აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 13 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ვედრება

შინაარსი

თავი 9

ნიკონიანური რეფორმების შედეგად დამკვიდრებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება და სწავლება


ე) ლიტანიობის შესახებ


ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ლიტანიობისას მოძრაობენ მზის თანმდევი მოძრაობის მიხედვით (რუს.: Посолонь), ხოლო ახალმოწესეები პირიქით, - მის საწინააღმდეგოდ. არიან თუ არა ძველმართლმადიდებელნი ამის მოწინააღმდეგენი და რატომ ეწინააღმდეგებიან ახალმოწესეები ძველმართლმადიდებლურ ჩვეულებას?

ოფიციალური, ქართული ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო აკადემიის პატროლოგიის ლექტორი, პროფ. ე. ჭელიძე თავის ნაშრომში: "ეკლესია - სძალი უფლისა" წერს: "რაც შეეხება კონკრეტულად მზის მიმართულების საწინააღმდეგო მოძრაობას, მკითხველისთვის ყველაფერი სრულიად ცხადი გახდება, თუ მოძრაობის ხსენებულ (მზის მიმართულების საწინააღმდეგო) სახეს სხვა სიტყვებით გავაცხადებთ. ამგვარი მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობა და მსვლელობა მზისკენ".

"როგორც ცნობილია, - წერს შემდეგ ე. ჭელიძე, - მზე მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ხოლო ამ მიმართულების საპირისპიროა მსვლელობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ქრისტეანული მოძღვრება არის წინამძღვარი კაცობრიობისა სწორედ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რადგანაც დასავლეთი უკლებლივ ყველა წმიდა მამასთან არის ბნელეთისა და კვდომის სიმბოლო, ხოლო აღმოსავლეთი სინათლისა და სიცოცხლისა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მსვლელობა არის მსვლელობა ცოდვისმიეირ ბნელეთიდან სამოთხისკენ, რომელიც სულიერი აღმოსავლეთია, ეს არის მსვლელობა მაცხოვრისკენ, რადგანაც "აღმოსავლეთი არის სახელი მისი". დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მსვლელობა არის მსვლელობა მსვლელობა ღვთისმშობლისკენ, რომელსაც, ასევე, აღმოსავლეთი სახელედება.

პირუკუ სვლა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არის აღმოსავლეთით აღმობრწყინებული მზისდმი ზურგის შექცევა, მაცოცხლებელი ჭეშმარიტებისაგან განდგომა (?) და ბნელეთისაკენ სწრაფვა (?) (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.).

ამიტომ არის, რომ საეკლესიო მსახურების ჟამს ყოველთვის (?) აღმოსავლეთისკენ, ე. ი. მარჯვენა მხარეს წარმოებდა და წარმოებს სვლა აღმოსავლეთისკენ (და არა დასავლეთისკენ) აღევლინებოდა და აღევლნება ლოცვა-ვედრება (sic!) (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 247).

სხვა ოპონენტის, "არქიმანდრიტ" რაფაელის თქმით, რადგანაც ქრისტე "სიმართლის მზედ" და "სულიერ აღმოსავლეთად" იწოდება, ლიტანიობა, "სიმბოლურად, ქრისტეს მეორედ მოსვლას ნიშნავს" და ამიტომაც "ქრისტეანები მის შესახვედრად აღმოსავლეთისკენ მიემართებიან" ("საუბრები მართლმადიდებლობაზე").

რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ?

თავდაპირველად მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ოპონენტები ამ რიტუალში ხედავენ დოგმატურ შინაარსს. ბ-ნი ე. ჭელიძის მიხედვით ეს არის აღმოსავლეთისკენ, სინათლისა და სიცოცხლისკენ, მაცხოვრისკენ მსვლელობის სიმბოლო, რომელიც "სიმართლის მზედ" იწოდება. ამიტომაც, პირუკუ სვლა "აღმოსავლეთით აღმობრწყინებული მზისადმი ზურგის შექცევა, მაცოცხლებელი ჭეშმარიტებისგან განდგომა და ბნელეთისაკენ სწრაფვა" ყოფილა. ასეთი განმარტების შემდეგ, ალბათ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ოპონენტებისთვის ლიტანიობის "ობრიადი" არა "მეორეხარისხოვანი", არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი დოგმატური შინაარსის შემცველი, პირველხარისხოვანი სიმბოლური მღვდელმოქმედება ყოფილა. ასეა ეს ჩვენთვისაც, რაც, ვფიქრობ, არ უნდა იწვევდეს ოპონენტთა აღშფოთებას და "მეორეხარისხოვანი" წესების "გაფეტიშებაში" ჩვენს დადანაშაულებას.

ახლა კი განვიხილოთ, რამდენად სწორია და სამართლიანია ჩვენი ოპონენტების შეხედულებები და მ. შ. ისიც, რომ "პირუკუ" (ანუ "აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ") მოძრავი ძველმორწმუნენი თითქოსდა "განუდგებიან მაცოცხლებელ ჭეშმარიტებას და ბნელეთისკენ მიისწრაფვიან".

საკუთარი ვერსიის გასამართლებლად, ბ-ნი ე. ჭელიძე, თავიდანვე გვთავაზობს ტერმინოლოგიურ ცვლილებას, რომლის შემდეგ, საკითხს სულ სხვაგვარად წარმოგვიჩენს. კერძოდ, ის წერს: "... მკითხველისთვის ყველაფერი სრულიად ცხადი გახდება, თუ მოძრაობის ხსენებულ (მზის მიმართულების საწინააღმდეგო) სახეს სხვა სიტყვებით გავაცხადებთ. ამგვარი მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობა და მსვლელობა მზისკენ" (ე. ჭ. იქვე).

ამგვარი ტერმინოლოგიური ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, რადგანაც როგორც მზის მიმართულებით, ასევე მის საპირისპირო მოძრაობებს (ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მოძრაობის ორივე სახე აღესრულება), რიტუალისდა მიხედვით, ღრმა, სულიერი და საიდუმლო აზრი გააჩნიათ და ყოვლად დაუშვებელია მათი იმგვარი გააზრება, როგორც ეს ბ-ნ ე. ჭელიძეს ესმის.

ტერმინი "მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ" (როდესაც საუბარია ლიტანიობაზე, ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებებში დაწესებულ მოძრაობებზე) - არ არის მართებული, რადგანაც ამ შემთხვევაში მოძრაობა წრიულად აღსრულდება და არა პირდაპირ, - ანუ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. თავად განსაჯეთ, მოსანათლავი ან ჯვარდასაწერი (რომელი მიმართულებითაც უნდა მოძრაობდნენ ისინი, მზის მოძრაობის თანხმიერად თუ საპირისპიროდ), წრიული მოძრაობის დამთავრების შემდეგ, ისევ იმ ადგილს უბრუნდებიან საიდანაც დაიწყეს მოძრაობა; და, თუ მოძრაობის დაწყების წინ საწყისი წერტილი დასავლეთში იყო, მოძრაობის დასასრული ისევ დასავლეთში აღესრულება და ის იქნება მოძრაობა დასავლეთიდან - დასავლეთისკენ და არა აღმოსავლეთისკენ, როგორც ე. ჭელიძე განმარტავს.

გარდა ამისა, თუ ახალმოწესეობრივ ჩვეულებას ვიგულისხმებთ, ლიტანიობისას ადამიანები მოძრაობენ არა მხოლოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, არამედ დასავლეთიდან - სამხრეთისკენ, სამხრეთიდან - ჩრდილოეთისკენ და ჩრდილოეთიდან ისევ დასავლეთისკენ. მოძრაობა რომ აღმოსავლეთის მხარეს მთავრდებოდეს, მაშინ კიდევ შეგვეძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს მსვლელობა არის კიდევაც მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მაგრამ ეს ასე არ არის.

მრავალ საეკლესიო ჩვეულებათა შორის, წმ. ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ლიტანიობისას (ჯვრის შემოტარება), ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებების შესრულების ჟამს, საეკლესიო განაწესით დადგენილ მომენტში შენარჩუნებული აქვს მზის მიმართულებით და არა მის საპირისპიროდ მოძრაობის წესი, როგორც ეს ძველი საეკლესიო ჩვეულების საწინააღმდეგოდ დაამკვიდრა ნიკონმა დ არომელსაც დღეს აგრერიგად თავგამოდებით იცავენ ჩვენი ოპონენტები.

ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, მზის მიმართულების თანამდევ მოძრაობაში უღრმესი სულიერი და საიდუმლო აზრია ჩადებული. განა უარვყოფთ იმ ჭეშმარიტებას, რომ წმ. წერილისა და წმ. საეკლესიო საგალობლებში ქრისტე მაცხოვარი "სიმართლის მზედ" და "აღმოსავლეთად" იწოდება; და მზესა და სიმართლეს, როგორც ბნელეთის სამეუფო - ჯოჯოხეთი რომ უპირისპირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საეკლესიო საღვთისმსახურებო წიგნების თანახმად, დასავლეთი ედრება საღამოს, ჩრდილოეთი - შუაღამეს, აღმოსავლეთი - ცისკარს (განთიადს) და სამხრეთი - ნაშუადღევს, რაც თავის მხრივ დღე-ღამის გამოხატულებასა და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების სახესაც წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ლიტანიობისას, მზის მიმართულებით სვლამ უნდა მოგვაგონოს მორწმუნეთ ამქვეყნიური ცხოვრება და მოღვაწეობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

დასავლეთ კარებისკენ მსვლელობა ქრისტეს შესახებ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა სიმბოლოს წარმოადგენს, დასავლეთიდან ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს მსვლელობა, რაც ნაშუაღამევს გამოხატავს, - ქალწულ მარიამისგან საიდუმლო და სასწაულებრივი შობის სიმბოლოა. ტაძრის აღმოსავლეთი მხარე, საკურთხევლის პირისპირ, სახეა განთიადისა და სიმბოლო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა; ხოლო სამხრეთი, - ანუ ნაშუადღევი - სიმბოლო მისი სახარებისეული ქადაგებისა. შემდგომ კი ისევ დასავლეთი, ისევ საღამო, ქრისტეს ჯვარცმა და სიკვდილი; შუაღამე - შთასვლა ჯოჯოხეთში და აღმოსვლეთი - ცისკარი - მართალთა აღმოყვანა ბნელეთიდან.

მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, რომ ამქვეყნიური, მებრძოლი ეკლესია, ზეციური იერუსალემისკენ, ამ აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალი ერია, რომელსაც თავად ქრისტე მიუძღვის, თანახმად სახარებისა: "რომელსაც ჰნებავს შემოდგომად ჩემდა უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათე 16:24). ხოლო, ქრისტეს მიმდევრობა, ზეციური სასუფევლისკენ მავალ გზაზე, ქრისტეს მცნებათა განუხრელ მიყოლას და მაცხოვრის სახელისთვის ყოველგვარი განსაცდელის გადატანას გულისხმობს უცილობლივ (იხ. ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. Святое Евангелие с толкованием блаж. Феофилакта архиеп. Болгарского. Изд. "Новая книга". "Ковчег". 2000 г., стр. 113).

რადგან ქრისტე წმიდა წერილში სიმართლის მზედ იწოდება, მზე, ამ შემთხვევაში, ქრისტეს, მისი ნათლის სიმბოლოდ მოიაზრება და ამიტომაც, ადამიანს მისი მიყოლა მართებს და არა დაპირისპირება (რომელიც უკვე მზის მიმართულების საწინააღმდეგო მოძრაობაში მოიაზრება). წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით ამაზე მიანიშნებს უფლის "ზურგის" ხილვა მოსეს მიერ (გამოსვლ. 33:20-23): "მოსე, რომელსაც მოუთმენლად სურს ღმრთის ხილვა, ამჟამად განისწავლება თუ როგორ არის შესაძლებელი ღმრთის ხილვა, - რომ ეს ღმრთის კვალდაკვალ სიარულს ნიშნავს, რამეთუ "ჩავლა" (გამოსვლ. 33:22) უფლის კვალდაკვალ მიყოლაზე მიანიშნებს. მაგრამ ის, ვინც მოძრაობისას განზე მიიდრიკება ან თავის მზერას ისე მიმართავს, რომ პირისპირ ჰხედვიდეს წინ მიმავალს, მას თავისი გზა გაუკაფავს და არ მისდევს იმ გზას, რომელიც გაკვალა წინამძღოლმა" (რუს. თარგმანში: "Моисей, нетерпеливо желающий видеть Бога, поучается теперь, как можно увидеть Бога, - что это значит итти вслед Бога, потому что, мимохождение означает ведение во след. А кто в движении уклоняется в сторону или направляет взор, чтобы ВИДЕТЬ ВЕДУЩЕГО В ЛИЦО, тот полагает себе ИНОЙ ПУТЬ, а не пролагаемый Вождем") (ციტ. Григорий Флоровский. "Восточные отцы IV века. Париж. 193,2 репринт. 1990 г., стр. 133-134).

ამიტომაც, ღმერთი ეუბნება მოსეს: "ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას" (გამ. 33:20), რაც წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით ნიშნავს: "ნუ დაუდგები წინამძღოლს პირისპირ, რამეთუ ასეთ შემთხვევაში შენი მოძრაობა უცილობლივ საწინააღმდეგო მხარეს წარიმართება; კეთილი სახეში კი არ უყურებს კეთილს, არამედ მისდევს მას" (რუს. თარგმანში: "Не становись лицем к лицу перед ведущим, потому, что ТОГДАШЕСТВИЕ ТВОЕ НЕПРЕМЕННО БУДЕТ В ПРОТИВОПОЛОНУЮ СТОРОНУ, - ДОБРОЕ НЕ В ЛИЦО СМОТРИТ ДОБРОМУ, НО СЛЕДУЕТ ЗА НИМ") (ციტ. იქვე).

ამიტომაც ბრძანებს ჩვენი მაცხოვარი, "სულიერი აღმოსავლეთი" და "მზე სიმართლისა": "... რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10:38), სადაც ქრისტესადმი შედგომა", ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, მის მიყოლას, მიმდევრობას, მისი მცნებების დაცვას გულისხმობს, ხოლო ვინც უფალს მცებათა დაცვით მიჰყვება, ის უეჭველად თავისი წინამძღოლის (ანუ ქრისტეს) ზურგს ხედავს (გამოსვ. 33:20-23), როგორც ეს იხილა მოსემ, რაც სიმბოლურად, ლიტანიობაში ქრისტეს სიმბოლოს - მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობით გამოიხატება კიდეც და არა პირისპირი მოძრაობით.

გარდა ამისა, მზის მიმართულებიც თანმდევი მოძრაობა მხოლოდ ქრისტეს მცნებისა დ რჯულის დაცვას არ გულისხმობს, არამედ საღმრთო განგებულებისა და შემოქმედის მიერ ბუნების წესსა და რიგში ჩადებული კანონებისადმი დამორჩილებასაც. ადამიანი, როგორც გვირგვინი ამ შემოქმედებისა, სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს უზენაესის შემოქმედებასთან, ადამიანის ცნობიერებისთვის მიუწვდომელ მის კანონზომიერებებთან. ამგვარი მორჩილებისა და ბუნების კანონებისადმი დაქვემდებარების ნათელი გამოხატულებაა მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობა.

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "ზეციური მნათობნი განუწყვეტლივ მოძრაობნ იმ მიმართულებით, რაც მათ შემოქმედმა განუსაზღვრა და, რაც იმ წესრიგს შეესაბამება, რომელიც დასაბამად განუჩინა ღმერთმა ქმნილებას" და ასევე, ჩვენც, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, ურთიერთთანაზიარობა, ურთიერთგანწილადება ყოველივე იმისა, რაც გვაქვს და ურთიერთმორჩილებაც, უწინარეს ყოვლისა, მორჩილება ჩვენი დამბადებლისადმი, შემოქმედი ღმრთისა და მეუფისადმი, მერე კი მორჩილება (ამქვეყნიური) მთავრებისადმი, რომელნიც მან მთავრობისთვის დაადგინა" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. II, 7). როგორც ეს ენიშნა მოსეს უფლის "ზურგის" ჩვენებით და პირდაპირ განაცხადა მაცხოვარმა: "რომელმან არ აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10:32).

ასევე წმიდა ბასილი დიდი, შესაქმის განმარტებაში ბრძანებს: "მზე ... აღასრულებას მისთვის დაწესებულ მოძრაობას, და არ არღვევს მთლიანობასთან თავის მიმართებას (რუს. თარგმანში: "Солнце ... совершает чинные обращения и не выступает из своих отношении к целому" (Творения. Часть. I. Беседы на шестоднев. Беседа 6. 1845 репринт. 1991 г., стр. 95).

ამ მთლიანობიდან ამოვარდნა, არც ადამიანს მართებს. ვფიქრობთ, სადავო არ უნდა იყოს, რომ თუ მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობა, ეს არის სიმბოლო მორჩილებისა უზენაესის შემოქმედებისადმი, და ქრისტესადმი შედგომა სჯულის დაცვით, მზის საწინააღმდეგო მოძრაობა - ეს არის სიმბოლო სატანური ამპარტავნებისა, ღვთისადმი წინააღდგომისა, ამხედრებისა და დაუმორჩილებლობისა, რამეთუ, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: "კეთილი სახეში კი არ უყურებს კეთილს, არამედ მისდევს მას".

ჯვრისა და საეკლესიო ბაირაღთა საფარველქვეშ ლიტანიობით, უნდა წარმოვიდგენდეთ ქრისტეს ცხოვრებას დედამიწაზე და მისი მოძღვრების მიმდევრობას, - სიარულს ქრისტეს კვალდაკვალ. ლიტანიობა, ქრისტეს მოციქულთა, ნეტარ მოღვაწეთა და წმიდა მოწამეთა ცხოვრებიასაც გვაგონებს, რომელთაც ზეციური გვირგვინი უფლის მცნებათა განუხრელი დაცვით დაიწყეს, რაც თავის მხრივ მათი გმირული ღვაწლისადმი მიბაძვის სურვილს აღგვიძრავს.

აი, რატომ უნდა ვმოძრაობდეთ ლიტანიობისას მზის მიმართულების თანხვდენილად, რადგანაც სიმბოლურად ეს გამოხტავს ქრისტესა და მის ერთგულ მოწაფეთა მიმდევარნი რომ უნდა ვიყოთ და არა მისი მტრების - მწიგნობრებისა და ფარისევლებისა, - რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ მას.

ლიტანიობის გარდა, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მზის მიმართულებით მოძრაობა მიღებულია ნათლისღებისა და ჯვრისწერის (ქორწინების) საიდუმლოშიც. ამ შემთხვევებში, მართალია, მათ სხვა რელიგიური დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნიათ, ვიდრე ეს ლიტანიობისას ხდება, მაგრამ, თავისი შინაარსით მიუთითებენ იმაზედ, რომ სწორედ მზის მიმართულებით უნდა აღვასრულოთ მოძრაობა და არა პირიქით (რა თქმა უნდა, ეს მოძრაობები ეკლესიის მიერ განწესებულ მომენტებში სრულდება).

ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი უფლის წინაშე დებს პირობას, რომ შეუდგება ქრისტეს, ხოლო ქორწინების საიდუმლოში ნეფე და დედოფალი აღუთქვამენ უფალს, რომ უფლის მცნებათა შესაბამისად იცხოვრებენ, ამიტომაც ამ აღთქმათა გარეგნული, რიტუალური, სიმბოლური სახე, მათ მიერ დადებულ აღთქმათა შესაბამისად გამოიხატვიან.

ამიტომაც, უმართებულოა ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა ქორწინების ჟამს ახალჯვარდაწერილთა მსვლელობა ხდებოდეს "ქმრის მხარეს" (ე. ი. მარჯვნივ). ის წერს: "კარგად არის ცნობილი, რომ ქორწინების ჟამს ახალჯვარწერილთა მსვლელობა ხდება ქმრის მხარეს. თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ე. ი. მარცხნივ მიმართული მოძრაობაა ჭეშმარიტი, მაშინ ქმარიც მარცხენა მხარეს უნდა იდგეს, მაგრამ ძველბერძნული მართლმადიდებლობა სწორედ პირუკუ მდგომარეობას აკანონებს" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 247). თავის ამ ცრუ მოსაზრების დასამტცკიცებლად ე. ჭელიძე იმოწმებს წმ. სვიმეონ თესალონიკელს (XIV - XV სს.) და წერს: "ხსენებული წმიდა მამა ერთადერთია ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში, რომელიც მეტად დეტალურად აღწერს ქორწინების საიდუმლოს. მისი უწყებით "მღვდელი ქმარს აყენებს მარჯვნივ, რადგანაც სწორედ ქმარია უფალი და თავი ცოლისა, ხოლო ცოლს - მარცხნივ, როგორც უქვემოესსა და მისი ნეკნიდან შექმნილს... შემდეგ (მღვდელს) მიჰყავს ისინი ტაძრის შუაში მრავალ მოწმეთა შორის, მიჰავს ვითარცა შვილნი ეკლესიისა, საკურთხევლის პირისპირ, წმიდა კართა წინ, ღვთის წინაშე" " (წმ. სვიმეონ თესალონიკელი. ქორწინების შესახებ". პგ 155, სვ. 508-509. ციტ. ე. ჭელიძის ხს. შრ. გვ. 247).

ზემოთდამოწმებული სიტყვებიდან ე. ჭელიძე აკეთებს უცნაურ დასკვნას: "როგორც წმიდა მამის სიტყვებიდან სრულიად ცხადად ჩანს (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.), ახალჯვარდაწერილთა მსვლელობა ხდება უთუოდ მარჯვნივ, აღმოსავლეთისკენ და არა პირიქით" (იქვე). შევახსენებთ ე. ჭელიძეს, რომ "ახალჯვარდასაწერნი ტაძრის შუაში... საკურთხევლის პირისპირ, წმიდა კართა წინ რომ" დააყენონ მარჯვნივ კი არ უნდა ამოძრაონ, არამედ პირდაპირი მსვლელობით, - ტაძრის უკანა (დასავლეთი) ნაწილიდან შუა ნაწილისკენ (მოძრაობა აღმოსავლეთისკენ, საკურთხეველისკენ), რასაც იქმს კიდევაც მართლმადიდებელი მღვდელი, როდესაც ჯვარდასაწერთ შემოიწვევს ეკლესიაში მოწმეებთან ერთად და დააყენებს მათ ტაძრის შუა ნაწილში, "უფლის წინაშე". ამის შემდეგ იწყება ქორწინების საიდუმლო. გარკვეული ლოცვების წაკითხვისა და გვირგვინებით ჯვარდასაწერთა შემოსვის შემდეგ, ხდება მათი წრიული შემოტარება მზის მოძრაობის მიმართულების თანხვდენილად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ.

ამრიგად, ეკლესიის შუაში, ჯვარდასაწერნი პირდაპირი მსვლელობით შედიან და არა "მარჯვნივ მოძრაობით", რაც ყოვლად უადგილოა. რაც შეეხება წმ. სვიმეონის მოწმობას იმის შესახებ, რომ ქმარს ცოლის მარჯვენა მხარეს აყენებენ, ხოლო ცოლს ქმრის მარცხენა მხარეს, წმ. სვიმეონისავე განმარტებით ცოლთან შედარებით ქმრის უპირატესობაზე, მის მეთაურობაზე მიანიშნებს და არა მოძრაობის მიმართულებაზე, როგორც ეს ცრუპენტელა "მეცნიერს" ჰგონია.


წმიდა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში, ღვთისმსახურებისას, გამოსვლანი და მსვლელობანი მზის მიმართულების საწინააღმდეგოდაც სრულდება, როდესაც ამ ქმედებებს, თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე, სხვა დატვირთვა გააჩნიათ, ვიდრე ლიტანიობისას, ნათლისღებისა და ჯვრისწერის საიდუმლოებებში მზის მიმართულებით მოძრაობას. მაგალითად, გამოსვლა საცეცხლურით, წმ. სახარებითა და საღვთო ძღვენით (დიდ გამოსვლაზე ქერუბიმთა საგალობლის დროს), ასევე ტრაპეზის კმევისას წმ. საკურთხეველში, ან რომელიმე წმ. საგნის კმევისას, ან კიდევ წმ. ტრაპეზის შემოვლისას მღვდელმსახურთა (ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის) ხელდასხმის დროს და სხვა.

ყველა ზემოთჩამოთვლილ რიტუალს, თავისი, განსაკუთრებული აზრი გააჩნია. საცეცხლურით კმევა უფლის წინაშე აღესრულება (მალაქ. 1:11). გამოსვლა წმ. სახარებით ქრისტეს მოძღვრებაზე მიანიშნებს და სახეა მაცხოვრისა, რომელიც ქვეყანას ევლინება. დიდი გამოსვლა იერუსალიმში ქრისტეს საზეიმო შესვლის სახესაც წარმოადგენს, როდესაც სახედარზე მჯდარ მაცხოვარს ოსანათი ხვდებოდნენ ძენი ისრაელისანი. ხოლო ხელდასხმის საიდუმლოში, რაკიღა ღირსეულ კაცს  ("აქსიოსს") უფალს წარუდგენენ, ამიტომაც იგი პირით აღმოსავლეთისკენ ანუ სიმართლის მზისკენ - უფლისკენ მიიქცევა.

ამტომაც, ამ საეკლესიო რიტუალების შესრულებისას მოძრაობა მათში ჩადებული რელიგიური შინაარსიდან გამომდინარე მზის მოძრაობის საპირისპიროდ აღესრულება (Закон Божий, для старообрядческих школ; составитель старообр. Свящ. Григорий Максимович Карабинович. Изд. Втор. Москва. 1910 Репринт. Изд. Москва. Издательство "Голос" 1990 г., стр. 213-216).

ამიტომაც, ე. ჭელიძისეული განმარტება, თითქოსდა მზის მოძრაობის თანხვდენილი მსვლელობა "... მაცოცხლებელ ჭეშმარიტებათაგან განდგომა და ბნელეთისკენ სწრაფვა" იყოს (იხ. ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 246), იმ ახალმოწესე რეფორმატორთა ახირებაა, რომლებიც ჭეშმარიტებაში წვდომას კი არ ესწრაფვიან, არამედ ნებისმიერი ხერხებით ცდილობენ დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტებას.

იგივე უნდა ითქვას "არქიმანდრიტ" რაფაელის "მტკიცებულებებზეც": ქრისტე "სიმართლის მზედ" და "სულიერ აღმოსავლეთად" რომ იწოდება უცნობი როდია ჩვენთვის, მაგრამ ლიტანიობა, თითქოსდა "სიმბოლურად ქრისტეს მეორედ მოსვლას ნიშნავდეს" და ამიტომაც, "ქრისტეანები მის შესახვედრად აღმოსავლეთისკენ მიემართებიან", უცხოა ჩვენთვის და თუ გვაუწყებს ბ-ნი რაფაელი რომელი წმიდა მამისგან ისწავლა, დიდ პატივს დაგვდებს.

ასევე უცხოა ჩვენთვის სწავლება, თითქოსდა ქრისტეანული კაცობრიობა, ქრისტეს ეკლესია, მეორედ მოსვლის შესახვედრად მიემართებოდეს. მეორედ მოსვლას, - მიემართება ვინმე მის შესახვედრად თუ არა, - ნებისმიერ ადამიანი შეხვდება (ვინ როგორი სინდის-ნამუსით ეგ სხვა საქმეა), მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა და სულიერი მდგომარეობისა. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული რიტუალი, რომელიც ამ სწავლების გამოხატულება იქნებოდა, ქრისტეს ეკლესიაში არც არსებობს.

ამრიგად, ლიტანიობაზე და ისეთ საეკლესიო საიდუმლოებებში, როგორიცაა: ნათლობა და ქორწინება, მზის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობა, ჯერ ერთი არის ღვთისგან დადგენილი ბუნების საწინააღმდეგო ქმედების ნიშანი და მეორეც, ღვთისადმი უშუალო წინააღმდეგობისა და დაპირისპირიების სიმბოლოდ წარმოჩინდება და არ წარმოადგენს მართლმადიდებლურ ტრადიციას, როგორც ამას "არქიმანდრიტი" რაფაელი ირწმუნება.

ასე რომ, გმართებთ დაფიქრება, - თუ ვის წინააღმდეგ მოძრაობთ ბატონებო!

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика