აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 12 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ვედრება

შინაარსი

თავი 9

ნიკონიანური რეფორმების შედეგად დამკვიდრებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება და სწავლება


) იესუს ლოცვის შესახებ


ნიკონიანელმა რეფორმატორებმა ხომ შერყვნეს და შეურაცხყვეს მაცხოვრის სახელი "იესუ", ესეც არ იკმარეს და ღვთისმსახურებიდან ამოაგდეს იესუს ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

ძველ, ნიკონამდელ წიგნებში, საზოგადოდ მიღებული იყო ზოგადსაეკლესიო ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (ან "შეგვიწყალენ ჩვენ"). არცთუ იშვიათად მოიპოვება მათში ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ", მაგრამ პირველი ლოცვა უნივერსალურად, ანუ საყოველთაოდ მიიჩნევა, როგორც სახარებისეული ტექსტებიდან მომდინარე და წმიდა მოციქულთა აღმსარებლობა, რომელზეც დააფუძნა ღმერთმა თავისი ეკლესია. ამას ადასტურებს 1938 წ. ბარლაამის მონასტრის მიერ გამოცემული შესანიშნავი წიგნი "საუბრები იესუს ლოცვაზე" (რეპრინტ. გამოცემა. Изд. Елеон. Москва. 1998 г.), სადაც წმიდა მამათა თხზულებებიდან დამოწმებული უამრავი ამონაწერებით ნათელი ხდება, რომ ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (ან "შეგვიწყალენ ჩვენ") გახლავთ საყოველთაო ეკლესიის მიერ საზოგადოდ მიღებული ლოცვა, რომელიც XVII საუკუნემდე, ყველა წარსულ საუკუნეში განუწყვეტლივ იკითხებოდა ღვთისმსახურებისას. კითხულობდა მას ყველა წმიდა მამა.

"უძველესი დროიდან, - მოწმობს ეს წიგნი - მრავალი ირჩევდა ამ ლოცვას: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", საყოველთაოდაც დამკვიდრდა და ეკლესიის წეს-განგებაშიც კი შევიდა. მასზე უთითებენ წმ. ეფრემ ასურელი, წმ. ისააკ ასურელი, წმ. ევსუქი, წმ. ბარსონუფი და იოანე, წმ. იოანე კიბისაღმწერელი. წმ. იოანე ოქროპირი მის შესახებ ასე გვმოძღვრავს: "გევედრებით, ძმანო, არსოდეს დაარღვიოთ და არ მოიძულოთ ეს ლოცვა". ბერი, ვალდებულია, ჭამს თუ სვამს, ზის თუ მსახურობს, მოგზაურობს თუ სხვა რამეს იქმს, განუწყვეტლივ იღაღადოს ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (დასახ. წიგნი. გვ. 31-32).

1667 წელს ასეთი საყოველთაოდ მიღებული ლოცვის უარყოფითა და ღვთისმსახურებიდან მისი ამოღებით რეფორმატორები დაუპირისპირდნენ ეკლესიის ძველ და კურთხეულ პრაქტიკას, რამაც ძელ ღვთისმოსაობის დამცველთა სრულიად სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რაც კიდევ ერთი საბაბი გახდა ამ ხსენებული რეფორმატორული კრების უარსაყოფად, რომელმაც ეს ყოველივე დოგმატურ საფუძელზე გააკეთა, განმარტა რა, თითქოსდა ეს ლოცვა არიანულ (!) საცთურს შეიცავდა.

"ვერ გულისხმაყოფთ, წყეულნო, - წერს ერთ-ერთი რეფორმატორი, ათონის ივერონის მონასტრის ბერძნი არქიმანდრიტი დიონისე, - რომ არიანულ მწვალებლობაში ვარდებით... რადგან არიოზს ქრისტეს მხოლოდ ღვთის ძეს უწოდებდა და აღიარებდა, თქვენც ასე ხართ, არიანელობთ, ვითარც არიოზი და სხვა არიანელნი..." (დედანში: "Не разумеете окаяннии, - яко в ариеву ересь впадаете, зане Арии Христа Сына Божия токмо и исповеда, такожде и вы ныне... мудрствуете вы яко Арий... Арианствуете, яко Арий и прочие ариане..." (Деяния соб. 1667 г. Толкование о аллилуии и о знамении честного и животворящего креста сиречь сложения перстов, и заповедь о святом символе, и о Исусове молитве и о прочих". Цит. Н. Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. II, Сергиев-Посад. 1912 г. Репринт. Москва 1996 г. Приложения. Сочинение Иверского Архимандрита грека Дионисия. Моск. Синод. Библ. Рукопись № 372).

ზემოთხსენებული ახალმოწესეობრივი გამოცემის თანახმად: "უეჭველია, რომ წმ. მამათა მიერ შედგენილი ყოველი სხვა ლოცვა, რომელიც მიმართულია იესუ ქრისტესკენ, ღვთითშთაგონებულია, საღმრთოა და მადლმოსილია, მაგრამ თავისი მეტ-ნაკლები შედგენილობით და სირთულით ყოველდღე არცთუ მოსახერხებელია, თანაც ყოველი საქმის კეთებისას და ყოველ ადგილას. ხოლო იესუს ლოცვა თავისი სიმოკლისა და უბრალოების ძალით შეიცავს ყოველივეს, რაც ღმრთის ძეს განეკუთვნება, როგორც ჩვენი ცხოვნების საღმრთო აღმშენებლობის მიხედვით, ასევე მისი ღვთაებრივი, იპოსტასური მდგომარეობითაც. მისი უფლად და ღმრთის ძედ აღიარებით, ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთად, მამისა და სულიწმიდის თანაარსად ვაღიარებთ მას; ხოლო ვუწოდებთ რა იესუ ქრისტეს და ვევედრებით რა ჩვენს შეწყალებას, ვაღიარებთ საიდუმლოს საღმრთო აღმშენებლობისა, რომლის აღსრულება ენება ღმერთს კაცთათვის და კაცთა ცხოვრებისათვის; ჩვენ აღვიარებთ მას ჩვენს მაცხოვრად, და ასევე აღვიარებთ, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ცხოვნება. სწორედ ამაშია ჩვენი ქრისტეანული სარწმუნოების, სახარებისა და მთელი ქრისტეანული სწავლების არსი. "ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისა და რაითა გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს სახელითა მისითა" (იოანე 20:31).

ერთი სიტყვით, იესუს ლოცვა უმჭიდროვესად გვაერთიანებს ჩვენ იესუ ქრისტესთან და მასში და მისით ღირსგვყოფს მარადიული ცხოვრების თანაზიარად. იმავე მოციქულის თქმით: "მის თანა ცხორებაი იყო" (Беседы о молитве Иисусовой. Изд. Москва. 1998 г, стр. 27).

წმ. პახომი დიდი (IV ს.) განწესებაში, რომელიც მას ანგელოზმა უბოძა, სხვა ლოცვებთან ერთად მითითებულია ასი იესუს ლოცვაც (იქვე. გვ. 32)
(ხომ არ ვნახოთ ლავსაიკონი).

"საუკეთესო და საიმედოა იესუს ლოცვა, რომელიც ასე იკითხება: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". მაგრამ, სავალდებულოა თუ არა ეს ლოცვა ერისკაცთათვის? აუცილებლად სავალდებულოა! რამეთუ, ყოველი ქრსიტეანისთვის აუცილებელია შეერთება უფალთან გულით, ასეთი შეერთებისთვის კი საუკეთესო საშუალებაა იესუს ლოცვა" (იქვე. გვ. 33).

მაშ, ვიკითხოთ, როგორ არის შესაძლებელია, ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ გამოცხდებულ იქნას, რომ იესუს ლოცვა, რომელიც ახალმოწესეთა თქმითაც კი ასე იკითხება: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", გამოცხადებულ იქნას არიანული საცთურის შემცველად? მისი წარმომთქმელნი და დამცველნი კი - არიანელებად? არის თუ არა ეს ღვთის გმობა და თუ არის, როგორღა გავამართლოთ რეფორმის დამაგვირგვინებელი 1667 წლის კრება და როგორ მივიჩნიოთ იგი არაერეტიკულად, მეტიც, მართლმადიდებლურადაც კი?

"როდესაც უფალი მოწაფეთა და ხალხის თანხლებით იერიქონიდან გამოდიოდა, გზაზე მჯდარმა ბრმა ბართიმესმა (Вартимей), რომელიც წყალობას ითხოვდა, იესუს მოახლოვება რომ გაიგო ყვირილი დაიწყო: "იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე" (ლუკა 18:38, 39). მას აუკრძალეს ყვირილი, მაგრამ ის უფრო მეტად აყვირდა. ამ შეუწყვეტელი ღაღადისის შემდეგ უფალმა ეს ბრმა განკურნა. მაშ, მსგავსადვე ვიყვიროთ და ვიღაღადოთ ჩვენც და ჩვენი დაცემული ბუნების, ეშმაკისეულ შთაგონებათა, ცოდვილ ოცნებათა და ვნებათა მიუხედავად, რომლითაც ის ხელს უშლის ჩვენს ლოცვას, უცილობლივ მივიღებთ ღვთის წყალობას" (იქვე. გვ. 47).

მაშ, თუკი ლოცვა "იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე" მომნიჭებელია ღვთის წყალობისა და არაფერს ერეტიკულს არ შეიცავს, რამდენად უკეთურებაა იმის მტკიცება, რომ ლოცვა "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" მწვალებლური და არიანული საცთურის შემცველია?!

ჩვენს დროში მისიონერულმა გამომცემლობა ვლადიმიროვოში (ყოფილი ჩეხოსლოვაკია, დღეს კი სლოვენიის რესპუბლიკა), გამოსცა წიგნი იესუს ლოცვის შესახებ, - "გულახდილი საუბრები" ("Откровенные рассказы"). საგულისხმოა, რომ მასში არც ერთხელ არ არის დამოწმებული იესუს ლოცვის ძველი ფორმა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". აი, როგორ სძულთ ეს ლოცვა 1667 წლის დადგენილებათა მიმდევართ. აღსანიშნავია, რომ თვით ბარლაამის მონასტერშიც, სადაც გამოიცა ზემოთხსენებული წიგნი "საუბრები იესუს ლოცვაზე", ღვთისმსახურებაზე ეს ლოცვა არ იკითხება (Церковное обозрение. Белград-Сербия. 1940 г. № 1-2. ციტ. Ф. Е. Мельников. "Краткая история Древлеправославной (Старообрядческой) Церкви. Барнаул. 1999 г., стр. 88-87. Схолий). და ასე იქნება ეს მანამ, სანამ ოფიციალური თუ არაოფიციალური, სქიზმატური თუ არასქიზმატური ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული "მართლმადიდებელი" კონფესიები აღიარებენ და მიჰყვებიან 1654-1667 წლების კრებებს. ასე იქნება მანამ, სანამ ნიკონიანენელბი არ აღიარებენ ამ კრებათა ერეტიკულობას და არ დაგმობენ მას.

***


აქ შეიძლება გვკითხონ, კეთილი, მაგრამ ახალმოწესეები ხომ მხოლოდ ღვთისმსახურებაზე არ კითხულობენ ამ ლოცვას, სენაკში (ბერებისთვის) და შინ (ერისკაცთათვის) ეს ლოცვა ნებადართულია და პრაქტიკულ რჩევა-დარიგებებსაც კი იძლევიან. მაშ, რატომ ვამბობთ, რომ ისინი უარყოფენ ამ ლოცვას?

საქმე იმაშია, რომ ნიკონიანელები ამ ლოცვის ღვთიმსახურებიდან ამოღებით უპირისპირდებიან ეკლესიის უძველეს და წმიდა მამათაგან ნაკურთხ პრაქტიკას. ეს არცთუ უმნიშვნელო ცოდვაა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მათ ეს გააკეთეს დოგმატური შეხედულების შესაბამისად. მათი მტკიცებით, იესუს ლოცვა არიანულ საცთურს შეიცავს; თუ ეს ასეა, მაშინ მისი ლოცვა არც შინ და არც სენაკში არ შეიძლება; თუ ეს ლოცვა ერეტიკულ საცთურს შეიცავს, მაშინ არ უნდა ვიძლეოდეთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ ვილოცოთ იგი განმარტოვებისს, ხოლო თუ მისი ლოცვა შესაძლებელია კერძო ლოცვებში, იგი ასევე დასაშვები უნდა იყოს ღვთისმსახურების დროსაც და ნიკონიანურ ეკლესიას იგი სულ ტყუილ-უბრალოდ ამოუღია.

ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ არიანული საცთურის შემცველად ისეთი ლოცვის გამოცხადება, რომელიც წმ. ანგელოზს უბოძებია წმ. პახომი დიდისთვის, რომელიც წმ. მამათა და თვით ახალმოწესე "წმინდანთა" (თეოფანე დაყუდებულის, ეგნატე ბრიანჩანინოვის, სერაფიმე საროველის, ამბროსი ოპტინელის, პაისი ველიჩკოვსკის და სხვათა) განმარტებითაც ისიხასტების (მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერ-მონაზვნების) უმთავრესი ლოცვაა, თავადვე წარმოადგენს უმძიმეს მწვალებლობასა და საღმრთო სწავლების შეურაცხყოფას.



გაგრძელება იქნება.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика