აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 8 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

პატრიარქ ნიკონის გასამართლება

შინაარსი

თავი 8

ყაჩაღთა კრება

პატრიარქ ნიკონის რეფორმების ხშირად შევხვდებით მტკიცებულებას, რომ საწესჩვეულებო ცვლილებები დამტკიცებულ იქნა 1655 და 1656 წლების რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის კრებებზე, მაგრამ ამგვარი "არგუმენტის" მომხრეებს ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ შფოთი და არეულობა ეკლესიაში ნიკონმა შეიტანა ამ კრებების მოწვევამდე. დეკანოზ ამბაკუმისა და ნიკონის რეფორმათა სხვა მოწინააღმდეგეთა პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ ძველბიზანტიურ საეკლესიო გადმოცემათა შეცვლამ ახალბერძნული, ეკლესიისთვის მანამდე უცნობი და მიუღებელი წესებით, არამედ თვით ნიკონის ერთპიროვნულმა, არაკრებითმა ბრძანებებმა ამ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"ნიკონის ნამდვილი სიახლე, - წერს ძველმოწესეობის ერთ-ერთითანამედროვე მკვლევარი ა. კატუნსკი, - ჯვრის ფორმისა და მეტანიების შეცვლაში კი არ მდგომარეობდა, არამედ მის მიერ საეკლესიო საქმეების წარმართვისთვის გამოყენებულ მეთოდებში. თავდაპირველად (ე. ი. რეფორმების დასაწყისში - არქიეპ. პ.) საკულტო სიახლეები კრებითად კი არ იქნა შემოტანილი, არამედ პატრიარქის ერთპიროვნული განკარგულებით. თავისი "Память"-ით
(1) ნიკონმა პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ეკლესიის კრებითობას, ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლების ავტონომიურობას და რუსული მართლმადიდებლობის სხვა საფუძვლებს... ნიკონის სწორედ ამ პრეტენზიამ, - ერთპიროვნულად ემართა ეკლესია - გამოიწვია პროტესტის ქარიშხალი ამბაკუმისა და მის თანამოაზრეთა მხრიდან" (Катунский А. Е. Старообрядчество. М. 1972 г. Цит. История Русской Православной Цекрви. Новый патриарший период. Т. 1. 1917-1970 гг. Гл. 20. Русская Православная Старообрядчесая Церковь. Годы 1917-1996, стр. 708).



დეკანოზი ამბაკუმი. კადრი ფილმიდან "რასკოლი"


________

1.
ძველად, რუსეთში "Память"-ს უწოდებდნენ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეს. ნიკონის "Память"-ში იგულისხმება ჩვენამდე არმოღწეული ჩანაწერის ორიგინალი, რომელიც 1653 წ.-ის დიდმარხვაში დააგზავნა პატრიარქმა მოსკოვის სამრევლოებში. ამ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ნიკონმა ერთპიროვნულად გამოაცხადა, რომ ორი თითით პირჯვრისწერის წესს ცვლიდა სამი თითით; ასევე, გააუქმა წმ. ეფრემ ასურელის სადიდმარხვო ლოცვაში დიდი მეტანიები. "По преданию святых апостол и святых отец не пордобает во церкви метания творити по колену, но в пояс бы вам творити поклоны, ещеи тремя персты бы есте крестилися" (ქართულად: "წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემით არ შეიძლება ეკლესიაში მეტანიების მუხლმოყრით შესრულება, არამედ ჰქმენით წელამდე მეტანიები, და კიდევ პირჯვარი დაიწერეთ სამი თითით"). პატრ. ნიკონის განკარგულება კანონიკური სამართლის ყველა ნორმის დარღვევის გაუგონარი მაგალითია ქრისტეანული ეკლესიის ისტორიაში; ასევე ეწინააღმდეგებოდა ეს განკარგულება (მოსკოვის) 1551 წლის "ასმუხლიან" კრებას, რომელმაც კრებითად დაადგინა: "Иже кто не знаменается двема персты якоже и Христос, да есть проклят" (ამ ფორმულირების ძველქართული შესატყვისია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა ვითარ-იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ". არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". იხ. ზემოთ. წინამდებარე წიგნის მეორე ნაწილში პირჯვრისწერის შესახებ). თუ როგორი შთაბეჭდილება დატოვა რუს საზოგადოებაზე ამ "Память"-მა, ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს დეკანოზ ამბაკუმის გამონათქვამი: "Видим, яко зима хощет быти: сердце озябло и ноги задрожали" (Старообрядчество: лица, события, предметы и символы. Опыт энциклопедического словаря "Церковь". Статья "Память". Москва. 1996 г., стр. 214).
________


ზემოთ თქმულის საუკეთესო დადასტურებაა 1971 წლის 31 მაისის რუსეთის "მართლმადიდებლურად" წოდებული ნიკონიანურ-რეფორმატორული ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე
(2). ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტის ნიკოდიმოსის მიერ წაკითხული მოხსენება, რომელშიც ნათქვამია:

________

2.
ამ კრებაზე მოეხსნა ყველა ანათემა და წყევლა-კრულვა ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, რომელიც "დაადო" მათ 1667 წლის მოსკოვის კრებამ იეზუით პაისი ლიგარიდისა და სხვა პატივაყრილ "პატრიარქთა" მეთაურობით. ხოლო, ძველი საეკლესიო ჩვეულებები, რომელიც პატრიარქმა ნიკონმა ცვალა რეფორმის პროცესში, სრულიად მაცხოვნებლად გამოცხადდა.
________

"პატრიარქი ნიკონი, ცვლიდა რა რუსულ საღვთისმსახურებო წესებსა და საეკლესიო ჩვეულებებს მისი თანამედროვე ბერძნული ნიმუშების მიხედვით, გამომდინარეობდა ცდომილი აზრიდან, რომ "ჩვენსა და ბერძნებს შორის არსებული სხვაობანი (საეკლესიო წესებსა და ჩვეულებებში - მიტრ. ნიკოდიმოსი) რყვნის ჩვენს სარწმუნოებას", რის გამოც ამ სხვაობათა აღმოფხვრას თვლიდა ისეთივე აუცილებელ საქმედ, როგორც "მართლმადიდებლობის გაწმენდას მწვალებლობებისა და ცთომილებებისგან".

აქედან მომდინარეობდა სასტიკი და ნაჩქარევი ნგრევა რუსული საეკლესიო ჩვეულებებისა, რომელსაც პატრიარქი აღსაყდრებისთანავე შეუდგა. 1658 წელს (აქ როგორც ჩანს ბეჭდვითი შეცდომაა, უნდა ეწეროს 1653 წელს - არქიეპ. პ.), დიდი მარხვის წინ, პატრიარქმა ნიკონმა მოსკოვის ეკლესიებს დაუგზავნა "Память"-ი (მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე - არქიეპ. პ.), ანუ განკარგულება, სადაც ნაბრძანები იყო წმ. ეფრემ ასურელის ლოცვის "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო" კითხვის დროს გაეკეთებინათ მხოლოდ 4 დიდი და 12 მცირე მეტანია. ასევე პირჯვარი გადაეწერათ სამი თითით.

პატრიარქ ნიკონის ამ ერთპიროვნული და სრულიად არამოტივირებული განკარგულებით უქმდებოდა წმ. ეფრემ ასურელის ლოცვის კითხვის დროს დაწესებული 16 დიდი მეტანიის შესრულების ჩვეულება და ორი თითით პირჯვრისწერის წესი. ამ უკანასკნელს, ანუ ორი თითით პირჯვრისწერას, ამაგრებდა მოსკოვის "ასმუხლიანი" კრების (1551 წ.) ავტორიტეტი, რომელმაც ყველა რუს მართლმადიდებელს დაუკანონა პირჯვრისწერა მხოლოდ ორი თითით. ბუნებრივია, რომ პატრიარქ ნიკონის ასთ განკარგულებას წინ აღუდგა რამდენიმე გავლენიანი სასულიერო პირი: კოლომნის ეპისკოპოსი პავლე, დეკანოზები იოანე ნერონოვი, ამბაკუმი, დანიელი, ლონგინოზი და სხვები. მათი ასეთი რეაქცია სრულიად კანონზომიერი იყო, რადგანაც პატრიარქ ნიკონს, თავისი მდგომარეობისა და საპატრიარქო უფლებამოსილების მიუხედავად, უფლება არ ჰქონდა ერთპიროვნულად გაეუქმებინა ასმუხლიანი კრების დადგენილება ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით".

მოსკოვის 1667 წლის კრებამ ანათემას გადასცა და დასწყევლა ძველმოწესეები იმ არასწორი შეხედულებიდან გამომდინარე, თითქოსდა ძველი რუსული (იგივე ძველბიზანტიური - არქიეპ. პ.) წეს-ჩვეულებები მწვალებლური იყო".

იგივე უნდა ითქვას 1655-1656 წლების კრებებზეც, რამეთუ დღეისთვის ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის მიერ აღიარებულია, რომ კრებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა გაეუქმებინა ძველი საეკლესიო წესები. ... უნდა ვაღიაროთ, რომ - აცხადებს, მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი, - ამ კრების მიერ (იგულისხმება 1656 წ. კრება - არქიეპ. პ.) ორი თითით პირჯვრისწერის გასაუქმებლად მოხმობილი მიზეზები მეტად საეჭვოა, შედეგად, სრულიად უსაფუძვლოა ის წყევლაც, რომელსაც შეუყენეს ძველმორწმუნენი. რუსეთის საეკლესიო ისტორიი მიუკერძოებელი შესწავლა მოწმობს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა მართლმადიდებელი რუსი ადამიანებისთვის... ყოველთვის იყო, არის და უეჭველად დარჩება ისეთ საეკლესიო ჩვეულებად, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოების გამომხატველია".

რაც შეეხება 1654-1656 წლების კრებებს, პროფ. ნ. კაპტერევის მტკიცებით "... არც ისინი ყოფილან რუსეთის მთელი ეკლესიის თავისუფალი ხმის გამომხატველნი", 1656 წლის კრებასთან დაკავშირებით კი ის წერს, რომ ეს იყო ნიკონის განსაკუთრებული, პირადი საქმე, რომელიც მოქმედებდა მოსკოვში მოწყალებისთვის შემთხვევით შემოსული ანტიოქიის პატრიარქ მაკარის ხელმძღვანელობით, რამეთუ კრების ზოგიერტი წევრი სრულებითაც არ ამართლებდა ნიკონის მიერ რუსული საეკლესიო წესებისა და ჩვეულებების ნგრევას და, თუ ისინი აშკარად არ აუმხედრდნენ მას, მხოლოდ და მხოლოდ ნიკონის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების შიშით, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უშვებდა რაიმე საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას, ეს ცხადი გახდა ეპისკოპოს პავლე კოლომნელის მაგალითით. კოლომნისა და კაშირის ეპისკოპოსმა პავლემ (გარდ. 1656 წ. 3 აპრილს) გაბედა აშკარად დაეჭირა მხარი ძველი ღვთისმოსაობის დამცველთათვის და ღიად გაელაშქრა ნიკონის მიერ შემოტანილ სიახლეთა წინააღმდეგ; იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ სიახლეებისკენ ვერ მიდრიკეს. მაშინ ნიკონმა ერთპიროვნულად აჰყარა მას სასულიერო ხარისხი და ონეგის ტბაზე გადაასახლა, პალეოსტროვის მონასტერში. მცირეოდენი თავისუფლების მიღებისთანავე ეპისკოპოსმა პავლემ კვლავ დაიწყო ადგილობრივ ქრისტეანთა დარწმუნება დარჩენილიყვნენ წმ. მამათა გადმოცემების ერთგულნი. იგი მოგვიანებით გადაიყვანეს უფრო მკაცრ მეთვალყურეობაზე ნოვგოროდის ხუტინსკის მონასტერში, სადაც მოკლედ კიდეც.

1666-1667 წლის მოსკოვის კრებაზე ყოფილი პატრიარქი ნიკონი ეპისკოპოს პავლეს კრების გარეშ, ერთპიროვნულ გასამართლებასა და პატივის აყრაში დაადანაშაულეს. "შენ კი, ნიკონ, - ნათქვამია საკრებო განჩინებაში, - კოლომნის ეპისკოპოსი პავლე კრების გარეშე, განწესებათა საწინააღმდეგოდ, დაამხე, შეურაცხყოფა მიაყენე და გადაასახლე, სადაც აწამე, ამიტომაც ეს დამხობა მკვლელობად ჩაგეთვლება") (დედანში: "Да ты же, Никон, коломенского епископа Павла без собора, вопреки правил, низверг и обругал и сослал его в ссылку и там его умучил, и то тебе низвержение вменится в УБИИСТВО" (Старообрядчество: лица, события, предметы и символы; опыт энциклопедического словаря. "Церковь". Москва. 1996 г., стр. 206).

რაც შეეხება ანტიოქიის პატრიარქ მაკარის, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ერთგვარ ავტორიტეტად ესახებათ, ისიც (რეფორმის სხვა "შემოქმედის" ალექსანდრიის პატრიარქ პაისისთან ერთად) კრებითად დამხობილი გალხდათ თავისი პატივიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და სხვა იერარქების მიერ და სხვას ეპყრა მისი კათედრა. ეს ფაქტი გამომჟღავნდა  1667 წელს, რეფორმებისა და ძველმორწმუნეთა წყევლა-კრულვის იმ "დამაგვირგვინებელ" კრებაზე, სადაც ძველი საეკლესიო წესების მწვალებლურად გამოცხადებისა და მათი მიმდევრების "შეჩვენების" შემდეგ შეუდგა თვით პატრიარქ ნიკონის გასამართლებას. აქ არ შევუდგებით იმ მიზეზების გადმოცემას, თუ რატომ გაასამართლეს ნიკონი 1667 წელს, რადგანაც ეს ცნობილი ფაქტია და თანაც სცილდება ჩვენი პოლემიკის საზღვრებს; ჩვენს ყურადღებას აქ იპყრობს ერთი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი: ნიკონმა კრებისა და მეფის წინაშე გამოაცხადა, რომ ალექსანდრიის პატრიარქი პაისი და ანტიოქიის პატრიარქი მაკარი კათედრებიდან ჩამომხობილი "პატრიარქები" იყვნენ და უფლება არ ჰქონდათ გაესამართლებიინათ იგი.

"ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ უნდა შეშფოთებულიყო ჩვენი მთავრობა, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - როდესაც ნიკონისგან ესმა, რომ რუსეთის საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად და მათ (ე. ი. "ძველმოწესეების" - არქიეპ. პ.) გასასამართლებლად ჩამოსული პატრიარქები იყვნენ არა ნამდვილი, არამედ გადაყენებული იერარქები". ჭორები დამხობილ პატრიარქთა შესახებ მართალი აღმოჩნდა, რასაც ისინი თვითონაც ვერ უარყოფდნენ" (Проф. Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и Царь Алексей Михайлович. Москва. 1996 г. Т. 2, стр. 470-471).

ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ რუსეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს თვით ამ დამხობილ პატრიარქებთან მოთათბირებით მათ როგორმე დაუბრუნოს თავიანთი კათედრები. რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა "პატრიარქთა და ჩვენი მთავრობის სახელით განსაკუთრებული სიგელით მიემართათ მოლდოვა-ვლახეთის მფლობელთათვის, რათა შუამავალნი ყოფილიყვნენ ამ საქმეში". მოკლედ, რუსეთის მთავრობამ შუამავალთა მეშვეობით ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის სულთნისგან მიიღო თანხმობა ალექსანდრიასა და ანტიოქიაში კვლავ თავიანთ კათედრებზე დაებრუნებინათ პაისი და მაკარი (იხ. იქვე. გვ. 475-480).

მაგრამ გაირკვა, რომ ეს ორი პატრიარქი თავიანთი კათედრებიდან ჩამოუყრია არა თურქეთის სულთანს, არამედ თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის და, რომ ამ საქმეში მასთან სრულიად სოლიური ყოფილა ყველა ბერძენი იერარქი და, საერთოდ, ყველა ბერძენი" (იქვე).

"მაშასადამე, ყველა ბერძენი ხელისუფალი და, საერთოდ, კონსტანტინოპოლელი ბერძნები სრულიად თანაუგრძნობდნენ მოსკოვში გამგზავრებული პატრიარქების - მაკარისა და პაისის დამხობას და არ სურდათ თავიანთ კათედრებს დაბრუნებოდნენ ისინი" (იქვე).

"ცხადია, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - პატრიარქები პაისი და მაკარი დამხობილ იქნენ მსოფლიო პატრიარქის (კონსტანტინოპოლელი პართენის) მიერ კრებითი განჩინებით და თანაც იმისთვის, რომ ისინი გაემგზავრნენ მოსკოვს ნიკონის გასასამართლებლად, რომელსაც კონსტანტინოპოლში თანაუგრძნობდა მთავრობა და, საერთოდ, ყველა ბერძენი. მათ არ სურდათ გაესამართლებინათ (რუსის მეფის წინაშე) ბერძენთა მფარველი და კეთილისმყოფელი" (იქვე).

ამგვარი ვითარებით შეშფოთებული და დაზაფრული რუსეთის მთავრობა, "... თავის მხრიდან ცდილობს პასისისა და მაკარის საპატრიარქო კათედრები დაუბრუნოს არა მხოლოდ თურქეთის მთავრობის მეშვეობით, არამედ თვით კონსტანტინოპოლელი პატრიარქის თანხმობით. ამ მიზნით 1668 წლის 11 აგვისტოს ხელმწიფემ განსაკუთრებული სიგელი მისწერა კონსტანტინოპოლელ პატრიარქ მეთოდეს", სადაც ცდილობს გაამართლოს ეს ორი პიროვნება და სთხოვს მას, თავიანთ კათედრებზე აღადგინოს ისინი. ანალოგიური თხოვნით მიმართავდა მეფე იერუსალიმის პატრიარქსაც, რომელიც, როგორც ირკვევა, ამ საკითხში კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მხარდამჭერი აღმოჩნდა.

თავისი პატრიარქისგან პატივაყრილი და დამხობილი იყო რეფორმის "დამაგვირგვინებელი აკორდის" ერთ-ერთი ლიდერი, ღაზის ყოფილი მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდიც. "გაძლევთ უტყუარ ცნობას, წერს მეფეს იერუსალიმის პატრიარქი ნექტარიოსი, რომ ის (პაისი ლიგარიდი - არქიეპ. პ.) არც მიტროპოლიტია, არც მღვდელმთავარი, არც მოძღვარი, არც მეუფე და წმ. მამათა განწესებათა თანახმად ნამდვილად გადაყენებულია და აყრილი აქვს სამღვდელმთავრო პატივი. მას მხოლოდ სახელიღა შერჩა - "პაისი"". შემდგომ ნექტარიოსი მიუთითებს, რომ ლიგარიდს "მართლმადიდებელთან თავი მოაქვს მართლმადიდებლად, ხოლო ლათინნი მას თავისიანად მიიჩნევენ და რომის პაპი ყოველწლიურად მისგან 200 ეფიმს ღებულობს" (Греческие дела. 7176 г. № 22. ციტ. იქვე).

ამას უკვე ნიკონი კი არ წერდა, არამედ თვით იერუსალიმის პატრიარქი, პაისი ლიგარიდის უშუალო ხელმძღვანელი. ამდენად ლიგარიდის პიროვნება გაშიფრულია: ეს იყო თვისი სასულიერო პატივისგან დამხობილი ავანტიურისტი - მღვდელმთავარი, რომელიც მოსკოვში  გამოცხადდა ყალბი სიგელებით და თავს ასაღებდა ღაზის მიტროპოლიტად. მან, ვითომცდა თავისი ღარიბი სამწყსოს ვალების დასაფარად მეფეს წყალობა გამოსთხოვა (ფულადი სახით - არქიეპ. პ.) და მოატყუა იგი როგორც საკუთარ პიროვნებასთან, ასევე მიღებული თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებითაც.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი, "პაისის ვინაობა შეგნებულად დამალა ალექსანდრიის პატრიარქმა პაისიმ. ანტიოქიელმა მაკარიმაც კარგად უწყოდა, ვინ იყო პაისი (ლიგარიდი), მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მოსკოვის (1667 წლის - არქიეპ. პ.) კრებაზე გამოსულიყო, დაეცვა და მართლმადიდებელ მღვდელმთავრად ეღიარებინა იგი. ცხადია, ეს საქმე (ანუ ორი "პატრიარქის" გაჩუმება და მიმხრობა - არქიეპ. პ.) პაისი ლიგარიდს საკმაოდ ძვირი დაუჯდა (ფინანსური თვალსაზრისით - არქიეპ. პ.)" (იქვე. გვ. 505-506).

რუსეთის მთავრობამ, ნაცვლად იმისა, დაეპატიმრებინა ეს აფერისტი და სოლოვკაში გადაესახლებინა, პაისისთან და ანტიოქიელ მაკარისთან ერთად დაიცვა. "რუსეთი სმთავრობას არ შეეძლო ღიად ეღიარებინა, რომ ადამიანი, რომლისგანაც მომდინარეობდა ნიკონისა და მისი მოწინააღმდეგეების (ე. ი. ძველმორწმუნეების - არქიეპ. პ.) საქმეებთან დაკავშირებული ყველა რჩევა და მითითება... ადამიანი, რომლის კომპეტენტურობისა სჯეროდა ყველას, თვით მეფესაც კი და, რომელსაც ნიკონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მეფე უსმენდა "ღმერთის წინასწარმეტყველივით" - სინამდვილეში აღმოჩნდა პატივაყრილი მღვდელმთავარი, მატყუარა და ლათინელი..." (იქვე. გვ. 506).

მეფე ალექსი მიხეილის ძემ, ალექსანდრიის "პატრიარქ" პაისის რჩევითა და მითითებებით გადაწყვიტა ეშუამდგომლა იერუსალიმის პატრიარქთან, რათა თავის ხარისხში აღედგინა პაისი ლიგარიდი. მეფემ ეს მოახერხა მხოლოდ ნექტარიოსის წასვლისა და მის ადგილზე დოსითეოსის აღსაყდრების შემდეგ დიდი ფულადი საჩუქრების მეოხებით (იქვე. გვ. 510).

ასევე დიდი მცდელობების შემდეგ, მეფემ თავიანთ კათედრებზე აღადგენინა პაისი და მაკარი (იქვე. გვ. 486-489). თუმცა, პაისი ლიგარიდი აღდგენის შემდეგ კვლავ აკრძალეს. ამჯერადაც დაფაცურდა მეფე ელექსი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. დოსითეოს პატრიარქი ისე გარდაიცვალა, რომ ლიგარიდი არ აღუდგენია. "ის გარდაიცვალა იმ მტკიცე შეხედულებით, რომ ლიგარიდი იყო ლათინელი". ეს შეხედულება დოსითეოსისმა მტკიცე და ურყევად გამოხატა "იერუსალიმის პატრიარქთა ისტორიაში". ჩამოთვლის რა ბერძენ საეკლესიო მწერლებს, დოსითეოსი ლიგარიდის შესახებ წერს: ""28-ე (მწერალი) არის პაისი ლიგარიდი, ხიოსელი, ლათინთა ერთგული. მან დაწერა საღმრთო ლიტურგიის განმარტება, მაგრამ რომის ეკლესიის სიახლეთა სასრგებლოდ". მანვე დაწერა თხზულება "... ფოტის წინააღმდეგ და დაიცვა პაპის ძალაუფლება... კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ და ნექტარი იერუსალიმელმა ის (პაისის თზულება - არქიეპ. პ.) გადასცეს ანათემას, ხოლო ლიგარიდი ეკლესიისდან მოიკვეთეს, როგორც ერეტიკოსი" (იქვე. გვ. 512. სქოლიო).

ამრიგად, მკიხველს ვრცელი ცნობების დამოწმებით რომ თავი არ შევაწყინოთ, მოკლედ ვიტყვით: ზემოთხსენებული მიზეზების გამო არც 1654-1656 წლების და არც 1666-1667 წლების კრებებს არათუ არიმე ავტორიტეტი არ შეიძლება ჰქონდეთ, არამედ მიუღებელია მათი მართლმადიდებლურობაც კი, რამეთუ:

1. მწვალებლობად გამოაცხადეს სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემები და დასწყევლეს მათი დამცველები (ე. ი. მართლმადიდებლები).

2. კრების ორგანიზებასა და საეკლესიო რეფორმის გატარებაში უმთავრეს და ხელმძღვანელ როლს თამაშობდნენ პატივაყრილი, საკუთარი კათედრებიდან დამხობილი და ანათემირებული მღვდელმთავრები.

ასეთი კრებები მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყაჩაღთა კრებად არის სახელდებული.

ფრიად საგულისხმოა და ნიშანდობლივი, რომ ნიკონმა თვითონაც დაწყევლა 1667 წლის კრება და მის მოწინააღმდეგეებს მარადიული სიკვდილი უწინასწარმეტყველა.

ჯერ ერთი, როდესაც 1660 წელს მეფე ალექსიმ მოიწვია კრება, რათა ნიკონის სანაცვლოდ ახალი პატრიარქი აერჩიათ, გაცოფებულმა ნიკონმა წყევლა-კრულვითა და ლანძღვა-გინებით "შეამკო" და "იუდეველთა და ეშმაკთა საკრებულო" უწოდა მას. აღდგომის სახელობის მონასტრის უკანონო მიტაცების შემდეგ (1663 წ. 25.6), სადაც ის აღასრულებდა ხელდასხმებსაც კი, ყოფილმა პატრიარქმა ნიკონმა პარაკლისი აღავლინა ცხოვფელმყოფელი ჯვრის მიმართ, წაიკითხა 68-ე და 108-ე ფსალმუნები, რომლებიც წმ. ათანასეს განწესებით იკითხება მაშინ, როდესაც განიცდიან ძალადობას" (იხ. Русь пред вторым пришествием. Изд. Второе, исправленное и дополненное. Житомир. 1995 г., стр. 34). მაგრამ, "მეფისა და მთელი მისი ოჯახისადმი ნიკონის წყევლა იყო რაღაც უცნაური და ატარებდა ერთგვარ მაგიურ ხასიათს. ის ატარებდა განსაკუთებულ პარაკლისს, თანაც ამ დროს მეფის ერთ-ერთი სიგელი ამოსდო ჯვრის ქვეშ და დააბრძანა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეკლესიის შუაში. პარაკლისის დამთავრების შემდეგ ნიკონმა წარმოთქვა წყევლა, რომელიც გამოკრიბა 108-ე ფსალმუნიდან და, რომელიც ეხება იუდა გამყიდველს. ძველ დროში, სწორედ ამ ფსალმუნს იყენებდნენ სხცვადასხვა ჯურის მისნები და ჯადოქრები თავიანთი კრულვებისა და წყევლისთვის, შურისძიების მიზნით. ნიკონმა მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა მათი მაგიური პრაქტიკა, ბრძანებს ნიკონიანელი "მიტროპოლიტი" მაკარი თავის "რუსეთის ეკლესიის ისტორიაში" (იხ. Митр. Макарий. История русской церкви. Т. XII. С. 449-450 и 455).

საგულისხმოა, რომ ნიკონმა, მოციქულთა მსგავსად, სამჯერ ჩამოიბერტყა მტვერი თვის ფერხთაგან (შეად. მათე 10:14, მარკოზი. 6:10) (პირველად 1658 წ, მეორედ 1664 წ. და მესამედ 1667 წ.). პირველად, როდესაც დ. ა. დოლგორუკმა და არტამონ მატვეევმა მას უ თხრეს: "ამ მტვერს მოხვეტავთო", ნიკონმა ცაზე გამოჩენილ კომეტაზე მიუთითა და უთხრა: "მოგხვეტავთ თქვენ ეს ცოცხი: კუდიანი ვარკსვლავი, რომელიც გამოჩნდა ცაზე", ხოლო მტვრის მესამე ჩამობერტყვაზე (ანუ 1667 წელს - არქიეპ. პ.) ასე დაიბარა: "ჩემი სისხლი და საერთო ცოდვა დე იყოს თქვენს თავზე"-ო (Русь пред вторым пришествием. Изд. Второе, исправленное и дополненное. Житомир. 1995 г., стр. 36б 40).

საგულისხმოა ისიც, რომ სანამ ერთად და შეხმატკბილებულად ებრძოდნენ ძველ გადმოცემებს, ნიკონს არავითარი უთანხმოება არ მოსვლია თავის "კომპანიონებთან", მაგრამ, როგორც კი მისი მოცილება გადაწყდა უამრავმა საინტერესო და აღმაშფოთებელმა ფაქტმა იჩინა თავი (იხ. ზემოთ). სამწუხაროა, რომ ჯეროვანი დასკვნები ვერავინ გააკეთა, ვერც ნიკონმა, რომელიც გადასახლებაში უკვე თვითონვე ასწორებდა მის მიერვე შერყვნილ წიგნებს ძველი, ამ ერეტიკოსების მიერ დაწუნებული სლავური წიგნების მიხედვით და, ვერც სხვა იერარქებმა, რომლებმაც სულის სიმხდალისა და ლაჩრობის გამო, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მას.

პოლიტიკური ავანტიურით მოტყუებულმა და მოხიბულმა მეფე ალექსიმ ყველაფერი მიაფუჩეჩა და ხელიც კი დააფარა დამხობილ "პატრიარქებსა" და აშკარა მწვალებლებსაც კი. სამწუხაროდ, ამ გარემოებებიდან ჯეროვან დასკვნებს დღემდე არ აკეთებენ.

მოკლედ, რა შეიძლება ითქვას 1666-16667 წლების კრების შესახებ, რომელმსაც საბოლოოდ, კრებითად დაამკვიდრა რეფორმა, მწვალებლობად გამოაცხადა სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემები და დასწყევლა ძველ ჩვეულებათა მიმდევრები?

1666-1667 წლების კრებამ შეკრიბა ყველა ვიგინდარა, ავაზაკი და ლაჩარი. ამ კრებას ესწრებოდნენ ბერძნები, ბულგარელები, ათონელები, სინელები, ამასიისტები, ქიონიტები, იკონიელები, ქოსიტები, ტრაპეტუნდელები, ხოხლები და, ისტორიული ცნობების მიხიედვით, ქართველებიც (Ф. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г. С. 59).

კრების ყველა საქმეს მეთაურობდა და განაგებდა პაისი ლიგარიდი, ღაზელი პატივაყრილი მიტროპოლიტი, მზაკვარი იეზუიტი, აღმოსავლური მართლმადიდებლობიდან აშკარად განდგომილი, უსაზიზღრესი პედერასტ-სოდომიტი. ძნელია მსგავსი ავანტიურისტის მოძებნა ეკლესიის ისტორიაში. ასეთად იცნობდა მას ნიკონიც და პირისპირ ამხელდა კიდეც, როგორც მატყუარას და თვითმარქვია მიტროპოლიტს (იხ. Митр. Макарий. История русской церкви. Т. XII. ციტ. Ф. Е. Мельников. Краткая история... с. 59). "და აი, ეს სულგაყიდული დამნაშავე, მხილებული ერეტიკოსი და თვითმარქვია მღვდელმთავარი იყო ამ კრების სულისჩამდგმელი, მისი უმაღლესი ხელმძღვანელი, მისი თავი და თვალები, მისი სული და გული" (იქვე).

მას დიდად არ ჩამორჩებოდნენ ნამუსგარეცხილი, მათხოვარი და ავანტიურისტი "მღვდელმთავრები", თავიანთი კათედრებიდან ჩამომხობილი "პატრიარქები" პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. უკვე თვით ეს გარემოებაც მეტყველებს, რომ ეს კრება იყო აშკარად უკანონო, თვითმარქვია და მაწანწალებისგან შედგენილი (საგულისხმოა, რომ ამ კრების ყველა აქტი და სხვა საკრებო დადგენილებები შეადგინა ასევე უცხო მღვდელმონაზონმა, "ლათინელმა კოჰანმა" სიმეონ პოლოცკიმ. თვით კრების მონაწილე ჩუდოვის მონასტრის არქიმანდრიტი და რუსეთის მომავალი ნიკონიანელი პატრიარქი იოაკიმე უეჭველ მწვალებლად მიიჩნევდა მას და წერილობითაც კი ადასტურებდა, რომ ის იყო ჯიუტი ლათინელი" (იქვე. გვ. 60).

ამ "მრავალენოვან" კრებაზე მხოლოდ რუსი მღვდელმთავრები დუმდნენ, საკუთარ ადგილს, მდგომარეობას და ქონებას დახარბებული ლაჩრები. სრულიად სამართლიანად ბრძანებს ერთი ისტორიკოსი: "ეკლესიის ისტორიაში ადრეც მრავალი ყოფილა უსჯულო, უკეთური და მწვალებლური კრებები, მაგრამ ისეთი საზიზღარი და უკეთური, როგორც თავისი შემადგენლობით, ასევე დადგენილებებით, როგორიც იყო 1666-1667 წლის კრება, იშვიათად თუ ყოფილა საყოველთაო ეკლესიის ისტორიაში.

ცნობილია ეფესოს "ყაჩაღთა" კრება (448 წ.), მაგრამ ეს კრებაც კი უფრო წესიერი და სუფთა იყო მოსკოვის ამ კრებასთან შედარებით; მასში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის ყევლა საპატრიარქოს: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო რომის კათედრის წარმომადგენლები იყვნენ პაპის ლეგატები; გარდა ამისა, მას ესწრებოდა ასობით ეპისკოპოსი. მისი წარმომადგენლობის მიხედვით შესაძლებელი იყო იგი წოდებულიყო მსოფლიო კრებად. მიუხედავად ამისა, ისტორიაში ის მხოლოდ "ყაჩაღთა" კრების სახელწოდებითაა ცნობილი.

რატომ მოხდა ასე?  ამ შეკითხვას ცნობილი საერო მწერალი, ღვთისმეტყველი და პუბლიცისტი ა. ს. ხომიაკოვი ასე პასუხობს: "საერთოდ ისტორიამ იცის უამრავი შემთხვევა, როდესაც ერეტიკულ შეხედულებათა მხარეს იხრებოდნენ ყველაზე თვალსაჩინო საეპისკოპოსო კათედრათა წარმომადგენლები... ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ფორმალურ მხარეებსაც კი, როგორიცაა კრების გამოცხადება მსოფლიო კრებად ან მისი დადგენილებების დამტკიცება უზენაესი საერო ხელისუფლების მიერ. ასე, მაგალითად, კონსტანტინოპოლის ხატმებრძოლური კრება (754 წ.), რომელშიც მონაწილეობდა 338 ეპისკოპოსი და ზემოთხსენებული ეფესოს (448 წ.) "ყაჩაღთა" კრებები მოწვეულ იქნენ, როგორც მსოფლიო კრებები და ასეთებად იქნენ კიდეც მიჩნეულნი იმპერატორთაგან. მაშ, რატომ არის ეს და ამგვარი კრებები, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან მსოფლიო კრებათაგან, არა თუ არ იქნენ აღიარებულნი, არამედ, პირიქით, დაგმობილ და უარყოფილნი? მხოლო იმიტომ, რომ მათი დადგენილებები ეკლესიის ხმად არ იქნა აღიარებული მთელი საეკლესიო ერის მიერ, იმ ერისა და იმ გარემოში, სადაც სარწმუნოების საკითხებში განსხვავება არ არის მეცნიერსა და გაუნათლებელს, საასულიეროსა და ერისკაცს, კაცსა და ქალს, მეფესა და მოხელეს, მონათმფლობელსა და მონას შორის. იქ, სადაც, როდესაც ეს საჭიროა, უფლის ნებითა და განგებულებით ყრმა იძენს ცოდნას და ჩვილ ბავშვს ეძლევა მეტყველება სიბრძნის. განათლებული ეპისკოპოსის მწვალებლობას უარყოფს გაუნათლებელი მწყემსი, რათა ცხოველი სარწმუნოების თავისუფალ ერთობაში, რომელიც არის სულიწმიდის გამოვლინება, ყველა ერთი იყოს. აი, ასეთია დოგმატი, რომელიც ძევს კრებითობის ედეის საფუძველში" და ხომიაკოვი ამას ძველი ეკლესიის ისტორიიდანაც ადასტურებს მრავალი ფაქტით.

"საჭიროების შემთხვევაში ამგვარი ფაქტები მნიშვნელოვანწილად შეიძლება შევსებულ იქნეს ავადსახსენებელი დასავლეთრუსული უნიიის ისტორიიდანაც, როდესაც მართლმადიდებელი რუსი ერი, რომელიც მიატოვა თითქმის ყველა მისმა ეპისკოპოსმა მიტროპოლიტის მეთაურობით, მიუხედავად პაპიზმის ფანატიკოსთაგან ყოველგვარი დევნულებისა, მაინც საყოველთაო მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა" (Хомяков А. С. Полное собрание сочинений. Т. II. Стр. 59, 114-115, 150, 240-241 და სხვა). ნიკონო-ალქსეევური რეფორმების ეპოქაში საყოველთაო მართლმადიდებლობის ერთგული აღმოჩნდა რუსი ღვთისმოსავი ერიც.

რუსულ-ემიგრაციულ ლიტერატურაში უკვე აღიარებენ, რომ "ნიკონიანურ სიახლეებთან პოლემიკაში ნიკონიანურ სიახლეებს იცავდა მთელი იერარქია და უმაღლესი სამთავრობო ფენები, ძველ ჩვეულებას კი - თითქმის გამონაკლისის გარეშე იცავდა მთელი ერი. განხეთქილების გამო გაწყდა კავშირი იერარქიასა და ერს შორის. ამ დავაში იერარქიამ დაკარგა შეურყეველი ავტორიტეტი, რომელიც არათუ აღდგა დროთა განმავლობაში, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დაკნონდა ჩვენი ისტორიის სინოდალურ პერიოდში" (Тряпкин В. В. Церковь и государство. Беля библиотека. 1939 г. Кн. 3, стр. 4. ციტ. Ф. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г. С. 61-62 სქოლიო).

ამრიგად, არც ქრისტე, არც სულიწმიდა, არც ღვთის მადლი, არც ზეგარდმო კურთხევა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა ჯურის საქმოსნების, ვიგინდარების, უცხოელი მაწანწალების, ინტრიგანი მათხოვრების, საშინელი და შემზარავი მაწყევრების, პოტენციური მკვლელების, მოხერხებული გაიძვერების, უსინდისო მატყუარებისა და აშკარა მწვალებლების ამ უმაგალითო კრებაზე. და რაც ყველაზე უკეთური და ღვთისმგმობია, ამ საზიზღარმა კრებამ საკუთარი თავი გამოაცხადა "წმიდა კრებად", მკრეხელურად განაჩინა უგუნური წყევლა მართლმადიდებელ ქრისტეანებზე, თანაც "ღმრთის სახელით", და მკრეხელურად მიაწერა თავისი ველური, უაზრო და უსჯულო დადგენილებები და განწესებები ყოვლადწმიდა სამების ნებას.

დაბოლოს, ამაზე უფრო შემაძრწუნებელია ის, რომ მთელი ეს ბოდვა, საშინელი კოშმარი, თვით ეშმაკის მომაკვდინებელი სუნთქვა და ხავილი დამტკიცებულ იქნა რუსეთის სახელმწიფოს მიერ, მეფე ალექსი მიხეილის ძის მეთაურობით, როგორც ვითომცდა წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ბრძანება. და აი, ამ ბაბილონურ-მოსკოვური აღრევიდან ... რუსეთის მთელი ქვეყანა აალდა კოცონებითა და ცეცხლოვანი ძელურებით, მაგრამ, ამავე დროს, იკურთხა ახალ და დიდმოწამეთა, აღმსარებელთა და ჭეშმარიტად ღვთისმოსავთა და ქრისტესთვის წამებულთა სისხლით, რომელთა ლანძღვა-გინებაში დღემდე არ იღლებიან ზოგიერთნი და ამით საშინელ სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

ღმერთო!  გევედრებით, მოაქციე მათი გულები ჭეშმარიტების შესაცნობად, რამეთუ "არა იციან, რასა იქმან".




თავადის ქალი მოროზოვა. კადრი ფილმიდან "რასკოლი"


***


ჩვენი დასკვნები არ იქნება სრული, თუ ორიოდ სიტყვით არ აღვნიშნავთ თუ რა შედეგები მოუტანა ამ რეფორმამ და მისმა დამაგვირგვინებელმა ყაჩაღურმა კრებამ რუსულ სახელმწიფოსა და თვით რეფორმირებულ რუსულ-ბერძნულ ეკლესიას.

"მისტიკურად სრულებითაც არა რის შემთხვევითი, - წერს ერთი ახალმოწესე მკვლევარი ლევ ლებედევი, - რომ პატრიარქ ნიკონის (და ერთდროულად - ძვემოწესეთა) გასამართლებელი კრება არა სხვა დროს, არამედ სწორედ 1666 წელს გაიხსნა. რიცხვი ევქსას სამოცდა ექვსი, როგორც ცნობილია, არის ანტიქრისტეს რიცხვი, ანუ იმ პიროვნებისა, რომელიც კაცთა მოდგმის უკანასკნელი წარმწყმედელი იქნება და რომელიც კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ პერიოდში  გამეფდება. ამ რიცხვთან - 1666 წლის თანხვედრას ბევრმა თანამედროვემ მიაქცია ყურადღება, თუმცა სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ მის მნიშვნელობას. ყურადღება მიაქციეს იმასაც, თუ რა ხდებოდა რუსულ საზოგადოებაში იმ დროს, ავრცელებდნე ნპარალელს სამყაროს აღსასრულთან. ამ მიმართებით, მკაფიო აზრი გამოთქვა თვით პატრიარქმა ნიკონმაც, ისიც კი გრძნობდა, რომ რუსულ ცხოვრებაში რაღაც ძლიერ მნიშვნელოვანისა და ფუძემდებლურის დასასრული რომ ახლოვდებოდა და განიცდიდა ამას, როგორც მთელი ქვეყნის კატასტროფას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი კაცობრიობის საბოლოო მომავალი მოდელირებულ იქნა XVII საუკუნის რუსეთში. ანალოგიური მოდელირება, რომელსაც წინასახის, მომავლის წინასწარმეტყველურ გარდაქმნათა ნიშის მნიშვნელობა გააჩნია, ადრეც ყოფილა და არა მხოლოდ რუსეთში. აღსრულებულან ისინი შემდგომაც, მათ შორის, რუსეთშიც" (Лев Лебедев. "Личность и мировосприятие Патриарха Никона". "Слово". М. 1989 г. № 5, с. 11. Цит. По "Русь пред вторым пришествием. Житомир. 1955 г., стр. 42).

"XVII საუკუნის რუსეთის ისტორიაში ის საფუძვლიანი, სიღრმისეული გარდატეხის ეპოქაა, რომელიც გასაოცარი პირდაპირი კანონზომიერებით მიდის 1917 წელთან... ხოლო მისი მეშვეობით - აწმყოსთან და შესაძლო მომავალთან" (იქვე).

საყურადღებოა, რომ იგივე აზრის გამოთქვამს ცნობილი დისიდენტი სოლჟენიცინიც: "რომ არა XVII საუკუნის რეფორმა, რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია შეუძლებელი იქნებოდა" ("Церковь". № 1. 1990 г.).

ჩვენი წიგნის მიმართულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, უფრო ვრცლად და დეტალურად განვიხილოთ თუ როგორი დამღუპველი ზეგავლენა მოახდინა XVII ს.-ის რეფორმამ რუსულ სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ ზემოთ მოტანილი ციტატებიც ნათელი რეზიუმირებაა რუსეთის მიერ XVII ს.-ის რეფორმიდან განვლილი მთელი გზისა. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმით დაირღვა არა მხოლოდ მართლმადიდებელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ორთოდოქსული პრინციპები და ეკლესიური ერის გარესამყაროსთან მიმართების კრიტერიუმი, დაირღვა მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებიც.

შეიცვალა მთელი რიგი ღირებულებები და, რაც მთავარია, დამკვიდრდა განათლების ევროპული (პროტესტანტულ-პაპისტური) სისტემები. გზა გაეხსნა ყალბ რელიგიურ სულიერებაზე დაფუძნებულ კულტურას. პეტრე I-ის ეპოქამ გაჭრა "ფანჯარა ევროპისკენ", რაც მეტად მკაფიოდ და მტკივნეულად აისახა როგორც რელიგიურ, ასევე ეროვნულ ცნობიერებაზეც. ამას კარგად გრძნობდნენ რუსეთის ცნობილი რელიგიური მოღვაწეები და მოაზროვნეები. "რაოდენ სამწუხაროა, - წერდა ერთ-ერთი ნიკონიანელი, ოპტის უდაბნოს მხცოვანი სქიმმონაზონი მაკარი (ივანოვი) (1788-1810), - რომ "ჩვენი რუსები გატაცებულნი არიან სხვათა სარწმუნოებით; მეტიც, საკუთარ ეკლესიასაც კი აუმხედრდნენ. აი, იეზუიტური აღზრდისა და პაპის აგენტთა ქადაგებების ნაყოფი. ჭეშმარიტი, საკუთარი მშობლიური ეკლესიის გაგონებაც კი არ უნდათ, ეცნობიან მათ ცრუ სწავლებას და სჯერათ მათი" (Собрание писем блаж. Памяти Оптинского старца иеросхимонаха Макария. Письма к мирским  особам. М. 1862 г., стр. 681. Цит. По "Русь пред вторым пришествием. Изд. Втор.ое. Житомир. 1995 г., стр. 57).

"იკითხეთ ახალი აღთქმა და მართლმადიდებლური ეკლესისი წმიდა მამები და არა ვიმე ტერეზა ან ფრანცისკანელები და სხვა მათი მსგავსი დასავლელი გიჟები, რომლებიც თავიანთ ერეტიკულ ეკლესიას წმინდანებად ჰყავს შერაცხილი", - წერს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ეპისკოპოს ლეონიდეს (კრასნოპევკოვს) (ციტ. იქვე. გვ. 61). ასევე ბრძანებს: "რა გველოდება ჩვენ, რა ელოდება რუსეთს, რომელიც დღემდე ხედავს აღთქმულ ქვეყანას საფრანგეთში და იერუსალემს პარიზში? რა ელის პალესტინის იერუსალემს? (გამოცხ. 11:8)... ევროპის ქრისტეანობამ დაკარგა სამოციქულო საფუარი, ხოლო ჩვენი მართლმადიდებლობა გაცვეთილია და დრომოჭმული ("... обветшало"), მაგრამ წინასწარმეტყველებს კი ვინმე ჩვენს განახლებას?" - კითხულობს იგი (იქვე. გვ. 60).

დიახ, ისმის მოწოდებებიც და ისმის წინასწარმეტყველებებიც, ტყუილუბრალოდ კი არ მოუწოდებდა თავის თანამედროვეებს ნიკონიანელი არქიეპისკოპოსი ანდრია უხტომსკი: "ძმანო!... აღადგინეთ ძველმართლმადიდებლური ქრისტეანული ცხოვრება ნიკონამდელი წმ. ეკლესიის კანონებისა და პრაქტიკის მიხედვით! შეინანეთ!" (Зеленогорский. М. Л. "Жизнь и деятельность архиепископа Андрея (князя Ухтомского). Приложение; неопубликованные работы епископа Андрея (Ухтомского). М. 1991 г., стр. 200. Цит. История русской церкви. Новый патриарший период. Т. 1. 1917-1970. С. 708). ხოლო ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წიგნში "სამი სიტყვა ანტიქრისტეს შესახებ" იმედოვნებს, რომ მოვა დრო, როდესაც ნომინალური (ე. ი. ოფიციალური, გაბატონებული, ახალმოწესეობრივი რუსულ-ბერძნული) ეკლესიის უდიდესი ნაწილი შუერთდება ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა საუკეთესო ნაწილს.

აქ იგრძნობა სევდა ძველმორწმუნეთა გამო, სინანული რეფორმის გამო. უცხოეთში (კერძოდ, აშშ-ში) ემიგრაციული ეკლესიის მღვდელმთავარნი ბოდიშს იხდიან და მუხლსაც კი იყრიან ძველმორწმუნეთა წინაშ (კერძოდ, ასე მოიქცნენ... ეპისკოპოსი ნექტარიოსი და მიტროპოლიტი ვიტალი), მაგრამ სინანულის ეს კერზო (და არა კონფესიური) გამოხატულება ჯერ კიდევ ვერაფერს ცვლის, თუმცა, ვინ იცის, რა იქნება მომავალში... ერთი რამ ფაქტია, დღეს ძველმართლმადიდებელთ მადლობასაც კი უხდიან ძირძველი, ორთოდოქსული (მართლმადიდებლური) სწავლებისა და საეკლესიო პრაქტიკის შენარჩუნებისთვის.

ყველაზე სავალალო ამ რეფორმირებული, ნიკონიანური ეკლესიისთვის იყო ის, რომ ლათინურ-პროტესტანტული დასავლეთის ზეგავლენით დაირღვა როგორც მართლმადიდებლური საღვთისმსახურო წიგნთა სიწმიდე, ასევე დამკვიდრდა ახალი, ერეტიკული სწავლებებიც: რეფორმირებული საღვთისმსახურებო წიგნები, აღარაფერი რომ ვთქვათ მათ შერყვნაზე, გახდნენ შეუთანხმებელნი ერთმანეთთანაც. მეტიც, მთელ რიგ თეოლოგიურ და ლიტურგიკულ საკითხებზე, საეკლესიო საიდუმლოებებზე ნიკონიანლეთა შორის არ სუფევს ერთი აზრი
(3), რითაც შეიძლება ითქვას, ირღვევა ეკლესიის შესახებ დოგმატური სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი და შემადგენელი ნაწილი, კერძოდ: სწავლება ეკლესიის სწავლა-მოძღვრებითი ერთობის შესახებ.

___________

3. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ფ. მელნიკოვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული წიგნი: "გზააბნეული ღვთისმეტყველება" ("Блуждающее богословие").
___________

გაგრძელება იქნება.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика