აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.IX. 3. ჯვრის გამოსახვის შესახებ_8 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ორი თითით პირჯვრისწერა

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

9. ორთითიანი წყობის გრაფიკული გამოსახულებები

ე. ჭელიძე, თავის პირველი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომის "ეკლესია - სძალი უფლისა" 215-ე გვერდზე კურთხევის გასაცემ წყობებსაც ეხება და წერს, რომ "ამ წესის ისტორია დიდი ხანია საფუძვლიანადაა შესწავლილი. ცხადყოფილია, რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო. აი, ეს ოთხი სახე":



ნახატი ე. ჭელიძის წიგნიდან: "ეკლესია - სძალი უფლისა" (გვ. 215)


სანამ ციტირებას განვაგრძობთ, აღვნიშნავთ, რომ ცთომილება აქ უკვე პირველივე აბზაცში გვხვდება. კერძოდ, არასწორია ცნობა, თითქოსდა უძველესი დროიდანვე კურთხევის გაცემის წესი "ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო". ქრისტეანობის ისტორიისთვის უცნობია ხელის თითებით კურთხევის გაცემის მრავალსახეობა, განსაკუთრებით კი ის სახეები, რომელიც თავის წიგნში აქვს აღნიშნული ე. ჭელიძეს. ამ წყობებიდან კურთხევის გასაცემად, როგორც ეს ისტორიული წყაროებიდან, წმიდა მამათა სწავლებებიდან და საეკლესიო დადგენილებებიდანაც აშკარავდება, მხოლოდ ერთი წყობისა იყო და ეს სწორედ ორთითიანი წყობაა.

ე. ჭელიძის თქმით, "პირველი მათგანი (იხ. ქვემოთ სურ. 1) უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც  სპეციფიკურად ქრისტიანული სახე" (ე. ჭ. იქვე).



სურ. 1


ხოლო, "თითების წყობის დანარჩენი სამი სახეობა (იხ. ქვემოთ) გარეგნულ ანალოგს პოულობს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული პირველი ( I ) სახე თითთა წყობისა, ამავე დროს, იწოდება კონკრეტულად ძველბერძნულ წესად, რადგანაც ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებს, თუმცა მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც" (ე. ჭ. იქვე).




სურ. 2

ზემოთ იხილეთ ასევე თვით ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული თითების წყობათა ნახატები.



ე. ჭელიძის ზემოთმოტანილი მსჯელობა თავიდან ბოლომდე არასწორ ინფორმაციას შეიცავს. ავტორი ან შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, ან მოცემულ საკითხში ამჟღავნებს კატასტროფულ უცოდინრობას. რადგან ამას იოლად არავინ დაგვიჯერებს, მოდი, პირდაპირ განვაცხადოთ, - ე. ჭელიძე ყოვლად უსინდისოდ ატყუებს თავის მკითხველს, უფრო მეტად კი ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის წევრებს, რომელთაც მისი სჯერათ.

მივყვეთ პუნქტობრივად. ე. ჭელიძის თქმით, თითების წყობა, რომელიც პირველი ნომრით არის აღნიშნული მის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე "... უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც  სპეციფიკურად ქრისტიანული სახე".

რას ნიშნავს "სპეციფიკურად"?

სიტყვა "სპეციფიკური" ნიშნავს იმგვარ ნიშანს ან თვისებას, რაც დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული საგნის ან მოვლენისთვის; თავისებურს და განსაკუთრებულს; იმგვარს, რაც სხვას არ ახასიათებს. თუ მსგავსი თვისება ან ფორმა ახასიათებს სხვა მოვლენას ან საგანს, ის უკვე ვეღარ იქნება სპეციფიკური.

როდესაც ე. ჭელიძე აცხადებს, რომ მის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე პირველ ნომრად აღნიშნული თითთა წყობა არის "სპეციფიკურად ქრისტიანული სახე", ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქრისტეანობის კუთვნილება უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში სხვა რელიგიებს ან რელიგიურ-მისტიკურ და ფილოსოფიურ მიმართულებებს მსგავსი წყობა არ უნდა ახასიათებდეთ (არ ვგულისხმობთ იმას, რომ ამ მიმართულებებს ის შესაძლოა ქრისტეანობიდან ჰქონდეთ აღებული). მეტიც, ამ (ან რომელიმე) თითთა წყობის "სპეციფიკურობა" ქრისტეანობაში ნიშნავს, რომ ქრისტეანობას თავადაც არ უნდა ჰქონდეს ის აღებული სხვა რელიგიებიდან ან წარმართული წარმოდგენებიდან, ან არაქრისტეანული ტრადიციებიდან. სხვაგვარად ის ვერანაირად იქნება "სპეციფიკურად" ქრისტეანული.

ახლა ვნახოთ, რამდენად მართალია ე. ჭელიძე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ თითების ასეთი წყობა დამახასიათებელია ისეთი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემისთვის, როგორიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი. ამ ფილოსოფიურ სისტემებში არსებობს ე. წ. "თითების იოგა" - მუდრა (mudra), რომელიც წარმოადგენს ხელის მტევნისა და თითების რიტუალურ განლაგებას. ეს არის ჟესტების რიტუალური ენა ბუდიზმსა და ინდუიზმში.

მუდრების მრავალი ფორმა არსებობს, რომელთა განხილვა არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს, ჩვენ შევეხებით მხოლოდ იმას, რაც ე. ჭელიძის თქმით "სპეციფიკურად ქრისტიანული სახე" უნდა იყოს. ეს არის ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე პირველივე წყობა (იხ. ქვემოთ. აღნიშნულია ნომრით "უნუსი", ანუ I).



ბუდისტურ იკონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუდების, ბოდჰისატვების, ღვთაებებისა და წმინდანების სიმბოლურ ჟესტებსა და იოგურ პოზებს. სანსკრიტიდან მუდრა (mudra) ითარგმნება, როგორც "ჟესტი" ან "ბეჭედი", სხვა ინტერპრეტაციით ამ სიტყვას "სიხარულის მომნიჭებლის" მნიშვნელობაც აქვს (Урок Йоги. Что такое мудра? http://urok-yoga.ru/chto-takoe-mudra/ ან აქ: https://samopoznanie.ru/schools/mudry/ ).

მუდრები, ანუ სიმბოლური ჟესტები, - ეს ხელების, ხელისგულისა და თითების ისეთი განლაგებაა, რაც რიტუალური პრაქტიკის შესრულების დროს გარკვეულ აზრს ატარებს (Символические жесты и йогические позы будд, бодхисаттв, божеств, святых.  http://probud.narod.ru/symbol/mudras_and_asanas.html).

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მუდრას, რომელსაც ბუდისტურ იკონოგრაფიაში იყენებენ, მათ შორის არის ე. ჭელიძის მიერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ სახედ" შერაცხილი წყობაც.



ცოდნის მუდრა




ზეცის მუდრა




სიცოცხლის მუდრა




მიწის (Prithvi) მუდრა




ენერგიის მუდრა




მუდრა - სიბრძნის სარკმელი

მუდრების ფოტოები აღებულია საიტიდან: http://shemeacov.narod.ru/mudra/mudra.htm#3

ახლა ეს მუდრები შევადაროთ ე. ჭელიძის მიერ საკუთარ წიგნში ("ეკლესია - სძალი უფლისა") მოცემულ ნახატებს:




"მუდრები მომდინარეობენ ათასლწეულთა სიღრმეებიდან, ინდოეთის არიულ პერიოდამდელ, ე. წ. ჰარაპული ისტორიიდან, ეს არის პროტოინდური პერიოდი, ანუ 3300-1300 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე"  (Индская цивилизация. https://ru.wikipedia.org იხ. ასევე: Хараппская цивилизация. http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000015/st002.shtml)
----------

რიტუალური ჟესტები, ანუ მუდრები - სატაძრო (სარიტუალო) ცეკვებში გამოიყენებოდა. ინდუსები მიიჩნევენ, რომ ეს მოძრაობები თავისი ცეკვის მეშვეობით ადამიანებს გადასცა შივამ, ინდუისტური პანთეონის სამი უმაღლესი ღვთაებიდან ერთ-ერთმა, რომელსაც "კოსმიური ცეკვით სამყაროს შემოქმედსაც" უწოდებენ. ინდუიზმიდან მუდრები გადმოვიდა ბუდიზმში. ცხრა ძირითადი მუდრა, რომელთაც ბუდას მუდრებს უწოდებენ, გამოიყენებოდა მედიტაციის ადრინდელი ეტაპების აღსანიშნავად. შემდეგ მუდრები ბუდისტური იკონოგრაფიის შემადგენელი ელემენტი გახდა. თითების ყოველი განლაგება ბუდას გამოსახულებაზე გარკვეული სიმბოლიზმის მატარებელია.  
ჩვენთვის საინტერესო თითების წყობას, რომელსაც ე. ჭელიძე "სპეციფიკურად ქრისტიანულ სახეს" უწოდებს, ბუდიზმში "მიწის (პრიტჰვი) მუდრა" ეწოდება (იხ. მაგალითად. lt http://vohuman.ru/mudry/prithvi-mudra.html ან კიდევ: https://www.liveinternet.ru/users/elena_honcharova/post224120104)



Prithvi (პრიტჰვი), ანუ მიწის მუდრა


სხვათა შორის, მუდრებში ანალოგი გააჩნია სამთითიან წყობასაც (რომელსაც კიდევ უფრო მეტი ალბათობით ე. ჭელიძე ასევე "სპეციფიკურ ქრისტიანულ სახედ" უნდა მიიჩნევდეს) და მას სიმდიდრის ინდუისტური "ღმერთისა" და ქვესკნელის მპყრობელის - კუბერას სახელწოდების მიხედვით "კუბერა მუდრა" ეწოდება. ამ მუდრას სიმდიდრისა და ამქვენიური კეთილდღეობის მოსაპოვებლად მიმართავენ.





ქვესკნელისა და სიმდიდრის ინდუისტური "ღმერთი" - კუბერა


ქვემოთ სურათებზე იხ. თითების წყობა "კუბერა":






ფოტო აღებულია საიტიდან: https://ru.depositphotos.com/13958135/stock-photo-kubera-mudra.html



ფოტო აღებულია საიტიდან: http://tor4.ru/zdorovye-sovety/5301-kubera-mudra-dlya-ispolneniya-materialnih-zhelanij.html




ინდუისტური "ღმერთი" კუბერა

ფოტოსურათი აღებულია საიტებიდან:

https://en.wikipedia.org/wiki/Kubera

https://tamilandvedas.com/2014/10/26/17-names-of-kubera-in-amarakosa/

https://nandzed.livejournal.com/5582136.html



იგივე. დეტალი

ფოტოსურათი აღებულია საიტიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Kubera




კუბერა

ფოტო აღებულია საიტიდან: http://www.ezoterik.ru/ezoterika/kybera-mydra-mydra-ispolneniia.html


როგორც ვხედავთ, ე. ჭელიძის მიერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ სახედ" შერაცხილ წყობას ანალოგი აქვს ბუდისტურ ფილოსოფიურ-მედიტაციურ სისტემაშიც, რომელიც ქრისტეანობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

მაგრამ ინდუიზმი და ბუდიზმი არ არის ერთადერთი სფერო, რომელშიც თითების წყობის ის სახეები გვხვდება, რომლებიც ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებულ ნახატებზეა მოცემული. თითების გარკვეულ წყობას, როგორც ორატორულ ჟესტს, მიმართავდნენ ქრისტეანობამდელ ანტიკურ სამყაროშიც.

მაგალითად, ჟესტი "თხა" ან "თხის რქები", როგორც მას დღეს უწოდებენ, ანტიკურ ბერძენ და რომაელ ორატორთა კლასიკურ ჟესტს წარმოადგენდა. ის აღწერილია ფაბიუს მარკუს კვინტილიანეს წიგნში "დარიგებანი ორატორს" და წარმოადგენს ორატორული ხელოვნების ანტიკურ სახელმძღვანელოს. ცხრა ორატორული ჟესტიდან, რომელიც კვინტილიანემ აღწერა, "თხის რქები" მეორე ჟესტია და მას რიტორები იყენებდნენ. ორი თითი: შუა და არათითი მოხრილია დიდი თითისკენ (ცერისკენ), ხოლო საჩვენებელი და ნეკა აღმართულია; ამ წყობის შესახებ კვინტილიანე ამბობს, რომ ის წარმოადგენს პრინციპულ, დაჟინებულ ან დაბეჯითებით ჟესტს და გამოიყენებოდა ორატორული გამოსვლის დასაწყისში ან მსჯელობისას.  

უფრო მეტი სიცხადისთვის, კარგი იქნება თუ გავეცნობით იმ ორატორულ ჟესტიკულაციებს, რომელსაც კვინტილიანეს მიხედვით ანტიკური ორატორები მიმართავდნენ:

§ 1. არათითი მოხრილია დიდი თითისკენ (ცერისკენ), დანარჩენი თითები კი აღმართულია. ეს ჟესტი დამახასიათებელია ლაპარაკის დასაწყისისთვის, ასევე თხრობისთვის, გაკიცხვისთვის ან ბრალდებისთვის (იხ. სურ. ქვემოთ).



§ 2. ორი თითი - შუა და არათითი მოხრილია დიდისკენ (ცერისკენ), ხოლო საჩვენებელი და ნეკა აღმართღულია. ეს არის "დაჟინებული", "დაბეჯითებითის" მაჩვენებელი ჟესტი კვინტილიანეს მიხედვით (იხ. სურ. ქვემოთ).



§ 3. გაკიცხვისა და მითითების ჟესტს წარმოადგენს თითების წყობა, სადაც სამი ბოლო თითი (შუა, არათითი და ნეკა) მიერთებულია ცერას, ხოლო საჩვენებელი თითი აღმართულია (იხ. სურ. ქვემოთ)



§ 4. მეოთხე სურათზე (იხ. ქვემოთ) ჩვენ ვხედავთ ორთითიან წყობას. აქ დიდი (ცერა), არათითი და ნეკა მიერთებულია ერთმანეთთან, ხოლო საჩვენებელი და შუათითი აღმართულია. ეს ჟესტი გულისხმობს პერსონაჟის მეტყველებას, ქადაგებას, ხარებას.



Е. Голубинский. К нашей полемике со старообрядцами (Общие вопросы: О перстоложении для крестного знамения и благословения) (Сергиев Посад. Апрель 1892 г, стр. 65-66. სქოლიო).

ზუსტად იგივე გვაქვს იკონოგრაფიაშიც:



ოსიოს ლუკასის მონასტრის მოზაიკა ფოკიდაში. X ს.

შეად. ზემოთ 1-ელ პარაგრაფში აღწერილ სურათს



იქვე. შეად. ზემოთ 2-ე პარაგრაფში აღწერილ სურათს:


ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგიური ჟესტები ხატებზე, როგორც წესი, გულისხმობს პერსონაჟის პირდაპირ ლაპარაკს, ქადაგებას, უწყებას და არა კურთხევას ჯვრის გადასახვის თვალსაზრისით. ამის შესახებ მეტყველებენ ისტორიული წყაროებიც. მაგალითად, ბიზანტიელი ისტორიკოსი პავლე სილენციარიუსი († 575-580) კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრის მისეულ აღწერაში ახსენებს საკურთხევლის კრეტსაბმელს, ზედ ამოქარგული მაცხოვრის ხატით, რომელზეც "მარჯვენა ხელის თითები გაწვდენილია მარად ცოცხალი სიტყვის საქადაგებლად, ხოლო მარცხენა ხელში ღმრთის სიტყვის შემცველი წიგნი უჭირავს" (Подлинные слова: Спаситель изображен так, что
οικε δ δάκτυλα τίνειν δεξιτερς, τε μθον ειζώοντα πιφαςκον, λαίη βίβλον χων ζαθων πιστωρα μθων. - Патрол. Миня, t. 86, pars posterior, col. 2149, vers. 778) (Е. Голубинский. К нашей полемике со старообрядцами. (Общие вопросы: О перстоложении для крестного знамения и благословения). Сергиев Посад. 1892. Стр. 67).
ამ კონტექსტში, მაგალითად, ხარების სცენაში მთავარანგელოზ გაბრიელის ჟესტი ღვთისმშობლისადმი სამახარობლო სიტყვის უწყებას ნიშნავს და არა მის კურთხევას.



ხარების ხატი (შეად. მთავარანგელოზის თითები ზემოთ 1-ელ სურათს)


რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოსდა შეუძლებელი იყოს ქრისტეს გამოსახვა მაკურთხებელი თითების წყობით. უბრალოდ, საჭიროა ნებისმიერი ხატწერითი სიმბოლოს "წაკითხვა" საკუთარ კონტექსტში (Жесты в православной иконографии. https://cycyron.livejournal.com/3738971.html).

მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი, ახალმოწესე მღვდელი დიმიტრი იურიევიჩი (მის შესახებ იხ. საიტზე: http://bible-spbda.info/info/yurevich/yurevich.html), სტატიაში "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში" აღნიშნავს, რომ: «ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ-ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები.

ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა, როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკე სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოეცათ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში - მათი მართალი და წმიდა ცხოვრების ძალით გამოვლინდა.

ხატის მიზანია, გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-ისტორიულ მოვლენათა დინამიკის ჩვენებაში როდი მდგომარეობს, რადგან ხატის, როგორც უწიგნურთა ბიბლიის, შემეცნება, ხატმწერთათვისაც მისაღები იყო. ხატმა მის წინაშე მდგომ და მლოცველ ადამიანს უნდა წარმოუჩინოს სულის ის მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მასზე გამოსახული მოღვაწისთვის. როდესაც წმინდანთა ხატებს შევცქერით, ჩვენი მხრივ, მივისწრაფვით, მივემსგავსოთ არა მარტო მასზე გამოსახულ წმინდანს, - სიკეთის გარეგნული ქმნის თვალსაზრისით, არამედ ღვთიური მადლით შინაგანი კაცის ბუნების ფერიცვალებითაც. ხატის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სულიერი მდგომარეობის ნიმუში ლოცვის დროს და სწორი ლოცვითი მოღვაწეობის სახელმძღვანელო (Успенский Л. А. Богословие иконы Православной Церкви. Б/м, Изд-во Зап.-Европ. Экзархата Моск. Патриархата, 1989, [репр.: М., 1998,] 476 с, илл.).

თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე აქვს საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას, მატერიალისტური საშუალებებით გამოისახოს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ.

ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). ავიღოთ, მაგალითად, ქრისტეს აღდგომის დასავლეთიდან ჩვენთან შემოსული იკონოგრაფიული ტიპაჟი: ქრისტე ამოდის საფლავიდან ან თეთრ სავანეში გახვეული დგას მის გვერდით ჯვრით ხელში. ქრისტეს ირგვლივ შეგვიძლია ვიხილოთ შეშინებული და პირქვედამხობილი დარაჯები და მოწიწებით მუხლმოყრილი ანგელოზები (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, 144-145 с.). ჟესტიკულაცია ასეთ ხატებზე გადმოსცემს სწორედ გარეგან დინამიკას, მოძრაობას და თუმცა საკმაოდ დახვეწილად აკეთებს ამას, დავტოვებთ მას განხილვის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ სურათებზე გამოსახული ან თეატრალური ჟესტიკულაციის სიმბოლიკის მსგავსია და ახალს არაფერს გვაძლევს.

სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყინვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ.

ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ, გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. სურ. ქვემოთ).



ამიტომაც, XIX-XX საუკუნეების ხატებზე მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითები უკვე შეკრულია ე. წ. სამღვდლო კურთხევის "სახელობითი" წყობით, როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC XC (იხ. სურ. ქვემოთ).



მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველი ხატები არ გვხვდება, აქ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. ხატი ქვემოთ).



ისტორიულ წყაროებს თუ მივმართავთ, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492 с). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვით გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება, თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსახული პირები უნდა აღქმულიყვნენ ვითარც მოლაპარაკენი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492-1). მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები კათედრაზე რომ ადიოდნენ, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებული წესით ჟესტიკულირებდნენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с 493).  

კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებული ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგალითად, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია (ასეა გამოსახული მაცხოვარი უამრავ ხატზე), არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ - გაკიცხვას ან ბრალდებას (იხ. სურ ქვემოთ).




ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. სურ. ქვემოთ).



ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა წარმოადგენდა გაკიცხვას ან, უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებთან ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებული ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 493-1).

დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. ქვემოთ); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ, ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 494-495).



ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. "დოდონასა და ენეას ნადიმი". სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი.

როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას იუსტინიანეს მიერ კონსტანტინოპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი.

აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ-ერთ კრეტსაბმელზე: "ის გამოსახულია მარჯვენა ხელის წინგაშვერილი თითებით, - ნიშნად იმისა, რომ ქადაგებს მარადიულ სიტყვას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც შეიცავს ღმრთის სიტყვას (ანუ ხელში უპყრია სახარება)" (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 496).

მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რაც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიტუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით - ეს იქნებოდა უბრალოდ შეუსაბამობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკრეხელობაც კი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).

მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად. საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით - სრულიად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან (იხ. სურ. ქვემოთ) (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-1).



მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას, ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება, თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ამხელს ცოდვით დაცემაში. ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-2).
სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).

სახელგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხეთ ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში, XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). მხოლოდ ამ დროიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) რუსულ ეკლესიაში გაშვერილი ხელი ტრადიციული ორთითიანი წყობით (ცერი, ნეკი და არათითი შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუათითი გამართული და ოდნავ მოხრილი) ხატებზე გამოსახავს ორი თითით კურთხევის სიმბოლოს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). XVIII საუკუნის დასაწყისის ძველმოწესე აპოლოგეტები, ვიგოველი ძმები დენისოვები (დენისოვები იყვნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" - არქიეპ. პ..) თავიანთ სახელგანთქმულ წიგნში "Поморские ответы" ("პომორული სიტყვისგებანი"), ორი თითის ავტორიტეტულობისა და სიძველის ნიშნად იმოწმებენ საკმაოდ დიდ ჩამონათვალს ძველრუსული ხატებისა, სადაც ორი თითი უკვე საკურთხებელი მნიშვნელობით არის გამოსახული (Братья Денисовы. Поморские ответы. Мануиловский Никольский монастырь, 1884).

ზემოთ აღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? - ძველი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი ჟესტი იყო ხელთაღპყრობა. ეს ჟესტი წარმოადგენდა სიმბოლოს, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი მხურვალე და გულწრფელი ლოცვის გარეგან გამოხატულებას. წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ახალდაფუძნებული თემების ეკლესიური ცხოვრების მოწყობაზე, ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში წერს:
"ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2:8).

ამ მხრივაც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. ხატი 7). საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500-501). ასე არიან გამოსახულნი, მაგალითად, მლოცველები იმპერატორ ბასილის თვენში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 502-2).



ხატი "ორანტა"


ზემოთ მოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ-ერთ განუყოფელ და გამომხატველ თვისებას. ეფუძნება რა ძველი სამყაროს ჟესტების სიმბოლიკას, ის გამოიყენება ხატწერაში მისი უმთავრესი ამოცანის აღსასრულებლად: გრაფიკული საშუალებებით გადმოსცეს არა მარტო დაწერილი მოვლენის გარეგანი მხარე ან წმინდანის პიროვნება, არამედ პირველის (მოვლენის) შინაგანი არსი, ხოლო მეორის (წმინდანის) სულიერი მდგომარეობა» (წყარო: http://nesusvet.narod.ru/ico/ref/psicholog.htm).

პროფ. ე. გოლუბინსკის თქმით: "... ხელის თითების წყობას ხატებზე თავისი წარმომავლობით და პირველდაწყებითი მნიშვნელობით აქვს არა მლოცველი ან მაკურთხებელი დანიშნულება, ასეთი მნიშვნელობა მათ შეიძინეს მოგვიანებით, არამედ სხვა რამ.  ... თავისი წარმომავლობით და პირველდაწყებითი მნიშვნელობით ხელის თითების წყობა ხატებზე წარმოადგენდა ხატმწერთა მიერ მიღებულ პირობით ნიშანს, ანუ იმას, რომ ხატებზე გამოსახული პირები ამგვარი ხელებით (მაცხოვარი ან რომელიმე წმინდანი) ლაპარაკობენ (ახარებენ, ქადაგებენ), ანუ მათ მოლაპარაკედ ან მქადაგებლებად უნდა წარმოვიდგენდეთ" (Голубинский Е. К нашей полемике со старообрядцами) (Общие вопросы: О перстоложении для крестного знамения и благословения. Богословский вестник. Изд. Моск. Дух. Акад. Апрель 1892, стр. 64).

ჩვეულება, ხელის თითები გამოყენებულ იქნას, როგორც სიმბოლო ან პირობითი ნიშანი იმისა, რომ ხატზე გამოსახული პირი წარმოდგენილ იქნას მქადაგებლად, ანუ ჩვეულება იმისა, პირის მქადაგებლობა გამოხატულ იქნას ხელის თითების გარკვეული წყობით, დამკვიდრებულია ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელ ფერმწერთა მიერ და აღებულია რეალური ცხოვრებიდან. ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც კათედრაზე ადიოდნენ, მსმენელს სიჩუმისკენ და ყურადღებისკენ ხელის თითების წყობით მოუწოდებდნენ. ამგვარ წყობებს ისინი იყენებდნენ მისალმებისთვისაც. თითების წყობით ჟესტიკულირებდნენ ისინი ლაპარაკის დროსაც და ამისთვის სხვადასხვა წყობას იყენებდნენ.

ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ჩვეულება ორატორებს ნამდვილად ჰქონდათ, რადგან, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში რაიმე გაძლიერებულ, განსაკუთრებით გაცხოველებულ საუბარში ადამიანები ხელის თითებს კრავენ და აქანავებენ, ასევე, ან თითებით, ან უბრალოდ, ხელის აწევით იძლევიან ნიშანს სიჩუმე იყოს. რაც შეეხება მისალმებას ხელის აწევითა და თითების წყობით, შეადარეთ ამ ჟესტის გამოყენება დღევანდელ დღეს ჩვენი სამხედროების მიერ. ბერძენ და რომაელ ორატორთა ჩვეულებაზე, თავიანთი ქადაგება დაიწყონ ხელის თითების წყობის აღმართვით, ისევე, როგორც თითების სხვადასხვა სახით ჟესტიკულირება უშუალოდ ლაპარაკის დროს სპეციალურად და საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი რომაელ რიტორ კვინტილიანეს (35-96) თავის თხზულებაში De institutione oratoria, - lib. XI, cap. III _ De pronuntiatione, შემდეგ გაკვრით და არც ისე სპეციალურად ამის შესახებ მსჯელობენ: პერსევსი თავის სატირებში - sat. IV, de Alcibiade, v. 7, აპულეოსი თავის მეტამორფოზებში ან De aureo asino, _ lib. II, cap. XXI, aristente (ძვ. წ. IV ან V საუკუნის წარმართი მწერალი. - ვიცით გრეტზერის მითითების მიხედვით Т. I, р. 369) და სხვები (ციცერონი თავის სპეციალურ თხზულებაში De oratore, მართალია, სპეციალურად არ ლაპარაკობს ამის შესახებ, მაგრამ ხელის თითებთან დაკავშირებით იძლევა საზოგადო დარიგებას, თანაც გულისხმობს თითთა განსხვავებულ წყობებს და შინაარსს, - lib. III, cap. 59) (ე. გოლუბინსკი. იქვე. გვ. 65 სქოლიო. შენიშვნა.1)

ხელის გაწვდენა და მისი მოღერება - რომლის შესახებაც ლაპარაკია მოციქულთა საქმეებში (12:17; 13:16; 19:33; 21:40; 26:1) როგორც მოწოდება მდუმარებისკენ, სწორედ ხელის ორატორული წამოწევაა: "ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო" (საქმე მოციქულთა 12:17);

"წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!" (იქვე. 13:16);

"იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე" (იქვე. 19:33);

"ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ" (იქვე. 21:40);

"აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა..." (იქვე. 26:1).

გვიანდელ დროშიც ქრისტეან ორატორებსაც ჩვეულებად ჰქონდათ ხელის გაწვდენა ლაპარაკის დაწყების წინ, იხ. მაგალითად, გრამატიკოს კორიპეს მოწმობა იმპ. იუსტინეს შესახებ (Гретзера Т. 1, р. 368 нач.) (იქვე. გვ. 66. სქოლიო).

დღემდე შენარჩუნებულია მინიატურებით დამშვენებული კლასიკური, ანუ წარმართული ნაწარმოებები, რომლებზეც პირები გამოსახულნი არიან აწეული და თითებდაწყობილი ხელებით ზუსტად ისე, როგორც ეს ქრისტეანულ ხატებსა და ფერწერულ ნახატებზეა გამოსახული: მარტინი თავის ლექსიკონში მიუთითებს ჰომეროსის თხზულებებზე, რომელიც მილანის ამბროსიანულ ბიბლიოთეკაშია, და ვირგილიუსის ენეიდაზე, რომელიც ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული (B
énir, р. 85 col. 1); ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეგვიძლია მივუთითოთ დიოსკორიდესის თხზულებებზე, რომელიც ვენის საიმპერატორო ბიბლიოთეკაშია და, რომლის ნახატები დაბეჭდა ნესელმა ბიბლიოთეკის ხელნაწერების აღწერაში (D. Danielis de Nessel Breviarium et Supplementum Commentariorum Lambecianorum sive Cataloguc et caet., Vindob. 1690, t. I, pars III сначала). ცნობილია ხელებაწეული და თითებდალაგებული სკულპტურული ნიმუშებიც. (26)

________________

26.   
"კორტიუმი გერმანულ ენაზე მის მიერ შესრულებული პავლე სილენციარიუსის თარგმანის შენიშვნებში მიუთითებს რამდენიმე ასეთ მაგალითს: შენიშვნა 55; თარგმანი დამატებულია ზალდენბერგის ცნობილ გამოცემას Aლტ-ცჰრისტლიცჰე Bაუდენკმალე ვონ ჩონსტანტინოპელ, იხ. ასევე რანგავის ძველი ხელოვნების ისტორიის ცხრილები (Πίνακες δι τν Ιστορίαν τς αρχαας καλλιτεκνίας), - ცხრილი 8 № 3, ცხრილი 9; № 4, ცხრილი 11; № 5 და ცხრილი 12 № 2. ლაოკოონის ცნობილ ჯგუფში ლაოკოონის ერთ-ერთი ვაჟი ხელაწეულია და თითები აქვს დალაგებული ნიშნად იმისა, რომ ლაპარაკობს და მამას ტკივილის გამო შესჩივის" (Е. Голубинский. დასახ. შრ. გვ. 65-67. სქოლიო. შენიშვნა 2).

________________


"იმის თაობაზე, რომ ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა თავდაპირველად გამოიყენებოდა იმავე მნიშვნელობით, როგორითაც ის გამოიყენება ქრისტეანობამდელ ფერწერაში, მოიპოვება როგორც სიტყვიერი, ასევე ძეგლთა მოწმობანიც. ვენის საიმპერატორო ბიბლიოთეკაშია მოსეს ხუთწიგნეულის IV-V საუკუნეების ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც დამშვენებულია მინიატურებით. შენარჩუნებულია 24 მინიატურა, რომელთაგან ყველა ასახულია ნესელის გამოცემაში. ამ მინიატურებზე, რომლებიც წარმოადგენს ხუთწიგნეულის დასურათებულ აღწერებს, საკმაოდ ბევრია თითებგანლაგებული გაწვდენილი ხელების გამოსახულებები, მათ შორის, ზოგიერთი ჩვენი წყობაც, რომლებიც აუქმებენ იმ ვარაუდს, თითქოსდა აქ საქმე გვქონდეს ფერმწერის თვითნებობასთან, რომელმაც ძველაღთქმისეულ პირებს მიაკუთვნა კურთხევის ქრისტეანული სახე და ლოცვითი მდგომარეობანი, რაც უდავოდ აჩვენებს, რომ ისინი არ არის მაკურთხებელი ან მლოცველი ხელები, არამედ იმის ნიშანია, რომ პირები, რომლებსაც ისინი ეკუთვნის, გამოსახულნი არიან მოლაპარაკეებად ან უნდა აღქმულ იქნენ, როგორც მოლაპარაკენი, რამეთუ ამ ხელებში კურთხევის ან ლოცვითი მდგომარეობის დანახვა იქნებოდა შეუსაბამო, ხოლო მეორეში - უბრალო მკრეხელობა. ცნობილია ძველი ქანდაკებები და საკუთრივი მნიშვნელობით იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებზეც აშვერილი ხელის თითების წყობის პირვანდელი მნიშვნელობა წარმოადგენს სიმბოლოს ან პირობით ნიშანს, რომ მათზე გამოსახული პირები არიან მოლაპარაკენი, რაც სრულიად ნათელია და უდავო" (ე. გოლუბინსკი. იქვე. გვ. 67-68) (დედანში: (იქვე. გვ. 67-68).

პროფ. ე. კ. გოლუბინსკი, 67-68-ე გვერდებზე მითითებულ შენიშვნებში, თავისი ნათქვამის ჭეშმარიტების დასადატურებლად იმოწმებს ასეთ მაგალითებს: "გამოსახულნი არიან ესავი და იაკობი, რომელთაგან პირველი მეორეზე ჰყიდის თავის პირველშობილობას; ესავი გამოსახულია თითების წყობის მქონე ხელით - ნესელთან р. 69: აშკარაა, რომ ესავი არ აკურთხებს იაკობს და არც ლოცულობს მასზე, არამედ ელაპარაკება. გამოსახულია იოსები, რომელიც თავის ძმებს მოუთხრობს მის მიერ ნანახ სიზმარს; იოსებს გაწვდილი აქვს თითების წყობის მქონე ხელი - ნესელთან р. 82: ცხადია, რომ ის არ აკურთხებს ძმებს და არც ლოცულობს მათზე, არამედ ელაპარაკება მათ. გამოსახულია საპყრობილეში ჩამწყვდეული იოსები პურისმცხობელთან და მეღვინესთან ერთად, ხოლო საპყრობილის წინ დგას დარაჯი თავისი
ცოლითურთ; დარაჯი და მისი ცოლი ერთმანეთისკენ არიან შებრუნებულნი თითების წყობის მქონე გაშვერილი ხელებით - р. 87; ნათელია, რომ ისინი ლაპარაკობენ. გამოსახულია იოსების ძმები, რომლებიც მის წინაშე დგანან იმის შემდეგ, რაც ტომრებში ფული იპოვეს; იოსებს თითების წყობის მქონე ხელი აქვს გაშვერილი - р. 88: აშკარაა, რომ ის ძმებს ელაპარაკება. იხ. აგრეთვე: рр. 60, 65, 71, 73, 76, 83 (განსაკუთრებით მაყურებლისგან უკიდურეს მარჯვენა მხარეს მყოფი ფიგურა), 89 და 90 (იხ. ასევე рр. 60, 65, 71, 73, 76, 83, 89 და 90).

აქვეა მინიატურა, რომელიც გამოხატავს ლოთის დაცემას თავის ქალიშვილებთან - р. 64. არც ერთ თითების წყობის მქონე გაშვერილ ხელს მინიატურაზე არ შეიძლება მივანიჭოთ ლოცვითი დანიშნულება, არადა, ზოგიერთი შეიძლებოდა მიგვეღო, როგორც მაკურთხებელი ხელი; მაგრამ კურთხევა მინიატურებზე გამოისახება საკურთხებელ პირზე მაკურთხებლის ხელის თავზე დადებით - pp. 77, 78 და 99. ჩვენს მინიატურებზე ნათლად ჩანს, რომ თითების წყობის მქონე ხელი ღრუბლიდან თავისი პირვანდელი დანიშნულებით არ არის მაკურთხებელი ხელი, არამედ ეს ხელი არის ნიშანი იმისა, რომ ღმერთი ლაპარაკობს (მინიატურაზე გამოსახულია ადამისა და ევას დაცემა, ხოლო მათ თავზე ღრუბლიდან გამოშვერილია ღმრთის ხელი - р. 55; ცხადია, რომ ღმერთი ადამსა და ევას კი არ აკურთხებს ცოდვით დაცემისთვის, არამედ ამხელს მათ ამაში. შემდეგ გამოსახულია ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა და მათ თავზე ღრუბლიდან გამოშვერილი ხელი - р. 56: ცხადია, რომ ღმერთი ადამსა და ევას კი არ აკურთხებს, არამედ უბრძანებს მათ დატოვონ სამოთხე. წინასწარმეტყველნი, რომლებიც დღემდე გამოისახებიან ხატებზე თითების წყობის მქონე გაშვერილი ხელებით, საკუთრივ, კი არ აკურთხებენ ან კი არ ლოცულობენ, არამედ წინასწარმეტყველებენ, ანუ ხელები ნიშანია იმისა, რომ ისინი გამოისახებიან, როგორც წინასწარმეტყველების წარმომთქმელნი.

აი, კიდევ რამდენიმე მაგალითი: ერთ-ერთი საკროფაგის ბარელიეფზე გამოსახულია მაცხოვრის მიერ ორი ბრმის განკურნება; წარმოდგენილია მაცხოვარი, ბრმები და ორი მოციქული; მაცხოვარს ერთი ბრმის თავზე ხელი აქვს დადებული; მოციქულთაგან ერთ-ერთს გაშვერილი აქვს თითების წყობის მქონე ხელი, რომელიც მაცხოვრისკენ არის მიმართული: ცხადია, რომ მოციქული აქ ელაპარაკება მაცხოვარს და არ აკურთხებს მას. სხვა სარკოფაგის ბარელიეფზე გამოსახულია მაცხოვრის მიერ სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება; წარმოდგენილია მაცხოვარი, სისხლმდინარე ქალი და ერთ-ერთი მოციქული; მაცხოვარსა და მოციქულს, რომლებიც შებრუნებულნი არიან ერთმანეთისკენ, ხელი გაშვერილი აქვთ თითების წყობით: ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან. ერთ ფრესკაზე გამოსახულია მაცხოვრის მიერ პეტრე მოციქულის მხილება, რომელმაც უარყო ქრისტე; მაცხოვარს პეტრესკენ გაშვერილი აქვს თითების წყობის მქონე ხელი: ცხადია, რომ ის პეტრეს კი არ აკურთხებს, არამედ ელაპარაკება, ანუ ამხელს მას (იხ. მარტინის ლექსიკონში рр. 64 (მეორე გამოსახულება), 288 და 577 (იმპერატორმა იუსტინიანემ მის მიერ აშენებულ სოფიაწმიდის ტაძრის ეზოში დადგა თავისი ქანდაკება, რომელსაც აღმოსავლეთისკენ გაშვერილი აქვს თითების წყობის მქონე მარჯვენა ხელი; მაგრამ, სვიდას განმარტებით, ხელის ეს გაშვერა ნიშნავდა იმას, რომ იმპერატორი გამოსახულია როგორც მოლაპარაკე აღმოსავლელი ხალხებისადმი, - ლექსიკონში იხ. სიტყვა
ουστινιανς)" (ე. გოლუბინსკი. იქვე).

იმავეს ბრძანებს პროფ. ა. პ. გოლუბცოვიც (1860-1911): "ქრისტეს და წმინდანთა გამოსახულებებს, რომელთაც მაკურთხებლად მიიჩნევენ, სინამდვილეში არა აქვთ ამგვარი მნიშვნელობა და თავის დასაბამს იღებს ანტიკური გამოსახულებებიდან, რომლებიც ორატორებსა და ფილოსოფოსებს მოლაპარაკეებად გამოსახავდნენ. ძველად უყვარდათ ჟესტებით მეტყველება; წარმართი ორატორები და ფილოსოფოსები, სანამ რაიმეს იტყოდნენ ან საკუთარი სწავლების გადმოცემას დაიწყებდნენ, ჩვეულებისამებრ, სხვადასხვა სხეულებრივ მოძრაობებს და ჟესტებს მიმართავდნენ, რითაც ერთგვარად ესალმებოდნენ თავიანთ მსმენელთ ან მათი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ".

საკმარისია გავიხსენოთ, რამდენი ასეთი გამოსახულება გვხვდება კატაკომბებში, როდესაც ლაპარაკია ქრისტეზე, როგორც მოძღვარზე, მოციქულებსა და წინასწარმეტყველებზე, როგორც მქადაგებლებზე, რათა დავრწმუნდეთ თუ სრულ იგივეობაში არა, უკიდურეს შემთხვევაში, ამ ისტორიულ-სიმბოლურ გამოსახულებათა სიუჟეტურ და ატრიბუტიკულ მსგავსებაზე რიტორებისა და ფილოსოფოსების, ასევე კლასიკურ ფერმწერთა და სკულპტორთა ჩვეულებრივ ხერხებთან, რომელთაც ისინი მიმართავდნენ.

აქ აუცილებელია, გარკვეული განმარტება მივცეთ ჩვენს მკითხველს, რომელსაც დააინტერესებს, თუ საიდან გაჩნდა ქრისტეანულ ხელოვნებაში (ხატწერაში) თითების წყობის წარმართული ფორმები და მათი გამოსახვის ტრადიცია. საქმე ის არის, რომ მთლიანობაში ქრისტეანული კულტურა და კონკრეტულად იკონოგრაფია ცარიელ ადგილზე როდი აღმოცენდა. ის გახლავთ ელინისტური ანტიკური კულტურის "შემოქმედებითი გადამუშავება". ამ მხრივ, ჩვენ მიერ განხილული ჟესტებიც არ არის გამონაკლისი. ისინი სწორედ ანტიკური ორატორული ტრადიციიდან არის ნასესხები. როგორც უკვე ვთქვით ბერძენ და რომაელ ორატორებს ჟესტების თავიანთი "კოლექცია" ჰქონდათ, რომელთაც ისინი თავიანთი ორატორული გამოსვლების დროს იყენებდნენ".

იგივე პროფ. გოლუბცოვი ბრძანებს: "ქრისტეანული კულტურა, რომელიც აღმოცენდა და გაიზარდა მრავალსაუკუნოვანი ანტიკური სამყაროს ტრადიციებით გაჟღენთილ ნიადაგზე, როგორც უკვე კარგად არის ცნობილი, კლასიკური ხელოვნებიდან იღებდა იმას, რისი აღებაც შეეძლო - ტექნიკის ჩვეულებრივი ხერხებით დაწყებული, მზა მხატვრული სახეების მთლიანი აღქმით დამთავრებული.

არ უგულებელყო მან (ქრისტეანობამ - არქიეპ. პ.) არც წარმართი ორატორებისა და ფილოსოფოსების ჟესტები, და ისინი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა, ოღონდ მისთვის უცხო ფორმებში მან ჩადო ახალი ქრისტეანული შინაარსი" (დედანში: "Не пренебрегло оно и условными жестами языческих ораторов и философов, применив их к своим целям и вложив в чуждые ему формы новое христианское содержание") (Голубцов А.П. Из чтений по Церковной Архиологии и Литургике. https://predanie.ru/golubcov-aleksandr-petrovich/book/90064-iz-lekciy-po-cerkovnoy-arheologii-i-liturgike/).

აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საკუთრივ ანტიკურ ორატორულ ჟესტებს და ბუდისტურ მუდრებს, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, საერთო არაფერი აქვთ, ამიტომაც, დიდი შეცდომაა ქრისტეანულ ხატებზე არსებულ თითთა სხვადასხვა წყობის (ანტიკური ორატორული ჟესტების) ბუდისტურ მუდრებთან და საერთოდ, აღმოსავლურ ფილოსოფიურ სისტემებთან დაკავშირება.

ამრიგად, როგორც უტყუარი ცნობებიდან ვხედავთ, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული თითების წყობა, რომელსაც მან "სპეციფიკურად ქრისტიანული" უწოდა, სულაც არ ყოფილა ასეთი. ის ცნობილია ქრისტეანობიდან საკმაოდ შორს მდგომ ისეთ მსოფლმხედველობაში, როგორიც არის ბუდიზმი. ასევე ცნობილია ანტიკურ სამყაროში და ამდენად, "სპეციფიკურად ქრისტიანული" ვერ იქნება.

***


მოდი, კვლავ ე. ჭელიძის მსჯელობას დავუბრუნდეთ და ვნახოთ, რას ბრძანებს შემდეგ ჩვენი მეცნიერი. "ისმის კითხვა: - წერს ე. ჭელიძე, - კურთხევის გაცემის ამ ოთხი სახეობიდან (იხ. ნახატი ქვემოთ) რომელია ჭეშმარიტი?




ამ კითხვის საპასუხოდ, შეგვიძლია დავსვათ ასეთი კითხვა: რომელია ერთი ლიტურგიის ოთხი სახესხვაობიდან (წმ. იაკობის, წმ. პეტრეს, წმ. ბასილის, წმ. იაკობის) ჭეშმარიტი? რომელია ოთხი სახარებიდან (წმ. მათეს, წმ. მარკოზის, წმ. ლუკას, წმ. იოანეს) ჭეშმარიტი? სამივე კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: ჭეშმარიტია ამათუიმ წესისა თუ აღწერილობის ყველა ის სახესხვაობა, რაც კი შეიწყნარა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 216).

მაგრამ დავსვათ შეკითხვა: თითების წყობის ამ ოთხი ფორმიდან რომელი შეიწყნარა ეკლესიამ? - პასუხი ასეთია: მხოლოდ ორთითიანი წყობა, რადგან დანარჩენი წყობების შესახებ არ არსებობს არც წმიდა მამათა სწავლება და არც კანონიკური საეკლესიო დადგენილება, მაშინ როდესაც, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, ორთითიან წყობას ეკლესია ანათემატიზმებით იცავს და ეკლესიაში მონოფიზიტ მწვალებელთა მიღებისას მათგან პირჯვრის გამოსახვის ორთითიანი ჩვეულების აღიარებას ითხოვს. პირჯვრისწერის ორთითიან წყობაზე არსებობს წმიდა მამათა განმარტებანი, რაც სხვა წყობებთან დაკავშირებით არ მოგვეპოვება.

ე. ჭელიძე აღიარებს, რომ ორთითიანი წყობა კანონიკურია და მის მართებულობას არავინ უარყოფს (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 216)
(27),  რადგანაც "ის შეწყნარებულია მართლმადიდებლობის მიერ" (იქვე) და სქოლიოშივე უთითებს, რომ "ორი თითით კურთხევის გაცემის ლიტერატურული დადასტურება გვაქვს იოანე მოსხის "ლიმონარის" ძველქართულ თარგმანში" (იქვე).

___________

27.  
თუმცა, ოფიციალურ ეკლესიაში არც პირჯვარს იწერენ ორი თითით და არც კურთხევას გასცემენ, მეტიც ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი ამგვარ პირჯვრისწერას კრძალავენ და მას, თავიანთი უცოდინრობის გამო, არამართლმადიდებლურადაც მიიჩნევენ.

___________

"მაგრამო, - განაგრძობს ოპონენტი, - უმძიმესი შეცდომა იქნება, ამის გამო უარვყოთ პირველი, რადგანაც ეს პირველი წესიც ასევე სავსებით არის შეწყნარებული ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ. უფრო მეტიც, ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის ძირითადია სწორედ ეს უკანასკნელი", ხოლო ის სახე, რომელზეც ჩვენ ვდავობთ, ანუ ორი თითით ჯვრის გამოსახვის მართლმადიდებლური ჩვეულება, ე. ჭელიძის თქმით, "უფრო იშვიათად გვხვდება" (იქვე).

აქ ე. ჭელიძე კვლავ არასწორ ინფორმაციებს აწვდის მკითხველს, რადგან, ჯერ ერთი, მის მიერ შემოთავაზებული ნახატის პირველი წყობა არასოდეს ყოფილა არც კურთხევის გაცემის მაჩვენებელი და არც პირჯვრისწერისა. ამგვარი არანაირი წერილობითი და კანონიკური ძეგლი არ არსებობს. ხოლო ხატებზე ის, როგორც ზემოთ ვნახეთ, გამოსახულია ოდენ ორატორული ჟესტის სახით, და აღებულია წარმართობიდან, კერძოდ, ანტიკური ორატორული ტრადიციიდან.



და მეორეც, ის სახე, რომელზეც ძველმართლმადიდებლები ლაპარაკობენ, ანუ ორთითიანი წყობა, ე. ჭელიძის თქმით "უფრო იშვიათად გვხვდება". ეს გახლავთ გამაოგნებელი სიცრუე, რადგან ორთითიანი წყობა, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით, არათუ იშვიათად, არამედ საკმაოდ ხშირად გვხვდება, იმდენად ხშირად, რომ შეუძლებელია, არ დარწმუნდეთ ე. ჭელიძის ცრუპენტელობაში.

სანამ ორთითიანი წყობის გრაფიკულ ნიმუშებს შემოგთავაზებდეთ, უნდა აღინიშნოს ის აუცილებელი გარემოება, რომ მართალია, ორთითიანი წყობა წარმართულ ორატორულ ჟესტიკულაციებშიც ფიქსირდება, მაგრამ, როგორც ითქვა, ქრისტეანობამ მას სრულიად კონკრეტული, ახალი, მართლმადიდებლური შინაარსი მიანიჭა. მსგავსი შინაარსი არა აქვს არც ერთ სხვა წყობას, რითაც ისინი ქრისტეანულ ფერწერულ გამოსახულებებზე და ხატებზე მხოლოდ და მხოლოდ ორატორულ ჟესტიკულაციად რჩებიან და დოგმატური შინაარსი არ გააჩნიათ.

ასეთი როდია ორთითიანი წყობა. ჩვენ უკვე განვმარტეთ მისი მნიშვნელობა და აქ მეტად ამაზე არ შევჩერდებით, მხოლოდ გაგაცნობთ იმ წყაროებს, რომლებიც საუკუნეთა სიღრმეებიდან გვიდასტურებენ ორთითიანი წყობის არსებობას და, რადგან მას, როგორც წმიდა მამები განმარტავენ, კონკრეტული დოგმატური შინაარსიც გააჩნია, შეუძლებელია მხოლოდ ორატორულ ჟესტად ვაღიარებდეთ. როგორც ვთქვით, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს წყობა მისი ქვეტექსტიდან უნდა წავიკითხოთ. სადღაც ის შესაძლოა ორატორული ჟესტიკულაციის გამომხატველი იყოს, მაგრამ სადღაც ის ამგვარად ვერანაირად აღიქმება.

აქვე სამართლიანია შენიშვნა, რომ ახალმოწესეები, ოღონდ როგორმე გაამტყუნონ ძველმართლმადიდებლები და გაამართლონ საკუთარი პრაქტიკა, ყოველთვის ცდილობენ უძველესი ქრისტეანული ძეგლების იმგვარ განმარტებას, რომელიც მათ მწვალებლურ პრაქტიკას მოერგებოდა. ასე მაგალითად, მრავალ ძველ ფრესკაზე ქრისტე გამოსახულია უწვეროდ, თუმცა, იმავე პირველსაუკუნეთა და ასევე გვიანდელ საუკუნეთა ხატებსა და ფრესკებზე ქრისტე წვერმოსილიც არის გამოსახული. ეს გარემოება ყოფნით საიმისოდ, რომ გამოიყენენ წვერის პარსვის სასარგებლოდ და ამტკიცონ, რომ წვერის პარსვა დასაშვებია (იყნებენ ასვევე ზოგიერთი ქრისტეანი მეომრის ძველ გამოსახულებებსაც, სადაც მეომრები უწვეროდ არიან გამოსახულნი); საკმარისია იპოვონ ემბაზი, რომელშიც მხოლოდ მცირე ზომის ადამიანი (მაგ.: პატარა ბავშვი ან მოზარდი) ეტევა, რომ დაიწყონ მტკიცებას, თითქოსდა ძველ ეკლესიაში დასხმითი ნათლობაც დასაშვები იყო, რადგან ამ ემბაზებში მოზრდილი ადამიანი ვერ ეტევა და ბუნებრივია, შთაფლვის განხორციელება შეუძლებელია; ოფიციალური ეკლესიის სოფისტებს სულაც არ აინტერესებთ არც ის თუ რა იდეას გამოხატავდა ქრისტეანული ეკლესიის არსებობის ამა თუ იმ პერიოდში ხატმწერლობა (ამის შესახებ უფრო დეტალურად უკვე ითქვა ამ ნაშრომის პირველ ნაწილში); ან ვინ ინათლებოდა პატარა ემბაზებში და სად და როგორ ინათლებოდნენ მოზრდილები ჩვეულებრივ ვითარებაში; მათთვის მთავარია, როგორმე მიეცეთ შესაძლებლობა, გაამართლონ თავიანთი ზღაპრები და უარყონ ძველმართლმადიდებელთა სამართლიანი მტკიცებულებანი.

ასეა პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შემთხვეევაშიც. ოფიციალური მეცნიერება ტყავში ძვრება და შემთხვევებს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ როგორმე დაარწმუნოს მსმენელი, რომ თურმე ძველად პირჯვრისწერის სხვადასხვა წყობებიც არსებობდა... მაგრამ ამგვარ თეორიებს ცივ წყალს ასხამს ეკლესიის სჯულმდებლობა და წმიდა მამათა სწავლება. ჩვენი საფუძველი მარტო პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები ან არქიტექტურული ნაგებობები როდია, რომელთაც შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად კონკრეტული დანიშნულება ჰქონოდათ და ამის გამო მათი განზოგადება დაუშვებელია, არამედ საეკლესიო სწავლება, მამათა გადმოცემა და საეკლესიო სჯულმდებლობა. ამ მხრივ კი, როგორც ეს ნათლისღების შემთხვევაში ვნახეთ და ჯვრის გამოსახვის შემთხვევაშიაც ვხედავთ, ეკლესია ძველმართლმადიდებლური ტრადიციის მხარეზეა და არა ახლმოწესეობისა, რომელთაც საკუთარი პრაქტიკის გამამართლებელი არც ერთი წმიდა მამა არ ჰყავთ და არც რაიმე ძველი საეკლესიო კანონიკური დადგენილება მოეპოვებათ.

ახლა კი ვნახოთ, რამდენად იშვიათია ორთითიანი წყობა პირველდაწყებით და გვიანდელ საუკუნეთა ქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე. ამ საკითხის გასარკვევად, ჩვენ მივმართეთ ცნობილი ძველმართლმადიდებელი მკვლევრის ს. ი. ბისტროვის ნაშრომს: "ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г.) (შეგიძლიათ ნახოთ საიტზეც: http://pvdb.ru/biblio/dvoeperstie-bystrov/ ასევე: http://samstar-biblio.ucoz.ru/publ/146).

ამ ნაშრომში ს. ი. ბისტროვმა გააანალიზა მოციქულთა დროიდან ვიდრე XVII საუკუნის შუაწლებამდე არსებული ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლები, სადაც აჩვენა, რომ ორთითიანი წყობა თავის დასაბამს იღებს პირველივე საუკუნეებიდან, ამიტომაც, შეუძლებელია მას ყოველთვის, მთელი 17 საუკუნის განმავლობაში, ოდენ ორატორული ჟესტის მნიშვნელობა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ, როგორც ეს უკვე ვნახეთ, წმიდა მამებისა და ავტორიტეტული ღვთისმეტყველების განმარტებით, პირველქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით (ნიკოდიმოს მთაწმინდელის განმარტება ბერძნულ "პიდალიონში"), ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ხატებზე გამოსახული ორთითიანი წყობა, ქვეტექსტიდან გამომდინარე, ორატორულ ჟესტებთან ერთად, კურთხევის გაცემის შინაარსაც გამოხატავდეს.

ს. ი. ბისტროვი ასევე აღნიშნავს: "სიძველეთა დამცველნი, იცავდნენ რა ისტორიულ სიმართლეს, წერდნენ და ასწავლიდნენ, რომ ძველი გადმოცემები, უარყოფილნი ნოვატორთა მიერ, არსებითად, წარმოადგენენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ხნოვანება აქვთ, ნაკურთხნი არიან როგორც რუსი, ასევე ბერძენი წმიდა მამების ხსოვნით; ხოლო ორთითიანი წყობა არათუ სიახლე არ ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, არამედ უღრმესი სიძველე, რომელსაც წმიდა მამები მოციქულთა გადმოცემებს განაკუთვნებდნენ.

მისდევდნენ რა თავიანთ ამპარტავნულ მიზნებს, გაბატონებული აღმსარებლობის მოღვაწეები ზოგჯერ ძალიან სამარცხვინო ხერხებს მიმართავდნენ ჭეშმარიტების მისაჩქმალად: ამახინჯებდნენ ძველ ძეგლებს, თხზავნდნე მთელ რიგ საქმეებს არარსებულ მწვალებლებზე, დუმდნენ ფაქტებზე, რომლებიც მეტყველებდა მათ მიერ უარყოფილი ორი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ და მრავალი სხვა. მეცნიერება, ოფიციალური ეკლესიის პროფესორებისა და მეცნიერების სამყაროში, არ მოქმედებდა მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მიუკერძოებლობით, არამედ ტენდენციურად აშუქებდა ისტორიულ ფაქტებს, რითაც ცდილობდა ძველმართლმადიდებელთა მიერ დაცული წმიდა სიძველეების განქიქებას და გაბათილებას.

მაგრამ მეცნიერების ყველა წარმომადგენელი როდი განუდგა თავის სინდისს: ზოგიერთმა მათგანმა, მთელი რიგი მეცნიერულ-ისტორიული მონაცემის საფუძველზე, პირდაპირ და გადაჭრით განაცხადა, რომ ორთითიან წყობას ადასტურებენ შეუვალი და უეჭველი ისტორიული ფაქტები, რომლებიც უდავოდ მოწმობენ მის არსებობაზე უღრმეს წარსულში და არა მარტო რუსეთის ეკლესიაში, არამედ მთელ ქრისტეანულ სამყაროში.

მეცნიერულ კვლევა-ძიებას უზარმაზარი დახმარება გაუწია არქეოლოგიამ, რომელიც მისდევს რა მხოლოდ მეცნიერულ მიზნებს, ააშაკრავებს ძველქრისტეანული ხელოვნების მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საეკლესიო-ისტორიული ხასიათის სხვადასხვა საკითხის გარკვევის საქმეში. ბოლო დროს არქეოლოგიის სფეროში და განსაკუთრებით იკონოგრაფიაში, საპატიო მეცნიერთა გამოკვლევებმა ისეთ საზღვრებს მიაღწია, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ ქრისტეანობაში ორთითიანი წყობის არსებობას ქრისტეანული სარწმუნოების არსებობის თითქმის ყველა საუკუნეში, რომლის შემოთავაზებასაც შევეცდებით ჩვენს მიმოხილვაში.

ჩვენი გამოკვლევის საფუძვლად ავიღეთ ისეთ გამოჩენილ მეცნიერთა ნაშრომები, როგორებიც არიან ნ. კონდაკოვი, პროფ. ნ. პოკროვსკი, ვ. პროხოროვი, პროფ. ნ. კაპტერევი, პროფ. ე. გოლუბინსკი და სხვები, რომელთა გამოკვლევები მეცნიერთა სამყაროში აღიარებულია, როგორც უტყუარი და ავტორიტეტული.

ნარკვევებში ისტორიული მონაცემები შეივსება ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი მტკიცებულებებით. კერძოდ, ესენია: სკულპტურები, მოზაიკები, ფრესკები და იკონოგრაფიული ნამუშევრები, რადგან, როგორც ღირ. იოანე დამასკელი ამბობს, ნივთიერი ძეგლები წარმოადგენს ერთგვარ ისტორიას, მოგონებას წერა-კითხვის უცოდინართათვის (Дамаскин Иоанн. Точное изложение православной веры. 1885. С. 266). ამასთან, აუცილებლად მივიჩნევთ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას, თითქოსდა ჩვენს გამოვკლევაში შევძელით, ამომწურავად გადმოგვეცა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ყველა არსებული ძეგლი; ჩვენი ამოცანა მოკრძალებულია: ვცდილობთ, როგორც უკვე ვთქვით, ნივთიერი ძეგლების განხილვის შუქზე, ისტორიულად მივადევნოთ თვალი ორთითიანი წყობის არსებობის ფაქტს ქრისტეანული ისტორიის ყველა ეპოქაში და დავადგინოთ, რომ ორთითიანი წყობა, როგორც პირჯვრისსაწერი და კურთხევის გაცემის გამომხატველი სიმბოლური ნიშანი, არის არა შემთხვევითი და უახლესი წარმონაქმნი, არამედ ქრისტეს ეკლესიის უძველესი გადმოცემა" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г. Стр.: 11-14).

ს. ი. ბისტროვი აღნიშნავს, რომ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები, რომლებიც მან აიღო ილუსტრაციისთვის, "განეკუთვნება არა ერთ რომელიმე ცალკეულ ქვეყანას, არამედ ქრისტეანული მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ოლქს: საბერძნეთს, რომს, ვენეციას, სლავურ სახელმწიფოებს, ათონს და სხვა, რუსეთზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ჩვენის აზრით, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ორთითიანი წყობის საყოველთაოობას და ყოვლისმომცველობას".

ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ნაშრომში არ გამოუყენებია ქრისტეანული ხელოვნების დღემდე აღმოჩენილი ყველა ძეგლი, რადგან ეს ძალზე გაზრდიდა ძეგლთა მიმოხილვას; ავტორმა ყოველი საუკუნიდან აიღო ერთიდან სამ ძეგლამდე, რაც, მისი აზრით, სრულიად საკმარისი იყო მის მიერ დასახული მიზნის დასაკმაყოფილებლად და რაც ასევე საკმარისია ე. ჭელიძის პირის დასაყოფად, რომელსაც ჰყოფნის სინდის-ნამუსი, ამტკიცოს, თითქოსდა ორთითიანი წყობა "ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში... უფრო იშვიათად გვხვდება".

<<<

16

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика