აპოლოგეტიკა - გზააბნეული ღვთისმეტყველება 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფ. მელნიკოვი

გზააბნეული ღვთისმეტყველება

პროტესტანტიზმი

შინაარსი

თავი V

ღმრთის ძის შესახებ


თვით ღმრთის ძის, იესუ ქრისტეს შესახებ, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებს გააჩნიათ განსხვავებული წარმოდგენები და სხვადასხვაგვარად ქადაგებენ მის შესახებ. ცნობილი პუბლიცისტი ბ-ნი მენშიკოვი წერს: "ორი წლის განმავლობაში ვესწრებოდი პეტერბურგში ე. წ. რელიგიურ-ფილოსოფიურ შეკრებებს, სადაც თვალნათლივ ვაკვირდებოდი განსწავლული სამღვდელოების თითქმის ყველა წარმომადგენელს. მცირედი გამონაკლისის (მაგ.: ეპისკოპოსების სერგისა და თეოფანეს) გარდა, დანარჩენებმა მათთვის დამახასიათებელი ერთი თვისებით, არარელიგიურობით გამაოგნეს. საღვთისმეტყველო მეცნიერებაში მათ ჩაუყვინთავთ, როგორც ჩანს, ვითარც ქლორში და იქიდან სრულიად გაუფერულებსა და ნებისმიერი სარწმუნოებისადმი ინდიფერენტულებს ამოუყვინთავთ, განსაკუთრეგბული გულგრილობა კი მათ ქრისტეანობისადმი დასჩემებიათ. გაკვირვებული ვიყავი ამ ე. წ. "მედღესასწაულე" აკადემიის ანაფორიანი პროფესორებით, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას, მკვდრეთით აღდგომის სასწაულს და ა. შ. ერთი განათლებული არქიმანდრიტი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ქრისტე თურმე არასწორად იმოწმებდა წინასწარმეტყველთ ძველი აღთქმიდან, რომ დედანში თურმე სულ სხვა რამ ყოფილა ნათქვამი და არა ის, რასაც ქრისტე ქადაგებდა. დედაქალაქის აკადემიის ამ სწავლული ეპისკოპოსებისა და მღვდლების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ეკლესიის ხომალდი, რომელსაც სასულიერო აკადემია ეწოდება, შემჯდარა მეჩეჩზე" (Меньшиков. Письма к ближним. [Новое время]. 1909. С. 894).


პეტერბურგშივე გამოდის სასულიერო ჟურნალი "Странник", რომელშიც თანამშრომლობენ გაბატონებული ეკლესიის საუკეთესო ღვთისმეტყველები და პროფესორები. ყოველწლიურად ეს ჟურნალი თავის ხელმომწერებს სთავაზობს თითო ტრაქტატს საერთო სათაურით: "ქრისტეანობა, მეცნიერება და ურწმუნოება XX საუკუნის გარიჟრაჟზე" ("Христианство, наука и неверие на заре XX века"). 1909 წელს გამოიცა მერვე გამოშვება, რომელშიაც მოთავსებულია ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, ი. ა. ლეიტონის თხზულება: "იესუ ქრისტე და თანამედროვე ცივილიზაცია" ("Исус Христос и современная цивилизация"). "Странник" - ის რედაქცია ძალიან აქებს ამ თხზულებას. რედაქციის აზრით: "ეს არის მეტად საინტერესო ტრაქტატი, რომელიც არა მარტო ბრწყინვალედ არის დაწერილი, არამედ, შეიძლება ითქვას, მეტად ამაღლებითაც". სინამდვილეში ამ "ამაღლებულმა" ტრაქტატმა წაართვა ქრისტეს ღვთაებრიობა. პროფესორ ლეიტონისთვის ქრისტე მარტოდენ "კოლოსალური რელიგიური გენიოსი" და "მსხვილი ისტორიული პიროვნებაა ("Лейтон И.А. Исус Христос и современная цивилизация //Христианство, наука и неверие на заре XX века. СПб.: Изд. ж. "Странник", 1909. Вып.8. С. 15, 16).

"ჩვენ საქმე გვაქვს, - აგრძელებს ავტორი, - ისეთ ისტორიულ პიროვნებასთან, რომელიც ფლობდა უმაღლეს შემოქმედებით ძალასა და ზეგავლენას. თუკი ჩვენ, ერთის მხრივ, განუსჯელად არ უნდა ვღებულობდეთ შეხედულებას, რომ ამ პიროვნებას არ ჰყავდა ბადალი კაცობრიობის ისტორიაში, არც იმის ვარაუდის უფლება გვაქვს, გავათანაბროთ, ანუ ჩამოვაფასოთ იგი, რელიგიის ისეთ მოძღვართა დონემდე, როგორებიც იყვნენ მოსე, მუჰამედი, ბუდა და ლაო-ძი (ქრისტესშობამდელი ერის VI-V საუკუნეების ჩინელი ფილოსოფოსი. დაოსიზმის ფუძემდებელი - მთარგმნ.). თუკი პირველი თვალსაზრისი არის ულტრაკონსერვატული უკიდურესობა, მეორე, უეჭველად, უკიდურესი ულტრაკრიტიციზმია, რომელიც იმთავითვე უარს ამბობს დაინახოს ქრისტეში განსაკუთრებული პიროვნება. არც ერთ და არც მეორე უკიდურესობებს შეუძლიათ შექმნან იესუ ნაზარეველის, როგორც პიროვნების პორტრეტი და მოგვცენ მისი სწავლების მართებული შემეცნება" (Лейтон И.А. Указ. соч. С. 17).
ტრაქტატში ასევე ნათქვამია, რომ "ქრისტე, იზიარებდა მოარულ შეხედულებას ნერვულ და გონებრივ მოშლილობებზე, თითქოსდა ეს იყო ბოროტ სულთა ზემოქმედების შედეგი" (იქვე. გვ. 21). ტრაქტატის ავტორი იზიარებს სხვა "შეხედულებებსაც" ამ "მოშლილობებთან" დაკავშირებით. მას არ სწამს ქრისტეს სიტყვებისა ცოდვილთა დასჯის შესახებ (იქვე, გვ. 86); ეეჭვება, რომ "სატანასთან დაკავშირებული გამონათქვამები ნამდვლად ეკუთვნოდეს ქრისტეს" (იქვე, გვ. 101). ამტკიცებს, რომ ისეთი მოვლენები სამყაროში, როგორიცაა ზნეობრივი ბოროტება, იესუ ქრისტესთვის "ამოუცნობ გამოცანად რჩებოდა" (იქვე).

რაც შეეხება ქრისტეს წინასწარმეტყველებებს, კერძოდ იმას, რომ სამყაროს აღსასრულს "იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მარკ. 13:26; ლუკა 21:27). პროფ. ლეიტონი აზრით, ეს "არსებითად სხვა არაფერია, თუ არა აპოკალიპსური დანაშრევები, ან მოარული აპოკალიპსური ჩანართები, რომელიც გაუჩნდათ ქრისტეს მოწაფეებს მისი გამონათქვამების არასწორად გაგების გამო" (იქვე. გვ. 146).

ასეთივე საეჭვო სწავლებებია გადმოცემული "მართლმადიდებლურ" სახელმძღვანელოებშიც, რომელიც მოწონებულია მმართველი სინოდის მიერ. მაგალითად, მღვდელ ბუხარევის წიგნში სახელწოდებით "Начальное обучение Закону Божию", შეკითხვაზე: "რატომ იწოდება ძე ღმრთისა ქრისტედ?" - მოცემულია ასეთი პასუხი: "ქრისტეებად, ანუ ცხებულებად, ძველთაგანვე იწოდებოდნენ მეფეები, მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველები, რადგან მათ ცხებდნენ წმ. ზეთს სული წმიდის გადმოსაწვევად მათზე. იესუ ქრისტე თუმც არ ყოფილა ცხებული ხილულად, მაგრამ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე ნათლისღების დროს მტრედის სახით. ამიტომაც იწოდება ის ქრისტედ, ანუ ცხებულად" (Бухарев, свящ. Начальное обучение Закону Божию. Синод, изд., 1898. С. 18).

მაშასადამე, გამოდის, რომ ნათლისღებამდე ქრისტე არ ყოფილა ქრისტე. ასეთი სწავლება მომდინარეობს უძველესი მწვალებლების, - გნოსტიკოსებისგან, კორინთელებისგან და სხვა. წმ. ეფრემ ასურელი სახარების სიტყვებს "რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე" (ლუკა 2:11) ასე განმარტავს: "კი არ ამბობს: იშვა კაცი რათა გახდეს მაცხოვარი, ანუ ქრისტეო, არამედ "იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი"-ო ბრძანებს და რომელიც არის სწორედ მაცხოვარი. არც ის უთქვამს რომ ის შეიქნებოდა უფლად, არამედ უკვე იყო უფალი, რადგამ ბრძანებს: "რომელ არს ქრისტე უფალი" (ლუკა 2:11). სქოლიოში ამ ადგილს მიცემული აქვს განმარტება: "აქ იგულისხმება გნოსტიკოსთა ცრუ სწავლება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესუ, მხოლოდ ნათლისღების დროს, ეონის გადმოსვლის შედეგად გახდა ღმერთი და ქრისტე" (Сирин Ефрем. [Толкование на Евангелие] // Богословский вестник. 1896. Март. С. 39). თეოდორიტეს "ეკლესიის ისტორიაში" ნათქვამია, რომ ერეტიკოსი კერინთოსიც ასწავლიდა, რომ "იესუ იშვა იოსებისა და მარიამისგან ადამიანთათვის საზოგადო წესით, ხოლო ქრისტეზე იესუ ნათლისღებისას გადმოვიდა" ("Феодорит. Церковная история. Ч. 6. Глава 11).

წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელის გამოთქმას: "ღმერთი იყო მდუმარებაში, და პირველივე გამოთქმაში "დე იქმნენ საუკუნენი" უხრწნელად შვა სიტყვა, ანუ თავისი წმიდა სულის გამომავლობისას გულისგან აღმოთქუა (отрыгнул)", - გაბატონებული ეკლესიის მისიონერები მიიჩნევენ ცთომილად და მწვალებლურად, ხოლო ამ გამოთქმის დამცველებს - უკეთურებად და ღმრთისმგმობელებად.

მისიონერებს (პავლე პრუსიელს, კრუგლოვს, გოლოვკინს, ზუბარევსა და სხვებს) გამოცემული აქვთ მთელი რიგი თხზულებები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ მამა ღმერთის წარმოდგენა მდუმარებაში და ძის შობა მამის პირველივე სიტყვის აღმოთქმისთანავე არის უდიდესი მწვალებლობა. "ამ წარმოდგენის მიხედვით, - განმარტავს წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელის ამ გამოთქმას კოსტრომელი მისიონერი მღვდელი ზუბარევი, - გამოდის, რომ ღმერთი ჯერ "მდუმარებაში" ყოფილა, შემდეგ საუკუნეთა შექმნა მოსურვებია, ალაპარაკებულა და "უშვია" ძე; თანაც, "პირველი" სიტყვის აღმოთქმისთანავე, ანუ როგორც კი ლაპარაკი დაიწყო "გულიდან აღმოუშვია" ძე და გამოუვლინებია სულიწმიდა. ამ "აღმოთქმაზე" და "აღმოშობაზე" უკეთური და მის დაცვაზე მკრეხელური რა შეიძლება იყოს?! (Зубарев, свящ. Белокриничное староверие. Отд. изд.; Он же. То же: Миссионерское Обозрение. 1909. № 11. С. 13).

მაგრამ გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნებში შეტანილია და დაცულია სწორედ ეს გამოთქმა ღმრთის მდუმარებაზე და პირველი ხმის ამოღებასთან ერთად ძის შობაზე. ეპისკოპოს სილიბისტროს (სილვესტრის) "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" გადმოცემულია ტერტულიანეს სწავლება ღმრთის ძის შობის შესახებ. "მართალია, - ასწავლის ტერტულიანე, - ღმერთს ჯერ კიდევ არ აღმოუთქვამს (nоn dummisera) თავისი სიტყვა, მაგრამ დასაბამიდანვე ჰქონდა იგი თავის თავში გონებასთან ერთად და თვით გონებაში, მდუმარებაში აწესრიგებდა იმას, რის განხორციელებასაც იზრახავდა სიტყვის მიერ. რადგან განაწესრიგებდა რა თავის ცნობიერებაში ყოველივეს, მან წარმოშვა ის სიტყვა, რომელიც შემდეგ აღმოთქვა" (Сильвестр, еп. Опыт догматического богословия". Т. II. § 107. С. 337). და "ეს, - განმარტავს ეპ. სილიბისტრო, - არის საუკეთესო და ნათელი მხარე ტერტულიანეს სწავლებაში სიტყვის შესახებ, რადგან ნათელს ჰფენს მის წინამორბედ აპოლოგეტთა სწავლებას ლოგოსზე და განმარტავს და ავსებსო იმას, რაც მხოლოდ იგულისხმებოდა მათ ნაშრომებში, მაგრამ არ მტკიცდებოდა, რითაც სრულიად აქარწყლებს საყვედურს გამოთქმულს მათ წინააღმდეგ, თითქოსდა ისინი ლოგოსს არ მიიჩნევდნენ ღმრთის თანამარადიულ იპოსტასად" (იქვე. გვ. 340). ამრიგად ის, რაც მისიონერ ზუბარევისა და ძმათა მისთათვის "უკეთურება და ღმრთისმგმობელობაა", ეპისკოპოს სილიბისტროსთვის "საუკეთესო და ნათელი" მოძღვრება ყოფილა.

ტერტულიანე ასწავლიდა, რომ "სიტყვა, როგორც კი გამოვიდა ღმრთისგან (dumex Deoprocedit), და თავისი სახე და სისრულე მიიღო, საკუთრივი მნიშვნელობით გახდა ძე, რომელიც როგორც სიტყვა, ადრე სხვა სახელწოდებებით (სიბრძნე, გონება და სხვა) არსებობდა. როდესაც ღმრთისგან გამოვიდა ის იშვა და გახდა ძე (Filiusfactusest Dei, dequo prodeundogeneratusest), მხოლოდშობილი, როგორც შობილი უწინარეს ყოველთა, რომელიც იშვა ღმრთის გულის სიღრმიდან (primogenitus, utante omniagenitus, etunigenitus, utsolusexDeogenitus — propriade vulvacordisipsius).
ავითარებს რა ამ აზრს, ტერტულიანე იმასაც ამტკიცებს, რომ მამისა და ძის სახელები არ არის რაიმე არსებითი ღმერთში, არამედ შემთხვევითია, რომელიც ასახავს მის დამოკიდებულებას სამყაროსთან, საღმრთო განგებულების მიხედვით და, რომ იყო დრო, როდესაც მამა არ იყო ისევე, როგორც იყო დრო, როდესაც არ იყო ძე" (იქვე).

ტერტულიანეს ეს სწავლება ცხადზე უცხადესად მწვალებლურია და ყოვლად შეუძლებელია მისი შეთავსება საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებასთან. მაგრამ ეპისკოპოსი სილიბისტრო ტერტულიანის სწავლების ამ პუნქტში ვერავითარ მწვალებლობას ვერ ხედავს.

"ძნელი არ არის იმის დანახვა, - ბრძანებს ის, - რომ ყოველივე ამაში გამოხატულია არა ის აზრი, თითქოსდა ძე არ არსებობდა მარადისობაში, როგორც იპოსტასი, არამედ ის, რომ ძე მარადის იყო ღმერთთან როგორც მისი შინაგანი სიტყვა ოღონდ, ღმრთისგან გამოსვლის დროს, შესაქმისთვის გამოავლინა თავისი თავი როგორც ძემ და გამოგვეცხადა იმ განსაკუთრებული სახით, რომლითაც მამის წიაღში მყოფს ადრე არასდროს უარსებია" (იქვე. ტ. II. § 107. გვ. 341).

"ძნელი არ არის დავინახოთ, - აცხადებს ისევ ეპისკოპოსი სილიბისტრო, - რომ ტერტულიანეს სწავლება ღმრთის ერთარსობისა და განუყოფლობის შესახებ მართლმადიდებლურია და წმ. სამების შესახებ ეკლესიის რწმენის თანხმიერია. მაგრამ შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ კერძო მომენტებსა და წვრილმანებში ის ჯერ კიდევ არ არის ისე ზუსტი და განსაზღვრული, როგორც ჩამოყალიბდა იგი ნიკეის პერიოდში" (იქვე. გვ. 349, 350).

ტერტულიანეს სწავლებას, რომ "იყო დრო, როდესაც მამა არ იყო მამა, ისევე, როგორც იყო დრო, როდესაც არ იყო ძე", გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველი ეპისკოპოსი მხოლოდ ფორმულირების უზუსტობად მიიჩნევს.

"მართალია, - განმარტავს სილიბისტრო, - ტერტულიანეს გადმოცემაში წმ. სამების შესახებ ჩვენ ვხვდებით არა მარტო არაზუსტ და ორაზროვან, არამედ ისეთ გამონათქვამებსაც, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა მიგვეწერა ებიონიტური ან შემდგომ აღმოცენებული არიანული შეხედულებებისთვის. მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა ამის გამო, როგორც ზოგიერთი პროტესტანტი კრიტიკოსი იქცევა, დავეჭვდეთ ტერტულიანეს არაერთგულებაში წმ. სამების შესახებ ეკლესიის სწავლების მიმართ, რომლის დასაცავად ესოდენ მედგრად გაისარჯა მონარქიანელების წინააღმდეგ. რაც შეეხება ადგილ-ადგილ არსებულ უზუსტობებს და არცთუ წარმატებულ გამონათქვამებს, წარმოდგენებსა და გამოთქმებს, ეს ადვილად აიხსნება მისი მეტყველების (ენის) თავისებურებით, რომელიც არ იყო ზუსტად გამომუშავებული, ასევე მზა ტერმინოლოგიის არარსებობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა იმ აუცილებელ ნიუანსში, როდესაც წმ. სამების დოგმატზეა ლაპარაკი. საზოგადოსა და არსებითში კი მისი სწავლება, როგორც ვხედავთ, არა თუ წმ. სამების შესახებ ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოს არაფერს შეიცავს, პირიქით, მრავალ ისეთ მნიშვნელოვანსა და სასარგებლო რამეს შეიცავს, რამაც ხელი შეუწყო ადრინდელთან შედარებით მის უფრო მეტ და ზუსტ გახსნას და, ამასთანავე, შეიქნა ერთგვარ ნიადაგად იმ საბოლოო ფორმულირებისთვის, რომელიც ამ დოგმატმა მიიღო გვიანდელ, ნიკეურ პერიოდში" (იქვე. გვ. 334).

ეპ. სილიბისტროს დაბეჯითებული მტკიცებით, აბსოლუტურად არაფერია არც მწვალებლური ან ცთომილი წმ. სამების შესახებ ტერტულიანეს სწავლებაში. უნდა შევნიშნოთ, რომ ეპ. სილიბისტროს ღვთისმეტყველება გაბატონებულ ეკლესიაში ყველა სხვა საღვთისმეტყველო წიგნებზე და თვით საკრებო დადგენილებებზე მაღლაც კი არის დაყენებული (იქვე. გვ. Православно-Русское Слово. 1904. № 5).

ეპისკოპოს სილიბისტროს "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ჩვენ ვხვდებით კიდევ ერთ ასეთ გამონათქვამს: "ყველაფერი იყო მასში (მამაში), და ის იყო ყველაფერი. როდესაც ისურვა და როგორც კი ისურვა, მან, მის მიერ განსაზღვრულ დროში, გამოავლინა თავისი სიტყვა, რომლითაც ყოველივე შექმნა... ეს სიტყვა მან შვა, როგორც ყოველივე არსებულის მრჩეველი-ბელადი და მმართველი. ჰყავდა რა უხილავად, პირველი ბგერის წარმოთქმით ხილულჰყო იგი ქმნილი სამყაროსთვის და ნათლისაგან ნათლის შობით ქმნილებას უბოძა უფალი - თავისი გონება, რომელიც თავიდან მხოლოდ მისთვის იყო სახილველი, ქმნილი სამყაროსთვის კი უხილავი იყო; ამიტომაც ხილულჰყო იგი, რათა სამყარო, რომელიც მას იხილავდა ცხოვნებულიყო" (Сильвестр, еп. Указ. соч. Т. II. Гл. 2. § 108. С. 353).

ეს გამოთქმა შეიცავს იმავე საღვთისმეტყველო აზრს, რომელიც გამოთქმულია წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელის სიტყვებში. მისიონერები ამტკიცებენ, რომ ის უცილობლივ მწვალებლურია, უკეთურია და ღმრთისმგმობი. მაგრამ, ისმინეთ, როგორ ესმის ეს სწავლება ეპ. სილიბისტროს.

დამოწმებული გამონათქვამი ეკუთვნის წმ. იპოლიტეს, რომის პაპს: "ჩვენს მიერ მოტანილი იპოლიტეს მსჯელობიდან ძნელი არ არის დავინახოთ, - ასკვნის სილიბისტრო, - რომ, ტერტულიანის მსგავსად, ისიც სამყაროს შექმნამდელ პერიოდს განაკუთვნებს ძის შობას და მის თვისებას, ძეობას; განსაკუთრებულ მიმართებაში აყენებს მის გარეგან დამოკიდებულებას სამყაროსთან და საღმრთო აღმშენებლობასთან, თანაც, ტერტულიანესგან განსხვავებით, ამტკიცებს, რომ ქრისტე მამის ძეა მხოლოდ განკაცებასთან მიმართებაში. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იპოლიტე უარყოფდა ძის დაუსაბამო შობას, მითუმეტეს მის არსებობას განკაცებამდე" (Сильвестр, еп. Указ. соч. Т. II. Гл. 2. § 108. С. 354). ანუ სილიბისტრო სრულიად მართლმადიდებლურად მიიჩნევს იპოლიტეს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ მამა ღმერთმა შვა ძე "პირველი ბგერის გამოთქმისთანავე", ანუ ეს ის შეხედულებაა, რომელსაც გაბატონებული ეკლესიის მისიონერები მწვალებლობად, უკეთურებად და ღმრთისგმობად რომ მიიჩნევენ.

ღმრთის ძესთან დაკავშირებით, გაბატონებული ეკლესია ვერ მივიდა ერთ განსაზღვრულ რწმენამდე: როგორ უნდა მოვიაზროთ ის წმ. სამებაში - ორი ბუნებით (ღვთაებრივით და კაცობრივით) თუ მხოლოდ ერთით, - ღვთაებრივით? ამ დოგმატურ საკითხს გაბატონებულ ეკლესიაში წყვეტენ სხვადასხვაგვარად. ეფროსინე ფსკოველის "ცხოვრებაში" ნათქვამია: "Да увем известно, как уста благословляют приятно Имя совершенно, Единосущнаго в Троице, без порока в Божестве и человечестве". სრულიად ცხადია, რომ აქ ლაპარაკია ღმრთის ძეზე. ის, ღირსი ეფროსინეს "ცხოვრების" მიხედვით, წმ. სამებაში მოიაზრება ორი ბუნებით - ღვთაებრივით და კაცობრივით.

ასეთ რწმენას პიტირიმე, ნიჟეგოროდის მიტროპოლიტი, თავის ცნობილ წიგნში "შურდული" ("Пращица") ეკლესიის საწინააღმდეგო და აშკარა მწვალებლურ შეხედულებად მიიჩნევს. პიტირიმეს თვალსაზრისით, ღმრთის ძე ორივე ბუნებით მხოლოდ მაშინ უნდა ვაღიაროთ, როდესაც ჩვენ მას წარმოვიდგენთ "როგორც ერთს, წმიდა სამების იპოსტასთაგან" ("Единого от Троицы"). ხოლო ვინც, წმ. სამებაშიც ერთარს ძეს ორი ბუნებით ირწმუნებს, ხორციელ განკაცებას მთელ სამებას განაკუთვნებას (всей Троице "наносит приятие плоти").

"იხილეთ ყველამ, - ღვთისმეტყველებს პიტირიმე, - როგორ წარმოჩინდება ღირსი ეფროსინეს ცხოვრების აღმწერელის არამართლმადიდებლობა: წმიდა სამებაში ერთარსი ქრისტეს ორ ბუნების აღიარებით, განკაცებას არა მარტო ქრისტეს, არამედ მთელ სამებას მიაწერს. ღმერთმა ნუ ქნას ასეთი ღმრთის საწინააღმდეგო აზრი მივაწეროთ ღირს ეფროსინეს: ის ერთარს ღმერთს, წმიდა სამებას, მისი ცხოვრების აღმწერელივით კაცობრივ ბუნებას კი არ განაკუთვნებდა და ადიდებდა, არამედ წმიდა სამებისგან ცალკე აღიარებდა მხოლოდშობილ ძეს ორი ბუნებით, - ღვთაებრივით და კაცობრივით. ამით, ცხადი ხდება, რომ მისი ცხოვრების აღმწერელი მწვალებელია და ქადაგებს სულიწმიდის განკაცებასაც... რაც მთელი წმიდა ეკლესიის საწინააღმდეგოა" (Питирим, еп. Пращица. 1752. Ответ на 18 вопрос. Л. 69).

"შურდული" ("Пращицა") გამოსცა მმართველმა სინოდმა. ის გამოხატავს არა მხოლოდ პიტირიმეს სარწმუნოებასა და შეხედულებებს, არამედ მთელი სინოდალური იერარქიისასაც. "შურდულის" შემდგენელ-გამომცემელნი, როგორც ჩანს, არც კი ეჭვობდნენ, რომ "აშკარა მწვალებლობაში" ამხილეს საკუთარი ეკლესია.

ის, რაც გამოთქმულია ღირ. ეფროსინეს "ცხოვრებაში", ვპოულობთ წიგნში "ფილაქანი" ("Скрижаль"), რომელიც დამტკიცებულია 1666 წლის კრების მიერ და გაბატონებული ეკლესიის მრავალ წიგნშია შეტანილი.

"ფილაქნის" მტკიცებით იქ, სადაც ლაპარაკია წმ. სამებაზე, ქრისტეს ორბუნებოვნებასაც იქვე უნდა აღვიარებდეთ (Скрижаль. 1655 — 1656. Л. 8 об.). "ვბრძანებთ, - ნათქვამია იმავე წიგნში, - პირველი სამი თითით გამოვსახოთ პირჯვარი, რითაც აღვიარებთ წმიდა სამების საიდუმლოსა და განგებულებას" (Скрижаль. Л. 806).

"იხილეთ ყველამ, - დავასკვნით "შურდულის" სიტყვებით, - ღმერთზე ამ საძაგელი სწავლებით როგორ წარმოაჩენს "ფილაქანი" თავის არამართლმადიდებლურობას: რადგან წმიდა სამებაში ერთარსი ქრისტეს კაცობრივი ბუნებით აღიარებით, მთელ წმიდა სამებას მიაწერს განკაცებას". "ამიტომაც", 1667 წლის მთელი კრება, რომელმაც თავისი ავტორიტეტით დაამტკიცა "ფილაქანი", - პიტირიმეს მსჯავრით, - "აშკარად ერეტიკულია".

მივუთითებთ კიდევ ერთ ადგილზე, რომელიც ააშკარავებს გაბატონებული ეკლესიის წარმოდგენებს წმ. სამებაზე და იმ გასაოცარ ტერმინოლოგიაზე, რომლითაც ეს წარმოდგენა გამოიხატება. საღვთისმსახურებო თვენში, რომელიც კიევო-პეჩორის ლავრაში დაიბეჭდა 1787 წელს სინოდის კურთხევით, "ღვთისმშობლის ტროპარში" (შემოკლებით: "ღვთისმშობლისა") ვკითხულობთ: "Без матерняго на небеси паче мысли и слуха, на земли без Отца родила еси: Того Богородице моли о душах наших" (Минея Служебная. Изд. Киево-Печерской лавры, 1787. Июль, 24 дня. Служба свв. Борису и Глебу, на утрени по 1-й стихологии). ამ ტექსტის მიხედვით გამოდის, რომ რაკიღა ძე ღმერთი ზეცაში იშვა დედის გარეშე, მაშასადამე, ზეცის შექმნა წინ უსწრებდა მამისგან ძის შობას. შესაძლოა, გამოთქმა "на небеси" უნდა გავიგოთ ამაღლებული მნიშვნელობით, ანუ, ის აქ გამოყენებულია ისეთივე სულიერი თვალსაზრისით, როგორც სულიერად გვესმის, მაგალითად ღმრთის ხელები, თვალები და ა. შ., რათა ამგვარი სახით ადამიანთათვის უფრო მისაწვდომი გახდეს საღმრთო საიდუმლო. მაგრამ, როგორ ავხსნათ ის, რომ ღვთისმშობელმა "ის შვა", "დედის გარეშე ზეცაში", როგორც ღვთისმეტყველებს გაბატონებული ეკლესია მოტანილ ტროპარში?

ზემოთ (იხ. თ. II) ჩვენ ვუთითებდით, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა აღიარებით, თვით "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში", გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველების ამ ფუნდამენტში, ქრისტე წარმოდგენილია, როგორც "სისხლიანი კულტის მოგვი" და აღიარებულია მისი ჯვარზე ვნება მხოლოდ ხორცით (Тарасий, иеромонах. Указ. соч. С. 75-76 и 102).

გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები დავობენ "ქრისტეს ვნებების" გარშემოც. თავისი განათლებულობით ცნობილი პროფესორი ნ. გლუბოკოვსკი, თავის წიგნში "სავლეს მოქცევა და წმ. მოციქულ პავლეს სახარება" ("Обращение Савла и Евангелие св. апостола Павла"), ამტკიცებს, რომ ეს იდეა "სამოციქულო მახარობლობის თავდაპირველი დოგმატი არ ყოფილა" (გვ. 42). მაგრამ, მეორე პროფესორ-ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი, ამ საკითხზე სხვა აზრისაა.

სრულიად განსხვავებულ თეორიებს გვთავაზობენ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ქრისტეს გამოსყიდვის დოგმატის შესახებაც. ერთ თეორიას აყალიბებს პროფ. ვ. ნესმელოვი (Несмелов В. Метафизика жизни и христианское откровение // Православный Собеседник. 1902. Сентябрь и октябрь. С. 381 и далее), სხვას - "მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ენციკლოპედია" (См.: Указ. соч. Т. V. С. 1075-1084); მესამეს - პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი (Светлов П.Я. Значение креста в деле Христовом; Его же: В приложении очерк: "Страничка из истории догмата искупления в русском богословии") (ისვე უთითებს გამოსყიდვის დოგმატზე არსებულ თეორიათა მრავალფეროვნებას).

გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთაგან ზოგიერთი აშკარად აღიარებს, რომ იესუ ქრისტე მსხვერპლად შეეწირა არა მამა ღმერთს, არამედ სატანას.

"უცნაურ სიტყვებსა და ქმედებებს აწყდება დღეს მართლმადიდებელი ადამიანი, - აცხადებს მისიონერულ გაზეთ "კოლოკოლში" ("Колокол") ბ-ნი კ. იკსული. - მაგრამ, ასეთი სიტყვებისა და მოქმედებების უცნაურობა კიდევ უფრო მატულობს, როდესაც ისინი გამომდინარეობენ ეკლესიის მოძღვართაგან, რომელთა თვით წოდება და საზოგადოებრივი მდგომარეობა, უნდა ავალდებულებდეს მათ განსაკუთრებულ სიფრთხილეს, დაფიქრებასა და ტაქტს ამ ჩვენს მზაკვარ დროებაში. ჩემს წინაშეა გაზეთ "კოლოკოლის" 1911 წლის, 1416-ე ნომერი, რომელშიც იუწყებიან "მოსწავლე ახალგაზრდობის ქრისტეანული თანამეგობრობის" ერთ-ერთ შეკრებაზე. ამ შეკრებაზე მღვდელმა პ. კრემლიოვსკიმ გამოთქვა და დაიცვა თავისი გასაოცარი "საღვთისმეტყველო" შეხედულება, რომელიც, ალბათ, "კოლოკოლის" მკითხველს ჯერ კიდევ ახსოვს. ლაპარაკობდა რა მაცხოვრის გამომსყიდველ მსხვერპლზე, მან თქვა, რომ ეს მსხვერპლი მიტანილ იქნა არა მამა ღმერთის, არამედ სატანის მიმართ, რადგან შეუძლებელი იყო ღმერთს, როგორც მოყვარულ მამას, ასეთი სისხლიანი მსხვერპლი მოეთხოვა" (Иксуль К. Колокол. 1911. № 1447).


თავი VI

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებაც, გაბატონებული ეკლესია არაერთგვაროვნად ასწავლის. მაგალითად, მისი თანამედროვე მისიონერები და ღვთისმეტყველები უარყოფენ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას. პროტოპრესვიტერმა ა. ლებედევმა დაწერა დიდი თხზულება "უბიწო ჩასახვის შესახებ" ("О непорочном зачатии"), რომელშიაც ამტკიცებს, რომ ეს სწავლება არის ლათინური, მწვალებლური დოგმატი. მღვდელ კ. ოკოლოვიჩის ბროშურაში, "ეწინააღმდეგება თუ არა ღმრთის სიტყვას კათოლიკური ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ?" ("Не противоречит ли Слову Божию учение католической церви о непорочном зачатии Пресвятой Девы?"), რომელიც მისიონერ-გენერალმა ვ. სკვორცოვმა გამოსცა, ასევე ნათქვამია, რომ ეს სწავლება წმიდა წერილის საწინააღმდეგოა.

განსაკუთრებული თავგამოდებითა და გულმოდგინებით ამტკიცებს ამ სწავლების ერეტიკულობას ვლადიმირელი მისიონერი მამა აკციპეტროვი, არადა ამ სწავლებას მისდევდნენ ახალრუსული ეკლესიის თვალსაჩინო მღვდელმთავრები. ის შევიდა კრებითად მიღებულ კანონიკურ წიგნში და დღემდე რჩება ეკლესიის უცვალებელ დოგმატად.

"XVII-ე საუკუნეში, - წერს პროტ. ლებედევი, - ზოგიერთმა სწავლულმა დასავლეთ რუსეთიდან, ისეთებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, წმ. დიმიტრი როსტოველი, ლაზარე ბარანოვიჩი, იოანე გალიატოვსკი და ანტონი რადივილოვსკი, იზიარებდნენ სწავლებას უბიწო ჩასახვის შესახებ და ღიად ქადაგებდნენ კიდეც მას, რაც მამა გაგარინს, ამ ლათინური დოგმატისადმი რუსული ეკლესიის რწმენის საყოველთაო გამოხატულებად მიაჩნია.

მაგრამ ეს შემთხვევა აშკარად მოწმობს, რომ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ ლათინთაგან გადმოტანილია და დამკვიდრებულია სამხრეთ-რუსული ეკლესიაში, უფრო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმ დროს არსებული განსაკუთრებული ვითარებების ზეგავლენით; და რომ, დიდი რუსეთისა და საბერძნეთის ეკლესიები, რომელთაც უშუალო შეხება არ ჰქონიათ ლათინობასთან, როგორც ამ, ასევე მსგავს ლათინურ სწავლებათაგან არ შესვრიმულან. ამიტომაც, სანამ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ სამხრეთ-რუსეთის ეკლესიის ფარგლებს არ გასცილებია, როგორც კერძო საღვთისმეტყველო აზრი, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ, როგორც კი შეეჯახა დიდი რუსეთის მკაცრ მართლმადიდებლობას, სხვა მის მსგავს სწავლებებთან ერთად, შემჩნეულ და უარყოფილ იქნა, როგორც ლათინური მწვალებლობა" (Лебедев А. О непорочном зачатии. С. 103-104).

პროტოპრესვიტრი ლებედევი ტყუის როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ მსჯელობს და ამტკიცებს, რომ როგორც "კერძო შეხედულება" გავრცელებული იყო მხოლოდ სამხრეთ რუსეთის ეკლესიაში. ჩვენ გაგვაჩნია შეუვალი მოწმობა იმისა, რომ ეს სწავლება მიღებულია მთელი რუსული ნიკონიანური ეკლესიის მიერ და დამტკიცებულია 1666-1667 წლების კრებებზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აღმოსავლელი პატრიარქები.

წიგნში "კვერთხი" ("Жезл"), რომელიც "აღჭურვილია" ამ კრების უფლებამოსილებით, ნათქვამია: "ქებათა ქებაში ზეციური სიძე ასე მიმართავს თავის პატარძალს: Вся красна если ближняя моя, и несть порока в тебе. წმიდა წერილის კომენტატორები უპირველეს ყოვლისა ამ გამოთქმაში ხედავენ სწავლებას ღვთისმშობლის შესახებ. ამიტომაც, მზით შემოსილი დედაკაცი, რომელიც აპოკალიპსისის მე-12 თავში აღწერა იოანემ, სიმბოლურად ღვთისმშობლის სიწმიდესა და უბიწოებაზე მიანიშნებს და დაუეჭვებლად ამტკიცებენ, რომ წინაპართა ბიწი მას არ შეხებია, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების თანხმიერია, რომელიც ღვთისმშობლის შობაზე გალობს: "ვაქებთ წმიდასა შობასა შენსა ღვთისმშობელო, და უბიწოსა შენსა ჩასახვასა ვადიდებთ, სძალო ღმრთივრჩეულო" (Жезл правления. 1908. Ч. I. Л. 40, 40 об).

პროფ. პ. ს. სმირნოვი ამბობს, რომ "კვერთხის" ეს სწავლება მართლაც "ლათინურია" (П.С. История русского раскола. Изд. 2. С. 171). მაგრამ კრების განსაზღვრება, რომელმაც დაამტკიცა "კვერთხი" ყველა მისი მწვალებლური შეხედულებებით, დღემდე არავის შეუცვლია და თანამედროვე ეკლესიის მიერაც ჭეშმარიტ და წმინდა კრებად არის აღიარებული. როდესაც სახელმწიფო საბჭოში დავობდნენ ძველმართლმადიდებლებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზ ვარშაველმა თავის სიტყვაში ავტორიტეტულად განაცხადა, რომ იმისი აღიარება, თითქოსდა 1667 წლის კრებამ "შესცოდა სიმართლისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ", მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფის ტოლფასია (Миссионерское Обозрение. 1910. № 6. С. 1049).

არქიეპისკოპოს ნიკოლოზის განსჯით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე კრებითი სწავლების ყველა მამხილებელი - ლებედევები, ოკოლოვიჩები, აქციპეტროვები და სმირნოვები - "მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხმყოფლები" არიან, ვინაიდან ამტკიცებენ, რომ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ არის არა მარტო "ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ცთომილება", არამედ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო ლათინური მწვალებლური დოგმატიც. არადა სწორედ ამ სწავლებას შეიცავს ნიკონიანური ეკლესია კრებითად მიღებულ და დამტკიცებულ თავის წიგნში "კვერთხი".

გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერ-პროფესორი პ. ი. სვეტლოვი შეეცადა გაემართლებინა "ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის ლათინური დოგმატი". "ამ დოგმატს, - ამბობს მამა სვეტლოვი, - უეჭველად გააჩნია უფლება ჰქონდეს ადგილი რომაულ და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებში. მაგრამ ამ განსხვავებათა მნიშვნელობა მეტად გადამეტებულია პოლემიკის მიერ, თუკი მასში, სხვა განსხვავებებთან ერთად, ხედავენ ეკლესიათა გაყოფის მიზეზს.

ამ დოგმატს, რომელიც დასავლეთში IX საუკუნიდან არსებობს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა ერთობისთვის ხელი არ შეუშლია... სწავლებას უბიწოდ ჩასახვის შესახებ მიზნად გააჩნდა ღვთისმშობლის განდიდება, რომელიც არის ყოვლადმოწყალე მეოხი კაცთათვის და ამიტომაც ეკლესიამ მისცა უფლება დასავლელ ქრისტეანებს ამგვარად განედიდებინათ ღვთისმშობელი. ასე, რომ ის გამომდინარეობდა კარგი წყაროდან... არადა კათოლიკეებმაც ხომ შეიძლება იკითხონ, რომელიც შეუვალი საეკლესიო ავტორიტეტის, ან მსოფლიო კრების მიერ არის უარყოფილი და დაგმობილი ეს სწავლება, როგორ ერესი" (Светлов П.Я. Христианское вероучение в апологетическом изложении". 1910. Т. I. С. 189 и след. // Вера и Жизнь. 1911. № 3. С. 61. Цит по: Светлов П.Я. Христианское вероучение... 1910. Т. I. С. 189 и след.).

სამართლიანობა მოითხოვს დავამატოთ, რომ 1667 წლის კრებამ, რომელმაც შეადგინა წიგნი "კვერთხი", დაამტკიცა სხვა საღვთისმეტყველო-სიმბოლური წიგნი "ფილაქანი"-ც ("Скрижаль") და ყველას განუწესა, რათა ჰქონოდა იგი უდიდეს პატივში, რადგან მასში გადმოცემულია მრავალი საღვთისმეტყველო აზრი და საეკლესიო საიდუმლო (Деяния собора 1666-1667 гг. Гл. 25. Л. 16).

ხოლო "ფილაქნის" "მრავალ საღვთისმეტყველო აზრებში" ყოვლაწმიდა ღვთისმშობელზე მოცემულია ასეთი მგმობარი "საიდუმლო", კერძოდ, ამ წიგნში წერია: "შობისას ღვთისმშობელს არანაირი ხრწნილება არ განუცდია, არამედ მოევლინა მას სულიწმიდა და პირველწინაპართა ბიწიერებისგან განწმინდა მთავარანელოზის მიერ" ("Убо не роди Дева с растлением, но Святому Духу пришедшу на Ню и очистившу словом архангела Гавриила: зане скверна прародителъная бяше в Ней") (Скрижаль. С. 651).

კრებითად მიღებული ერთი წიგნის მიხედვით გაბატონებული ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პირველდაწყებითი ცოდვის თანამოზიარედ არ მიიჩნევს, ხოლო მეორე, ასევე კრებითად მიღებული წიგნის მიხედვით აცხადებს მას ამგვარი ბიწიერების მქონედ, რომელიც სულიწმიდამ "განწმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ". ჭეშმარიტად საკვირველია ასეთი ღვთისმეტყველება!


თავი VII

ადამიანის ჩასახვის შესახებ


აი როგორი სწავლებაა მოცემული "კვერთხში" ადამიანის ჩასახვის შესახებ: "უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სხეულის ჩამოყალიბება ხორციელდება შემდეგნაირად: თესლისგან, რომელიც შემდგომ მცირედ შესქელდება, ჩაისახება ყრმა, რომელიც მოგვიანებით ყალიბდება სქესობრივად. მამაკაცი ყალიბდება 40 დღეში, რომელსაც თანდათანობით უყალიბდება შესაბამისი ყველა ორგანო და ასაკის შესაბამისად სულიერდება. დედაკაცი კი 80 დღის შემდეგ და ნელ-ნელა იზრდება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი გასულიერდება ღმრთის მიერ მაშინ, როდესაც ის ჩამოყალიბდება" (Полоцкий С. Жезл правления. 1908. Ч. 1. Л. 31 и об.).


ჩვენ არ დავიწყებთ ამ სწავლების განხილვას საეკლესიო და წმიდა მამათა სწავლების თვალთახედვით. ეს, როგორც უკვე ვთქვით, არ შედის წინამდებარე თხზულების დანიშნულებაში. ჩვენი მიზანია მივუთითოთ იმ სხვაობაზე და თვითწინააღმდეგობაზე, რაც არსებობს გაბატონებულ ეკლესიაში სწავლა-მოძღვრებით საკითხებში; იმაზე, რომ ამ ეკლესიის ღვთისმეტყველნი და მღვდელმთავარნი უარყოფენ თავიანთივე ეკლესიის დადგენილებებსა და განსაზღვრებებს და ამტკიცებენ მის ერეტიკულობას.

"კვერთხის" ("Жезл") ამ სწავლებასთან დაკავშირებით აი რას წერს "მართლმადიდებლური რუსული სიტყვა" ("Православно-Русского Слова"), რომელსაც გამოსცემს "მართლმადიდებლური სულისკვეთებით მართლმადიდებლური რელიგიურ-ზნეობრივი განათლების გამავრცელებელი საზოგადოება" ("Обществом распространения религиозно-нравственного просвещения в духе православной церкви"): "რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის ორიგენესეულ მწვალებლობაში დადანაშაულებას, - ვკითხულობთ ამ გამოცემაში, - ეს ნიშნავს, სრულიად დაივიწყო, რომ ორიგენე და მასთან ერთად მისი სწავლება სულის ჩასახვის დროის შესახებ, გაკიცხულ იქნა V მსოფლიო კრებაზე. მართალია, სიმეონ პოლოცკის "კვერთხში" ("Жезл Правления") მეორდება ორიგენესეული აზრი, რომ ადამიანში სული შემოდის მოგვიანებით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ "კვერთხი" არაკანონიკური წიგნია და მასში შესაძლოა დაშვებულ იყოს ცთომილებები და უზუსტობები, როგორც ეს ჩანს დამოწმებული ადგილიდან; ხოლო იმისთვის, რათა შევიტყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ამ საკითხზე, უნდა მივმართოთ, მაგალითად, ეპისკოპოს სილიბისტროს დოგმატური ღვთისმეტყველების გადმოცემას. აქ ჩვენ ვპოულობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო კრებების თანხმიერად ასწავლის, რომ სული, ადამიანში ჩაისახება სხეულთან ერთად" (Православно-Русское Слово. 1904. № 5).

მეტად საინტერესოა განცხადება, რომ "კვერთხი" - არაკანონიკური წიგნია. კი მაგრამ, როგორ არის ის "არაკანონიკური", თუკი ის 1667 წლის "დიდმა კრებამ" დააამტკიცა და მიიღო მთელმა ეკლესიამ?! ყოველ შემთხვევაში, "კვერთხი" გაბატონებული ეკლესიის ამჟამინდელ საღვთისმეტყველო წიგნებზე უფრო ავტორიტეტულია, ეკლესიისა, რომელსაც ორას წელზე მეტია არც დიდი და არც მცირე საეკლესიო კრება არ მოუწვევია.

ორიგენიზმში "კვერთხის" სწავლებას ჯერ კიდევ დღევანდელ ძველმორწმუნეთა წინაპრები ამხელდნენ და ამხელენ დღესაც. მაგრამ ახალმოწესეობის დამცველები დღემდე, საჯარო დისპუტებსა და ბეჭდვით გამოცემებში გასაოცარი სიჯიუტით იცავენ ამ მწვალებლობას. უნდა შევნიშნოთ, რომ ჟურნალი "მართლმადიდებლური რუსული სიტყვა", რომლიდანაც ამოვიწერეთ ჩვენ ეს აღიარება, რომ "კვერთხი" შეიცავს ორიგენესეულ მწვალებლობას, რედაქტირებულია გაბატონებული ეკლესიის საუკეთესო საღვთისმეტყველო ძალების მიერ.

სერიოზული მნიშვნელობა აქვს ეპისკოპოს სილიბისტროს ღვთისმეტყველებაზე მითითებასაც, რომლის წიგნი სახელმძღვანელოდ არის მიღებული სასულიერო აკადემიებში. აქედან გასაგებია, რომ ის, რასაც მისიონერები ძველმოწესეებთან პოლემიკასა და ბეჭდვით ორგანოებში იცავენ როგორც მართლმადიდებლურ-დოგმატურ სწავლებას და რაც მიღებულია 1666-1667 წლების კრებების მიერ, როგორც შეუვალი ჭეშმარიტება - გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველთა მიერ გამოცხადებულია ორიგენესეულ მწვალებლობად.

პირდაპირ რომ ვთქვათ, მისიონერები ქადაგებენ აშკარა მწვალებლობას, რომელიც ჯერ კიდევ V მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერსოა, "კვერთხის" ორიგენესეულ მწვალებლობა უარყოფილია "ფილაქნებში" ("Скрижали"), თანაც წმ. ათანასე დიდის სიტყვებით: "ადამიანის სული, - ამბობს წმ. ათანასე დიდი, - არის გონიერი, უხორცო, უვნებო და უკვდავი არსება. ის არ შექმნილა ანგელოზებთან ერთად, როგორც ყბედობდა ორიგენე, არც მანიქეველთა ცრუ სწავლების მსგავსად უსწრებს სხეულის არსებობას; არამედ, როგორც ქვისა და რკინის შეჯახებით იშვება ცეცხლი, ასევე მამაკაცისა და დედაკაცის შეერთებით გამოისახება ხორცი და სული" (Скрижаль. С. 21).


თავი VIII

სწავლება ეკლესიის შესახებ


ყველაზე მეტი წინააღმდეგობა და კურიოზი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და მისიონერთა თხზულებებში ეკლესიის შესახებ სწავლებაშია. გამოვყოფთ მხოლოდ რამოდენიმე მათგანს.


აკადემიური ღვთისმეტყველება ეკლესიას ყოფს ორ - მასწავლებელ და მოსწავლე (დამმოძღვრელ და დასამოძღვრ) ნაწილებად, თანაც ამ უკანასკნელის როლი მდგომარეობს მასწავლებელი (დამმოძღვრელი) ნაწილისადმი უსტიყვო და მონურ მორჩილებაში, რომელიც არის მხოლოდ აღიარებული უცთომელად სარწმუნოების საკითხებში და საღმრთო ჭეშმარიტების მცველად არის მიჩნეული. ამ მასწავლებელ ნაწილშიც გამოიყოფა უქვემოესი იერარქია (მღვდლები და დიაკვნები) უმაღლესისგან (ეპისკოპოსები), რომლებიც, საკუთრივ, ფლობენ კიდევაც უცთომელობის ნიჭს; უდაბლესი იერარქია კი არის მხოლოდ უსიტყვო მორჩილი და ეპისკოპოსთა დასისადმი აბსოლუტურად დაქვემდებარებული ფარა. უმაღლესი იერარქიას, თავის მხრივ, აგვირგვინებს არაკონტროლირებადი და უპასუხისმგებლო მეთაურობა - სინოდალური ობერ-პროკურორი (ფ. მელნიკოვის დროს, საპატრიარქო ინსტიტუტი რუსულ ეკლესიაში გაუქმებული იყო - მთარგმნ.). მისი უზენაესი ნების გარეშე იერარქიას არაფრის ქმნა არ ძალუძს.

ამგვარად, ყოველგვარი ჭეშმარიტების წყარო და უცთომელობის ნიჭის მფლობელი არსებითად არის მხოლოდ ერთი ჭკუის კოლოფი - მმართველი სინოდის ობერ-პროკურორი. "ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, - ამბობს მიტრ. მაკარი, - როდესაც ვამბობთ, რომ საღმრთო გამოცხადების მცველი და განმმარტებელი არის ეკლესია, ვგულისხმობთ მხოლოდ მასწავლებელ, დამმოძღვრელ ნაწილს, ანუ საღმრთო იერარქიას" (Введение в православное богословие. СПб., 1897. §. 135. С. 364), უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ საერო ხელისუფლებას, რომელმაც სრულიად დაიმორჩილა ეკლესიის დამმოძღვრელი ნაწილი. მისი ცხოვრება და მდგომარეობაც ამაზე მოწმობს. გაბატონებული ეკლესიის უფრო ფაქიზი სულისა და სინდის-ნამუსის მქონე ზოგიერთი მწერალი და ღვთისმეტყველი გაბედულად აცხადებს, რომ ეკლესიის დაყოფა მოსწავლე და მასწავლებელ ნაწილებად არის ლათინურ-პროტესტანტული ნიადაგიდან გადმონერგილი სწავლება. პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი აცხადებს, რომ "რუსულ ღვთისმეტყველებაში ეკლესიის ცნება და მასში ეპისკოპოსის ძალაუფლების მნიშვნელობა კონსტრუირებულია კათოლიკური ნიმუშების მიხედვით" (Вера и Жизнь. 1911. № 3. С. 63; Светлов П.Я. Христианское вероучение... С. 187 и след.).

ცნობილი ღვთისმეტყველი ა. ს. ხომიაკოვი ამბობს, რომ ეკლესიის დაყოფა მასწავლებელ და მოსწავლე ნაწილებად თავიდან დამკვიდრდა რომის ლათინურ ეკლესიაში, შემდეგ კი გადმოვიდა პროტესტანტიზმშიც; "განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რომაულ აღმსარებლობაში ის არსებობს კანონიერად, აღიარებული სჯულის შესატყვისად, პროტესტანტიზმში კი მხოლოდ როგორც ფაქტი, და კიდევ იმაში, რომ მღვდლის ადგილი დაიკავა სწავლულმა" (Хомяков А.С. Сочинения. Т. II. С. 57).

გაბატონებულ ეკლესიაში კი ის არსებობს, ლოგიკურადაც და ფაქტობრივადაც, თანაც გარკვეული, სპეციფიკური სახით. ეპისკოპოს ევდოკიმეს შესანიშნავ წიგნში " На заре новой церковной жизни" ნათქვამია: "ეკლესიის დაყოფა მოსწავლე და მასწავლებელ ნაწილებად ლათინური და ეკლესიისთვის საზიანო საქმეა. ხშირად გვესმის ამ ვითარებით გამოწვებული მწარე საყვედური: თქვენ, იერარქებმა, ჩვენ, ერისკაცები საეკლესიო საქმეებს ჩამოგვაშორეთ; თქვენ მოუწოდეთ ამსოფლიურ ძალას, თქვენს დავაში ჩვენთან მოახდინეთ ძალის მონოპოლიზება, ასე, რომ აწ დაეკითხეთ ჭკუა თქვენს მოკავშირე წუთისოფელს, როდესაც ის დაიწყებს თქვენს მოდრეკას" და უნდა ითქვას რომ ეს საყვედური სამართლიანია" (Евдоким, еп. На заре новой церковной жизни. С. 28).

დაყუდებული ეპისკოპოსი თეოფანე მწარედ მოთქვამდა იერარქიისა და ერისკაცთა ამ გაყოფაზე: "არ გაიხაროს იმან, - წერდა იგი, - ვინც განჰყო და დააცალკევა ეკლესიის წევრთა ძველი და კეთილი კავშირი. ვილოცოთ უფლისა მიმართ ყოველთა ერთობისთვის, რაც არ გაგვაჩნია. ერთ ერთი უდიდეს ბოროტებათაგანი – პოლიციური მბრძანებლობითი ფორმა საეკლესიო საქმეებში. ყოველივე დაიპყრო მან და ყველანი გამსჭვალა ჩრდილოური სიცივით და სიცოცხლე ჩაკვდა. მიმოიხედეთ: ჩვენ გვყვანან არა ეკლესიის მამები არამედ, რაც ყველაზე საშინელია, ზედამხედველი მსაჯულები. ამიტომაც მამათაგან შვილები ვერ ღებულობენ სითბოსა და ნათელს – და შვილებსაც ზურგი შეუქცევიათ მამებისთვის" (იქვე. გვ. 35).

აკადემიური თანამედროვე ღვთისმეტყველებმა და გაბატონებული ეკლესიის გამოჩენილმა მღვდელმთავრებმა თითქმის ერთხმად დაგმეს ეკლესიის ეს დანაშაულებრივი და საშინლად საზიანო დაყოფა მოსწავლე და მასწავლებელ ნაწილებად. მიუხედავად ამისა, ნიჟეგოროდის მისიონერულმა ყრილობამ, რომელიც გაიმართა 1906 წელს, თავის რეზოლუციებში ხაზი გაუსვა ამ დაყოფას, რითაც დაადასტურა, რომ ის სრულიად იზიარებს ამ ლათინურ მწვალებლობას (За первый год вероисповедной свободы в России. // Приложение к “Миссионерскому Обозрению”. 1907. С. 348).

მოსკოველი მისიონერი, პროტ. ი. ორფანიტსკიმ 1907 წელს სპეციალურად დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ "მოძღვართა მოვალეობაა ასწავლოს, სამწყსოს მოვალეობა კი ისწავლოს" და, რომ "მხოლოდ ეპისკოპოსები არიან დაწესებულნი ეკლესიაში საეკლესიო ჭეშმარიტებისა და მოციქულთა გადმოცემების დამცველებად" (Братское Слово. 1907. № 22. С. 303-304).

სინოდალური "მართლმადიდებლობის" ღვთისმეტყველები და მისიონერები ძველმოწესეებთან დავაში ეკლესიის შესახებ ირწმუნებიან, რომ ის არის ერთობა მხოლოდ მართლმადიდებელი ადამიანებისა და მისი ერთობა მხოლოდ მათში მოიაზრება. როდესაც 25 წლის წინათ ცნობილმა ძველმოწესე აპოლოგეტმა მღვდელმონაზონმა არსენი შვეცოვმა, შემდგომში კი ურალის ეპისკოპოსმა (აწ გარდაცვლილმა) (Онисим Васильевич Швецов (1840-1908). მის შესახებ იხილეთ: Старообрядчество. Лица, события, предметы и символы. М.: Церковь, 1996. С. 36-37 — მთარგმნ. ) თავის ცნობილ "აპოლოგიაში" გამოთქვა აზრი, რომ ღმრთის ეკლესიას შეადგენენ როგორც მართლმორწმუნე, ასევე მრუდედმორწმუნე ქრისტეანები* (იგულისხმება, რომ ჯერ კიდევ ეკლესიის წიაღში მყოფი მრუდედმორწმუნენი და არა ის მწვალებელნი, რომლებიც გარედან ებრძვიან ეკლესიას – მთარგმნ.), როგორი ხმაური ატყდა მაშინ ბატონმა მისიონერებმა. მათ ეს აზრი არამართლმადიდებლურად შერაცხეს და ღვარძლიანი და დამამცირებელი კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს მის ავტორს. მაგრამ გავიდა 20 წელი და მისიონერები თანდათანობით გონს მოეგნენ და მათი აზროვნება შვეცოვის თარგზე აიჭრა, თანაც ისე რომ აწ განსვენებულ მეუფე არსენის გადაასწრეს კიდეც. უკვე 1903 წ. "მისიონერულ მიმოხილვაში" ვკითხულობთ ტამბოვის სასულიერო სემინარიის ნ. ჩინნოვის, აწ ხერსონის ეპარქიის მისიონერის შემდეგ მტკიცებულებას: "უფსკრული, - ამბობს ის, - რომელიც აცალკევებს მწვალებლებს (ამ სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით) ეკლესიისგან, ყველასთვის ერთგვარი როდია. მავანთათვის ის გადაულახავია, სხვებისთვის არც ისე ღრმა; ერთნი თუ სრულიად განდრეკილან ეკლესიისგან, მეორენი, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, ჯერ კიდევ სრულიად როდი გაუცხოებულან მისგან, შედეგად, მისი მადლისგანაც. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მწვალებლური საზოგადოება თავისთავად თვითკმარი და სულიწმიდის მადლის შემცველი იყოს, არა – მადლი შეიძლება მოქმედებდეს მათში მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც "არ გაუცხოებულან" ისინი ეკლესისგან და საბოლოოდ არ გაუწყვეტიათ მასთან კავშირი, რომელიც მხოლოდ არის მცველი სულიწმიდის მადლისა" (Чиннов Н. // Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1158). და ამას ამტკიცებს არა მარტო მისიონერი ჩინნოვი.

იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" სხვა მღვდელ-მისიონერმა, საბა პოტეხინმა, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს თავის საძმოში, გამოაქვეყნა მეტად საინტერესო სტატია სათაურით: "ქრისტეს ეკლესიის ერთობა". სტატია დაწერილი იმ მიზნით, რათა მისცეს მისიონერებს საჭირო მითითებები "ამ დოგმატზე აპოლოგეტური საუბრების ჩასატარებლად". მისი ავტორი მტკიცედ და დარწმუნებით აცხადებს, რომ ეკლესიის შემადგენლობაში შედის ყველა ერეტიკოსი და მხოლოდ "ყველაზე უგუნური სექტანტს თუ შეუძლია თქვას საკუთარ თავზე და სხვა ქრისტეანულ თემებზე, რომ მათ სხვა საფუძველი გააჩნიათ თავიანთი რელიგიური ცხოვრებისთვის".

"ქრისტეს ეკლესიის საფუძველი თუ ქრისტესადმი, როგორც ღმრთის ძისადმი რწმენაა, რომელიც ერთია ყველა ქრისტეანისათვის, მაშინ, – ავითარებს თავის შეხედულებას მ. პოტეხინი, – თუ პავლე მოციქულის შედარებას გამოვიყენებთ, რომელმაც ეკლესია ღმრთის სახლს შეადარა, არც ერთი ცალკე არსებული ქრისტეანული თემი, არც ერთ, როგორც ჩანს, ცალკე აღებულ ღმრთის სახლს, არ შეუძლია თქვას, რომ ისინი არიან ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მდგომი ღმრთის სახლები. მათ ხომ ერთი აქვთ საძირკველი და ქვაკუთხედი – ქრისტე. სადაც უნდა იქადაგონ ქრისტეანობა, სადაც უნდა დააფუძნონ მორწმუნეთა ქრისტეანული თემები, რომლებიც აღვსილნი იქნებიან რწმენით იესუ ქრისტესი, ვითარც ღმრთის ძისა, მხოლოდ გააფართოვებს ერთი ქრისტეს ეკლესიის ცხოვრებას იქ, იმ ადგილზე, სადაც ადამიანები მიიღებენ ქრისტეს, ვითარც ძეს ღმრთისას" (Потехин С. Единство Церкви Христовой // Миссионерское Обозрение. 1908. № 6. С. 880). "თუნდაც ტოტების სიხშირეში ერთი ტოტი ვერ ხედავდეს სხვა ტოტს, მაცოცხლებელი წყარო ორივე ტოტს არწყულებს და ერთ ხეში აერთებს; თუნდაც ფეხმა არ უწყოდეს ან არ უნდოდეს იცოდეს ხელის არსებობა, მაინც ორივე მათგანი ერთი სხეულის ასოთაგანი და ერთი სიცოცხლით ცხოვრობენ" (იქვე. გვ. 882).

შემდეგ, მღვდელ-მისიონერი პოტეხინი ამტკიცებს, რომ, მისი აზრით ამ გასაგებ და სწორ აზრს არ ეთანმხმებიან მხოლოდ რაციონალისტები, რომელთაც არ ძალუძთ მოცემული დოგმატის მისტიკური წვდომა. მხოლოდ მას ძალუძსო ამ დოგმატის წვდომა, – ამბობს პოტეხინი, – ვინც სარწმუნოებრივ საგნებს უყურებს არა გონების თვალით, რაციონალისტურად, არამედ შინაგანი წვდომით, მისტიკურად და სარწმუნოებრივი, სულიერი ხედვით. მხოლოდ მას ძალუძს აღიაროს, რომ ქრისტეს ერთი ეკლესია ნამდვილად არსებობს იმ ორგანულ კავშირში, რომელიც აერთებს ღმერთთან და ერთმანეთთან ქრისტეს, როგორც ღმრთის ძის, ყველა მორწმუნეს, რომლებიც უფლის დაწესებისამებრ, ანუ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით არიან მონათლული. ეს არის საიდუმლო, მისტიკური ერთობა, რომელსაც, ვიმეორებთ, შეიძლება მხოლოდ ისინი ჭვრეტდნენ, რომელთაც სწარმთ ქრისტეს ერთი ეკლესიის" (იქვე. გვ. 883).

აქედან გასაგებია, რომ თუკი მისიონერებს ექნებათ "სულიერი და სარწმუნოებრივი ხედვა" და იდუმალთწვდომის უნარი, მათ უარი უნდა თქვან თავიანთ ადრინდელ ამაყ და ამპარტავნულ მტკიცებულებაზე, რომ მხოლოდ ისინი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, შეადგენენ ღმრთის ეკლესიას, სხვა დანარჩენი ქრისტეანები კი უცხონი არიან ეკლესიისთვის.

მისიონერი პოტეხინი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ყველა ჩვენი თანამედროვე ერეტიკოსი შევა ქრისტეს ცათა სასუფეველში, რადგან დაისჯებიან მხოლოდ ერესიარქები. "საეკლესიო ერთობისგან განდგომის მთელი ცოდვა, – ამბობს მ. საბა, – ცოდვად დააწვება არა ამ (ერეტიკულ) ეკლესიათა წევრებს, არამედ მათ დამფუძნებელ ერესიარქებსა და სქიზმის მოქმედთ. ერესიარქები და სქიზმის მოქმედნი – აი ვის დაატყდება ღმრთის საშინელი რისხვა!.. ხოლო, რაც შეეხება კათოლიციზმის დღევანდელ მიმდევრებს, ანგლიკანებს, სომხებს და ერთიანი ქრისტეს ეკლესიისგან განდგომილ სხვა ერეტიკოსებს, საშინელ სასჯელს არ დაექვემდებარებიან. ისინი არ არიან დამნაშავენი იმაში, რაც მათ გარეშე მოხდა ათასი წლის წინათ. ასევე უდანაშაულონი არიან ყველა სხვა სექტანტური და სქიზმატური ეკლესიების მიმდევრები ამ სქიზმებსა და მწვალებლობებში, ეს ცოდვა მათ შორეულ სულიერ წინაპრებზეა" (Миссионерское Обозрение”. 1908. № 9. С. 1155).

თავისი სხვა თანამშრომლის, კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტსი მქონის, ვიდრე მისიონერი მ. პოტეხინია, იგივე "მისიონერული მიმოხილვა" აცხადებს, რომ საერთოდ ყველა სტაროვერი, უეჭველად, შევა უფლის სასუფეველში და მარადის იცხოვრებს ქრისტესთან ერთად (Миссионерское Обозрение. 1903, январь. Кн. 2. С. 148-149). არადა რამდენი ხანია მისიონერები აშინებენ ძველმოწესეებს ჯოჯოხეთის სატანჯველებით! გვახსოვს როგორი სიამოვნებით გამოუყო მისიონერმა მ. კრუჩკოვმა "ოთახები" ძველმოწესეებს ჯოჯოხეთში! როგორი აღგზნებიტა და აზარტით აღწერდა "ცეცხლის ტბას", სადაც უნდა დამწვარიყვნენ ისინი! ახლა კი, იმავე მისიონერების მტკიცებით, აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი სტაროვერებს არ ემუქრება. დიდება ღმერთს! როგორც იქნა, შეგვიწყალეს! თანაც როგორ შეგვიწყალეს – ყველანი, კათოლიკეები, ანგლიკანები, სომხები, სექტანტეგბი და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები, სამოთხეში დაგვპატიჟეს. ამ "წყალობით" მათ ჯვარი დაუსვეს თავიანთ მისიას. რა საჭიროა აწ იგი? რა საჭიროა მათი ღვაწლი, თუკი ყოვლადმოწყალე უფალი ყველას შეიყვანს თავის მარადიულ სასუფეველში? ამიერიდან მისონერებს არაფერი აქვთ საკეთებელი.

გაბატონებული ეკლესიის მრავალი ღვთისმეტყველი და მოძღვარი საერთოდ უარყოფს საიქიო ტანჯვის მარადიულობას ცოდვების, მწვალებლობებისა და კერპთაყვანისცემისთვის. ერთ-ერთ ასეთ ღვთისმეტყველს, მღვდელ პ. კრემლიოვსკის, ამხელს მისიონერული გაზეთი "Колокол". ამ მღვდელმა, ნათლისა და ჭეშმარიტების მეძიებელ ახალგაზრდობის წინაშე გამოთქვა ორიგენესეული სწავლება სატანჯველთა მარადიულობის შესახებ, ანუ უარყო იგი და თქვა, რომ მას, კრემლიოვსკის, არ შეუძლია დაუშვას, რომ "მარადიულად არსებობდეს ღმრთის სასუფეველი, სამეუფო სიყვარულისა და სიმართლისა და ბოროტების სამეფო – სასუფეველი ეშმაკისა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ყოვლადსრულყოფილი ღმერთი შემოიფარგლება და ერთგვარად იძლევა ეშმაკისგან".

აზრი, როგორც ვხედავთ, არ ახალია, ასე ლაპარაკობდა III საუკუნეში ორიგენე. მათ იმეორებენ დრეს პაშკოვცები და შტუნდისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი თითქოსდა იყოს "მღვდლების" გამონაგონი ხალხის დასაშინებლად. ამ ორიგინალურ ღვთისმეტყველთან პოლემიკის გამართვის არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ყველასთვის, ვისაც კი თუნდაც ერთხელ წაუკითხავს სახარება, ცხადია მისი სიტყვების სიყალბე (Колокол. 1911. №1447).

მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ორიგენესეული აზრები იფრქვევა საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ჟურნალებიდან, რომელსაც გაბატონებული ეკლესიის სასულიერო დაწესებულებები გამოსცემენ. მაგალითად, ჟურნალში "Вера и Разум", რომელსაც გამოსცემს ხარკოვის სასულიერო სემინარია, მისი რექტორის რედაქტორობით, ი. კ. გლადკოს სტატიაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სასუფეველში წარმართებიც შევლენ. "მართლაცდა, - ამბობს ბ-ნი გლადკო, - ნუთუ წარმართები უპასუხოდ დარჩებიან ქრისტეს სამსჯავროზე, ნუთუ უკუნ სიბნელეში წარწყმდებიან ისინი და ვერ ეზიარებიან ღმრთის ნათელს?! სად არის მაშინ ღმრთის სიმართლე, სად არის მისი სიყვარული, რომელიც, თუ შეიძლება ითქვას, ღმრთის არსს წარმოადგენს? თუ ღმერთმა ადამიანს განუწესა მის ხატად და მსგავსად ყოფნა, თუკი გვწამს, რომ ადამიანის სრულყოფა ამქვეყნიური ცხოვრებით არ შემოიფარგლება, არამედ უსასრულოდ გრძელდება მარადისობაში, ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ადამიანები (თუნდაც წარმართები), საიქიოში გადასვლის შემდეგ, იმწუთასვე დაისჯებიან სამარადისო სატანჯველით. ასეთი აზრის დაშვებით, ჩვენ იძულებული ვიქნებით უარვყოთ კაცობრიობის სრულყოფის ღვთიური მოწოდება; მარადისობაში გადასვლისთანავე რომ ისჯებოდეს კაცობრიობა, მაშინ ადამიანის სულის საუკეთესო თვისება, –განვითარებისა და სრულყოფის უნარი ჯეროვნად ვერ დაკმაყოფილდებოდა.

პირიქით, სიყვარულისა და ღმრთის სიმართლის ცნებები აღგვძრავს და გვაფიქრებინებს, რომ სიკვდილის შემდეგაც ადამიანს ღმრთის სიყვარული აძლევს შესაძლებლობას "იზარდოს ხსნისთვის" (1 პეტრე 2:2), ოღონდაც ღმრთის მადლის მიღების შემძლე იყოს. ამიტომაც გვწამს, რომ ღმერთი, რომელსაც "არა ნებავს სიკუდილი უთნოისაი", არამედ "მოქცევაი მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაი მისი" (ეზეკ. 33:11), რომელმაც "შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13:1), არ დაუშვებს თავისი ქმნილების სრულ წარწყმედას, რომელიც ატარებს მის ხატს, არამედ როგორც კაცთმოყვარე შეიწყალებს და აცხოვნებს თვით წარმართთაც კი (Гладкий И.К. Вера и Разум. Харьков, 1911. № 9. С. 289).

ჟურნალ "Вера и Разум"-ის რედაქცია ასეთ მინაწერს უკეთებს გლადკის სტატიას, რომ "ზოგიერთი მისი კერძო აზრი არასაკმარისად არის განვითარებული და დამტკიცებული, ამიტომაც ის განეკუთვნება მეტნაკლებად მისაღებ კერძო საღვთისმეტყველო აზრის კატეგორიას. მაგრამ სტატიის ძირითადი აზრები – უეჭველია" (იქვე). ანუ ჟ-ნ. "Вера и Разум"-ის რედაქცია იზიარებს გლადკის სტატიის "ძირითად აზრს": ვინც ამტკიცებს, რომ წარმართები სამარადისო სატანჯველით დაისჯებიან, ის "უარყოფს კაცობრიობის სრულყოფის ღვთიური მოწოდებას ღვთიური სრულყოფილების საზომისაებრ" (Вера и Разум. 1911. № 9. С. 289).

რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე? რას გულისხმობს მისი საყოველთაოობა? რას ნიშნავს, რომ ეკლესია არის სამოციქულო? როდის, რომელ მომენტში დაფუძნდა ეკლესია? როგორი მოცულობით გაიგება ეკლესიის საყოველთაოობა? ყველა ამ შეკითხვაზე ოფიციალური ეკლესიის ღვთისმეტყველები და მწერლები იძლევიან სრულიად განსხვავებულ და ურთიერთსაპირისპირო პასუხებს.

ერთნი ეკლესიის სიწმიდეს ხედავენ მხოლოდ საეკლესიო საიდუმლობებსა და მათში მოქმედ სულიწმიდის მადლში; სხვები ეკლესიის სიწმიდეს მიაწერენ იერარქიას, რომელსაც გააჩნია საიდუმლოთა აღსრულების უფლებამოსილება და წარმოადგენენ მხოლოდ საშუალებას კურთხევის გადაცემისა. მესამენი ეკლესიის სიწმიდეს ხედავენ თვით ეკლესიის ცხოვრებაში, მის ღვაწლში, მსახურებაში, ბოროტებასა და ცოდვასთან ბრძოლაში.

ასეთივე მრავალფეროვნებაა საყოველთაოობის განსაზღვრისას. ეკლესიის საყოველთაოობის ნიშანი, ამბობენ მისიონერები, მდგომარეობს სხვადასხვა ეროვნების ერთობლიობაში, რომლებიც ეკლესიის შემადგენლობაში შედიან და არიან მისი სხეულის ნაწილები. საკმარისია ეკლესია დარჩეს მხოლოდ ერთი რომელიმე ხალხის ამარა – ის იმწუთასვე დაკარგავს საყოველთაოობის თვისებას. მაშ, იბადება კითხვა, რამდენი ეროვნება უნდა შედიოდეს ეკლესიის შემადგენლობაში, რათა ის სრულიად საყოველთაოო იყოს, – ამას მისიონერები არ განმარტავენ. ზოგიერთ ღვთისმეტყველს საყოველთაოობა ეკლესიის, მისი ყველა წევრის, ცხოვრებისა და სინამდვილის კრებითი მმართველობა ჰგონია.

თვით გაბატონებული ეკლესიასთან დაკავშირებითაც მის ღვთისმეტყველთა შორის სერიოზული აზრთა სხვაობა არსებობს. არის თუ არა ის საყოველთაო ეკლესია თუკი მასში ორი საუკუნის განმავლობაში არ არსებობდა კრებითი მმართველობა? ერთნი ამტკიცებენ, რომ მისი კრებითობა გამოიხატება მმართველ სინოდში. როდესაც 1903 წ. "მოსკოვის უწყებანში" ("Московских Ведомостях") გამოჩნდა ცნობილი ლევ ტიხომიროვის სტატიების სერია, რომელიც სინოდალური რეგლამენტის საფუძველზე და სინოდის მდგომარეობაზე მთელ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში, ამტკიცებდა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სინოდის გაიგივება კრებასთან და კრებითობასთან, "მისიონერული მიმოხილვა" ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ რუსული ეკლესიის სინოდი და სინოდალური მმართველობა არის კიდევაც ეკლესიის წყობა. უკეთესი მმართველობის მოფიქრება არც კი შეიძლება.

გაბატონებული ეკლესიის სხვა წარმომადგენლები გულწრფელად აღიარებენ, რომ რუსული მმართველი სინოდი – არის მხოლოდ კრებითობის პაროდია და გაბატონებულ ეკლესიას არაფერი აქვს საერთო კრებითობასთან. "ჩვენი წყობა არადამაკმაყოფილებელია და უკანონო – ამაზე ორი აზრი შეუძლებელია არსებობდეს, – ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკიმეს შესანიშნავ წიგნში "На заре церковной жизни", მის დაცვას მხოლოდ ოფიციალური სახაზინო აპოლოგეტები თუ იკისრებენ.

ის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საკრებო წყობას, რომ ჩვენი ეკლესია უნდა გათავისუფლდეს საერო ზეგავლენისგან – ეს იცის ნებისმიერმა გონიერმა და ჩვენი ეკლესიისადმი თანაგრძნობით გამსჭვალულმა ადამიანმა. პეტრესეული რეფორმის ცუდი მხარე იმაში კი არ არის, რომ მან გაანადგურა საპატრიარქო ინსტიტუტი და დააფუძნა სინოდი, არამედ უმთავრესში, კერძოდ იმაში, რომ მან გააუქმა ეკლესიის ძველი და კანონიერი წყობა, რომელსაც არაფერი აქვს სინოდალურ წყობასთან ეტიმოლოგიური თვისების გარდა, რითაც ხშირად მანიპულირებენ ოფიციალური ღმრთისმეტყველები იმისთვის, რათა სინოდალური წყობა გაამართლონ.

"ჩვენ სრულიად კანონიკური საეკლესიო წყობა გვაქვსო, - ამბობენ ისინი, - ეკლესიის ძველი კანონების თანახმად ეკლესიას მართავს კრება (ბერძნ. "სინოდი"). და გვაქვს კიდევაც ეს სინოდი, ანუ კრება. სხვა არაფერი არც არის საჭირო. ჩვენი კრება-სინოდი ძველზე უკეთესიც არის, რადგან ძველი იკრიბებოდა წელიწადში ორჯერ (იხ. წმ. მოციქულთა მე-3 კანონი), ჩვენი კი მთელი წლის განმავლობაში ატარებს სხდომებს". მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს მხოლოდ სიტყვების უბრალო თამაშია, რადგან ნამდვილი კანონიერი "სინოდი", ნამდვილი "კრება" რამოდენიმე იერარქისგან კი არ შედგება, რომელიც საერო ხელისუფლების წარმომადგენლის განკარგულებით იკრიბება და ძალიან შეზღუდულ ჩარჩოებშია მოქცეული, არამედ ყველა იერარქისგან, ყველა სასულიერო პირისგან და თვით ერისკაცთაგანაც, რომელთაც მხოლოდ საარჩევნო ხმის მიცემის უფლება არა აქვთ" (Евдоким, еп. На заре новой церковной жизни. С. 57).

მისიონერთა უმეტესობას ეკლესიის სამოციქულოობა იერარქთა უწყვეტობად ესმის, რომელთაც გააჩნიათ სამოციქულო ქიროტონია. ისინი ამ სამოციქულო მემკვიდრეობას მწვალებლებთანაც აღიარებენ. მაგრამ არიან მისიონერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეკლესიის სამოციქულოობის თვისებაში უნდა ვიგულისხმოთ არა იერარქთა გარეგანი მემკვიდრეობითობა, არამედ შინაგანი უწყვეტი კავშირი ეკლესიისა მოციქულთა სწავლებასთან და გადმოცემასთან. მთელია ეს კავშირი – მაშასადამე ეკლესია იცავს თავის სამოციქულო წარმომავლობას. ამ კავშირის გარეშე ის არ შეიძლება იყოს სამოციქულო. ამიტომაც არცერთი მწვალებლური საზოგადოება, რომელმაც კავშირი გაწყვიტა ეკლესიასთან, მის სწავლებასთან და გადმოცემასთან, არ შეიძლება იყოს სამოციქულო.

აკადემიური ღვთისმეტყველები ასწავლიან, რომ ახალაღთქმისეული ეკლესიამ თავისი დასაბამი მიიღო ჯვარზე. ქრისტემ ის შექმნა გოლგოთაზე თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით. სხვაგვარად ასწავლიან მისიონერები. ისინი ამბობენ, რომ ეკლესია დასაბამს იღებს სულთმოფენობიდან და რომ მის საძირკველს წარმოადგენენ მოციქულები, რომლებმაც ამ დღეს მიიღეს სულიწმიდის განსაკუთრებული ნიჭები, რომლებიც როგორც ერთგვარ საცავში ინახება მათ მემკვიდრეებში. როგორც კი დაიმტვრევა ეს ჭურჭელი ან დაბინძურდება – სულიწმიდა გაშორდება ეკლესიას.

საკითხზე, - შეიძლება თუ არა ამჟამად მოწვეულ იქნას მსოფლიო საეკლესიო კრება, "მისიონერული მიმოხილვამ" 1903 წ. განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თვით საყოველთაო ეკლესია წარმოუდგენელია რომის კათედრის გარეშე. ჩვენს დროში მისიონერები ხშირად აშინებენ ძველმოწესეებს რომით, ალბათ იმის შიშით, რომ ჩვენ არ დავუახლოვდეთ რომის პაპს. მისიონერები ძველმოწესეებს შეახსენებენ, რომ წიგნების "О вере" და "Кириллова книга"-ს მიხედვით, პაპი არის ანტიქრისტეს უპირველესი წინამორბედი და ამავდროულად ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ "წინამორბედის" გარეშე შეუძლებელია მოწვეულ იქნას მსოფლიო კრება და არც მსოფლიო ეკლესია შეიძლება არსებობდეს.

როგორი ზიზღითა და ღვარძლით დასცინიან ისინი ძველმოწესეობას, როდესაც ლაპარაკობენ მის წარსულ მდგომარეობაზე, როდესაც მათ არ ჰყავდათ ეპისკოპოსი! ლაპარაკობდნენ, რომ ამ ვითარებაში ძველმოწესეები დამოკიდებულნი იყვნენ მწვალებლებზე, კადნიერად ადარებდნენ შემოერთებულ მღვდლებს უკანონოდ შობილ ყრმებს, ეკლესიას უწოდებდნენ მეძავს, რომელმაც სხვა ეკლესიის ეპისკოპოსებთან იმრუშა და ა. შ. მაგრამ როდესაც იმავე მისიონერებს უწევთ საკუთარი ეკლესიის საკითხების გადაწყვეტა – არის თუ არა ის საყოველთაო და აქვს თუ არა მას უფლება მოიწვიოს მსოფლიო კრება, - იძულებულნი არიან აღიარონ, რომ "ანტიქრისტეს წინამორბედის" გარეშე ამის უფლება არა აქვთ, რადგან მის გარეშე არც მსოფლიო კრება და არც ეკლესია არსებობს.

განა ეს საცოდაობა არ არის? გამუდმებით გრძნობდე, რომ დამოკიდებული ხარ ერეტიკოსებზე; რომ ხარ უუფლებო და უძლური; რომ არ იწოდები საყოველთაო ეკლესიად – რა შეიძლება იყოს ამ ტრაგედიაზე უმეტესი? ამას კიდევ ის უნდა მივუმატოთ, რომ მათ ეკლესიის კრებითობაც კარგა ხანია დაკარგეს. კრებითობის გარეშე კი არც მართლმადიდებლობა არსებობს და არც ჭეშმარიტი ქრისტეანობა.

პროფ. ნ. თ. კაპტერევი გადმოგვცემს, როგორ შეხედულებას ადგანან საყოველთაოობაზე და კრებითობაზე აღმოსავლელი პატრიარქები. "ჩვენ ვიყავითო, – ამბობს ის, – კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმესთან. ოფიციალური მიღების შემდეგ იოაკიმემ ჩვენ (რექტორები და პროფესორები) მიგვიწვია თავის კაბინეტში, სადაც უპირველესად დავუსვით შეკითხვა კრებითობაზე და ეკლესიის მმართველობაზე: არის თუ არა კრებითობა აუცილებელი პირობა საერთოდ საეკლესიო-რელიგიური ცხოვრებისთვის? რაზეც პატრიარქმა გადამწყვეტი ტონით გვიპასუხა, რომ კრებითობა არის არა მარტო მართლმადიდებლბის სული, არამედ საერთოდ, ქრისტეანობისაც, რადგან კრებითობის გარეშე არ არსებობს არც მართლმადიდებლობა და არც ქრისტეანობა" (Каптерев Н.Ф. // Перед церковным собором. М., 1906. С. 271).

6. არა მხოლოდ ერთობასთან, სიწმიდესთან, კრებითობასთან და ეკლესიის სამოციქულოობასთან დაკავშირებით განსხვავდება გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შეხედულებები, მათ დღემდე ვერ შეუმუშავებიათ ერთი განსაზღვრული შეხედულება საერთოდ ეკლესიაზე. გაეცანით საკითხთა პროგრამას, რომელიც განიხილებოდა კიევში გამართულ მისიონერულ ყრილობაზე. იქ, სხვათა შორის, ვპოულობთ ასეთ საკითხებსაც: "ძველმოწესეობრივ განხეთქილებასთან დაკავშირებით: 1) ჭეშმარიტი ეკლესიის ცნება და მთელ მის სისრულეში მისი დაფუძნების დრო (გადავამოწმოთ ძველი საკითხი) და 2) როგორი თვალსაზრისით გავიგოთ "ეკლესია" გამოთქმაში: "უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინოს" (Колокол. № 659).

განა უცნაური არ არის ვხედავდეთ ასეთ საკითხებს სრულიად რუსეთის მისიონერული ყრილობის დღის წესრიგში? არადა ამ საკითხების ადგილი არის საშუალო სკოლების სახელმძღვანელოებში და მცირეწლოვანთა კატეხიზმოებშია. მისიონერები კი შეკრიბეს ყრილობაზე, როგორც მოწაფეები გამოცდაზე. 250 წელი განუმარტავდნენ ისინი ძველმოწესეებს ქრისტეს ეკლესიის რაობას, ამ თემაზე იმდენი წიგნი დაწერეს, რომ მათ წაკითხვას ერთი კაცის სიცოცხლე არ ეყოფა. და უცებ –ჩვენს დროში, თავში ხელი წამოირტყეს: კი მაგრამ რას ნიშნავს ქრისტეს ეკლესია? ასწლეულების განმავლობაში უმტკიცებდნენ ძველმორწმუნეებს, რომ სახარებისეულ გამოთქმაში "უკუეთუ ეკლესიისაც არ ისმინოს", სიტყვა "ეკლესიაში" სხვა არავინ უნდა იგულისხმონ თუ არა იერარქია. სახარების სწორედ ამ ადგილზე აფუძნებდნენ "ამხელდნენ" ისინი ძველმოწესეებს ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობაში. ახლა კი თითქოსდა გონს მოეგნენო და გადაწყვიტეს გაარკვიონ: სწორად ესმით თუ არა ქრისტეს სიტყვები? მათივე აღიარებით, ჯერ კიდევ სწორად ვერ გაუგიათ სახარება. კარგი მასწავლებლები არიან – ვერაფერს იტყვი! 700 მისიონერზე მეტი იმტვრევდა თავს კიევში გამართულ ყრილობაზე ამ საკითზე და მაინც ვერ გადაწყვიტეს. მათ ამის ძალ არ შესწევთ. კიევიდან ისე დაიშალნენ, "ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის რაობა" ვერ გაურკვევიათ.

ჩვენს მიერ დამოწმებული მღვდელ-მისიონერის, საბა პოტეხინის სტატია "ეკლესიის ერთობის" შესახებ "მისიონერულ მიმოხილვაში" უკვე კიევის ყრილობის შემდეგ დაიბეჭდა. ამ ჟურნალის რედაქცია არ დაეთანხმა სტატიის ავტორს. თუმცა არც მამა პოტეხინს შეუცვლია აზრი. აზრთა ეს სხვადასხვაობა მოწმობს, რომ მისიონერებს ყრილობის შემდეგაც არ ჩამოუყალიბდათ განსაზღვრული აზრი და წარმოდგენა ღმრთის ეკლესიისა და მისი თვისებების შესახებ. ეკლესიაზე ვისაც რა მოაფიქრდება იმას ასწავლის.

ასე დაბორიალობენ მისიონერები სამ ნაძვს შორის და სხვისი დახმარების გარეშე გასასვლელი ვერ უპოვიათ. საწყალი, უმწეო ადამიანები, არადა როგორი მედიდურობით ყვირიან, რომ ღვთიურ ჭეშმარიტებას ფლობენ, რომ ისინი არიან ეკლესიის ნამდვილი მნათობები, რომლებიც დაბნეულთ გზას უნათებენ. ეს ყვირილი კიდევ უფრო წარმოაჩენს მათ უმწეობას. უნებლიედ გეცოდება კიდეც, უმწეონი და უილაჯონი.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика