აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 10 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

მართლმადიდებლური ჯვარი

შინაარსი

თავი 9

ნიკონიანური რეფორმების შედეგად დამკვიდრებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება და სწავლება

ბ) ქრისტეს ჯვრის დევნა ახალმოწესე-რეფორმატორთა მიერ


ამჯერად განვიხილოთ, როგორი იყო ნიკონიანელ რეფორმატორთა დამოკიდებულება რვადაბოლოებიან ჯვართან. ცნობილია, რომ 1054 წ.- ის დიდი განხეთქილების შემდეგ, როდესაც წარმოიქმნა ე. წ. "პაპისტური", დასავლური ეკლესია, რვაკიდურიანი ჯვარი გახდა მართლმადდიებლობის, ხოლო ოთხდაბოლოებიანი - ლათინობის სიმბოლო. დასავლეთის ეკლესიებში ამჟამად რვადაბოლოებიან ჯვარს ვერსად ნახავთ, ვერც ექვსდაბოლოებიანს, არამედ მხოლოდ ოთხკიდურიანს, მაშინ, როდესაც რუსეთში, ისევე როგორც მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში, რვადაბოლოებიანმა ჯვარმა ერთგვარი უპირატესობა მოიპოვა ოთხდაბოლოებიანთან დაკავშირებით.

რვადაბოლოებიანი ჯვარი გახდა არა მარტო ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევისა და ეშმაკის შეკვრის, ეკლესიათა მშვენებისა და მეფეთა სიმტკიცის სიმბოლო, არამედ შეიქნა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ზეიმის ხატად, მწვალებელთა და, უპირატესად, ლათინობის (ანუ პაპიზმის) ძლევის სიმბოლოდ. მაგრამ ასე იყო მხოლოდ ნიკონის რეფორმამდე. ლათინობის ზეგავლენით აღმოსავლეთის ქვეყნებში და საბერძნეთში ოთხდაბოლოებიანმა, ლათინურმა ჯვარმა თანთადანობით გამოდევნა რვადაბოლოებიანი ჯვარი, მართლმადიდებლობის სიმბოლო.

ამ სამწუხარო მოვლენას ვერც რუსეთი გადაურჩა, ცხადია, პატრიარქ ნიკონზე აღმოსავლელი იერარქების ზემოქმედების შედეგად.

რეფორმატორთა 1667 წლის კრებამ უარყო რვადაბოლოებიანი ჯვარი და ქრისტეს ჭეშმარიტ ჯვრად ოთხდაბოლოებიანი ჯვარი გამოაცხადა. ამ კრებამ განაწესა: "... ვბრძანებთ, რათა სეფისკვერებზე გამოსახულ იქნას ოთხკიდურიანი ჯვარი... რამეთუ ორი ხისგან შეკრული ჯვარი არის სწორედ ჭეშმარიტი ჯვარი" (Деяния Московских  соборов 1667 г. Изд. Москва, синод типогр. 1893, г., л. 5-7 об). არადა, წმ. წერილისა და მამათა მიხედვით მაცხოვრის ჯვარი შედგებოდა სამი ხისგან (საროს, ფიჭვისა და კედარისგან) (იხ. ესაია 60:13) და არა ორისგან, როგორც ამას გალათინებული რეფორმატორები ასწავლიდნენ.

მეტიც, რუსმა რეფორმატორებმა სამღვდლო ფიცში წყევლის ასეთი ფორმულაც კი შეიტანეს: "... ვწყევლი სეფისკვერებზე რვადაბოლოებიანი ჯვრის აღმბეჭდველთ..." (Присяга на степень священства Иоакима Патриарха. В. М. Удольский. "Хронологический указатель славяно-русских книг церковной печати с 1491 г. По 1876 г. А прозорский. Сильвестр Медведев, его жизнь и деятельность. Изд. Москва. 1856 г.).

რვაკიდურიანი ჯვრის დევნამ თანდათანობით უფრო აშკარა ხასიათი მიიღო. მას უკვე გაცოფებით, სიძულვილითა და ლანძღვა-გინებითაც კი დევნიდნენ. მოაშორეს ის ღვთის ტაძრებს, აიღეს სეფისკვერებიდან, არტოსიდან, პანაღიარული პურიდან, ღამისთევით ლოცვებში საკურთხებელ პურთაგან და თვით ანტიმინსებიდანაც (ოდიკი) კი. ყველგან დევნიდნენ მას და სპობდნენ, რის გამოც აღშფოთებული მღვდელმოწამე ამბაკუმი სრულიად სამართლიანად წერდა: "ისმინეთ, ძმანო, რას ბრძანებს მოციქული პავლე - ქრისტეს ჭეშმარიტებაზე იდექითო მტკიცედ. თავისუფალნი ვართ ჩვენ ქრიტეს მიერ. გაგვათავისუფლა მან ცოდვის მონობისგან, ეს ქისა, მატლით სავსე ქისა ოთხი ლურსმნით მიაჭედა სამნაწილიან ჯვარზე და არა სამით, როგორც ამას მჭევრმეტყველებენ რომაელი პაპისტები ნიკონიანელებთან ერთად, თითქოს ფეხებო ერთი ლურსმნით მიემსჭვალოთ უფეხსადგამო ძელზე. რას უნდა ველოდეთ? რასაც ეშმაკი უბრძანებთ იმას აკეთებენ... მოციქულებმა და შვიდმა მსოფლიო კრებამ ეკლესია, როგორც პატარძალი, მართლმადიდებლური დოგმატებით განამშვენეს და ქრისტესთან ერთად, საკუთარი სისხლით აღბეჭდილი ეს სწავლება ჩვენ გადმოგვცეს, ანტიქრისტეს შვილებმა კი ის გაძარცვეს, გუმბათიდან სამნაწილიანი ჯვარი ჩამოაგდეს და მის სანაცვლოდ ლათინური, ოთხდაბოლოებიანი ჯვრები დასვეს. შეცვალეს მსხვერპლი, ლოცვები, გალობა და ყოველივე ანტიქრისტეს გასახარდ გამოაწყვეს. რა უნდა მოხდეს? მისმა (ანტიქრისტეს - არქიპ. პ.) შვილებმა თავიანთ მამას გზა განუმზადეს და თუმც ჯერ კიდევ არ მოსულა ეს უკანასკნელი ეშმაკი, ახლოს არის უკვე... "ხოლო თვენ, ძმანო, წმიდა სარწმუნოებით დამოძღვრილნო, წმ. ეკლესიისთვის დექით მტკიცედ და მამათა გადმოცემებისათვის თავი გაწირეთ; თვენს დედას (ეკლესიას - არქიეპ. პ.) ნუ გააძარცვინებთ ქურდებს, რადგან მასში ვშობილვართ სულიერი შობით და მასში ვიზარდეთ" (Аввакум. "Житие" протопопа Аввакума им самим написанное. Москва. АН. СССР. 193 г., стр . 222, 223).

იგივეს ბრძანებდნენ სხვა მოძღვრებიც, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ იმ კადნიერებით, ნოკონიანელებმა ექვსდაბოლოებიან, უფრო სწორედ რვადაბოლოებიან ჯვარს რომ მოაწიეს, რამეთუ პილატემ დაფა დააკრა სწორედ ექვსდაბოლოებიან ჯვარს და არა ოთხკიდურიანს. დაფა არასოდეს ყოფგილა ოთხკიდურიან ჯვარზე, არ არის ის არც რომის ეკლესიაში, არც ახალმოწესეობრივ-რეფორმატორულში, დაფის ნაცვლად ისინი ქაღალდის წარწერას გვთავაზობენ, მაგრამ წმ. წერილი ცხადად მეტყველებს: "და დაწერა პილატემ ფიცარი..." (იოანე 19:19).

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი უკეთურება იყო ქრისტეს რვადაბოლოებიანი ჯვრის ხატის განდევნა პროსფორებიდან, დისკოსიდან და თვით ტარიგიდანაც კი (იხ. სურ. ქვემოთ), რომელიც ლიტურგიაზე შეიცვალვის ქრისტეს უწმიდეს და უპატიოსნეს ხორცად (შეად. იოანე 6:48-56).



პროსფორები: ახალმოწესეობრივი (მარცხნივ) და ძველმართლმადიდებლური (მარჯვნივ)

ძველი კურთხევანების მიხედვით რვაკიდურიანი ჯვარი გამოისახებოდა მრგვალი ბეჭდის შიგნით (იხ. ქვედა სურათზე ძველმართლმადიდებლური პროსფორა), გოლგოთის მთით, ადამის თავით, ლახვრითა და ჩვრით, ანუ გოლგოთის მსხვერპლი მთელი სისრულით გამოისახებოდა სეფისკვერზე (იხ. ქვემოთ), მაგრამ ერეტიკოსებმა ამდაგვარი სეფისკვერების (პროსფორების) აღიარებისთვის ძველმორწმუნენი დაწყევლეს და ანათემას შეუყენეს (იხ. ზემოთ იოაკიმე პატრიარქის "ფიცი") და მეტიც, სეფისკვერებზე რვადაბოლოებიანი ჯვრის გამომსახველნი მწვალებლებად (!) გამოაცხადეს (იქვე).



ძველმართლმადიდებლური სეფისკვერი

ამრიგად, ეს ყოველივე გაუქმდა და მწვალებლურად გამოცხადდა 1666-1667 წლების სწორედაც რომ მწვალებლური კრების მიერ, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მართლმადიდებლები "ეკლესიიდან" მოიკვეთეს. მეტიც, 1666-1667 წლების კრებებმა შეცვალეს ტარიგზე გამოსახული ბეჭდის მრგვალი ფორმაც, რაც, წმ. მამათა განმარტებით, ღმრთის უსასრულობაზე მიანიშნებს.

მრგვალ სეფისკვერებზე იყო მრგვლოვანი ბეჭედი წარწერით: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იხ. ზემოთ. ძველმართლმადიდებლურ სეფისკვერზე), რომელიც აღებულია იოანეს სახარებიდან (ინ. 1:29). ნიკონიანელმა რეფორმატორებმა ესეც გააუქმეს და მის სანაცვლოდ დასვეს ოთხკუთხედი ყოველგვარი სიმბოლური გამოსახულებების გარეშე, ამ ოთხკუთხედში კი ოთხკიდურიანი (თანაბარ
კუთხოვანი) ჯვარი მოათავსეს ტიტლოსით: IC XC (ზემოდან) და წარწერით НИКА (იხ. სურ. ქვემოთ).



ახალმოწესე რეფორმატორ "მართლმადიდებელთა" მიერ დამკვიდრებული სეფისკვერი

ასეთი ჯვარი ასეთი წარწერით ეჩვენა რომის იმპერატორ დიდ კონსტანტინეს, რის შესახებაც გადმოცემულია მის ცხოვრებაში და ეკლესიის ისტორიკოსთა თხზულებებში. ამგვარად, გოლგოთის გამოსახულება, თვით ტარიგზეც კი შეცვლილ იქნა იმპერატორ კონსტანტინეს ხილვით, თანაც ეს იმდროინდელი და ძველი რუსეთისთვის გაუგონარი სიახლე განმტკიცებულ იქნა საშინელი წყევლა-კრულვებითა და ანათემებით (Книга деянии собора 1666 г., л. 37. Собор 1667 г., л. 26-27).

მაცხოვრის რვადაბოლოებიანი ჯვარი იმდენად საძულველი გახდა ნიკონიანელ რეფორმატორთათვის, რომ ამ ახალი ეკლესიის ერთ-ერთი "წმინდანი" დიმიტრი როსტოველი მას "რასკოლნიკურსაც" (!) კი უწოდებს (Димитрий митр. Ростовский. Розыск).

1666 წლის კრების მოთხოვნით პროსფორის გამომცხობებს ჩამოერთვათ ბეჭდები რვადაბოლოებიანი ჯვრის გამოსახულებებით, ხოლო იმათ, ვინც ამ განკარგულებას არ შეასრულებდა ჯაჭვებით აბამდნენ (В. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г., стр. 80), რათა ჭკუა ისწავლონ და "მომავალში ასეთი ბეჭდები არ იქონიონ" (Книга деянии собора 1666 г., л. 38. об.).

ნიკონიანელი რეფორმატორები აწამებდნენ ღვთისმოსაობის იმ დამცველთ, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ამ დადგენილებებს და ლიტურგიას მაინც რვადაბოლოებიანი ჯვრით აღბეჭდილი სეფისკვერებით ასრულებდნენ. მაგალითად, კერჟენულ სიტყვისგებაში ნათქვამია, რომ "რასკოლნიკები და მოწინააღმდეგეები პროსფორებს "რასკოლნიკურად" ბეჭდავენ და ამისთვის მათ აწამებენ და აპარტახებენ" (დედანში: "... раскольники и противники по раскольнически просфоры печатают, и мучаше их за то,, разоряху" (Керженские ответы. Ответ на 57 вопрос).

ერთხელ, იმდროინდელმა ძველმორწმუნეებმა ასეთი შეკითხვით მიმართეს ნიკონიანელთაგან ერთ-ერთ "უთვალსაჩინოეს" რეფორმატორს, ნიჟეგოროდის მიტროპოლიტ პიტირიმეს: "თუ რომელიმე მღვდელი წმიდა ეკლესიაში ლიტურგიას აღასრულებს ძველნაბეჭდი წიგნების მიხედვით, შვიდ სეფისკვერზე, უფლის პატიოსანი (რვადაბოლოებიანი - არქიეპ. პ.) ჯვრით და წარწერით "აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1:29) შეიცვლება სეფისკვერი ქრისტეს უპატიოსნეს ხორცად თუ არა?"

პიტირიმემ უპასუხა: "თუ რომელიმე უმეცარი (!), თქვენგან ცთუნებული (!) და გარყვნილი (!) გაბედავს ასე მსახურებას, დაუპირისპირდება აღმოსავლეთისა და დიდი რუსეთის ეკლესიის ზემოთხსენებულ კრებით კრულვას, წყეულ არს, განკვეთილ და დამხობილ უნდა იყოს, ამიტომაც, ამდაგვარ კრებითად შეჩვენებულ და დამხობილ სამღვდელოებიდან შეწირული მსხვერპლი არ შეიძლება ქრისტეს წმიდა ხორცად და სისხლად შეიცვალოს" ("Пращица". Питирима ответ. 212. ციტ. იქვე. გვ. 81).

სხვათა შორის "იყო მცდელობა, ამ შეკითხვაში "გადამრბენი მღვდლები" ეგულისხმათ, მაგრამ ეს მცდელობა უსუსური აღმოჩნდა. პიტირიმე გულისხმობდა სწორედ ე. წ. "მართლმადიდებელ" (ანუ ნიკონიანელ - არიქიეპ. პ.) მღვდლებს, რომლებიც ნიკონიანურ ეკლესიაში რვაკიდურიანი ჯვრით აღბეჭდილ სეფისკვერებზე აღასრულებდნენ ლიტურგიას (იხ. Филиппов Т. И, С. 33,9-342. ციტ.Ф. Е. Мельников. "Краткая история". С. 81).

ამ კერძო შემთხვევაში მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ ისინი, რომლებიც მხოლოდ იმაში არ ეთანხმებოდნენ ნიკონიანურ ეკლესიას, რომ ლიტურგიას ასრულებდნენ რვაკიდურიანი ჯვრით აღბეჭდილი სეფისკვერებით და მარტოოდენ ამისთვის გადასცემდნენ კრულვას და სასულიერო პატივისგან დაამხობდნენ (იქვე).

მაგრამ ეს კიდევ არაფერი, წყევლა-კრულვებსა და პროსფორის (წმ. ტარიგის) ქრისტეს უწმიდეს ხორცად "შეუცვლელობის" მიზეზად მარტო რვაკიდურიანი ჯვარი არ იყო გამოცხადებული. ნიკონიანელები აუმხედრდნენ ამ ბეჭედზე გამოსახულ ლახვარსა და ლერწამზე წამოცმულ ღრუბელს (რომლითაც ძმარი ასვეს ჯვარცმულ ქრისტეს - არქიეპ. პ.) (იხ. იოანე 19:29-34). პიტირიმე ირონიით ამბობდა, რომ ძველ პროსფორებში რვაკიდურიანი ჯვარი, ლახვარი და ლერწამი იქცევა ქრისტეს ხორცადო (Пращица первых изданий. Л. 38. Об. ციტ. იქვე. გვ. 81).

აი, როგორ მსჯელობამდე მივიდა ნიკონიანელთა მტრობა ჯვრის წინააღმდეგ. პიტირიმეს ამ "არგუმენტს" იმეორებდა ბევრი სხვა ნიკონიანელი მოპაექრეც.

ჯერ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ წმ. მამათა მიერ და წმ. საღვთისმსახურებო ტექსტებში განიდიდება არა მხოლოდ ჯვარი, არამედ ლერწამიც, ლახვარიც და ლურსმნებიც კი. "დიდი მარხვის მეოთხე შვიდეულში, "უფალო ღაღად-ვყავის" დასდებლებში, რომელიც ეკუთვნის წმ. თევდორე სტოდიელს, ნათქვამია: "Поем распятие, копье, губу и трость, ими же обессмертив, в прежнюю паки сладости жизнь возвел еси, яко человеколюбец" (Митр. Елевферий. "Об искуплении". Париж. 1937 г., стр. 59) (ქართულად ეს ასე იქნება: "ვუგალობთ ჯვარცმას, ლახვარს, ღრუბელს და ლერწამს, რომლითაც უკვდავგვყავ და ადრინდელ ტკბილ ცხოვრებას მიგვაახლე, რამეთუ ხარ კაცთმოყვარე").

ამგვარად, არა მხოლოდ ჯვრით, არამედ ლერწმით, ღრუბლითა და ლახვრით უკვდავგვყო ქრისტემ, ამიტომაც ისინი გამოსახულნი უნდა იყონ ჯვართან ერთად; მაშასადამე, სრულიად კანონზომიერია, რომ მათ გამოსახავდნენ კიდეც დისკოსზე, ტარიგზე, პროსფორების ბეჭედზე (იხ. ზემოთ სურათები), ხოლო მათი განდევნა ამ საგნებიდან, თანაც ანათმებითა და წყევლა-კრულვებით, ტანჯვა-წამებებითა და დევნულებებით არის უდიდესი მკრეხელობა და უეჭველი ერესი, რომელსაც ყველაზე უბოროტესი სექტანტი თუ იკადრებს.  

ასე, რომ გოლგოთის მთელი ხატი განდევნილ იქნა წმიდა და უსისხლო მსხვერპლშესაწირავიდან და, არა მარტო განდევნილ, არამედ განკითხულ და შეურაცხყოფილიც კი იქნა. ამის დასტურია თუნდაც სხვა "თვალსაჩინო" ახალმოწესე "მღვდელმთავრის", არქიეპისკოპოს თეოფილაქტე ლოპატინსკის გამოხდომა ჯვრის წინააღმდეგ, რომელიც გადმოცემულია მის წიგნში "მხილება" (Обличение). აი, რას წერს იგი: "იხილეთ, მართლმადიდებელნო, როგორ მომაკვდინებელ შხამს (!), როგორ უკეთურებას ინახავენ ეს ბოროტმზრახველი გლახუჭები თავიანთი რვაკიდურიანი ჯვრისა და ორთითიანი პირჯვრისწერის ქვეშ" (Феофилакт Лопатинский. Обличение. Л. 60).

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკონიანური ეკლესიის მღვდელმთვართა მიერ დაწერილი ისეთი წიგნები, როგორიცაა "Пращица", "Обличение" და სხვა, იმდროინდელი მმართველი იერარქების კრებით ხმას წარმოადგენდნენ. ეს წიგნები გამოიცემოდა ე. წ. "უწმიდესი სინოდის" ნებართვითა და კურთხევით, მათი წინასწარი განხილვისა და მოწონების შემდეგ. ჯვრის საწინააღმდეგო გალაშქრება იყო მთელი ნიკონიანური ეკლესიის საქმე. მაცხოვრის რვაკიდურიანი ჯვრის გაკიცხვასა და გმობაში მთლიანად ნიკონიანური ეკლესიაა პასუხისმგებელი და დამნაშავე.

ნიკონიანელი რეფორმატორები რომ უფლის ჯვარს ამხედრებულები იყვნენ, ცხადია სხვა ფაქტებიდანაც ჩანს. კერძოდ: ქრისტეს ეკლესია ნათელღებულისგან ჯვრის ტარების ტრადიციას მოციქულთა დროიდან ამკვიდრებს. ქრისტეანი ვალდებულია მუდამ, სიკვდილამდე ატაროს მაცხვრის ჯვრის ხატი (ე. ი. რვადაბოლოებიანი - არქიეპ. პ.). ნიკონამდელ კურთხევანებში წმ. ნათლისღების წესით, როდესაც მღვდელი ახალმონათლულს ჯვარს აძლევს, წარმოთქვამს სიტყვებს: "ძალითა და მეოხებითა პატიოსანითა ჯვრითა შენითა დაიცევ იგი უფალო" და მიადებს ტუჩებზე (ე. ი. აამბორებინებს). ახალმონათლულ ყრმას დაჰკიდებს მკერდზე, შემდეგ აიღებს პერანგს, სარტყელს და იტყვის: "შემოსვის მონა ღვთისა (სახელი), სამოსლითა სიხარულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამენ".

ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" ნათლისღების საიდუმლოდან ამოაგდეს ჯვარი და სარტყელი და ახალმონათლული პერანგის ამარაღა დატოვეს. ახალი კურთხევანების მიხედვით, ახალმოწესე რეფორმატორები მონათლულს არც რვაკიდურიან ჯვარს აძლევდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" უდიდესი ნაწილი საერთოდ, არც ერთ შემთხვევაში პირჯვარს არ იწერს. ზოგი კი ამას მხოლოდ ეკლესიაში (ტაძარში) შესვლისს აკეთებს და ისიც ისეთი დაუდევრობით, რომ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ "ამგვარი პირჯვრისწერით მხოლოდ ეშმაკს ახარებენ".

ჯვრისადმი დაუოკებელი სიძულვილი ისეთ მკრეხელობამდეც კი მივიდა, რომ უკვე ჩვენს დროში ერთ-ერთი ცნობილი ახალმოწესე "ღვთისმეტყველი", საზღვარგარეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე ანტონი ხრაპოვიცკი იმის მტკიცებასაც კი შეუდგა "უფლის ჯვარს არა აქვს გამომსყიდველი ძალი და, რომ გამოსყიდვა აღსრულდა ჯვარცმამდე, ქრსიტეს გეთსემანიურ ღვაწლში". ამგვარად, ჯვარი საერთოდ კარგავს თავის ცხოველმყოფელ აზრსა და დანიშნულებას. მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკის ჰყავს მიმდევრებიც, კერძოდ: არქიეპისკოპოსი ილარიონი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ყოფილი ინსპექტორი; კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორი, მწერალი და მღვდელმონაზონი ტარასი და სხვები.

ჩვენ არაფერში გვჭირდება ახალმოწესე და ახალმორწმუნე ერეტიკოსთა ამ მწვალებლური შეხედულებების განხილვა; მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მაცხოვრის ჯვრისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება გახლავთ ნიკონიანელთა მხრიდან რვაკიდურიანი ჯვრის თითქმის სამსაუკუნოვანი დევნულების სამწუხარო შედეგი.

ნიკონის ეპოქის მართლმორწმუნეებმა სწორად გულისხმაყვეს, რომ რვაკიდურიანი ჯვრის განდევნა მისთვის საკადრისი ადგილებიდან, ნამდვილი გზის მომზადებაა ანტიქრისტესთვის, ამიტომაც უდიდესი მოშურნეობით, თვით სიკვდილამდეც კი, მოწამეობრივი ღვაწლით იცავდნენ მის ღირსებას და, ნიკონიანელ რეფორმატორთა უაზრო და საშინელი კრულვების მიუხედავად, არ ემორჩილებოდნენ მათ მწვალებლურ მოთხოვნებს (Ф. Е. Мельников. "Краткая история ..." с. 84).

გაგრძელება იქნება.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика