აპოლოგეტიკა - გზააბნეული ღვთისმეტყველება 1 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფ. მელნიკოვი

გზააბნეული ღვთისმეტყველება

პროტესტანტიზმი

შინაარსი

ავტორისგან


ძველმოწესეობას დღემდე უწოდებენ როგორც წესთმორწმუნეობას. ამ შეხედულების მიხედვით, ძველმოწესეებს მხოლოდ მცირეოდენი საწესჩვეულებო მომენტები განასხვავებს გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიისგან. დიდი საეკლესიო განხეთქილება კი ვითომცდა ისეთი საკითხების გამო მოხდა, როგორიცაა ორჯერადი ალილუია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა, ქრისტეს სახელი გამოსახვა და სხვა.

წინამდებარე თხზულების ავტორი საფუძვლიანად ანგრევს რუსეთის საეკლესიო განხეთქილებასთან დაკავშირებულ ამ მოარულ აზრს. ის ამტკიცებს, რომ გაბატონებულ ეკლესიას არც ერთ საეკლესიო საიდუმლოზე, არც ეკლესიაზე, არც ღმრთის ძესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე არ გააჩნია ერთიანი სწავლება.

მეტიც, გაბატონებულ ეკლესიაში გაურკვეველია თვით "მართლმადიდებლობის" ცნებაც კი. მთელი მისი ღვთისმეტყველება ეს არის მრავალგვარ წინააღმდეგობათა, ცდომილებათა და აშკარად მწვალებლურ სწავლებათა ნაერთი.

ნიკონის მიერ რეფორმირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, თავიდანვე შედგა საღვთისმეტყველო ცდომილებების გზაზე და დღემდე ამ გზით მიდის.

ძველმართლმადიდებლობასა და გაბატონებულ აღმსარებლობას შორის არსებობს უღრმესი განსხვავებები დოგმატურ საკითხებშიც კი. ავტორი ამას ასაბუთებს გაბატონებული ეკლესიის მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო და პოლემიკურ წიგნებზე დაყრდნობით.

ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე ნაშრომი, როგორც ეს მასშიაც არის ნათქვამი, წარმოადგენს გაბატონებული ეკლესიის სწავლების მხოლოდ მიმოხილვას. სრული და საფუძვლიან გარჩევა ამ სწავლებისა ჯერ კიდევ ელოდება თავის ავტორს.

წინამდებარე მიმოხილვა დე ყოფილიყოს ამ მომავალი ნაშრომის შესავალი.


თავი I


ლათინური და პროტესტანტული საწყისები


გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება, მისი სისტემა, მიმართულება და სულისკვეთება გაჟღენთილია ლათინიზმით, პროტესტანტიზმით და ათეიზმითაც კი და საკუთარი პოზიციებიდან კი არ დავიწყებთ ამის მტკიცებას, არამედ ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველთა დახმარებით. მათ ხომ უკეთ უწყიან თავიანთი ღვთისმეტყველების ფასი, რომელიც ამ შემთხვევაში გარეშე პირთა შეხედულებებზე უფრო ღირებულია.


"ჩვენს საღვთისმეტყველო აზროვნებას, - ბრძანებს აკადემიური ჟურნალი "Церковный вестник" - დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ ის, ოქროს შუალედის ძიებაში, ქანქარასავით ქანაობს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის და მასში მართლაცდა შეიმჩნევა ეს ქანაობა; თუმც ჯეროვანია აღინიშნოს, რომ ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში კათოლიკურმა ტენდენციებმა ბევრად გადააჭარბა პროტესტანტულს, რასაც სულიერი სკოლის ძველებურმა კათოლიკურმა საფუარმაც შეუწყო ხელი. სადღეისოდ ჩვენ გვყვანან ღვთისმეტყველები, რომლებიც ატარებენ საეკლესიო იერარქიულ ხარისხებს და რომლებიც საფუარისა და აზროვნების მიხედვით პაპისტები უფრო არიან, ვიდრე მართლმადიდებლები. ბოლო ათწლეულებში საეკლესიო - ადმინისტრაციულ და სასკოლო ცხოვრებაში კათოლიკურმა საფუარმა თავი იჩინა ყველაზე უფრო უშნო ფორმებით, - განსაკუთრებით რელიგიური ნიჰილიზმის სახით, რომელიც ესოდენ დამაჯერებლად აღწერა დოსტოევსკიმ პოემაში "Великий инквизитор" ("Церковный вестник", 1907 г., № 27).

გაბატონებული ეკლესია უკანასკნელ ათწლეულებში კი არ გაერეტიკულებულა ლათინობით, არამედ 200 წელზე მეტია, რაც მოკლებულია მართლმადიდებლობის სიწმიდეს. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ის არც არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური. განა შესაძლებელია ჩვენი, ძველრუსული ღვთისმეტყველება, რომელიც დაცულია მხოლოდ ძველმართლმადიდებლობაში, მივიჩნიოთ ნიკონისა და პეტრე I-ის მიერ შექმნილი ახალი ეკლესიის კუთვნილებად, რომელმაც ძველ რუსულ ღვთისმოსაობასთან და საყოველთაო მართლმადიდებლობასთან ყოველგვარი შინაგანი, სულიერი და ისტორიული კავშირი გაწყვიტა.

"ჩვენ დაგვავიწყდა, - გულახდილად აღიარებს გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი რჩეული მღვდელმთავარი, ხარკოვის არქიეპისკოპოსი ამბროსი, - რომ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ქრისტეანი, არამედ მართლმადიდებელი ერიც. კაცობრიობის ისტორიის წინაშე ვერავითარი მჭევრმეტყველება ვერ გაამართლებს ქრისტეანი ერის მიქცევას წარმართობისკენ; ხოლო მართლმადიდებლურ შეხედულებათა დაკარგვა ნიშნავს, დაკარგო ჭეშმარიტად ქრისტეანული შეხედულებები.

პეტრემდელმა (იგულისხმება პეტრე I - ეპ. პ.) ჩვენმა წინაპრებმა პაპის თავდასხმებისა და კათოლიციზმის მონობისგან კი გვიხსნეს, მაგრამ პეტრეს შემდეგ ვერ დავიცავით თავი პროტესტანტიზმისგან, რომელმაც ქრისტეანულ სამყაროში გონების ზღვარდაუდებელი თარეში დაამკვიდრა და ამასთანავე წარმართულ შეხედულებებსა და ჩვეულებებსაც გაუღო კარი".

არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ აქ მკაფიოდ განასხვავა ახალი მართლმადიდებლობა ძველისგან. მას მართებდა ყოფილიყო უფრო პირდაპირი. ამჟამინდელი "ღვთისმეტყველებისა" და "მართლმადიდებლების" წინაპრებმა დაკარგეს პეტრემდელი პერიოდის სარწმუნოების სიწმინდე. თუმცა სიწმინდე მათმა გალათინებულმა სარწმუნოებამ დაკარგა ჯერ კიდევ ნიკონის რეფორმებიდანვე, ხოლო ჩვენს (ე. ი., ძველმორწმუნეთა) წინაპრებს არასოდეს გადაუხვევიათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან და ძველი ღვთისმოსაობა გადმოგვცეს შეურყვნელი სიწმიდით.

გაბატონებულ ეკლესიაში, - ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკომეს წიგნში: "На заре церковной жизни" - "მოგვიწევს მძიმე სამუშაოს ჩატარება თუნდაც, მაგალითად, ჩვენი შეკრული საღვთისმეტყველო აზროვნების გასათავისუფლებლად. ის ხომ ასწლეულების განმავლობაში იყო ლათინთა ტყვეობაში. როგორი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, როგორი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რათა გავათავისუფლოთ რომს ჩახუტებული ჩვენი ღვთისმეტყველება. ეს "ჩახუტება" ფიზიკურ ტყვეობაზე უარესი თუ არა, უკეთესი არაფრით არ არის" (გვ. 29).

ცნობილი გამოცემის "Миссионерское обозрение"-ს რედაქტორი, მმართველი სინოდის ობერ-პროკურორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე და ამჟამინდელ მისიონერთა სულისჩამგმელი გ. სკვორცოვი, აღიარებს, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება ნამდვილად საჭიროებს ლათინური საფუარისგან განწმენდას: "ჩვენი საეკლესიო ორგანიზმი რომ დაავადებულია, -წერს სკვორცოვი, - ამას მე არ უარვყოფ. მაგრამ ამ დაავადების განსაკურნავად აუცილებელია სამღვდელოთა და ერისკაცთა ერთობლივი მუშაობა. ჩვენ, ერისკაცნი, მაგალითად, სამრევლო ცხოვრებით არ ვცხოვრობთ; ჩვენი ღვთისმეტყველება გაჟღენთილია ლათინური საწყისებით. საეკლესიო ცხოვრების მრავალი მხარე უცხოა ქრისტეანობისთვის" ("Записки религиозно-философских собраний", стр. 87).

200 წელი - ეს ხომ რამდენიმე თაობაა. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფლად იყო შესაძლებელი განწმენდა ყოველგვარი მწიკვლისა და ცთომილებისგან, მაგრამ, მსგავსი არაფერი ხდება სინოდალურ ეკლესიაში. არ სურთ აქ მწვალებლობის ტყვეობისგან გათავისუფლება. პირიქით, რაც უფრო ვშორდებით წარსულ წლებს, მით უფრო "მშვენდება" გაბატონებული "მართლმადიდებლობა" ლათინური, პროტესტანტული და, უბრალოდ, წარმართული ფერებით.

სინოდალური ეკლესიის საღვთისმეტყველო სკოლა, - ბრძანებს ცნობილი სლავიანოფილი ი. თ. სამარინი, - ეკლესიის მყარი მატერიკიდან გადაიხარა და გადავიდა იმ მყიფე და ძირგამომპალ ნიადაგზე, რომელშიც შეიტყუეს ის დასავლელმა ღვთისმეტყველებმა. აქ, მტრულად განწყობილი ლათინიზმისა და პროტესტანტიზმის ორ ცეცხლს შუა მოქცეული, შემომტევთა მოსაგერიებლად იძულებული გახდა, მიემართა უკვე მზა იარაღისთვის, რომელიც დიდი ხანია აპრობირებული აქვთ ლათინობასა და პროტესტანტიზმს ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირისპირებაში. და აი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლათინურ-პროტესტანტულ ანტინომიებში გახვეული მართლმადიდებლური სკოლა საბოლოოდ თვითონაც გაორდა. მასში ჩამოყალიბდა ორი სკოლა: ანტილათინური და ანტიპროტესტანტული; მართლმადიდებლური კი თითქოსდა ჩაკვდა" (Полное собрание соч. А. С. Хомякова, т. 2, стр. 23).

"თავშივე დაშვებული შეცდომა, - აგრძელებს სამარინი, - რომელიც სხვა ნიადაგზე გადანერგვამ გამოიწვია, აისახა სამ უცილობელ შედეგში: პირველი, ანტილათინურმა სკოლამ მიიღო პროტესტანტული საფუარი, ანტიპროტესტანტულმა კი ლათინური; მეორე: ამ ვითარებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ თითოეული სკოლის მიერ მის მოწინააღმდეგეზე მოპოვებული წარმატება აზიანებდა სხვა სკოლას და აძლევდა იარაღს იმ მტერს, რომელსაც ის უპირისპირდებოდა. და ბოლოს, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: დასავლურმა რაციონალიზმმა გამოჟონა მართლმადიდებლურ სკოლაში და რაციონალისტურ ახსნა-განმარტებათა და მტკიცებულებათა ფორმით დარჩა მასში, როგორც საწმუნოებრივი დოგმატების სამეცნიერო გამართლება" (გვ. 23).

1910 წლის "მისიონერულ მიმოხილვაში" დაიბეჭდა ცნობილი პროფესორ-პროტოპრესვიტერის, პ. სვეტლოვის "დღიური". ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტად ყოფნის პერიოდში, სვეტლოვი თავის "დღიურში" იწერდა იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას აკადემიურ ლექციათა მოსმენის შემდეგ რჩებოდა.

"საგულისხმოა ბ-ნ ვ…-ის ორი ლექცია წმ. წერილზე, ხუთწიგნეულის ისტორიული შთამომავლობის შესახებ, - ვკითხულობთ სვეტლოვის "დღიურში". - XVII საუკუნემდე ძველ იუდაიზმსა და მთელ ქრისტეანობაში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ხუთწიგნეული მოსეს დაწერილია, თუ არ ჩავთვლით მეორე რჯულის ბოლო მუხლებს, სადაც მისი სიკვდილის შესახებ არის საუბარი და რომელიც, ეკლესიის აზრით, იესუ ნავეს ძის შედგენილი უნდა იყოს. მაგრამ XVII საუკუნიდან დასავლეთში ჩნდება აზრი, რომლის მიხედვითაც ხუთწიგნეულის ავტორად ცხადდება არა მოსე, არამედ უფრო გვიანდელი უცნობი ავტორი. ამის საჩვენებლად მოიტანა ოცამდე ყველაზე მრავალგვაროვანი და სულელური შეხედულება და როგორც იტყვიან, "გაუტია და გაუტია!.." ეს ნატურალური კრიტიკაა, მაგრამ ფიქრობთ - საკუთარი? არა, კვლავაც დასავლური. საქმე ამით დასრულდა… დიახ,… იყოო, ამბობს, შეხედულება… მაგრამ ეს შეხედულება განა დღესაც არ არის? განა მართლმადიდებლური ეკლესია არ არსებობს? აი, რა დაივიწყა… შეიძლება ქაღალდზე ისე არ ჩანს, რომ დაივიწყა, მაგრამ, მისთვის რომ შეგეხედათ, როდესაც ამას ჰყვებოდა, უცილობლივ მიხვდებოდით, რომ დაივიწყა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულებითაც არ ფიქრობს ეკლესიაზე. ეს არის უნიადაგო, უფესვებო კაცი. როგორც სიზმარში, გრძნობს, რაღაც რომ უნდა დაიცვას და იცავს კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უცხო ნიადაგზე. ხოლო რაც შეეხება კრიტიკას, უნდა ნახოთ როგორ ახარებთ ის ჩვენს ღვთისმეტყველებს! აქ ხომ შეიძლება გამოიყენო გერმანული წიგნები… განა ეს საქმეა?! არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მაგრამ ვგრძნობ სიმართლეს: ბ-ნი ვ-ი სულისკვეთებით პროტესტანტი ღვთისმეტყველია. იქაც ხომ რელიგიის ჭეშმარიტებას ინდივიდუალურიცნობიერებით იცავენ და არა ზოგადსაეკლესიო გულისხმისყოფით. და აი, გამოდის, რომ მოგვეწება ჩვენ ეს პროტესტანტული მანერა" (Миссионерское обозрение.1910, № 3, стр. 536).

პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ცნობით, მეორე აკადემიურ ლექტორს თავის ლექციებში საერთოდ ანტიქრისტეანული შეხედულებები მოჰყავს, მესამე უდიდეს ქრისტეანულ დღესასწაულებს უარყოფს. მას მოსდევენ მეოთხე, მეხუთე … და ყველა რაღაცაში ცდება, მიჰყვება რომელიმე მწვალებლურ შეხედულებას და თავისი არამართლმადიდებლური სარწმუნოებითა და იდეებით ზრდის თავის სტუდენტებს, სინოდალური ეკლესიის მომავალ მღვდელმსახურებს. საერთოდ კი "მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნი, - ასკვნის მათ შესახებ საკუთარი დაკვირვებით, გონებით, სულითა და გულით მათი შემფასებელი პროფესორ-პრესვიტერი სვეტლოვი, - ემონებიან გერმანელებს. მოიპარავენ ან გადააკეთებენ, ან კიდევ პირდაპირ გადმოიწერენ ხოლმე მათ შრომებს და მით სადოქტორო და სამაგისტრო დიპლომებს ღებულობენ (ეპ. მიხეილის "განმარტებითი სახარება" მცირეოდენი ცვლილებებით გადმოწერილია ერთი ფრანგული თხზულებიდან, რაც დაამტკიცა ჩვენმა პ.ი. გორსკიმ). დასავლელ ღვთისმეტყველებს სრული უფლება აქვთ, საეკლესიო მდგომარეობისა თუ ხარისხის შესაბამისად, წვრილმანი ან მსხვილმანი ქურდები გვიწოდონ" (იქვე. გვ. 537).

ჰოდა, რაღა გასაკვირია, გაბატონებული ეკლესიის ყველა საღვთისმეტყველო წიგნი ლათინური და პროტესტანტული ცთომილებებით რომ არის გადატენილი. აკადემიებში არ არსებობს არც დოგმატური და არც ზნეობრივი ერთობა ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

საეჭვოა, ვინმე შემოგვედაოს იმაში, - წერს ვ. სვენციცკი, - რომ სასულიერო სკოლა ქმნის ათეიზმის ყველაზე საზიზღარ სახეს და ეს სრულიად გასაგებია. საღვთისმეტყველო სწავლება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ქმედითი და ცხოველმყოფელი, თუკი თვით მასწავლებელი იქნება ჭეშმარიტად რელიგიური. აქ არ შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს რაიმე სახის სიცრუე, უმცირესი ფარისევლობაც კი. მაგრამ როდესაც ათეისტი რელიგიური ცხოვრებისკენ მოგიწოდებთ, ამან შეიძლება ორმაგად გავნოთ. პროფესიულ სკოლებში ხომ მასწავლებლებად უმეტესწილად მიდიან სრულიად ურწმუნო ადამიანები და ასწავლიან სარწმუნოების საფუძვლებს, რამეთუ ეს მათ "პროგრამაში" შედის. ეს სკოლები ნამდვილად წამლავენ ადამიანთა სულებს" ("Лев Толстой и Вл. Соловьев", В Свенцицкого, стр. 4).

პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კ. ნიკოლსკი აღშფოთებული აცხადებდა: "ჩვენ (ე. ი., პროფესორებს) გვაიძულებდნენ, გვეთქვა (მეცნიერების სფეროში) არა ის, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტების ან ისტორიული ფაქტის შესაბამისია და რაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, არამედ ის, რაც ამ გარდამავალი წუთისოფლის ვიწრო და შეზღუდული თვალსაწიერისთვის არის მისაღები. ეს კი, რა თქმა უნდა, ძირს სცემს საეკლესიო ღირსებასა და ავტორიტეტს.

თუკი თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ან მაკარის სახელმძღვანელოსგან მცირედ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები გვქონდეს, იმწამსვე (საკუთარ თვალშიც კი) ვოლტერიანელებად, ერეტიკოსებად, პროტესტანტებად და ნიჰილისტებად გადავიქცევით (ამის თვალსაჩინო დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ერთი მხრივ, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის მიერ მიტრ. ფილარეტ ჩერნიგოველისა და მეორე მხრივ, პროფ. სუბოტინის მიერ პროფ. ნ. ფ. კაპტერევის კრიტიკისა და დევნის ფაქტები). მრავალი ჩვენი იერარქის ოცნება, როგორც ჩანს, ის არის, რომ ყველანი, სრულყოფილი მამაკაცის ასაკს მიღწეულნი, ისევ ყრმებად გადააქციონ" (Никольский Н. К. К Вопросу о церковной реформе. Христианское чтение. 1906 г., ч. 1, стр. 190, 191, 200).

პროფ. ნიკოლსკისა და პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ზემოთმოტანილი სიტყვების თანახმად, სინოდალური ეკლესიის სასულიერო აკადემიებში არსებულა მასწავლებელთა ორი კატეგორია: ერთნი - არიან ლათინურ-პროტესტანტული ღვთისმეტყველების მონები, მეორენი კი მეცნიერებას რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თავიანთი რწმენით ისინი სრულიად უარყოფენ ქრისტეანობის ძირითად ჭეშმარიტებებს, მსახურებით კი ვალდებულნი არიან, ასწავლონ ის თავიანთ მსმენელთ. რა სიკეთე შეიძლება გამოვიდეს ამგვარი სკოლიდან? აქედან შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ყველაზე საზიზღარი ათეიზმი, - სამართლიანად პასუხობს თავისსავე შეკითხვას ბ-ნი სვენციცკი.

უეჭველად და ერთხმად დადგენილია, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება როგორც თავისი სულითა და საზოგადო მიმართულებით, ასევე ცალკეულ პუნქტებში არამართლმადიდებლური და ათეისტურიც კია.

პროფ ა. პ. ლოპუხინი ამბობს: "როგორც კი გვიწევს იმის გარკვევა, როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ რომაულ კათოლციზმთან და პროტესტანტიზმთან, იმწუთასვე იწყებს მერყეობას ჩვენი გონება და ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორიაც მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ჯერაც ვერა ვართ თვითმყოფადნი და დამოუკიდებელნი, რაიც მართლმადიდბლობისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ჩვენ საღვთისმეტყველო აზროვნებაში გამუდმებით მოძრაობს ორი დინება, რომლებიც მართლმადიდებლობის კალაპოტიდან ზოგჯერ გადადიან მწვალებლურ მსოფლმხედველობაზე, თანაც ერთს აქვს პროტესტანტიზმის სახე, მეორეს კი რომაული კათოლიციზმისა. ეს არ არის ახალი მოვლენა. ის შესამჩნევად გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც დიდმა მეფე-გარდამქმნელმა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმართებით პირველად დაგვაახლოვა დასავლეთს. მისი ორი თანამებრძოლი, თეოფანე პროკოპოვიჩი და სტეფანე იავორსკი, ამ ორი მიმართულების წარმომადგენლებად მოგვევლინნენ და იმ დროიდან ეს გაორება გამუდმებით გვახსენებდა თავს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საღვთისმეტყეველო აზროვნების სფეროში, მაგრამ ამავე დროს აისახებოდა მთელს ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებასა და ცხოვრებაზე" (Лютарт. Апология христианства. Перевод профю А. П. Лопухина, стр. 671).

თეოფანე პროკოპოვიჩისა და სტეფანე იავორსკის დროებაზე დიდი ხნით ადრე ლათინური ზეგავლენის ქვეშ მოექცა დასავლეთ-რუსული ეკლესია. ჩვენი წინაპრები, რომლებიც აღუდგნენ ნიკონის რეფორმებს, სრულიად საფუძვლიანად ამხელდნენ ლათინობაში იმდროინდელ კიეველებსა და ბერძნებს, რომლებმაც "ახალი და უცნობი სარწმუნოების" დანერგვა რუსეთშიაც დაიწყეს.

"დასავლეთ რუსეთის ეკლესიამ, - წერს ი. ჩისტოვიჩი, - რომელიც რა გამუდმებულ კონტაქტში იმყოფება ლათინობასთან და ემორჩილება მის, როგორც გაბატონებული აღმსარებლობის, მომხიბლველ და უცილობელ ზეგავლენას, მიიღო ლათინური ეკლესიის ზოგიერთი შეხედულება, წესი და ჩვეულება. ლათინები და უნიატები, რომლებიც გამუდმებით საყვედურობენ მართლმადიდებლებს და უწოდებენ მათ სქიზმატებს, სწორედ პროტესტანტულ საწყისთა მიღებაში ადანაშაულებდნენ მათ. ამიტომაც, რათა ჩამოერეცხათ ეს მწიკვლი და მოესპოთ ყოველგვარი საბაბი საყვედურებისთვის, მართლმადიდებლები დაუახლოვდნენ ლათინებს, მოერგნენ მათ და თანდათანობით მათი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ" (Чистович И. Очерки истории западно-русской церкви, ч. 2, стр. 348).


თავი II

სიმბოლურ წიგნთა ერეტიკულობა


ბერძნული ეკლესიის მიერ მიღებული და საყოველთაოდ ცნობილი "მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარება", რომელიც შედგენილია მიტრ. პეტრე მოგილას მიერ და დაწესებულია "დასავლეთრუსეთის მართლმადიდებელ ქრისტეანთა სახელმძღვანელოდ, ლათინური ზეგავლენის ნიშნებს ატარებს" (Чистович И. Указ. соч., ч. 2, стр. 349). თუ რაში აისახა ეს ზეგავლენა - გამოიკვლია გაბატონებული ეკლესიის ახალგაზრდა ღვთისმეტყველმა მღვდელმონაზონ ტარასიმ. საგულისხმოა, რომ მისი ეს გამოკვლევა დიდი და მცირე რუსეთის ღვთისმეტყველებაზე ჟურნალმა "მისიონერულმა მიმოხილვამ" თავის მკითხველს შესთავაზა, როგორც უფასო დამატება. ცხადია, ამ ჟურნალის ხელმძღვანელობა სრულიად იზიარებს წიგნის "Великороссийское и малороссийское богословие XVI и XVII вв." ავტორის შეხედულებებსა და დასკვნებს, სხვაგვარად ისინი არ შესთავაზებდნენ მას თავიანთ ხელისმომწერთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაინც კრიტიკულ შენიშვნებს დაურთავდნენ.


"მართლმადიდებლობის აღსარების" მიხედვით, - წერს მღვდელმონაზონი ტარასი, - ქრისტე არის სასტიკი სისხლიანი კულტის მოგვი, მეფე, რომელიც ბატონობს გარეგნული ძლევამოსილობის ძალით, და ბოლოს, პროკურორ-მასწავლებელი, რომელიც გაურბის ყოველგვარ იძულებით ძალაუფლებას და მხოლოდ ადამიანის თავისუფალ სინდისზე ზემოქმედებს. შევნიშნავთ, რომ ასეთი დაყოფა გვხვდება არა პოეტურ ან რიტორიკულ თხზულებაში, სადაც ემოციური დატვირთვისათვის იქნებ დასაშვები და ზოგჯერ აუცილებელიც კია უზუსტობანი და ერთი და იმავეს განმეორებანი, არამედ დოგმატურ სისტემაში, რომლის უმთავრესი თავისებურებაა გამოთქმათა მკაცრი განსაზღვრულობა და სიზუსტე.

ამრიგად, ქრისტე სამგვარი - მღვდელმთავრული, წინასწარმეტყველური და სამეფო - მსახურების გამოხატულებად არის აღიარებული; შედეგად, ყველა დასახელებული ფორმა მსახურებისა აღიარებულია როგორც თვითმყოფადი და ძირითადი. ქრისტეს ეკლესიის საყოველთაო გადმოცემისთვის ეს სწავლება, შეიძლება ითქვას, - ბრძანებს მღვდელმონაზონი ტარასი, - სრულიად უცხოა წმ. მამათა აზროვნებისთვის. არაფერი ამდაგვარი არ მოიპოვება მათს თხზულებებში.

თუკი ქრისტე სადმე იწოდება კიდევაც მეფედ ან მღვდელმთავრად, მხოლოდ გადატანითი და რიტორიკული გაგებით ან უბრალოდ მეორდება წმ. წერილის სიტყვები, სადაც ქრისტე ამგვარად იწოდება. მაგრამ არც ერთ ჩვენს მიერ განხილულ წმიდა მამებისეულ თხზულებაში ზემოხსენებულ სამ მსახურებაზე მითითებაც კი არ მოიპოვება. მკაცრად საეკლესიო თხზულებებში ამ სწავლების არარსებობა თვით ამ სწავლებას ქრისტეანობის წმიდა მამებისეული გაგებისგან გაუცხოების დამღას ასვამს" (Тарасий, иеромонах. Великороссийское и малоросийское богословие XVI и XVII вв. Бесплатное приложение к ж. "Миссионерское обозрение, стр. 75, 76).

ერთ-ერთმა საუკეთესო ჟურნალმა, რომლის რედაქტორები და გამომცემლები არიან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მწერლები, 1909 წელს უფასო დამატების სახით მკითხველს შესთავაზა თავისი შინაარსით მეტად სასარგებლო აპოლოგეტური კრებული სახელწოდებით: "За веру против неверия" რომელიც მღვდელმონაზონ ტარასის მიერ მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" გადმოცემული გამოსყიდვის დოგმატის სწავლების გაკრიტიკებასთან დაკავშირებით ნათქვამია: "ამგვარი სწავლება, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრით, ძველი ეკლესიისთვის უცნობია. როგორც ვიცით, ქრისტეს ასეთი სახე "კათოლიკურმა" დოგმატიკამ მიანიჭა: ადამიანმა შესცოდა. ამის გამო ის სიკვდილითა და წყევლით დაისაჯა ღმრთის სამართლიანი მსჯავრით. ადამიანი რომ სატანისაგან გამოესყიდა, ღმერთმა წარმოაგზავნა ძე თვისი და გადასცა ის ჯვარზე სიკვდილს. ეს სიკვდილი იყო არა ადამიანის სიკვდილი, არამედ ღმრთისა, ამიტომაც ის იყო საკმარისი და თვით ზედმეტი მსხვერპლიც კი, ყველა ადამიანის ცოდვათათვის გაღებული. მან ააცილა ადამიანს ღმრთის რისხვა, სწორედ მის გამო მოეხსნა ადამიანს ადამის პირველდაწყებითი ცოდვა, წყევლა და სიკვდილი. ადამიანისათვის გაღებულია გამოსასყიდი და ამ გამოსასყიდმა ააცილა მას სასჯელი ცოდვათათვის.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი სწავლება ახლოს არის წმ. პავლე მოციქულისა და წმ. მამათა სწავლებასთან... სინამდვილეში კი მათ შორის დიდი უფსკრულია. კათოლიკეთა იურიდიული სისტემა შობს ურწმუოებასა და უარყოფას. ქრისტეს საქმის ასეთი გაგება (რომელიც გამოსყიდვის იურიდიულ თეორიად იწოდება) აიძულებს ადამიანს, იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს უყუროს, როგორც სისხლიან გადასახადს ადამიანთა ცოდვებისთვის და, მაშასადამე, აიძულებს, გამოსყიდვის ქრისტეანული დოგმატი გაიგოს, როგორც ღმრთის მოვალეთა უბრალო გამოსყიდვა ქრისტეს მიერ. ასეთი გაგება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქრისტეს მიერ ბოძებული გამოსყიდვის მოციქულებრივ და წმინდა მამებისეულ გაგებას, არამედ საღ აზროვნებასაც კი" (За веру против неверия. Бесплатное приложение к ж. "Отдых христианина" 1909 г., стр. 339, 340).

აი ასეთ სწავლებას შეიცავს, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა აზრით, მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლური აღმსარებლობა". მღვდელმონაზონი ტარასი მიუთითებს სხვა არამართლმადიდებლურ შეხედულებაზეც, რომელიც ამ თხზულებაშია. "ღმრთის დაკმაყოფილება სისხლიანი მსხვერპლით, - ამბობს ის, - იმდენად შეთავისებული აქვს "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" ავტორის ცნობიერებას, რომ მიიყვანა ის მეტად დამახასიათებელ შენიშვნამდე: 39-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქრისტე ევნო მხოლოდ ხორცით; მართალია, აქ ხორცი დაპირისპირებულია ღვთაებას, მაგრამ განა თვით ქრისტე არ ამბობდა თავისი სულის ტანჯვაზეც (მარკ. 14:34), რაც შეუძლებელია არ ცოდნოდა მიტროპოლიტ პეტრე მოგილას; მაგრამ ე.წ. დაკმაყოფილების ტენდენციის ერთგული, ის ქრისტეს ვნებათა მთელ ძალას ამ სისხლიან მსხვერპლში მოიაზრებს" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 102).

სწავლებაში იერარქიის შესახებ "მართლმადიდებლური აღმსარებლობა" იერარქიას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორიც მიისაკუთრა რომაულ -კათოლიკურმა მღვდელმთავრობამ.

"ის - წერს მ. ტარასი, - საკმაოდ განადიდებს იერარქიას, ვინაიდან უმნიშვნელოვანეს მღვდელმოქმედებათა აღმსრულებლებად გვევლინებიან სასულიერო დასის წარმომადგენელნი; ადვილად და მოხერხებულად დაჰყავს რა ეკლესიის მთელი შინაგანი ცხოვრება მხოლოდ საიდუმლოთა აღსრულებაზე და აქედან გამომდინარე წინ წამოსწევს რა საკუთარ მნიშვნელობას, რომაულ-კათოლიკური იერარქია ყოველგვარი სიძნელის გარეშე განუწესებს მორწმუნე მრევლს პასიურ, მონურ ადგილს ეკლესიაში და უარს ეუბნება მას საეკლესიო ცხოვრებაში ცოცხალ და ქმედით მონაწილეობაზე" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 119).

მღვდელმონაზონ ტარასის აზრით, "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" არცთუ მართლმადიდებლურად არის გადმოცემული სწავლება საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ. "შვიდი საეკლესიო საიდუმლოს შესახებ უნდა ითქვას იგივე, - წერს ის, - რაც ვთქვით სწავლებაზე ქრისტეს სამი სახის მსახურების შესახებ, ანუ, სწავლება, რომლის წყაროა მწვალებელთა თზულებანი, შეუძლებელია იყოს ცოცხალი და ქმედითი. აღმოსავლეთის საყოველთაო ეკლესიის პრაქტიკა არასოდეს მისდევდა სკოლარული ღვთისმეტყველების ვიწრო ტენდენციებს და ყველა მღვდელმსახურებასა და ლოცვას დიდი ძალის მქონედ აღიარებს" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 124).

ჩვენ არაფერში გვჭირდება გაბატონებული ეკლესიის ამ ახალგაზრდა ღვთისმეტყველის დასკვნების დადასტურება ან უარყოფა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ, რომ თვით გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისი მისიის ხელმძღვანელები გვარწმუნებენ, რომ თვით "მართლმადიდებლური აღმსარებლობა", ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველების ეს პირველდაწყებითი საფუძველი, თავისუფალი ვერ ყოფილა მწვალებლური შეხედულებებისგან და კათოლიციზმის ბეჭედს ატარებს.

სხვა სამისიონერო ჟურნალში, "მართლმადიდებლური მეგზური" ("Православный путеводитель"). დაიბეჭდა ვორონეჟის სასულიერო სემინარიის მასწავლებლის პ. ნიკოლსკის "წერილები რუსულ ღვთისმეტყველებაზე" ("Письма о русском богословии"). ეს ავტორიც ამტკიცებს, რომ "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" და ის სახელმძღვანელოები, რომლებიც შედგენილია ამ "აღმსარებლობის" სულისკვეთებით, შეიცავს კათოლიკური ღვთისმეტყველების საფუარს. "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება", - წერს ბ-ნი ნიკოლსკი და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, "მართლმადიდებლური მეგზურის" ხელმძღვანელებიც, - სარგებლობს დიდი ავტორიტეტით სკოლარული ღვთისმეტყველების მიმდევრებში. გასული საუკუნის 40-იან წლებში ის შეიტანეს სემინარიაში, როგორც ღვთისმეტყველების სახელმძღვანელო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ XVII და XIX სს. მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო სისტემები დასავლურ კათოლიკურ და პროტესტანტულ ნიმუშებზეა აგებული... მაგრამ ამ სახელმძღვანელოებზე ხომ მორწმუნე ახალგაზრდობის არაერთი თაობაა გაზრდილი, რომლებიც, გამოდიან რა ცხოვრების ასპარეზზე და იწყებენ რა სასულიერო მსახურებას, ამ სკოლარული საფუარისგან ვერ თავისუფლდებიან. ისეთი ტალანტიც კი, როგორიც იყო მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, კათოლიკური ღვთისმეტყველების ზეგავლენას განიცდიდა. ვერ თავისუფლდებოდა ლათინური ღვთისმეტყველების სიმშრალისგან, რომელიც მიისწრაფვოდა ათასგვარი, არცთუ წარმატებული, ქვეგანყოფილებებით აღჭურვილი სისტემისკენ. არადა, მის კატეხიზმოზეა გაზრდილი და დღემდე იზრდება არა მარტო სასულიერო თაობა, არამედ საეროც" (Никольский П. Письма о русском богословии. Православный путеводитель. Декабрь, 1903, стр. 719).


არანაკლები ავტორიტეტით სარგებლობს გაბატონებულ ეკლესიაში "აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეც". ისიც, "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მსგავსად, საფუძვლად დაედო ახალი რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველებას. ცნობილი დოგმატიკოსის მიტრ. მაკარის თქმით, "მართლმადიდებელი ეკლესიის" სიმბოლური სწავლება შედგენილია 1672 წლის იერუსალიმის კრებაზე. ის შევიდა "აღმოსავლეთის საყოველთაო და მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე"-ში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" (Введение в православное богословие. 1884 г., стр. 413, 416). "ისეთი ეკლესიური ადამიანის მოწმობით, - წერს მღვდელი, პროფ. მ. ჩელცოვი, - როგორიც იყო აწ გარდაცვლილი პროფ. ა. პ. ლოპუხინი, ეს "მიმართვა", რუსულ თარგმანში არ შეიცავს იმ აზრებსა და იმ სწავლებებს, რაც მოცემულია მის ბერძნულ დედანში. ამ უკანასკნელში ის "ყოველთვის არ დგას მყარ, მართლმადიდებლურ ნიადაგზე და მთელ რიგ საკითხებში იცავს ლათინურ შეხედულებებს", კერძოდ, სწავლებებში ევქარისტიის შესახებ, მღვდლობის საიდუმლოს შესახებ, წმ. წერილის წიგნთა კანონის შესახებ და სხვა. რუსულ თარგმანში გასწორებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც ატარებს ლათინური ზეგავლენის ნიშნებს (Робертсон. История Христианской церкви, т. , стр. 1076 и примечание). მიუხედავად ამისა, ამ სახითაც კი, როგორც ამტკიცებს "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორი ნიკიტა გრინიანკინი, მიტრ. მაკარის დოგმატიკისმსგავსად, "არცთუ აკადემიური კრიტიკის შენიშვნებს მაინც იმსახურებს" (Миссионерское обозрение. 1903 г. № 8, стр. 1164).


თავი III

სარწმუნოებრივი სხვაობანი რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის


რუსული გაბატონებული ეკლესია როგორც თავისი სწავლა-მოძღვრებითა და შეხედულებებით, ასევე შინაგანი განხრწნილებითა და პრაქტიკული გზით უფრო პაპისტურ რომთან არის ახლოს, ვიდრე ბერძნული ეკლესია. ისეთ უპირველეს ქრისტეანულ საიდუმლოში, როგორიც არის ნათლისღების საიდუმლო, რუსული ეკლესია საფუძვლიანად არის დაცილებული ბერძნულ-აღმოსავლურ ეკლესიას.


"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, - ამბობს მღვდელი, პროფესორი მ. ჩელცოვი, პეტერბურგის ეპარქიის ყოფილი მისიონერი, - რომ ბერძნები არ ცნობენ ლათინურ წყალგადასხმით ნათლობას და ლათინობიდან ბერძნულ სარწმუნოებაში გადმოსულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ. ცხადია, რომ ლათინური ეკლესიის ნათლობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისინი არც რომაელ-კათოლიკეთა ქიროტონიას ცნობენ და კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმულ სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებში არ ღებულობენ. ჩვენ კი ლათინთა გადასხმით ნათლობას არათუ ჭეშმარიტად მივიჩნევთ, არამედ ჩვენშიაც ვამკვიდრებთ, ლათინთა სასულიერო პირებს კი მესამე ჩინით შევიწყნარებთ - ანუ მხოლოდ მწვალებლობებს ვაგმობინებთ. ამგვარად, თუ ნათლობას არაგანმეორებად საიდუმლოდ მივიჩნევთ, ბერძნები ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებენ" (Чельцов М. Церковно-общественная жизнь. 1907 г. № 10, стр. 294).

ამ და კიდევ სხვა განსხვავებებზე უთითებს პროფ. პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი. "სადღეისოდ, - პროფ. დეკ. სვეტლოვის სიტყვებით ბრძანებს ჟურნალი "საუკუნე", - არცთუ მცირედი სხვაობა შეიმჩნევა რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის და, მაინც, ერთიც და მეორეც ერთნაირად, "მართლმადიდებლურად" იწოდება. განსხვავება მათ შორის არის არა მხოლოდ საღვთისმსახურებო წეს-ჩვეულებებში და საეკლესიო წყობისა და მმართველობის თავისებურებებში, თუმც არც ეს არის ნაკლებმნიშვნელოვანი: ჩვენში დამკვიდრებულია მმართველობის საეკლესიო-სახელმწიფო და შინაგანი საეკლესიო ორგანიზაციის ეპისკოპალურ-ჩინოვნიკური ფორმა, კონსტანტინოპოლში კი საეკლესიო მმართველობა არის საეკლესიო-სახალხო, ხოლო ორგანიზაცია ეპისკოპალურ-თემური.

განსხვავებანი კიდევ უფრო იზრდება და უფრო პრინციპულ საკითხებს მოიცავს. თუკი ერთია ჭეშმარიტება, ამ ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ერთ გარკვეულ მოვლენას ერთი შეფასება უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში კი, ჩვენთვის მოცემულ შემთხვევებში, ეს ასე არ არის; პირიქით, მხარეებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ცხადია, იმიტომ, რომ სწავლება, რომელსაც ისინი აღიარებენ ყველაფერში არ არის იდენტური. ამიტომაც, არცთუ უსაფუძვლოდ ლაპარაკობენ, ბერძნულ და რუსულ მართლმადიდებლობას შორის განსხვავებაზე (Век. 1907, № 25).

ლათინურ, წყალგადავლებით ნათლობაზე ბერძნულ დიდ რჯულისკანონში ("პიდალიონი" - ეპ. პ.), რომელიც სავალდებულო სახელმძღვანელოდ მიიჩნევა მთელი ბერძნული ეკლესიისთვის, ნათქვამია: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ლათინთა ნათლობა ცრუა და მისი მიღება არც სიმკაცრით, არც შემწყნარებლობით არ შეიძლება; სიმკაცრით იმიტომ, რომ:

1. ლათინები არიან მწვალებლები და ამის დასამტკიცებლად არავითარი საჭიროება არ არსებობს. მარტო ის რად ღირს, რომ ამდენი საუკუნეა ასე გვძულს ისინი - ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად რომ სრულიად ვუკადრისობთ მათ, როგორც მწვალებლებს, როგორც, მაგალითად, არიანელებს, საბელიანოზთ და ა. შ. ვისაც სურს გაეცნოს მათ მწვალებლობებს მათი წიგნებიდან, შეუძლია ეს ყოველივე პაპიზმის მკაცრ მამხილებელთა და ლახვართა დოსითეოზისა და მინეატისის წიგნებში მოიპოვოს. მაგრამ ისიც კი საკმარისია, რასაც მათზე მარკოზ ეფესელი მოწმობს: "ჩვენ სხვა არაფერი განგვაშორებს ლათინთ, - გაბედულად ამბობდა ის ფლორენციის კრებაზე, - თუ არა ის, რომ ისინი არა მარტო სქიზმატიკოსები არიან, არამედ მწვალებლებიც". შედეგად, როგორც მწვალებლები ისინი მოუნათლავები ბრძანდებიან, წმ. ბასილი დიდის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის და ფირმილიანეს მიხედვით; ვინაიდან, იმ დროიდან რაც განდრკნენ მართლმადიდებლური ეკლესიისგან, გახდნენ ერისკაცები და უკვე აღარ აქვთ სულიწმიდის მადლი, რომლის ძალითაც მართლმადიდებელი მღვდლები აღასრულებენ ნათლისღებას.

2. ლათინები მოუნათლავები არიან კიდევ იმიტომ, რომ ნათლობისას არ აღასრულებენ სამ შთაფლვას წყალში, როგორც აღესრულება ეს მოციქულთა დროიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში" (Пидалион. Изсслед. Никольского, стр. 246).

ბერძნული ეკლესია ლათინებს წარმართებად მიიჩნევს და მათ თავიდან ნათლავს. რუსული ეკლესია კი არათუ ლათინთა ნათლისღებას მიიჩნევს ქმედითად და წმიდად, არამედ ლათინთა ეკლესიიდან გადმოსულთა ქიროტონიასაც შეიწყნარებს და მადლმოსილად და ქრისტესგან მემკვიდრეობით მოცემულად მიიჩნევს მას. ამიტომაც რუსული ეკლესია მისკენ გადმოსულ ლათინებს არა თუ მირონცხებით არ ღებულობს, არამედ ე. წ. "მესამე ჩინს" კმაყოფილდება და მხოლოდ მწვალებლობებს აწყევლინებს" (Макарий Булгаков. История ... Т. XII, стр. 197; Христианское чтение. Июль, 1906 г., стр. 130).

ბერძნული ეკლესიის თვალთახედვით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია შეიწყნარებს ჭეშმარიტად მწვალებლურ ნათლობას - "ბილწსა" და "არაფრის მაქნისს". ამით ის არღვევს მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მთელ რიგ კანონებს, უარყოფს მოციქულთა დადგენილებებს, მიღებულს პირველი კატეგორიის მწვალებელთა ნათლობის შესახებ და არღვევს წმ. ნათლისღების საიდუმლოს დოგმატს, რითაც თვითონ დგება მწვალებელთა რიგში.

ბერძნული ეკლესიის მსჯავრით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია, ღებულობს რა ლათინურ იერარქიას, როგორც ქმედითსა და მადლმოსილს, ალბათ ნამდვილად და ქმედითუნარიანად აღიარებს პირველი კატეგორიის იმ მწვალებელთა ქიროტონიის მემკვიდრეობითობასაც, რომლებიც სინამდვილეში უნდა დაექვემდებარონ გადანათვლას. რუსეთში გაბატონებული ეკლესიის ეს პრაქტიკა როგორც საყოველთაო ეკლესიის პრაქტიკის, ასევე საღი აზროვნების საწინააღმდეგოა.

თავის მხრივ, რუსული სინოდალური ეკლესიაც, რომელიც ქმედით და წმიდა საიდუმლოდ აღიარებს ლათინურ წყალგადავლებით ნათლობას, მასზე თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე მოვალეა, დაადანაშაულოს ბერძნული ეკლესია, რუსული ეკლესიის აზრით, სწორად მონათლულთა მეორედ ნათლობის პრაქტიკის დამკვიდრებისთვის.

ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ "მწვალებლებზე და სქიზმატიკოსებზე ნათლობის განმეორება უკანონოა, თუკი სწორად იყო შესრულებული საიდუმლო, ანუ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (Жизнь и творения блаж. Августина. Киев, 1855, стр. 15). რუსული ეკლესია, როგორც ვნახეთ, აღიარებს ლათინურ ნათლობას. წმ. ეპიფანე კვიპროსელი "უდიდეს ბოროტებას" უწოდებს ერთხელ უკვე სწორად ნათელღებულთა გადანათვლას, თუნდაც ისინი მწვალებლები იყვნენ. "უგუნურმა მწვალებელმა (არიანელმა) ევნომემ, - ამბობს წმ. ეპიფანე, - გაბედა და ჩაიდინა უდიდესი ბოროტება: ის ხელმეორედ ნათლავს არა მარტო მასთან მისულ და ერთხელ უკვე სწორად მონათლულ მართლმადიდებელთა და მწვალებელთ, არამედ თვით არიანელთაც კი" (Св. Епифаний Кипрский. Творения, ч. 5, стр. 171).

კიდევ უფრო მკაცრად კიცხავს გადანათვლას წმ. იოანე დამასკელი. "აღვიარებთო, - წერს ის, - ერთ ნათლობას მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ... შედეგად, როგორც ერთხელ აღესრულა სიკვდილი უფლისა, ასევე ერთხელ გვმართებს ნათლობაც... ამიტომაც ისინი, ვინც მოინათლნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და შეიმეცნეს, რომ ერთია ღმერთი, მაგრამ სამია იპოსტასი, და ამის შემდეგ კიდევ გადაინათლებიან, - ხელმეორედ ჯვარზე აკრავენ ქრისტეს" (Дамаскин Иоанн, кн. 9, стр. 208).

დამოწმებულ მამათა მსჯავრით, რომელსაც იზიარებს რუსეთის სინოდალური ეკლესიაც, ბერძნული ეკლესია ლათინთა გადანათვლით უსჯულოდ იქცევა, იქმს უდიდეს ბოროტებას და ხელმეორედ აკრავს ჯვარზე ქრისტეს. რა თქმა უნდა, ძველი ეკლესიის ეს მამები ლაპარაკობენ არა წყალგადავლებით ნათლობაზე, რომელსაც სრულიად სამართლიანად უარყოფენ ბერძნები, არამედ წყალში სამგზის შთაფლვაზე. მაგრამ რუსული გაბატონებული ეკლესია ხომ სწორედ წყალგადავლებით ნათლობას მიიჩნევს ჭეშმარიტად და, აქედან გამომდინარე, ცხადია, მისი შეხედულებით, ბერძნული ეკლესია უარყოფს არა ცრუ და არაფრისმაქნის ნათლობას, არამედ ნამდვილს, რომელსაც რუსეთი განმეორების გარეშე შეიწყნარებს, ამიტომაც, ის, სინოდალური ეკლესიის აზრით, უეჭველად ხელმეორედ ჯვარს აკრავს ქრისტეს. ასეთია ბერძნულ ეკლესიაზე რუსული ეკლესიის მსჯავრი.

განსხვავებანი ამ ეკლესიებს შორის არსებობს სხვა მიმართულებითაც, რაზეც მიუთითებენ პროტოპრესვიტერი პროფ. სვეტლოვი და მღვდელი ჩელცოვი. "1872 წ., - ამბობს მ. ჩელცოვი, - კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავის სინოდთან ერთად, ფილეტიზმად და წყეულ მწვალებლობად შერაცხა ბულგარელთა სწრაფევა საეკლესიო დამოუკიდებლობისკენ და ეკლესიიდან განკვეთა ბულგარეთის ეგზარქოსი და მთელი ბულგარეთის ეკლესია. ხოლო რუსულმა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი თავის მიმართვაში ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია, მორიდებით და დიპლომატიურად, მაგრამ საკმაოდ აშკარად აღიარა, რომ არაფერია ერეტიკული ბულგარელთა სწრაფვაში დამოუკიდებელი ეკლესიური ცხოვრებისკენ. აი, შეუთანხმებლობის ახალი პუნქტი და არცთუ ისე მცირედმნიშვნელოვანი. და ეს არ არის ბოლო პუნქტი მათ უთანხმოებათა სიაში, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აქ არ ვაპირებთ.

ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ბერძნებთან ერთად სარწმუნოებრივად ერთნაირად, - "მართლმადიდებლებად" კი ვიწოდებით, მაგრამ ეს "მართლმადიდებლობა" არ გვაქვს იდენტური" (Церковно-общественная жизнь. 1907, № 10, стр. 293, 294). პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთიც და მეორეც, ანუ რუსული და ბერძნული ეკლესიები, დიდი ხანია უკვე აღარ არიან მართლმადიდებლურნი.


თავი IV

მართლმადიდებლობის ცნების გარეშე


რამდენი განსხვავება, უთანხმოება და წინააღმდეგობაა რუსულ გაბატონებულ ეკლესიაში! "ყურადღებით დააკვირდით, - გვეუბნება მღვდელი მ. ჩელცოვი, - პეტერბურგში ჩატარებულ სინოდის წინასაკრებო მუშაობის წევრთა მსჯელობას: ის, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს ხდის ფარდას. აი, შეიკრიბნენ განსწავლული, თავიანთი ეკლესიის უერთგულესი და დღედაღამ მასზე მზრუნველი ადამიანები, მოშურნენი, რომელთა მართლმადიდებლურობა არასოდეს არავის გაუხდია საეჭვოდ. და რა? ვერც ერთ საკითხში ვერ შეთანხმებულან და ვერ გამოუმუშავებიათ ერთი აზრი! რას უნდა ნიშნავდეს ეს? იმას, რომ არაერთგვაროვანი აქვთ სახელმძღვანელო პრინციპები და მართლმადიდებლური რწმენისძირითადი საფუძვლები. სრულიად სამართლიანად ამბობს მათზე ერთი პუბლიცისტი: " წინასაკრებო მუშაობის წევრთა შორის წარმოქმნილი წინააღმდეგობანი არ შეიძლება დავიყვანოთ კანონთა მნიშვნელობის განსაზღვრებაში სიტყვებით გადმოცემულ აზრთა სხვადასხვაობამდე. ეს წინააღმდეგობა უფრო ღრმაა, რისი მიზეზიც ის არის, რომ მოდავე მხარეებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ეკლესიის არსზე, ამიტომაც არის, საეკლესიო რეფორზმებზე საუბრისას სხვადასხვაგვარ ამოცანებს რომ ისახავენ" (Церковный вестник).


ეკლესიის არსზე სხვადასხვაგვარი შეხედულება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ ზუსტად დადგენილი და ფორმულირებული ყველასთვის სავალდებულო ცნება მართლმადიდებლობის შესახებ. შესაძლოა, მკაცრად, მაგრამ სრულიად სწორად შენიშნა წინასაკრებო მუშაობის ერთ-ერთი განყოფილების ერთ-ერთმა წევრმა - პროფ. ი. ვ. პოპოვმა, რომ "მართლმადიდებლობა მრავალ საკითხში ჯერ კიდევ საძიებელია და ამ საკითხების გარკვევა მოუწევს საღვთისმეტყველო მეცნიერებას".

თავისი ამ აზრის დასამტკიცებლად მან მოიტანა შემდეგი მაგალითები. "ჩვენი წინასაკრებო მუშაობის წევრთა შორის, - ამბობდა ის, - არიან ადამიანები, რომლებიც ემხრობიან კლერიკოსებისა და ერისკაცთა მონაწილეობას საეკლესიო მმართველობის საქმეებში, მაგრამ მათ ხშირად საყვედურობენ პროტესტანტული ტენდენციების გამო; ამათ კი პირიქით, კათოლიკური ტენდენციებით შეპყრობილებად ესახებათ უმრავლესობის წარმომადგენლები. ბევრ მათგანს ფილარეტის (გუმილიოვის) კატეხიზმო ლამის სიმბოლური წიგნი ჰგონია. მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ანტონ ვოლინსკელმა, რომლის მართლმადიდებლურობა, რა თქმა უნდა, არავის აეჭვებს, ამასწინათ განაცხადა, რომ ეს კატეხიზმო ლათინური ცთომილებებით არის აღსავსე" (Церковные ведомости. 1906. № 48, стр. 66. Прилож.).

უნდა შევნიშნოთ, რომ ფილარეტის კატეხიზმო ერთგვარი ნიმუშია და საფუძველი გაბატონებული ეკლესიის ყველა საღვთისმეტყველო წიგნისა და ღვთის სჯულის შესასწავლი ყველა სახელმძღვანელოსი. ამიტომაც ფილარეტის ამ წიგნით ლათინურმა ცთომლებებმა შეაღწია გაბატონებული ეკლესიის ყველა სკოლაში, სამრევლოსა და ოჯახში.

"მართლმადიდებელთა შორის ყველაზე მართლმადიდებელი კ. პ. პობედონოსცევი, - აგრძელებს მ. ჩელცოვი, - თავის ცნობილ წინადადებაში, რომელიც მან წარუდგინა სინოდს 1906 წლის 28 ივნისს და რომელსაც არ ახმაურებდნენ, აღიარებდა, რომ ჩვენს მართლმადიდებლობაში ყველაფერი ვერ არის რიგზე, რომ ჩვენი სარწმუნოებაც კი ვერ არის თავისუფალი ზოგიერთი ცთომილებისგან. აი, რას წერდა იგი:

"უმაღლესი რეზოლუციის პირდაპირი აზრით, მოსაწვევი კრების დღის წესრიგშია სარწმუნოებრივი საკითხების კანონიკური განხილვები, რომელთა შესახებ სინოდალურ განსაზღვრებებში არაფერია ნათქვამი. არადა, საკითხთა იმ უვრცელეს სფეროში, რომელიც ეხება ჩვენს ცოდნას და ათასგვარ ცთომილებათაგან ქრისტეანული, მართლმადიდებლური რწმენის გაწმენდას, საღვთისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენელთა შეწევნით, ასევე აუცილებელია წინასწარი მომზადება" (Церковные ведомости. 1905. № 45, стр. 1905. Прилож.).

დაბოლოს, ის, ვინც ჩვენში ოფიციალურად არის აღიარებული მართლმადიდებლური სარწმუოების დამცველად და მფარველად, ბატონი იმპერატორი სინოდის ერთ-ერთი დადგენილების თავის რეზოლუციაში, რომელიც ეხებოდა კრების მოწვევის საკითხს წერს: "მოწვეულ იქნას სრულიად რუსეთის კრება სარწმუნოებრივ და საეკლესიო მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხთა განსახილველად" (იქვე. გვ. 1899). არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ გამოხმაურებაში საკლესიო რეფორმის შესახებ, რომელიც წარდგენილ იქნა ეპარქიალურ მღვდელმთავართა მიერ, თუმც არა ღიად, მაგრამ მაინც საკმაოდ მკვეთრად გამოსჭვივის აზრი, რომ ჩვენს სწავლა-მოძღვრებაში არცთუ მცირეა ისეთი სწავლებები, რომლებიც ითხოვს საფუძვლიან გადასინჯვას" (Церковно-общественная жизнь. 1907. № 10, стр. 294, 295).

აი, როგორია გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება და მართლმადიდებლობა თვით მისი წარმომადგენლებისა და მეთაურის აღიარებით. "მართლმადიდებლური აღმსარებლობა", "პატრიარქთა ეპისტოლე", მიტრ. ფილარეტის "კატეხიზმო", მიტრ. მაკარის დოგმატიკა - ყველა ეს წიგნი მწვალებლურია და აღვსილია ათასგვარი ცთომილებით. და ყოველივე ამას ამტკიცებენ არა ძველმართლმადიდებლები, არამედ რუსული სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველები.

მეტიც, ისინი აღიარებენ, რომ თვით "მართლმადიდებლობა მრავალში ჯერ კიდევ საძიებელია, რომლის გამორკვევა მართებს საღვთისმეტყველო მეცნიერებას". როგორია ეკლესია, რომელმაც არ იცის, რა არის მასში მართლმადიდებლური და რა - უცხო მისთვის. "სასულიერო აკადემიის ერთი პროფესორი, - წერს პროფ. ლებედევი, - საქმის ამგვარი ვითარებითა და ღვთისმეტყველებასთან ჩვენში გაბატონებული დამოკიდებულებით აღშფოთებული, წერდა: "არავის ისე არ ეშინია ჭეშმარიტების, როგორც ეკლესიის წარმომადგენლებს (ე. ი. მღვდელმთავრებს). "მართლმადიდებლობას" ისინი უწოდებენ სახელმწიფო-ნაციონალურ რელიგიას; ჭეშმარიტებას კი ყოველივე იმას რაც მათ მსოფლმხედველობასთან არის თანხმობაში". ამგვარი "მართლმადიდებლობის" წინააღმდეგ ავტორი თავის სიტყვას ამთავრებს პირდაპირი პროტესტით და ამბობს: "მართლმადიდებლობა, როგორც ქრისტეანობა, შესაძლოა მიღებულ იქნას მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც არის ის ჭეშმარიტება. მაგრამ, თუ მართლმადიდებლობა ტყუილია, მაშინ ის არავისთვის არ არის სავალდებულო" (Лебедев А. Слепые вожди, стр. 49).

"გაბატონებული "მართლმადიდებლობა", - ბრძანებს პროფ. ს. ნ. ბულგაკოვი, - თავისი სახაზინო "ღვთისმეტყველებით" არა მარტო წამლავს ერის სულს, არამედ, მან თავისი შხამით ღრმად გაჟღინთა მიწა, რომელზეც დგას და კიდევ დიდი ხანი დაასნებოვნებს ის ყოველივეს, რაც დაფუძნდება ამ მიწაზე. და ეს, სამწუხაროდ, არის არა მხოლოდ წარსული, არამედ მწარე აწმყოც" (Булгаков С. Н. Неотложные задачи, стр. 7).

ძნელია მოიძებნოს თუნდაც ერთი საკითხი, რომელშიც თანხმიერი და ერთსულოვანი იყოს გაბატონებული ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი, მღვდელი, ღვთისმეტყველი, კანონისტი, მისიონერი და მწერალი. დაწყებული საკითხებით ღმერთზე, ქრისტეზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე და წეს-ჩვეულებებზე, დამთავრებული საღვთისმეტყველო თუ დისციპლინური საკითხებით, გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენლებსა და აპოლოგეტებს საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ; როგორც იტყვიან ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას. თანაც არცთუ იშვიათად სცილდებიან თვით ქრისტეანობის საფუძვლებსაც კი.

თუკი წინასაკრებო განხილვაში, სადაც მათ აერთიანებდათ ერთი მიზანი და სამუშაო პროგრამა, ისინი, მღვდელ მ. ჩელცოვის მოწმობით, "ვერც ერთ საკითხში ვერ შეთანხმდნენ", როგორ გამაოგნებელ აზრთა სხვადასხვაობას და სხვადასხვაგვარ რწმენას უნდა წავაწყდეთ მათთან, როდესაც ისინი ან ცალკე ჯგუფებად, ან კიდევ განმარტოებით, სათითაოდ მუშაობენ. ისინი ყოველწლიურად გამოსცემენ რამდენიმე სპეციალურ სასულიერო ჟურნალს; ყოველწლიურად გამოსცემენ დიდი რაოდენობით რელიგიური და საკლესიო შინაარსის მქონე წიგნს, ბროშურასა და ფურცელს. წერენ საერო ჟურნალებსა და გაზეთებშიც. ქადაგებენ ეკლესიის კათედრიდან, ლაპარაკობენ სახელმწიფო დუმისა და საბჭოს ტრიბუნიდან, რომ არსებობდეს გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენელთა და მსახურთა მთელი ამ საქმიანობის ერთ მთლიანობაში შეკრების შესაძლებლობა, მივიღებდით სხვადასხვა ხარისხის, ფერისა და ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი თვისებების მქონე ჭრელაჭრულა საგნების კოლექციას. ამ კრებულში შევიდოდა ყველა, - როგორც ძველი, ისე ახალი დროების, - მწვალებლობა, სარწმუნოება და შეხედულება. აქვე დაეტეოდა, სოდომიდან დაწყებული დღევანდელი სატანისტებითა და სადისტებთ დამთავრებული, - ყველა დროის გარყვნილი ადამიანების ვნებებიც. აქ მოხვდებოდა წარმართობისა და ათეიზმის სხვადასხვაგვარი გამოვლინება. სამწუხაროდ, ჩვენ პირადად ვერ ვფლობთ საკმარისი მასალით და შესაძლებლობებით, რათა შევკრათ მსგავსი კრებული. ამისთვის საჭიროა არა ერთი, არამედ მრავალი მკვლევარის ხანგრძლივი და თავაუღებელი მუშაობა. ჩვენ შევეცდებით მხოლოდ შევეხოთ ზოგიერთ "საგანს", ჩვენთვის უფრო ცნობილსა და ხელმისაწვდომს.


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика