აპოლოგეტიკა - გზააბნეული ღვთისმეტყველება 3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფ. მელნიკოვი

გზააბნეული ღვთისმეტყველება

ნათლისღების საიდუმლო

შინაარსი

თავი IX

ნათლისღების შესახებ


ქრისტეანობის უპირველეს საიდუმლოზე – წმ. ნათლისღებაზე – გაბატონებული ეკლესიის მისიონერებსა და ღვთისმეტყველებს, და თვით მათ ეკლესიასაც, მეტად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი აზრები გააჩნიათ. ჩვენ III თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ ბერძნული ეკლესია ნათლისღების საკითხში ემიჯნება რუსეთის სინოდალურ ეკლესიას. ბერძნული ეკლესია აღიარებს ნათლობის მხოლოდ შთაფლვით ფორმას. წყალგადავლებას ის უარყოფს, როგორც არაფრის მაქნისს. "იესუ ქრისტეს სიკვდილი, — განმარტებულია ბერძნულ პიდალიონში ("მესაჭის წიგნი", იგივე "დიდი რჯულისკანონი" - მთარგმნ.), — ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად; ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი დოგმატი. მის გარეშე შეუძლებელი იყო კაცის შერიგება ღმერთთან... ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!" (რომ. 5:10). ქრისტეს სიკვდილი ეკლესიის ყოველ ღვთისმსახურებაშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ის ნათლისღების საიდუმლოში აისახება მოსანათლავის წყალში სამჯერადი შთაფვლით. განსაკუთრებულად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ სხვა მღვდელმოქმედებებში უფლის სიკვდილის ხატი გამოხატულია ადამიანის გარეშე (თვით მღვდელმოქმედებაში), ხოლო ნათლისღებაში ის გამოიხატება თვით ადამიანზე, ანუ თვით მოსანათლი შთაიფვლის წყალში ქრისტეს სიკვდილის ხატად და თანადაეფლვის მას სიკვდილში ნათლისღებით. "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა..." (რომ. 6:3, 4). შედეგად, იმისათვის რათა, ჩვენშიც აისახოს ქრისტეს სიკვდილისა და სამდღიანი დაფლვის სახე, აუციელბელია ნათლისღების საიდუმლო აღსრულდეს შთაფვლით" ("პიდალიონი" (ბერძნული დიდი სჯულისკანონი), გვ. 248).

მაგრამ, ამ დოგმატის გამოხატვა ყოვლად შეუძლებელია წყალგადავლებით ნათლობაში. მასში შეიძლება მხოლოდ სამების აღსარების გამოხატვა, მაგრამ ქრისტეს სამდღიანი დაფლვა და აღდგომა მკვდრეთით წყალგადავლებაში არ მოიაზრება. "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ" - ეს სარწმუნოების ეს საფუძველთა საფუძველი უცხოა წყალგადავლებითი ნათლობისთვის. ამიტომაც აღმოსავლეთის ეკლესია ლათინობის ერთ-ერთ მძიმე ცთომილებად მიიჩნევს მის წიაღში დამკვიდრებულ წყალპკურებით ნათლობას.

ბერ ბარნაბას ცნობილ გამოკვლევაში "ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ", გადმოცემულია მისი გასაუბრება ალექსანდრიის პატრიარქ ნიკანორთან და პელუსიელ მიტროპოლიტ ამფილოქესთან ბერძნებსა და ლათინებს შორის არსებულ განსხვავებათა შესახებ.

ბარნაბას უკითხავს პატრიარქისთვის: "რა განსხვავებაა ჩვენსა და დასავლელთ, ანუ რომაელთ შორის?"

პატრიარქს მიუგია: "როგორ არა, დიდია განსხვავება: ისინი – მწვალებლები არიან". და დაუწყია მათი მწვალებლობებისა და ცთომილებების ჩამოთვლა. აი, ისინი ნათლობისას არ შთაფლავენ მოსანათლს, არამედ წყალს გადაასხამენ (შემდეგ ლაპარაკობს მაცაზე, კალენდრის შეცვლაზე, სულიწმიდის მამისგან და ძისგანაც გამოსვლაზე, პაპის უგუნურ პირველობაზე, ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების დარღვევაზე და ა. შ.).

ბარნაბა: "კი მაგრამ, თქვენ განა არ ასხურებთ" (ნათლობაში)?

პატრიარქი: "როგორ შეიძლება მისხურება, ჩვენ რომაელთა წინააღმდეგ პირველი სამხილი ის გვაქვს, რომ ისინი წყალს ასხურებენ ნათლობის საიდუმლოში და არ შთაფლავენ" (Варнава, инок. Исследование о греческом православии).

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სინოდალური ეკლესიის წარმომადგენლები, მისი მღვდელმთავრები და ღვთისმეტყველები, როდესაც ისინი ამხელენ ლათინთ თავიანთ ცთომილებებში, ასევე წინ წამოსწევენ ამ "უპირველეს სამხილს", რომ "რომაელები ნათლობაში წყალს ასხურებენ და არ შთაფლავენ".

არცთუ დიდი ხნის წინათ გენერალურმა მისიონერმა ვ. მ. სკვორცოვმა გამოსცა მღვდელ კ. ოკოლოვიჩს ბროშურების სერია, რომლებშიც მხილებულია კათოლიკური ცთომილებანი. ერთ ერთი მათგანი ასეა დასათაურებული: "სად უფრო სწორად ნათლავენ – მართლმადიდებლურ ეკლესიასა თუ ლათინურ "კოსტელში" (პოლონურად ნიშნავს ეკლესიას – მთარგმნ.)?

"კათოლიკური ეკლესია, - ნათქვამია ამ მამხილებელ თხზულებაში, - გადაუდგა მართლმადიდებლობას თვით ნათლისღების აღსრულების წესშიც. ქსენძები (პოლ. - მღვდელი. სიტყვებს "კოსტელი" და "ქსენძი" რუსულ საეკლესიო მწერლობაში იყენებენ პოლონელი და ზოგჯერ მთლიანად ლათინური ეკლესიისა და მათი სამღვდელოების აღსანიშნავად) ყრმებს ნათლავენ არა შთაფლვით, არამედ წყლის გადავლებით და პკურებით. ნათლობის ასეთი წესი დამკვიდრდა კათოლიკურ ეკლესიაში არა უადრეს XIII საუკუნისა, – რომელიც ერთ ერთი უბნელესია შუასაუკუნეებს შორის, – მანამდე კი არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც, როგორც ეს ჩანს XV საუკუნის კურთხევანებსა და ძველ სანათლავ ემბაზებში, ნათლავდნენ მხოლოდ შთაფლვით. მართლმადიდებლური ეკლესიის ჩვეულებას ნათლისღების საიდუმლო აღსრულდეს მხოლოდ შთაფვლით, მყარი საფუძვლები გააჩნია წმ. წერილში" (Околович К. Где правильнее — в православной церкви или католическом костеле — совершается таинство крещения? Изд. В.М. Скворцова. С. 3).

შემდეგ ავტორს მოაქვს მთელი რიგი მტკიცებულებები სახარებიდან, მოციქულთა საქმეებიდან და ეპისტოლეებიდან. მითითებულია მოციქულთა 50-ე კანონიც. ამ კანონში, რომლის ციტირებასაც ახდენს ავტორი "ცხადად გამოხატულია: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი ნათლისღება (ანუ სამი ჩაყოფა, შთაფლვა წყალში. იხ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 168 სქოლიო. – მთარგმნ.) ერთი საიდუმლოსი, არამედ ერთი ნათლისღება უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს" (Околович К. Указ. соч. С. 6).

მაშასდამე, ამ კანონის თანახმად, როგორც ეს გამოცემული ბროშურის ავტორს ესმის, შთაფლვის გარეშე მონათლული ერეტიკოსები უნდა გადაინათლონ. "ნათქვამიდან ვხედავთ, – ასკვნის ავტორი, – რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს მხოლოდ შთაფლვით და არა მისხურებით ან გადავლებით, როგორც აკეთებენ ამას კათოლიკეები. რითი ამართლებს რომის ეკლესია თავის ამ თვითნებობას ნათლიღების საიდუმლოსთან დაკავშირებით? იმით, რომ, როგორც კათოლიკეები ამბობენ, თურმე ყრმები არიან ძალიან უძლურნი და წყალში შთაფლვა შესაძლოა საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის. ეს თავისმართლება მეტად უსუსურია. მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შთაფლავენ წყალში ყრმებს მათი ნათლისღებისას, მაგრამ ამ მოვლენას არ ახლავს არავითარი გართულებები. თანაც, ეს თავისმართლება არის ცალმხრივი: ის ეხება მხოლოდ ყრმებს და არა დიდებს (რომელთაც ლათინები ასევე წყლის მისხურებით "ნათლავენ" – მთარგმნ.) (იქვე გვ. 4, 5).

არ არსებობს რაიმე დამაჯერებელი საფუძველი წყალგადავლებითი ნათლობის გასამართლებლად. "მხოლოდ ძველი განწესებების თვითნებურმა ცვლილებებმა გახადა შესაძლებელი კათოლიკურ ეკლესიაში შეეცვალათ ნათლისღების შთაფლვითი ფორმა წყალპკურებით და დაემკვიდრებინათ ის დასავლეთის მთელს ეკლესიაში, თითქოსდა ასე ყოფილიყოს დაწესებული მსოფლიო ან ადგილობრივი კრებების მიერ. დღეს მკვდრეთით რომ აღსდგნენ პირველდაწყებით ქრისტეანები და ნახონ როგორ ნათლავენ "ქსენძები" და საერთოდ კათოლიკეები, ვერ გაიგებდნენ რა საიდუმლოს ასრულებენ ისინი" (Околович К. Указ. соч. С. 7).

ისინი, რა თქმა უნდა, დაგმობდნენ წყალგადავლებით ნათლობას, როგორც მწვალებლურს და არაფრის მაქნისს. მეტად საგულისხმოა ამ ბროშურის დასკვნითი ნაწილი: "ჩვენ, მართლმადიდებელი რუსი ადამიანები, ბედნიერნი ვართ იმით, რომ ჩვენში ყველაფერი კეთდება არა საკუთარი სურვილისამებრ, როგორც ჩვენ მოგვეპრიანება, არამედ ისე, როგორც ითხოვს ამას ღმრთის სიტყვა. ამიტომაც, თითოეულ კათოლიკეს ამაყად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ რელიგიისა და სარწმუნოების საქმეებში უნდა მივსდევდეთ ღმრთითგამოცხადებულ სწავლებას, წმ. ეკლესიის დადგენილებებს და არა საკუთარ ახირებებთან და სურვილებთან შეთანაწყობილ გამონაგონს" (იქვე. გვ. 8).

მიხვდება კი კაცი, რომ ამას ლაპარაკობს გაბატონებული რუსული ეკლესიის წარმომადგენელი და აპოლოგეტი, სადაც სწორედ ყველაფერი კეთდება "საკუთარ ახირებებთან და სურვილებთან შეთანაწყობილი გამონაგონების" მიხედვით? ასეთი ტონით და საფუძვლებით მწვალებლებთან ლაპარაკი შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ, ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, რომლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ნათლობის წყალგადავლებით ფორმას და ყველა სხვა დანარჩენ სიახლეს, რომელიც ძველი ეკლესიის დადგენილებების საწინააღმდეგოა.

სასაცილოა ყველა ამ სკვორცოვების, ოკოლოვიჩების და ძმათა მათთა მისიონერთა სიამაყე რელიგიის საქმეებში. ისინი ამ პრეტენზიებით მეტად ჰგვანან ფარშავანგის ბუმბულით მორთულ-მოკაზმულ ყვავ-ყორნებს. იხილეთ, როგორ ამუნათებენ ისინი კათოლიკეებს იმავე წყალპკურებითი ნათლობის გამო: "დიახ, კათოლიკეები სახარებას რომ კითხულობდნენ, გაიგებდნენ, რომ ნათლობის საიდუმლოში არ შეიძლება მხოლოდ შუბლი დაუსველო ადამიანს, არამედ მთლიანად უნდა შთაჰფლა წყალში, ცოდვებისგან მარტო შუბლი და თავი კი არა, მთლიანად რომ განიწმინდოს.

ქსენძები სპეციალურად უკრძალავენ კათოლიკეებს სახარების კითხვას და ბნელში ამყოფებენ მათ, რათა არ შეიტყონ ჭეშმარიტება, რითაც აიძულებენ ერწმუნონ პაპების მიერ შეთხზულ გამონაგონ სწავლებებს, რომლებიც წმიდა წერილის, ეკლესიის წმიდა მამების სწავლებისა და ძველი, საყოველთაო ეკლესიის გადმოცემების საწინააღმდეგოა. საცოდავო კათოლიკეებო! როგორ მორჩილად მისდევთ თქვენს ქსენძებს და სიხარულით ღებულობთ მათ სწავლებებს! გაიხსენეთ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ის, ვინც გვახარებს არა იმას, რაც ჩვენგან (მოციქულებისგან – მთარგმნ.) უკვე გეხარათ, – ანათემა" (Околович К. Указ. соч. С. 8). მკაცრად გაუსწორდნენ გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველები წყალპკურებით ნათლობას. ანათემაც კი არ დაიშურეს. უნებლიედ იფიქრებ, მოციქულთა გადმოცემებისა და განწესებების ეს რა მოშურნე ადამიანები ყოფილანო!

სხვა თხზულებაში, რომელიც გამოსცა სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოებამ ("Общество любителей духовного просвещения"), რომლის შემადგენლობაში შედის გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი, კიდევ უფრო დეტალურად და საფუძვლიანად არის დამტკიცებული ის, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით.

"რატომ ნათლავენ მართლმადიდებლები მხოლოდ შთაფლვით?" – ასეა დასათაურებული თხზულება, რომელიც შეუდგენია არქიმანდრიტ იოსებს. მოჰყავს რა ქრისტე მაცხოვრის სიტყვები: "უკუეთუ სწამდეს და ნათელ-იღოს, სცხონდეს", – არქიმანდრიტი იოსები ამბობს, რომ "აქ იგულისხმება მხოლოდ შთაფლვითი ნათლისღება, რადგან სიტყვა "ნათელ-იღოს" იმ ბერძნული ენიდან, რომელზეც დაწერილია წმიდა სახარებები და რომელშიც გამოყენებულია ეს სიტყვა, ნიშნავს სწორედ: ჩაძირვას, ჩაყურყუმალავებას, შთაფლვას წყალში თავით ფეხებამდე, ხოლო "ნათლისღება" – ეს არის შთაფლვა მთლიანად, თავიდან ფეხებამდე ჩაყვინთვით, ჩაყურყუმალავებით, შთაფვლვით" (Иосиф, архимандрит. Почему вообще в Православии крестят именно погружением в воду? С. 6).

"ჩვენი უფლისა და მაცხოვრის უშუალო მოწაფენი, მისი წმიდა საქმეებისა და მთელი მსახურების უპირველესი მემკვიდრენი, წმიდა მოციქულები, სწორედ ასე ნათლავდნენ, რადგან მაგალითითაც და სჯულმდებლობითაც ასე ესწავლათ უფლისგან" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 7). ზუსტად ასე აღასრულებდნენ ნათლობის წმიდა საიდუმლოს ძველ ეკლესიაშიც, რაც დასტურდება წმ. მოციქულთა 50-ე კანონითაც და პირველი საუკუნეების ეკლესიის მამათა მოწმობებითაც" (იქვე. გვ. 8-9).

შემდეგ ავტორი იმოწმებს წმ. იპოლიტე რომაელს, ნეტ. იერონიმეს, წმ. ლეონ რომის პაპს, ნეტ. ავგუსტინეს, პაპ პელაგიოსს, წმ. გრიგოლ დიდს, წმ. ბასილი დიდს და უთითებს დასავლეთის ეკლესიის, კერძოდ: ცელიხიტენის, ნიმის, უტრეხტის კრებათა დადგენილებებს. ყველა მათგანი ითხოვს, რათა ნათლისღების წმ. საიდუმლო შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით. ასე უნდა იყოს ეს დღესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში, რადგან ეს, როგორც არქიმანდრიტი იოსები განმარტავს, "ცხადი და აშკარა მორჩილებაა ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი და ამ თანხმობის ზუსტი დაცვა არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი და განმასხვავებელი ნიშანი.

უდიდესი მნიშვნელობა აქვსო, - ბრძანებს ავტორი, - ამ ჩვენს მართლმადიდებლურ ნათლობას. ის ყველაზე მეტად და მრავალმხრივ შეესაბამებაო იმ უმაღლეს აზრს, რომელიც გააჩნია ამ წმიდა საიდუმლოს ქრისტეანობაში და პირდაპირ და აშკარად გამოხატავს მასში ჩადებულ აზრს, როგორც ამას განმარტავენ წმიდა მამები.

მხოლოდ შთაფვლისას არის შესაძლებელი ჩაიძიროს და დაიფლას წყალში მთელი სხეული, რაც არის სრული განწმენდისა და სულიერი განათლების ნიშანი, რომელიც, სამიპოსტასოვანი ღმრთისა და უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენით, თითოეულ ქრისტეანს ენიჭება ნათლისღების საიდუმლოში.

როდესაც მოსანათლავი ჩადის წყალში და დაიფლვება მასში, ერთგვარად იმარხება მთელი მისი ძველი, ცოდვებით აღსავსე კაცი და წყლიდან აღმოვალს უკვე განწმენდილი, გამართლებული და განახლებული ადამიანი. ის ხილული სახით პირდაპირ ხელახლა იშვება სულიერად, აღდგება მკვდრეთით ახალი ქრისტეანული ცხოვრებისთვის, უფალ იესუ ქრისტეს მსგავსად, რომლის კაცობრივი გვამი დამარხული იყო სამი დღე მიწის წიაღში და ბრწყინვალედ აღსდგა ყოვლისშემძლე ღმრთის ძალით".

ამიტომაც, ნათლობის ასეთი უდიდესი და საიდუმლო მნიშვნელობა, – ასკვნის ავტორი, – შეუძლებელიაო გამოიხატოს წყალპკურებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 19-20).

მაგრამ, "შესაძლებელიაო, – განაგრძობს მ. იოსები, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობს თავის მეგობარ ღვთისმეტყველთა განწყობას, - ვინმემ თქვას, თითქოსდა განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ შევასრულებთ ნათლისღებას შთაფლვით თუ წყალპკურებით, რადგან ორივე – გადასხმითი და პკურებითი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლობაა და საკმარისია იმისთვის, რათა გახდე ჭეშმარიტი ქრისტეანი" (იქვე. გვ. 26).

დიახ, ეს ჩვენთვისაც ძალზედ ცნობილი მსჯელობაა და როგორ უარყოფს მას ციტირებული ავტორი?

"ასე ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ, – აცხადებს არქ. იოსები, – ვინც არასერიოზულად ეკიდება მსგავს საკითხებს" რადგან, "თუკი თვით მაცხოვარს ენება დაეწესებინა მაცხოვნებელი საიდუმლო წმ. ნათლობისა შთაფლვითი აღსრულებით და ასე ენებათ წმიდა მოციქულებსა და ძველ ეკლესიას, რომლებიც განუხრელად იცავდნენ უფლის ამ დაწესებას, რომელთანაც ასეთი მნიშვნელოვანი და ღრმა შინაარსია დაკავშირებული, ვისა აქვს უფლება, ქრისტეანული სარწმუნოების რომელ წარმომადგენელს, რაიმე ცვლილება ან საკუთარი გამონაგონი შეიტანოს უფლის დაწესებულ საიდუმლოში და, მითუმეტეს, შეცვალოს იგი.

უცხო და არამართლმადიდებლური ჩვეულებების მიღებით, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ამ უძველესი და საყოველთაო წესის დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებოდით. რადგან ერთისგან განდგომა ჩვეულებისამებრ იწვევს მთელი სარწმუნოების მთლიანობისა და სიმყარის რღვევას და პირიქით, საკუთარი ჩვეულებების მტკიცე პყრობა, საკუთარი სარწმუნოებისა და მისი საქმეებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მას, დაიცავს მის ურყევ ღირსებასა და სიწმიდეს. ეს კი უკვე მცირე როდია. არ უნდა მოვეპყრად ამას უგულისხმოებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 27-28). ეს არის სრული ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გამოდიოდნენ მხოლოდ მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანები.

მაშ, აი როგორ სწავლებას გვთავაზობს წმ. ნათლისღების შესახებ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის სახელით არქიმანდრიტი იოსები ლათინ მწვალებელთა საწინააღმდეგო თავის თხზულებაში. შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში ენიჭება ისეთი ღრმა და საიდუმლო აზრი, რომ მის გარეშე არ არსებობს თვით საიდუმლოც. შთაფლვის შეცვლა წლის გადავლებით ან პკურებით აღიარებულია ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მართლმადიდებლური დოგმატის დარღვევად, ქრისტესა და მის წმ. მოციქულთა წინააღმდეგობად, მთელი ძველი ეკლესიის ღალატად; ეს არის საანათემო დანაშაული.

მაგრამ, როგორც კი პოლემიკა შეტრიალდება ძველმოწესეების წინააღმდეგ, ოფიციალური ეკლესია რადიკალურად ცვლის თავის სწავლებას ნათლისღების შესახებ, რაც ასახულია მის მიერ გამოცემულ წიგნებსა და განსაზღვრებებში. უპირველეს ყოვლისა მივუთითებთ წიგნს სახელწოდებით "ქრისტეს სახელით წყალგადავლებით მონათლულ მართლმორწმუნე ქრისტეანთა ჭეშმარიტი გამართლება" (“Истинное оправдание правоверных христиан крещением поливательным во Христа крещаемых”), რომელიც მმართველმა სინოდმა გამოსცა 1727 წელს. "რადგანაც ეს ტრაქტატი, - ამბობს მის შესახებ მღვდელი ა. სინაისკი, - დაწერილია უწმიდესი სინოდის განკარგულებით და გამოცემულია მისი მოწონებითა და თანხმობით, მისი ავტორის (თეოფანე პროკოფოვიჩის) მსჯელობაში წყალგადასხმით ნათლობაზე უნდა დავინახოთ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების შეხედულებები" (Синайский А. Отношение русской церковной власти к расколу. С. 118). ამ თხზულების მიხედვით სინოდი ასწავლის, რომ "წყალგადასხმით აღსრულებული წმ. ნათლობის საიდუმლო, ისევე როგორც შთაფვლითი ნათლობა, სწორია და მართებული, მნიშვნელოვანია და ქმედითი; მის აღსასრულებლად საკმარისია წყლით განბანვა, ხოლო განბანვა, გადასხმით იქნება იგი თუ შთაფლვით, უმნიშვნელო საქმეა, რომელიც არ ეხება არსებითს, რადგან ნათლობა განბანვის გარეგანი ფორმით კი არა, ღმრთის შინაგანი მადლით აღესრულება, რომელიც უხილავად მოევლინება მოსანათლს ნათლობის საიდუმლოში" (იქვე. გვ. 118,119).

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასოთხმოცი წელია გასული თეოფანე პროკოფოვიჩის წიგნის გამოცემიდან (იგულისხმება თ. მელნიკოვის პერიოდი – მთარგმნ.), მისი შინაარსისა და არგუმენტაციის მიხედვით, მისი ავტორი თითქოსდა ხელმძღვანელობდა ჩვენი თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და აპოლოგეტების თხზულებებით და ნაბიჯ ნაბიჯ იმეორებდა მათში გამოთქმულ შეხედულებებს.

ვ. მ. სკვორცოვის მიერ გამოცემულ კ. ოკოლოვიჩის თხზულებაში განმარტებულია, რომ "თვით სიტყვა "ნათლობა", რომელიც გამოყენებულია მაცხოვრის მიერ და რომელზეც არის დაფუძნებული ნათლობის საიდუმლო (მათე 28:19) – ბერძნულად "ბაპტიზმა", ებრაულად "ტაბალ" – აღნიშნავს "შთაფლვას", "წყალში ჩაყურყუმალავებას". შედეგად, ამ სიტყვით მინიშნებულია ნათლობის მხოლოდ შთაფლვითი არა სხვა რაიმე ფორმის დაფუძნება" (Околович К. Указ. соч. С. 4).

სინოდი წინააღმდეგია: "ქრისტემ დააწესა წყლით ნათლობა და არა ის, რომ ყოველთვის შთაფლვა ყოფილიყო და არა დასხმა". ნათლობის ორივე სახეს, ფილოლოგიური მნიშვნელობით ერთი და იგივე მნიშვნელობა გააჩნიათ, რადგან სიტყვა "ნათლობა" წმიდა წერილის მრავალ ადგილას ნიშნავს შთაფლვასაც, დასხმასაც და პკურებასაც" (Синайский А. Указ. соч. С. 119).

ნათლისღებაში შთაფვლის, როგორც აუცილებელი ფორმის საწინააღმდეგოდ, რომელიც არის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის სახე, სინოდი შენიშნავს, რომ "ქრისტეს არ დაუკანონებია ნათლისღების გარეგნული ფორმები, არამედ მიუთითა მხოლოდ განბანვაზე".

"საკმარისია ვიცოდეთ, — ვკითხულობთ იქვე, — რომ საჭიროა ნათლისღება აღესრულოს განბანვის სახით, და არ არის აუცილებელი, რათა ეს განბანვა იყოს აუცილებლად შთაფვლითი და არა წყალპკურებითი, რადგან მოციქული ნათლისღებას განბანვას უწოდებს, ხოლო განბანვა შესაძლებელია როგორც შთაფვლით, ასევე დასხმითაც" (Прокопович Ф. Истинное оправдание правоверных христиан крещением поливательным во Христа крещаемых. 1727. Гл. 3. Л. 14 об.).

"არ არის აუცილებელი ნათლისღება აღვასრულოთ მხოლოდ ერთი სახით, — ისევ იმეორებს სინოდი, — არამედ საკმარისია ის აღვასრულოთ ისე, რომ გამოსახავდეს განბანვას" (Там же. Гл. 5. Л. 19). "ნათლისღების საიდუმლოს ძალას თუ ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მადლი ამ საიდუმლოში მოიცემა როგორც შთაფვლით, ასევე წყალდასხმითაც" (Там же. Гл. 7. Л. 22).

"ნათლობის მიზეზსა და ძალას თუ გავიცნობიერებთ, ძნელად მისახვედრი არ იქნება, რომ არც ისე სავალდებულოა მისი შესრულება მხოლოდ შთაფვლით, არამედ დასხმითად აღესრულება ეს საიდუმლო" (Там же. Л. 24).

"ვინ ამბობს, რომ აუცილებელია დიდი, ანუ შთაფვლითი განბანვა? ნათლობის წყალი მოქმედებს და სულს განწმენდს ნებისმიერი განბანვით", "მთავარიაო, — კიდევ ერთხელ ირწმუნება სინოდი, — განბანვის რომელიმე სახე არსებობდეს" (Прокопович Ф. Указ. соч. 9).

ხოლო სამჯერ შთაფვლითი ნათლობის დამცველები სინოდს არ დავიწყნია ჩაეწერა "ათეისტებისა და უღვთოების" რიცხვში. "რაოდენ სასაცილოა, – ვკითხულობთ "ჭეშმარიტ გამართლებაში", – რომ ფუჭადმეტყველი და უხეში გონებაჩლუნგები, რომელთად ქრისტეანული მრწამსის ერთი წევრიც კი არ იციან, არამედ მხოლოდ უბირი ხალხის მოტყუებით არიან დასაქმებულნი, ათეისტები და უღმერთოები, ბედავენ და წყალგადასხმით ნათლობას უარყოფენ, როგორც თითქოსდა არასწორს" (Там же. Предисловие. Л. 5).

ისმინეთ, თანამედროვე ღვთისმეტყველებო, როგორ ბედავთ უარყოთ წყალგადასხმითი ნათლობა?! – გეკითხებათ თქვენ სინოდი. ამისთვის თქვენ ხართ უღმერთოები და "ათეისტები" ყოველგვარი მინარევების გრეშე; გარდა ამისა თქვენ ხართ "გიჟებიც", ყველაზე უაზრო და უხეში გონებაჩლუნგები; თქვენ "ქრისტეანობის უმცირესი ნაწილიც კი არ გესმით"; სინოდი სამართლიანად გიწოდებთ "მატყუარებს, რომლებიც მხოლოდ მსაკუთარ სტომაქს სახურებენ ".

და მართლაც, სხვა რად უნდა შევრაცხოთ თქვენი ბაქი-ბუქობა და კვეხნაობა კათოლიკეების წინაშე, თუ არა ყველაზე უხეშ ტყუილად და სიცრუედ, რომ თითქოსდა გაბატონებულ თქვენს აღმსარებლობაში უცვლელად არის დაცული "ერთი, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიის ეს განმასხვავებელი ნიშანი – ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი ერთგული მორჩილება". ამ მორჩილების აჩრდილიც კი აღარ დარჩა სინოდალურ ეკლესიაში, რომელიც ასეთი გააფთრებით იცავს წყალგადასხმით ნათლობას.

ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ კათოლიკეები იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ვერ მიხვდებიან თქვენს ფარისევლობასა და ტყუილებს? წიგნი, რომელიც სინოდმა გამოსცა წყალგადასხმითი ნათლობის დასაცავად, დღემდე ცნობილია, ფართოდ გამოიყენება და ისეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რომ მას საკმაოდ ხშირად იმოწმებენ ამ ეკლესიის პოლემისტები, როდესაც ისინი ძველმოწესეებს "ამხელენ".

თეოფანე პროკოპოვიჩის წიგნზე არანაკლებ ცნობილია არქიეპისკოპოს თეოფილაქტე ლოპატინსკის "მხილება", სადაც ის არწმუნებს ძველმოწესეებს, რომ შთაფლვას და გადასხმას ერთი და იგივე ძალა აქვს, და ამაში თეოფანეს წიგნს "ჭეშმარიტი გამართლებას" იმოწმებს (Феофилакт Лопатинский. Обличение. Гл. 9. Л. 46-47). წიგნში "მშვიდობა ღმერთთან" ("Мир с Богом"), დოგმატების შესახებ სწავლებაში ასევე ნათქვამია წყალგადავლებითი და შთაფლვითი ნათლობების თანასწორობაზე (Мир с Богом. С. 109).

გაბატონებული ეკლესია წყალგადავლებით ნათლობას სწორად და მართებულად ჩანასახშივე აღიარებს. ნიკონის ამხანაგი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, 1656 წ. ნიკონს წერდა: "ლათინები არ უნდა გადავნათლოთ: მათ გააჩნიათ სამღვდელოება, აღიარებენ შვიდივე საეკლესიო საიდუმლოს და შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებას, თაყვანს სცემენ წმინდანთა ნაწილებს და ხატებს და ყველა მათგანი სწორად არის მონათლული წმიდა სამების, მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. მათი გადანათვლა მეორედ ნათლობის ტოლფასია და სარწმუნოების სიმბოლოს საწინააღმდეგოა, სადაც ნათქვამია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა". ჩვენ ვაღიარებთ მათ სამღვდელოებას და არასოდეს არ დავასხამთ მათ ხელს თავიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში. ასევე უნდა ვაღიარებდეთ მათ ნათლობას. ისინი მხოლოდ სქიზმატიკოსები არიან, სქიზმა კი ადამიანს ვერ შეიქს ურწმუნოდ, ერეტიკოსად და მოუნათლავად, არამედ მხოლოდ ეკლესიიდან განჰყოფს" (ციტ. Макарий (Булгаков). История ... Т. ХII. С. 197).

მაკარის ამ მიმართვიდან ერთი წლით ადრე მოსკოვში შედგა ნიკონიანური კრება, რომელსაც ესწრებოდა მაკარი ანტიოქიელიც. "კრების მამებმა განაცხადს, რომ პოლონელთა მეორედ ნათლობა უკანონოა, რადგან პოლონელებს სწამთ წმიდა სამებისა და ნათლავენ მისი სახელით და არც ისე განსხვავდებიან ჩვენგან, როგორც სხვა ერეტიკოსები, მაგალითად, ლუთერანები, შვედები, ინგლისელები, უნგრელები და სხვა ფრანკული სექტები, რომლებიც მარხვებს არ იცავენ, თაყვანს არ სცემენ ხატებს და პირჯვარს არ იწერენ" (Макарий (Булгаков). Указ. соч. Т. XII. С. 174).

ამ კრების დადგენილებებს დღემდე არ დაუკარგავთ ძალა. სახელმწიფო საბჭოში ძველმოწესეთა კანონპროექტის განხილვის ავადმოსაგონარ დღეებში, უმაღლესი საკანონმდებლო პალატის ერთმა წევრმა ძველმოწესეთა წინააღმდეგობა წყალგადასხმითი ნათლობის წინააღმდეგ სახელმწიფო დანაშაულად გამოაცხადა. "როგორც ძველ ბერძნულ ეკლესიაში, — ამბობდა პროტოპრესვიტერი ტ. ბუტკევიჩი, — ასევე ჩვენი საკრებო დადგენილებები მხოლოდ მაშინ ხდებოდა შესასრულებლად აუცილებელი, როდესაც ის დამტკიცდებოდა მეფის ავტორიტეტის მიერ. ასე, მაგალითად, 1655 წელს მოსკოვში მცხოვრებმა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ რუსი მღვდელმთავრების ყურადღება მიაპყრო იმ ვითარებას, რომ იმ დროს ჩვენს ეკლესიაში პოლონელების (ე. ი. კათოლიკეების) ხელმეორედ ნათლობის პრაქტიკა უკანონო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეული კრება დაეთანხმა მელეტის (უნდა იყოს მაკარის – ფ. მ.) და მიიღო კიდეც შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს დადგენილება ძალაში რომ შესულიყო, მეფე ალექსი მიხეილის ძეს კიდევ უნდა გამოეცა განსაკუთრებული განკარგულება მის დასამტკიცებლად. ცხადია, რომ რასკოლნიკები, რომლებიც არ აღიარებენ ამ საკრებო დადგენილებებს, მეფის ნებისა და განკარგულებების მოწინააღმდეგეები არიან" (Речь Т. Буткевича в Государственном Совете // Миссионерское Обозрение. 1909. № 11. С. 1699).

კი მაგრამ, მაშ ვინღა არიან მღვდ. ოკოლოვიჩები, არქიმ. იოსიფები და ლათინობის სხვა მამხილებელნი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წყალგადასხმითი ნათლობა უკანონო და არაფრისმაქნისია, - ისინი მხოლოდ სახელმწიფოს მტრები არიან თუ როგორც სინოდმა გადაწყვიტა "შეშლილი ათეისტები"?

აუცილებელია შევნიშნოთ, რომ სახელმწიფო საბჭოში წარმოთქმული ბუტკევიჩის სიტყვას იქ დამსწრე მაღალყოვლადუსამღვდელოესი კანონმდებლები და ეკლესიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ მქუხარე ოვაციებითა და დიდი მოწონებით, რადგან ის გამოხატავდა არ კერძო, არამედ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების შეხედულებას.

ამ შეხედულებებისგან განსაკუთრებულად განსხვავებული მოსაზრება გააჩნია ვოლინელ არქიეპისკოპოს ანტონის. 1904 წელს მან მიმართა ეპარქიალურ სამღვდელოებას მოწოდებით, შეეწყვიტათ წყალგადასხმითი ნათლობა. "არაერთხელ მოუწოდებიათ ვოლინელ მღვდელმთავრებს მღვდლებისთვის, - წერს არქ. ანტონი, - შეეწყვიტათ წყალგადასხმითი ნათლობის უკეთური ჩვეულება. მის არასწორობას აღიარებენ თვით მღვდლებიც...".

"ამჯერად ძველმოწესეებთან შერიგების უმთავრეს წინააღმდეგობას, როგორც ისინი თვითონაც უთითებენ, წარმოადგენს წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ეს უკეთური უგულებელყოფა... ვთხოვ ეკლესიის მამებს, - ასკვნის ვოლინელი არქიეპისკოპოსი თავის მიმართვაში, - მოითხოვონ, რომ ყველა ეკლესიაში შეისყიდონ ემბაზები და მღვდლებს, რომლებმაც არ იციან ყრმების შთაფლვა, ასწავლონ". აღსანიშნავია, რომ არქიეპისკოპოსი ანტონი, როდესაც უარყოფს გადასხმით ნათლობას როგორც უკეთურებას, ეყრდნობა პატრიარქ ფილარეტის მიერ კრებითად მიღებულ დადგენილებას (1620წ.) და დიდი კურთხევანის 79-ე თავს (Церковные Ведомости. 1904. № 28. С. 1054)".

რა არის ნათქვამი არქიეპისკოპოს ანტონის მიერ დამოწმებულ ავტორიტეტულ წყაროებში წყალგადასხმითი ნათლობის შესახებ? ისინი წყალგადასხმით ნათლობას მიიჩნევენ მწვალებლობად. "რომაული და სხვა მწვალებლობები ასეთია", - ნათქვამია პატრ. ფილარეტის კრებით დადგენილებაში. "ბრძენმეტყველებენ ფუჭად და ღმრთისსაწინააღმდეგოდ მეორედ შობის საბანელზე – წმიდა ნათლისღებაზე და ნათლავენ გადასხმით და არა სამჯერადი შთაფლვით" (Большой Потребник. Соборное изложение. Гл. 70. Л. 21). ამიტომაც კრებითი დადგენილება ითხოვს რომაელთა თავიდან ნათლობას, "რადგან ერეტიკოსთა (აქ იგულისხმება პირველი კატეგორიის, ანუ მოუნათლავთა ნათლისღება – მთარგმნ.) ნათლობა არ არის ნათლობა, არამედ შებილწვაა" (Там же. Л. 17).

ასევე მკაცრად არის შეფასებული წყალგადასხმითი ნათლობა დიდი კურთხევანის 79-ე თავში. "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაფვლითა, სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა, შეჩვენება" (Там же. Гл. 79. Л. 72. იხილეთ აგრეთვე არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი", სადაც სიტყვა სიტყვით იგივეა ნათქვამი. მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1). სწორედ ეს წყევლა შეახსენა არქიეპისკოპოსმა ანტონიმ თავის სამღვდელოებას და ამგვარად აღიარა, რომ სინოდი, რომელიც თავგამოდებით იცავს წყალსხურებით ნათლობას, ღრმად და საფუძვლიანად მოიცვა ამ წყევლა-კრულვამ. საინტერესოა, რომ ანტონის ეს მიმართვა სინოდის "საეკლესიო უწყებანში" (Церковные Ведомости) დაიბეჭდა.

ამგვარად, ჩვენს წინაა ერთი და იგივე ეკლესიის ორი სრულიად ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ნათლისღების საიდუმლოს მიმართ. ნათლისღების საკითხი ამ ეკლესიის იერარქთა და ღვთისმეტყველთათვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რომლის გარშემოც აგერ უკვე 250 წელზე მეტია არაჩვეულებრივი გააფთრებით ღრღნიან ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს ამხელენ ღმრთისგან განდგომაში, ქრისტეანობის უპირველესი დოგმატების გათელვაში, იმუქრებიან ანათემებით, ბრალს დებენ ერთმანეთს სახელმწიფოს ღალატში, ერთმანეთს უწოდებენ გიჟს, სულელს, ათეისტს, უღმერთოს და ა. შ. 250 წლის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს მისულიყვნენ ერთ რწმენამდე ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით და ურთიერთმხილებასა და კამათში ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ კბილებს აღრჭენენ.

თავს ნებას მივცემთ ვიკითხოთ, რა ქრისტეანები არიან ისინი, თუკი არ იციან როგორი უნდა იყოს ქრისტეანობის უპირველესი საიდუმლო, რომელიც გვშობს ახალი ცხოვრებისთვის. მაგრამ მათი უმეცრება კიდევ უფრო სიღრმისეულია. მათ დღემდე ვერ გაურკვევიათ, რისგან შედგება ნათლობის საიდუმლო, რა არის მისი არსი.

2. გაბატონებული ეკლესიის მრავალი მწყემსი და ღვთისმეტყველი ნათლობის საიდუმლოს უყურებს როგორც რაღაც ჯადოქრობას ან სახელმწიფო შტამპს, რომელიც დაშტამპული საგნის კანონიერებას ადასტურებს. ისინი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ნათლისღების შინაგან აღქმას; საერთოდ არ ფიქრობენ ნათლობის აღმასრულებელზე – სულიწმიდაზე, არამედ, ნათლობის არსს მოიაზრებენ მხოლოდ იმაში რას გააკეთებს მღვდელმსახური, თუნდაც ეს იყოს ჭეშმარიტი ნათლობის საწინააღმდეგო და არგაგონილი ქმედება (ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე ბერძნულ-ახალმოწესეთა ეკლესიაში უკვე მკვიდრდება ე. წ. "აერობაპტიზმა", ანუ ჰაერში ნათლობა, სადაც მოსანათლავს სამჯერ ჰაერში აწევით, და წმ. სამების მოწოდებით "ნათლავენ". ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, პანაიოტის ბუმისის ნაშრომი "კანონიკური სამართალი" სადაც ის წერს, რომ "იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი დიდი საშიშროებაა, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. "ჰაერით ნათლობა", ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით" (პანაიოტის ბუმისი. კანონიკური სამართალი. თბილისი 2007 წ. გამომც. "მთაწმინდელი". გვ. 80). "ჰაერით ნათლობის აღსრულება, - აგრძელებს ავტორი, - შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს" (ციტ. იქვე) (საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი "რეცენზირებული და ნებადართულია გამოსაცემად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ. ხელს აწერს ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი. წიგნის რედაქტორები არიან ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი - მთარგმნ.).

1990 წლის ირკუტსკის მისიონერულ სხდომაზე დამოწმებულ იქნა განსაცვიფრებელი ფაქტი. იმიერბაიკალეთის მისიის უფროსი, არქიეპისკოპოსი ბენიამინი იყენებდა წარმართთა ნათლობის ანტიქრისტეანულ მეთოდს: მათი მხრიდან ყოველგვარი რწმენის გარეშე ისე, რომ წარმართებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ვინ იყო ქრისტე და რას წარმოადგენდა ქრისტეანობა, წყალგადასხმით, ზოგჯერ კი შთაფლვით "ნათლავდა" მათ. ეს საკმარისი იყო იმისთვის რათა ისინი მიეჩნია "წმ. ნათლისღებით განათელბულ ქრისტეანებად".

ასე ტარდებოდა ეს მკრეხელური "განათლება", რასაც არაერთხელ იუწყებოდნენ პრესაშიც. აი, მაგალითად, ერთ ერთი ამგვარი შეტყობინება: "მართლმადიდებლობისკენ" მოქცეულთა რიცხვის გასაზრდელად, მისიონერები მიმართავდნენ სხვადასხვა სახის მოსყიდვებს. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც ჩუქჩები რამოდენიმე ფუტი თამბაქოსთვის "ინათლებოდნენ". ისეც ხდებოდა, – იტყობინება ბ-ნი ვრანგელი, – რომ სხვები ნებაყოფლობით მოდიან და მეორედ ინათლებიან და აღშფოთებასაც ვერ მალავენ, როდესაც უარით ისტუმრებენ. მღვდელი, რომელიც ნიჟნი-კოლიმსკიდან მოდის ბაზრობაზე ოსტროვნოეში, ჩვეულებრივ პოულობს რამოდენიმე ჩუქჩას, რომელიც დასაჩუქრების იმედით თანხმდება ნათლობაზე. ჩვენი თანდასწრებით ერთმა ახალგაზრდა ჩუქჩამ განაცხადა, რომ ის რამოდენიმე ფუთ ჩერკასულ თამბაქოზე თანახმა იქნებოდა ნათლობისა. დანიშნულ დღეს სამლოცველოში მრავალი ხალხი შეიკრიბა და დაიწყო რიტუალიც. "ახალმოქცეული" მორჩილად იდგა, მაგრამ, როდესაც საქმე ცივი წყლით სავსე ემბაზში სამჯერ შთაფლვამდე მივიდა, თავი გააქნია და წარადგინა მრავალი მიზეზი, რომ ასეთი ქმედება არ არის საჭირო. ტოლმაჩის მხრიდან დაჟინებული თხოვნის შემდეგ, სადაც არაერთხელ იქნა ნახსენები შეპირებული თამბაქოც, ბოლოს და ბოლოს, ჩუქჩა, აშკარად არასასიამოვნო გამომეტყველებით, ჩახტა ემბაზში, თუმცა იმწამსვე ამოხტა და სიცივისგან აკანკალებულმა დაიწყო სირბილი და ყვირილი: "Дай табак! Дай табак!" ვერავინ შესძლო მისი დარწმუნება დალოდებოდა საიდუმლოს დასრულებას, ის მაინც დარბოდა და იძახდა: "больше не хочу! Дай табак! Дай табак!" (Русские Ведомости. 1907. № 171).

მონათლო სრულიად ურწმუნო ადამიანი და ამისთვის ღვთიური მადლის მიღების ნაცვლად შეჰპირდე რამოდენიმე ფუტი თამბაქო – განა ეს ანტიქრისტეანული აქტი არ არის? ეს არ არის შემთხვევითობა გაბატონებული ეკლესიის ამა თუ იმ მღვდელმსახურის სამისიონერო საქმიანობაში, რომელიც კარიერის გულისთვის ცდილობს შეასრულოს მსგავსი მკრეხელური ქმედებანი; ეს არის ნათლისღების საიდუმლოს საღვთისმეტყველო გაგების პრაქტიკული შედეგი. რაკიღა ნათლობის არსს სინოდალური ღვთისმეტყველები მხოლოდ მღვდლის ქმედებაში ხედავენ, არც არის საჭირო მოსანათლავის რწმენაზე ზრუნვა, და არც მისი მიღების მოტივაციაზე. მოინათლოს თამბაქოს გულისთვის – განა სულერთი არ არის? მთავარია ამ პიროვნებას მღვდელმა მიაკეროს ოფიციალური შტამპი, რომელსაც მკრეხელურად ჰქვია "ნათლობა".

იყო შემთხვევები, როდესაც გაბატონებული ეკლესიის მღვდლები თათრებს ნათლავდნენ დაუსწრებლად. 1905 წ. შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცეს ყაზანის გუბერნიის რამოდენიმე სოფლის მაჰმადიანთა წერილი. "წერილში" ნათქვამი იყო: "ჩვენი, ანუ მუსლიმთა მართლმადიდებლობისთვის მიკუთვნება აქტი ატარებდა სრულიად თვითნებურ და შემთხვევით ხასიათს. ასევე, ადმინისტრაციისა და სამღვდელოების ყველა შემდგომ მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია ჩვენს შესანარჩუნებლად მართლმადიდებლობაში, ძნელია შევნიშნოთ რაიმე თანამიმდევრობა. ზოგიერთ ჩვენგანზე ნათლისღების საიდუმლო აღსრულდა მოსანათლავის დაუსწრებლად და ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არ მონათლულან სპეციალურ უწყისებში იწერებიან მართლმადიდებლური სახელწოდებებით. და თუმც ეს პიროვნებები აღიარებენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას, ფორმალურად განასხვავებდნენ ერთურთისგან. პირველი კატეგორიის ადამიანები მიიჩნეოდნენ მართლმადიდებლებად და მათ უყენებდნენ შესაბამის მოთხოვნებს, როგორც მართლმადიდებლებს და ავიწროვებდნენ და დევნიდნენ მათ, ვითომცდა მართლმადიდებლობიდან მაჰმადიანობისკენ გადასვლის გამო, მათ ასამართლებდნენ და სჯიდნენ" (Русь. 1905. № 58 от 7 мая).

საინტერესო იქნებოდა გვენახა სინოდალური ეკლესიის მღვდელმსახურთა მიერ ჩატარებული დაუსწრებელი "ნათლობები": ვის აპკურებენ ან შთაფლავენ ისინი ამ დროს, ან ვის სცხებენ მირონს, ვის აჭრიან თმას, ვის აცმევენ ტანისამოსს და ა. შ.?

იმ დროს, როდესაც დაუსწრებლად მონათულ თათრებს ან ეძინათ, ან საჭირო საქმეზე ფეხსალაგს იყვნენ გასულები, მათ, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაურად რიცხავდნენ მართლმადიდებელთა რიგებში. ნათლობის საიდუმლო გადააქციეს ერთგვარ არტილერიად, რომელიც შორ მანძილზე მოქმედებს. აგერ ცხოვრობ შენთვის მშვიდად, მართლმადიდებლობა არც გესიზმრება და უცებ გეუბნებიან, რომ თურმე შენ მონათლულხარ. საინტერესოა, არა?!

ირკუტსკის ყრილობამ, იმის გამო, რომ "მრავალი უცხო ეროვნების წარმომადგენელი ჯეროვანი კატეხიზაციის გარეშე ინათლება, აუცილებლად ჩათვალა, უცხოელთა ნათლობა სარწმუნოებრივი ჭეშმარიტების ფარგლებში ჩატარდეს" (Колокол. № 1318).

ყრილობამ აზრი გამოთქვა მხოლოდ უკვე მონათლულ უცხოტომელებზე. რაც შეეხება სხვა მოსანათლავებს, მას რაიმე კონკრეტული განსაზღვრება არ გამოუტანია: არის მათი "კატეხიზაცია" საჭირო ნათლისღებისთვის თუ პირდაპირ მონათლონ ყოველგვარი სპეციალური მომზადების გარეშე? ცხადია, რომ ყრილობას ნაკლებად აღელვებდა მოსანათლავი ადამიანის სულიერი გარდატეხის საკითხი. როგორც ჩანს მისთვის ნათლობას შელოცვაზე მეტი მნიშვნელობა არცა აქვს.

მისიონერთა მესამე ყრილობამ, რომელიც ჩატარდა ყაზანში 1897 წელს, დაადგინა ძველმოწესეებისთვის წაერთმიათ ბავშვები და ძალდატანებით მოენათლათ, თუკი ისინი დაბადებულნი იყვნენ მშობლებისგან, რომლებმაც ადრე ჯვარი ამ ეკლესიაში დაიწერეს. ეს დადგენილება აჩვენებს, რომ ყაზანის ყრილობას იმ ნიჟნეგოროდელ მღვდელმსახურზე დიდი წარმოდგენა როდი ჰქონია ნათლობის საიდუმლოზე, რომელიც ჩუქჩას ერთ ფუთი თამბაქოს ჩუქებით ითანხმებდა ნათლობაზე. ძველმოწესეთა ბავშვებს გაბატონებული ეკლესიის მღვდლები ხშირად ნათლავდნენ ძალდატანებით. ამისთვის არსებობდა ეპარქიალური მღვდელმთავრების სპეციალური განკარგულება თვალყური ედევნებინათ შობადობისთვის ძველმოწესეთა ოჯახებში და მათი ბავშვები დაბადებისთანავე მოენათლათ ოფიციალურ ეკლესიაში მშობლების დაუკითხავად.

1896 წლის 22 ოქტომბერს, სმოლენსკის ეპისკოპოსმა ნიკანორმა სმოლენსკის გუბერნატორს წერილით (# 12409) აუწყა, რომ "სხვა სარწმუნოებისკენ, განხეთქილებისკენ, სექტანტობისკენ და თვით წარმართობისკენ მიქცეულთ უნდა მიუდგნენ იურიდიული თვალსაზრისით, ანუ უნდა გაირკვეს ჩაწერილები არიან ისინი მართლმადიდებლურ მეტრიკულ წიგნებში, როგორც მართლმადიდებლები თუ არა". ეპისკოპოსი ნიკანორი ასევე არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ადამიანის სულს, მის სარწმუნოებას. საჭირო იყო მხოლოდ "მართლმადიდებლის" შტამპი და მთელი არსიც ამაშია.

სმოლენსკელი მღვდელმთავრის აღნიშნული წერილის შედეგად სმოლენსკის გუბერნიის მთელ პოლიციას მიეცა განკარგულება მკაცრი თვალყური ედევნებინათ "რასკოლნიკთა" დაბადებისა და გარდაცვალებისთვის, რათა მათი მხრიდან არ მომხდარიყო ამ კანონით დადგენილი უფლებების დარღვევა მათი წესების შესრულების დროს. და თუ გაჩნდებოდა კითხვა რომელი წესით უნდა დაკრძალულიყო გარდაცვლილი "რასკოლნიკი", - ე.წ. "მართლმადიდებლურით" თუ "რასკოლნიკურით", - თითოეულ შემთხვევას განიხილავდა ოფიციალური ეკლესიის ადგილობრივი მღვდელმსახური, რომლის ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდნენ შემდეგ პრისტავები (Распоряжение гжатского исправника от 31 января 1897 г. за № 502).

ძველმოწესეები ყოველთვის იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში, ვიდრე უცხოტომელები. ეს უკანასკნელნი, თითქმის უფასო ნათლობისთვის ათასგვარ საჩუქრებსაც კი ღებულობდნენ (თამბაქოს ჩათვლით). ხოლო ძველმოწესეები თვითონ ჩუქნიდნენ ყველას ყველაფერს, რაც კი გააჩნდათ, ოღონდ თავიდან აეცილებინათ ათასგვარი დამცირება და მკრეხელობა, რომელსაც გაბატონებული "მართლმადიდებლებისგან" განიცდიდნენ.
თუმცა, საქმე მაინც რუსეთის ამ ძირძველი შვილების სავალალო მდგომარეობაში როდია, არამედ იმაში, რომ გაბატონებული ეკლესიის მწყემსები და მღვდელმთავრები საკუთარ ნათლობას უყურებენ არა როგორც საეკლესიო საიდუმლოს, რომელშიც სულიწმიდა გარდაქმნის მონათლულ ადამიანს, არამედ ვითარც უბრალო ყადაღას, რომელიც მოწმობს, რომ დაყადაღებული პირი განეკუთვნება მათ, გაბატონებულ ეკლესიას, თუნდაც ეს პირი შემდეგ გადავიდეს წარმართობაში. ძველმოწესეთა ბავშვების ძალდატანებითი ნათლობით, გაბატონებული ეკლესიის მოძღვრები, როგორც სხვა მრავალ, ასევე ამ კონკრეტულ შემთვევაშიც, ბაძავენ ლათინ იეზუიტებს. ეს უკანასკნელნი, როგორც ნათქვამია გამოცემაში "Христианское Чтение", "ძალით იჭრებოდნენ მართლმადიდებელთა სახლებში და სთავაზობდნენ მათ თავიანთ მომსახურეობას, ასევე უთვალთვალებდნენ თუ სად, რომელ ოჯახში დაიბადებოდა ბავშვი, რათა სასწრაფოდ მოენათლათ იგი ლათინური წესით" (Христианское Чтение. 1897, Май. С. 681).

3. ოფიციალური, გაბატონებული ეკლესია ნათლავს არა მარტო ურწმუნო ადამიანებს, მან შესაძლებლად აღიარა ჯერ კიდევ დაუბადებელი ყრმების ნათლობაც. თუკი სადმე შეუძლებელი იყოს დაბადება, - ნათქვამია წიგნში "Мир с Богом", - ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფი ყრმა, როდესაც არსებობს მისი სიკვდილის საშიშროება და თავს გამოყოფს დედის მუცლიდან, მაშინათვე უნდა მონათლოს ის ბებიაქალმა ან ვინმემ და დედის საშოდან თავგამოყოფილ ყრმას წყალი მიასხუროს (დედის წიაღიდან) სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა; ხოლო თუ მშობელი დედა გარდაიცვლება ისე, რომ ვერ მოასწრებს ყრმის დაბადებას, მაშინ ცოდვას ჩაიდენენ ისინი, რომლებიც არ გაჭრიან დედის მუცელს და ცოცხლად არ ამოიყვანენ ყრმას, რომელიც იმწამსვე უნდა მონათლონ.

1910 წელს, თითქმის ყველა გაზეთი იუწყებოდა ნათლობის ასეთი ფაქტის შესახებ: "მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა ამ დღეებში უსურიის მხარეში. მღვდელი შვებულებაში (?! - მთარგმნ.) აპირებდა წასვლას, შემცვლელი კი არ ჰყავდა. სოფლის ერთი დედაკაცმა, ხოხოლმა, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო თვეში იყო და უწყოდა, რომ სოფლის მოძღვარი შესაძლოა ხანგრძლივი დროით არ ყოფილიყო სოფელში, სთხოვა მას წინასწარვე მოენათლა ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი ბავშვი. ბრძენი მღვდელი იმწამსვე დათანხმდა, თანაც გასცა ორი მეტრიკა - მამრობითი სქესისა (პროკოფის სახელზე) და მდედრობითი სქესისა ( ევდოკიას სახელზე). ამგვარად, მშობელი დედა გათავისუფლდა მშობიარობის შემდგომი ყოველგვარი ფორმალობისგან: ბიჭი თუ შეეძინებოდა დაარქმევდა პროკოფი, ხოლო თუ გოგო ეყოლებოდა მეტრიკაც წინდაწინვე უკვე ჰქონდა გამზადებული ევდოკიას სახელზე" (Утро России. От 22 января).

მღვდელმა, არსებითად, შეასრულა ის, რაც განწესებული იყო წიგნში "Мир с Богом". ეს კურიოზული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაბატონებული ეკლესიის სასულიერო პირები ნათლობას უყურებენ როგორც ერთგვარ შელოცვას. წაიკითხავს მღვდელი რაღაცას, გააკეთებს რაღაცას, ცხადია გაბატონებული ეკლესიისთვის დამახასიათებელი დაუდევრობით - და აი თქვენც ნათლობა.

ცნობილია, რომ ნიკონიანელ მღვდლებს, რომლებიც ღრმად იყვნენ გაჟღენთილნი ნათლობაზე ასეთი შეხედულებით, ოთხფეხა ცხოველებიც "მოუნათლავთ". ამის შესახებ არსებობს მეტად სკანდალური ცნობები, რომელთაც, მკითხველი რომ არ შევაცბუნოთ, არ დავიმოწმებთ. ისიც კი საკმარისია, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. აქედანაც ცხადია, რომ გაბატონებული ეკლესიის მრავალ მოძღვარსა და ღვთისმეტყველს გააჩნია ანტიეკლესიური და ანტიქრისტეანული რწმენა ქრისტეანობის უპირველეს საიდუმლოსთან, ნათლობასთან დაკავშირებით.

4. რაც შეეხება ეკლესიის გარეთ აღსრულებულ ნათლობას, სინოდალური ეკლესიის მისიონერები და ღვთისმეტყველები ამ საკითხშიც ეწინააღმდეგებიან ერთურთს. პავლე პრუსიელის სკოლიდან გამოსული მისიონერები თვიანთი მოძღვრისა და მასწავლებლის თანხმიერად ასწავლიდნენ და ასწავლიან, რომ ეკლესიის გარეთ შეუძლებელია არსებობდეს არა თუ ნათლობა, არამედ ნებისმიერი სხვა საიდუმლოც და თუკი ეკლესია არ გადანათლავს ეკლესიისკენ მოქცეულ ზოგიერთ მწვალებელს, ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ცნობს მათი ნათლობის სინამდვილეს, არამედ იკონომიით ხელმძღვანელობს. პასუხი, რომელიც მიეწერება ტიმოთე ალექსანდრიელს და, რომლის თანახმადაც, თავიდან გადანათვლა დააბრკოლებდა ეკლესიისკენ მოქცეულ მრავალ მწვალებელს, დამოწმებულია პავლე პრუსიელისა და მის მოწაფეთა მიერ დაწერილ მრავალრიცხოვან ბროშურებში. თავიანთ თხზულებებსა და საჯარო განხილვებში ისინი დაბეჯითებით ქადაგებენ, რომ მწვალებელთა მიერ აღსრულებული ნათლობა "ნათლობა არ არის". ნათლობის აღსრულების უფლებას ისინი მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს მიაწერენ. ამ მისიონერთა რწმენით, მწვალებელთა სარწმუნოება ხდის მათ საიდუმლოებებს უსჯულოსა და არაფრის მაქნისს.

მაგრამ, სულ სხვაგვარად უყურებენ მწვალებლებსა და მათ საიდუმლოებებს, განსაკუთრებით კი ნათლობას, აკადემიური განათლების მქონე მისიონერები და ღვთისმეტყველები. "როგორც არ აუქმებს საიდუმლოს სინამდვილესა და ჭეშმარიტებას მისი შემსრულებლის ცოდვები, - გვარწმუნებს პეტერბურგელი მისიონერი გ. ბულგაკოვი, - ასევე არ აუქმებს მას მიმღების (ანუ მოსანათლის - მთარგმნ.) ცოდვები. ხოლო მწვალებლები არიან ცოდვილები, რომლებმაც ვერ შეინახეს სარწმუნოების უბიწოება და უფლის მცნებები, ან სიყვარული, რომელიც არის სჯულის აღსრულება. ხოლო თუკი საიდუმლოს სიწმიდე შეუძლებელია შეირყვნას ადამიანის ცოდვებით, ცხადია ის შეუძლებელია შეირყვნეს მწვალებელთა ცოდვითაც, თუკი ის შეასრულებს მას უფლის დაწესებისამებრ.

ამიტომაც, ნათლობა, რომელიც შესრულებულია მწვალებლის მიერ, მაგრამ უფლის დაწესებისამებრ და წმიდა სამების სახელის მოწოდებით, არის ქრისტეს წმიდა ნათლობა და არა ერეტიკოსისა. როგორც საღმრთო დაწესება ან უფლის კუთვნილება, ნათლისღების საიდუმლო, საიდუმლო მეორედ შობისა და აღორძინებისა, ყოველთვის, ვის მიერაც უნდა იყოს შესრულებული, ეკლესიაში თუ მის გარეთ, ადამიანს აღბეჭდავს წარუხოცელი ბეჭდით, ანუ ნიშნით, რომელიც შეუძლებელია გაქრეს და არ საჭიროებს განახლებას, მსგავსად სამხედრო ნიშნისა, რომელიც მხედართმთავრის მიერ ხელზე ეძლეოდა რომაელ ჯარისკაცს თავისი მოვალეობის შესახსენებლად და ჯარიდან გაქცევის შემთვევაში ააშკარავებდა დეზერტირის ვინაობას, რადგან ბეჭდს გაქცეული ვერც შეცვლიდა და ვერც განაახლებდა (Булгаков Г. // Миссионерское Обозрение. 1903. № 1. С. 69).

მწვალებელთა ნათლობაზე ამ შეხედულების დასტურად ბ-ნი ბულგაკოვი იმოწმებს მღვდელ ა. სერაფიმოვის წიგნებს: "არამართლმადიდებელ ქრისტეანთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების წესი და პრაქტიკა" და "აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლე განმარტება". ამ ორ თხზულებაში გარკვეულად წერია, რომ ნათლობა, რომელიც შესრულებულია მწვალებელთა მიერ წმ. სამების სახელით, არის ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ღმრთის საკუთრება. "ცრუდ და უკეთურად მიგვაჩნია სწავლება იმის შესახებ, - ამბობენ აღმოსავლელი პატრიარქები თავიანთ ეპისტოლეში, - თითქოსდა რწმენის არასრულყოფილება არღვევდეს საიდუმლოს მთლიანობასა და სრულყოფილებას. რადგან მწვალებლებს, რომლებსაც ღებულობს ეკლესია, როდესაც ისინი უარყოფენ თავიანთ ცრუ სწავლებებსა და მწვალებლობებს და შემოუერთდებიან საყოველთაო ეკლესიას, მიღებული აქვთ სრული ნათლობას, თუმც სარწმუნოება მათი იყო არასრულყოფილი" (Серафимов А. Правила и практика церкви относительно присоединения к православию неправославных христиан; Послание восточных патриархов. Гл. 15 и 16).

აქედან გამოდის, რომ ამ მწვალებელთა გადანათვლა არის დანაშაული, თუნდაც მათ სულაც არ აბრკოლებდეთ გადანათვლა. უკეთურ და ცრუ სწავლებას აღმოსავლელი პატრიარქები, ცხადია, უწოდებენ იმ სწავლებას, რომელსაც ქადაგებენ პავლე პრუსიელის სკოლის მისიონერები. ისინი, პატრიარქთა მსჯავრით, არიან უკეთურები და ცრუპენტელები. ერთ თავიანთ წიგნში გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ნათლობა შეიძლება შეასრულოს სრულიად ურწმუნო და მოუნათლავმა ადამიანმაც (Мир с Богом. С. 109).

ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებმა ნათლობის ძალა მოიაზრეს მხოლოდ თავიანთი ღვთისმსახურის მოქმედებაში. ხოლო წიგნში "Мир с Богом" საიდუმლოს სინამდვილე განსაზღვრეს მომნათვლელის "განზრახვითაც" კი და არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭეს იმას, რომ ამ მომნათვლელს არც რწმენა აქვს და თვითონაც არ არის მონათლული. ეს კი ნიშნავს, რომ სინოდალური ღვთისმეტყველები თვითონ საჭიროებენ ჭეშმარიტ ქრისტეანულ ნათლობას, რომლის გარეშე ვერ არიან შემძლებელნი განსაზღვრონ თუ რასია ნათლობის მთელი არსი.

5. სხვადასხვაგვარად უყურებენ ისინი ასევე თვითმარქვიების მიერ აღსრულებულ ნათლობას. ძველმოწესეებთან გასაუბრებებსა და თავიანთ თხზულებებში, რომლებიც ძველმოწესეთა იერარქიის წინააღმდეგ არის მიმართული, ისინი ამტკიცებენ, რომ თვითმარქვიათა მიერ შესრულებული ნათლობა არის ყალბი და უმაქნისი. ნეტ. სიმეონ თესალონიკელის ცნობილი სიტყვები, რომ თვითმარქვიას მიერ ნათელღებული "არის მოუნათლავი", დამოწმებულია მისიონერთა თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. "ღმრთისმქადაგებელი წმიდა მოციქულები განაწესებენ, - უხსნიან მისიონერები ძველმოწესეებს, - რომ ნათლობის მადლი მართლმადიდებელ ქრისტეანს უნდა მოენიჭოს ღმრთისგან ეპისკოპოსთა და პრესვიტერთა მეშვეობით. რადგან, 46-ე და 47-ე კანონებში პირდაპირ არის ნათქვამი: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდილსაგან" (დიდი რჯულისკანონი. მოციქულთა 47-ე კანონი). ამრიგად, "ვინც ამბობს, რომ არ უნდა მოინათლოს ერისკაც-ცრუმღვდლისგან მონათლული და ჭეშმარიტად ვერ ნათელღებული, ის, ჩემის აზრით, - ბრძანებს ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი, - აშკარად ეწინააღმდეგება ამ კანონს; რადგან ის, განწესებულის საწინააღმდეგოდ, ერისკაც-ცრუმღვდლის ყალბ ნათლისღებას შეიწყნარებს როგორც ჭეშმარიტს" (ბალსამონის განმარტება სარდიკიის კრების მე-18 კანონზე).

მისიონერებს ასევე მოჰყავთ ნეტ. ფოტი კონსტანტინოპოლელის შემდეგი განსაზღვრებაც: "ხოლო მათზე, ვინც მონათლულია თვითმარქვიათა მიერ, არ ვცნობთ სულიწმიდით განათლებულად, ამიტომაც განვსაზღვრავთ, რომ ისინი უნდა მოინათლონ წყლით და ეცხოთ მირონი. ამ შემთხვევაში ჩვენ მივსდევთ მოციქულთა განწესებებს, რომლებიც მკაცრად კიცხავენ მათ, ვინც არ ნათლავს უკეთურთაგან მონათლულთ და ვინც, ამგვარად, ვერ არჩევს მღვდლებს ცრუ მღვდლებისგან" (Павлов А. Номоканон при Б.Требнике. М., 1897. С. 353).

თვითმარქვია მღვდლებზე ასეთივე აზრის იყო ნიკონ პატრიარქიც. მიიჩნევდა რა ასეთად თავის თანაშემწეს, კრუტიცკის მიტროპოლიტ პიტირიმეს, ის ამტკიცებდა, რომ "მისგან ხელდასხმული ყველა პრესვიტერი და დიაკვანი, ასევე დანარჩენი კლერიკოსნი უცხონი არიან ღმრთის მადლისთვის. ამიტომაც, მათგან მონათლულთა და მათ თანამოზიარეთა, ვინც გინდა იყონ ისინი: მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები თუ სამღვდელონი, ასევე ერის კაცნიც, - არ არიან ქრისტეანები".

უთითებს რა კრებათა განწესებებს, ნიკონი წერს: "ეპისკოპოსი, რომელიც საერო სასამართლოს ითხოვს არ არის ეპისკოპოსი. ასევე სხვა სამღვდელონი, რომლებიც მიატოვებენ საკლესიო სასამართლოს და მიმართავენ საეროს, თუნდაც გამართლდნენ, უნდა დაემხონ თავიანთი პატივისგან. აქედან, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, ასევე არქიმანდრიტები, იღუმენები, მღვდლები და დიაკვნები, მათთან ერთად კი დანარჩენნი კლერიკოსნი, საღმრთო განწესებათა უგულებელმყოფელნი, რომლებიც მიმართავენ საერო სამართალს: არ უნდა იწოდენ თავიანთი ხარისხების შესაბამისად ... რადგან საღმრთო განწესებათა მიერ არიან დამხობილნი; მათ მიერ განბანილნი გაუნუბანელნი არიან, მათ მიერ ნაკურთხნი - უკურთხებელნი, მათ მიერ ნათელღებულნი - მოუნათლავნი და მათ მიერ ხელდასხმულნი - ხელდაუსხმელნი" (Богословский Вестник. 1910, июнь. С. 285-286).

სინამდვილეში კი გაბატონებული ეკლესია სულაც არ უარყოფს თვითმარქვიების ნათლობას და მას არა მარტო ნამდვილად, არამედ წმიდა ნათლობადაც კი მიიჩნევს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ წიგნში "Мир с Богом" ღვთისმეტყველები დასაშვებად მიიჩნევენ ამგვარ ნათლობას; რომ ნათლისღება შეიძლება თურმე შეასრულოს სრულიად ურწმუნო და მოუნათლავმა ათეისტმაც. ის ნამდვილად მიიჩნევს პროტესტანტების ნათლობას, რომელთაც, საკუთრივ ეხება წმ. სიმეონ თესალონიკელის სიტყვები, რომ მათ არ გააჩნიათ არც ხელდასხმა და არც ნათლობა. შეიწყნარებს ის ძველმორწმუნე მღვდელმსახურთა ნათლობასაც, თუმცა ამავე დროს აღიარებს, რომ ისინი არიან თვითმარქვიები და "უკეთურ ეშმაკებზე უარესნი". ეს არის მისიონერთა უსაყვარლესი გამონათქვამი, რომელიც არ სცილდება მათ ბაგეებს, როდესაც ისინი "აცამტვერებენ" ძველმორწმუნეთა იერარქიას. ხოლო როდესაც ლაპარაკობენ ამ იერარქიის მიერ აღსრულებულ ნათლობებზე, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ "ეშმაკზე უარესებისგან" აღსრულებული ნათლობა წმინდაც არის და ნამდვილიც (См.: Беседы синодального миссионера о. Крючкова с Швецовым в Уральске. С. 27-28; Антонов Е. Разбор швецовских показаний. С. 197). თვით ეშმაკებზე კი არაფერია სათქმელი. მათგან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველნი განსაკუთრებული სიხარულით მიიღებდნენ "ნათლობას", ვინაიდან ეშმაკებს ხომ არა მარტო "სწამთ", არამედ "შიშისგან ძრწიან" კიდეც ღმრთის წინაშე (იაკობ. 2:19). ყოველ შემთხვევაში, ისინი, მათზე უკეთესნი არიან, ვიდრე "მათზე უარესნი". ამას როგორიც გინდა ლოგიკა დაამტკიცებს, თვით მისიონერულიც კი.

იბადება კითხვა: რისი სწამთ გაბატონებული ეკლესიის მისიონერებსა და ღვთისმეტყველებს, როდესაც სარწმუნოების სიმბოლოში ამბობენ: "მრწამს... ერთი ნათლისღება..."? ისინი ცრუობენ ღმრთის წინაშე, რადგან აღიარებენ არა ერთ, არამედ რამდენიმე ნათლისღებას. ისინი აღიარებენ: 1) სამჯერ შთაფლვით ნათლობას, 2) წყალპკურებითს, 3) მწვალებლურს, 4) თვითმარქვათა ნათლობებს, 5) მკრეხელურს და 6) როგორიც გინდა ისეთს, ათეისტურს და წინასწარს, ადგილზე არ მყოფი ურწმუნოებისა და ჯერ კიდევ დაუბადებელი ყრმების "ნათლობას" (ასევე ნათლობას ჰაერში, რასაც თანამედროვე ბერძნებმა "აერობაპტიზმა", ანუ ჰაერში ნათლობა შეარქვეს - მთარგმნ.).

რას უნდა ველოდოთ ასეთი "ღვთისმეტყველებისგან", თუკი მათ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტეანულ საიდუმლოზე გააჩნიათ ასეთი ველური და არანორმალური წარმოდგენა. "ღვთისმეტყველებაც" ამას ქვია! და ამის შემდეგ კიდევ ძველმოწესეებს აკრიტიკებენ და მათ ნივთმორწმუნეობასა და მწვალებლობას აბრალებენ. თვითონ კი ყველაზე აშკარა და ნათელი საკითხები ვერ გაურკვევიათ, ვერ გაუგიათ ნათლობის არსი, სხვებს კი, იცოცხლე, "ანათლებენ". აი, ჭეშმარიტი ხვრელთმლოცველები და ნივთმორწმუნენი!

სინოდალური უწყება დაშლილია მრავალრიცხოვან სექტად, რომელთაგან ყველაზე საშიში და მავნეა ხვრელთმლოცველთა და ნივთმორწმუნეთა სექტა, რომელშიც შედის გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა უზარმაზარი შტატი. მათი რწმენა არის ცარიელი ხვრელი, რომელშიც შეიძლება შევტენოთ რომელიც გინდა დოგმატი. მათი რწმენა "ცხენის უნაგირივითაა: საითეკნაც მიაქცევ იქით მიდის". ხოლო ყოველ ნივთს, დაწყებული ფულით, რომლისთვისაც ისინი მსახურებენ და დამთავრებული თამბაქოთი, რომლითაც ჩუქჩებს აჯილდოვებენ ნათლობისთვის და ჯვრის მაგიერ ჩუქნიან, - თავიანთ კულტად მიიჩნევენ და მათდამი ლოცულობენ, ვითარც უდიდეს სიწმიდეთადმი.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика