აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ტაძარი

შინაარსი

თავი 3


"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება",
ანუ იმის შესახებ თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა

ახალმოწესე რეფორმატორთაგან, რომლებიც ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს წეს-ჩვეულებებისა და დოგმატების ურთიერთაღრევაში ადანაშაულებენ, ხშირად მოისმენთ, რომ წეს-ჩვეულებებს ეკლესიაში არა დოგმატური, არამედ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ (იხ. მაგ.: არჩილ მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი". თბილისი. 1994 წ. გვ. 68-69). ხოლო ოფიციალური, რეფორმატორული ეკლესიისადმი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუმორჩილებლობას წეს-ჩვეულებებისადმი პირველხარისხოვანი დამოკიდებულების შედეგად აღმოცენებულ მოვლენად თვლიან.

ზემოთ უკვე ვიხილეთ, თუ როგორი კავშირი გააჩნიათ გადმოცემებს (წეს-ჩვეულებებს) დოგმატებთან, ვიხილეთ წმ. მამათა სწავლება და კრებათა განწესებანი ამ საკითხზე; ვიხილეთ თვით ნიკონიანური ეკლესიის დამოკიდებულებაც ამ საკითხთან, რომელიც ძველმორწმუნე ქრისტეანთა წეს-ჩვეულებებთან დამოკიდებულების მსგავსია და მისგან არაფრით განსხვავდება. ამიტომაც, ეს ბრალდებაც აბსურდია.

მეტიც, ზოგადსაეკლესიო და ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ სწავლებასთან დაუმორჩილებელი და შეუთანხმებელი თვით ახალმოწესეთა სქიზმატური კონფესია გახლავთ. თავად განსაჯეთ, საწეჩვეულებო გადმოცემებს "მეორეხარისხოვანი" ან "რეგიონალური" მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, რაღა საჭირო გახდებოდა პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რომელიც მან 1654 წელს წამოიწყო საეკლესიო წესების უნიფიცირებისთვის, ანუ მიზნად ისახავდა საღვთისმსახურებო წიგნების შესწორებას, "კითხვა-სხვაობათა აღმოფხვრას და ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთიანი წესების შემოღებას" (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი"; ასევე "არქიმანდრიტი" რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე"). თვით 17-ე საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმატორ-უნიფიკატორებს არ მიუჩნევიათ საეკლესიო წესები "მეორეხარისხოვნად" და "უმნიშვნელოდ", რაც მათივე ქმედებით და ზემოთ დამოწმებული სიტყვებითაც დასტურდება. ან თუკი საეკლესიო წესებს მხოლოდ "მეორეხარისხოვანი" და "რეგიონალური" მნიშვნელობა გააჩნიათ, განა სამართლიანი არ იქნება ერთი რუსი ისტორიკოსის შენიშვნა, რომელიც ამასთან დაკავშირებით წერდა: "თუ წეს-ჩვეულება არ არის დოგმა და ეკლესია წეს-ჩვეულებებისგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგოს არ შეიცავდეს რასმე; და თუკი თითოეულ ეროვნულ ეკლესიას ეძლევა კურთხევა თავისი საწესჩვეულებო თავისებურებებით იყოს გამორჩეული, რომელიც უფლებითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა ჩვენი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც; და თუკი ჩვენი ადგილობრივი საწესჩვეულებო თავისებურებები არც ცალ-ცალკე და არც ერთად აღებული მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოს არაფერს შეიცავს, ხოლო ორი თითით პირჯვრისწერის წესი - ამ თავისებურებათაგან უმთავრესი, უძველესი დროიდან თვით ბერძენთაგან მიგვიღია და შეგვითვისებია; მითუმეტეს, რომ პატრიარქ ნიკონამდე აღმოსავლელი მღვდელმთავარნი, რომლებიც ოდესმე სწვევიან რუსეთს, არასოდეს წუნობდნენ არც ორი თითით პირჯვრისწერას და რაც სხვა რომელიმე საეკლესიო ჩვეულებას თუ თავისებურებას; და თუკი ეს ასეა - მეთქი, გეკითხებით, რა უფლებით ან რის საფუძველზე, თანაც მაინცადა მაინც პატრიარქ ნიკონის დროს, დასჭირდათ ჩვენს სტუმრებს (იგულისხმებიან ის ბერძენი იერარქები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს ნიკონზე და პრაქტიკული მონაწილეობა მიიღეს იმდროინდელ საეკლესიო რეფორმებში - არქიეპ. პ.) ამ თავისებურებათა დაწუნება და მათ გამო ჩვენი მოძულება?

განა ჩვენს უდიდეს ეკლესიას არ ჰქონდა ან არა აქვს უფლება, დაიცვას საეკლესიო გადმოცემა იმ სახით, როგორი სახითაც ის თვით ბერძენთაგან მიუღია დასაბამიდანვე და დაიცვას ის მაშინ, როდესაც საკუთრივ საბერძნეთში ამ გადმოცემებს უკვე დიდი ცვლილებები განუცდიათ?" (В. Е. Макаров. "К вопросу о причинах разделения русской церкви". Москва. 1911 г., стр. 69).

აქ ლოგიკურად იბადება ასეთი კითხვაც: აქვთ თუ არა განდგომის (ან დაუმორჩილებლობის) უფლება მართლმადიდებელთ და რა შემთხვევაში ან ვის განუდგებიან ისინი?

როდესაც განდგომაზეა ლაპარაკი, უნდა გვახსოვდეს, რომ განდგომის უფლება და შესაძლებლობა (ცხადია, ჯეროვანი გაფრთხილებების შემდეგ) გვაქვს ყოველთვის, როდესაც ეკლესიაში პირველიერარქთა (ეპისკოპოსთა,მთავარეპისკოპოსთა ან პატრიარქთა) მიერ ან მათი ხელშეწყობით მკვიდრდება მწვალებლობა.

კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის თანახმად: "... ვინც ცოდვის მიზეზით (იგულისხმება ხორციელი ცოდვა. ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.) თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დაარღვევს".

საღმრთო ჟამისწირვიდან მღვდელმთავრის ხსენების ამოღება ნებადართული არ არის ხორციელ ცოდვაში მისი მხილებისა და საეკლესიო კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე (იქვე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონი მწვალებელ იერარქთან ლოცვით-ევქარისტული ერთობის შეჩერების უფლებას იძლევა საკრებო განჩინებამდეც (იხ. "დიდი სჯულისკანონი". თბილისი. 1975 წ. გვ. 445ჯ. ასევე "საქ. საეკლესიო კალენდარი". 1987 წ. გვ. 376). პატრიარქი თეოდორე ბალსამონი ამ კანონს ასეთ განმარტებას აძლევს: " თუ ვინმე თავის ეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს, ან პატრიარქს გამოეყოფა არა საბრალდებო საქმეთა (ამ სიტყვაში პატრიარქი ბალსამონი ხორციელ ცოდვებს გულისხმობს. იხ. Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1911 г., стр. 387), არამედ მწვალებლობის გამო, რომელიც ეკლესიაში კადნიერად ასწავლის მართლმადიდებლობისთვის უცხო დოგმატებს და საქმის სრულ გამოძიებამდე, მით უფრო გამოძიების შემდეგ თავს განაშორებს, ანუ გამოეყოფა თავის წინამძღვარს, არათუ სასჯელს არ დაექვემდებარება, არამედ ჯეროვან პატივსაც კი იმსახურებს, რამეთუ ეპისკოპოსს კი არ გამოეყო, არამედ ცრუეპისკოპოსსა და ცრუ მოძღვარს - ქების ღირსია ამგვარი ქმედება, რამეთუ ეკლესიას კი არ განყოფს, არამედ იცავს მას განყოფისაგან და აკავებს განხეთქილებას. კეთილად განაწესებს კანონი, რომ ქებას იმსახურებენ ისინი, რომლებიც მწვალებლურ დოგმატთა მქადაგებელთა და განცხადებულ მწვალებელთ (კრებით) განკითხვამდე გამოეყოფიან" (Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1911 г., стр. 387).

საინტერესოა ბალსამონის შემდეგი შენიშვნაც: "თუ პირველიერარქს მწვალებლობა უპყრია საიდუმლოდ, მერყეობს და არ ამჟღავნებს, განკითხვამდე მას არავინ უნდა გამოეყოს, რამეთუ შესაძლებელია საბოლოო განსჯამდე დატოვოს მწვალებლობა და კვლავ მართლმადიდებლობას შეუერთდეს" (ციტ. იქვე. გვ. 388).

ამდენად, თუ მოძღვარი ან პირველიერარქი ჯიუტად არ იცავს თავის მწვალებლურ შეხედულებას, მერყეობს და მართლმადიდებლური აზრთაწყობისა და სწავლებისკენ მოქცევისა და დამკვიდრების იმედს ტოვებს, - ბალსამონის განმარტებით, - არ უნდა გამოვეყოფოდეთ მას, მითუმეტეს, თუკი ასეთი პირველიერარქი თავის შეხედულებებს ჯერ კიდევ საიდუმლოდ, გაუცხადებლად ატარებს, რამეთუ არ გვაქვს საფუძველი, საკითხის საბოლოო გამორკვევამდე ასეთ პირველიერარქს ჩამოვშორდეთ (ამის შესახებ იხ. აგრეთვე ეპ. პავლე "ვიდრე ხუალ მორწმუნეო". თბილისი. 1999 წ. გვ. 84-85).

ამასვე ბრძანებს წმ. მოციქულთა 31-ე კანონი, რომლის თანახმადაც, "კლერიკოსებს უფლება აქვტ გამოეყონ თავიანთ ეპისკოპოსებს, თუკი მათ საეკლესიო სამსჯავროზე უკეთურებასა და უსამართლობაში ამხელენ, სხვა მიზეზით ამის გაკეთების უფლება არა აქვთ (იხ. მათე ბლასტარისი. "სინტაგმა". "სქიზმატიკოსთა შესახებ". Альфавитная синтагма Матфея Властаря. Москва. 1996 г., стр. 394), რამეთუ, "არ არის სამართლიანი მათი თანაზიარობისგან განდგომა მანამ, სანამ სასამართლო ჯეროვანი გამოძიების შემდეგ მას არ დაამხობს..." (ციტ. იქვე. გვ. 394).

იგივეს განაწესებს კონსტანტინოპოლის ორგზისი კრებაც 13-ე კანონში: "როდესაც ვინმე პრესვიტერი ან დიაკვანი, ხორციელ ვნებებთან დაკავშირებული ბრალდებებით, ყოველგვარი უკეთურებისა და უსამართლობისგან გაუცხოვებულ ეპისკოპოსს მოიძულებს და კრებით გამოძიებამდე საღმრთო ჟამისწირვაში მის სახელს არ აამაღლებს, ვბრძანებთ დაემხოს ამდაგვარი და ყოველი სამღვდელო ხარისხისგან პატივაყრილი გახდეს" (იქვე. გვ. 395).

მაშ ასე, მოცემული კანონი დოგმატური მიზეზით გამოყოფილთ არ სჯის, ხოლო წმ. მოციქულთა 31-ე კანონი დაუსჯელად ტოვებს მათაც, ვინც აშკარა უსამართლობისთვის ამხელენ თავიანთ ეპისკოპოსებს და მათთან ერთობას თავს განაშორებენ (ციტ. იქვე. გვ. 388).

მაგრამ ეს განწესებები გულისხმობენ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება იერარქთა ხორციელ ცოდვებს. რადგანაც შესაძლებელია, რომ პატიოსან იერარქებს უდანაშაულოდ დასწამონ ცილი ხორციელ ცოდვებში და ეშმაკს უდანაშაულო მოძღვართა წინააღმდეგ ერის ამხედრების შესაძლებლობა რომ არ მიეცეს, ჯეროვანი გამოძიების, ცოდვის გამოაშკარავების, სამართლიანი მხილებისა და კრებითი განსჯა-გამოძიებისა და სამსჯავროს გარეშე მოძღვართა განკითხვა და მათთან ლოცვით-ევქარისტული კავშირის გაწყვეტა კატეგორიულად აკრძალეს, ხოლო ამ კანონის მოძალადეთ, როგორც სქიზმის მოქმედთ, სამღვდლო პატივაყრით დაემუქრნენ.

სანამ ყოველივე ზემოთ ნათქვამს შევაჯამებდეთ, საჭიროდ ვთვლით, შევეხოთ ეკლესიისგან გამოყოფის, ანუ სქიზმის ცნებასაც, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასევე არასწორად განმარტავენ და, რადგანაც თვით ეკლესიის ცნებითაც არასწორად მანიპულირებენ (მაგალითად, ჩვენი ოპონენტები: ა. მინდიაშვილი, რაფაელ კარელინი და სხვები ეკლესიის ჭეშმარიტების კრიტერიუმად სახელმწიფოში მის გაბატონებას და გეოგრაფიულ განვრცობას მიიჩნევენ, რაც, სხვათა შორის, ოფიციალური, ნიკონიანურ-რეფორმატორული ეკლესიის სწავლებადაც კი წარმოგვიდგება მათ ნაშრომებში), ამიტომაც, ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, თუ რას ვგულისხმობთ ეკლესიის ცნებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ეკლესიისგან გამოყოფა.

აქვე ვიტყვით, რომ, რადგანაც ოპონენტები უფრო მეტად მათი ეკლესიის ავტორიტეტთა და მოძღვართა განმარტებებს ენდობიან, ჩვენც ხშირად დავეყრდნობით მათ. ძველი სლავების თქმისა არ იყოს "მტრის მოწმობა საუკეთესო დასტურია" (от враг свидетельство достоприятнейше суть).

ქრისტეს ეკლესიად იწოდება ქრისტეს მორწმუნე, თავისუფალ და გონიერ ქმნილებათა, ანუ ანგელოზთა და ადამიანთა ერთობა, რომლებიც მასში (ანუ ქრისტეში), როგორც ერთიან თავში, არიან შეერთებულნი" (Догматическое богословие Макария. С. Петербург. 1857 г., репринт, т. 2, стр. 145). წმ. წერილში ეკლესია განმარტებულია, როგორც "გუამი" ქრისტესი (ეფეს. 1:23) "და იგი (ქრისტე) არს თავი გუამისა მის ეკლესიისაი..." (კოლას. 1:18).

სხვაგვარად, ეკლესია მოიცავს ქრისტეს აღმსარებელ ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, როდის ცხოვრობენ ან სად იმყოფებიან ისინი, ცოცხლები არიან თუ უკვე ამა ქვეყნიდან გარდასულნი. წმიდა მამები თავიანთ თხზულებებში არცთუ იშვიათად შენიშნავენ, რომ ქრისტეანული ეკლესიის სახელწოდების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ მაცხოვრის შემდეგ, არამედ მის განკაცებამდე დაბადებული მორწმუნენიც. ასე, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს რა მოციქულის სიტყვებს: "ერთ ხორც და ერთ სულ..." (ეფეს. 4:4) კითხულობს: "მაშ რა არის ერთი სხეული?... ყველა ის მორწმუნე, ვისაც ოდესმე უცხოვრია სამყაროში, არსებობდნენ და იარსებებენ მომავალშიც. ასევე ისინიც, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე ღმერთს სათნო-ეყვნენ, არის ერთი სხეული. რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ქრისტე" (ე. ი. იყვნენ ქრისტეს მორწმუნენი - არქიეპ. პ.) (ციტ. იქვე. გვ. 146).

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ეკლესიის რაობის სრული განმარტება, რამეთუ ის საკმაოდ ვრცელია და მოცულობითი. ამ საკითხს ჩვენ კიდევ შევეხებით, უბრალოდ, აქ ეკლესიის არსს, როგორც მორწმუნე ადამიანთა ერთობას, ხაზს იმიტომ ვუსვამთ (ეკლესიის წევრები არიან გარდაცვლილნი მართალნი და წმინდანები, ასევე უფლის ნათელმოსილი წმიდა ანგელოზები), რომ სწორედ ისინი არიან მებრძოლი ეკლესიის წევრები, რომლის წიაღში ვითარდება ესა თუ ის სქიზმა ან მწვალებლობა და მრავალგვარი გაყოფა.

ამრიგად, სრულიად უეჭველი და ცხადია, რომ როგორც ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების 6-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კანონისტი მათე ბლასტარისი, ეკლესია არის არა ტაძარი, არამედ მორწმუნეთა თავყრილობა (ერთობა); რამეთუ ტაძარი, წმიდა ისიდორე პელუსიელის თქმით, კერზოდ", "საეკლესიო შესაკრებელ ადგილს" უნდა ეწოდოს" (Альфавитная синтагма Матфея Властаря. Москва. 1996 г., стр. 396). ეს განმარტება თავის მხრივ სიტყვა-სიტყვით იმეორებს ღანგრის 6-ე კანონის ზონარასეულ განმარტებას (იხ. Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1880 г., стр. 114).

ეკლესია - ეს არის მებრძოლი (ამქვეყნიური) და მოზეიმე (ზეციური) ეკლესიის ერთობა ქრისტეში. იგი ქრისტეს მისტიკური სხეულია და ამ სხეულის თავი არის სწორედ ქრისტე.

ამდენად, ეკლესიისგან გამოყოფა სწორედ ამ ცოცხალი ერთობისგან გამოყოფას ნიშნავს და არა ამა თუ იმ სახლმწიფოში გაბატონებული რომელიღაც მწვალებლური კონფესიისგან გამოცალკევებას. ამ შემთხვევისთვის უპრიანი იქნებოდა გაგვეხსენებინა წმ. მარკოზ ეფესელის სიტყვები, თქმული პაპისტთა მიმართ: "რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად მივუახლოვდები ჭეშმარიტებას". ასე რომ, ეკლესია, წმ. მამათა თქმით, ტაძართა სიმრავლე ან, უფრო ლაკონურად, კედლები და სახურავი კი არ არის, არამედ ქრისტეს მორწმუნეთა სჯულიერი ერთობა (წმ. ისიდორე პელუსიელი, წმ. იოანე ოქოროპირი, ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი). სწორედ ამაშია ეკლესიური ერთობა.

ამრიგად, ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, ხოლო ქრისტეანთა ერთობა ეკლესიის თავთან - ქრისტესთან ერთობაა. სწორედ ამ მისტიკური ერთობიდან გამოცალკევებაა სქიზმა, მიუხედავად იმისა, გაბატონებულ მდგომარეობას ინარჩუნებს ეს ეკლესია სახელმწიფოში თუ არა.

მაშასადამე, ქრისტესთან მისტიკურ ერთობას შესაძლებელია გამოეყოს ისეთი დაჯგუფება, რომელიც სახელმწიფოს მმარტველთა დახმარებით ინარჩუნებს გაბატონებულ მდგომარეობას, ტაძრებს, საეკლესიო ქონებას, მაგრამ ეს ვითარება აბსოლუტურად არ უნარჩუნებს მას მიტიკურ ერთობას ქრისტესთან, რამეთუ,როგორც უკვე აღინიშნა, წმ. მამათა თქმით, ეკლესია ტაძართა სიმრავლე ან გაბატონებული მდგომარეობა კი არ არის, არამედ მართლმორწმუნეთა ქრისტეში ერთობაა. ეკლესია არის იქ, სადაც შენარჩუნებულია ეს მისტიკური ერთობა.

არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს ისეთი ვითარება, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის ამ ერთობას. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესც ქრისტეანები უტაძროდაც კი დარჩენილან, მაგრამ არავის აზრადაც კი არ მოსვლია მათი გამოცხადება სქიზმატებად.

უტაძროდ დარჩენილ ქრისტეანებს ხვატსა თუ წვიმაში, დარსა თუ ავდარში ღია ცისქვეშ ულოციათ, მაგრამ ამის გამო ეკლესია მადლგაცლილად ან სქიზმატურად არავის შეურაცხავს. ეს ყოველივე კი მოწმობს, რომ ეკლესია, თუნდაც მას ყველა ტაძარი ჩამოართვან, მაინც ეკლესიად რჩება, რადგან ის რაც ეკლესიად ჰყოფს შესაკრებელს - ღვთის მადლია, რომელიც სარწმუნოებრივ-სჯულიერი ერთობით განმტკიცებულ ოდენ ქრისტეს შვილებში ნარჩუნდება. ჭეშმარიტია ნათქვამი, რომ "ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს" და ეს განწესება დადგენილია იმ შემთხვევისთვის, როდესაც "ეკლესია (ე. ი. ტაძარი. შესაკრებელი ადგილი - არქიეპ. პ.) ურწმუნოებს (ან მწვალებლებს) უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება" (წმ. მოციქულთა პეტრეს და პავლეს განწესებები. კანონი 9. "დიდი სჯულისკანონი". საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 176).

ასე რომ, თუ იერარქები ცდილობენ ეკლესიაში დაამკვიდრონ უღვთოება, მართლმადიდებელთ უფლება აქვთ გამოეყონ მათ (მითუმეტეს თუ მწვალებელთა მხარესაა ხელისუფლება და მთელი ძალაუფლებაც ხელთ უპყრიათ).

რუს მართლმადიდებელთაც, სანამ ისინი დარწმუნებულმი იყვნენ, რომ მათი მოძღვრები ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ და არ ანგრევდნენ ძველ ღვთისმოსაობას, აზრადაც არ მოსვლიათ მათგან განდგომა, მაგრამ, როდესაც XVII ს.-ის რუსეთში სამათხოვროდ ჩამობრძანებულ და ავანტიურისტ ბერძენ იერარქთაგან შეგულიანებულმა მეფემ და ნიკონ პატრიარქმა წმ. სიძველეების დაშლა-დარღვევას მიჰყვეს ხელი, ძველმორწმუნენი არ დაეთანხმნენ ამ უღვთო წამოწყებას, რამაც ღმერთზე ამაოდ ამხედრებულები კიდევ უფრო გააშმაგა.

რამდენიც უნდა ეძებონ, ჩვენი მოწინააღმდეგეები წმ. წიგნებში ვერ იპოვიან ისეთ მტკიცებას, თითქოსდა მართლმადიდებელ სამწყსოს არ ჰქონდეს უფლება განუდგეს არა მართლიად მადიდებელ მოძღვართ. აი, რას გვასწავლიან მართლმადიდებელი წმიდა მამები:

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (III ს.): "ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდროს და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს, რამეთუ არცა მწვალებელთა ჯერ არს შეერთებაი და არცა მართლმადიდებელთგან განშორებაი" (მეექუსე ეპისტოლე წმ. ეგნატისი. ფილადელფიელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1988 წ. გვ. 972).

იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "და ეგრეთვე ყოველივე კაცი, რომელსა განკითხვაი და გულისხმისყოფაი ღმრთისაგან მიეღოს და ეგევითარი-იგი გამოუცდელსა მწყემსსა შეუდგეს და მტყუვარი ეჭვ, ვითარცა ჭეშმარიტი შეიწყნაროს, ვითარცა გამხრწნელი სულისა თვისისაი დაისაჯოს" (მეთერთმეტე ეპისტოლე წმ. ეგნატისი. ეფესელთა მიმარტ. ციტ. იქვე. გვ. 616).

წმ. იოანე ოქროპირი: "უმეთაურობა ყველგან ბოროტებაა, მრავალ უბედურებათა მიზეზია, უწესივრობისა და არეულობის საწყისია, განსაკუთრებით ეკლესიაში, რადგან მით მეტად საშიშია იგი, რაც მეტია და მაღალია მეთაურობის უფლებები. თუმც, არანეკლები ბოროტება ხელქვეითთა დაუმორჩილებლობაც, რამეთუ იმისგანაც იგივე უბედურება წარმოიშვება... მაგრამ, - იტყვის ზოგიერთი, - არის მესამე ბოროტებაც, როდესაც მეთაური არის უვარგისი. ვიცი ეს არცთუ მცირედი ბოროტებაა და უმეთაურობაზე უმეტესიც კი არის, ამიტომაც უმჯობესია უმეთაუროდ (ე. ი. ეპისკოპოსის გარეშე - არქიეპ. პ.) დარჩე, ვიდრე გმართავდეს ცუდი მეთაური. პირველ შემთხვევაში ერი ვარდება განსაცდელში, ზოგჯერ ცხონდება კიდეც, უკანასკნელ შემთხვევაში კი გამუდმებულ განსაცდელშია და მიექანება უფსკრულისკენ" (Св. Иоанн Златоуст. Беседа 34 на посл. К евреям).

თვით მაცხოვარს, ეკლესიის დამფუძნებელს, მოძღვართა (ეპისკოპოსთა) ბრმა და განურჩეველი მორჩილება კი არ უბრძანებია ჩვენთვის, არამედ მართალი მოძღვრების სწავლებით, მათდამი მონიჭებული მშვიდობის, სიყვარულისა და მცნებათა განუხრელი დაცვით განსაზღვრა თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა. მწვალებელთადმი მორჩილება მას არ უბრძანებია! პირიქით, თუკი მოძღვარნი, ზემოთ ხსენებულ პირობათა საწინააღმდეგოდ წარმართავენ მათდამი მობარებულ ერის ცხოვრებას, მაშინ ერიდეთო ბრძანა, რამეთუ "მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ" (მათე 7:15) და ასეთ დარიგებას გვაძლევს: "და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა" (მათე 5:30).

წმ. ათანასე დიდი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: "უცთომელი და მაცხოვნებელი გზით მავალნო, განვაგდოთ ჩვენგან თვალი მაცდური, მაგრამ არა გრძნობისმიერი, არამედ გონისმიერი; ასე მაგალითად, თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთნ ერთად, ვითარცა ანნასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Часть 4, стр. 479. Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва 1994 г. Из бесед на Евангелие от Матфея, гл. 5, стр. 429).

საკუთრივ განხეთქილებისთვის კი უნდა ითქვას, რომ სიტყვით "განხეთქილება" აღინიშნება დავა ან უთანხმოება, რომელიც ქრისტეს მიერ ბოძებული მშვიდობისა და სიყვარულის უკმარობისაგან მომდინარეობს. მაგრამ მშვიდობა და სიყვარული მაცხოვარს ჩვენთვის უპირობოდ არ უბოძებია, არამედ ასე ბრძანა: "მშვიდობას დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ" (იაონე 14:27). და კიდევ: "... ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს" (იოანე 16:33). ხოლო სიყვარულის შესახებ ასე ბრძანებდა: "უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა" (იოანე 15:10). ამიტომაც ქრისტეანენი ვალდებულნი არიან ერთმანეთში ჰქონდეთ ქრისტეს სიყვარული, ხოლო ქრისტეს მშვიდობა ჩვენში იქნება მანამ, სანამ განუხრელად შევასრულებთ მის მცნებებს.

მაგრამ, თუკი ქრისტეს მოყვარულად ვერ ჩაითვლება მის მცნებათა დამრღვევი, მაშინ ცხადია, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც თავადაც არღვევს მათ და სხვებსაც ქრისტეს მცნებათა დარღვევისკენ უბიძგებს, ქრისტეანთა სულების წარწყმედას ესწრაფვის, შეუძლებელია იწოდებოდეს ქრისტესმიერ ძმად და დაუშვებელია მისი შეყვარება, რამეთუ ამგვარი შემთხვევისთვის ქრისტე ბრძანებს: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. " (მათე 34-36).

აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვებს ეკლესია: "ერთობა ყოველთვის კი არ არის სიკეთე, ზოგჯერ განყოფაც სიკეთეა; არც მშვიდობაა ყოველთვის საქები, ბევრჯერ ისეც ხდება, რომ მშვიდობას ზიანი მოაქვს და საღმრთო სიყვარულს განიშორებს; როდესაც ჭეშმარიტების საზიანოდ ვერთდებით, დიდად ვცოდავთ და არა ჯეროვან არს. ამგვარი მშვიდობის მოსაცემად არ მოსულა ქრისტე, არამედ, პირიქით, თუ ეს სიკეთისთვის არის საჭირო, ურთიერთგანყოფასაც კი გვიბრძანებს. არა ყოველი მშვიდობა და ერთობაა სიკეთე, არამედ ისეც ხდება, რომ ზოგჯერ დავა და განყოფა უდიდესი და საღმრთო საქმეა. ნურავინ შეიყვარებს მზაკვართ, და ნურც მშვიდობას იქონიებს მათთან. არამედ მამაც რომ იყოს ან დედა, ან შვილი, ან ძმა, თუ ქრისტეს სჯულს მტრობენ, შეეწინააღმდეგე მათ, როგორც მტრებს ჭეშმარიტებისა" (Толковое Евангелие в неделю всех святых).
აი, როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.) ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სიტყვებს: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა, ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მათე 10:34): "... მაშ როგორღა ამცნებდა მათ (მოციქულებს - არქიეპ. პ.) მიეგოთ მშვიდობა ყოველი სახლისთვის, რომელსაც ესტუმრებოდნენ? ან რატომ გალობდნენ ანგელოზნი "დიდება მაღალთ შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა" (ლუკა 2:14)?

რატომღა გვახარებდა ყველა წინასწარმეტყველი იგივეს? იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მაშინ ისადგურებს მშვიდობა, როდესაც დასნებოვნებული მოიკვეთება, როდესაც მტრული განიოტება. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ცისა და მიწის შეერთება. რამეთუ, თვით მკუკრნალიც ხომ მაშინ კურნავს სხეულის ნაწილებს, როდესაც მას უკურნებელ ასოებს მოჰკვეთს. მსგავსადვე იქცევა მხერდართმთავარიც, როდესაც არღვევს შეთქმულთა მზაკვარებას და ასე ამყარებს მშვიდობას. ასე იყო ენათა აღრევის დროსაც, მაშინ კეთილი უთანხმოებით დაირღვა ბოროტეული მშვიდობა. პავლემაც განხეთქილება ჩათესა მის წინააღმდეგ ამხედრებულთა შორის (საქმე 23:6), ხოლო ნაბოთეს წინააღმდეგ ერთობა ხომ ყოველგვარი ომზე უარესი გახლდათ (3 მეფ. 21)?!

ყოველთვის კარგი როდია თანამოაზრეობა; ზოგჯერ ყაჩაღებიც კი ერთიანდებიან. ასე რომ, ეს ბრძოლა ქრისტეს განსაზღვრებამ კი არ გამოიწვია, ასეთი იყო კაცთა ნება. თვით ქრისტეს ენება, ადამიანები ერთიანნი და თანხმიერნი ყოფილიყვნენ ღვთისმოსაობაში, მაგრამ, რადგანაც ადამიანები განეყვნენ ერთმანეთს (მათ შორის) ბრძოლაც წარმოიშვა...

"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება..." ამიტომაც, არ კმაყოფილდება ამ გამონათქვამით და განგვიმარტავს თვით სახესაც კი ამ ბრძოლისა, რითაც აჩვენებს შინაომების მთელ სიმძიმეს და ბრძანებს: "რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10:35). არა მხოლოდ მეგობრები და თანამოქალაქენი აუმხედრდებიანო ერთმანეთს, არამედ "მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მათე 10:36).

"მოვედიო, - ბრძანებს, - განყოფად კაცისა მამისაგან თვიშისა და ასული - დედისაგან თვისისა და სძალი - დედამითილისაგან თვისისა". ანუ, ბრძოლა იქნება არა მხოლოდ შინაურებს შორის, არამედ მათ შორისაც, რომელთაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებთ და შეკრულნი არიან მჭიდრო (ნათესაური) კავშირებით" (Полное собр. Твор. Св. Иоанна Златоуста в 12 томах, т. VII, кн. 1, изд. "Св. Иоанн Златоуст". Беседа 35. Москва. 2000, стр. 383-385).

კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) განმარტების მიხედვით, როდესაც სახარების მიერ გვემცნო: "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკა 14:26) არ უნდა შევცბუნდეთ, რამეთუ მათდამი სიძულვილს კი არ გვამცნებს ღმერთი მშვიდობისა, რომელმაც მტერთა შეყვარებაც კი გვიბრძანა... არამედ, თუ ვინმეს ჰყავს უკეთური მამა ან ძე, რომელიც შეიძლება დამაბრკოლებელი შეიქმნეს სარწმუნოებისა და ზეციური ცხოვრების მსურველთათვის, მათთან არ შეიძლება თანხმიერნი და თანამოაზრენი ვიყვნეთ, ვალდებულნი ვართ ამ სულიერი მტრობის გამო გავწყვიტოთ ხორციელი კავშირებიც კი.

დავუშვათ ყოველივე ეს სადავოა, მაგრამ, აი მოდის შენთან შენი (ხორციელი) მამა და გეუბნება: "მე გაგაჩინე და გაგზარდე; აწ ჩემი ისმინე და ერთად აღვასრულოთ ეს უკეთური საქმე; ხოლო ქრისტეს სჯული უგულებელჰყავ". სხვას ვერაფერს გეტყვის ღმრთისმგმობი და ბუნებით მკვდარი, სულით მკვდარი და ქრისტესი ჯერ კიდევ არმცხოვრები (შეად. ეფეს. 2:1-3). მეორეს მხრივ კი გესმის მაცხოვრისა, რომელიც გეუბნება: "ადამიანო, ამქვეყნად უბედურებისა და სიკვდილისთვის დაბადებულო, გაგათავისუფლებ, განგკურნე, გამოგისყიდე და სიცოცხლე მოგეცი, გიჩვენებ ღმრთის პირს, სახიერ (კეთილ - არქიეპ. პ.) მამას. ნუ მოუწოდებ მიწიერ მამას, მიანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდრები, ხოლო შენ მე გამომყევი. შეგიყვან ნეტარებაში, მიგაახლებ გამოუთქმელ და გაუგონარ სიმდიდრეს, რომელიც არავის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არ გაუვლია კაცს გულში (შეად. 1 კორ. 2:9) და რისი წვდომა სურთ თვით ანგელოზებს (1 პეტრე 1:12), რაც განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ (1 კორ. 2:9).

როგორც შენი დამპურებელი, საზრელად საკუთარ თავს გაძლევ (იგულისხმება წმ. ევქარისტია - არქიეპ. პ.) დღემდე უკვდავების წყაროთი გარწყულებ. ვარ შენთვის ზეციური სწავლების მოძღვარი. შენთვის გავიბრძოლე თვით სიკვდილამდე და განვიცადე იგი შენთვის, შენი ცოდვებისთვის, რომელითაც მოწყლულ იქმენ ადრე ჩადენილი ცოდვისა და ღმრთისადმი ორგულობისთვის. და აჰა, გესმის რა ორივე მხრიდან ასეტი სიტყვები, მიიღე გადაწყვეტილება შენდა სასიკეთოდ, მიემხრე იმ ხმას, რომელიც ცხოვრებისკენ მოგიწოდებს და თუ ძმაც იგივეს გპირდება, ან ძე, ან ცოლი, ან სხვა ვინმე, დე მათი მძლეველი შენსი იყო შენთვის მებრძოლი ქრისტე" (Св. Климент Александрийский. "Кто из богатых спасется", гл. 22, 23. Калуга. 2000 г., стр. 30-31).

მაშ, თუკი ვიცით, რომ ეკლესიის სიწმიდე, მისი საყოველთაოობა და მართლმადიდებლურობა მაშინ ნარჩუნდება, როდესაც მასში დაცულია წმ. სამოციქულო გადმოცემა და სხვადასხვა ვითარებებში, ზემოთხსენებულ პირობათა დაცვით ეკლესია მწვალებელთა თანაზიარობისგან თავს განარიდებს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "ზიარებით (იგულისხმება წმ. ევქარისტია - არქიეპ. პ.) ჩვენ თანაზიარნი შევიქნებით იესუს ღმრთაებისა" და "კვალად იგი ერთობადაც იწოდება და ჭეშმარიტად არის კიდეც ერთობა იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ჩვენ ერთიანნი ვხდებით ქრისტესი და თანამოზიარენი ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთაებისა; მეორე მხრივ კი მისი (ზიარების) მეშვეობით ჩვენ ერთურთის თანაზიარნიც ვხდებით და ვერთიანდებით, რამეთუ, რადგანც ყველანი ერთ პურს ვეზიარებით, ამიტომაც, ერთი ხორცი შევიქნებით ქრისტესი და ამით - ერთი სისხლი და ერთი სხეულის ნაწილნი, ანუ "თანა-ხორცნი, თანა-მკვიდრნი და თანა-მყოფნი ქრისტესი" (ეფეს. 3:6).

და თუკი ზიარების მეშვეობით ნამდვილად აღსრულდება ერთობა ქრისტესთან და ჩვენიც - ერთმანეთთან, მაშინ ჩვენ თავისუფალი კეთილგანწყობით ჭეშმარიტად ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება და, რადგანაც ეს გაერთიანება ჩვენი თავისუფალი ნების მიერ ხდება, სწორედ ჩვენი თანხმობით, ამიტომ, მთელი ძალით უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან და არც ჩვენ მივცეთ მათ ჭეშმარიტი ზიარების მიღების საშუალება, აკი თვით უფალიც ასე გვიბრძანებს: "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ" (მათე 7:6), რათა არ შევიქნათ თანაზიარნი და თანამონაწილენი მათი გარდაქცეული სწავლებისა და ამით მათ ხვედრ გაკიცხვას არ ვეწიოთ" (მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV. თ. 13. გამოც. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". წიგნი IV. თბილისი 1992 წ. გვ. 311).
ამიტომ არის, რომ წმ. მამები კატეგორიულად ითხოვენ მწვალებლებთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას, როგორც ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს. ) ბრძანებს: "არის შემთხვევები, როდესაც განყოფაც კარგია" ("მახარობელი". მათეს სახარება 10:34-36).

ამდენად, ზემოთ ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლების საფუძველზე სრულიად სამართლიანად მოქცეულან ძველმორწმუნენი, როდესაც არ დაემორჩილნენ პატრიარქ ნიკონის მიერ შემოთავაზებულ, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო სიახლეებს; არ დაეთანხმნენ სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემათა და წეს-ჩვეულებათა გმობასა და მწვალებლობად მათ გამოცხადებას და გამოეყვნენ მას, როგორც საეკლესიო რეფორმატორსა და ნოვატორს, მართლმადიდებლობის მგმობელ ერეტიკოს მოძღვარს.

სანამ ძველი რუსი მართლმადიდებელნი დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მათი მოძღვრები ქრისტეს მოძღვრებას და ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ და მტკიცედ იცავდნენ წმიდა გადმოცემებს, არც კი მოფიქრებიათ მათგან განდგომა, მაგრამ, როდესაც, XVII ს.-ის რუსეთში სამათხოვროდ ჩამობრძანებული ავანტიურისტი ბერძენი იერარქებისგან შეგულიანებულმა რუსმა მოძღვრებმა და, უპირველესად, ნიკონმა წმ. სიძველეთა დაშლა-დარღვევას მიჰყვეს ხელი, მეტიც, მწვალებლობად შერაცხეს ძველი საეკლესიო გადმოცემები, მაშინ, ძველმორწმუნეებმა მკაცი და უპირობო პროტესტი განაცხადეს მართლმადიდებლობის შერყვნის წინააღმდეგ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика