წერილები - გავამარჯვებინოთ სიყვარულს 5 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.

სიყვარული

წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.


შინაარსი

ნაწილი მეხუთე


დასკვნა


როგორც ვხედავთ, საქმისწარმოება, რომელიც ჩემს გასამართლებას ეხებოდა, ჩატარებულ იქნა საეკლესიო სამართლის, ჩვეულებრივი სამართლიანობის და ეკლესიის საზოგადო დისციპლინარული წყობის უგულებელყოფით. პირადი წყენა, რომელიც ჩვენი განცხადების წაკითხვის შემდეგ დაგეუფლათ, თქვენი გარემოცვიდან ზოგიერთი ადამიანის, მათ შორის, თქვენი ახლობლებისა და ადეპტების წაქეზებით ზოგადსაეკლესიო-კანონიკურ და დისციპლინარულ რანგში იქნა აყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ (მე და თქვენ) ორჯერ (!!!) შევძელით ურთიერთში მოგვეგვარებინა ურთიერთობა, პრობლემა კვლავ უფრო მეტი სიმძაფრით და მეტად არაკანონიკური, ულტიმატუმური ფორმით წამოჭერით, რაც თავისთავად გამორიცხავს რჯულით მინიჭებული აპელაციის უფლებას. ასე ექცეოდა წმ. იოანე ოქროპირს თეოფილე ალექსანდრიელი, რომელმაც, სხვათა შორის, ისტორიკოსის ცნობით, წერილიც კი მისწერა რომის პაპ ინოკენტის, რადგანაც მასთან ეძიებდა სიმართლეს.

მეტად საგულისხმოა ერთი ფაქტიც - როდესაც იოანეს წინააღმდეგ შეთქმულებმა (მისი პირველი გასამართლების წინ) მის დასამხობად გეგმა დაისახეს, წმ. მოციქულთა ტაძარსი, სადაც იმხანად რომელიღაც დღესასწაული უნდა ეზეიმათ და წესისამებრ საჯარო ქადაგებებს წარმოსთქვამდნენ, გააგზავნეს ვინმე ეპისკოპოსი ეპიფანე სალამინელი, რომელსაც აქ იოანეს საწინააღმდეგოდ უნდა ექადაგა და ხალხი დაემუხტა მის წინააღმდეგ. მას გეგმად დაუსახეს ეცნობებინა ხალხისთვის, რომ თუ "მხილების" შემდეგ იოანე მყის არ შეინანებდა და სინანულის აღთქმას არ დადებდა, ღვთის "სადიდებლად" და კონსტანტინოპოლელ მართლმორწმუნეთა "გადასარჩენად", საზეიმოდ აეყრებოდა პატივი (იქვე. გვ. 96).

როდესაც ამის შესახებ იოანემ გაიგო, აღშფოთებით წამოიძახა თურმე:

"ასეთი საქმე რომ გაბედო ან გიჟი უნდა იყო ან ეშმაკეული..."

და დაავალა თავის დიაკვან სერაპიონს აეხსნა ამ ეპიფანესთვის თუ როგორ არღვევდა იგი (ამ განზრახვით) საეკლესიო განწესებებს".

არავისი შეურაცხყოფა არ მსურს, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ყველა ადამიანს თავისი საქმე და სიტყვები წარმოაჩენს და თუ უცოდინარობით ხდება ეს ყოველივე, დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.

თავად განსაჯეთ, თუ რამდენად კანონიერია თქვენი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ:

1) ჩემს გასასამართლებლად კრება ისე მოიწვიეთ, რომ არც კი გამაფრთხილეთ, რითააც დაარღვიეთ წმ. მოციქულთა 74-ე კანონი;

2) "სასამართლო" ჩაატარეთ წინასწარი გამოძიების, მოწმეთა დაკითხვის, ბრალდებულის ახსნა-განმარტების გარეშე;

3) "სასამართლოს" გადაწყვეტილება დაეფუძნა თქვენს პირად ეჭვებსა და მითქმა-მოთქმას;

4) პირადი ხელწერილი (იხ. VI მსოფლ. კრების მე-2 კანონი) კრებას არ წარუდგინეთ (ამ კანონის მიხედვით, ბრალმდებელი პირობას დებს, რომ ბრალდებულისთვის მისგან წარდგენილი ბრალდების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მზად არის თვითონ აიღოს ის სასჯელი, რაც სხვას განუწესა).

5) წინასწარ, ჩემს დაუსწრებლად უკვე გასამართლებული გყავდით, რის გამოც კრებას "საბრალდებო დასკვნა" წარუდგინეთ და მოითხოვეთ ულტიმატუმი - დაუყოვნებლივი სინანული, აპელაციის უფლება კი არად ჩააგდეთ.

6) განსაცდელში ჩააყენეთ უდანაშაულო ეპისკოპოსი და ეკლესია განხეთქილების საფრთხის წინაშე დააყენეთ.

7) განსაცდელში ჩააგდეთ საკუთარი თავიც, რამეთუ მთელი ეს უკანონო განზრახვანი სისრულეში რომ მოგეყვანათ, საეკლესიო სამართალი მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონის თანახმად თქვენვე შეგიბრუნდებოდათ.

8) ღვთის რისხვაც მოსალოდნელია თქვენზე. ამის თქმის უფლებას კვლავაც წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება მაძლევს. მისი გამსამართლებელნი, რომლებიც თქვენი მსგავსი პრინციპით მოქმედებდნენ (მეტიც, - თქვენ უფრო მეტი უკანონობა ჩაიდინეთ) უცნაური და შემაძრწუნებელი სიკვდილით მიიცვალნენ.

წმ. იოანეს გამსამართლებელ ეპისკოპოსთაგან ერთ-ერთი ცხენიდან ჩამოვარდა და დაიმტვრა.

მეორე დაავადდა ჩირქოვანი წყალმანკით და ჯერ კიდევ ცოცხლად მყოფს ხრავდნენ მატლები.

მესამე ავთვისებიანი წითელი ქარით დასნეულდა და საშინელ ქავილში აღმოხდა სული.

მეოთხეს, იოანეს განსაკუთრებულად თავგამოდებულ ცილისმწამებელს, ავთვისებიანი სიმსივნე გაუჩნდა ენაზე ის, რომ საბრალო ძლივს სუნთქავდა და საბოლოოდ "დაავადებამ იმსხვერპლა" სარეცელზე (მან, სხვათა შორის, დაწერა, რომ ისჯებოდა იოანეს უსამართლო განსჯისთვის).

მეხუთეს, წმ. იოანეს განსაკუთრებულად დაუძინებელ მტერს, კირიონ ქალკედონელს განგრენა დაემართა და უმძიმეს ტანჯვაში აღმოხდა სული (ქვე. გვ. 196).

ცილისმწამებელთა და უსამართლოდ განმკითხველთა დასჯის სხვა შემთხვევებზე წინამდებარე წერილის პირველ ნაწილშიც ვისაუბრეთ, ამიტომაც, თქვენს ყურადღებას ამ საგანზე მეტად აღარ შევაჩერებ. ვიკითხავ მხოლოდ,
რამ მიგაღებინათ ასეთი გამაოგნებელი გადაწყვეტილება და ჩემი აკრძალვის სურვლიმა ასე რატომ იძალა თქვენზე? (დღემდე მახსოვს, ეკლესიაში შეკრებილ ერს საზეიმოდ როგორ განუცხადეთ: "დღეს თქვენ იხილავთ, როგორ მოკვდება ეპისკოპოსი პავლე").

ჩემს კითხვას თავადვე ვუპასუხებ:
მოურეველმა სურვილმა, რაც შეიძლება მალე და უპრობლემოდ მოგეცილებინეთ (ან გაგეჩუმებინეთ). ხოლო თუ ვიკითხავთ, რით იყო გამოწვეული ეს სურვილი, კვლავ თქვენი წერილი გვიპასუხებს: შიში, პირველობის პატივი არ წამერთმია თქვენთვის! ამ უსაფუძვლო შიშმა სიძულვილით და მრისხანებით აღგძრათ ჩემს წინააღმდეგ და ცეცლხზე ნავთის დამსხმელებმაც არ დააყოვნეს. ალბათ მათ თავიანთი "გაჭირვება" ამოძრავებდათ.

ვიცი ზუსტად, რომ თქვენი "წინასწარმეტყველების" თანახმად მავანნი ელოდებიან დაპირებულ თანამედებობებს, პოლიკლინიკებს, სკოლებს, მინისტრობას, ბევრ ფულს, უზრუნველ ცხოვრებას... ელოდებიან და ოცნებობენ... ჩემი გამოსვლით კი ხუხულასავით ენგრევათ ოცნების ეს კოშკები. მხარს სიმართლეს კი არ უჭერენ, არამედ იმას, ვისგანაც რაღაც გამორჩენას ელიან... სიზმარში არიან და გამოღვიძებისა ეშინიათ... ზოგიერთ საკითხში ხომ არ გეთანხმებით, ამით მათ ტკბილი ძილი დავუფრთხე, ოცნებები გავუფანტე და ამიტომაც, თქვენს მტრად შემრაცხეს და ჩემს მოცილებასა და დასჯას მოითხოვენ...

მტერი უნდა ვიყო თქვენი, ყოველივე ამის გამო რომ არ გაფრთხილებდეთ! დათვურ სამსახურს ვერ გაგიწევთ... ამას სიმართლისადმი ჩემი ერთგულება მაიძულებს.

იმდეანდ გულუბრყვილო და მიამიტი ნუ გეგონებით, ჩვენმა შერიგებამ მომადუნოს, ვუფრთხი თქვენს გარემოცვას... ისინი მე დღესაც მტრობენ... ან განსჯეთ, რაში გჭირდებათ ისეთი მომხრეები, გამორჩენის გამო რომ გემეგობრებიან და გემლიქვნელებიან? საკმარისია არ შესრულდეს თქვენი დაპირება და პირველნი ისინი შეგაქცევენ ზურგს, საკუთარ უბედობას კი თქვენ დაგწამებენ... მარტოდ დაგტოვებენ და ჩემი ქრისტეანული ერთგულების ფასსაც მაშინ გაიგებთ...

გთხოვთ დარწმუნდეთ - პირველობის მოპოვების პატივი არ მამოძრავებს! უსამართლობას ნუ ჩაიდენთ!
გავამარჯვებინოთ სიყვარულს! იოტეთ ეშმაკი, რომელიც თანამოძმე ეპისკოპოსის მოცილებას შთაგაგონებთ.



და ბოლოს, ჩვენს მიერ გაწეული იკონომიების შესახებ


ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე და კიდევ იმ უფლებით, რომ ვარ თქვენი სულიერი მოძღვარი, ვაცხადებ:

პირველი: ვარ სრულიად უდანაშაულო და არ მეკუთვნის არავითარი ეპითიმია, ერთი მეტანიაც კი!.. მიუხედავად ამისა, თქვენს მოთხოვნას მაინც ვასრულებ და ნებაყოფლობით ვიღებ გარკვეული რაოდენობის მეტანიებს.

მეორე: ზემოთ დამოწმებულ მასალათა საფუძველზე შემიძლია მოვითხოვო თქვენი დასჯა უმკაცრესი ეპითიმიის სახით, მაგრამ ჩვენს შორის სიყვარულისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის ამას არ ვაკეთებ.

მესამე: შემიძლია მოვუხმო საეკლესიო კანონს თქვენს წინააღმეგ, რომლის თანახმადაც, საეპისკოპოსო სახლში (ან რეზიდენციაში) უფლება არა გაქვთ გააჩეროთ ან მოიმსახუროთ უცხო დედაკაცები და ქალწულები, მაგრამ შევდივარ რა როგორც თქვენ, ასევე მამა მიქაელის მდგომარეობაში, ამას არ გავაკეთებ. არადა, ამ კანონის თანახმად სასულიერო პატივისგან დამხობას იმსახურებთ. განგისაზღვრავთ მხოლოდ უმცირეს ეპითიემიას, 50 მეტანიას ყოველდღე, ამ წერილის წაკითხვიდან უახლოესი მარხვის დასასრულამდე.

მეოთხე: თქვენი ყოფილი სულიერი შვილის, იაკობ (ზვიად ნოდიას) აღსარების გაცემის გამო, ნომოკანონის 120-ე განწესების საფუძველზე გეკუთვნით 3 წლიანი აკრძალვა ღვთისმსახურებაში, ზიარების შენარჩუნებით: "სულიერი მოძღვარი თუ ვინმე მონანულის აღსარებას გასცემს, 3 წელი უნდა აიკრძალოს ღვთისმსახურებისგან. მიეცემა მხოლოდ ყოველ თვე ზიარების უფლება". ასე აკრძალა, მაგალითად, პატრიარქმა ლუკამ იღუმენი ჰიროტროფე, ჯერ ჯერობით არც ამას მოვითხოვ.

მეხუთე: ექვემდებარებით ყველა იმ განწესებას (სარდიკიის მე-19 (20), წმ. მოციქულთა 74-ე, ნომოკანონის 121-ე, VI მსოფლიო კრების 78-ე თუ 87-ე და სხვა განწესებებს, რომლებიც მე მომიყენეთ, რადგან ყველა ეს განწესება თქვენ თავად დაარღვიეთ. მაგრამ, მშვიდობისა და ერთობის გარდა არაფერს ვითხოვ თქვენგან. მხოლოდ მოვითხოვ იმ დაპირების შესრულებას, რაც წიგნთან დაკავშირებით მოგვეცით და რომელის თანახმადაც თავს შეიკავებთ სიზმართქადაგებისა და იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ეკლესიის წევრებსაც და მისკენ მომსვლელებსაც აბრკოლებს და რომლებიც მოცემულია თქვენი წიგნის - "რა უნდა ვაკეთოთ" - პირველ გვერდებზე.

მეექვსე: როგორი აზრიც და შეხედულებაც უნდა გაგიჩნდეთ ამ წერილზე, თქვენთან მომავალში ამ საკითხზე პოლემიკას არ ვაპირებ, ოღონდ დისციპლინარულ და საეკლესიო-სამართლებრივ უსამართლობას ნუ ჩაიდენთ.

დასასრულ გთხოვთ: კერძო, საღვთისმეტყველო შეხედულებების გაუზიარებლობას წინააღმდეგობად ნუ მიიჩნევთ, ეს არაკანონიკურია! ასეთი ქმედება თქვენც და ჩვენს, ყველას, მეტად მძიმე მდოგმარეობაში ჩაგვაყენებს. აზრის გამოთქმის უფლებას ვერც თქვენ და ვერც მე ვერავინ აგვიკრძალავს.

ასევე გთხოვთ, თუ ჩემმა წერილმა დაგარწმუნოთ ჩემს უდანაშაულობაში, კეთილ განზრახვებსა და ერთგულებაში, აღიაროთ იმ ეპითიმიის უსამართლობაც, (საეკლესიო მშვიდობისთვის) საკუთარ თავზე თვითონ რომ ავიღე. ეს ჩვენს ურთიერთობას უფრო განამტკიცებს. და თუ ეს ასე არ მოხდა, იაკობთან (ზ. ნოდიასთან) თქვენი ურთიერთობაც გადასინჯეთ. ვიცი, რომ თქვენ უფრო შემწყნარებლური ხართ მის მიმართ, ვიდრე მე. ხოლო თუ თქვენ ამ ვრცელ წერილში გადმოცემულ სინამდვილესა და თხოვნებს არ გაითვალისწინებთ, მე ვათავისუფლებ ჩემს თავს თქვენი მოძღვრობისგან და თქვენც სხვა, უკეთესი მოძღვრის მოძიებას მოგისურვებთ.

და კიდევ: წმიდაო მეუფეო იონა! ამ წერილში გულწრფელად გამოთქმული აზრებისა და მტკიცებების გამო კვლავ უარყოფითად ნუ დაიმუხტებით.
თქვენს (და არა მხოლოდ თქვენს) მიმართ არავითარი წყენა არ მამოძრავებს!


გჯეროდეთ, კვლავ ისეთივე ქრისტეანული ძმური სიყვარულით გაფასებთ, როგორც ადრე. მსურს გიხილოთ დიდ სიმაღლეებზე, ამიტომაც, მომავალში ზოგიერთ საკითხზე ჩემს კატეგორიულობას ნუ გაიკვირვებთ.



ბოლოთქმა


სამწუხაროდ, ჩვენმა გარჯამ და შრომამ ეპისკოპოს იონას შეეგნო და დაენახა თავისი შეცდომები, შედეგი ვერ გამოიღო. ძალიან მალე, ურთიერთობა ისევ დაიძაბა (უკვე წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" გამო), რაც მივიდა 2001 წლის საეკლესიო კრებამდე და საბოლოო საეკლესიო განხეთქილებამდე. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის უმეტესმა ნაწილმა (ფოთის ეპარქიამ მთლიანად და თბილისის ეპარქიის უმეტესობამ) ეპისკოპოს პავლესთან, მღვდელ გრიგოლ მახარაძესთან და მღვდელ ბასილ მაშინინთან ერთად, ეპ. იოანასთან ევქარისტული ურთიერთობა გაწყვიტეს. ამ მოვლენების შესახებ ჩვენს მომდევნო წერილებში იხილეთ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика