქვა, რომ თავშეუკავებელ იუდეველებსა და ელინებში, ერთი ცოლის ყოლა უდიდეს საქმედ იყო მიჩნეული. ამრიგად, მოციქულმა კანონი კი არ დააწესა, არამედ ქორწინებასა და თავისი დროის ადამიანთა შეხედულებებს გაუწია ანგარიში".

იგივეს ბრძანებს მათე ბლასტარისი: "VI მსოფლიო კრების ღმერთშემოსილმა მამებმა 12-ე კანონში სრულიად აუკრძალეს მღვდელმთავრებს თავიანთ ცოლებთან ცხოვრება ხელდასხმის შემდეგ, რომლებთანაც სრულიად სჯულიერად ცხოვრობდნენ ხელდასხმამდე და ამბობენ: "ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის (5-ე) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და წარმატებისთვის". რადგან ღვთაებრივი მოციქულები თავიდან, როდესაც ეკლესია ელინური და იუდეველური ცრურწმენებიდან მოქცეულთათვის ზრუნავდა, ნებას რთავდა მათ თავიანთ წინაპართა ზოგიერთ ჩვეულებას მიჰყოლოდნენ. იუდეველებსა და ელინებში კი ღვთისმსახურნი თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრობდნენ. ზოგიერთი კი ამბობს, რომ მღვდელმთავრები, რომლებიც მკაცრ უბიწოებაში უნდა ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას, არა თუ სხვა დედაკაცთაგან, არამედ საკუთარი ცოლებისგანაც თავს უნდა იკავებდნენ, რათა მიზეზნი არ შეექმნენ საცთურს და ამისთვის პავლე მოციქულს იმოწმებენ: "ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ" (1 კორ. 10:31-33); ამიტომაც, ყველას, ვინც ამ კანონს არ შეასრულებს სასულიერო პატივისგან ამხობენ" ("Синтагма" Матфея Властаря, т. 17, стр. 135).

მაშ ასე, ეთანხმებით თუ არა თქვენს მიერ მოტანილ სიტყვებზე წმ. იოანე ოქროპირისა და მათე ბლასტარისის განმარტებებს?

ახალმოწესე: დიახ, ვეთანხმები და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ მოციქული ეპისკოპოსებს ცოლის ყოლას ავალდებულებს.

ძველმოწესე: დიდება უფალ ღმერთს, რომ თქვენთან ერთად დავადგინეთ, ეპისკოპოსთა თანაცხოვრება თავიანთ ცოლებთან არ არის მოციქულთა გადმოცემა, არამედ იუდეველობიდან და ელინობიდან მოქცეულთადმი დროებით გაწეული შეღავათი, ისიც გარკვეულ ჟამამდე. ახლა კი აუცილებლად მივიჩნევ საკუთარი მსჯელობის ნაცვლად, მივმართო მეექვსე მსოფლიო კრების 12-ე კანონის განმარტებას ბერძნული "პიდალიონის" (დიდი სჯულისკანონი) მიხედვით, სადაც მოციქულთა 5-ე და VI მსოფლ. კრების 12-ე კანონთა ურთიერთმიმართებისთვის წერია: "ეპისკოპოსთა უცოლოების წესი მეექვსე მსოფლიო კრებამდეც იყო, თუმცა არა როგორც საყოველთაო წესი. ეს ჩანს: ა) ოქროპირიდან, რომელიც მოციქულის სიტყვების განმარტებაში "ერთი ცოლის ქმარი" წერს, რომ მოციქულმა ეს კანონად კი არ დააწესა მომდევნო საუკუნეებისთვის, არამედ ეკლესიის აღსაშენებლად და განსამტკიცებლად, მისი დროის ადამიანთათვის გამოთქვა შეღავათის სახით... იმ დროს ხომ წარმართებში ერთი ცოლის ყოლა უდიდეს და საამაყო საქმედ ითვლებოდა; მღვდელმთავარს კი სრული სისპეტაკე და უბიწოება უნდა ამშვენებდეს"; ბ) კართაგენის კრების 4-ე და 33-ე კანონებიდან, სადაც ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს და დიაკვნებს ცოლებთან თანაცხოვრებისგან თავშეკავებას განუწესებენ. კართაგენის კრების კერძო განჩინება ტრულის კრებამ ეპისკოპოსებთან მიმართებაში საყოველთაო რანგში აიყვანა და წესად დადო მთელი ეკლესიისთვის და ამით არც მოციქულთა 5-ე კანონთან მოსულა წინააღმდეგობაში და არც მოციქულ პავლესთან, რომელმაც თქვა ეპისკოპოსი "ერთი ცოლის ქმარი" იყოსო, რადგან: ა) მოციქულები ეპისკოპოსებს ცოლიანობას კი არ განუწესებდნენ, არამედ მხოლოდ ცოლის ყოლის ნებას რთავდნენ. ტრულის კრებამ კი ქრისტეანული ცხოვრების აყვავებისა და განმტკიცების კვალად, ეპისკოპოსთა უცოლოება თვით ამ მღვდელმთავართა ცხოვრების განსპეტაკებისა და უმეტეს უბიწოებაში დამკვიდრებისთვის დააკანონა; ბ) მოციქულთა კანონი ეპისკოპოსებს უკრძალავს ცოლის განშორებას მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ უკრძალავს ამას ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში" (გვ. 193).

თქვენს მიერ დამოწმებული კანონების შესათანხმებლად ზემოთნათქვამიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ იყოს თქვენთვის ეს ყოველივე, იძულებული ვარ დავიმოწმო თქვენი ეკლესიის კანონისტისა და ღვთისმეტყველის სიტყვები ამავე საკითხზე: "ტრულის კრებაში პირველად გვხვდება კანონი, რომელიც უფლებას იძლევა ეპისკოპოსები დასცილდნენ თავიანთ ცოლებს, რომლებთანაც ადრე სჯულიერად იყვნენ დაქორწინებულნი, ან სრულიად უქორწინებელნი იყვნენ. მაგრამ თუ ყურადღებით განვიხილავთ კანონს იმ სახით, როგორც ის კრებაზე იყო მიღებული და სხვა, დამატებით წყაროებსაც გავითვალისწინებთ, დავინახავთ არა VII საუკუნის ახალ დადგენილებას (როდესაც ტრულის კრება მოიწვიეს), არამედ ძველი ეკლესიის ერთ ერთ ყველაზე პატივსაცემი და ძვირფასი გადმოცემის დაკანონებას.
კანონის ჩამოყალიბების მიზეზი თვით კრების მამათა თქმით იყო ის, რომ "აფრიკაში, ლიბიაში და სხვა ადგილებში ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებდნენ თავს მეუღლეებთან ცხოვრებას". კრების ეს შენიშვნა ათვალსაჩინოებს, რომ ეპისკოპოსთა უცოლოება უკვე საზოგადო ჩვეულება ან ეკლესიის გადმოცემა იყო, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში მხოლოდ ცალკეული ეპისკოპოსები გადადიოდნენ და მით "საფრთხესა და დაბრკოლებას ქმნიდნენ სხვებისთვის".

ეკლესიის პირველდაწყებით კანონებს თუ მივხედავთ, დავინახავთ, რომ მოციქულები ყველა მღვდელმსახურს (ეპისკოპოსთა ჩათვლით) უკრძალავდნენ ცოლის განშორებას ღვთისმოსაობის მომიზეზებით (მოც. 5). მაგრამ ასეთი კანონები დროის ვითარებით აიხსნება, როდესაც სულიერი წოდება ჯერ კიდევ არ გამოყოფოდა სხვა დანარჩენთ და სრულიად ჩამოყალიბებული არ იყო, ასე, რომ კლერიკოსთა შორის ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანი დაიშვებოდა; განსაკუთრებით ძნელი იყო პირველ საუკუნეებში, როდესაც ეკლესიას ძირითადად წარმართობიდან და იუდეველობიდან მოქცეულნი შეადგენდნენ, ისეთი ადამიანის პოვნა, მოზრდილ ასაკში უბიწოება (უქორწინებლობა) რომ ექნებოდა დაცული. თანაც, ერთის მხრივ, იუდაური და წარმართული ცხოვრებისთვის მეუღლეებს შორის განშორება ჩვეული ამბავი იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა ქრისტეანულ სულისკვეთებას და მორალს, მეორეს მხრივ კი თვით ქრისტეანობაში წარმოიშვნენ სექტები, მაგალითად ენკრატიტებისა და მარკიონიტებისა, რომლებიც სწორედ მოჩვენებითი უბიწოებისა და ღვთისმოსაობის მომიზეზებით აკნინებდნენ ქორწინებას და განქორწინებას ითხოვდნენ.

მოციქულთა 51-ე კანონი ბრძანებს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელი ქორწინებას, ხორცს, ღვინოს განუდგება და უარყოფს არა მოღვაწეობრივი მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის მათ... ან გამოსწორდეს, ან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნას". შედეგად, კანონი, გმობს მხოლოდ ქორწინების შეურაცხყოფას, მაგრამ ჭეშმარიტი მოღვაწეობის მიზნით მისგან თავშეკავების უფლებას იძლევა. მსგავსადვე ეკლესიის ისტორია და მისი კანონები მოწმობენ, რომ როგორც თავშეკავებისა და უბიწოების ღვაწლი საერთოდ, ასევე მისი დაცვა მღვდელმსახურად, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში, მიღებულია მოციქულთა გადმოცემით. ასე ბრძანებს კართაგენის კრება (419 წ.) ერთ ერთ თავის კანონში: "სამი ხარისხი - ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის შეკრული იყოს უბიწოების საკვრელით, როგორც შეეფერება ღვთის ღირსეულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ლევიტელებს... მოციქულთა მიერ მოცემული და თვით უძველესი დროიდან განმტკიცებული წესი ჩვენთანაც მტკიცედ უნდა იქნეს დაცული" (კანონი 3-ე).

მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ზოგიერთი ეპისკოპოსი ხელდასხმული იყო ცოლიან პრესვიტერთა რიგიდან, უეჭველია ის, რომ ხელდასხმის შემდეგ მათი უმეტესი ნაწილი წყვეტდა ცოლქმრულ კავშირს თავის მეუღლეებთან; ასევე უეჭველია ის, რომ ეპისკოპოსთა ხარისხში უპირატესად აირჩეოდა პირი, რომელიც უქორწინებელი იყო და თავშეკავების ქალწულებრივი ღვაწლით გამოირჩეოდა. ამის მაგალითებად გამოდგება ძველი, ქრისტეანული ეკლესიის ყველა უდიდესი მღვდელმთავარი. ეს მტკიცდება კიდევ იმით, რომ პირებს, რომლებიც კლერიკოსთა დასში უქორწინებელნი შევიდოდნე (გამონაკლისია მხოლოდ წიგნისმკითხველთა და მგალობელთა დასი), ხელდასხმის შემდეგ სრულიად ეკრძალებოდათ ქორწინება (წმ. მოციქულთა 26-ე კანონი), და კიდევ იმით, რომ ასეთ პირებს მკაცრად ეკრძალებოდა დედაკაცთან ერთად თანაცხოვრება, გარდა დედისა, დისა და რომელიმე სხვა ახლო ნათესავისა (I მსოფლ. კრების 3-ე კანონი).

ნიკეის კრებაზე უკვე არსებობდა აზრი მიეღოთ მუდმივი კანონი, რათა ეპისკოპოსები უქორწინებელნი ყოფილიყვნენ, ხოლო ადრე დაქორწინებული სასულიერო პირები თავიანთ მეუღლეებს განშორებოდნენ; როგორც კი ზოგიერთმა მოინდომა ამ კანონის ყველა კლერიკოსზე განზოგადება, კრებამ, წმ. პაფნუტი ეგვიპტელის რჩევით (რომელიც თვითონ ქალწულებრივი და მეუდაბნოვე ცხოვრებით ცხოვრობდა), ვერ გაბედა ყველაზე დაეწესებინა ეს უღელი, რადგან ის ადვილად შესასრულებელი როდია. ამიტომ კრება მხოლოდ ზოგადი კანონით შემოიფარგლა, რათა სამღვდლო პირნი, რომლებიც ქორწინების გარეშე იყვნენ, სამუდამოდ ასე დარჩენილიყვნენ და არ ეცხოვრათ უცხო დედაკაცებთან ერთად, ზემოთხსენებულ პირთა გამოკლებით.

მაგრამ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ეპისკოპოსებს მაინც უფრო უქორწინებელთა რიგებიდან ირჩევდნენ, ან კიდევ თუ ეპისკოპოსად არჩევამდე დაქორწინებული იყო, ტოვებდა მეუღლეს (მისი თანხმობით) უმაღლესი ხარისხის მიღებამდე. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა (VI ს.), რომელმაც დაამტკიცა საეკლესიო ღვთისმოსაობის კანონები, ეპისკოპოსთა არჩევის წესსა და იმ კანონსაც, რომელსაც ის ძველ მამათა გადმოცემას უწოდებს, კანონის ძალა მისცა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსებად ბერ-მონაზვნები უნდა არჩეულიყვნენ, ხოლო თუ თეთრი სამღვდელოებიდან, მაშინ უქორწინებელი უნდა ყოფილიყო, უკიდურეს შემთხვევაში, უშვილო მაინც, რათა ხელდასხმის შემდეგ ადვილი ყოფილიყო ოჯახის მიტოვება. ეს განწესება რამდენჯერმა იქნა დამტკიცებულ (იხ. იმავე კრების 48-ე კანონი). ამრიგად, ტრულის კრებას ეკუთვნის მხოლოდ ის, რომ მან ეკლესიის ძველ გადმოცემას და ჩვეულებას, ისევე როგორც კერძო და დროებით დადგენილებებს ეპისკოპოსთა უცოლოების შესახებ მიანიჭა საყოველთაო და საზოგადო მნიშვნელობა ყველა დროისა და ადგილის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ამის შედეგად, რადგან ცოლიანი პრესვიტერების ეპისკოპოსის ხარისხში ასაწევად აუცილებელია მათი საკუთარ ცოლებთან განშორება, რაც შეუძლებელია აღსრულებულიყო მრავალგვარი სიძნელეების გარეშე, თანაც აუცილებელი იყო მეუღლეთა ერთობლივი თანხმობა, სხვაგვარად ეს იქნებოდა მოციქულთა 5-ე კანონისა და ცოლ-ქმრობის ზოგადქრისტეანული წესის საწინააღმდეგო, ეკლესიამ კანონად მიიღო, რათა ეპისკოპოსის ხარისხში აყვანილ ყოფილიყო პირი ბერ-მონაზონთა დასიდან" ("Опыт курса церковно¬го законоведения" Иоанна Смоленского, стр. 359-364).

ამრიგად, წაკითხული მოწმობიდან ცხადი ხდება, რომ მართალია, ძველად ცნობილი იყო ეპისკოპოსთა ცოლიანობის შემთხვევები, მაგრამ ეს მოციქულთა გადმოცემისამებრ როდი ხდებოდა. თანაც, განა შესაძლებელია ყოფილიყო ასეთი გადმოცემა ყველა მოციქულთაგან, როდესაც თვითონ ყველაფერს ტოვებდნენ და უკან მიჰყვებოდნენ თავიანთ მოძღვარს უფალ იესუს, როგორც ეს ჩანს წმ. სახარებიდან: "მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს" (მათე 19:27-28).

ამრიგად, ეჭვმიუტანლად გამოირკვა, რომ VI მსოფლიო კრებამ თავისი 12-ე კანონით გააუქმა არა მოციქულთა გადმოცემა, არამედ მოციქულთა მიერ წმ. ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკიდან (რომელიც თვით მოციქულთაგანვე იღებს სათავეს), დროებით დაშვებული გადახვევა. მაშინ როდესაც, თქვენი ეკლესია კრებებზე განდგომილებას კი არ აუქმებს, არამედ წმიდა მოციქულთა გადმოცემების დაცვას კრძალავს. ამიტომაც, ეს მაგალითი მხოლოდ ამხელს თქვენს ეკლესიას და ვერაფრით ამართლებს.

ახალმოწესე: როგორი დამაჯერებელიც უნდა იყოს თქვენი მტკიცებულება, რომელთაც, პრინციპში მეც ვეთანხმები, რომ ძველ დროსაც ეპისკოპოსები თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ არა მოციქულთა გადმოცემისამებრ, მე მაინც დაგიმტკიცებთ, რომ თვით მოციქულებიც, როდესაც ქადაგებდნენ, თავიანთ ცოლებთან აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.

ძველმოწესე: ხედავ შენ! და საიდან მოიპოვეთ ასეთი მოწმობა?

ახალმოწესე: მე ვხედავ, რომ თქვენ უკვე ირონიით ეკიდებით ჩემს მოწმობებს, როდესაც ასეთი გაკვირვებით კითხულობთ თუ საიდან მოვიტანე ასეთი მოწმობა, რომლის მიხედვითაც მოციქულები თავიანთი სამქადაგებლო მოღვაწეობის დროსაც აგრძელებდნენ თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრებას, თითქოსდა თვითონ ეს არ იცოდეთ!

ძველმოწესე: ღვთის გულისთვის მომიტევეთ! მაგრამ, მე სერიოზულად გეკითხებით და არა ირონიით. გთხოვთ მიმითითოთ: სად წერია ამგვარი რამ?

ახალმოწესე: ისმინეთ, რას წერს მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად"), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:4-5). აი, თქვენ ნათელი მოწმობა იმისა, რომ მოციქულები, თუმცა არა ყველა, ქადაგების დროსაც თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრობდნენ. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ თქვენ არ გცოდნოდათ ეს მოწმობა.

ძველმოწესე: თქვენ სამართლიანად შენიშნეთ, რომ ეს მოწმობა ჩემთვის ცნობილია, მაგრამ არასამართლიანად ამტკიცებთ, თითქოსდა აქედან ის გამომდინარეობდეს, რომ მოციქულები სამქადაგებლო მოღვაწეობის დროს თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ. მე უკვე შეგნიშნეთ თქვენ და გაგაფრთხილეთ წმიდა წერილი არ განგემარტათ თვითნებურად, არამედ მხოლოდ ეკლესიის მამათა სწავლების მიხედვით (იხ. VI მსოფლ. კრების 19-ე კანონი). იგივეს გაგიმეორებთ ახლაც.

მოდი ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ ადგილს წმიდა მამები. ნეტ. იერონიმე იობინიანეს წინააღმდეგ წერს: "ამის გამო პეტრეს და სხვა მოციქულებს, თუმც კი ცოლები ჰყავდათ, მაგრამ მათზე დაქორწინდნენ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ უწყოდათ სახარება. მოციქულად შედგომის შემდეგ, ისინი ტოვებენ საქორწინო მოვალეობებს. რადგან როდესაც მოციქული პეტრე მოციქულთა სახელით უფალს ეუბნება: "აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?" (მათე. 19:27). უფალმა უპასუხა: "მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს" (მათე 19:28-29).

ხოლო იმის საჩვენებლად, თითქოსდა ყველა მოციქული დაქორწინებული იყო ის დაგვიმოწმებს სიტყვებს, სადაც ნათქვამია: "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად" - მთარგმნ.), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:4-5). ისიც მიამატოს რაც წერია ბერძნულ კოდექსებში: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად"? - საიდანაც ცხადი ხდება, რომ მან თქვა სხვა წმიდა დედაკაცთა შესახებ, რომლებიც იუდაური ჩვეულების თანახმად მოძღვარს თავიანთი ქონებიდან ეხმარებოდნენ; და როგორც ჩვენ ვიცით, ასე თვით უფალსაც კი შეეწეოდნენ. ამას აჩვენებს მეტყველების თანამიმდევრობაც: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" (1 კორ. 9:5). ჯერ ლაპარაკია საჭმელ-სასმელზე და შემოსავალთა განაწილებაზე, აქ კი სულიერ დებს (დედებს) ახსენებს, საიდანც ცხადი ხდება, რომ ამ სიტყვებში ცოლები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ისინი, ვინც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ მოციქულებსა და უფალს.

ასე წერია ძველ აღთქმაში სუნამიტელ დედაკაცზეც, რომელმაც შეიწყნარა ელისე და დააპურა იგი. ცხადია, თუ ჩვენ სიტყვაში γυναικες "ცოლებს" ვიგულისხმებთ და არა დედაკაცებს, "დების" მიმატება "ცოლის" ცნებას აუქმებს და აჩვენებს, რომ ესენი იყვნენ სულიერი დები და არა ცოლები" (Творения, ч. 4, стр. 168-169).

ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "ხედავ, როგორ იცავდნენ მოციქულები უბიწოებასა და ქალწულებას და სიკვდილამდეც კი ამის ერთგულნი დარჩნენ. უბიწო ცხოვრებას თუ მეფეებსა და თავადთ უბრძანებენ და არა მარტო მამაკაცთ, არამედ დედაკაცთაც, და ამცნებენ რათა უბიწო ცხოვრებისთვის დედებმა დატოვონ თავიანთი ქმრები, რამდენად უბიწოდ და პატიოსნად უნდა ეცხოვრათ თვითონ მოციქულებს. და თუკი თვითონ ცოლებთან იცხოვრებდნენ, სხვებს როგორღა მოუწოდებდნენ გაშორებოდნენ ცოლებს და უბიწო და ქალწულებრივი ცხოვრებისკენ როგორ გაუძღვებოდნენ. ხოლო ის, რაც მოციქულმა პავლემ თქვა "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" (სლავ. "еда не имам власти сестру жену водити") (1 კორ. 9:5) ეს კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიშ დედათათვის თქვა, რომლებიც მოციქულებს, ისევე როგორც ადრე ქრისტეს, თავიანთი სამქადაგებლო ღვაწლის დროს ემსახურებოდნენ. ამიტომაც "დებს" უწოდებს მათ მოციქული და ამბობს: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ("Просветитель", слово 11).
ამასთან თანხმიერად წერს ნეტ. თეოდორიტე კვირელიც: "დათა მათ დედათა მიმოყვანებას" ზოგიერთი ისე განმარტავდა, რომ როგორც უფალს ემსახურებოდნენ ერთგული დედები და აუცილებელი საკვებით ამარაგებდნენ მის მოწაფეებს (ლუკა 8:3), ასევე ზოგიერთ მოციქულს თან ახლდნენ დედები, რომლებიც მხურვალე რწმენით იყვნენ აღვსილნი და შეეწეოდნენ მოციქულებს მათ მძიმე და საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში" (Творения. ч. VII, стр. 228-229).

ზუსტად იგივეა ნათქვამი წიგნში "Руководство к изъяснительному чтению книг Нового Завета": "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ამ ადგილს სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვაგვარად განმარტავს. ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, თითქოსდა მოციქული აქ ლაპარაკობდეს იმაზე, რომ უფლება აქვთ თან იყოლიონ ცოლები, დაქორწინებული იყონ სულიერ დებზე, ქრისტეანებზე, როგორც სხვა მოციქულები, უფლის ძმები და კიფა, რომლის შესახებაც დანამდვილებით ცნობილია, რომ დაქორწინებული იყო (მათე 8:14). მაგრამ ბერძნულში γυναικες იმასვე როდი ნიშნავს, რაც ლათინური ducere uxorem - დაქორწინება, არამედ თანამგზავრად "დათა მათ დედათა მიმოყვანებას". მოციქულებს, ისევე როგორც უფალ იესუ ქრისტეს, თან დაჰყვებოდნენ დედანი, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან და უყოფდნენ მათ საკუთარ შემოსავალს, რათა სამქადაგებლო ღვაწლში შეწეოდნენ. მაგრამ მოციქულებმა პავლემ და ბარნაბამ უარი თქვეს ამგვარ შეწევნაზე, თუმცა, სხვა მოციქულთა მსგავსად, შეეძლოთ თან ჰყოლოდათ ისინი თავიანთ მოგზაურობებში (стр. 210 и 211).

ეს უკანასკნელი მოწმობა, მართალია, წმიდა მამას არ ეკუთვნის, მაგრამ სრულიად თანხმიერია ზემოთმოტანილ წმიდა მამებისეულ განმარტებებთან და ამიტომაც ზედმეტად არ ჩავთვალეთ მისი დამოწმება, რადგან ეს წიგნი თქვენი ეკლესიის სასულიერო კონსისტორიის ნებართვით არის დაბეჭდილი. წმიდა მამათა და სხვა წყაროებიდან დამოწმებული ადგილები ცხადყოფენ, რომ "დანი დედანი" მოციქულ პავლესთან ცოლებს კი არა თანამეგზურ სულიერ დებს გულისხმობს, რომლებიც მოციქულებს გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ თავიანთ რთულ, სამქადაგებლო მოღვაწეობაში.

ახალმოწესე: მართლაც, ახლა ვხედავ, რომ წმ. წერილი არ შეიძლება განვმარტოთ საკუთარი ჭკუით, არამედ წმიდა მამათა განმარტებებით ვისარგებლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ცთომილებაში შთავვარდეთ. თუმცა, როგორც უნდა იყოს, მე მაინც წინ წავიწევი და კიდევ სხვა მაგალითებს მოვიტან ქრისტეს ძველი ეკლესიის ცხოვრებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობას როდი მოაკლდა თუკი შეცვალა ზოგიერთი წესი და გადმოცემა, რომელიც პატრიარქ ნიკონამდე იყო პრაქტიკაში.

ძველმოწესე: კეთილი, გთხოვთ დაიმოწმოთ ყოველივე, რაც კი იცით. ჩვენ კი აუჩქარებლად განვიხილოთ თქვენი მოწმობანი.

_____________________________________________________________________________________

1. წინამდებარე კანონი ვთარგმნეთ რუსულიდან, სადაც წერია: "Епископ, или презвитер, или диакон, да не изгонит жены своея под видом благоговения. Аще же изгонит, да будет отлучен от общения церковнаго: а оставаясь непреклонным, да будет извержен от священнаго чина". ძველ ქართულშია: "ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თვისსა ნუ განეშორებინ მიზეზითა კრძალულებისაითა და უკუეთუ განიშოროს, დაეცადენ მღვდელობისგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ" ("დიდი სჯულისკანონი". თბილისი 1975 წ. გვ. 216). სლავურ "Кормчая"-ში კი ვკითხულობთ: Презвитер, или диакон, аще помощницу свою изженет, да отлучится. Аще же не введет паки, да ивержется".Кормчая. Санкт-Петербург. 1997 г., стр. 137) ახალქართულ თარგმანშია: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს". (საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 163)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика