აპოლოგეტიკა - გზააბნეული ღვთისმეტყველება 5 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფ. მელნიკოვი

გზააბნეული ღვთისმეტყველება

ხელდასხმის საიდუმლო

შინაარსი

თავი XII

მღვდლობის შესახებ


საკითხი მღვდლობის შესახებ იმდენად ბნელი და გაუვალი ტყეა გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და მისიონერებისთვის, რომ ისინი, ბრმებივით, ყოველ ხეს ეხეთქებიან ამ ტყეში. დეტალურად რომ განგვეხილა მისიონერთა ურთიერთშეტაკებანი ამ სფეროში, უზარმაზარ ტრაქტატს მივიღებდით. ჩვენი ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ზედაპირულად მიმოვიხილოთ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შორის არსებული სარწმუნოებრივი განსხვავებანი და ყოველგვარი მერყეობანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებში. ამიტომაც, ამ თავშიც, რომელიც მღვდლობას ეხება, მხოლოდ მოკლე შენიშვნებით შემოვიფარგლებით.

1. როდის არის დაწესებული მღვდლობის საიდუმლო ქრისტეს ეკლესიაში? ამ საკითხშიც არ არიან თანხმიერნი სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები. აკადემიური ღვთისმეტყველები და გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები ამტკიცებენ, რომ მღვდლობა ქრისტემ დააფუძნა სულთმოფენობამდე დიდი ხნით ადრე. პეტერბურგის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნში წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით ნათქვამია: "უფალმა ჩვენმა, აწესებდა რა ეპისკოპოსის ღირსებას და თავისი ეკლესიის ხატს, სახარებაში პეტრეს უთხრა: " და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16:18). ეპისკოპოსთა მემკვიდრეობითობაც ამ დროიდან იწყება" (Истинно-древняя и истинно-православная Церковь. 1883. Ч. 1. Гл. 10. С. 69-70).

ამ და უფლის ამქვეყნიური მსახურების კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდს განაკუთვნებენ იერარქიის დაფუძნებას დიპლომიან-პატენტიანი ღვთისმეტყველები: მიტროპოლიტი ფილარები და მაკარი, ეპისკოპოსი სილვესტრი, არქიეპისკოპოსი ინოკენტი და სხვები. მათი ზეგავლენით ზოგიერთი მისონერიც გამოთქვამდა შეხედულებას, რომ საეპისკოპოსო ხარისხი "მთელი თავისი სისრულით" ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე იყო დაწესებული. ვლადიმირის ეპარქიის მისიონერი მატვეევი თავის გასაუბრებაში ბესპოპოვცებთან, უთითებდა რა მოციქულთა საეკლესიო მსახურებაზე ჯერ კიდევ იესუ ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში, ამბობს: "ნათელია, რომ მოციქულები ჯერ კიდევ მაცხოვრის სიცოცხლეშივე იყვნენ შემოსილნი საეპისკოპოსო და პრესვიტერული ძალაუფლებით და, რომ ისინი მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის დროსაც კი ასრულებდნენ საეკლესიო საიდუმლოებებს. და ეს ყოველივე იყო სულთმოფენობამდე.

საიდუმლო სერობაზე იესუ ქრისტემ მოციქულებს მისცა ძალაუფლება შეესრულებინათ ევქარისტიის საიდუმლო, როგორც ეს ჩანს სახარებიდან: "და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა" (ლკ. 22:19). და ესეც სულთმოფენობამდე იყო. უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, აღდგომის შემდეგ, დახურულ კარებს მიღმა გამოეცხადა თავის მოწაფეებს, დადგა მათ შუაში და ბრძანა: "რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20:21-23). გასაგებია, რომ ამ სიტყვებით, იესუ ქრისტემ, სინანულის საიდუმლოს აღსრულების სრული უფლება მისცა თავის მოციქულებს. ესეც სულთმოფენობამდე იყო.

თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დაავალა მოციქულებს აღესრულებინათ საიდუმლო ნათლისღებისა, როდესაც უთხრა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19). და ეს სულთმოფენობამდე იყო.

წმიდა წერილიდან დამოწმებული ყველა ადგილი, ასკვნის მისიონერი მატვეევი, ცხადად მოწმობს, რომ მოციქულები სულთმოფენობამდეც საიდუმლოს აღმასრულებელნი იყვნენ, "ამიტომაც, სრულიად ამაოდ ცდილობენ ძველმოწესე-ბესპოპოვცები, ერისკაცად დარჩენილნი, რომელთაც არ გააჩნიათ ღმრთივდაწესებული იერარქია, თავიანთი თემი გაუთანაბრონ ეკლესიის მდგომარეობას სულთმოფენობამდე; იფიქრო ისე მოციქულებზე, როგორც ამას ფიქრობენ ძველმოწესენი (ბესპოპოვცები), ნიშნავს არ გწამდეს ღმრთის სიტყვის" (Беседа миссионера Матвеева с беспоповцами // Владимирские Епархиальные Ведомости. 1889. № 10. С. 274-275).

თავისი დასკვნის დასამტკიცებლად მისიონერი მატვეევი დაეყრდნო წმ. იოანე ოქროპირსაც და ძველნაბეჭდ წიგნებსაც. "ამიტომაცო, - ბრძანებს ის, - საჭიროდ მივიჩნევ მოვიტანო მოწმობანი წერილიდან, რომლებიც ცხადად ამტკიცებენ, რომ ეპისკოპოსობა დაფუძნებულია თვით იესუ ქრისტეს მიერ, მისი ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში. წმ. იოანე ოქროპირი მოციქულ პავლეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს (15:7) განმარტებაში ამბობს, რომ "იაკობს, ძმას უფლისა, იერუსალემის ეპისკოპოსად თვით მაცხოვარმა დაასხა ხელი" (Златоуст Иоанн. Творения. Т. I. На разные случаи. С. 330). 23 ოქტომბრის პროლოგში ვკითხულობთ: "იაკობს იერუსალემის ეპისკოპოსად ხელი დაასხა თვით ქრისტემ". წიგნში "О вере" ("რწმენის შესახებ") (л. 24) ვკითხულობთ: "სხვა იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, იერუსალემის პირველი ეპისკოპოსი, რომელსაც თვით ქრისტემ დაასხა ხელი, სასტიკმა იდუეველებმა მოჰკლეს".

ცნობილ წიგნში "Кирилова книга" ("კირილეს წიგნი") ვკითხულობთ "მაშინ შეწყდა აარონის მღვდელმთავრობა, როგორც დროებითი და აღსდგა ქრისტესი - მარადიული, რომელმაც ხელდასხმით აკურთხა თავისი მოციქულნი". დამოწმებული წყაროებიდან ცხადყოფილია, რომ ეპისკოპოსები არსებობდნენ ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე" (Беседа... С. 26-2).

სხვა მისიონერულ თხზულებაში, რომელშიაც ასევე გადმოცემულია "გასაუბრება" "ბეზპოპოვეცთან", მისიონერთა ცნობილი ხელმძღვანელი, ნ. ი. სუბოტინი ამბობს: "უარყოფა იმისა, რომ მოციქულები, როგორც სულთმოფენობამდე, ასევე მის შემდეგაც აღასრულებდნენ მსახურებას, რომელიც თვისობრივია ეპისკოპოსთათვის, ძველმოწესეთაგან არავის ძალუძს; შედეგად ისინი იყვნენ ეპისკოპოსები, ანუ პირველეპისკოპოსები, რომლებსაც ხელი თვით უფალმა დაასხა.

და თუმცა არსად იწოდებიან ისინი "ეპისკოპოსებასდ", ისინი ამ ხარისხს ფლობდნენ, რადგან მთელი სისრულით და უპირატესობით ფლობდნენ ძალაუფლებასა და ნიჭებს, რომელიც ეკუთვნის საეკლესიო იერარქიის იმ უმაღლეს დასს, რომელმაც შემდგომში, საეკლესიო პრაქტიკაში ეპისკოპოსთა, მღვდელმთავართა, მწყემსმთავართა, პირველიერარქთა და ა. შ. სახელწოდება მიიღო" (Субботин Н.И. Беседа со старообрядцами о создании Церкви Христовой. С. 11).

ამავე "გასაუბრებაში" მოცემულია ასეთი დასკვნა: "მართალია, ბეზპოპოვეცმა ისე დატოვა გასაუბრება, რომ არ მიუტოვებია თავისი შეხედულება, თითქოსდა ქრისტეს ეკლესიას უფლის ამაღლებამდე და სულთმოფენობამდე არ ჰყოლოდა ეპისკოპოსნი; რომ თითქოსდა მოციქულებმა სწორედ ამ დღეს (სულთმოფენობას - მთარგმნ.) მიიღეს საეპისოპოსო ღირსება და ძალაუფლება; და, რომ თითქოსდა მხოლოდ ამ დღიდან ფუძნდება იერარქია ქრისტეს ეკლესიაში, გასაუბრება მაინც სასარგებლო იყო ამ არასწორი შეხედულების უარსაყოფად: მისიონერებმა წმიდა წერილიდან აჩვენეს, რომ მოციქულები სულთმოფენობამდეც უფლებამოსილნი იყვნენ აღესრულებინათ საეპისკოპოსო მსახურებანი" (Там же. С. 12).

მაგრამ, საინტერესოა, რომ სწორედ ამ "არასწორ შეხედულებას" ამტკიცებენ და ბეჯითად იცავენ თვით მისიონერები, როდესაც მათ დავა და პოლემიკა არა ბეზპოპოვცებთან, არამედ პოპოვცებთან უწევთ. ამ შემთხვევაში, მათ, მისიონერ მატვეევის სიტყვებით თუ ვიტყვით, არა სწამთ ღმრთის სიტყვის, რომ იერარქია უფალმა დააწესა სულთმოფენობამდე, აქედან გამომდინარე, ბეზპოპოვცებთან ერთად აცხადებენ, რომ მოციქულებს ამ დღემდე არ გააჩნდათ საეპისკოპოსო ღირსება.

მისიონერ-მღვდელმონაზონ ფილარეტის წიგნში: "Разбор ответов на восемь вопросов", რომელიც არაერთხელ გამოსცა მოსკოვის, წმ. პეტრეს სახელობის სამისიონერო საძმომ, ნათქვამია: "ქრისტეს ეკლესიაში უნდა არსებობდეს იერარქია (მღვდელმთავრობა), რომელიც იესუ ქრისტემ, "თავად დაურღვეველმა სიცოცხლემ მარადიულმა მღვდელმთავარმა და "უკუნისამდე სრულქმნილმა ძემ" (შეად. ებრ. 27:7) სულთმოფენობის დღეს თავის მოციქულებზე სულიწმიდის ცეცხლოვანი მოვლინებით აღასრულა... ჩვენ სიტყვა, რომ იერარქია სულთმოფენობის დღეს დაფუძნდა, უსაფუძვლო როდია, არამედ ეყრდნობა წმიდა მამათა მოწმობებს" (Филарет, иеромонах. Разбор ответов на восемь вопросов. 1880. С. 3-4 и 12).

შემდეგ, თხზულებაში დამოწმებულია წმიდა მამათა რამოდენიმე გამონათქვამი, რომელიც განმარტებულია მისიონერთა სურვილისამებრ, რის შემდეგ "განხილვის" ავტორი ასკვნის: "ეკლესიის მოძღვართა ყველა ზემოთმოტანილი მოწმობა ნათლად მეტყველებს, რომ ქიროტონიის საიდუმლო დაწესებულ იქნა სულთმოფენობის დღეს. ნუთუ "პასუხების" ავტორი ამ მოწმობებს ჩათვლის ცრუდ და საეჭვოდ? როდესაც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, კერძოდ იმას, რომ ქიროტონია და იერარქია თითქოსდა არსებობდა სულთმოფენობამდეც, "პასუხების" შემდგენელი ეყრდნობოდა მხოლოდ იმას, რომ მოციქულებმა ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე აირჩიეს მატათა იუდა გამყიდველის სანაცვლოდ. მაგრამ ამ არჩევას მატათასთვის არ მიუნიჭებია ქიროტონიის მადლი" (Там же. С. 14).

მღვდელმონაზონი ფილარეტი კატეგორიულად აცხადებს, რომ "მოციქულებს სულთმოფენობამდე არ გააჩნდათ სამღვდლო ხარისხი მთელი სისრულითა და ძალმოსილებით" (Там же. С. 16)."ჯერაც არ გააჩნდათ სრული ძალი და უფლებამოსილება საიდუმლო სერობაზე მინიჭებული უფლებების აღსასრულებლად" (Там же. С. 20); ისინი იყვნენ ბეზპოპოვცელი დამრიგებლების მსგავსნი, და მერე რა, რომ წმიდა წერილში იუდას შესახებ ნათქვამია, რომ "განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ" (საქმე 1:20; ფსალმ. 108:8) (რუს.:"епископство его примет ин"), სიტყვაში "განსაგებელი" ("ეპისკოპოსობა") უნდა ვიგულისხმოთ ის ღირსება, რომელსაც იუდაც მიიღებდა სულთმოფენობაზე, რომ არ განდრეკილიყო" (Там же. С. 17).

სწავლება იმის შესახებ, რომ იერარქია დაფუძნებულია მხოლოდ სულთმოფენობაზე, მხოლოდ მღვდელმონაზონ ფილარეტის კერძო აზრი როდია. მას იზიარებდა პავლე პრუსიელის მისიონერთა სკოლის ყველა მისიონერი. ცნობილი დეკანოზმა ვინოგრადოვმა დიდი სტატიაც კი დაბეჭდა სათაურით: "იყო თუ არა ქრისტეს აღდგომის პირველი დღეს ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაფუძნების დღე?" (Церковный Вестник. 1886. №№ 9 и 10). ამ სტატიაში ის ამტკიცებს, რომ "ქრისტეანული ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაფუძნება" მოჰყვა სულთმოფენობას და, რომ ამ დღემდე, ქრისტეს მიმდევრები იყვნენ უბრალოდ "ადამიანთა საზოგადოება", "რომელთაც არ გააჩნდათ მადლმოსილნი ძალნი" და იყოფოდნენ მოძღვრებად და სამწყსოდ. ვინოგრადოვის ამ სტატიასთან დაკავშირებით პროფ. სუბოტინი შენიშნავს, რომ მისი ავტორი "არის ბეზპოპოვცების მოკავშირე" (Братское Слово. 1887. № 3. С. 176).

თუმცა მარტო ვინოგრადოვი როდი მოხვდა ამ მოკავშირეთა სიაში. თვით სუბოტინი, რომელმაც წმ. პეტრეს სამისიონერო საძმოსთან ერთად გამოსცა მღვდელმონაზონ ფილარეტის წიგნი, იზიარებდა მის აზრს საეკლესიო იერარქიის სულთმოფენობაზე დაფუძნების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გააკრიტიკებდა ფილარეტის წიგნის იმ ადგილებს, სადაც ამ იდეაზეა ლაპარაკი.

მისიონერთა პირველმა ბელადმა, არქიმანდრიტმა პავლე პრუსიელმა, მოიფიქრა სულელური თეორია მადლმოსილი საეპისკოპოსო ნაკადის შესახებ, რომელიც სულმოფენობის დღიდან უწყვეტად მოედინება ეპისკოპოსთა თავზე. ეს თეორია სჭირდებოდათ მისიონერებს იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ სამღვდელოების მიმღები ძველმოწესეებისთვის, რომ რაკიღა იყო დრო, როდესაც მათ არ ჰყავდათ ეპისკოპოსი, ეს მადლმოსილი ნაკადი მათზე შეწყდა. მაგრამ, ეს თეორია გაცამტვერდა, როდესაც იმავე მისიონერებს დასჭირდათ დაემტკიცებინათ ბესპოპოვცებისთვის, - რომელთა აზრით სულთმოფენობამდე ქრისტეს ეკლესია ბეზპოპოვცური საზოგადოების მსგავსად, უიერარქო საზოგადოება იყო. აქ მისიონერებს სრულიად მიავიწყდათ საეპისკოპოსო მადლმოსილ ნაკადი და, როგორც ვნახეთ, დაბეჯითებით დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე მოციქულებს გააჩნდათ "უმაღლესი იერარქიის მთელი ძალმოსილება და მადლი", რომ "ისინი იყვნენ უფლის მიერ ხელდასხმული პირველი ეპისკოპოსები" და თვით უფლისგან მიიღეს სულიწმიდის მადლი ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე.

მაგრამ, როგორც კი მისიონერებთან პოლემიკაში შედიოდა სამღვდელოების მიმღები ძველმოწესე, და უთითებდა, რომ როგორც მაშინ არ დარღვეულა და არ გაუქმებულა ეკლესია, როდესაც უფლის მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენას განუდგა საეპისკოპოსო პატივის, სულიწმიდის იერარქიული ძალმოსილებისა და მადლის მთელი სისრულის უფლისგან მიმღები ყველა მოციქული (მარკ. 16:13-14), ასევე არ დარღვეულა იგი პატრ. ნიკონის დროს, როდესაც თითქმის ყველა ეპისკოპოსი მიიდრიკა მწვალებლობისა და უკეთურებისკენ, - მისიონერებმა ისევ ჩაავლეს ხელი საეპისკოპოსო ნაკადის შესახებ სწავლებას და დაივიწყეს ის, რასაც სულ ახლახან უმტკიცებდნენ ბეზპოპოვცებს.

საწყალი მისიონერები! ქამელეონივით ცვალებადნი! რადგან იძულებულნი არიან ყოველწამს იცვალონ აზრები და შეხედულებები!

2. გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება და მისი ყველა მისიონერი გასაკვირი სიჯიუტით ამტკიცებს, რომ მღვდლობა მარადიულია და აღუხოცველი. მაგრამ, სრულიად სხვა აზრისა იყო მღვდლობის მარადიულობაზე ახალმოწესეთა ეკლესიის დამფუძნებელი, - პატრიარქი ნიკონი. ბეზპოპოვცების მსგავსად, ის ამტკიცებდა, რომ "მთელი მღვდელმთავრობა და მღვდლობა" განადგურდა და აღიხოცა ჯერ კიდევ მის დროს. "ის, - ბრძანებს პატრ. ნიკონზე პროფ. კაპტერევი, - საპატრიარქო კათედრის დატოვების შემდეგ უარყოფითად მოეკიდა მთელ რუსულ იერარქიას და თვით იმდროინდელ რუსულ ეკლესიასაც". "ამჯერადო, - წერდა ის, - ღმერთი ითმენსო მეფის უსჯულოებებს. თუ ღმერთი საღმრთო განწესებების მიხედვით ირჩევს მღვდელმთავრებსა, ასევე სხვა მნიშვნელოვან საეკლესიო მსახურებს და რომლებიც უყვარს მათ აკურთხებს, - მათ, ვინც ღმრთისგან არ არიან არჩეულნი, უღირსნი არიან; ყველა მათგანისთვის კი პასუხს ღმრთის წინაშე აგებს მეფე: რადგან როგორ აძლევს სხვებს იმას, რაც თვითონ არ გააჩნია?".

კრუტიცკელი მიტროპოლიტის, პიტირიმეს საპატრიარქო კათედრის განმგებლად დანიშვნის შემდეგ, რაც, სხვათა შორის, თვით ნიკონის თანხმობით და მოწონებით მოხდა, ნიკონი აცხადბებს: მეფემ კრების გარეშე დანიშნა პიტირიმე საპატრიარქო კათედრაზე, ხოლო მსოფლიო კრებები პირდაპირ ამბობენ, რომ მღვდელმთავარი, რომელიც ხარისხს მიიღებს მეფისგან, ანუ საერო ხელისუფლებისგან, უნდა დაემხოს წმ. მოციქულთა კანონების მიხედვით და "ვინც განკვეთილთან და უზიარებელთან ერთად ილოცებს, თვითონაც განკვეთილი და უზიარებელი იყოს".

აქედან ნიკონი აკეთებს ასეთ დასკვნას: "ამგვარი უსჯულოების გამო სრულიად გაუქმდა მღვდელმთავრობა და მღვდლობა და ქრისტეანობაც კი პატარებიდან დაწყებული, დიდებით დამთავრებული". სხვა დროს, ნიკონი შენიშნავს, რომ საეკლესიო განწესებათა და კანონთა მოთხოვნები რომ მივუსადაგოთ იმდროინდელ სულიერ მოთხოვნილებებს, "... ვფირქრობო, - ამბობს ის, - არც ერთი მღვდელმთავარი ან პრესვიტერი არ არის ღირსი, როგორც ჩვენ ვიცით". ანუ, ნიკონის აზრით, იმის შემდეგ, რაც მან დატოვა საპატრიარქო საყდარი, არა მარტო მღვდელმთავრები და მთელი მღვდლობა, არამედ თვით ღმრთის ტაძრებიც კი უკვე აღარ არის ნამდვილი ტაძრები" (Каптерев Н.Ф. Священство выше царства // Богословский Вестник. 1910, июнь. С. 285-286).

ნიკონის ეს აღსარება საფუძველშივე ანგრევს მისიონერთა და გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა მტკიცებებს სამღვდელოების მარადიულობის შესახებ. ნიკონმა მათ მისცა ახალი სარწმუნოება, ახალი ეკლესია და ახალი წიგნები, თვითონ კი განშორდა მათ და გადავარდა ბეზპოპოვცობაში. ამაოდ როდი იბლანდებიან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები თავიანთსავე შეხედულებებში, როდესაც საკითხი ეხება ქრისტეს მიერ დაფუძნებულ იერარქიას და ზოგჯერ "ბეზპოპოვცების" პოზიციებზე დგანან და ზოგჯერ კი "პოპოვცებისაზე". უნდა შევნიშნოთ, რომ გაბატონებული ეკლესიის მისიონერებს სწამთ, რომ ნიკონი ჩარიცხულია წმინდანთა დასში და მას ვითარც ღმრთის წმინდანს ევედრებიან (Съезд миссионеров в Москве. 1887. С. 34).

3. არ გააჩნიათ მისიონერებს ერთი აზრი და მუდმივი, მყარი შეხედულება მღვდლობის აღუხოცველობაზეც. სიმბოლურ-საღვთისმეტყველო წიგნებში (ანუ, "კატეხიზმოებში" - მთარგმნ.), ბერძნულ-რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველები აღიარებენ, რომ მღვდლობის მადლი არ შეიძლება აღხოცილ იქნას ხელდასხმული პირისგან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის კრებითად იქნება განკითხული და ან კიდევ თუკი მან ხელდასხმა მიიღო სქიზმატიკოსთა ("რასკოლნიკთა") საზოგადოებაში. სმირნელი მიტროპოლიტის, ბასილის ცნობილ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ ქრისტეს ეკლესიის ცნობილი მოძღვრები და წმიდა მამები, რომლებიც სხვადასხვა დროს მთნათობებივით ბრწყინავდნენ ეკლესიის ცის კამარაზე და, რომლებმაც ყოველივე მოაწესრიგეს ეკლესიაში მორწმუნეთა სულების საცხოვნებლად, მათი საეპისკოპოსო ძალაუფლებით, რომელიც მიეცათ მათ სულიწმიდისგან, როგორც ვიცით, შეიწყნარებდნენ მწვალებელთა ქიროტონიასაც, ანუ იმ ადამიანების სასულიერო ხარისხებს, რომლებიც მათ მწვალებლურ საზოგადოებებში მიუღიათ; ამის დასტურია მწვალებელთა ეკლესიისკენ მოქცევის ის მრავალი მაგალითი, რომელსაც ეკლესიის ისტორიაში ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიისკენ მოქცეული მრავალი მღვდელმსახური ხელდსახმული იყო მწვალებელთა მიერ, რომლებიც უეჭველად პატივაყრილნი და განკვეთილნი იყვნენ ეკლესიიდან კრებითი დადგენილებებით, - ეკლესია მათი მიღებისას ხელმძღვანელობდა იმ პრინციპით, რომ ყურადღებას აქცევდა თვით საიდუმლოთა სწორი და სჯულიერი შესრულების მომენტს" ("რადგან მონათლული არ არის ის, ვინც ისე არ იქნება მონათლული, როგორც ეს ჩვენ გადმოგვეცა", - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი), შედეგად, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქიროტონიის მადლი აღუხოცველი და მარადიულია" (Василий, митрополит смирнский. К истории вопроса о принятии схизматиков в православную Церковь. М., 1892. С. 23).

მღვდლობის საიდუმლოს გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები თავისი განუმეორებლობით ათანაბრებენ წმ. ნათლისღების საიდუმლოსთან, რომელიც ასევე აღუხოცველია. "ის, რომ ქიროტონიას (ხელდასხმას - მთარგმნ.) გააჩნია წმიდა და საიდუმლო ქმედება, - ბრძანებს ეპ. სილვესტრი, - ნაწილობრივ ჩანს მოციქულთა 68-ე კანონიდან, რომელშიც ხარისხი, რომელიც მიღებულია ხელდასხმით, გათანაბრებულია ნათლობასთან და აღიარებულია, რომ როგორც არ შეიძლება ნათლობის განმეორება, მისი უნიკალურობის და ერთადერთობის გამო, ასევე არ შეიძლება ქიროტონიის განმეორებაც, რადგან ისიც ასევე უნიკალური და ერთადერთია" (Сильвестр, еп. Опыт ... Т. IV. § 127. С. 372).

სხვა ადგილას ეპისკოპოსი სილვესტრი იგივეს იმეორებს ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებით და ამბობს: "არ გვაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ის, ვინც არ კარგავს ნათლობას, შეიძლება დაკარგოს უფლება სხვისი ნათლობისა. ერთიც და მეორეც საიდუმლოა; ერთიც და მეორეც ადამიანს გადმოეცემა კურთხევით, პირველი - ნათლობისას და მეორე, როდესაც ხელდაისხმება სამღვდლო ხარისხში" (Сильвестр, епископ. Указ. соч. Т. IV. § 127. С. 378).

იგივეს ამტკიცებს მიტრ. მაკარის "Православно-догматическом богословие" ("მართლმადიდებლურ-დოგმატური ღვთისმეტყველება"). "თუმც სხვადასხვა ხარისხისაა მღვდლობის მადლი, - ამბობს მიტრ. მაკარი, - რომელიც ადამიანს ეძლევა ხელდასხმის მეშვეობით, რადგან სხვაა დიაკვნობა, სხვა მღვდლობა და სხვა ეპისკოპოსოაბა, მათში ის მკვიდრობს უცვალებლად; ამიტომაც, არც ეპისკოპოსს, არც პრესვიტერსა და დიაკვანს, ხელს აღარასოდეს დაასხამენ ისევ იმავე ხარისხში, რადგან მღვდლობის საიდუმლო არ მეორდება" (Макарий, митрополит. Православно-догматическое богословие. Т. V. § 240. С. 34).

"საერთოდ, ეკლესია ყოველთვის მისდევდა კანონს: ნათლობის მსგავსად, არავითარ შემთხვევაში არ გაემეორებინა ხელდასხმა, მიუხედავად იმისა, ეს საიდუმლონი იქნებოდნენ თუ არა შესრულებულნი მწვალებელთა მიერ, თუკი ერთიც და მეორეც შესრულებული იყო სწორად და წესიერად. ამიტომაც არ იმეორებდა ეკლესია ხელდასხმებს იმ მღვდელმსახურებზე, რომლებიც უერთდებოდნენ მართლმადიდებლობას მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა სექტებიდან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: კათარები და დონატისტები, და არც ამჯერად იმეორებს ხელდასხმას რომის ეკლესიიდან გადმოსულებზეც" (Макарий, митрополит. Православно-догматическое ... Т. V. § 240. С. 35).

გაბატონებული ეკლესიის ყველა წიგნს წითელ ზოლად გასდევს ეს სწავლება ხელდასხმულ პირებზე მღვდლობის აღუხოცველობისა და წარუშლელობის შესახებ, თუნდაც ისინი განიდრიკონ სქიზმაში ან ხელდასხმულ იქნენ საეკლესიო ერთობის გარეთაც. ამ სწავლების ძალით გაბატონებული ეკლესია აღიარებს ე. წ. "კათოლიკეთა", "ძველკათოლიკეთა", სომეხთა, ანგლიკანთა, ნესტორიანელთა და სხვა მწვალებელთა იერარქიის მადლმოსილებას.

მღვდლობის აღუხოცველობაზე სწავლებისა და მწვალებლურ იერარქიებთან გაბატონებული ეკლესიის ამგვარი დამოკიდებულების პარალელურად მასში არანაკლებ მკაფიოდ და გადაჭრით ინერგება სრულიად საწინააღმდეგო სწავლება, კერძოდ ის, რომ მღვდლობის საიდუმლო განქარვებადია და მას იმწამსვე კარგავს მღვდელმსახური, როგორც კი განხეთქილებაში გადავარდება. ჩვენ შეგვეძლო ამგვარი შეხედულებები უხვად ამოგვეწერა მთელი რიგი მისიონერული თხზულებებიდან და ბროშურებიდან, მაგრამ სიმოკლის გამო შემოვიფარგლებით მისიონერული მსჯელობით მოცემულ საკითხზე, რომელიც გაიმართა კიევის სამისიონერო ყრილობაზე და თვით ამ ყრილობის დადგენილებებით, რომლებიც მმართველმა სინოდმა მიიღო.

ყრილობაზე მოისმინეს მისიონერ ალექსანდროვის მოხსენება "ბეგლოპოპოვცების" სამღვდელოების შესახებ. მოხსენების შემდეგ გაიმართა კამათი. "მამა კრიუჩკოვმა შენიშნა, რომ მოციქულთა 55-ე კანონის მიხედვით მღვდლები არიან ხელები; მოჰკვეთავ ამ ხელს - ის ხდება მკვდარი და არაფრის მაქნისი. ასევე არიან ეკლესიისგან განდგომილნი მღვდელმსახურნი, რომლებიც ეკლესიისგან განდრეკის შემდეგ სულიერად კვდებიან და ხდებიან უმადლონი; ამიტომაც, მათი შემოერთების დროს უნდა დასრულებულ იქნეს მის მიერ შესრულებული ყველა საიდუმლო". მამა ალექსანდროვი: "უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ განვსჯით პრინციპულად. მე არ უარვყოფ, რომ ეკლესიას შეუძლია დაუშვას იკონომია, მაგრამ დოგმატური თვალსაზრისით, თუ მე განვეშორე ეპისკოპოსს, ნათლის წყაროს, მე უკვე ვარ ჩვეულებრივი მამაკაცი, თუმცა ანაფორიანი" (См.: Церковь. 1908. № 32. С. 1099).

რჩება მხოლოდ ანაფორა, მღვდელი კი აღარ არის, ის ნადგურდება ეპისკოპოსისგან მისი განდგომისთანავე. არ რჩება ქიროტონია ეპისკოპოსზეც თუკი ის გავა განხეთქილებაში. "კანონიკური თვალსაზრისით, სქიზმატიკოსთა იერარქია, - ასკვნის მისიონერთა ყრილობა, - უნდა ჩაითვალოს ყველა საეკლესიო კანონის საწინააღმდეგო იერარქიათ, ამიტომაც - უკანონოდ და უმადლოდ, რომლის მღვდელმოქმედებანი არ ესათნოვება ღმერთს და არ არიან მაცხოვნებელნი; მათი ეპისკოპოსები - ცრუ ეპისკოპოსებია, მღვდლები - ცრუმღვდლები, დიაკვნები კი - ცრუდიაკვნები, ორგზისი კრების 15-ე კანონის მიხედვით და შეირაცხებიან "ერისკაცებად" წმ. ბასილი დიდის პირველი განწესების მიხედვით" (Церковь. 1908. № 33. С. 1130).

წმ. ბასილი დიდის პირველი კანონიდან მისიონერებს გამოჰყავთ შემდეგი სიტყვები: "ეკლესიისდან განდგომილებს უკვე აღარა აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად და შეწყდა მათში სჯულიერი მემკვიდრეობა, რადგან პირველ განდგომილთ მამებისგან ხელდასხმათა მეშვეობით ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი; მაგრამ როდესაც გამოეყვნენ მათ ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს" (Василий Великий. Правила. Полный перевод).

თავიანთი ჩვეულებისამებრ, მისიონერები სრულიად ყალბად განმარტავენ წმ. ბასილი დიდის პირველ განწესებას, ისინი მისგან იღებენ მხოლოდ კვიპრიანესა და ფირმილიანეს შეხედულებებს, რომელიც შემდგომში არ მიიღო არც საყოველთაო ეკლესიამ და არც ბასილი დიდმა, და ამ შეხედულებას მიაკუთვნებენ ეკლესიის უდიდეს მნათობს. დავტოვებთ რა განზე ამ განმარტებას, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ისინი ცხადად და მკაფიოდ ასწავლიან, რომ მღვდლობის საიდუმლო განქარდება, მას კარგავს იერარქი, თუკი ის განხეთქილებაში გავა; ის, მისიონერთა სწავლებით, უკვე აღარ არის მღვდელმთავარი და უბრალო ერისკაცად, "ანაფორიან კაცად" გარდაიქცევა. ამ მისიონერული სწავლების მიხედვით, კათოლიკეთა, ძველკათოლიკეთა, სომეხთა, ანგლიკანთა, ნესტორიანელთა და სხვა მწვალებელთა ყველა სასულიერო პირი არც მეტი, არც ნაკლები, უბრალო კაცები არიან, საეროები, რომელთაც არაფერი გააჩნიათ იერარქიისა. არის კი საჭირო იმის თქმა, რომ ეს მისიონერული დოგმატური სწავლება, რომელიც სრულიად რუსეთის მისიონერთა ყრილობამ დაამტკიცა და მიიღო მმართველმა სინოდმა, აქარწყლებს იმავე გაბატონებული ეკლესიის დოგმატს ქიროტონიზებულ მღვდლებზე მღვდლობის მადლის მარადიულობისა და აღუხოცველობის შესახებ. მისიონერები და სინოდი ფეხქვეშ თელავენ და ანდგურებენ საკუთარი ეკლესიის სწავლებას. თავის მხრივ, აკადემიური ღვთისმეტყველები, რომლებიც იცავენ ამ დოგმატს საკუთარ საღვთისმეტყველო თხზულებებში, და იგივე სინოდი, რომელიც აღიარებს მღვდლობის მადლს მწვალებლებში, თელავენ და ანადგურებენ მისიონერულ სწავლებას იერარქიის შეწყვეტის თაობაზე თუკი ეს იერარქი გადავა განხეთქილებაში.

საკვირველია ამ ბატონების სარწმუნოება! ის მსგავსია რბილი თიხისა, რომლისგანაც შეგიძლია გამოძერწო როგორიც გინდა დოგმატი. გინდათ დოგმატი მღვდლობის მარადიულობაზე? - კი ბატონო, მიიღეთ იგი, ყველა მტკიცებულებებითა და მაგალითებით. გინდათ დოგმატი მღვდლობის არამარადიულობაზე - ერთ წამში შეგისრულებენ ამ შეკვეთასაც და მასაც შემოუწყობენ დასაბუთებებსა და მაგალითებს. როგორც ერთ ფირმაშია "მიურ-მერილიზი" რომ ჰქვია, და როგორიც გინდა საქონელს რომ მოგიტანს სახლში: არის კუპრიც და არის თაფლიც - აიღე რაც გინდა. საკვირველი ღვთისმეტყველებაა. არა?

4. მღვდლობის საიდუმლოს საკითხში გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები იმდენად აიბლანდნენ, რომ დაკარგეს უნარი ერთმანეთისგან გაარჩიონ ქრისტეე და მისი მოწინააღმდეგე - ეშმაკი.

მისიონერების მთელი რიგი ამტკიცებს, რომ მწვალებლებს არ გააჩნიათ მღვდლობის მადლი, ასევე არც ეკლესიის გარეთ შეიძლება არსებობდეს სულიწმიდის მადლი და ღმრთის მოქმედება. ყოველივე, რაც კი საეკლესიო ერთობის გარეთ აღესრულება, - უმადლოა, თუნდაც საიდუმლო სწორად და წესიერად იყოს შესრულებული. "მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიაში მყოფობს სულიწმიდა და მხოლოდ ეკლესიაში გადმოდის მადლი აღსრულებულ საიდუმლოზე", - ნათქვამია " Миссионерское Обозрение"-ში ("მისიონერული მიმოხილვა"), თანაც დამოწმებულია მიტროპოლიტ მაკარის "Православное догматическое богословие" ("მართლმადიდებლური, დოგმატური ღვთისმეტყველება") (Макарий (Булгаков). Провославное... Т. II. С. 209): "რადგან სადაც არის ეკლესია იქ არის სულიწმიდა, ხოლო სადაც სულიწმიდაა, იქ არის დიდი მადლი, რადგან სული არის ჭეშმარიტება... თანაც, ყოველ საიდუმლოში მოიცემა სულიწმიდის განსაკუთრებული მადლი: ნათლობაში - პირველდაწყებითი ცოდვისგან განწმენდისა, მირონცხებაში - სულიერ და ხორციელ ცხოვრებაში დამბრუნებელი და განმაძლიერებლი, მღვდლობაში - წმიდა საიდუმლოთა აღსრულებისა და ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების გარდამოცემისა" (Малый Катехизис. О таинствах).

ჭეშმარიტი ეკლესიის გარდა, არსებობენ ასევე მწვალებლური ეკლესიები. მაგრამ მათ ეკლესიებში არ მყოფობს სულიწმიდა. უფრო ცხადად რომ ვთქვათ, მწვალებლებს სულიწმიდი ნიჭები არ გააჩნიათ. "ვინც ება საყოველთაო ეკლესიაში არ იმყოფება, მათ ქრისტე არ აცხოვნებს და მათ სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ" (Великий Катехизис. Л. 122). ხოლო თუ მწვალებელთა ეკლესიებში სულიწმიდა არ იმყოფება, მაშინ, როგორც ასკვნიან " Миссионерское Обозрение" და გაბატონებული ეკლესიის ერთ ერთი ღვთისმეტყველი, მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი, მოკლებულნი არიან სულიწმიდის მადლს, გარდა ნათლისღებისა. "ეკლესიის ერთობის გარეშე საიდუმლოებებს აზრი არა აქვს... ამიტომაც, ეკლესიის გარეშე არსად არის შესაძლებელი საეკლესიო საიდუმლოს შესრულება. მწვალებელთა საზოგადოებებში არ არსებობს არც ერთი საიდუმლო, ნათლისღების საიდუმლოს გარდა" (Толкование Апостол на 1 послание Коринфянам. Зач. 150). "რადგან მწვალებლებს მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, ქრისტეს უწმიდესი საიდუმლონი საიდან შეიძლება ჰქონდეთ?" (Великий Катехизис. Л. 22). "მწვალებელთა თხზულებები და დღესასწაულები, მათი მსახურებანი, საიდუმლონი და ქადაგებანი არასწორია" (Там же. Л. 23 об.). კერძოდ, მათ არ გააჩნიათ მღვდლობის საიდუმლოს მადლმოსილება, რომელიც არსებობს მხოლოდ ერთ, წმიდა და საყოველთაო ეკლესიაში. "მათ, რომლებიც საკუთარ თავს "წმიდას" უწოდებენ (იგულისხმებიან კათარები - მთარგმნ.) ან განხეთქილების მოქმედთა და ეკლესიისგან განდგომილთ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი, რომელიც მათში განდგომილების შემდეგ ამოიშრიტა... არც ხელდასხმის შესაძლებლობა გააჩნიათ მათ, რადგან არ შეუძლიათ სხვას გადასცენ ღმრთის მადლი, რომლისგანაც განიდრიკნენე" (Матфей Правильник. В составе Л. Гл. 2). იგივეა ნათქვამი წმ. ბასილი დიდის კანონებშიც. თანაც, ჭეშმარიტ ეკლესიაში მღვდლობის მადლი მოიცემა ქიროტონიით, ანუ მღვდლობის მიმღებ ადამიანზე ეპისკოპოსის ხელდასხმით და ლოცვით: "მადლი ღმრთისა" და ა. შ. (Малый Катехизис. Л. 43 об.). სხვაგვარი მოქმედებით ან საიდუმლოთი მღვდლობის მინიჭება შეუძლებელია".

დამოწმებული ამონაწერების შემდეგ, რომელსაც ჩვენს მიერ დასახელებულ ღმრთისმეტყველს ყოველგვარი გარჩევის გარეშე მოჰყავს, ის აკეთებს გადამწყვეტ და პრინციპულ დასკვნას, რომ ის კლერიკოსები, რომლებიც ეკლესიაში მიღებულ იქნენ მღვდლობის ქიროტონიის შენარჩუნებით, "ამ ქიროტონიას ვერ მიიღებდნენ მწვალებელთა საკრებულოში, რადგან მწვალებელთ, როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები, სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ" (Миссионерское Обозрение. 1903. № 4. С. 463-464).

ამ ღვთისმეტყველის მსჯელობებსა და დასკვნებს ეთანხმება "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორიც, ცნობილი ნ. გრინიანკინი. "ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, - აცხადებს ის თავის ჟურნალში, - წმ. ეკლესია მეორე კატეგორიის მწვალებლებს შეიწყნარებდა ნათლობის განმეორების გარეშე, მესამე კატეგორიისას კი მირონცხების გარეშე, ხოლო მათ კლერიკოსებს ქიროტონიის განმეორების გარეშე და ამავე დროს ყოველთვის ასწავლიდა, რომ ღმრთის ეკლესიის გარეთ ცხოვნება არ შეიძლება არსებობდეს... ვინც არ იმყოფება ამ წმიდა და საყოველთაო ეკლესიაში, მას ქრისტე არ აცხოვნებს და სულიწმიდა მათ არ შეიძლება გააჩნდეთ" (Большой Катехизис. Л. 119 об. - 122 и др.). გამოდის, რომ თითქოსდა ეკლესია მწვალებელთა საზოგადოებებში აღიარებს მადლმოსილი განწმენდის შესაძლებლობა (ნათლობის, მირონცხების და მღვდლობის საიდუმლოებებში), შედეგად კი ცხოვნებასაც, და ამავე დროს უარყოფს და შესძახებს: "ნუმც, იყოფინ"!

მართლმადიდებლურ-საეკლესიო სწავლების სულისკვეთებით, საიდუმლოს სინამდვილე (ფორმალური სისწორე) ყოველთვის როდი ნიშნავს მათ ქმედითობას (ანუ მათ მიმღებზე სულიწმიდის მადლის მოქმედებას). როდესაც წმ. ეკლესია თავის წიაღში შეიწყნარებდა მესამე კატეგორიის მწვალებლებს, პირველ მხარეს - მათი საიდუმლოებების სისწორეს (ნათლობის, მირონცხებისა და მღვდლობისა) - აღიარებდა, ხოლო მეორეს (ქმედითობას) უარყოფდა. მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლოებების ნამდვილი ფორმა, რომელსაც ეკლესია არ იმეორებს, მაცხოვნებელი მადლით აღივსება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხსენებული ერეტიკოსები შემოუერთდებიან ქრისტეს წმიდა ეკლესიას. "ამრიგად, - ასკვნის უპირველესი ღვთისმეტყველ-მისიონერი, - მწვალებელთა კლერიკოსები, რომლებიც ეკლესიას შემოუერთდებიან მესამე ჩინით, მღვდლობის მადლს მიიღებენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწორი შემოერთებით; ადრინდელ, თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებებში მათ გააჩნდათ მხოლოდ საიდუმლოს სწორი ფორმა" (Миссионерское Обозрение. 1903. № 4. С. 466-467). ჩვენს მიერ მითითებული ორივე ღვთისმეტყველი ამ საგანში ეყრდნობა თავისი ეკლესიის დოგმატურ ღვთისმეტყველებას და თივით "მართლმადიდებლურ-საეკლესიო სწავლების სულისკვეთებას".

ამ სულისკვეთებით აღზრდილები, ისინი მტკიცედ და დარწმუნებით აცხადებენ, რომ მწვალებელთ (თვით მესამე კატეგორიისაც კი) მღვდლობის მადლი არ გააჩნიათ და არც შეიძლება ჰქონდეთ. გრინიანკინი თავის მტკიცებულებებში კიდევ უფრო შორს მიდის. ის აცხადებს, რომ თუკი დავუშვებთ მწვალებელთა საიდუმლოებებში, კერძოდ კი ქიროტონიაში (ლაპარაკია მე-3 კატეგორიის მწვალებლებზე) სულიწმიდის მადლის მოქმედების შესაძლებლობას, ეს იქნება საშინელი მკრეხელობა, რადგან ეს იქნება იმის აღიარება, რომ წმ. ეკლესიამ დასწყევლა სულიწმიდა. "თუ დავეთანხმებით იმ შეხედულებას, - ღვთისმეტყველებს თავისი ეკლესიის მიერ შთაგონებული გრინიანკინი, - რომლის მიხედვითაც სულიწმიდის მადლი აუცილებლად გადმოდის მწვალებელთა საიდუმლოებებშიც, ოღონდ არ შეუძლია იქ ცხოვნების მინიჭება, იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ:

ა) სულიწმიდა თავისი მადლით იმყოფება მართლმადიდებლებს შორის, რომლებმაც ანათემას გადასცეს მწვალებლობანი, და მწვალებელთ შორისაც, რომლებიც არიან ანათემირებულნი;

ბ) წმიდა კრებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სულიწმიდა, როდესაც ისინი ანათემას გადასცემდნენ მწვალებლობებს, თავიანთი ანათემატიზმებით შეეხნენ იმავე სულიწმიდის მადლსაც (რომელიც თურმე არსებობს მწვალებელთა საზოგადოებებშიც);

გ) მართლმადიდებლობაში სულიწმიდის მადლი აცხოვნებს, მწვალებელთა საზოგადოებებში კი მისი მადლი აუცილებლობით მოიცემა, მაგრამ არ მოქმედებს, სულიწმიდა რაღაცით შეკრული გამოდის და

დ) არსებობს სულიწმიდის მადლის ორგვარი სახეობა: მართლმადიდებლური და მწვალებლური (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1166-1167).

მისიონერ გრინიანკინის კაზუისტიკური და მკრეხელური დასკვნები არა მარტო ღიმილს იწვევს, არამედ იმდენად სულელურია, რომ საწყენად არ ვიტყვით და, ბავშვურად ჟღერს. სულიწმიდის მადლსა და მწვალებლებთან ეკლესიის დამოკიდებულებაზე ასე შეიძლება იმსჯელოს ან სრულიად გაუნათლებელმა ადამიანმა, ან კიდევ იმან, ვისაც წარმოდგენა არა აქვს არც ეკლესიის ისტორიაზე, და არც მის კანონიკურ და დოგმატურ დადგენილებებსა და თხზულებებზე; ან კიდევ ისეთმა ადამიანმა, რომელსაც საღი აზროვნების უნარი დაუკარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღეისოდ (იგულისხმება წიგნის ავტორი დროება - მთარგმნ.) ბ-ნი გრინიანკინი მეთაურობს გაბატონებული ეკლესიის ანტისტაროვერულ მისიას, რომელში "მისი ბადალი არ მოიპოვება". ის ისეთი სიჯიუტით იცავს თავის აზრს მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ხელდასხმათა უმადლობის შესაახებ, რომ ხელიდან არ უშვებს არც ერთ შემთხვევას რათა გაიმეოროს იგი. "ყველა მწვალებელი, - ამტკიცებ კვლავ, ბ-ნი გრინიანკინი, - როგორც საეკლესიო ერთობისგან განდგომილი ღმრთის რისხვის ქვეშ იმყოფება" (Блаженный Августин; Макарий (Булгаков). Указ. соч. Т. 2. § 168. С. 210) და მათ საზოგადოებებში სულიწმიდის მადლის არსებობა შეუძლებელია: "ყველა, ვინც მომწყდარია ერთ და ჭეშმარიტ სარწმუნოებას... სულიწმიდას ვერ თანაეზიარება" (Книга о вере. Л. 8 об. пер.), - "წყალი არ განიწმინდება სულიწმიდის გარეშე" (Амвросий Медиоланский); მწვალებელთა სარწმუნოებებიდან ვერცერთი ვერ დაიტევს სულიწმიდის ნიჭებს, და ვერც მისი გარდამოსვლა ეღირსებათ: (Кириллова Книга. 10 послание патриарха александрийского Мелетия. Л. 505); "სულიწმიდის ყოველგვარი მადლი არის იქ, სადაც ეკლესიაა" (Св. Ириней; Макарий (Булгаков). Православно-догматическое... Т. 2. § 170. С. 209; Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1167).

და მართლაც ასე არ არის? - დაბეჯითებით წერს ბ-ნი გრინიანკინი. ტყუილ-უბრალოდ კი არ ნიშნავს მას სინოდი მისიონერული ყრილობების მეთაურად. ალბათ რაღაცით დაიმსახურა. მიაქციეთ ყურადღება, რამდენი წყარო დაიმოწმა მან სულ რაღაც 10 სტროფში. განსაკუთრებით ღირებულია მიტრ. მაკარის "ღვთისმეტყველების" დამოწმება, რომელიც გაბატონებულმა ეკლესიამ სახელმძღვანელო წიგნად დაამტკიცა. თავისი ეკლესიის ამ სოლიდურ ფუნდამენტზე დაყრდნობით ის ერთგვარად აცხადებს: "იხილეთ, ამას მე კი არ ვამბობ, რომ მესამე ჩინის მწვალებელთ არ შეიძლება გააჩნდეთ მღვდლობის მადლი, არამედ თვით ეკლესია. მისი ხმა კი წმიდა და უცთომელია. შეიძლება კი არ დავეთანხმოთ ასეთ ავტორიტეტს?".

გრინიანკინის კვალობაზე გაბატონებული ეკლესიის სხვა მისიონერები და ღვთისმეტყველებიც იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" აცხადებენ, რომ მწვალებელთ არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ ქიროტონიის მადლი, და საერთოდ, რაიმე საიდუმლო. ასე ლაპარაკობს კიშინიოვის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იოსებ პოპოვი (Миссионерское обозрение. 1903. № 8. С. 1160) და ცნობილი მისიონერი (აწ გარდაცვლილი) კალინიკე კარტუშინი (Там же. С. 1162-1163).

მისიონერთა ისეთ უმთავრეს სახელმძღვანელო წიგნში, როგორიცაა ოზერსკის "ამონაწერები..." (სრული სახელწოდებაა: "Выписки из старописьменных, старопечатных и других книг, свидетельствующия о святости соборной и апостольской церкви и о необходимости покориться ее уставам, для достижения спасения. Сделаны Московским купцом Адрианом Ивановичем Озерским"), არის მთელი თავი (წიგნის პირველი ნაწილის, 2-ე თავი), რომელშიც შეკრებილია მტკიცებულებები, რომ "ეკლესიის გარეთ სულიწმიდის მადლი არ არსეობობს". მისიონერთა ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც შეადგინა მისიონერმა ალექსანდროვმა და რეკომენდირებულია კიევისა და ირკუტსკის სამისიონერო ყრილობათა მიერ, ამ საკითხს ასევე მთელი თავი ეძღვნება: "ეკლესიის გარეთ არ არის ცხოვნება და ნიჭები სულიწმიდისა" (Александров Д. Выписки. Гл. I. С. 1-4). სხვათადასხვა მოწმობებს შორის, აქ მოტანილია წმ. კვიპირიანე კართაგენელის ცნობილი აზრი, რომელსაც ალექსანდროვი შეცდომით მიაწერს წმ. ბასილი დიდს, რომ მწვალებელთ საზოგადოებებში არ არსებობს არც სულიწმიდა და არც მადლი ქიროტონიისა. "რადგან განდგომის დასაწყისი, - ბრძანებს წმ. კვიპრიანე, - წარმოიშვება განხეთქილებისგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი მემკვიდრეობითობის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემის და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს" (Там же. С. 3). ეს აზრი, რომელიც არ მიიღო ეკლესიამ და უარყო წმ. ბასილი დიდმაც, ალექსანდროვმა, რა თქმა უნდა, იმიტომ მოიტანა, რომ ის იზიარებს მას და აუცილებლად მიიჩნევს ასეთი დარიგება მისცეს თავის ამხანაგებს, როგორც გაბატონებული ეკლესიის მიერ სამართლიანად მიღებული გადაწყვეტილება.

თუ ჩავიხედავთ ოდესღაც ცნობილი და სახელგანთქმული მისინოერის, პავლე პრუსიელისა და მისი მოწაფეების თხზულებებში, აქაც დავინახავთ მისიონერთა მსგავს სწავლებებს და მტკიცებებს, რომ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა (განხეთქილების მოქმედთა) საზოგადოებებში არ არსებობს მადლი სულიწმიდისა და არც მადლი ქიროტონიისა. პირიქით, მწვალებელთა შორის მზაკვარი სული მოქმედებს და არა სულიწმიდა. სინოდალური მისიონერი მამა კრიუჩკოვი უხეშად, მაგრამ პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ "მწვალებლებს გააჩნიათ სული ეშმაკისა", ამიტომაც, მათი საიდუმლონი "მთელი მათი სიწმიდისდა მიუხედავად" უმადლონი არიან.

"წმ. ბასილი დიდი, - წერს კრიუჩკოვი, - მწვალებლებს ძაღლებს ან მძვინვარე მგლებს უწოდებს: "უფრთხოდეთო, - ამბობს ის, - ბოროტ მოძღვართ, ძაღლთა მრავალთა, და ძაღლებს რას ვიტყვი, უკეთესი იქნება მათ ვუწოდოთ მძვინვარე მგლები... რომლებიც განაბნევენ ქრისტეს ფარას" (Василий Великий. Кн. 3. Посл. 28. Л. 83 об.; Озер[ский]. С. 270).

წმ. იოანე ოქროპირი მწვალებლებს ეშმაკის შვილებსაც კი უწოდებს: "ამასთანავე, ეს ცრუმოძღვარნი შვილნი არიან ეშმაკისა, როგორც უთხრა მათ უფალმა: "თქვენ მამისა თქვენისა ეშმაკისაგანნი ხართ" (Маргарит. Сл. 13. Л. 578; Озерск. С. 270). ხოლო წიგნში "Малый оборник", მწვალებლებზე ნათქვამია, რომ: "ყოველ მწვალებელს სულში ეშმაკი ჰყავს. ამიტომაც ეწინააღმდეგება იგი სულიწმიდას. ხოლო ყოველი მართლმადიდებელი, ვისაც სწამს წმ. სამებისა, არ უნდა უსმენდეს მწვალებელთა უგუნურებას"; ქვემოთ, 156-ე გვერდის მეორე მხარეზე ვკითხულობთ: "საიდან უნდა გულისხმაჰყონ მწვალებლებმა ღმრთივშთაგონებული წერილი, თუკი ეშმაკის მიერ არიან ძღვანებულნი და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან წერილის სწავლებას" (Соборник Малый. Гл. 11. Л. 147; Озерск. С. 272).

"შედეგად, - ასკვნის მამა კრიუჩკოვი, - მწვალებელთა სულებს ეშმაკი დაუფლებია და ამიტომაც არ ძალუძთ მათ წმ. წერილის სწორი და მართებული შემეცნება, ამიტომაც არ შეიძლება მათში დაივანოს სულიწმიდამ. ამის გამო, მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი, მიუხედავად საიდუმლოთა მთელი სიწმიდისა, მათთვის სრულიად უსარგებლოა" ("Беседы" Крючкова в Уральске. С. 65).

მითხარით გეთაყვა, შეიძლება თუ არა არ დაეთანხმო გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა ესოდენ ნათელ და უდავო მოწმობებს? ისინი წყვეტენ არა რაღაც წვრილმან საკითხს, რომლებზეც, როგორც თვითონ მისიონერები და ღვთისმეტყველები აცხადებენ, შეიძლება სხვადასხვაგვარად მსჯელობა, არამედ სულიწმიდის მოქმედებაზ და თვით წმიდა სამებაზეც კი.

ცხადია, ასეთ მნიშვნელოვან საკითხში მაინც არ უნდა ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა. მისიონერთა ზემოთგადმოცემული რწმენა, რომ მწვალებელთ (თვით მესამე კატეგორიის მწვალებელთაც კი) არ გააჩნიათ ქიროტონიის მადლი და ნიჭები სულიწმიდისა, ისე მტკიცედ არის დასაბუთებული, ისეთი შეუვალი ავტორიტეტებით განმტცკიებული (და თვით მთელი გაბატონებული ეკლესიის ხმით განმყარებული), რომ ყოველი, სხვაგვარი შეხედულება უნდა ჩაითვალოს ერესად და უკეთურებად. ამგვარი ფუნდამენტის შერყევის მარტო მცდელობაც კი უნდა ჩაითვალოს უკიდურეს უგუნურებად.

და რა?! რას ვპოულობთ სინამდვილეში გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა ნაწერების მთელ გროვაში? თურმე აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველები და მისიონერები, რომლებიც შეუვალად ამტკიცებენ, რომ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთ არ შეიძლება ჰქონდეთ მადლი მღვდლობისა, ასეთივე შეუვალობითა და სიჯიუტით ამტკიცებენ, რომ მწვალებელთა საზოგადოებებში დიახაც რომ უეჭველად არის მადლი ქიროტონიისა; რომ მათში საეკლესიო საიდუმლოებებს აღასრულებს თვით სულიწმიდა.

ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ამ შეხედულებას ისინი ამტკიცებენ იმავე მოწმობებით, საკუთარი ეკლესიის იმავე დოგმატური სწავლებით, რომლებზეც ააგეს და დააფუძნეს თავიანთი სრულიად საპირისპირო შეხედულება, კერძოდ ის, რომ ეკლესიის გარეთ არ არსებობს მადლი და მღვდლობა.

იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში", რომელშიც ბ-ნი გრინიანკინი ჯიუტად და დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მწვალებელთ ქიროტონიის მადლი არ გააჩნიათ, მისიონერი ნ. ჩინნოვი, პირიქით, ამტკიცებს, რომ მწვალებლები თავიანთ საიდუმლოებებში ღებულობენ სულიწმიდის "ნიჭებსა" და "მადლს". ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისიც, გრინიანკინის მსგავსად, თავისი შეხედულებებს მიტ. მაკარის იმავე "დოგმატურ ღვთისმეტყველებასა" (т. V. §245), "მართლმადიდებლურ აღმსარებლობას" (вопр. 99) და "აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლეს" (თ. 15) აფუძნებს. მეტიც, ის იმოწმებს წმ. ბასილი დიდის იმავე კანონს, რომლითაც მისიონერი ალექსანდროვი ამტკიცებდა, რომ მწვალებლებს შეუწყდათ ხელდასხმითი მემკვიდრეობა (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1157).

გასაოცარი უნარი აქვთ ამ მისიონერებს: ერთი და იგივე კანონით მათ შეუძლიათ ამტკიცონ ორი სრულიად საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი აზრების მართებულება. ბ-ნ ჩინნოვის მიერ გაბატონებული ეკლესიის დოგმატური და სიმბოლური წიგნებიდან დამოწმებულ ადგილებში მართლაც არის გადმოცემული ამ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ საიდუმლონი, რომლებიც შესრულდა მწვალებელთა საზოგადოებებში, მადლმოსილი და ღვთაებრვია.

ცნობილი პეტერბურგელი მისიონერი პ. ბულგაკოვი, იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" ამტკიცებდა, რომ მწვალებელთა საიდუმლონი წმიდაა, რადგან ისინი წარმოადგენენ ღმრთის საკუთრებას. ამ აზრის გასამართლებლად ის იმოწმებს გაბატონებული ეკლესიის სახელმძღვანელო წიგნს: "Правила и практика Церкви относительно присоединения к православию неправославных христиан" (Кострома, 1881) და ნეტ. ავგუსტინეს, რომელიც გრინიანკინს იმის დასამტკიცებლად მოჰყავდა, რომ მწვალებლებს მადლი არა აქვთ (Миссионерское Обозрение. 1903. № 1. С. 69-70).

ჩვენ უკვე მივუთითეთ, რომ გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნები ასწავლიან სულიწმიდის ნიჭთა აღუხოცველობას საიდუმლოებებში, რომლებიც მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულდა. იქვე დავიმოწმეთ შესაბამისი ციტატები ამ წიგნებიდან. აქ შემოვიფარგლებით მისიონერთა ახალი თხზულებების მითითებით, რომლებიც ამ ბოლო წლებში გამოვიდა.

"ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, - მოწმობს მის შესახებ "სახელგანთქმული" მისონერ-ღვთისმეტყველი მამა ზუბარევი, - როდესაც თავის წიაღში მათსავე სასულიერო ხარისხებში შეიწყნარებს რომაელ-კათოლიკეებს, აღიარებს მათ საზოგადოებაში აღსრულებულ ნათლობას, ქიროტონიასა და სხვა საიდუმლოებებს. ამიტომაც, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას ის ბაბილონის მეძავად არ მიიჩნევს.

რაც შეეხება რომაული კათოლიციზმის წიაღიდან მოქცეულებს, რომლებმაც სულიწმიდის ნიჭები მიიღეს რომის ეკლესიაში იქაური ეპისკოპოსების ხელდასხმით, ჩვენი ეკლესია მათ თავიდან არ სცხებს მირონს (ისევე როგორც არ იმეორებს სხვა საიდუმლოებებს), რადგან სწამს, რომ რომაელი ეპისკოპოსების ხელდასხმით, რომელთაც ჭეშმარიტად ხელდასხმულ მღვდლებად აღიარებს, ეს ნიჭები მათ უკვე მიეცა სულიწმიდის მიერ". მისიონერი ზუბარევი მარტო როდია ღაღადებს ამ ჭეშმარიტებას. ის იმოწმებს "სასულიერო კონსისტორიის წეს-განგებას" (გვ. 30. შენიშვნები), ეპისკოპოს სერგი სერაფიმოვიჩის "Правила и практика" и синодальные "Церковные Ведомости" (1896. № 23. С. 824). აქედან მას მოაქვს პირდაპირი ამონაწერები (См.: Зубарев. О благодати хиротонии от ересей приходящих // Костромские Епархиальные Ведомости. 1909. № 19. С. 682).

სინოდალური მისიონერის, მამა კრიუჩკოვის საპირისპიროდ, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამტკიცებს, რომ მწვალებლებში მოქმედებს ეშმაკი და არა სულიწმიდის მადლი, მისიონერი ზუბარევი სვამს შეკითხვას: "მეშვიდე მსოფლიო კრებამ მიიღო ხატმებრძოლთა მიერ ხელდასხმულნი თავიანთივე იერარქიული ღირსებებითა და ხარისხებით: "მაშ რა, კრებამ აღიარა, რომ მწვალებლობიდან მოქცეულთ თავიანთი ხელდასხმები მიღებული აქვთ ეშმაკისგან ან სატანის ბინძური სულისგან? არა. სულიწმიდისგან".

"და კვლავაც, - იმოწმებს ზუბარევი VII სოფლიო კრების საქმეებს, - ჭეშმარიტად ღმრთის სიტყვაა, რომ არ უნდა მოკლან შვილები მამათა ცოდვის გამო, რომ თითოეული უნდა მოკვდეს თავისი შეცოდებისთვის (ეზეკ. 18:4), და ბოლოს ის, რომ ქიროტონია არის ღმრთისგან".

აი ასეთი დასკვნა გააკეთა კრებაზე განხილულ მწვალებლობებსა და განხეთქილებებში ხელდასხმულთა შესახებ წმ. პატრიარქმა ტარასიმ, რომელსაც მთელი კრება დაეთანხმა. ამ უკანასკნელი საკრებო განსაზღვრებიდან, რომელიც ეკლესიაში მწვალებელთა საკუთარ ხარისხებში შემოერთების საკითხს ეხება, - შენიშნავს მამა ზუბარევი, - ცხადი ხდება, რომ ეკლესიაში გადმოსულ მწვალებელთა მიღებისას მხოლოდ ის ქიროტონია უნდა იქნეს შეწყნარებული, რომელიც არის "ღმრთისგან"; რომელიც შესრულებულია სულიწმიდის მიერ ეპისკოპოსთა მეშვეობით და გააჩნია მოციქულთა უწყვეტი მემკვიდრეობა, და არა უმადლო, ცარიელი და მკრეხელური ფორმა" (Там же. С. 686).

თანამედროვე ღვთისმეტყველ-მისიონერ ზუბარევის მტკიცებით "სულიწმდის გარდამოსვლის გარეშ საიდუმლო არ არის საიდუმლო: ნათლობა - არაა ნათლობა, ხელდახმა კი - ხელდასხმა, არამედ მხოლოდ დემონური, და კიდევ უარესი საქმე" (Зубарев. Указ. соч. // Костромские Епархиальные Ведомости. 1909. № 19. С. 680). შედეგად, თუკი გაბატონებული ეკლესია აღიარებს მწვალებელთა: ლათინთა, სომეხთა, ნესტორიანთა, ანგლიკანთა და სხვათა ნათლობასა და ხელდასხმას, მას სწამს, რომ თვით სულიწმიდა მოქმედებს ამ მწვალებელთა საზოგადოებებში. "რომ, სულიწმიდის გარდამოსვლის გარეშე არ შეიძლება აღსრულდეს ქიროტონია", ის არ შეიძლება იქნეს აღიარებული საიდუმლოდ და საერთოდ, შეუძლებელია იყოს რაიმე საიდუმლო ასეთ საზოგადოებაში. ეს იქნება მხოლოდ სატანური მოქმედება. ამის შესახებ, როგორც ზუბარევი გვარწმუნებს, გაგვაჩნია წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნათელი მოწმობა. ასე, მაგალითად, წმ. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ "ეპისკოპოსებს სამღვდელოების (მოციქულ-ეპისკოპოსთა) (1 ტიმ. 4:14) ხელდასხმით ხელს დაასხამს თვით სულიწმიდა (საქმე 20:28). ვინც ასე, სულიწმიდის მიერ (საქმე 13:4) არ არის წარგზავნილი, ანუ არ გააჩნია ღმრთის ნიჭი მოციქულთა "ხელდასხმის" (2 ტიმ. 1:6) მეშვეობით, და ასწავლის და მსახურებს თვითნებურად, ის უწოდებს ცრუმოციქულებს, მზაკვარ მუშაკთ, სატანის მსახურთ, რომლებიც ღებულობენ სიმართლის მსახურთა სახეს და "ცრუ მოციქულებად გარდაისახებიან" (2 კორ. 11:13, 15), რისთვისაც გადასცემს მათ ორმაგ ანათემას (გალატ. 1:8, 9).

წმ. იოანე ოქროპირი, მოციქულის სიტყვების "რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ" განმარტებაში ასწავლის: "თქვენ, ამბობს (მოციქული), მიიღეთ ხელდასხმა სულიწმიდისგან; ამას ნიშნავს სიტყვა: "დაგადგინათ". "ხელს დაასხამენ ადამიანს, - ასწავლის ის, - მაგრამ ყოველივეს აღასრულებს ღმერთი, მისი (ღმრთის - მთარგმნ.) ხელი ეხება ხელდასასხმელს, თუკი ხელდასხმა წესიერად სრულდება". "ამრიგად, რომ არ ყოფილიყო წინდი სულიწმიდისა, არ იარსებებდა ნათლისღება, არ იქნებოდა ცოდვათა მიტევება, არც გამართლება და არც განწმენდა, ვერ მივეშვილებოდით უფალს და ვერ ვეზიარებოდით საიდუმლოთ, რადგან სულიწმიდის მადლის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს საიდუმლო ზიარება ხორცისა და სისხლისა; არ გვეყოლებოდა სამღვდელოება, რადგან მისი გარდამოსვლის გარეშე ხელდასხმა არ სრულდება... ამგვარი ძლიერი და შეუვალი მოწმობების შემდეგ, - ასკვნის მამა ზუბარევი, - შეუძლებელია სულიწმიდის მადლი განვყოთ საიდუმლოთაგან" (Зубарев. Указ. соч. С. 679-680). აქ მისიონერი ზუბარევი წმიდა წერილსა და ეკლესიის წმიდა მამებს უპირისპირებს თავისსავე მეგობრებს: სინოდალურ მისიონერ კრიუჩკოვს, "მწერალსა და მისიონერს" ბ-ნ გრინიანკინს, არქიმანდრიტ პავლე პრუსიელს და მრავალ სხვას. კრიუჩკოვი თავის თანამოაზრეებთან ერთად ჯიუტად აცხადებს, რომ მწვალებლებში მოქმედებს ეშმაკის სული, მისიონერი ზუბარევი კი ამტკიცებს, რომ იქ მოქმედებს სულიწმიდა. რაოდენ გამოსულელდნენ მისიონერები, რომ სატანის სულს ვერ არჩევენ სულიწმიდისგან!

ზუბარევის კვალდაკვლა მისიონერი ი. პ. სტროევიც აცხადებს, რომ მწვალებლებში საიდუმლოებებს აღასრულებს სულიწმიდა. მწვალებლებში, ამბობს ის, საიდუმლონი ჭეშმარიტია და ნამდვილია. ხოლო "ჭეშმარიტი და ნამდვილი საიდუმლონი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც მადლისმიერ მყოფობს და მოქმედებს თვით ღმერთი, კერძოდ კი სულიწმიდა. მხოლოდ იქ, სადაც მადლით მყოფობს ღმერთი და სადაც თვითონ, ეპისკოპოსთა მიერ, სულიწმიდით აღასრულებს ქიროტონიას, არის შესაძლებელი ჭეშმარიტად აღსრულედეს საიდუმლო ხელდასხმისა, ან აღსრულდეს ხელდასხმა როგორც საიდუმლო...".

"შუძლებელია საიდუმლო იყოს ნამდვილი, მათ შორის მადლისმიერი ხელდასხმა ეპისკოპოსთა, სადაც არ არის სულიწმიდა, სადაც ყველა ეპისკოპოსი უმადლოა და სადაც, როგორც თვით ეპისკოპოსნი, ასევე მათ მიერ აღსრულებული საიდუმლონი ვერავის ანიჭებენ სულიწმიდას" (См.: Строев И.П. Неудачная защита. Рязань, 1910. Ч. I. С. 21).

"საზოგადოდ, - ღვთისმეტყველებს სტროევი, - თანამიმდევრულობისა და საღი აზრის ინტერესების დასაცავად, ასევე წმიდა წერილის თანახმად, აზროვნება უნდა ღებულობდეს ერთს ორიდან, კერძოდ: სადაც აღიარებენ საიდუმლოებებს, იქ აღიარებულ უნდა იქნეს ღმრთის მადლისმიერი მყოფობა, კერძოდ კი, სულიწმიდის მადლისმიერი მოქმედება; ხოლო სადაც არ არის აღიარებული ღმრთის მადლისმიერი მყოფობა, კერძოდ კი სულიწმიდის მადლისმიერი მოქმედება, იქ არ უნდა იქნეს აღიარებული საიდუმლოს სინამდვილე და მოქმედება; მათ შორის ეპისკოპოსთა, მღვდელთა და დიაკონთა ხელდასხმა" (См.: Строев И.П. Указ. соч. Рязань, 1910. Ч. I. С. 22). ერთის სიტყვით, მისიონერებმა სტროევმა და ზუბარევმა, სრულიად გააცამტვერეს გრინიანკინი და მთელი მისი "ბრძნული" არგუმენტაცია.

მაგრამ, ამ მისიონერულ სხვადასხვამორწმუნეობაში ყველაზე კურიოზული ის არის, რომ მისიონერმა ალექსანდროვმა თვითონ მოიჭრა თავი, როგორც დანარჩენმა მისიონერებმაც. ალექსანდროვი, როგორც ზემოთ ვნახეთ, თავის წიგნში "ამონაწერები", წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით ამტკიცებდა, რომ თუკი ერთხელ მოხდება ეპისკოპოსთა განდგომა ეკლესიისგან, ამით ისინი განეშორებიან მადლს სულიწმიდისა და ამიტომაც, გარდაიქცევიან ერისკაცებად, რის გამოც უკვე აღარ ძალუძთ არც ერთი საიდუმლოს აღსრულება (Александров Д. Выписки. С. 3). ამ შეხედულებას დაეთანხმა მისიონერთა მთელი ყრილობა კიევში: მისი დადგენილება ძველმოწესეობასთან დაკავშირებით ეფუძნება სწორედ ამ სწავლებას, რომ განდგომილი ეპისკოპოსები მადლგაცლილები არიან და ამიტომაც, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ხელდასხმა. მაგრამ იგივე ალექსანდროვი, სხვა ადგილას ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს, კერძოდ კი იმას, რომ მწვალებლურ საზოგადოებებში არსებობს არა თუ ნამდვილი და კანონიერი საიდუმლო მღვდლობისა, არამედ იმასაც, რომ მათს საიდუმლოებებს ღმრთის მადლიც ენიჭებათ.

"ჭეშმარიტი მღვდლობის აუცილებელ ნიშნად, ამავე დროს, არამართლმადიდებელ საზოგადოებათა კანონიერებისა თუ უკანონობის განმსაზღვრელ კრიტერიუმად, - წერს მამა ალექსანდროვი, - უნდა მივიჩნით შენარჩუნებულია თუ არა მათში სამოციქულო მემკვიდრეობა, რადგან ჭეშმარიტი სამღვდელოების მადლი შეიძლება შენარჩუნებულ იქნას მხოლოდ იქ, სადაც მემკვიდრეობითად მიიღება ხელდასხმა, რომელიც უწყვეტია სამყაროს აღსასრულამდე და დაღმავალი ხაზით თვით ღმრთის მიერ მოვლენილ თავის ძემდე, იესუ ქრისტემდე მიდის, რომელმაც ხელი დაასხა მოციქულებს, ხოლო ამ უკანასკნელებმა ეპისკოპოსებს. იერარქიის მემკვიდრეობითობა, ერთი პირის მიერ მღვდლობის მადლმოსილი ნიჭის სხვისთვის გადაცემა არის ქრისტეს სამღვდელოების არსებითი და მნიშვნელოვანი საკუთრება, რომლის არ არსებობა ან შეწყვეტა არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ ამგვარი საზოგადოების სამღვდლოება არაჭეშმარიტი და ცრუა" (Миссионерское Обозрение. 1906. № 11. С. 630).

მისიონერი ალექსანდროვი ამბობს, რომ მარტო იმით, რომ ეკლესიამ აღიარა საიდუმლოთა ქმედითობა მწვალებლებში, მით დაადასტურა, რომ მათშიც არსებობს მადლი ღმრთისა. "უცნაურად გვეჩვენება, - წერს ის იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში", - ზოგიერთთა განსჯა (მწვალებელთა ქიროტონიის შესახებ), რომ, ერთის მხრივ, ქიროტონიას უწოდო ნამდვილი, მეორეს მხრივ კი - უმადლო. კარგად დაუფირქდით: "ნამდვილი და უმადლო ქიროტონია". თუკი ქიროტონია უმადლოა, მაშასადამე, ის უკვე აღარ შეიძლება იყოს ნამდვილი, რადგან ღმრთის მადლი არ შეიძლება იყოს უმოქმედო. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ღმრთის მადლი და საიდუმლოს ნამდვილია და ადამიანზე გადმოდის უეჭველად, როდესაც საიდუმლო შესრულებულია სწორედ. ხოლო საიდუმლოს სწორი შესრულება მდგომარეობის იმაში, რომ უნდა იყოს დაცული ეკლესიის მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით საიდუმლოს შესრულების შესახებ (დაწვრილებით იხ.: Малиновский. О таинствах, как средстве освящения человека. С. 31-36). საიდუმლოს კანონიერი შემსრულებელი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ეპისკოპოსი, რომელმაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ხელდასხმა მიიღო პირდაპირი და უწყვეტი მემკვიდრეობით, რომელიც მომდინარეობს ქრისტესა და მოციქულთაგან და არა მადლისგან განდგომილი სამღვდელოებისგან" (Миссионерское Обозрение. 1906. № 11. С. 638). აქ მამა ალექსანდროვი აღიარებს მწვალებელთა შორის "კანონიერ აღმასრულებელთაც" და "მღვდლობის მადლსაც".

გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა სარწმუნოება და ქადაგება - ეს არის რაღაც უწმინდური თამაში, აღმაშფოთებელი ტყუილი და ყველაზე უხეში თაღლითობა. მ. მენშიკოვის წიგნში "О писательстве", სადაც მოთხრობილია უნამუსო ჟურნალისტთა საქმიანობისა და ხრიკების შესახებ, მოტანილია ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი: "სანამდე დადის ჟურნალისტთა თაღლითობა, აჩვენებს შემდეგი შემთხვევა. ამასწინათ გამოჩნდა ორი გამოცემა: "La France Commerciale" და "L`union Sociale". ორივე ახლოს იდგა ერთმანეთთან პროგრამითა და შინაარსით, ოღონდ ის იყო განსხვავება, რომ ისინი იყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი და მისდევდნენ სრულიად ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებას. საკმარისი იყო ერთი გაზეთის რედაქტორს, დიუშატელს, ეთქვა "კი", რომ მეორეს რედაქტორი, დიუმონი, იმწუთასვე იტყოდა "არას". გაზეთები განეკუთვნებოდნენ ცალკეულ სამრეწველო ოლქებს და მოხერხებულად თესავდნენ განხეთქილებას მათ შორის. დიუშატელი იცავდა ერთ ოლქს, დიუმონი კი - მეორეს; მათ შორის პოლემიკას ახასიათებდა უკიდურესი ვნებითობა და ხშირად პირად შეურაცხყოფასა და ლანძღვაში გადადიოდა. ბოლოს, დიუშატელმა თავის გაზეთში დიუმონს ლიტერატურული ავაზაკი უწოდა და დუელში გამოიწვია, თანაც შეჰპირდა, რომ უარის შემთხვევაში, პირველივე შეხვედრაზე სახალხოდ სილას გააწნავდა. რადგან ორივე რედაქტორი გაძლიერებულად ძალავდა სუბსიდიებს თავის მიერ დაცულ ოლქებს, აქ მოხდა რაღაც ცოდვა, რომლითაც საპროკურორო ზედამხედველობა დაინტერესდა. აღიძრა საქმე და ჰოი, საოცრებავ: ბ-ნი დიუშატელი, გაზეთ "La France Commerciale"-ს რედაქტორი და ბ-ნი დიუმონი, რომელიც "L`union Sociale"-ს ხელმძღვანელობდა, - ერთი და იგივე პიროვნება აღმოჩნდა; მას დაუარსებია ორი გაზეთი, საიდანაც ერთი ჯვარს ეკვრებოდა იმისთვის, რასაც მეორეში მხურვალედ უარყოფდა; რომ სხვას არავის იწვევდა დუელში თუ არა საკუთარ თავს და როგორც ერთ, ასევე მეორე სამრეწველო ოლქს სუბსიდიებს მზაკვრულად სცინცლავდა" (Меньшиков М. О писательстве. С. 131-132).

იგივე ხრიკებს ხომ არ მიმართავენ ბ-ნი მისიონერები? ისინი უარყოფენ საკუთარ თავს, საკუთარ თავსვე ამხელენ მწვალებლობასა და მკრეხელობაში. თვითონ ამასხარავებენ და ამათრახებენ საკუთარ თავს. და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა მოატყუონ მიმნდობი ადამიანები, რათა როგორმე შეიტყუონ საკუთარ მახეში. რითი სჯობია ეს საქმიანობა დიუშატელ-დიუმონის "გმირობას"? ჩვენი აზრით, მისიონერთა საქმიანობა კიდევ უფრო უარესი, აღმაშფოთებელი და დანაშაულებრივია, რადგან თაღლითობისა და მოტყუების საგნად ხდის ადამიანთა უდიდეს სიწმიდეს - რწმენას, გულსა და სინდისს.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика