აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.IX. 3. ჯვრის გამოსახვის შესახებ_4 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ori titit pirjvriswera

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

5. წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამი

საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის ნათელსაყოფად ე. ჭელიძეს რატომღაც ყველაზე მნიშვნელოვან საბუთად მიაჩნია "ურჩეულესი მამის წმ. იოანე ოქროპირის ვრცელი და დაწვრილებითი უწყება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 196).

ე. ჭელიძე წერს: "შეგვეძლო მოგვეტანა წმიდა მამათა სხვა მოწმობანიც ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ, მაგრამ ვფიქრობთ ზემოდამოწმებული ნიმუშები დამატებას აღარ საჭიროებს. ამჯერად მოვიტანთ მხოლოდ ერთ საბუთს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთრივ თავზე პირჯვრის გადაწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის ნათელსაყოფად" (იქვე).

მაგრამ რატომ არის წმ. იოანე ოქროპირის მოწმობა ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთი თვით ეკლესიის რწმენისა (იხ. ზემოთ სომეხ-იაკობიტთა ეკლესიაში მიღების წეს-განგება და შეჩვენების ფორმულა) და სხვა დანარჩენი საბუთებისგან განსხვავებით, ბ-ნი ე. ჭელიძე არ განგვიმარტავს. ე. ჭელიძე ან პირადად ანიჭებს წმ. იოანე ოქროპირს "ყველაზე მნიშვნელოვანის" კატეგორიას და ამ შემთხვევაში ის აშკარად მიკერძოებულია, ან კიდევ ამ წმიდა მამის მართლაცდა უდიდესი ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობს სხვა არანაკლები ავტორიტეტების (მაგ.: წმ. ბასილი დიდისა და წმ. კირილე იერუსალიმელის) დაკნინებას. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ძველი ეკლესია ორთითიანი პირჯვრისწერის გადმოცემას თვით იესუ ქრისტეს მიაკუთვნებდა (ამას ადასტურებს არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი").

ე. ჭელიძე თუ მეცნიერულ ნაშრომს წერდა, მაშინ მას უნდა ცოდნოდა, რომ მარტო ერთი წყარო, როდესაც არსებობენ ამავე წყაროს სხვა რედაქციები და ასევე სხვა წყაროები, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ამ "ერთადერთ" და "რჩეულ" წყაროსთან, უდავო ჭეშმარიტების მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ამგვარი რამის თქმა შესაძლებელია მხოლოდ მიკერძოებული "მეცნიერისთვის" ან დილეტანტი პოლემისტისთვის, რომელიც, როგორც იტყვიან "ტყავში ძვრება", ოღონდ როგორმე მისთვის სასურველი ვერსია გაახმოვანოს.

ე. ჭელიძე წერს: "მოგვაქვს სათანადო ციტატა წმ. იოანე ოქროპირის სახელგანთქმული შრომიდან "განმარტება მათეს სახარებისა".

"როგორც გვირგვინი, ისე ვატაროთ ჯვარი ქრისტესი, რადგანაც მის მიერ სრულ-იქმნება ყველა ჩვენეული (საიდუმლო), თუნდაც რომ ახალშობა იყოს საჭირო, ჯვარი მოგვეახლება, თუნდაც რომ საიდუმლო საზრდოს მიღებას აღვასრულებდეთ ანდა ხელდასხმას ან კიდევ სხვას ამგვარს, ყველგან ძლევის ეს სიმბოლო წარმოგვიდგება. ამიტომ, ფრიადი გულმოდგინებით გამოვწეროთ იგი სახლზე, კედლებზე, სარკმელზე, შუბლზე და გონებაზე, რადგანაც ის არის ნიშანი ჩვენი ზოგადი ხსნისა და განთავისუფლებისა, აგრეთვე უფლისმიერი გულკეთილობისა, რომელიც მოყვანილ იქნა დასაკლავად, როგორც ცხვარი (საქმე, 8,32). ასე რომ, რაჟამს პირჯვარს იწერ, გაიაზრე ჯვრის არსი, დაშრიტე შენში სიფიცხე და ყველა სხვა ვნება. რაჟამს პირჯვარს იწერ, ფრიადი მხნეობით აღივსე შუბლი და გაათავისუფლე სული. ყოვლითურთ შეიცან იგი, ვინც თავისუფლებას განიჭებს. პავლემაც სწორედ აქეთკენ, ჩვენთვის ღირსეული თავისუფლებისაკენ გვიწინამძღვრა ჩვენ და ამგვარი მოგზაურობის ჟამს საუფლო ჯვარი და სისხლი მოიხსენა მან, როდესაც თქვა: "სასყიდლით სყიდულ-ხართ; ნუ იქნებით მონა კაცთა" (I კორ. VII,23). ამით იმას გვაუწყებს (პავლე), რომ უნდა შეიცნო შენთვის გაღებული სასყიდელი და არ დაემონო კაცთაგან არავის; ხოლო პავლე "სასყიდლად" ჯვარს ამბობს, რადგანაც არა ჯერ არს ოდენ ლიტონად აღვიბეჭდოთ იგი თითით, არამედ უპირველესად ნებაყოფლობითა და ფრიადი სარწმუნოებით. თუკი ამგვარად გარდაისახავ მას შენს პირისახეზე, ვერავითარი უწმინდური ეშმაკი ვერ შეძლებს შენს ახლოს დგომას, რადგანაც იხილავს იგი (ეშმაკი) მახვილს, რომელიც განგმირავს მას, იხილავს ხანჯალს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის" (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება წმ. მათეს სახარებისა, 59-ე ქადაგება, თავი 4, იხ. პგ. 58, სვ. 537) (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 196-197).

"მოტანილი ციტატა, - წერს ე. ჭელიძე, - უმნიშვნელოვანესი წყაროა საკუთარ თავზე პირჯვრისწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის შესასწავლად. წმ. იოანე ოქროპირის უწყებით, პირჯვარი უნდა გადავიწეროთ შუბლზე, პირისახეზე. ამავე დროს, დიდი მამის მოწმობით არ კმარა მხოლოდ გარეგნული გადაწერა ჯვრისა, არამედ მას თან უნდა ახლდეს შინაგანი განცდა, სარწმუნოება და გახსენება იმისა, თუ რისთვის ეცვა მაცხოვარი ჯვარს. ამიტომ გვმოძღვრავს იგი, რომ გადავიწეროთ პირჯვარი არა მხოლოდ შუბლზე, არამედ გონებაზეც. ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ გარეგნული გადასახვა პირჯვრისა, წმ. იოანეს რჯულდებით სრულდება "თითით" ("ტო დაქტიულო"). წმ. იოანეს მოწმობა "თითით" მარტოდენ შუბლზე ან პირისახეზე პირჯვრისწერის შესახებ ეთანხმება ძველბერძნულ მართლმადიდებლობას.

დამატებით აღვნიშნავთ, აგრეთვე, ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას: როგორც ცნობილია, წმ. იოანე ოქროპირის ზემოდასახელებული შრომა ქართულად თარგმნა მართლმადიდებლობის "დიდმა მნათობმა" (რუის-ურბნისის კრების შეფასება), წმ. ექვთიმე ათონელმა. მკითხველისათვის, ცხადია, დიდად საინტერესო უნდა იყოს, თუ რა სახისაა ქართული ტექსტი. საბედნიეროდ, წმ. ექვთიმეს თარგმანი შემორჩენილია ბევრ უძველეს (XI-XII) ხელნაწერში, მოგვაქვს წმ. იოანე ოქროპირის ზემოდამოწმებული სიტყვების წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი:

"ჯუარი ქრისტესი... ვითარცა გვირგვინი ბრწყინვალე, გუაქუნდინ... რამეთუ ყოველი ცხორებაი ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელს-იღებდეს, ჯუარი წინა-უძღვის, უკუეთუ ტაბლაი იგი საიდუმლოთაი დაეგებოდის, ჯუარი თანა-იქცევის, უკუეთუ კურთხევაი მღდელობისაი აღესრულებოდის, ჯუარი თავსა ზედა გამოისახვის და ყოველსა საქმესა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს. ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთვისცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი; "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარა ჯუარსა ზედა. ამისთვის გამოვსახავთ სახესა ჯუარისა მისისასა ჩუენ ზედა, რაითა გამოვსახვიდეთ რაი, მოვიხსენოთ ცხოველსმყოფელი იგი ვნებაი, რომელი ჩუენთვის ხორცითა თავს-იდვა უფალმან. აწ უკუე გამოჰსახვიდე რაი, კაცო, სახესა ჯუარისასა პირსა ზედა, მოიხსენე ყოველი სახე ჯუარცუმისა და მოსპე შენგან გულისწყრომაი და ყოველნივე ვნებანი, განათავისუფლე სული შენი მონებისაგან ვნებათაისა და მერმე კადნეირებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაი და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა. ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე, ამისთვის, ახსენა რაი ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღადყო: "სასყიდელითა სყიდულ ხართ პატიოსნითა. ნუ იქმნებით მონაი კაცთა"; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისხმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთვის მოცემული, რომელ არს ჯუარცუმაი ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორჩილებად სოფლისმპყრობელსა მას ბნელისასა, რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაითა და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაი პირსა შენსა. ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი" (მრავალ ხელნაწერთა შორის იხ. კარგად შენახული ხელნაწერი A-54, 309 რ-ვ). ექვთიმესეული თარგმანიდან უდიდესი მნიშვნელობისაა შემდეგი ადგილი: "არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაითა და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაი პირსა შენსა". ეს ტექსტი ახალქართულად ასე იქნება: "არ არის გამართლებული ჯვრის გამოსახვა უბრალო თითით, არამედ, უპირველესად, გონებით, სარწმუნოებით, საქმისმიერი დადასტურებით; ამის შემდეგ თითითაც გამოისახე ამგვარი გამოსახვით ჯვრის ნიშანი შენს პირზე" (იქვე. გვ. 197-199).

ამრიგად, წმ. იოანე ოქროპირის სახელით ჩვენამდე მოღწეული ამ ხელნაწერის მიხედვით ე. ჭელიძე მკითხველს არწმუნებს, რომ: "წმ. იოანე ოქროპირის მოტანილი ტექსტი აჯამებს მთელ ძველბერძნულ მართლმადიდებლურ მოძღვრებას საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის შესახებ. დიდი მამის რჯულდებით, ჯვარი უნდა გადავისახოთ პირისახეზე თითით, მაგრამ არ კმარა მხოლოდ თითით გადასახვა. უპირველესად აუცილებელია შინაგანი განცდა ჯვრისა ჩვენს გონებაში, სარწმუნოება ჯვარცმისადმი, საქმის დამტკიცება ჩვენი რწმენისა და მხოლოდ ამის შემდეგ გვმართებს თითით გადავისახოთ ჩვენს პირისახეზე, ჩვენს შუბლზე ნიშანი ჯვრისა" ("და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაი პირსა შენსა").

ასეთი არისო პირჯვრის წერის ისტორია, - გვარწმუნებს ჩვენი "მეცნიერი", - "პირველი საუკუნიდან VII ს-ის ჩათვლით" (იქვე. გვ. 200).

ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ:
ჯერ-ერთი, ე. ჭელიძეს არ გადმოუცია I-VII საუკუნეების პირჯვრისწერის არანაირი "ისტორია".

მეორეც, წმ. იოანე ოქროპირი გარდაიცვალა V საუკუნის დასაწყისში (407 წ.). ამიტომაც, თუ წმ. იოანეს ხსენებული ჰომილია არის შეჯამება ძველბერძნულ-მართლმადიდებლური სწავლებისა პირჯვრისწერის შესახებ, ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ და მხოლოდ I-V საუკუნეების პერიოდზე და არანაირად VI-VII საუკუნეებზე.

სრულიად ალოგიკურია, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ამ წმიდა მამის გარდაცვალების შემდგომი ორი საუკუნის "შემაჯამებელ" სწავლებად გამოვაცხადოთ. მეტსაც ვიტყვით, წმ. იოანე ოქროპირის ხსენებული ჰომილია პირჯვრისწერის შესახებ არათუ I-III საუკუნეების პერიოდში არსებული პირჯვრისწერის წესის შემაჯამებელ სწავლებად ვერ გამოდგება, არამედ თვით იმ საუკუნისაც კი, რომელშიაც ცხოვრობდა წმ. იოანე ოქროპირი (ანუ IV ს.).

რაც შეეხება V-VII საუკუნეებს, რატომ უნდა იყოს ამ საუკუნეთა შემაჯამებელი სწავლება ორი საუკუნით ადრე მცხოვრები წმ. იოანე ოქროპირისა და არა სწორედ VI-VII საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები წმინდანი იოანე მოსხისა (550-619), რომელმაც თავის "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე", იგივე "მდელო") აღწერა შემთხვევა კიდევ უფრო ადრინდელი ბოსტრის ეპისკოპოს  წმინდა ივლიანეს (V ს.) ცხოვრებიდან, რომელმაც წყლით სავსე საწამლავიან კათხას ჯვარი გამოსახა ორი თითით?! (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ).

"წმ. ივლიანე იყო ბოსტრის ეპისკოპოსი ანასტასის იმპერატორობის დროს" (იხ. "Луг духовный". Творение блаженного Иоанна Мосха. Сергиев Посад.1915. С. 116). "ანასტასი კი იმპერატორობდა 491-518 წლებში. მაშასადამე, საწამლავიანი წყლით სავსე კათხაზე  ორი თითით ჯვრის გადაწერის ამბავი სწორედ ამ წლებს უნდა განვაკუთვნოთ და დავასკვნათ, რომ ორთითიანი წყობა საეკლესიო პრაქტიკაში ყოფილა V საუკუნეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოსტრა გახლდათ ქალაქი არაბეთში" (იქვე), რაც ორთითიანი წყობის გავრცელების ვრცელ გეოგრაფიაზეც მიანიშნებს.

როგორც ვიცით, პირველი სამი საუკუნის განმავლობაში წერილობითად ზედმიწევნით არავის გადმოუცია თუ როგორი უნდა ვიწერდეთ პირჯვარს. ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან ვნახეთ, რომ მათში ლაპარაკია არა უშუალოდ პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის წესზე, არამედ, უბრალოდ, ჯვრის გამოსახვაზე, დახატვაზე, რაც მეტად ადვილი და ბუნებრივია თითით და არ ითხოვს აღმსარებლობითი ნიშის გამოსახვას (ორ ან სამ თითს, რომელიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გარკვეული დოგმატური დატვირთვის მატარებელია). წმინდანები, როგორც უკვე ითქვა, ჯვარს "ხატავდნენ" ან ჰაერში, ან კედელზე, ან რაიმე საგანზე თვით ჯვრის ძალის წარმოსაჩენად და არა იმიტომ, რომ ამით პირჯვრისწერის წესზე მიანიშნებდნენ. პირჯვრისწერის გამოსახვის ამგვარი დაკავშირება ჯვრის ზოგად, ფორმობრივ გამოხატვასთან საკმაოდ ნაძალადევია და არადამაჯერებლად ჟღერს.

ამ არადამაჯერებლობას ქმნის ასევე გვიანდელი საეკლესიო ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, ორი თითით პირჯვრისწერის გადმოცემა ეკლესიამ მიიღო თვით ქრისტესგან ("ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა, ვითარ-იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ"); ამ არადამაჯერებლობას აძლიერებს, ასევე, წმ. ბასილი დიდისა და წმ. კირილე იერუსალიმელის სწავლებები პირჯვრისწერის შესახებ. მეტიც, არსებობს თვით იოანე ოქროპირის უკვე ხსენებული ჰომილიის სხვა რედაქციები, რომლებშიც ლაპარაკია არა თითზე, არამედ თითებზე. ამ არადამაჯერებლობას აძლიერებს, ასევე, ღირ. იოანე მოსხის (VI ს.) მიერ აღწერილი ამბავი, რომელიც განეკუთვნება V საუკუნეს.

მესამეც, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის სავალდებულო, პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტში მოხსენიებული "თითითა", რამეთუ საკმაოდ ხშირია მხოლობითის ფორმით მრავლობითის შინაარსის გადმოცემა, შესაბამისად, ზმნაც მხოლობითში შეეწყობა სახელს: მაგალითად, "ცხვარი მთას შეეფინა"; "ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა"... ამავე ფუნქციით ზოგჯერ  (პოეზიაში) იყენებენ ჩვეულებრივ არსებით სახელსაც (რომელსაც სხვა კონტექსტში მრავლობითიც ეწარმოება), მაგალითად: "ტყემ მოისხა ფოთოლი" (აქ სიტყვა ფოთოლი კრებითი არსებითი სახელის ფუნქციით არის გამოყენებული (თუმცა, თავისთავად ასეთი არაა, რაკი ეწარმოება მრავლობითი "ფოთლები") და აღნიშნავს მრავლობითს, ამდენად, ზმნაც არის არა "მოიბა", არამედ - "მოისხა". აქვე შეიძლება ლაპარაკი ფრაზეოლოგიზმზე (იდიომაზე), რომ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამი წარმოადგენდეს სწორედ ასეთი კატეგორიის ფრაზას და არა უშუალოდ პირჯვრისწერის წესზე მითითებას. მით უმეტეს, რომ წმ. იოანე ამ ტექსტში პირჯვრისწერის სულიერ მნიშვნელობაზე მსჯელობს და არა პირჯვრის საწერი თითების წყობაზე. გვესმის, რომ ჩვენი ამგვარი მსჯელობა წმ. იოანე ოქროპირის ნათქვამის კატეგორიული უარმყოფელი ვერ იქნება, მაგრამ მისი არც უგულებელყოფაა შესაძლებელი და გასათვალისწინებელია.

თუმცა, ყველაზე საგულისხმო მაინც ის არის, რომ წმ. იოანე ოქროპირის ზოგიერთ აკადემიურ გამოცემაში მოცემულია არა მხოლობითი ფორმა ("არა თითითა მხოლოდ…") არამედ, მრავლობითი ("თითებით"). მაგალითად, ღვთისმეტყველების მაგისტრმა გრიგოლ დიაჩენკომ (1850-1903) იოანე ოქროპირის ამ სიტყვების თარგმანში, რომელიც იცავდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მხოლოდ თითებით უნდა გამოვისახოთ ბეჭედი ჯვარი", - ასეა ოქროპირის სიტყვები ნათარგმნი მის წიგნში: "Уроки и примеры христианской надежды" (1894 г., стр. 318).

"თითებია" ნახსენები და არა "თითი" ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირის, მღვდელ არჩილ მინდიაშვილის მიერ ნათარგმნ კრებულში (გამოიცა საქ. ოფიციალური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით), რომელშიც შესულია წმ. იოანე ოქროპირის ხსენებული ჰომილიაც, სადაც ვკითხულობთ: "უეჭველად ცნობილია, რას მოაქვს ჩვენთვის თავისუფლება. ამიტომაც მოციქული პავლე, მოგვიხმობს რა მისკენ (ვგულისხმობ ჩვენთვის შესაფერის თავისუფლებას), როდესაც უფლის ჯვარსა და სისხლს ახსენებს, ასეთი სიტყვებით გვარწმუნებს: "სასყიდლით სყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა" (1 კორ. 7:23). "გაიაზრე, ამბობს იგი, - იმ ძვირფას საფასურზე, რომელიც შენთვისაა გადახდილი, და არცერთი ადამიანის მონა არ გახდები", ხოლო ძვირფას საფასურში იგი ჯვარს გულისხმობს, და არა უბრალოდ თითებით უნდა გამოისახო, არამედ ამას წინ უნდა უძღოდეს გულითადი განწყობა და სრული რწმენა" (წმ. იოანე ოქროპირი. საუბრები. წიგნი პირველი. ჯვრის ნიშზე. თბილისი 2010. გვ. 172-173).

ამიტომაც, სრულიად სამართლიანად ბრძანებდა ძველმოწესე მართლმდიდებელი მკვლევარი ს. ი. ბისტროვი (XIX-XX ს.) რომ "ამგვარი ურთიერთწინააღმდეგობა გაბატონებულ ახალმოწესეთა თარგმანებში ბუნებრივად ბადებს ეჭვს მათი ვარაუდების სამართლიანობაში და სადავო საკითხზე სწორ წარმოდგენას ვერ იძლევა" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г., стр. 16).

მსგავსი ვითარებაა ევროპულ ენებზე წმ. იოანეს ჰომილიების თარგმანებშიც. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირის ინგლისურ თარგმანში ლაპარაკია "თითებზე" და არა "თითზე".

"7. Since not merely by the fingers ought one to engrave it, but before this by the purpose of the heart with much faith~ (Early Church Fathers (37 volumes, Philip Schaff) Homily LIV. Matthew Chapter 14, Verse 13)
(17).

----------------


17. წყაროები: 1) Early Church Fathers (37 volumes, Philip Schaff). Homily LIV. Matthew Chapter 14, Verse 13). http://www.bible.ca/history/fathers/NPNF1-10/npnf1-10-60.htm  

2) Christian Classes Ethereal Library. NPNF1-10. St. Chrysostom: Homilies on the Gospel of Saint Matthew
http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf110.iii.LII.html?scrBook=Matt&scrCh=20&scrV=23#highlight

3) Writings of John Chrysostom. The Gospel of St. Matthew. The Homilies of St. John Chrysostom, Archbishop of Constantinople, On the Gospel of St. Matthew. Translated by Rev. Sir George Prevost, Baronet, M.A., of Oriel College, Oxford. Revised, with notes, by Rev. M. B. Riddle, D.D., Professor of New Testament Exegesis in the Western Theological Seminary at Allegheny, PA. Published in 1886 by Philip Schaff, New York: Christian Literature Publishing Co. http://mb-soft.com/believe/txug/chryso26.htm

----------------

ჩნდება კითხვა, თუ წმ. იოანე ოქროპირის ხსენებული ჰომილიის ორიგინალში მოცემული სიტყვა ("თითით") მხოლობითშია, რატომ არის თანამედროვე ინგლისურ თარგმანებში - მრავლობითი ("თითებით")?

გარდა ამისა, არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საეჭვოს ხდის წმ. იოანე ოქროპირის დროს თითით პირჯვრისწერის ტრადიციის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მათეს სახარებაზე წმ. იოანე ოქროპირის 54-ე ჰომილიის ზოგიერთ ხელნაწერში მოცემულია სიტყვა "თითით". ეს დამაეჭვებელი წყარო, რაც ყველაზე საინტერესოა, განეკუთვნება ისევ წმ. იოანე ოქროპირს.

კერძოდ, წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებათა კრებულ "მარგალიტის" ძველსლავურ თარგმანში, ამ წმიდა მამის ერთ-ერთი ქადაგებაში (მოსანათლავად გამზადებულთა მიმართ. სიტყვა 1-ლი), ლაპარაკია პირჯვრის საწერ თითებზე და არა თითზე, რაც ეწინააღმდეგება წყაროს, რომლის მიხედვითაც იგივე წმ. იოანე ოქროპირი თითქოსდა "თითით" პირჯვრისწერას ასწავლის.

სურათი 25


"Сии иже Твоего владычествия едва познавшии, иже трясущимися персты крестное знамение на лицех своих едва могуще сотворити" (Слово 1 о оглашении.  Слово Златоустаго. Оглашение к хотящим крещатися и о притчи винограда, емуже начало: "Зрю и во стаде верных примешаны..." Иоанн Златоуст. МАРГАРИТ. 1.XI.1641 (18.XI.7149-1.XI.7150). Михаил. Иоасаф I. Переиздание типографии единоверцев при Свято-Троицкой Введенской церкви. Москва 1900 г.) (ინტერნეტში: http://slovo.sobornik.ru/text/margarit/margarit.htm).

აღსანიშნავია, ასევე, რომ უძველეს სლავურ კრებულში "Златоструй"
(18) (რომელიც წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებათა კრებულს წარმოადგენს) პირჯვრისწერასთან დაკავშირებით ლაპარაკია "თითებზე" და არა "თითზე" ("не просто персты должно изображать его (крест)") და შემდგ ("Златоструй", сл. 28) (Епископ Арсений Уральский. Оправдание Старообрядствующей Христовой Церкви. М., 1999. С.).

----------------


18.  "Златоструй" - წიგნი ძველბულგარულ ენაზე, შეიცავს (ყველაზე სრული რედაქცია) 136 სტატიას, რომლებიც გამოკრებილია წმ. იოანე ოქროპირის თხზულებებიდან. "Златоструй" შედგენილია ბულგარეთში, მეფე სიმეონ I-ის (IX ს.) დროს, მაგრამ დღემდე უცნობია: წმ. იოანე ოქროპირის ბერძნული დედნების მიხედვით არის იგი თარგმნილი თუ უკვე მზა სლავური თარგმანების კრებულია; ასევე უცნობია მთარგმნელის ვინაობა - მეფე სიმეონი თუ მისი თანამედროვე იოანე ეგზარქი, ან კიდევ ვინმე უცნობი პირი და ბოლოს - მთარგმნელთა ჯგუფი.

----------------

ჯერ კიდევ წმ. იოანე ოქროპირამდე (347-407), წმ. კირილე იერუსალიმელი (315-386) თავის კატეხეტურ ჰომილიებში გვასწავლის ჯვარცმულის აღსარებას "თითებით" და არა თითით. მოგვიანებით წმ. იოანე ოქროპირმაც მოგვცა სწავლება ჯვრის გამოსახვის შესახებ მაგრამ, როგორც ზემოთ ვნახეთ, მისი ჰომილიის სხვადასხვა წყაროში ეს სწავლება გადმოცემულია სხვადასხვაგვარად. ზოგან ლაპარაკია "თითზე", ზოგან "თითებზე", რაც აისახა ევროპულ ენებზე წმ. იოანეს ჰომილიების თარგმანებშიც (იხ. მაგალითად, ზემოთ ინგლისურენოვანი თარგმანი).

წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლებზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი, აგრეთვე ყველაფერზე: საჭმელ პურებზე, დასალევ სასმისებზე, შესვლისას, გამოსვლისას, ძილის წინ, დაწოლისას, ადგომისას..." (წმ. კირილე იერუსალიმელი, კატეხიზმო XIII, თავი XXXVI. Pგ. 33, ცოლ. 816 ა; შდრ. რუს. თარგ.: "Да не стыдимся исповедывать Распятаго; с дерзновением да изображаем перстами знамение креста на челе").

დააკვირდით, აქ წმ. კირილე თითების შეკვრას ჯვარცმულის აღიარების ნიშნად გვამცნებს, ჯვარცმული კი იყო ქრისტე, რომლის ორბუნებოვნების აღმსარებლობა პირჯვრის საწერი ორი თითით გამოიხატება და არა ერთით ან სამით. ხოლო თუ გვეტყვიან, არც წმ. კირილეს აქვს გამოყენებული ძველბერძნული ორობითი რიცხვი "თითების" აღნიშნვისას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ან მთარგმნელები ამახინჯებენ წმ. კირილეს გამონათქვამს, ან კიდევ წმ. კირილეს დროისთვის ჯვარს უკვე გამოისახავდნენ არა მარტო ორი თითით, არამედ ხუთივეთი, ანუ სამი შეკრული და ორი აღმართული თითით, როგორც ეს დღეს არის მიღებული ძველმართლმადიდებლობაში. ამ შეხედულებას ადასტურებს ისიც, რომ ახალმოწესეობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და თვით ე. ჭელიძისთვის დიდი ავტორიტეტი ნიკოდიმე მთაწმინდელი მის მიერ განმარტებულ "პიდალიონში" (წმ. ბასილი დიდის 91 კანონის განმარტებაში) აღნიშნავს, რომ წმ. ბასილი დიდის დროს ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით. "პიდალიონში" ვკითხულობთ:

"§ 2.  "პირჯვრის გამოსახვას ძველი ქრისტიანები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამას ცხადყოფდნენ უძველესი წყაროებიც, ადრექრისტიანულ ეპოქაში ამტკიცებდნენ, რომ პირჯვრის გამოსახვა მხოლოდ ორი თითით არის მადლმოსილი.

პირჯვრის გადასახვის ერთადერთი მართებული წესია: შეკრული ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი და შუა თითი, რაც ნიშნავს ქრისტეს ერთარსებას, ხოლო მოხრილი თითი კი მის კაცობრივ ბუნებას. შეერთებული სამი თითი კი წმინდა სამებას, ამასვე ამბობს პეტრე დამასკელი თავის ნაშრომში
(გვ. 642).

პირჯვრის გამოსახვისას ორი თითი მიიდება შუბლზე, შემდეგ ჭიპზე, ისევე როგორიც არის აღმართული ჯვარი. ჯერ მარჯვენა მხარეს დავიბეჭდავთ, შემდეგ კი მარცხენა მხარეს.

ლათინები საყვედურობდნენ ბერძნებს, რომ ისინი ჯერ არ იბეჭდავდნენ მარცხენა მხარეს და შემდეგ კი მარჯვენას, როგორც ეს იყო ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში მიღებული
(ეს მხოლოდ ლათინთა შეხედულებაა - არქიეპ. პ.).

ასევე ძველი ქრისტიანები ყურადღებას აქცევდნენ ჯვრის გამოსახვის მნიშვნელობას... მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მიუღებელია ლოცვა სწორი პირჯვრის გარეშე. ზოგიერთები ხელს იდებენ მკერდზე, პირზე. კირილე იერუსალიმელი მოუწოდებდა ყველა მართლმადიდებელს ელოცათ ყოველი საქმის დაწყების წინ, სადაც უნდა იყვნენ დღისით, ღამით, ადგომისას, დაწოლისას, შესვლისას, გამოსვლისას და ა.შ."







სურათზე დამოწმებულია მ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტების ნაწყვეტი "პიდალიონიდან" (ბერძნული დიდი სჯულისკანონი), სადაც ნიკოდიმოს მთაწმიდელის აღიარებით, ძველად, წმ. ბასილი დიდის დროს, პირჯვარს იწერდნენ ორი თითით (იხ. § 2).

ნეტარი თეოდორიტე (386 (393?) - 457) 143-ე ფსალმუნის 1-ლი მუხლის ("კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა") განმარტებაში ბრძანებს: "ეს ნათქვამი ჩვენც გვეხება. რადგან, გავთავისუფლდით რა ეშმაკის მძლავრებისგან, დამოძღვრილ ვიქმენით ღმრთისგან, როგორ დავამხოთ ეშმაკი, რისთვისაც ხელით გამოვსახავთ ჯვარს, ხოლო თითებით შუბლებს ჯვრით აღვიბეჭდავთ" ("Сказание это может относится и к нам. Ибо, освободясь от жестокости диавола, мы научены Богом поражать его, производя крест рукой, а перстами полагая на челах печать креста") (Феодорит Кирский. Творения. Толкование на сто пятьдесят псалмов. https://predanie.ru/feodorit-kirskiy-blazhennyy/book/68240-feodorit-kirskiy-tvoreniya/#toc409).

მეტიც, ორთითიანი წყობით ჯვრის გამოსახვის ტრადიცია დასტურდება V-VI საუკუნეებშიც, რაც, უდავოდ, ადრე არსებული ტრადიციის გაგრძელება უნდა ყოფილიყო და არა უშუალოდ ამ საუკუნეებში შემუშავებული პრაქტიკა. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოთ და ქვემოთ დამოწმებული წყაროებიც.

ორი თითით კურთხევის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ მაგალითს შეიძლება გავეცნოთ წმ. იოანე მოსხის (VIს. მიწურული - VII ს. დასაწყისი) "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე". რუს. "Луг духовный")
(19).

აქ მოთხრობილია შემთხვევა თუ როგორ ცდილობდნენ ბერები, მოეწამლათ წმიდა ეპისკოპოსი, რომელსაც კათხით წყალი მიაწოდეს დასალევად. წმიდა მამა მიხვდა საძმოს განზრახვას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია "აღიღო კათხაი იგი სავსეი წამლითა და დასწერა მას სამგზის ჯვარი ორითა თითითა თვისითა და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ კათხასა ამას, - და შესვა იგი წინაშე მათ ყოველთა და არარაი ევნო მას" (იხ. ქართული მწერლობა. ტ. I. იოანე მოსხი. "სამოთხე". გვ. 398)
(20).  

-------------
---------

19. "იოანე მოსხი.
Ιωάννης Μόσχος, ბერძნულიდან: το Μόσχου - "მოსხის ძე" (550619) -VI ს.-ის მიწურულისა და  VII-ის დასაწყისის მართლმადიდებელი ბიზანტიელი ბერი და ცნობილი სასულიერო მწერალი. მისი უაღრესად პოპულარული ნოველების კრებულს ბერძნულად ეწოდება "ლიმონარი" ("მდელო"), ქართულად - "სამოთხე". როგორც ბერძნული "ლიმონარის", ისე ქართული "სამოთხის" დღესდღეობით ცნობილი უძველესი ხელნაწერები X საუკუნისაა. გამოითქვა მოსაზრება, რომ "სამოთხე" ბერძნულიდან კი არ თარგმნილა, არამედ ორიგინალურ ნაწარმოებთა კრებულია და ნოველები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწერა ბერძნულადაც და ქართულადაც ერთი და იმავე პირის, იოანე მოსხის მიერ. იოანე მოსხს ბიზანტიელები უწოდებდნენ მესხს, ანუ ქართველს" (ს. ყაუხჩიშვილი. ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, გვ. 236-246 1973) (https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_მოსხი).

სხვა წყარო: "ავტორის, იოანე მოსხის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის VI საუკუნის II ნახევარში და VII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ის ყოფილა მოძღვარი სოფრონ პალესტინელისა, რომელიც ერთხანს იერუსალიმის პატრიარქი იყო (634-644 წწ.). იოანე მას "სულიერ შვილად" მოიხსენიებს. იოანე მოსხს სხვადასხვა დრო დაუყვია საბას ლავრასა და სინას მონასტერში, უმოგზაურია პალესტინაში, ეგვიპტეში, სირიაში, მცირე აზიაში, კვიპროსსა და რომში. წიგნის დასაწყისშივე, ავტორი ახსნის თუ რატომ ეწოდება ამ თხზულებას "ბაღი" ანუ "სამოთხე". იოანე წერს, რომ როგორც გაზაფხულში ბაღი სავსეა ადამიანთა გულის საწადელი ყვავილებით, ისე, რომ ისინი მხიარულებას ანიჭებენ გამვლელებს, რომლებსაც შეაჩერებს ხოლმე მათი ფერები, აავსებს მათი სურნელება და ატკბობს მათი ნაყოფი, ასევე სულიერ მამათა მრავალნაირი სათნოებანი სასარგებლონი არიან სულის საცხოვრებლად. იოანე წერს: "მინდა მოვკრიფო ყვავილი სათნოებათა და შევკრა გვირგვინი შენთვის, ჩემო საყვარელო შვილო სოფრონი, და ყველა მორწმუნისთვის. ამიტომ ვუწოდე წიგნს სამოთხე. როგორც ფუტკარი ერთ ადგილას შეკრებს სიტკბოებას სხვადახვა ყვავილიდან, ასევე მე, მე შევკრიბე მრავალნაირი სათნოებანი წმინდა მამათა სულის სარგებლისათვის და დავწერე ეს წიგნი" (იოანე მოსხი და მისი "ლიმონარი". საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ემაოსი 2004 №1).

20. იხ. მაგალითად, "Луг духовный" творение блаженного Иоанна Мосха. Сергиев Посад. 1915. С. 115. სადაც ეს ამბავი ასეა აღწერილი: «Дивный Иулиан, не желая подвергать позору заговорщиков, обратился ко всем со скромными словами: "Если вы желаете умертвить смиренного Иулиана при помощи яда, то я пью его перед вами". Сказав это, он трижды крестообразно осенил чашу. "Во имя Отца и Сына и Святого Духа выпиваю сию чашу!" - произнес он и, выпив отраву, остался невредим» (блаженный Иоанн Мосх. Луг духовный. Лимонарь или "Синайский патерик". 94. О Иулиане, епископе Бостры. https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Mosh/lug-dukhovnyj/#1_219). დაახლოებით ასე აქვს გადმოცემული ეს ამბავი ა. პ. გოლუბცოვსაც, ოღონდ ის უკვე ახსენებს ერთ თითს და წერს: "Знаменуя тот или другой член тела, древние христиане делали на нем или один крест или сряду три, один вслед за другим. По словам Иоанна Мосха, св. Иулиан, епископ Бострский, когда подан ему был стакан с ядом, "положил на стакане трехкратное изображение креста перстом своим и сказал: Во имя Отца и Сына и Св. Духа" (Александр Петрович Голубцов. Из истории изображений креста http://www.blagogon.ru/biblio/203/print). ანუ აქ ძველქართული წყაროსგან განსხვავებით, კათხაზე ჯვრის ორი თითით გამოსახვის ამგავს რუსი ისტორიკოსები და საეკლესიო პოლემისტები გადასხვაფერებულად გადმოსცემენ. რა გარანტია გვაქვს, რომ ასე არ იქცევიან ისინი სხვა შემთხვევაშიც?

----------------------


აღსანიშნავია, რომ ლიმონარი თანამედროვე ქართულ ენაზე გამოსცა ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურმა არჩილ მინდიაშვილმაც. სიმართლე უნდა ითქვას, ეს ადგილი უცვლელად არის დატოვებული ამ გამოცემაშიც, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ იმავე "ლიმონარის", წმ. ნინოს მონასტრის გამოცემაში, რომელიც, როგორც ჩანს, შესრულებულია რუსული გამოცემიდან, ხსენებული შემთხვევა დამახინჯებულია და გამოტოვებულია ის გარემოება, რომ წმიდა მამამ კათხას ჯვარი ორი თითით გამოსახა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ღირ. იოანე მოსხის "ლიმონარი" განეკუთვნება VI საუკუნეს, ხოლო ამბავი, რომელსაც ღირსი მამა გადმოგვცემს, მომხდარა V საუკუნეში. ნიკოდიმე მთაწმინდელის თქმით, თვით ბასილი დიდის დროს, ანუ IV საუკუნეში, როდესაც მოღვაწეობდნენ წმ. იოანე ოქროპირი და კირილე იერუსალიმელი, პირჯვარს იწერდნენ ორი თითით და თუკი გავითვალისწინებთ, რომ პირჯვრისწერის ტრადიცია, როგორც წმ. ბასილი ბრძანებს, დაუწერლად გადმოგვეცა ძველთაგან, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ თითების ამგვარი წყობა კიდევ უფრო ადრინელია და არა უშუალოდ IV საუკუნის. ამავე მიზეზით უნდა უარვყოთ პროფ. ნ. კაპტერევის და სხვათა თეორიები ჯვრის გამოსახატავი თითების წყობის განვითარების შესახებ, რასაც უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით.

არ შეიძლება, ასევე, არ აღინიშნოს, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვის ტრადიციას ადასტურებს წმ. პეტრე დამასკელის (VIII ს. სხვა მონაცემებით - XII ს.) სწავლებაც, რომელიც რუსეთის ოფიციალური სინოდალური ეკლესიის მიერ ან საერთოდ არის ამოღებული ამ წმიდა მამის თხზულებებიდან, ან კიდევ თარგმანი დამახინჯებულია და არასწორად არის მოწოდებული.

ამის დასტურია "სიკეთისმოყვარების" ("ფილოკალია" -
Φιλοκαλία) ბერძნული კრებული, რომელიც შეიცავს IV-XV საუკუნეების წმიდა მამათა ტექსტებს; ტექსტები შეუკრებიათ მაკარი ნოტარასს (კორინთოს მიტროპოლიტს) და ნიკოდიმე მთაწმინდელს. კრებული გამოქვეყნდა 1782 წელს, 1793 წელს სლავურად პირველად გადათარგმნა პაისი ველიჩკოვსკიმ. რუსულ ენაზე გადათარგმნილი ხუთტომეული ეკუთვნის თეოფანე დაყუდებულს, რომლის გამოცემა საკმაოდ თავისებურია და ძლიერ განსხვავდება ბერძნულისგან. ის უფრო თავისუფალ გადმოცემას წარმოადგენს, ვიდრე თარგმანს, ამიტომაც მასში ზოგიერთი ნაწილი გამოტოვებულია და დამატებულია ბევრი ისეთი ტექსტი, რომელიც არ მოიპოვება ბერძნულ "ფილოკალიაში". ბერძნულში (ანუ "სიკეთისმოყვარების" ბერძნულ კრებულში) განთავსებულია XII საუკუნის ბერის - პეტრე დამასკელის ტექსტები.

"ზრახვათა და გულისთქმათა განსხვავების შესახებ" პეტრე დამასკელისეული ტექსტის სლავურ და რუსულ თარგმანებში "უწმიდესი" სინოდის ცენზურამ ან თვით მთარგმნელებმა შეგნებულად დაამახინჯეს ტექსტი, რაც ჩანს ამ თარგმანების შედარებიდან ბერძნულ ორიგინალთან, სადაც ვკითხულობთ:

"
Ότί όί μέν δύω δακτυλόί, καί ή μία χέίρ έμφαίνόυσί τόν έσταυρωμένόν Κύρίόν Ιησόύν Χρίστόν έν δυσί φύσέσί καί μίαύπόστασέί γνωριΖόμένόν ή δέξία δέ τήν απέίρόν αύτόύ δύναμίν, καί τήν έκ δέξίων τόύ Πατρός καθέδραν αναμίμνήσκέΐ/καί ανωθέν αρξαμένής δία τής έκ των όύρανων πρός ήμας αύτόύ συγκαταβασέως καί παλίν από τόύ δέξίόύ μέρόυς έπίτό έύωνύμόν, απόσόβέϊ μέν τόύς έχθρόύς, δήλόϊ δέ ότί τή αήττήτω αύτόύ δύναμέί ό Κύρίός ένίκήσέ τόν δίαβόλόν,αρίστέρόν όντα, καί ανίσχύρόν, καί σκότέίνόν" (Добротолюбие (Φιλοκαλια) на греческом языке. Венеция, издание Антония Вортоли, 1782, стр. 642).

სოლოვეცკელმა ბერმა გერასიმე ფირსოვმა ეს ადგილი ასე თარგმნა:

"Яко два перста убо и едина рука являют распятаго Господа нашего Исуса Христа во двою естеству и едином составе познаваема, десница же безмерную Его силу и одесную Отца седение возвещает. И свыше наченше - иже от небеснаго Егова к нам схождения; и паки от десныя страны на левую - отгоняти убо враги являет же, яко непобедимою силою своею победи диявола Господь, шуя суща некрепка убо и мрачна" (Герасим Фирсов. "О сложении перстов, еже которыми персты десныя руки подобает всякому православному християнину воображати на себе знаменее честнаго креста").

ქართულად ეს დაახლოებით ასე იქნება: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს. მარჯვენა (ხელი) მის უსაზღვრო ძალას და მამის მარჯვენით ჯდომას მოასწავებს. ზემოდან დაწყება (პირჯვირსწერისა - არქიეპ. პ.) მის ზეცითგან ჩვენთან გარდამოსვლას; ხოლო მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გადატანა  - სუპოსტატთა ოტებას, რამეთუ უფალმა დაამხო ეშმაკი თავისი უძლეველი ძალით; მარცხენა მხარე მყიფეა და ბნელი".

პაისი ველიჩკოვსკის (1722-1794) "Добротолюбие"-ში ეს ადგილი საერთოდ ამოღებულია (Добротолюбие. Издание и перевод Паисия Величковского. 1793. Часть 3 Лист 70 об.).

ხოლო "სათნოთმოყვარების" (ან როგორც ზოგიერთი თარგმნის, "სიკეთისმოყვარების") თეოფანე დაყუდებულისეულ (1815-1894) რუსულ გამოცემაში პეტრე დამასკელის არც ერთი თხზულება არ არის შეტანილი.

პეტრე დამასკელის თხზულებები რუსულ ენაზე გამოსცეს კიევშიც, მაგრამ ამ გამოცემაშიც ოფიციალური ეკლესიისთვის უხერხული ადგილი ასევე ამოღებულ იქნა (იხ. Творения преподобнаго и богоноснаго отца нашего священномученика Петра Дамаскина в русском переводе с еллинно-греческаго в двух книгах. Изд. 3-е. - Киев. Типография Киево-Печерской Лавры, 1905. Стр. 217).

ეს ყოველივე კი მეტყველებს სიმართლის მიზანმიმართულ დაფარვაზე და ფალსიფიკაციაზე.

ხშირად ვხვდებით კონტრარგუმენტს: "გაუგებარია, რომელ ორ თითზეა ამ სიტყვებში ლაპარაკი - მეორე და მესამე "სქიზმატურ" ("რასკოლნიკურ") თითთაწყობაზე (მეორე და მესამეში იგულისხმება საჩვენებელი და შუათითი - არქიეპ. პ..), თუ მეოთხე და მეხუთე (ანუ მოკეცილი არათითი და ნეკა - არქიეპ. პ.) მართლმადიდებლურ თითთაწყობაზე". ამ "არგუმენტს" არქიეპისკოპოს ნიკანორს (ბროვკოვიჩს) მიაწერენ. მაგრამ მას საერთოდ არა აქვს ძალა, რამეთუ თავიდანვე, 1666/7 წლების კრებათა დადგენილებებში ნათქვამია, რომ ეს ორი (მოკეცილი) თითი არაფერს ნიშნავს და პირჯვარი უნდა გადაიწეროთო მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: ცერით, მის უახლოეს მდებარე საჩვენებელით და შუათითით. ესენი უნდა შეერთდეს მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ("И знамение честнаго и животворящаго Креста творити на себе треми первыми персты десныя руки: палецъ глаголемый, и иже близъ его глаголемый указателный, и средний, слагати вкупе во имя Отца, и Сына, и святаго Духа"); ხოლო ორი თითი, ნეკა და არათითი, მოხრილი უნდა იყოს და დანიშნულების არმქონე, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემით ("Два же, глаголемый мизинецъ и иже близъ его близосредний, имети наклонены и праздны, по древнему преданию святыхъ Апостоловъ и святыхъ Отцевъ") (Деяние собора 1666 г., Лист 6). ანალოგიურად არის ნათქვამი 1666 წლის კრების საქმეებშიც (Деяния собора 1666 г., Лист 41об.).

მაშასადამე, თუ ეს ორი თითი ქრისტეს ორ ბუნებას არ გამოსახავს, მაშინ ცხადი ხდება - ამ ორ თითზე როდი მსჯელობს პეტრე დამასკელი, ნიკონიანელ რეფორმატორებს რომ მოუკეციათ და უსაქმოდ დაუტოვებიათ (იხ. Деяния московскаго собора о разных церковных исправлениях в 1667 году. 1667)
(21).

------------------

21.   
სხვათა შორის, ამ ორმა "უქმე" თითმა ქრისტოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ მოგვიანებით, თუმცა დღემდე მისი ეს მნიშვნელობა კანონიკურად არ არის განმტკიცებული ახალმოწესეთა ეკლესიაში. ასე რომ, 1666/7 წლების მოსკოვის დიდი კრების ამ მითითებას (მოკეცილი ორი თითის უფუნქციობაზე) დიდი წონა გააჩნია, ვიდრე ამავე საკითხზე გამოთქმულ კერძო შეხედულებებს. კანონიკური თვალსაზრისითაც ახალმოწესეთა ეკლესიაში პირჯვრისსაწერი თითების წყობას დღემდე არა აქვს ის ქრისტოლოგიური ხასიათი, რომელიც პეტრე დამასკელმა მიუთითა თავის თხზულებაში, ხოლო ნიკოდიმოს მთაწმინდელმა "ფილოკალიაში" შეიტანა (Раскин С. В. Фальсификация слова Петра Дамаскина "О различии помыслов и прилогов" в синодальных изданиях. RSLib. წყარო: https://txt.drevle.com/text/rase-petr_damaskin_falsifikaciya#refrom-6).

------------------

მეტიც, სრულიად აუქმებს ამ "კონტრარგუმენტს" ბერძნული "პიდალიონი" (იგივე დიდი სჯულისკანონი, ანუ "მესაჭე" წიგნი), რომელშიც წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტებაში, პირჯვრისწერის შესახებ დადასტურებულია, რომ "ძველი ქრისტეანები სხვაგვარად აერთებდნენ თითებს პირჯვრის გადასაწერად, ვიდრე ახლანდელნი, ანუ გამოისახავდნენ პირჯვარს ორი თითით - საჩვენებელითა და შუათითით, როგორც ბრძანებს ამას პეტრე დამასკელი: "მთელი ხელი, - ამბობს პეტრე, - ნიშნავს ქრისტეს ერთ იპოსტასს, ხოლო ორი თითი - მის ორ ბუნებას" (ციტ. Никольский И. Греческая Кормчая книга Пидалион. Под ред. Копьев Н. А. Москва, 1888).

ამგვარად, ამ ფორმულირების მიხედვით, ნეკა და არათითი "უქმედ" დარჩნენ, ანუ ისინი არაფერს გამოხატავენ".

პროფ. ბ. უსპენსკი ცნობილ ნაშრომში "Крестное знамение и сакральное  пространство. Почему православные крестятся справа налево, а католики … слева направо?" (Изд. Языки славянской культуры. Москва. 2004) აღნიშნავს, რომ "თითების წყობის თავდაპირველი მნიშვნელობა მართლმადიდებლურ ტრადიციაში გამოხატავდა ღმერთკაცობის იდეას და არა სამებისას, მოგვიანებით მისით ორივე იდეის გამოხატვა დაიწყეს. ამასთან, როდესაც პატრიარქ ნიკონის რეფორმის შემდეგ ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიცია შეცვალეს სამთითიანი წესით, თითების წყობის ახალი ჩვეულება მოწოდებული იყო, გამოეხატა სამების იდეა და არა ქრისტეს ღმერთკაცობისა; მოსკოვის 1666-1667 წლის დიდმა კრებამ დაადგინა: "პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახე უნდა გადავიწეროთ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: დიდი თითი, და მის გვერდით მყოფი საჩვენებელი, და შუა ერთად უნდა შეიკრას მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ხოლო ორი, ნეკა და მის გვერდით მყოფი არათითი, დახრილი უნდა იყოს უქმი, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემის მიხედვით" ("И знамение честнаго и животворящаго Креста творити на себе треми первыми персты десныя руки: палец глаголемый, и иже близ его глаголемый указателный, и средний, сла-гати в'купе во имя Отца, и Сына, и святаго Духа. Два же, глаголемый мизинец и иже близ его близосредний, имети наклонены и праздны, по древнему преданию свя-тых Апостолов и святых Отцев") (Служебник, 1667, л. 5 второй фолиации; Деяния соборов 1666-1667 гг., л. 6 четвертой фолиации; Субботин, ИИ, с. 216; Доп. АИ, V, № 102, с. 486) (Б. А. Успенский. Крестное знамение и сакральное  пространство. Почему православные крестятся справа налево, а католики … слева направо? Изд. Языки славянской культуры. Москва. 2004., стр. 103-104).

ასე რომ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება - ე. ჭელიძის მტკიცებულება, თითქოსდა I-VII საუკუნეებში პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით და თითქოსდა ამას ადასტურებს წმ. იოანე ოქროპირის "შემაჯამებელი" სწავლება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამრიგად, მოკლედ თუ შევაჯამებთ I-VII საუკუნის ტრადიციას თითებით ჯვრის გამოსახვის საკითხში, ის უფრო ორთითიანი წყობის სასარგებლოდ მეტყველებს და არა ერთი თითისა.

მთელი რიგი ისტორიული არგუმენტები სწორედ ორი თითით ჯვრის გამოსახვის ტრადიციას უჭერს მხარს. ეს არის წმ. ბასილი დიდის მოწმობა, რომ ჯვრის სასწაულის გამოსახვა არის უძველესი საეკლესიო გადმოცემა და ნიკოდიმოს მთაწმინდელის (18-ე ს.) განმარტებით, ქრისტეანები მას გამოისახავდნენ ორი თითით; ეს არის წმ. კირილე იერუსალიმელის მოწმობა, რომელიც არანაირად არ ადასტურებს ერთ თითს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამი თითით პირჯვრისწერა (თვით ჩვენი ოპონენტების თქმითაც კი) მომდინარეობს XIII საუკუნიდან (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ), შეუძლებელია წმ. კირილეს სწავლება განმარტებულ იქნეს სამი თითის სასარგებლოდ და რაკიღა მის მიერ ნაქადაგები "თითები" შეუძლებელია გულისხმობდეს ერთს ან სამს, უბრალოდ, რჩება ჯვრის სასწაულის, ჯვრის ნიშის გამოსახვის ერთადერთი ცნობილი და მისაღები წესი - ორთითიანი წყობა, რომელიც ამავე დროს გულისხმობს სამების ერთობის ნიშნად შეკრულ სამ თითსაც, როგორც ამას დღემდე აკეთებენ ძველმართლმადიდებლები.

ამის შემდგომ საუკუნეებში ორ თითზე უკვე პირდაპირ არის ლაპარაკი. ამას ადასტურებს VI საუკუნის წმინდანის, იოანე მოსხის მიერ აღწერილი ამბავი, რომელიც "ლიმონარის" სახელით ცნობილ მის თხზულებაშია გადმოცემული და მოგვითხრობს V საუკუნის წმინდანის, ეპისკოპოს ივლიანე ბოსტრელის შემთხვევას, რომელმაც კათხას ორი თითით გადასახა ჯვარი; და ბოლოს ამასვე ადასტურებს VIII საუკუნის მოღვაწის, წმ. პეტრე დამასკელის სწავლება ორ თითზე, რომელიც შეტანილია ბერძნულ "სათნოთმოყვარებაში", მაგრამ ამოღებულია მისი რუსული თარგმანებიდან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს უდიდესი საფუძვლები და მოწმობები აქვთ იმის სამტკიცებლად, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება სამთითიან წყობაზე უძველესი და თვით მოციქულთაგანვე მოცემული ჩვეულებაა. რაც მთავარია, ამ რწმენას გამოხატავს თვით მართლმადიდებლური ეკლესია მონოფიზიტთა მიღების წეს-განგებაში, სადაც ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებულ ანათემატიზმაში ნათქვამია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. საქ. სსრ. მეცნ. აკად. მაცნე. ენისა და ლიტერატური სერია. 1975 წ. № 1, გვ. 29).

ასე რომ, ე. ჭელიძისა და მის მომხრეთა საპასუხოდ უნდა ვთქვათ: I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით, წმიდა მამათა მოწმობები ჯვრის გამოსახვის სწორედ ორთითიან წყობას უჭერენ მხარს და არა ერთთითიანს, ხოლო სამ თითზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან ეს ტრადიცია, როგორც ქვემოთ ვნახავთ, იმ დროს საერთოდ არც არსებობდა და ბიზანტიაში მკვიდრდება XIII საუკუნიდან.

მაგრამ, მოდი, დავსვათ ყველაზე მთავარი შეკითხვა: რაში სჭირდებათ ჩვენს ოპონენტებს ასეთი დაბეჯითებით იმისი მტკიცება, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ და აკურთხებდნენ ერთი თითით?

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იცავენ ისინი ერთი თითით პირჯვრისწერას, გახლავთ ის, რომ იზიარებენ პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის ცვალებადობის თეორიას; ანუ, მათი აზრით, ქრისტეანული (მართლმადიდებლური) ეკლესია პირჯვრისსაწერ და საკურთხებელ თითების წყობაში დებდა ამა თუ იმ სწავლებას; თუ რა სწავლებები იყო ეს და რა ვითარების გამო იცვლებოდა, ზემოთ დეტალურად მიმოვიხილეთ, აქ ვიტყვით მხოლოდ ერთს: ამგვარი თეორიები, როგორც მინიმუმი, ან არასრულყოფილი და ალოგიკურებია, რომ მათი გაზიარება შესაძლებელი იყოს, ან კიდევ აბსურდულნი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრულიად ეწინააღმდეგებიან არა მარტო ისტორიულ ფაქტებს, არამედ თვით ეკლესიის პრინციპებსაც.

როგორც მრავალი ზემოთ დამოწმებული მეცნიერი და ღვთისმეტყველი მოწმობს, ჯვრის გამოსახვის (ვგულისხმობთ როგორც პირჯვრისწერას, ასევე კურთხევასაც) ორთითიანი წყობა (იგულისხმება არა მარტო ორი თითი - საჩვენებელი და შუათითი, არამედ ამასთან ერთად სამი შეკრულიც - ცერა, ნეკა და არათითი) უფრო სრულყოფილად გამოხატავს ქრისტეს განკაცებისა და ცოდვისაგან კაცობრიობის გამოსყიდვის დოგმატს, ვიდრე ერთი თითი.

წმიდა მამათა სწავლება, რომლის მიხედვითაც პირჯვარს უნდა ვიწერდეთ ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, სრულიად შეუძლებელს ხდის იმ შეხედულების გაზიარებას, თითქოსდა პირველი საუკუნის ქრისტეანები ამ აღსარებას ქმნიდნენ ერთი თითით, რომლითაც არა ქრისტე, არამედ ღვთაება (ყოვლადწმიდა სამება) აღინიშნება. ამგვარი წესით ჯვარცმულის აღსარება მონოფიზიტური სწავლების უმთავრესი გამოხატულება გახლდათ, რაც ეკლესიამ დაგმო და შეაჩვენა.

რაკიღა, როგორც ე. ჭელიძე ამბობს, "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 206-207) სამი თითით პირჯვრისწერის ტრადიცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მონოფიზიტური სწავლების აღორძინება, ოღონდ განსხვავებული ფორმით (ერთის ნაცვლად სამი თითით). ასე რომ, რადგან "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება", ხოლო ერთი თითით პირჯვრისწერა მონოფიზიტთა გამონაგონი და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ უარყოფილი პრაქტიკაა, სამი თითით პირჯვრის მაწერლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ პირჯვრის სამი თითით გადაწერა, რადგან ისინი ამით სწორედ ამ მწვალებლურ სწავლებას გამოხატავენ, და მართლმადიდებლური ეკლესიის ანათემის ქვეშ ექცევიან, რომელმაც დააწესა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ".

მით უმეტეს, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ადრე არც ბერძნები და არც რუსები სამთითიან პირჯვრისსაწერ წყობაში მოკეცილ ორ თითს (არათითსა და ნეკას) ქრისტოლოგიურ (დიოფიზიტურ) მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. მხოლოდ ძველმართლმადიდებლებთან დავის პროცესში მიხვდნენ ახალმოწესე რეფორმატორები თავიანთი სწავლების ერეტიკულობას და მოკეცილ ორ თითს უმალ მიაწერეს ის დანიშნულება, რაც მას თავიდან არ გააჩნდა.

ყოველივე ზემოთ თქმულის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ თითით ჯვრის გამოსახვა, ის პირჯვრისწერის ან კურთხევის გასაცემ წესადაც რომ არსებულიყო, ვერანაირად გამოდგება ჯვრის გამოსახატავი თითების წყობის "ცვალებადობის" თეორიის დასამტკიცებლად, რადგან, როგორც პროფ. ა. გოლუბცოვი საეკლესიო არქეოლოგიისა და ლიტურგიკისადმი მიძღვნილ თავის ლექციებში ბრძანებს: "ძველ ქრისტეანებს უყვარდათ საკუთარ თავზე თითით ჯვრის გამოსახვა, რადგან ეს ადვილი და მოხერხებული იყო სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პატარა ჯვრის გამოსახატავად... მაგრამ, წმიდა მამათა (თხზულებების - არქიეპ. პ.) მითითებული ადგილებიდან გამომდინარე შეუძლებელია  გადაჭრით ვამტკიცოთ, რომ ერთი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო თავდაპირველი და თითების წყობის უძველესი გამოხატულება, რომელიც წინ უსწრებდა ყველა სხვა ფორმას, როგორც ფიქრობდნენ და ამბობდნენ ამას ორმოციან წლებში და კვლავ განმეორებულ იქნა ამ ბოლო დროს ჩვენს საეკლესიო-ისტორიულ ლიტერატურაში" (Голубцов Александр Петрович. Из лекций по Церковной Археологии и Литургике) (https://predanie.ru/golubcov-aleksandr-petrovich/book/90064-iz-lekciy-po-cerkovnoy-arheologii-i-liturgike/).

ამიტომაც, პროფ. ა. პ. გოლუბცოვის შეხედულებიდან გამომდინარე, რომ თითით ჯვრის გამოხატვა და პირჯვრისწერის სხვა ფორმები (განსაკუთრებით ორთითიანი წყობა) შესაძლოა ერთდროულად არსებობდა, სრულიად გამორიცხავს რაიმე მკაფიო ევოლუციას და ჯვრის გამოსახვის ერთთითიანი წესიდან ორთითიანზე გადასვლას.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პირველ საუკუნეებში ორთითიანი წყობის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მოწმობა, მაგრამ პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებებისა და ხატმწერლობის ნიმუშები, ასევე გვიანდელი მამების სწავლებები და ბოლოს ეკლესიის მიერ მონოფიზიტთა წინააღმდეგ კრებითად დამტკიცებული წესი (როგორც პირჯვრისწერის, ასევე კურთხევის გაცემისა) გვარწმუნებს იმაში, რომ ეკლესიამ დაიცვა და შეინარჩუნა სწორედ ის ძველთუძველესი გადმოცემა, რომელიც პირველი საუკუნიდან მომდინარეობს და რომელიც, ეკლესიის რწმენით, თვით ქრისტემ უბოძა მოციქულებს.

იგივე პროფ. ა. პ. გოლუბცოვი ადრინდელი იკონოგრაფიის შესახებ ამბობს: "დღეისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ახალგაზრდა ქრისტეანული ხელოვნება აღმოცენდა და განიმსჭვალა მრავალსაუკუნოვანი ანტიკური სამყაროს ტრადიციებით, სარგებლობდა მისივე კლასიკური ხელოვნების ფორმებით, იწყებდა მისთვის ჩვეულ, ტექნიკური ხერხებით და ითავისებდა მზა მხატვრულ ნიმუშებს. არ უგულებელუყვია მას წარმართ ორატორთა და ფილოსოფოსთა პირობითი ჟესტებიც, რომელიც მან (ქრისტეანობამ - არქიეპ. პ.) თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და მისთვის უცხო ფორმებს ქრისტეანული შინაარსი მიანიჭა" (იქვე).

ამიტომაც არის შეუძლებელი მაცხოვრის, ანგელოზთა და წმინდანთა ადრინდელი გამოსახულებები, სადაც ისინი გამოხატულნი არიან ორთითიანი წყობით, ავხსნათ უბრალო, ორატორული ჟესტებით, რადგან ამ ორატორულ ჟესტებს უკვე იმ დროიდანვე გააჩნდათ ქრისტეანული მნიშვნელობები. ორატორულ ჟესტებად შეიძლება განვიხილოთ თითთა მხოლოდ ის წყობები, რომლებიც არც პირველ საუკუნეებსა და არც მოგვიანებით არ ჩამოყალიბებულა ჯვრის გამოსახვის ფორმად. მათ შესახებ არ არსებობს წმიდა მამათა არც წერილობითი სწავლება ან განმარტებანი და არც საეკლესიო-სჯულმდებლობითი განკარგულებანი. ამგვარი რამ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორთითიან წყობასთან დაკავშირებით.

პირველ საუკუნეებში ერთი თითით ჯვრის გამოსახვის ტრადიცია ჯვრის გამოსახვის ორთითიან წყობასთან ერთად თუ არსებობდა, მას უნდა შევხედოთ იმ კუთხით, რა კუთხითაც ვუყურებთ ადრინდელ ცთომილ სწავლებებს ან პრაქტიკულ შეხედულებებს. ამგვარი შეხედულებები ზოგჯერ წმიდა მამებსაც კი გამოუთქვამთ, მაგრამ ეკლესიის კრებითი ცნობიერების მიერ ამ სწავლებათა დაგმობამდე ან უარყოფამდე მწვალებლობად არ ითვლებოდა, და ბუნებრივია, არც ამ წმიდა მამებს მიიჩნევს ვინმე მწვალებლებად.

ავიღოთ თუნდაც სწავლება ქილიაზმთან (ათასწლოვან მეუფებასთან) დაკავშირებით ან განსხვავებული შეხედულებები ეკლესიაში მწვალებელთა მიღების თაობაზე, რომელმაც III საუკუნეში მძაფრი დაპირისპირება გამოიწვია ეკლესიის წმიდა მამებს შორის; ან სწავლება ფილიოკვეზე, ანუ სულიწმიდის ძისგან გამომავლობაზე, რომელიც ადრე კერძო საღვთისმეტყველო აზრის სახით არსებობდა და არ წარმოადგენდა ეკლესიის საყოველთაო სწავლებას. მაგრამ, როგორც კი გაჩნდა დაპირისპირებანი ამ სწავლებათა გამო, ეკლესიამ თავისი კრებითი ცნობიერებით უარყო ცთომილი ან დროებით შეწყნარებული ჩვეულება და დაამტკიცა მისთვის მისაღები, მართლმადიდებლური სწავლება ან წესი. მართლმადიდებლები დღემდე უარყოფენ სწავლებას სულიწმიდის ძისგან გამომავლობის შესახებ და მას აშკარა მწვალებლობად მიიჩნევენ, მაგრამ რომაელი-კათოლიკეები, პირიქით, ამბობენ, რომ "ფილიოქუე" ეკლესიის უძველესი სწავლება იყო... რასაც თითქოსდა ადასტურებენ ძველ მამათა გამონათქვამები, თუმცა მათ სრულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდათ, რაზეც წერდნენ წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელი და წმ. მარკოზ ეფესელი. სხვათა შორის, ისინი ამბობდნენ, რომ ზოგიერთი მამის ცთომილი აზრების უფრო დაფარვა გვმართებს, ვიდრე გამომზეურება (უფრო დეტალურად ამაზე ვიმსჯელეთ წინამდებარე ნაშრომის პირველ განყოფილებაში - "ნათლისღების შესახებ").

დროთა განმავლობაში, როდესაც მძაფრდებოდა დავა გარკვეულ საკითხთა გამო (უფრო, მწვალებელთა მხრიდან), საჭირო ხდებოდა მართლმადიდებლური პოზიციის მკაფიო, სრულყოფილი ფორმულირება.

ზოგიერთის ვარაუდით, იგივე მოხდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობასთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, პირველი საუკუნეებიდანვე არსებულიყო ჯვრის გამოსახვის ორივე ფორმა - როგორც თითით, ასევე ორი თითით. მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან, როდესაც გაჩნდა მონოფიზიტური მწვალებლობა, რომელმაც თავისი მწვალებლური აღმსარებლობის გარეგან გამოხატულებად ირჩია ერთი თითი (თუ რატომ - ეს ზემოთ უკვე ვნახეთ), ეკლესიამ მას დაუპირისპირა საკუთარი უძველესი გადმოცემა - ორთითიანი პირჯვრისწერის წყობა, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული ქრისტეს განკაცების დიოფიზიტური დოგმატი. მაგრამ, როდესაც ცვლილებები ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცის შეცვლა შეიძლება სურვილისამებრ - როცა გინდა და როგორც გინდა.

ადრე ქრისტეს აღდგომასაც განსხვავებულად ზეიმობდნენ და ეკლესიის პრაქტიკაში ერთმანეთის პარალელურად არსებობდა ორი შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი გადმოცემა. მათ გამო გაჩენილმა დავამ ბიძგი მისცა ეკლესიას, დაემტკიცებინა ქრისტეანული პასექის ჭეშმარიტი წესი, რაც გააკეთა კიდევაც პირველმა მსოფლიო კრებამ, რომლის შემდეგ ადრინდელ არასწორ წესთან დაბრუნება დაუშვებელია. ასე უნდა მივუდგეთ ორი თითით პირჯვრისწერის გადმოცემასაც, რომელიც ეკლესიაში არსებობს პირველივე საუკუნეებიდან და რომელიც, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ყველა სხვა არსებულ წყობასთან შედარებით უფრო სრულყოფილია და ზუსტად გამოხატავს მართლმადიდებლურ ტრიადოლოგიურ და ქრისტოლოგიურ დოგმატებს.

იმის შემდეგ, რაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მონოფიზიტური მწვალებლური სწავლებისა და მისი გამოხატულების (ერთი თითით პირჯვრისწერის) წინააღმდეგ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე მიიღო ორი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელი განწესება, რომელიც შემდეგ ყველა მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიის კურთხევანებშიც შევიდა, და მეტიც, ზოგიერთ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, იგივე ფორმულირება კვლავ განმეორებულ იქნა - არავისა აქვს უფლება, გააუქმოს ეკლესიის ეს კრებითი დადგენილება და პრაქტიკა, მიღებული მონოფიზიტების წინააღმდეგ და დაუბრუნდეს უკვე უარყოფილ წესს (ერთ თითს) ან მის სახეცვლილებას, რომელიც გამოიხატება სამი თითით. რადგან, "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება", და თუკი დაუშვებელია ერთი თითით პირჯვრისწერა, მაშინ სამი თითით პირჯვრისწერაც დაუშვებელია.

<<<

12

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика