საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა): 2009 წლის 17 მაისს 30 წლიანი განხეთქილების შემდეგ აღსდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და პატრიარქმა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიარეს, რაც აისახა შვიდპუნქტიან დოკუმენტში (დოკუმენტი მთლიანად გამოქვეყნებულია რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე: http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm). ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა ის საეკლესიო მსახურება და საიდუმლო, რომლებიც აღსრულებულია საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიების წიაღში მთელი ამ 30 წლიანი განხეთქილების პერიოდში, აღიარებულ იქნა ქმედითად (§ 2). რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობასთან ერთად ცნო მისი კანონიკური ტერიტორია (საქართველო). საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე (გრიგოლეთის სამრევლოს გამოკლებით), რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს და ეპისკოპოსებს უფლება არა აქვთ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაატარონ რაიმე ღვთისმსახურება.
"კვირის რეზონანსი": როგორ დაარსდა ძველმარლთლმადიდებლობა საქართველოში?
მეუფე პავლე: საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაარსება უკავშირდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და დაუზიანებელი ეკლესიის ძიებას. ქართული მართლმადიდებლობა ჯერ კიდევ მაშინ მოწყდა ქრისტეს ეკლესიის მაცოცხლებელ ძირს, როდესაც მხარი დაუჭირა XVII საუკუნის რუსულ საეკლესიო რეფორმას. ამის შემდეგ ანტონ I-მა ქართული ეკლესია რუსულის იდენტურად გადააკეთა. მოგვიანებით საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალურობაც და რუსეთის საეგზარქოსოდ გადაკეთდა, მთელი იმ თავისებურებებითურთ, რაც ახასიათებდა იმდროინდელ რუსულ, ოფიციალურ ეკლესიას. ბოლოს კი, საბჭოური იდეოლოგიისა და სახელმწიფოს ერთ-ერთ განყოფილებადაც იქცა. შედეგად, საქართველოში პრაქტიკულად გაუქმდა მართლმადიდებლური ეკლესია, ამიტომაც ძირძველი და დაუზიანებელი მართლმადიდებლობის მოსურნე ქრისტეანთა ჯგუფმა, ხანგრძლივი კვლევისა და ძიების შედეგად მიაკვლია იმ შტოს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში აღადგინა ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებლური ეკლესია.
"კვირის რეზონანსი": რამდენი ძველმართლმადიდებელი ცხოვრობს საქართველოში და როგორია მათი ეთნიკური შემადგენლობა? ვინ უფრო მეტია, ქართველები თუ რუსები?
მეუფე პავლე: საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაარსების დღიდან დღემდე, მონათლულია 1500-მდე ადამიანი (საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან). უმეტესად ქართველები. რუსები ძირითადად ცხოვრობენ ფოთში. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია აწარმოებს მონათლულთა აღრიცხვას, თუმცა ეს აღრიცხვა არასრულყოფილია და მრავალი მონათლული ქრისტეანი აღრიცხული არ გვყავს.
"კვირის რეზონანსი": სად არის თქვენი ეკლესიები და როგორია მათი არქიტექტურა?
მეუფე პავლე: ეკლესიები ჩვენ გვაქვს ფოთსა და თბილისში. ორივეგან აშენებულია ბაზილიკის ტიპის ეკლესიები. თბილისის ზღვაზე გაშენებული წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სხვადასხვა მიზეზთა გამო ამჟამად დაკეტილია.
"კვირის რეზონანსი": რა განსხვავებაა ოფიციალურ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და თქვენს შორის?
მეუფე პავლე: განსხვავება ბევრია. განსაკუთრებით ლიტურგიკაში. არის სწავლა-მოძღვრებითი განსხვავებაც (მაგალითად, ეკლესიოლოგიის სფეროში). ძირითადი პრობლემა, რომელიც გადაულახავ ჯებირად არის აღმართული ჩვენსა და ოფიციალურ ეკლესიას შორის, არის ნათლისღების საკითხი. ოფიციალური საპატრიარქოსგან განსხვავებით, ჩვენ კატეგორიულად არ ვცნობთ ნათლობის წყალპკურებით ფორმას, აქედან არ გვაქვს უფლება ვაღიაროთ ასეთად "ნათელღებულთა" ხელდასხმებიც. ვერ ვაღიარებთ დანარჩენ საეკლესიო საიდუმლოებებსაც. ჩვენი ამ პოზიციის კანონიკურობის დასამტკიცებლად შემიძლია დავიმოწმო მე-18 საუკუნის აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, ასევე ძველი რუსული საეკლესიო განწესებები (მაგალითად, მოსკოვის 1621 წლის და ნოვგოროდის მე-13 საუკუნის კრებები), სადაც კატეგორიულად უარყოფილია ლათინური, წყალპკურებითი ნათლობა. ჩვენთვის, ქართველთათვის, განსაკუთრებულად საყურადღებო უნდა იყოს ქართლის კათალიკოსის, ბესარიონ ორბელიშვილის ანტილათინური (ანტიკათოლიკური) თხზულება "გრდემლი", სადაც კათალიკოსი ორბელიშვილი, თავისი თხზულების მე-20 თავში, რომელიც მთლიანად ნათლობას ეძღვნება, კატეგორიულად უარყოფს წყალგადასხმით ნათლობას და ასეთად "მონათლულებს" მოუნათლავებად მიიჩნევს. გარდა ნათლობისა, არსებობს განსხვავება პირჯვირწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის. ჩვენ პირჯვარს ვიწერთ ორი თითით, ანუ, შეერთებული გვაქვს სამი თითი (ნეკი, ცერი და არათითი) წმიდა სამების აღსარების სიმბოლოდ და აღმართული გვაქვს ორი, _ საჩვენებელი და შუათითი ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოდ. ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევის გაცემა არის დიოფიზიტური (ანუ მართლმადიდებლობის) აღმსარებელ ქრისტეანთა ძველთუძველესი წესი, რასაც უამრავი ისტორიული და საეკლესიო წყარო ადასტურებს. ორი თითით პირჯვრის წერასა და კურთხევის გაცემაზე ლაპარაკობს ძველი საეკლესიო კურთხევანი, მონოფიზიტთა მიღების წესში, რომელიც არსენ იყალთოელს ორი თითი აღიმართება ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, ამიტომაც, როდესაც ეს აღსარება იქმნება სამი თითით ირღვევა პირჯვრისსაწერ თითებში ჩადებული დოგმატური სწავლება. ანუ, ჯვარცმული გამოდის წმ. სამება, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს მწვალებლობას. მე-17 საუკუნის რუსეთის რეფორმა, როგორც ეს ცნობილია, გატარდა ცეცხლითა და მახვილით. მეფემ და პატრიარქმა, თავიანთი პოლიტიკური ამბიციების გამო გენოციდი მოუწყვეს საკუთარ ხალხს. მართლმადიდებელ ქრისტეანებს აჭრიდნენ ორ თითს, ხოცავდნენ შიმშილით, ჰყინავდნენ, ახრჩობდნენ, აწამებდნენ... ნიკონის რეფორმა რუსი ხალხის გენოციდში გადაიზარდა... თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას საფუძველი სწორედ ნიკონ პატრიარქის დროს ჩაეყარა. (იხ. ბ. კუტუზოვის Церковная реформа XVII века).
"კვირის რეზონანსი": რა კავშირი აქვს საქართველოს რუსეთის რეფორმასთან და რა საჭირო იყო აქ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება?
მეუფე პავლე: საქართველოს უშუალო და პირდაპირი კავშირი აქვს რუსული "რასკოლით" წარმოქმნილ პრობლემებთან. კერძოდ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია XVIII საუკუნეში მიუერთდა რუსეთის რეფორმირებულ ეკლესიას, რის შედეგადაც, ყველა ის არაკანონიკური ცვლილება, რაც რეფორმის შედეგად მიიღო რუსულმა ოფიციალურმა ეკლესიამ, ავტომატურად ქართულ ეკლესიაშიც დამკვიდრდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში მართლმადიდებლური წიგნების შესწორებას XVIII საუკუნეში ხელი მიჰყო კათალიკოსმა ანტონ I-მა. "ჩვენ ვიცით, _ წერს კორნელი კეკელიძე, _ რომ, მე-18 საუკუნეში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც სლავური (ანუ ახალრუსული _ ეპ. პ.) წიგნების მიხედვით არ შესწორებულიყო. ჩვენს ეკლესიებში ხმარებაშია სწორედ ეს, მეთვრამეტე საუკუნის რედაქცია" (კ. კეკელიძე. ანტონ კათალიკოსის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან". საღვთისმეტყველო კრებული, 1991 წ., საპატრ. გამოცემა. გვ. 126-129). რაც შეეხება ანტონ I-ის მოღვაწეობისა და მის მიერ "შესწორებლი" წიგნების ღირებულებას, ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ აკაკი შანიძეს თქმით "შესაძლებელია შეირყვნას წიგნი, მაგრამ იმგვარი შერყვნა, როგორიც ეს ანტონისა და მის მოწაფეთაგან "შესწორებულ" წიგნებს ახასიათებს, წარმოუდგენელია" (გაზეთი "მადლი", 1996 წ. # 26, მარტი, გვ. 4). საერთოდ, გაუგებარია თუ რატომ დასჭირდა ანტონ I ქართული საეკლესიო წიგნების გადაკეთება რუსულის მიხედვით, განა ჩვენ ანტონამდე საღვთისმსახურებო ლიტერატურა არ გაგვაჩნდა? თუ ამას დავუმატებთ რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავოკეფალიის გაუქმებას, მის საეგზარქოსოდ გადაკეთებასა და ეგზარქოსთა ენით აუწერელ და აღმაშოფოთებელ პარპაშს, გასაგები გახდება ვისი ასლია დღეს არსებული ოფიციალური "მართლმადიდებლური" ეკლესია. აი, ის ძირითადი მიზეზები, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის აღდგინება.
"კვირის რეზონანსი": რატომ შეცვალეს საეკლესიო წესები ბერძნებმა?
მეუფე პავლე: ბერძნებში საეკლესიო გადმოცემები და წესები შეიცვალა თანდათანობით, დროთა განმავლობაში. თურქთა ბატონობამ ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. დაეცა საგანმანათლებლო და სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდიდან, აღმოსავლეთის ეკლესიებში ფეხს იკიდებს ლათინობა და მრავალი უცნაური საეკლესიო ჩვეულება, რომელიც, თავისი არსით, ბევრად დასცილდა ძველბერძნულ გადმოცემას.
"კვირის რეზონანსი": რა არის საიდუმლო და არის თუ არა სერიოზული დარღვევა ნათლისღების საიდუმლოს გამარტივება?
მეუფე პავლე: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა... მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63). "ნათლის-ღება კი არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვისგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისათვის" (იქვე. გვ. 63, 64). ამრიგად, თუ საიდუმლოს წავართმევთ მისთვის დაწესებულ საღმრთო კუთვნილებას და შევცვლით (გამარტივებით თუ სხვა გზით) მასში ჩადებულ დოგმატურ შინაარსს, საიდუმლო აღსრულებულად ვერ ჩაითვლება. და ეს ეხება, არა მარტო ნათლობის, არამედ ყველა დანარჩენ საიდუმლოსაც (მართლმადიდებლურ ეკლესიაში სულ შვიდი საიდუმლოა: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა და ქორწინება და ზეთის-კურთხევა). ამიტომაც, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილთან (მე-18 ს.) და აღმოსავლელ იერარქებთან ერთად, რომლებმაც მე-18 საუკუნეში გამოსცეს ერთობლივი ოროსები ლათინთა სამხილებლად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ წყალპკურებითი ნათლობა საერთოდ არც არის ნათლობა და ამგვარად "ნათელღებული" თავიდან არის მოსანათლი. სადღეისოდ, წყალპკურებითი ნათლობის მასიურად დამკვიდრების გამო, საქართველოს მოსახლეობას და სასულიერო პირებს, ვინც მონათლულია წყალპკურებითად ნათელღებულად ვერ ჩავთვლით. ფაქტიურად (მოუნათლავობის გამო), მათ არ გააჩნიათ არა მარტო ნათლობა, არამედ, არც ხელდასხმა და არც ერთი სხვა საიდუმლო.
"კვირის რეზონანსი": რუსეთის რეფორმა აღიარა მართლმადიდებლური სახელმწიფოების უმრავლესობამ. ამდენად, ძველმოწესეთა სიმცირე, ხომ არ არის ოფიციალური მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების ნიშანი?
მეუფე პავლე: ამა თუ იმ რელიგიის ან აღმსარებლობის მიმდევართა რიცხობრივი უპირატესობა (მაგ. მუსულმანების ან კათოლიკეების რიცხობრივი უპირატესობა მართლმადიდებლებზე) სრულიადაც არ არის მათი რელიგიის ჭეშმარიტების ნიშანი. მეტიც, წმ. წერილიდან ვიცით, რომ ბოლო ჟამს მცირედნი იქნებიან მორწმუნენი, - "ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი _ რჩეულნი" (მათე 20:16; 22:14). სახარება ნათლად მოწმობს, რომ "ცოტანი ცხონდებიან" (ლუკა 10:2; 13:23, 24). ხოლო მცირე სამწყსოს ასე ანუგეშებს ღმერთი: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32). თუ ვინმე თავისი აღმსარებლობის რიცხობრივ სიმრავლეს ძველმორწმუნეთა წინაშე რაიმე უპირატესობად მიიჩნევს, მას წმ. მამათა სიტყვებით მივუგებთ: "შენ, თუ გნებავს, გადარჩენილ ნოესთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭე დამხრჩვალ უმრავლესობას, მე კი, გეთაყვა, მომეცი უფლება მცირედთან ერთად ნოეს კიდობანს (ე. ი. ეკლესიას _ ეპ. პ.) შევაფარო თავი; თუ გნებავს შეუერთდი უმრავლესობას სოდომში, მე კი, საყვარელო, ლოტთან ერთად გამოვალ სოდომიდან, რამეთუ მრავალრიცხოვან ბრობოს გამოეყო მხოლოდ მისი ოჯახი..." (ღირ. თევდორე სტოდიელი. თხზულებანი. ნაწილი II. წერილი 48-ე, გვ. 287 (1667წლის გამოცემის მიხედვით)).
"კვირის რეზონანსი": რითი პასუხობს თქვენს არგუმენტებს ოფიციალური ეკლესია?
მეუფე პავლე: ვერაფრით ვერ პასუხობს. ლიტურგიკულ წყაროებთან დაკავშირებით, რაიმე გამამართლებელი არგუმენტი არ მომისმენია, პირიქით, აღიარებენ კიდეც, რომ ანტონ I-მა გააფუჭა სალიტურგიკო ტექსტები. რაც შეეხება წყალპკურებით "ნათლობას", ცდილობენ დაეყრდნონ გამონაკლის შემთხვევებს, რომლებიც დიდი რჯულისკანონის თანახმად წესად და კანონად არ მიიღება. იმოწმებენ ასევე "დიდაქესაც", რომლის კანონიკურობაში და სიძველეში (ვგულისხმობთ დღეს ცნობილ ტექსტს) ეჭვი შეაქვთ არა მარტო ქართველ მეცნიერებს, არამედ უცხოელებსაც. სამწუხაროდ, ინტერვიუს ჩარჩოებში ამ საკითხს ვრცლად ვერ შევეხებით.
"კვირის რეზონანსი": აწარმოებთ თუ არა დიალოგს ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან?
მეუფე პავლე: სამწუხაროდ, არა. პატრიარქმა, ილია II-მ იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია სურვილი დიალოგთან დაკავშირებით, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. გვქონდა საღვთისმეტყველო დისპუტი (პოლემიკა) რელიური ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (რომელსაც "დიალოგს" ვერანაირად ვერ ვუწოდებთ), რომელიც ჩვენი მხრიდან ასახულია ორ წიგნში: პირველი _ "ვიდრე ხუალ მორწმუნეო" და მეორე _ "მართლმადიდებლობის აპოლოგია". სადაც პასუხი გავეცი ოფიციალური ეკლესიის ტიპიურ ბრალდებებს. საგულისხმოა, რომ 1971 წელს, რუსეთის ადგილობრივმა ეკლესიამ თავის საიუბილეო კრებაზე, რომელსაც მოწვეული სტუმრებიც (მათ შორის საქართველოს პატრიარქი ილია II) ესწრებოდნენ, აღიარა ძველი წესების მაცხოვნებლობა და პატრიარქ ნიკონის შეცდომა. რუსეთში ძველმართლმადიდებლებსა და ოფიციალურ ეკლესიას შორის დიალოგი დაწყებულია, თუმცა ზემოთ ხსენებული პრობლემების გამო მისი პერსპექტიულობა ძალზედ საეჭვოა. წყალპკურებითი ნათლობა, რომელსაც ოფიციოზი აღიარებს და დიდი ხანია მისდევს, შერიგების ყოველგვარ იმედს გვიწურავს.
"კვირის რეზონანსი": ყველა ქრისტიანული სექტა და აღმსარებლობა დარწმუნებულია თავის ჭეშმარიტებაში, ყველას აქვს თავისი არგუმენტი. აქედან, როგორ უნდა დავრწმუნდეთ მაინცადა მაინც თქვენს ჭეშმარიტებაში?
მეუფე პავლე: ჭეშმარიტებისა და თითოეული ეკლესიის სიმართლის დასადგენად არსებობს წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, დიდი რჯულისკანონი, ისტორიული და ლიტურგიკული კვლევა, _ ქრისტეანული არქეოლოგია. სახარებიდან ვიცით, რომ მრავალი იტყვის განკითხვის დღეს "უფალო, უფალო", და თავსაც მოიწონებს იმით, რომ სასწაულებს იქმოდნენ უფლის სახელით, მაგრამ ეტყვის მათ ქრისტე: "არ გიცნობთ თქვენ მოქმედნო უსჯულოებისა". ასე, რომ ამა თუ იმ ეკლესიისა და აღმსარებლობის სიმართლე მისი სჯულიერებით განისაზღვრება.
"კვირის რეზონანსი": ვინ აფინანსებს თქვენს ეკლესიას?
მეუფე პავლე: არავინ. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესია ყველაზე ღარიბი ეკლესიაა მთელს საქართველოში. ჩვენ, ძველმართლმადიდებელი სასულიერო პირები, ვარსებობთ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სულიერი შვილების შემოწირულობის წყალობით.
"კვირის რეზონანსი": ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გარდა, კიდევ სად არიან ძველმართლმადიდებლები?
მეუფე პავლე: აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში და ევროპის კიდევ მრავალ ქვეყანაში. ცხადია დსთ-ს ქვეყნებშიც. რუსეთში მათი რაოდენობა მრავალ მილიონს აღწევს (ყველა ძველმართლმადიდებელი ერთად აღებული).
"კვირის რეზონანსი": არის თუ არა სექტა თქვენი ძველმართლმადიდებლური ეკლესია?
მეუფე პავლე: ძველმართლმადიდებლური ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ არის სექტა, რასაც ბასილ კობახიძესნაირი "თეოლოგებისა" და ომბუდსმენის აპარატთან არსებული ტოლერანტობის განყოფილების ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის მსგავსი "ტოლერანტების" მტკიცებებისდა მიუხედავად, თვით ოფიციალური საპატრიარქოც აღიარებს. მის ოფიციალურ საიტზე (http://www.patriarchate.ge), განყოფილებაში "ეკლესია და სახელმწიფო", განთავსებულია სტატია "ისტორიული რელიგიები საქართველოში", სადაც აღნიშნულია, რომ: "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან აქტიურად დაპირისპირებულ მიმდინარეობას (და არა სექტას) წარმოადგენენ ე.წ. "სტაროობრიადცები", ანუ "სტაროვერები"" (http://www.patriarchate.ge/?action=organizaciebi). ასე, რომ ჩვენს ოპონენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინოთ საპატრიარქოს ოფიციალური შეხედულება "სტაროვერებზე" და მომავალში მაინც ნუ გამოიყენებენ ამ შეუფერებელ ტერმინს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. თუმცა, როგორც საიტის ავტორებს, ისევე ბატონებს ბ. კობახიძესა და ბ. მინდიაშვილს გვინდა ვაუწყოთ, რომ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია არც "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან" არის დაპირისპირებული. ის, რომ ძვალმართლმადიდებები ზოგიერთ საეკლესიო-ლიტურგიკულ საკითხში, ნათლობის შესრულების წესში არ ვეთანხმებით ოფიციალურ ეკლესიაში გაბატონებულ შეხედულებას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან" გვაქვს დაპირისპირება.
საპატრიარქოს ოფიციალური საიტის იმ გვერდის სკრინშოტი, რომელზეც ნათქვამია, რომ "სტაროვერები" არ არიან სექტანტები
"კვირის რეზონანსი": როგორც მითხრეს, თურმე თქვენ გინდათ აღიაროთ რუსული ტრადიციები და არა ქართული. მაგალითად, ქართველ სამღვდელოებას რეფორმამდე ეცვა თეთრი სამოსი, თქვენ კი შავს ატარებთ.
მეუფე პავლე: საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს არც ერთი რუსული ტრადიცია. ჩვენთან არსებული ყველა ტრადიცია თვით რუსეთმა ბერძენთაგან მიიღო გაქრისტეანებასთან ერთად. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის. მათ ასევე არ იციან, რომ თვითონ არიან რუსული (ოღონდ, ნიკონიანური) ჩვეულებების გამგრძელებლები. მაგალითად, ქუჩაში ხშირად მაჩერებენ და მეკითხებიან ჩემს ბერულ მანტიასთან (უსახელო მოსასხამთან) დაკავშირებით, რა არის ეს, რატომ აქვს მას სისხლისფერი, წითელი კანტი და კათოლიკე ხომ არ ვარ? ასეთი შეკითვა ადამიანებს უჩნდებათ იმიტომ, რომ ოფიციალურ ბერ-მონაზვნობას და ეპისკოპოსებს, რუსული რეფორმების ზეგავლენით, გაუქმებული აქვთ ეს სამოსი. ისინი ასევე არ ატარებენ სარტყლებს. ეს ყოველივე, რომ ძველი, მართლმადიდებლური სამოსია და არა რუსული გადმოცემა შეგვიძლია დავრწმუნდეთ თვით საპატრიარქოს მიერ 1991 წელს გამოცემული საეკლესიო კალენდარში დაბეჭდილი ამბა დოროთეს სწავლებიდან. ამბა დოროთესთან, ბერ-მონაზვნების შესამოსელთან დაკავშირებით განმარტავს "თუ რაი არს მონასტერი და რაი არიან სახენი ესე ჩვენნი, რომელ გვმოსიან". საიდანაც ვიგებთ, რომ ბერ-მონაზონთა შესამოსელში შედის: "სამოსელი უსახელო (მანტია _ ეპ. პ.) და სარტყელი ტყავისა და სქემა და კუნკული" (საეკლ. კალენდარი. საპატრ. გამოცემა. 1991 წ. გვ. 355). სამწუხაროდ, სარტყელი და "სამოსელი უსახელო", ანუ სამოსელი, რომელსაც არა აქვს სახელო, (იგივე მოსასხამი, მანტია) სრულიად ამოღებულია ოფიციალური ეკლესიის მონასტრული პრაქტიკიდან. რაც შეეხება შავ და თეთრ სასულიერო ტანისამოსებს ოფიციალური ეკლესიის სამღვდელოებაც (განსაკუთრებით ბერ-მონაზვნობა) შავ ტანისამოსს ატარებს. თეთრი შესამოსელი (სისპეტაკისა და მომავალი ნათელი ცხოვრების სიმბოლო) გავრცელებული იყო პირველქრისტეანულ ხანაში, რომელიც შემდეგ ძველ ეკლესიაშივე შეიცვალა შავით, რაც არის ცოდვების გლოვის სიმბოლო, ასე რომ შავი ტანისამოსის რუსეთთან დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, არის უცოდინრობის შედეგი.