წერილები - გავამარჯვებინოთ სიყვარულს 2_1 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.

სიყვარული

წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.


შინაარსი

ნაწილი მეორე


"ხუთი სიცრუის" განმარტება

(ყოველივეს გადმოვცემთ მაქსიმალური სიზუსტით)

ყოველივე,რაც წინამდებარე პუბლიკაციაშია გამოთქმული, საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯანსაღი მართლმადიდებლური ატმოსფეროს, მართლმადიდებლური სწავლების, ადამიანთა შორის ქრისტეანული ურთიერთობებისა და ეკლესიის გარე სამყაროსთან მიმართებაში მართლმადიდებლური კურსის შენარჩუნება-დამკვიდრებისთვის ზეპირად, სიტყვიერად და კერძო წერილობითი მიმართვებით არაერთხელ ყოფილა გამოთქმული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიაში არსებული ზოგიერთი მეტად მავნე ტენდენციის გამო, ჩვენი კეთილი მონდომება და მიზანდასახულობა ჯეროვნად ვერ შეფასდა.

ეპისკოპოს იონას მიერ გამოთქმული ზოგიერთი კერძო შეხდულებისა და იდეისადმი ფანატიკურად განწყობილი პიროვნებები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც ზოგადად მთელი ეკლესიის ინტერესებისა, ხოლო კონკრეტულად ჩემი, როგორც ეპისკოპოსის წინააღმდეგ არის მიმართული და, რაც ყველაზე სამწუხაროა და შემაშფოთებელია, ამ ვითარების დაძაბვას, ნებსით თუ უნებლიედ, დუმილით თუ აშკარა წაქეზებით, "კულისებს მიღმა" თუ აშკარა განცხადებებით, ხელს უწყობს ჩვენივე ეკლესიის პირველიერარქი - მეუფე იონა.

რადგანაც პირველიერარქთან და მის გარემოცვასთან ჩვენმა პირადმა საუბრებმა თუ წერილობითმა მიმართვებმა, ასევე კოლექტიურმა ძალისხმევამ (ვიწრო წრის ფარგლებში) სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, და მეტიც, ვიღაცის ხელშეწყობით, ჩუმ-ჩუმად და ჩემს ზურგს უკან არასასურველი ალიანსიც კი იკვრება, ეკლესიაში განხეთქილების თავიდან აცილებისა, სიყვარულისა და მშვიდობის დასამყარებლად თავს მოვალედ ვთვლი მთელი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის გასაგონად და საფხიზლოდ ავხსნა იმ მოქმედებათა მიზეზები, რომელთა გამო ამ ბოლო დროს ამდენი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

სამწუხაროდ, ეკლესიაში შეიქმნა პარტიული განწყობილებები, კერძოდ, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში დასაბამი მიეცა "ჩახაველთა" პარტიას (ამჟამად ეს პარტია, რომელიც მხოლოდ დედაკაცებისგან შედგება, განცალკევებულია ძველმართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიისგან და ცალკე სექტად ფორმირებული, თავისთვის იკრიბება - რედ.), რომელთა საერთო განწობა ეკლესიის რამდენიმე წევრის კეთილ მონდომებას მეტად მუქ ფერებში ახვევს და მით ეკლესიისთვის საკეთილდღეო წამოწყებას აბრკოლებს.

კერძოდ, ამ პარტიის, - ანუ ეპისკოპოს იონას კერძო, საღვთისმეტყველო, ესქატოლოგიური და ზოგჯერ მცდარი შეხედულებების ფანატიკური მიმდევრები მეტად ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამ შეხედულებების მიმართ სხვაგვარად განწყობილი ადამიანებისადმი, რითაც დათვურ სამსახურს უწევენ თვით პირველიერარქს.

სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში ჩნდება "სხვაგვარად მოაზროვნეების" ცნება. ეს კი არაჩახავურად მოაზროვნე მორწმუნეებია, რომელთა მიმართ იქმნება მეტად უარყოფითი დამოკიდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ნებსით თუ უ უნებლიედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელს უწყობს თვით მეუფე იონაც. მეტიც, ზოგჯერ ის პირდაპირი მბრძანებლობით ითხოვს მისი მცდარი ან გაურკვეველი ესქატოლოგიური და სწავლა-მოძღვრებითი ხასიათის შეხედულებათა გაზიარებას; ან კიდევ მეტად სწყინს, როდესაც მის ამა თუ იმ შეხედულებებს ვინმე არ იზიარებს, ხოლო ზოგჯერ (რომლის მომსწრეც არაერთხელ ვყოფილვართ) მეტად მძაფრადაც კი რეაგირებს.

მეტიც, ეპისკოპოსი იონა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი შეხედულებებისადმი უარყოფითად განწყობილი მორწმუნეების მიმართ ქმნის შიშის ატმოსფეროს, ხშირად ანათემითაც კი იმუქრება (მაგალითად, ვინც მის აზრებს ზოგჯერ პრინციპულად და, სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ, არ იზიარებს, ემუქრება, რომ ამგვარი წინააღმდეგობისთვის ღმერთი სასტიკ სასჯელს მოუვლენს; ან კიდევ, თუ რაიმე აზრს არ დავეთანხმეთ და პირად ცხოვრებაში რაიმე ექსცესი მოხდება, ამ შემთხვევას აუცილებლად თავის სასარგებლოდ წარმოაჩენს და მრევლს არწმუნებს, რომ ჩვენ ღმრთის მიერ მისი (ე. ი. ეპ. იონას) შეხედულებების საპირისპირო აზრების გამოხატვისთვის "დავისაჯეთ" და ა. შ.). განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ეპ. იონა მის შეხედულებებთან შეუთანხმებელ მორწმუნეთა მიმართ შეურიგებელია.

მიუხედავად მეუფე იონასადმი ჩვენი პატივისცემისა, ვერც მის ასეთ მოქმედებებს და ვერც ეკლესიაში ფეხმოკიდებულ ფანატიკურ განწყობილებებს შევიწყნარებთ. მითუმეტეს, რომ ზემოთხსენებული განწყობილების ეს ტალღა მეც გადმომწვდა. ზოგიერთი დაბოღმილი კოპებს მიკრავს, სხვები "ამპარტავნებისგან" თავშეკავებას მთხოვენ; ერთმა სულიერმა შვილმა ისიც კი მითხრა, რომ ეპისკოპოს იიონას თქმით, "წაქცეულ სულიერ მამასა თუ მოძღვარს წიხლებს არ უნდა ვურტყამდეთ" და ა. შ. და ყოველივე ამას, როგორც ჩემს, ასევე ჩემს მხარდამჭერთა საყურადღებოდ ამბობენ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავბედეთ და პირველიერარქის ზოგიერთ მოსაზრებას არ დავეთნხმეთ.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სეკლესიო და სწავლა-მოძღვრებით საკითხებთან დაკავშირებით, ეპ. იონას კრიტიკა რატომღაც აღქმულია "წაქცეული სულიერი მამის ჩაწიხლვად", "ამპარტავნებად", "ხაფანგის დაგებად", "ლაფის სროლად" და სხვა. რადგანაც მრავალს, ჩვენი კანონიკური უფლებიდან გამომდინარე, ჩენი სამართლიანი შენიშვნების ვერც აზრი გაუგია და ვერც მიზანი, გთავაზობთ ამ საკითხთა დეტალურ განმარტებას.

აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: რადგანაც ფაქტების ის ნაწილი, რომელმაც მეუფე იონას ზოგიერთი მტკიცებისადმი ჩვენი დაეჭვება, უარყოფა და მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია წერილობით დაფიქსირებული არასოდეს ყოფილა და მხოლოდ შიდა ეკლესიურ ცხოვრებასა და საუბრებში ვლინდებოდა, წინამდებარე განმარტებაში ყოველივე გადმოცემული იქნება მაქსიმალური სიზუსტით, რადგან ფაქტების დამახინჯებით ჩვენი პირველიერარქისა და ეკლესიის ღირსების შეურაცხყოფა არ დაგვბრალდეს, რისთვისაც პასუხს ვაგებთ ღმრთის წინაშე.



ეპისკოპოს პავლე მიმართვა ეპისკოპოს იონასადმი


როგორც უკვე ჩვენი წერილის პირველ ნაწილში ვაჩვენეთ, ჯეროვანი, წინასწარი გამოძიების გარეშე არავის აქვს უფლება საეკლესიო ბრალდება წაუყენოს ეკლესიის რომელიმე წევრს, მით უმეტეს სასულიერო პირებს. აქ კვლავ გავიმეორებთ IV მსოფლიო კრების 21-ე კანონს, რომლის მიხედვითაც: "სასულიერო პირთაგან ან ერისკაცთაგან, რომლებიც დაასმენენ ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს, მარტივად და შეუმოწმებლად ნუ მიიღებენ დასმენას, სანამ არ გამოიკითხავენ და არ გაარკვევენ მათ წესიერებას ან უწესოებას". დამსმენთა და ბრალმდებელთა ვინაობის გამოკვლევის გარდა, კანონები ითხოვენ ბრალდებათა გამოძიებას, რომლის გარეშე ეპისკოპოსის დადანაშაულება არ შეიძლება, რასთან დაკავშირებითაც ზემოთ საკმაოდ უხვად დავიმოწმეთ, როგორც წმ. კრებათა განწესებანი, ასევე ეკლესიის ავტორიტეტულ კომენტატორთა: პატრიარქ ბალსამონის, იოანე ზონარას და ალექსი არისტინეს განმარტებანი.

ყოველივე ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თქვენ თუმც კი დააკმაყოფილეთ ჩემი მოთხოვნების მხოლოდ ერთი პუნქტი და ჩამომიყალიბეთ თქვენი ბრალდებები, ვფიქრობ დაკმაყოფილებული არ არის ამ ბრალდებათა დამოკიდებულება სხვა მოთხოვნებთან, რამეთუ გამოუკვლეველ-გამოუძიებელია მთელი რიგი ბრალდებები, რომელთაც ბოლოს მაინც ერთვის ულტიმატუმი - შევინანოთ ჩვენი "შეცოდება", - კერძოდ "რეზონანსში" დაბეჭდილი განცხადება და ასევე სხვა ბრალდებები, რომელთა საფუძვლიან გამოძიებაზე დაფუძნებულ დასაბუთებას რატომღაც არ გვაწვდით. მეტიც, სამწუხაროდ, თქვენ წერილის დასაწყისშივე მუხტავთ მკითხველს ჩვენს წინააღმდეგ. არც ერთი ბრალდება, რომელიც 1999 წლის 17 ოქტომბერს წამომიყენეთ და მათ შორის ისინიც, რომლებიც განხილულ წერილშია მოცემული, ზემოთ მოტანილი საეკლესიო სჯულმდებლობის თანახმად, გამოკვლეული არ არის, ხოლო ისინი, რომელთა განხილვას ქვემოთ გთავაზობთ, სხვადასხვა საკითხთა ურთიერთაღრევის შედეგად შეიცავს დასანან გაუგებრობებსა და შცდომებს. ზოგიერთ მათგანს კი საერთოდ რეალობაში არავითარი საფუძველი არა აქვს! ამდენად, სამწუხაროა, რომ პასუხის მოცემამდე უკვე გვაცხადებთ "დამნაშავე პირებად" და ეპითიმიასაც განგვისაზღვრავთ.

სანამ თქვენი ბრალდებების მიმოხილვას დავიწყებდე, მსურს ზოგადად გადავავლო თვალი თქვენს წერილს და მივანიშნო ის სქემა, რომელითაც აგებულია მსჯელობა ჩემს წინააღმდეგ.

თქვენი წერილი აგებულია ულტიმატუმის პრინციპით, რაც დიდი შეცდომაა და რაშიც თქვენს დარწმუნებას ამ წერილით შევეცდები. საკითხის ასეთი დაყენება თქვენთვისვეა წამგებიანი, რის შესახებ, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მამა გრიგოლის ოჯახში საუბრის დროს მოგახსენეთ. კერძოდ, საქმე ეხება განაჩენის (ეპითემიის) განსაზღვრას ჩემს გამოკითხვამდე. ასევე, წერილში წამოყენებული ზოგიერთი ბრალდების გამოძიებამდე! ასეთი შემთხვევებისთვის განსაზღვრული კანონები ზემოთ უკვე დაგიმოწმეთ, ამიტომაც ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ.

თქვენი წერილი გარკვეულ სქემად არის ჩამოყალიბებული, კერძოდ: მცირეოდენი შესავლის შემდეგ, სადაც უკვე დამნაშავეებად გვაცხადებთ და, სადაც ასევე დამოწმებულია გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ჩვენი განცხადება, თქვენ გადადიხართ ჩემს "მხილებაზე" შემდეგი სქემით:

1) ხუთი სიცრუე და მათი განხილვა;

2) სტრატეგიული გეგმა (რომელიც თურმე ჩვენ შეგვიმუშავებია თქვენს წინააღმდეგ) და "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩვენი განცხადების განხილვა ამ "გეგმისა" და სხვა "ფაქტების" შუქზე;

3) სტატიის დაწერის მოტივი;

4) ხიბლის საკითხისა და ჩვენი ვინაობის გარკვევა ზემო, ორ მუხლში ჩამოყალიბებულ ბრალდებათა მიხედვით;

5) დასკვნა და ბრალდების საბოლოო სურათი, სადაც, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, უგულებელყოფთ იმ სჯულმდებლობას, რომელიც ამტკიცებს, რომ კონკრეტულ დანაშაულში დაეჭვების შემთხვევაშიაც კი, წინასწარი გამოკითხვისა და ბრალმდებელთა და მოწმეთა მოსმენის გარეშე, შეუძლებელია ეპისკოპოსის რაიმე დანაშაულში ბრალდება, რათა, როგორც თავადვე აღნიშნავთ, "... ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი" არ გახდეს.

იმისთვის, რათა ვიხილოთ რამდენად იქნა დაცული ეს მოთხოვნა ჩემთან, როგორც ეპისკოპოსთან მიმართებაში, გადავალ თქვენი ბრალდებების განხილვაზე, რომელთა ჩამოყალიბებაშიც იმედი მაქვს, პირადად თქვენ იმდენი ქმედითი როლი არ მიგიძღვით, რამდენიც სხვა პირებს, რომელთა ზეგავლენისა და რჩევა-დარიგებების მიხედვით აყალიბებდით ამ ბრალდებებს.



"პირველი სიცრუის" განხილვა


მაშ ასე, განვიხილოთ ჩვენი "პირველი სიცრუე". თქვენ წერთ: "გამოქვეყნებულ განცხადებაში კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოსი პავლე იუწყება, რომ იგი თითქოსდა არაერთგზის (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - ეპ. პ.) მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა იმ შვიდი სასულიერო პირის (ერეტიკოსთა) დასჯის გადაწყვეტილების მიღების გამო, რაც მტკნარი სიცრუეა. არსებობს ფაქტობრივი მასალა: მთელი ერთი თვის განმავლობაში ამბიონიდან ვაცხადებდი იმ შვიდ პირთა დასჯის შესახებ და არც ერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არავის მოუცია. პირიქით, ეპისკოპოსი პავლე მაქეზებდა იმ შვიდეულთან ერთად პატრიარქიცა და გ. გაბაშვილიც ჩამერთო დასჯილთა სიაში".

უცებ, რაც ამ ბრალდების წაკითხვისთანავე ნათელი ხდება არის სამი შეცდომა, რომელთაც, ძვირფასო მეუფეო, ვფიქრობ, ან დაუკვირვებლობით ან გულმავიწყობით, ან კიდევ ვიღაცი გავლენით უშვებთ.

1. ჯერ-ერთი, თქვენი თქმით: "გამოქვეყნებულ განცხადებაში (იხ. ზემოთ) ეპისკოპოსი პავლე იუწყება, რომ იგი თითქოსდა არაერთხსელ მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა იმ შვიდ სასულიერო პირთა (ერეტიკოსთა) დასჯის გადაწყვეტილების მიღბის გამო". ძვირფასო მეუფეო, "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩემი განცხადება თქვენს წინაშე დევს და, თუ შეიძლება, მიმითითეთ, ამ განცხადებაში სად წერია, რომ არაერთხელ გაფრთხილებდით, და გეწინააღმდეგებოდით ამ შვიდი სასულიერო პირის დასჯის გამო?! ფრაზა "არაერთხელ" ჩემს განცხადებაში არსად წერია! არადა თქვენ სრულიად აშკარად, სიტყვა-სიტყვით ასე წერთ: "გამოქვეყნებულ განცხადებაში... იუწყება... თითქოსდა არაერთხელ მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა...". საწყენად ნუ მიმიღებთ, მაგრამ სიცრუე და ისიც მტკნარი, თუ გნებავთ ეს არის, - და, ეს რომ ასეა, ამის დამოწმება ამ განცხადების ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.

შეიძლება თქვენ ან სხვა ვინმემ პასუხად მომიგოთ - მართალია, ეს სიტყვა განცხადებაში არ არის, მაგრამ ნაგულისხმევიაო ტექსტის ზოგადი შინაარსიდან გამომდინარე. გიპასუხებთ: აქაც შეცდებით და თუ რატომ, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

2. მეორეც, თქვენ აღნიშნავთ,რომ "... მთელი ერთი თვის განმავლობაში ამბიონიდან ვაცხადებდი იმ შვიდი პირის დასჯის შესახებ და არც ერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არავის მოუცია". სანამ მომდევნო წინადადებაზე გადავიდოდე, რომელიც საკუთრივ წარმოადგენს კიდევაც თქვენს მესამე სიცრუეს, შეგახსენებთ, რომ თქვენი განცხადება თითქოსდა "იმ შვიდ პირთა დასჯის გამო თქვენთვის არავის, არცერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არ მოუცია", არ შეესაბამება სინამდვილეს! საღურადღებოა, რომ ეს შენიშვნა სწორედ მე მოგეცით!

ეს იყო ჩემი ფოთში გამგზავრების წინ. თბილისის ზღვის ფერდობზე, ჩვენი ეკლესიის ეზოში ვისხედით თქვენ, მე და მამა ილია (ამჟამად გადასულია ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიაში, მსახურობს წმ. სამების ტაძარში მამა მაკარის სახელით, არის ხატმწერი - რედ.) (იყო კიდევ ერთი პირი, მაგრამ ვინ, სამწუხაროდ, არ მახსოვს). სწორედ მაშინ გკითხეთ: "მეუფეო, რა უნდა ქნათ, ეგ საქმე (სატანისადმი შვიდი კაცის გადაცემა - რედ.) რომ არ გამოვიდეს?" (ხომ გახსოვთ, თქვენი თქმით და წერილში დაბეჭდილი განცხადებითაც, ეშმაკი ამ შვიდ ადამიანში უნდა შესულიყო "სატანჯველად ხორცისა", რაც გაწარმართებული მსოფლიოსთვის პირველი მაგალითი იქნებოდა იმის საჩვენებლად, თუ ვისთან დგას ღმერთი (იხ. "რეზონანსი". № 215, 9 აგვისტო).

მოკლედ, თქვენ ელოდით სასწაულს და აი, მაშინ, თქვენ, ჩვეული კატეგორიულობით განაცხადეთ, რომ "ეჭვიც კი არ უნდა შემპარვოდა ამაში". მეტიც, ამ სასწაულის შემდეგ 300 ათასი ლტოლვილის შეყვანას აპირებდით აფხაზეთში (!), ანუ ანალოგიური სასწაულით უნდა დაგესაჯათ ლადისლავ არძინბა და აფხაზეთის თვითმარქვია მთავრობა, რომლის შემდეგ თქვენი სასწაულთმოქმედებით დაშინებული წინააღმდეგობის გაწევის ძალა არც კი უნდა ჰქონოდატ და ლტოლვილებსაც გზა ეხსნებოდათ შინისკენ.

მოსმენილით გაოგნებული დავრჩი, გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა! წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამემსახურებინა თქვენი გულისწყრომა და ურწმუნოდაც კი შეგერაცხეთ. აკი მითხარით: "ეჭვიც კი არ შეგეპაროსო!". ამასთან გამახსენდა წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის მაგალითი: ერთხელ წმ. პანტელეიმონს ბრმა მიუყვანეს, რომელსაც წმინდანი მცირედი გასაუბრების შემდეგ განკურნებას შეჰპირდა და უთხრა "მოგანიჭებს შენ ღმერთი მხედველობას ჩემისთანა უღირსი მონის მიერ". როდესაც ეს პანტელეიმონის მამამ შეიტყო, შეეცადა შვილისთვის განზრახვა გადაეთქმევინებინა და უთხრა: "ჩემო საყვარელო შვილო! ისეთ საქმეს ხელს ნუ მოჰკიდებ, რომლის აღსრულება არ ძალგიძს, რათა შემდგომ, წარუმატებლობის შემთხვევაში, ყველას დასაცინი არ შეიქნე". ამაზე პანტელეიმონმა უპასუხა: "მცირედითაც დაითმინე მამავ და თვით საქმე აჩვენებს წარმატებაში ჩემი თავდაჯერებულობის საფუძველს".

ამდენად, საიდან უნდა მცოდნოდა თუ რა გაძლევდათ თქვენ, მეუფეო, ამ საქმის წარმარტებით განხორციელებაში ასეთი თავდაჯერების საფუძველს? ამიტომაც გავჩუმდი.

ეს იყო ჩემი წინააღმდეგობაც და გაფრთხილებაც! სხვაგვარი წინააღმდეგობის (ვთქვათ, აკრძალვის, დაშინების ან სხვა რამ) უფლება ჩვენ არც მორალურად გვქონდა და არც კანონიკურად! ესეც არ იყოს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ზოგიერთ თქვენს მომხრეს თქვენი წამოწყების უსაფუძვლო მოწინააღმდეგედაც შევერაცხე, ამდენად, ისეთ ორჭოფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ გაჩუმება და მოვლენათა განვითარების დალოდება ვამჯობინე.

ამდენად, თქვენი განცხადება, ამ შვიდ პირთა სატანაზე გადაცემასთან დაკავშირებით, თითქოსდა "უბრალო შენიშვნაც კი არ მიეცეს არვის", არ შეეფერება სინამდვილეს. უბრალოდ გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით. ნუ მიწყენთ, მაგრამ, ამას თქვენს გულმავიწყობას მივაწერ, რადგან ვერ ვიფიქრებ, რომ საკუთარი თავის გასამართლებლად წერთ ამგვარ რამეს.

3. და მესამე: თქვენ წერთ: "პირიქით, ეპისკოპოსი პავლე მაქეზებდა, იმ შვიდეულთან ერთად პატრიარქიცა და გაბაშვილიც (იგულისხმება რელიგიური ალმანახის, "ივერიის გაბრწყინების" იმდროინდელი რედაქტორი, აწ გარდაცვლილი გიორგი გაბაშვილი - რედ.) ჩამერთო დასჯილთა სიაში". სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არ მომითხოვია თქვენთვის დასასჯელთა (და არა "დასჯილთა") სიაში ბ-ნ გიორგი გაბაშვილის ჩართვა! ვფიქრობ, ეს კვლავ თქვენი გულმავიწყობის ბრალია. შეგახსენებთ, რომ გაბაშვილის შესახებ მხოლოდ ის გკითხეთ, თუ რატომ არ ჩართეთ დასასჯელთა სიაში (რადგან, სხვებთან ერთად, იგი ყველაზე მეტად შეურაცხგყოფდათ პრესის მეშვეობით. გიწოდებდათ "ეშმაკეულს", "ბორგნეულს" და სხვა), რაც შეეხება მის დასჯას, ეს მე არ მითხოვია! თქვენ მიპასუხეთ, რომ რადგანაც თქვენი აზრით გაბაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული პრესის მეშვეობით მასონების მხილებაში და ამასთანავე არის ხუთი შვილის (ამჟამად ექვსი შვილის) მამა, ამიტომაც დაინდეთ; მაშინ მე ამგვარი პასუხით არანაკლებ გაკვირვებულმა გკითხეთ, "არჩილ მინდიაშვილიც ხომ ამხილებდა მასონებს და ისიც, სხვათა შორის, ხუთი შვილის მამაა", რაზეც პასუხის გაცემას თავი აარიდეთ. შემდგომ არც მე ჩაგძიებივართ ზედმეტად და შეკითხვების დასმასაც თავი დავანებე. ეს იყო "რეზონანსში" თქვენი წერილის გამოქვეყნებამდე! ამდენად, გ. გაბაშვილის დასჯა მე არ მომითხოვია!

რაც შეეხება ილია II-ს, შესაძლებელია ერთმანეთში გერევათ ორი მომენტი: ილია II-ს დასჯას, თუ გახსოვთ, გირჩევდათ ზვიად ნოდია, ისიც ასეთი პრინციპით: თუ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ სატანას გადასცეს ნიკონიანელი ერეტიკოსები, რაღა "ლიფსიტებიდან" იწყებთ, ბარემ მეთაური გადაეცით სატანასო. მასაც აინტერესებდა, რატომ ინდობდით ილია II-ს. ჩვენთვის ცალ-ცალკე საინტერესო იყო ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც თქვენ ეს დასასჯელი პირები შეარჩიეთ და მათ სიაში თქვენს წინააღმდეგ "ხმალამოწვდილი" გაბაშვილი და ცრუ ეკლესიის მოძღვარი ილია II არ შეიყვანეთ. მახსოვს ბ-ნ ზვიადს მიუგეთ, რომ "ამჯერად არ გსურდათ დაჯახებოდით ილია II-ს". ეს იყო და ეს! მე რაც შემეხება, ილია II-ს შესახებ გესაუბრეთ ამ შვიდი პირის გაფრთხილების, ანუ "რეზონანსში" თქვენი წერილის გამოქვეყნების შემდეგ. მე გითხარით, თუ ვინმე სატანაზე გადაცემის ღირსი იყო, ეს ილია II-ა და თუ ეს საქმე აღსრულებადია, პირველ რიგში სატანისთვის ის უნდა შეგეყენებინა-მეთქი. "ასეც იქნებაო!", მიპასუხეთ და ერთმანეთს დავშორდით კიდეც. ამდენად, არც თქვენი წერილის გამოქვეყნებამდე და არც მის შემდეგ, მე გ. გაბაშვილის ან ილია II-ის სატანაზე გადაცემის წამქეზებელი არ ვყოფილვარ!

როგორც მახსოვს, ამ საქმეში თქვენი წამქეზებელი, როგორც ჩემთან საუბარში განაცხადა, იყო თქვენი ნათესავი და სულიერი შვილი ირინა კენჭაძე. ამრიგად, თქვენს პირველ ბრალდებაში, რომელსაც "პირველი სიცრუე" უწოდეთ, თავადვე აღმოგაჩნდათ სამი სიცრუე.

საჭიროდ ვთვლი იმის აღნიშვნასაც, რომ თქვენი პირველი სიცრუის გარდა (რომლის დამტკიცება თვალსაჩინოდ შესაძლებელია და დავამტკიცეთ კიდეც), დანარჩენი ორი სიცრუის გამოაშკარავებაში, თქვენც და თქვენი ახსნა-განმარტების მკითხველი ჩემს სიტყვიერ ახსნა-განმარტებებს უნდა დასჯერდეს, რამეთუ თქვენი მხრიდან ეს ბრალდებები ასევე მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სიტყვიერ მტკიცებებს ეყრდნობა და არა რაიმე ფაქტობრივ მონაცემებს. ასე, მაგალითად, ან თქვენ ან ვინმემ, როგორ უნდა დამიმტკიცოთ, რომ ნამდვილად მე წაგაქეზეთ და თანაც მოგთხოვეთ გაბაშვილისა და ილია II-ს ჩართვა დასასჯელთა სიაში? ამისთვის საჭიროა მოწმეთა რაოდენობა 2-დან 5 კაცამდე. იმისდა მიხედვით, თუ რა ეპითემიას მიმზადებთ. საჭირო იქნებოდა მათი გამოკითხვა-გამოძიება და ა. შ. თუ ვივარაუდებთ და დავუშვებთ, რომ შესაძლებელია თქვენს სიტყვას უფრო მიემხრონ, ვიდრე ჩემსას, ყველა ჩემს ბრალმდებელს მაინც ზემოთხსენებული კანონის გათვალისწინება მოუწევს, რომელიც ასეთი, სიტყვიერი უერთიერთმტკიცების შემთხვევაში, გარკვეული თვისებების და ღირსებების მქონე მოწმეთა განსაზღვრულ რაოდენობას ითვალისწინებს.

ამის გარეშე, ასეთი სიტყვიერი ბრალდების წამოყენება, უკვე პირველ ნაწილშივე დამოწმებული კანონების საფუძველზე წარმოჩინდება ცილისმწამებლად, რაც ლაოდიკიის 19 (20)-ე კანონის თანახმად ბრალდებული სასულიერო პირის (კერძოდ კი ჩემი, როგორც ეპისკოპოსის) სამღვდლო პატივს უეჭველად ჩრდილს მიაყენებს. თქვენ კი იცით, რომ ამ კანონით, რომელსაც არაერთგზის მიმოწმებთ, თავადვე დაექვემდებარებით იმავე სასჯელს, რაც განმიწესეთ (თუმც, დიდება უფალს, რომ აქამდე არ მივიდა ეს საქმე).


"მეორე სიცრუის" განხილვა


ახლა გადავიდეთ თქვენეული სქემის მეორე ბრალდებაზე, რომელსაც მეორე სიცრუე უწოდეთ. თქვენ აღნიშნავთ:

"მეორე სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ განცხადების ტექსტში მინიშნებულია, თითქოს ოპოზიციაში მედგას ჩვენი ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც საეკლესიო კრებაზე (იგულისხმება უკვე ზემოთხსენებული კრება, რომელიც მოეწყო 1999 წლის 17 ოქტომბერს, კვირა დღეს - ეპ. პ.) დავსვი კითხვა, თუ ვინ წარმოადგენს ეკლესიის ამ "მნიშვნელოვან ნაწილს", რომელიც ოპოზიციაში მიდგას, არავინ აღმოჩნდა მაღიარებელი. ეპისკოპოს პავლესა და გაზეთის რედაქტორ ზვიად ნოდიას თვალთმაქცობა და შეგნებული სიცრუე მით უმეტეს თვალსაჩინო გახდება თუ გავითვალისწინებთ, რომ კრებაზე დასმულ ანალოგიურ შეკითხვაზე (თუ ვინ წარმოადგენდა ამ "მნიშვნელოვან ნაწილს") ვერ გაბედეს ოპოზიციად წარმოეჩინათ თბილისის მრევლი, რამეთუ ერთი თვის განმავლობაში მრევლის არც ერთ წევრს არ განუცხადებია საპირისპირო მოსაზრება. მაშინ, მეუფე პავლემ და ზვიადმა ოპოზიციის სახით ფოთის მრევლი მოიაზრეს, ხოლო, როდესაც ფოთელები თბილისში ჩამოვიდნენ კრებაზე, ზოგი მათგანი სწორედ აქ გაეცნო მათი სახელით გაკეთებულ განცხადებას. დადგინდა,რომ იმ "მნიშვნელოვან ნაწილს" თურმე წარმოადგენდნენ ისევ მეუფე პავლე და გაზეთის რედაქტორი. და, რომ უფრო ლოგიკურად განვჭვრიტოთ სიცრუის სიღრმე, გაგახსენებთ, რომ თავად გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრებმაც არაფერი იცოდნენ აღნიშნული განცხადების შესახებ".

ამ ბრალდებაში, ისევე როგორც პირველში, ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. კერძოდ, თქვენ არწმუნებთ მკითხველს: "განცხადების ტექსტში მინიშნებულია, თითქოს ოპოზიციაში მედგას ჩვენი ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი". ძვირფასო მეუფეო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიგვანიშნოთ სად, რომელ ადგილას არის "მინიშნებული ტექსტში", რომ "ოპოზიციაში გიდგათ ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი"? ასეთი ფრაზა ჩვენს განცხადებაში არ არის!

შეიძლება მიპასუხოთ, რომ "მინიშნება" ყოველთვის არ გულისხმობს ამა თუ იმ აზრის ან შეხედულების პირდაპირ, წერილობით ფიქსაციას, არამედ ნათქვამის შინაარსიდან გამომდინარე აკეთებ ასეთ დასკვნასო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დასამტკიცებელი გვრჩება მხოლოდ ერთი ბრალდება: "ტექსტში მინიშნებული (ე. ი. არა პირდაპირ, არამედ ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით - ეპ. პ.) თითქოს ოპოზიციაში მედგას ჩვენი ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი". ამ ბრალდებაში ძირითადი სიტყვაა "ოპოზიცია", რომლის შინაარსი საკმაოდ მძიმე ხასიათს სძენს ამ ბრალდებას და, თუ დამტკიცდა, რომ ჩვენ მართლაც ჩვენს ეკლესიაში ეპისკოპოს იონასადმი ოპოზიციურად განწყობილ მრევლზე ვსაუბრობდით, ჭეშმარიტად ეს იქნებოდა სიცრუე, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში თქვენ ნამდვილად არ გყავთ არავითარი ოპოზიცია! მეტიც, არც მე გახლავართ (და არც არასოდეს ვყოფილვარ) თქვენი ოპოზიციონერი! და საერთოდ, ვის და რაში დასჭირდა აქ სიტყვა "ოპოზიცია"?! რით არის გამოწვეული თქვენს ბრალდებაში ამ სრულიად უადგილო სიტყვის მოხმობა?

ტერმინი "ოპოზიცია" (ლათ.oppositio) უმთავრესად პოლიტიკური ხასიათისაა და ძირითადად წინააღმდეგობის მნიშვნელობით გამოიყენება. იგი ასევე ნიშნავს: საწინააღმდეგო, საპირისპირო მოქმედებას, საკუთარი შეხედულებების დაპირისპირებას და საერთოდ ყოველგვარ დაპირისპირებას. ქრისტეანობაში ამ სიტყვას არა აქვს თეოლოგიური მნიშვნელობა, თეოლოგიურ შეხედულებებში სხვაობისთვის აქ გამოიყენება "თეოლოგუმენი" ან "კერძო საღვთისმეტყველო აზრი", მაგრამ "თოლოგუმენი" (მის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ) არსებითად განსხვავებულია "ოპოზიციისგან"; შეიძლება ითქვას, რომ თეოლოგუმენი გულისხმობს აზრს, რაღაც საღვთისმეტყველო შეხედულების პარალელურად; ასევე სხვა, კერძო მოსაზრების არსებობას. ოპოზიციაში პარალელური აზრი არ არსებობს! ოპოზიცია ეს არის მკვეთრად გამოხატული წინააღმდეგობა! ეს არის იმის უარყოფა, რასაც უპირისპირდები. სხვათა შორის, დაპირისპირებულობის თვალსაზრისით გამოიყენება ეს სიტყვა ოკულტიზმში, კერძოდ, მის ერთ-ერთ ნაირსახეობაში, - ასტროლოგიაში, სადაც ეს ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ზეციური სხეულის ყოფნას (მდებარეობას) მზის პირისპირ (იხ. Словарь иностранных слов. Москва. 1995 г. Стр. 406).

ამ სიტყვიდან გამომდინარეობს ტერმინი ოპონენტი: 1) მოწინააღმდეგე კამათში; 2) პირი, რომელიც საპირისპირო, ან კრიტიკულ აზრებს გამოთქვამს მომხსენებლის ან დისარტანტის გამოსვლის დროს (იქვე. გვ. 497). ამდენად, ოპონირება ეს არის დაუთანხმებლობა, ვიღაცის აზრის გაკრიტიკება (იქვე). ახლა კი თქვენს ბრალდებებს დავუბრუნდეთ.

სიტყვა "ოპოზიცია" ჩვენს საწინააღმდეგოდ ამ სიტყვის ჭეშმარიტი დანიშნულების და მნიშვნელობის გაუაზრებლად არის გამოყენებული, რაც ცხადია, შეცდომაა, რამეთუ ჩვენს ტექსტში თქვენს ღირსებასთან დაკავშირებით არ გამოგვითქვამს არავითარი ოპოზიციური (ანუ საწინააღმდეგო) აზრი. არც ის დაგვიფიქსირებია, რომ ოპოზიციაში გიდგათ (ანუ გეწინააღმდეგებათ) ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამდენად, ცხადია, რომ ამ ტერმინმა ზუსტად ვერ ასახა ჩვენი განცხადების დედააზრი, მეტიც, ამის საპირისპიროდ მიანიჭა მას ისეთი მნიშვნელობა, რომელიც რეალობაში მას არ გააჩნია. ჩვენი განცხადების დეტალურ განხილვას ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამ კი აღვნიშნავთ, რომ მასში არავითარი ოპოზიციაზე ლაპარაკი არ არის!

კვლავ თქვენს ბრალდებებს დავუბრუნდები. ზემოთ მოტანილი წინადადების შემდეგ თქვენ მკითხველს არწმუნებთ იმაში, რომ თურმე, როდესაც "ვერ გავბედეთ" თქვენს ოპოზიციად "თბილისის მრევლის" წარმოჩენა, მაშინ მე და ზვიად ნოდიას ოპოზიის სახით "ფოთის მრევლი" მოგვიაზრებია.

"ოპოზიციაზე" უკვე ვისაუბრე, ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წინადადების საკვანძო სიტყვას "მაშინ", რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენ შეგნებულად ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწეოდით თქვენს წინააღმდეგ; სწორედ ამ სიტყვაზე დაყრდნობით "ათვალსაჩინოებთ" თქვენ ჩვენს (ჩემი და ზ. ნოდიას) "შეგნებულ სიცრუესა და თვალთმაქცობას".

საქმე იმაშია, რომ ჩემთვის ცნობილი იყო რუს ძველმორწმუნეთა აზრი თქვენი განზრახვის შესახებ, კერძოდ, ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ პრესის მეშვეობით გამოცხადებული მუქარის შეუსრულებლობის შემთხვევაში (ანუ, თუ არ მოხდებოდა ეს სასწაული) ძველმორწმუნეობის წმიდა და პატიოსან სახელს, რომელსაც ძლიერ უფრთხილდებიან, ბიწი ეხებოდა. ეს მათ დაადასტურეს თქვენი წერილის მიღების შემდეგ ფოთში ჩატარებულ ეპარქიის კრებაზეც. ასეთ აზრს, სხვათა შორის, გამოთქვამდა მამა ბასილიც (ფოთის ეპარქიის მღვდელი - არქიეპ. პ.), და ამიტომ, როდესაც "ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი "ნაწილის" სახელით განცხადება გავაკეთე არანაირად არ შევმცდარვარ. ამდენად, აქ იგულისხმებოდა სიფრთხილე თქვენს მიერ დაგეგმილი კონკრეტული ქმედების მიმართ და არავითარ შემთხვევაში მისი უარყოფა, მით უფრო, ოპოზიციონერობა.

ასევე მძიმე ბრალდება და ცილისწამება გამოსჭვივის წინადადებაში: "ვერ გაბედეს ოპოზიციად წარმოეჩინათ თბილისის მრევლი", აქედან შეიძლება ასეთი დასკვნა გააკეთოს კაცმა. "უნდოდათ ეს, მაგრამ ვერ გაბედეს", აი, მაშინ კი (როდესაც თბილისის მრევლს "ვერ გაუბედეს"), ფოთის მრევლი მოიაზრეს ოპოზიციად.

თქვენ ეკლესიის (კონკრეტულად კი ფოთის მრევლის) სახელით განცხადების გაკეთებას ცოდვად მითვლით, არადა, მე, როგორც კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოსს, ასეთი განცხადების გაკეთების სრული უფლება მაქვს, ხოლო თუ როდის კეთდება ასეთი განცხადებები, რა პირობებში და რა მიზნით, ქვემოთ, ჩემი განცხადების გარჩევისას განვიხილავ. თუ გახსოვთ, მეუფეო, როდესაც მამა გრიგოლის სახლში შეხვედრისას და შერიგების შემდეგ, 1999 წლის 17 ოქტომბერს, კვირას, ავადსახსენებელი კრების მოწყობის მიზეზები გკითხეთ, მაშინ მიპასუხეთ თითქოსდა "საქმის ხელახალი გარჩევა გორის მრევლმა მოგთხოვათ". ვიცი, მეუფეო, გორელების ჩემდამი კეთილგანწყობა. ისინი გამოუძიებლად ჩემს სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვდნენ. მითუმეტეს, დაუჯერებელია ჩემს გასამართლებლად მათ კრების მოწვევა მოეთხოვოთ.

ჩვენი შერიგების შემდეგ, ჩემი გასამართლება ჩემდამი საკმაოდ ანტიპათიურად განწყობილმა თქვენმა გორელმა ნათესავმა მოითხოვა, და ეს სრულიად აშკარაა! სხვათა შორის, ეს იმითაც დასტურდება, რომ ამ "გორის მრევლის მიერ მოთხოვნილ კრებას" გორიდან მხოლოდ ორი ადამიანი ესწრებოდა (ერთი ჩემი სულიერი შვილი, მამა გიორგი და მეორე, - თქვენდამი ფანატიკურად განწყობილი და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებული თქვენი ნათესავი).

მაშ, მე თუ არ მქონდა ფოთელი მორწმუნეების, მთელი მრევლის სახელით განცხადების გაკეთების უფლება, მაშინ არც თქვენ იყავით უფლებამოსილი შეგეცვალათ გადაწყვეტილება და საქმის გამოუძიებლად ეპისკოპოსისთვის წაგეყენებინათ ულტიმატუმი, რისთვისაც მოიწვიეთ საერთო-საეკლესიო კრება და ისიც "გორელი მრევლის სახელით"!

გორელმა მორწმუნეებმა ეს არ იციან და არა მგონია მოიწონონ მათი სახელით მათთვის პატივსაცემი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ასეთი საქმისწარმოება. ნუ მიწყენთ, მაგრამ დიდი ცოდვაა ჯერ ერთი, ჩემი, როგორც ეპისკოპოსის მოტყუება და, მეორეც, - დამადანაშაულოთ ისეთ ცოდვაში, როგორიც თავად აგისრულებიათ!

საინტერესოა "ხალხის სახელით" ლაპარაკი და ქმედება მარტო ჩემთვის რატომაა ცოდვა, "შეგნებული სიცრუე" და "თვალთმაქცობა"?

მაგრამ, კიდევ ერთხელ მადლობას შევწირავ უფალს, რომ ჩვენი საქმე დასრულებულია და ეს წერილი მხოლოდ წარსული შეცდომების გათვალისწინებისა და მომავალი სასიკეთო ურთიერთობათა განმტკიცების მიზნით იწერება.


"მესამე სიცრუის" განხილვა


ციტატა განცხადებიდან: "... საზოგადოებას ვთხოვთ, ეპ. იონას კერძო გამოსვლებს საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნუ განაზოგადებენ". თქვენი აზრით: "აქაც აშკარად იზრდება სიცრუის ხარისხი და არა მარტო მნიშვნელოვანი ნაწილის, არამედ მთელი ეკლესიის სახელითაც კეთდება ეს განცხადება. ფაქტია, ამ სიცრუის უკანაც ისევ ორი ადამიანი დგას".

იქნებ ამიხსნათ ამ ბრალდებაში დამოწმებულ წინადადებაში რა არის სიცრუე?! - ის, რომ თქვენი, ესე იგი ეპისკოპოს იონას კერძო გამოსვლები, ეკლესიაზე არ უნდა განაზოგადონ თუ ის, რომ ამ განცხადებას მე მთელი ეკლესიის სახელით ვაკეთებ?

ძვირფასო მეუფეო, არც ერთი და არც მეორე სიცრუე არ არის! პირველი განცხადება გამომდინარეობს თეოლოგუმენის შესახებ საეკლესიო სწავლებიდან, ხოლო მეორე ჩემი, როგორც ეპისკოპოსის უფლებამოსილებიდან. ზემოთ მე შეგპირდით, რომ ორივე ამ საკითხზე (ანუ თეოლოგუმენზე და იმის შესახებ თუ როდის, რა პირობებში და ვითარებაში უნდა აკეთებდეს ეპისკოპოსი მთელი ეკლესიის სახელით ასეთ განცხადებას) ქვემოთ, ჩემი განცხადების დეტალური განხილვისას გიჩვენებთ. მანამდე კი მინდა განუგეშოთ, თავისუფლად შეგიძლიათ იგივე განაცხადოთ ჩემზეც და დაწეროთ: "ეპისკოპოს პავლეს კერძო გამოსვლებს და შეხედულებებს მთელს ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთ!" და გააკეთოთ ეს მთელი ეკლესიის სახელით. გარწმუნებთ, თქვენ ვერავინ (უმეცრის გარდა!) ვერაფერში დაგადანაშაულებთ!!!

ასე, რომ თქვენ სიცრუედ წარმოაჩენთ იმას, რაც თავისთავად არ არის სიცრუე! საკუთარი უფლებამოსილების განცხადება არანაირად არ არის სიცრუე!


"მეოთხე სიცრუის" განხილვა


გადავიდეთ თქვენი სქემის იმ ნაწილზე, რომელსაც შეარქვით მეოთხე სიცრუე. თქვენ წერთ: "როდესაც ითქვა - "ამჯერადაც, ჩვენი წინააღმდეგობისა და გაფრთხილების მიუხედავად ეპ. იონამ დამოუკიდებელი სვლა განახორციელაო", ამით ცალსახად მიანიშნეს, რომ ადრეც, ისევე როგორც ამჯერადაც, მე ურჩი, ე. ი. ამპარტავანი, შეურაცხადი (!) (როგორც თავად განმიცხადეს), ხიბლიანი (ეშმაკი და კუდიანი კაცის მნიშვნელობით (!). იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 8) პიროვნება გახლავართ. საგანგებოდ შერჩეული სიტყვა "ამჯერადაც" (რაც ქვეტექსტში მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ უწინათაც ასეთი ვიყავი) გააზრებული, მიზანმიმართული სიცრუეა. როდესაც გაჩნდა აზრი ჩემს წიგნში ზოგიერთ თეოლოგიურ საკითხთა მართებულობა-უმართებულობაზე, მეუფე პავლემ უმალვე მიიღო თანხმობა წიგნის რედაქტირებაზე. ამით თვალნათლივ დადგინდა ჩემი მორჩილება მრევლისადმი".

ამ ბრალდებაში ცხადად ჩანს არა მხოლოდ საკითხთა არასწორად გააზრებისა და გაშუქების შედეგად დაშვებული შეცდომები, არამედ პირველად თქვენს წერილში თავს იჩენს თქვენი ეჭვიანობა, რაც (როგორც ამას შემდგომ, წერილის მსვლელობისას ვიხილავთ), სულ უფრო ღრმავდება და, სამწუხაროდ, იღებს მეტად მახინჯ ფორმებს, რაც ირონიული გამოთქმებითა და საეკლესიო სასჯელის მუქარებით არის შეკმაზული.

თავიდანვე, პირველ ორ ბრალდებაში (განცხადების ტექსტიდან მცირეოდენ გადახრას თუ არ მივიღებთ მხედველობაში) თქვენ ასე თუ ისე ცდილობდით გესაუბრათ თვით ჩვენი განცხადების ტექსტზე. ამჯერად, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, საკმაოდ სცილდებით ტექსტის შინაარსს (რომელსაც, სხვათა შორის, ასევე არასწორად განუმარტავთ მკითხველს) და მიყენებთ ისეთ საშინელ ბრალდებებს, რომ მათი გაფიქრებაც კი მაძრწუნებს და გულს მტკენს. და, რაც ყველაზე საოცარია, ეს ყოველივე თქვენ "დაგინახავთ" ჩემი განცხადების ტექსტში საკვანძო სიტყვის "ამჯერადაც" მიღმა.

თქვენი ბრალდებების მიხედვით, თურმე ზემორედამოწმებულ წინადადებაში მე თქვენში ვგულისხმობ ურჩ, ამპარტავან, შეურაცხად (!), ხიბლიან პიროვნებას. ყველა ეს ბრალდება ეყრდნობა ჩვენი ტექსტის საკმაოდ ემოციურ აღქმას და არის აბსოლუტურად უსაფუძვლო!

ნაწერის თვისუფალი, საკუთარი ეჭვებისა თუ შეხედულებების მცდარი განმარტების საფუძველზე საეკლესიო ბრალდების წამოყენება დაუშვებელია, რადგან ის, ფაქტობრივად, დაუმტკიცებელია! თქვენ გსურთ ჩემს განცხადებას მიაწეროთ ის, რაც მასში არ მოიპოვება, ხოლო შემდეგ ამ არარსებულ დანაშაულს მიუყენოთ ისეთი კანონები (აკეთებთ კიდევაც ამას. იხ. ქვემოთ), რომელიც მე სასულიერო წოდებას ამყრის. ვფიქრობ, მიზანმიმართული სიცრუე სწორედ ეს არის.

თქვენ მწერთ: "განა შენ ხიბლიანი არ მიწოდე? რასაც ასე განმარტავს ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტომი 8:

ხიბლიანი - გრძნეული, ეშმაკისეული კაცი. ხოლო ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი ხიბლის შესახებ იუწყება: ხიბლი - გრძნებით შეკვრა, დანაფსვა, ჯადო, ხრიკი, ეშმაკობა". ამის შემდეგ კი აგრძელებთ:

"ხიბლიანი ვარ, ე. ი. ვარ ეშმაკეული, არამართებულად მოაზროვნე, უზიაროდქმნილი, სულელი, რომელმაც არც კი იცის რას ლაპარაკობს. ალბათ ამისთვის შეადარე ჩემი სიტყვები "ჰაერის გაფუჭებას", ალბათ ამიტომაც მოუწოდებდით ხალხს არ ესმინათ ჩემთვის, რადგან შეუძლებელია ამგვარი კაცის მიყოლა. "ვხედავ, ადვილად იქნევ ენას, არც რჯული გახსოვს, არც სახარება" (მათე 5:22) ("ხუთი სიცრუე" გვ. 21).

ამის შემდეგ, რაკიღა სიტყვა "ხიბლი" ჩუბინაშვილის მიხედვით განგიმარტავთ და არა მართლმადიდებლური ასკეზის შესაბამისი კუთხით, თანაც ცდილობთ დამადანაშაულოთ "ძმის შეურაცხყოფაში": "ვინც თავის ძმას ეტყვის "რაკა" სინედრიონის თანამდები იქნება, ხოლო ვინც ეტყვის "სულელი", ცეცხლის გეჰენიის თანამდები იქნება". ამის შემდეგ, იმისთვის რათა "გამაცნობიეროთ დანაშაულის სიმძიმეში" მიმოწმებთ ადგილებს წმ. წერილიდან და წმ. მამათა შეხედულებებს, ასევე სარდიკიის კრების 19 (20)-ე კანონს, რომელთაც უნდა დაეფუძნოს ჩემი "მხილებისა" და დასჯის "კანონიკურობა".

ლოგიკა უბრალოა, რადგან მე თქვენთვის "ხიბლიანი" მიწოდებია, ხოლო ეს სიტყვა მართლმადიდებლური ასკეტიკის განმარტებით კი არა (რომლითაც უნდა გეხელმძღვანელათ), არამედ ჩუბინაშვილის განმარტებით, კუდიან, გრძნეულ და ეშმაკისეულ კაცს ნიშნავს, ამგვარი შეურაცხყოფისთვის შესაბამისი კანონიერი სასჯელით უნდა დავისაჯო. განა ცხადზე უცხადესი არა რის ამგვარი განზრახვის არათუ ტენდენციურობა, არამედ მკითხველის და მრევლის მიზანმიმართული მოტყუება და ჩემი სამაგალითო დასჯის მიზანდასახულობა?!

თქვენს მიერ დამოწმებულ წმ. მამათა განმარტებას მე კიდევ დავუბრუნდები, მანამდე კი ვიხილოთ ხიბლის მართლმადიდებლური განმარტება.


ა) ორიოდ სიტყვით ხიბლის შესახებ


წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის
თქმით, ხიბლი ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივი აქტივობის შედეგია, როდესაც ეს აქტივობა შემოსილია რელიგიური ოცნებებითა და წარმოსახვებით და, კონკრეტული სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი მიმართულებაც კი გააჩნია.

ხიბლი არ ასახავს რეალობას მიუხედავად იმისა, წარმოსახული საგნები, არსებები თუ მოვლენები რეალურად არსებულნი ან განხორციელებადნი არიან თუ არა.

ხიბლი არის ოცნება, ანუ, ხიბლი ეს არის სასურველის მიჩნევა რეალობად. ამდენად, "ადამიანი, რომელიც საკუთარი ძალისხმევით და მონდომებით ცდილობს საკუთარ თავში რელიგიურობის ორეოლით შემოსილ ერთგვარ ფსიქიკურ განცდათა გამოწვევას (მაგ.: ცრემლთადენას, სიზმართმხილველობას და სხვა - ეპ. პ.) ხშირად მათ საღმრთო წყაროდან მოვლენილ მადლმოსილ ნიჭად ჩათვლის, ხოლო საკუთარ თავს ღმრთისმხილველად შერაცხავს" (შეად. "Добротолюбие, т. 5, стр. 17). ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ადამიანი შეიძლება ხიბლში მოექცეს, როგორც გრძნობათა ორგანოების მეშვეობით (მხედველობით, ყნოსვით, სმენით, გემოვნებით და სხვა), ასევე სიზმრებითაც (მათ შესახებ დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ).

ამდენად, ყალბი სულიერი განცდების და "გამოცხადებების" არსებობა რეალობაა! მას მართლმადიდებლური ასკეტიკის ენაზე ხიბლი (ძვ. ქართულ მწერლობაში - საცთური) ეწოდება და ნურავის ეწყინება თუ ბ-ნ ჩუბინაშვილის ლექსიკონში მოცემული განმარტება აქ მხედველობაში არ მიიღება.



ბ) ზოგიერთი ტერმინის თეოლოგიური გააზრებისთვის


როდესაც ამა თუ იმ რელიგიური, სარწმუნოებრივი ტერმინის მნიშვნელობას და შინაარსს ვარკვევთ, უნდა ვითვალისწინებდეთ არა იმას, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს მას ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში, ან ამა თუ იმ პროფესიაში (მაგ. მედიცინაში ან ხელოვნებაში, ან თუნდაც ცრურელიგიურ ოკულტიზმში), არამედ იმას თუ რას ნიშნავს ის სარწმუნოებაში (ჩვენს შემთხვევაში ეს არის მართლმადიდებლობა, კონკრეტულად კი მართლმადიდებლური ასკეტიკა). თუ არადა, ტერმინებისა და მათი მნიშვნელობის ასეთი აღრევა დიდ გაუგებრობებამდე მიგვიყვანს.

ასე მაგალითად, განგვიმარტეთ, როგორ გავიგოთ სიტყვა "ექსტაზი"? უცხო სიტყვათა ლექსიკონში ის განიმარტება, როგორც ერთგვარი ფსიქიური მდგომარეობა ან დაავადება, კერძოდ: 1) გაშმაგება, გახელება, გააფთრება; 2) ან კიდევ, როგორც აღფრთოვანების უკიდურეს მდგომარეობაში ყოფნა. პირველი გაგებით ის მედიცინაში, კერძოდ ფსიქიატრიაში გამოიყენება. მეორე გაგებას მიმართავს ხელოვნება. მაგრამ არსებობს კიდევ მესამე - რელიგიური გაგება და ის აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ორისგან.

მართლმადიდებლური ექსტაზი - ეს არის მისტიკური ფენომენი, ერთგვარი მისტიკური მდგომარეობა, რომელსაც წმ. მამები "ღმერთში აღტაცებას" უწოდებენ. საგულისხმოა, რომ თვით ქრისტეანობაშიც კი ტერმინი "ექსტაზი" ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: პირველი ეს არის აბსოლუტურად უარყოფითი მნიშვნელობა, ანუ გონის წასვლა, გონის დაკარგვა, სიგიჟე, უგუნურება, რომელთა გამოწვევის მიზეზები სხვადასხვაა და მეორე, რომლის განმარტებაც უკვე შემოგთავაზეთ. ეს უკანასკნელი, ასევე განიყოფა სხვადასხვა ტიპის ექსტაზებად, მაგ.: 1) ლოცვითი აღფრთოვანება; 2) ღვთიური ნათლის ხილვა; 3) სხვა სახის მისტიკური ხილვა (მაგ. იოანეს გამოცხადება).

დადებითი ექსტაზის შესახებ საუბრობენ ისეთი წმ. მამები, როგორებიც იყვნენ: წმ. გრიგო ნოსელი, წმ. დიონისე არეოპაგელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. ისააკ ასურელი, წმ. მაკარი ეგვიპტელი და მრავალი სხვა, რომლებიც ამ მდგომარეობის გადმოსაცემად იყენებდნენ ტერმინებს: "ფხიზელი ძილი", "აღტაცება" და სხვა.

დადებითი ექსტატიური მდგომარეობები უხვადაა აღწერილი მამათა ცხოვრებაში. მაგალითად: წმ. ანტონი დიდის ცხოვრების აღმწერელი (წმ. ათანასე დიდი) გვამცნობს: "ერთხელაც, როდესაც ანტონი იჯდა და ხელსაქმობდა, ერთგვარ ექსტაზში ჩავარდა" (Афанасий Александрийский. Житие преп. Антония. 82, 4. ციტ.: Иеромонах Мларион (Алфеев). Преп. Симеон Новый Богослов и православное предание. Москва 1998 г., стр. 392-393). ან კიდევ, ლოცვის ჟამს იგრძნო, რომ "გონებით აღტაცებულ იქმნა" (იქვე).

ამბა ბესარიონის (IV ს.) ცხოვრებაში გვამცნობენ, რომ ის ორმოცი დღე ექსტაზის მდგომარეობაში იყო (Изречения пустинных отцев. Виссарион 4. ციტ. იქვე).

ამბა სილუანეს ხშირად ხედავდნენ ექსტაზში მყოფს (იქვე. სილუანე).

ამბა პიმენი სულიერ აღფრთოვანებაში მოვიდა იქ, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იდგა მაცხოვრის ჯვართან და ტიროდა".

ამბა ისიდორეზე ამბობენ, რომ ექსტაზში ის საერთო ტრაპეზობის დროს ვარდებოდა.

ხოლო წმ. სიმეონ მესვეტის ცხოვრებაში ექსტაზის თხუთმეტამდე შემთხვევაა აღწერილი თვით სიმეონისა, მისი დედისა მართასი, არქიმანდრიტ იოანესი, კონონისა, თეოსებიოსისა და ადამიანთა მთლი ჯგუფისაც (იქვე).

ახლა კი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ძვირფასო მეუფეო, რა მოხდება თუ თქვენს მიერ ჩემდამი ბრალდებად წაყენებული სიტყვის პერიფრაზირებას მოვახდენთ და ვიტყვით: "ხუთი მილიონი კაცი თუ გადაშლის უცხო სიტყვათა ლექსიკონს და იქ სიტყვა "ექსტაზის" განმარტებად წაიკითხავს სიტყვებს: გაშმაგება, გახელება, გააფთრება..." თქვენივე ლოგიკის თანახმად წმ. ათანასე ალექსანდრიელი და ზემოთხსენებულ მამათა ცხოვრების აღმწერელი მამები წმინდანთა შეურაცხმყოფელებად, მტყუვრებად და ღმრთისმგმობელებად უნდა გამოაცხადონ (ნუმც იყოფინ!).

მაშ, რატომ უნდა ჩაიხედოს "ხუთმა მილიონმა კაცმა" ჩუბინაშვილის ლექსიკონში და იქ ეძებოს "ხიბლის" განმარტება, თუკი ეს სიტყვა ჩემს განცხადებაში არსად გამომიყენებია? მეტიც, წერილობით არასოდეს გამომითქვამს, რომ თქვენ ხიბლში იმყოფებით, აქედან "ხუთი მილიონი კაცი" რა შუაშია? ეს მეტად უცნაური ბრალდებაა! არანაკლებ უცნაური, ვიდრე თვით ამ ტერმინის მოძიებაა არა წმ. მამათა თხზულებებში, არამედ ჩუბინაშვილის ლექსიკონში. თქვენ, სასულიერო პირს, მით უმეტეს, "მსოფლიო მოძღვრის" პრეტენზიის მქონეს, ეს არ გეკადრებათ!

ამდენად, ჩუბინაშვილის განმარტებიდან გამოყვანილი ბრალდება და მისი შესაბამისი კანონიკური სასჯელნი მე არავითარ შემთხვევაში არ მეხება! თუ არა, მაშინ თქვენ წმ. ათანასე დიდი წმ. ანტონი დიდის შეურაცხმყოფელად შეგირაცხავთ, რადგან მან ანტონიზე თქვა, რომ ის ექსტაზში იმყოფებოდა. ხოლო ექსტაზი, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გიჟსა და გახელებულს ნიშნავს. ამგვარი მსჯელობა თავისუფლად შემოგიბრუნდებათ ბრალდებად.



გ) ... და ისევ ხიბლის შესახებ


მაგრამ მოდი, კვლავ ხიბლის საკითხს დავუბრუნდეთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლმადიდებლურ ასკეტიკაში მისი მნიშვნელობა ერთგვარი, არასასურველი, მეტიც, დამღუპველი სულიერი მდგომარეობით ისაზღვრება. ეს არის ფუჭი ოცნება! სასურველის გამოცხადება რეალობად. მეტიც, ეს არის სხვა ადამიანთა მოტყუებაც, რაც შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ხიბლში მყოფი მოძღვარია და გარკვეული რაოდენობის მიმდევრებიც ჰყავს.

საქმე იმაშია, რომ თუ ერთი რომელიმე სულიერი მოძღვრის სულიერი გამოცდილება შეწყნარებულია მისი მოწაფეების მიერ, შესაძლოა, იგი სხვა თემის ან სხვა მოძღვრის გამოცდილების მიმდევართა მიერ უარყოფილ იქნას; თუ რომელიმე მოღვაწის გამოცდილება მოიპოვებს საყოველთაო აღიარებას, ჩანს, ლოცვითი მოსაგრეობის მის გზას, რომლის მეოხებითაც მიაღწია მან ამ მდგომარეობას, მოსაგრეთა სულებში შინაგანი თანხმობა მოუპოვებია და მისი გზა მოწონებულია და კურთხეულია. მაგრამ თუკი ეს მოღვაწე ხიბლში იმყოფებოდა და მისი მოწაფეებიც ამ კონკრეტულ გზას (ვთქვათ, მარხვის, ლოცვის და სათნო ცხოვრების სხვა წესებს) სერიოზულად მისდევენ, უდიდესი საფრთხის ქვეშ ექცევიან და ადრე თუ გვიან უფსკრულში დაინთქმიან (შეად. "Добротолюбие", т. 3 стр. 180).

ეს ხიბლის შედეგების პრინციპული და სწორი შეფასებაა, რომლის თქვენდამი და თქვენი ზოგიერთი შეხედულებების მომხრეებსაც მიუდგება. კონკრეტულად ეს ეხება თქვენს სიზმრებს და ზოგიერთ გარემოებებს, რომელთც შემდგომ თქვენი მსოფლიო მოძღვრობის ფუნქციისა და თქვენი წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" მსოფლიო მნიშვნელობის იდეები დაეფუძნა სადაც, სხვათა შორის, საკმაოდ დიდ უნდობლობას სწორედ მათი (ანუ ამ იდეებისა და შეხედულებების) აღმოცენების საფუძველი - სიზმრები იწვევს.

ეს ბუნებრივიც არის, რაც ჩვენი სიფხიზლისა და წმიდა მამათა მკაცრი გაფრთხილების ხელმძღვანელობის მაჩვენებელია და არავითარ შემთხვევაში არ არის ნაკარნახევი, როგორც თქვენ წერთ, თქვენი ღირსების დაკნინების და საკუთარი პიროვნების განდიდების მიზნით. ასეთი მტკიცება, თავი რომ დავანებოთ მის სრულ უსაფუძვლობას, საკმაოდ გულუბრყვილო და მიამიტურია.

ამ საკითხის სრული განხილვისთვის საჭიროდ მივიჩნევთ თვით ჩუბინაშვილის "განმარტების" განმარტებასაც.

თქვენ წერთ, რომ სიტყვა "ხიბლიანი" ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში "ეშმაკი და კუდიანი კაცის" მნიშვნელობის მქონეა (იხ. თქვენი წერილი გვ. 3), ხოლო დასკვნით ნაწილში წერთ: "ხიბლიანი - გრძნეული, ეშმაკისეული, კუდიანი კაცი. ხოლო ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი ხიბლის შესახებ იუწყება: "ხიბლი" - გრძნებით შეკვრა, დანაფსვა, ჯადო, ხრიკი, ეშმაკობა".

როგორც უკვე აღვნიშნე, წერილობით არსად, არასდროს ხიბლში მყოფად არ გამომიცხადებიხართ, ხოლო სიტყვა "ხიბლიანი" სიტყვიერ პოლემიკაშიც კი არ მიკადრებია თქვენთვის. მე გითხარით, ჩემი აზრით, ხიბლში იმყოფებით მეთქი. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ თქვენს მიერ დამოწმებულ ლექსიკონებში "ხიბლიანი" და "ხიბლი" არსებითად განსხვავებული ცნებებია. კერძოდ, თუ "ხიბლიანი" არის სუბიექტი, რომელიც გარკვეული თვისებების მატარებელი პიროვნებაა (გრძნეული, ეშმაკისეული, კუდიანი კაცი), - "ხიბლი" - პირიქით (ამ ლექსიკონის მიხედვით) აღნიშნავს მოქმედებას (გრძნებით შეკვრა, დანაფსვა, ეშმაკობა, ჯადო, ხრიკი). ხოლო მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა, როგორც ქართული ენის გრამატიკიდან ვიცით, ზმნად იწოდება. მაშინ, როდესაც ხიბლი ქრისტეანობაში გარკვეულ სულიერ მდგომარეობას აღნიშნავს. შედარებისთვის მოვიტანოთ სიტყვები: "სიზმრიანი" და "სიზმარი". "სიზმრიანი" შეიძლება ითქვას სუბიექტზე, რომელიც საკმაოდ ხშირად ხედავს სიზმრებს ("სიზმრიანი კაცი"), ხოლო "სიზმრით" (ფსიქოლოგთა ენით რომ ვილაპარაკოთ) აღინიშნება ადამიანის ფსიქოსომატური (სულიერ-ბიოლოგიური) ან ფსიქიკური (სულიერი) მდგომარეობა. ამიტომაც, მიუხედავად ავტორიტეტულობისა, ძალზედ გვიჭირს თვით ხსენებულ ლექსიკონთა განმარტებებთან დათანხმება.

სიტყვა "ხიბლი" მოცემულია სულხან-საბას განმარტებით ლექსიკონშიც ("ლექსიკონი ქართული". თბილისი, "მერანი", 1993 წ.). აქ ეს სიტყვა განმარტებულია ასე: "ხიბლი" - საგრძნებო კრული, ხოლო "ხიბლვა" - შეგრძნება (წიგნი მე-2, გვ. 422). როგორც ჩანს, სულხან-საბას ეპოქაშიც ამ სიტყვას გააჩნდა ის მნიშვნელობა, რაც დღესა აქვს მას მართლმადიდებლობაში. "საგრძნებო კრული" ჩემის აზრით, ეს იგივეა, რაც "ჯადო", ასე განმარტავს მას ჩუბინაშივილიც: "გრძნებით შეკვრა", "დანაფსვა", "ჯადო", "ხრიკი", "ეშმაკობა".

არც ერთი ეს ტერმინი არ ეწინააღმდეგება "ხიბლის" მართლმადიდებლური გაგებას, თუკი გავითვალისწინებთ, ხიბლის გამომწვევი ხშირად არის ეშმაკი (ხშირად-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი თვითონაც იხიბლება საკუთარი ოცნებებით და ექცევა საკუთარი იდეების ტყვეობაში), რამეთუ ის აჯადოებს, უწყობს ხრიკებს ქრისტეან მოღვაწეებს და, საზოგადოდ, ადამიანებს, რათა მით საკუთარ ბადეში გააბას და საბოლოოდ წარწყმიდოს ისინი.

ამდენად, თუკი ხიბლი ოცნებაა, სასურველის მიჩნევაა რეალობად, რასაც ეშმაკი იწვევს, ბუნებრივია, რომ ეშმაკის ეს ქმედება იწოდება კიდეც ეშმაკობად, ჯადოქრობად, გრძნებით შეკვრად და ა. შ. ყველა ეს ტერმინი, ხიბლით გამოწვეულ სხვადასხვა შედეგებს ასახავს, რომელთაგან გათავისუფლება ზოგჯერ უდიდესი ლოცვითი და მარხვითი ძალისხმევით არის შესაძლებელი, ხოლო ზოგჯერ შეუძლებელიც კია, თუ თვით უფალი არ ჩაერია ამ საქმეში. ასე განმარტავენ მას მეუდაბნოვე და დაყუდებული მამები.

ამრიგად, ჩუბინაშვილის განმარტებიდან გამომდინარეც კი, სიტყვა "ხიბლიანი" არ შეიცავს რაიმე შეურაცხმყოფელს, არამედ ეს არის სულიერი მდგომარეობა, სადამდე ან საკუთარი ოცნებებით და იდეებით, ან კიდევ ეშმაკის მომატყუებელი ხილვებით მიდის ადამიანი.

რაც შეეხება ტერმინ "ხიბლიანს", ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შემდგენლებს. ის შეიძლება აღნიშნავდეს ხიბლში ყოფნას, მოხიბლულობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში "კუდიან კაცს" (!). მაგრამ, თქვენ თუ არ დაგვეთანხმებით, ნება თქვენია, ყოველი შემთხვევისთვის, მე არსად, არასოდეს გამომიყენებია ეს ტერმინი არც წერილობით და არც სიტყვიერად არა თუ თქვენი, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეების მისამართითაც კი. ამიტომაც, ზემოთ აღნიშნული და აქ მოტანილი განმარტებებისა და მოწმობების საფუძველზე დასანან შეცდომად მიმაჩნია "განმარტებითი ლექსიკონის" მიხედვით ბრალდებების ჩამოყალიბება და მისთვის საეკლესიო სჯულმდებლობის მიყენება.



დ) ტერმინ "ხიბლის" არასწორი გამოყენებისა და ზოგიერთ ბრალდებათა ბუნდოვანებისთვის


მეუფეო, თქვენ სხვა მხრივაც ეხებით ხიბლის თემას და, სამწუხაროდ, ურევთ მას თეოლოგუმენის ცნებაში, რაც დასანანი გაუგებრობისა და ცდომილების მიზეზი ხდება.

კერძოდ, თქვენ წერთ: "ვინც არიან ისინი, რომლებიც ხიბლიან კაცად მრაცხენ? რა არგუმენტებს ეყრდნობიან, როცა ამას ასე საჯაროდ აცხადებენ?" მოდი, აქ დროებით შევწყვიტოთ ციტირება და უმალ გავარკვიოთ ჩემთვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრე: ეს არის ტერმინი "ხიბლიანი". როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ ტერმინთან არაფერი მაკავშირებს, არავისთან გამომიყენებია არც წერილობთ და არც სიტყვიერ პოლემიკაში. მითუმეტეს, თქვენთან, როგორც ეს თქვენს მიერ დამოწმებული "ქართული ენის განმარტებითი" და ჩუბინაშვილის ლექსიკონებიდან ჩანს, ეს სიტყვა ("ხიბლიანი") ძირფესვიანად განსხვავდება სიტყვისგან "ხიბლი". ამდენად, "ხიბლიანი" და "ხიბლში ყოფნა", ამ ზემოთთადასხელებულ ლექსიკონთა მიხედვით იძენენ აბსოლუტურად სხვადასხვა მნიშვნელობას. თქვენ რატომღაც წინ წამოგიწევიათ სიტყვა "ხიბლიანი" და ყველგან გვიმტკიცებთ, რომ თითქოსდა სწორედ ის გამოვიყენეთ თქვენი მისამართით. ეს ამძიმებს თქვენს ბრალდებას, რადგან "განმარტებითი ლექსიკონის" მიხედვით თურმე ის "კუდიან კაცს", "სულელს" ნიშნავს. ეს ძალზედ მძიმე ბრალდებაა, რომელსაც თქვენი მხრიდან მოსდევს ამ ბრალდებების შესაბამისი კანონიკური სჯულდებანი, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მომიდგება სამხილად რადგან, როგორც უკვე ვთქვი:

1) ეს სიტყვა არასოდეს, არსად გამომიყენებია.

2) განმარტებითი ლექსიკონის შემდგენლები უშვებენ შეცდომას სიტყვა "ხიბლიანის" განმარტებაში, რომელიც თვისებების აღმნიშვნელ სიტყვად წარმოდგება და რომლის ფუძეს წარმოადგენს სიტყვა "ხიბლი" (აქედან "ხიბლიანი", "მო-ხიბლ-ული", "მ-ხიბლ-ავი", "ნა-ხიბლ-ი და ა. შ.), მაგრამ დახეთ საოცრებას, ხიბლი ჩუბინაშვილის მიხედვით ნიშნავს: "ჯადოს", "ხრიკს", "ეშმაკობას", "გრძნებით შეკვრას", ხოლო ამ სიტყვიდან ნაწარმოები "ხიბლიანი" – "გრძნეულს", "ეშმაკეულს" და რაც ყველაზე საკვირველია "კუდიან კაცსაც" კი.

ამიტომაც, თავად განსაჯეთ, მაგალითად, თუ "ხიბლი" ჯადოა, მაშინ "ხიბლიანი" ეს უნდა იყოს ჯადოს მატარებელი კაცი (მაგ.: თუ "ქუდი" თავსაბურავია, მაშინ "ქუდიანი კაცი" ამ თავსაბურავის მატარებელი ადამიანია). ამ მდგომარეობას (მოჯადოებას) შესაძლოა შეესატყვისებოდეს "გრძნეული" (ანუ ადამიანი, რომელზეც მოიმოქმედეს გრძნეულება, ჯადო და მით ხიბლში ჩააგდეს. მაგ.: შეაყვარეს სულით მახინჯი დედაკაცი... და ა. შ.). ამავე გაგებით შეიძლება აღვიქვათ "ეშმაკეულიც", ანუ ადამიანი, რომელიც ჯადოს ზემოქმედებით გახდა ეშმაკის შესაპყარი. მაგრამ, სიტყვები "გრძნეული" და "ეშმაკისეული" იძენენ სხვა მნიშვნელობას, როდესაც მათში მოიაზრებენ არა იმგვარ ადამიანს, რომელზეც მოიმოქმედეს გრძნეულება, ან ჯადოქრობა, არამედ ისეთს, რომელიც თვითონ არის გრძნეულებისა და ჯადოქრობის მოქმედი.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, სიტყვებს "გრძნეულსა" და "ეშმაკეულს" ჰქონია ორგვარი შინაარსი. სწორედ მეორე მნიშვნელობითაა "კუდიანი კაცი" "ეშმაკისეული" და "გრძნეული" ადამიანის, ანუ ჯადოქრის სინონიმი. და აშკარაა, რომ ლექსიკონის შემდგენლებს ეს სიტყვა გაუგიათ სწორედ ამ მეორე და არა პირველი მნიშვნელობით. ცხადია, ეს მათი ნებაა, მაგრამ როდესაც ასეთ განმარტებას დაეფუძნება ბრალდება, ის მეტად არამდგრად ხასიათს იძენს, რამეთუ:

1) ბრალდებულის მიერ ეს სიტყვები არსად არის გამოყენებული თქვენი მისამართით;

2) ბრალდება არ შეიძლება დაეფუძნოს კერძო მოსაზრებებს ან სხვაგვარად შემეცნებადი ამა თუ იმ ტერმინის კერძო აღქმას.

3) თანამედროვე ლექსიკონებში განმარტებული ტერმინი მისი მართლმადიდებლურ ასკეტიკაში გავრცელებული შინაარსის არაადეკვატურია. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რამეთუ გვართმევს შესაძლებლობას მომავალშიც თეოლოგიური ხასიათის პუბლიკაციაში გამოვიყენოთ სიტყვა "ხიბლი და ისიც სწორედ მისი მართლმადიდებლურ-ასკეტური გაგებით.

ამრიგად, სიტყვა "ხიბლიანი" არ გახლავთ ჩემს მიერ გამოყენებული ტერმინი, რის გამოც უნდა მომეხსნას ამ ტერმინის თანამედროვე გაგებიდან გამომდინარე ბრალდებები. თუ არადა, მოტანილ უნდა იქნას უფრო სერიოზული (ვიდრე ეს სიტყვიერი მოწმობ აა, თუმც არც მისი მოწმეები ჩანან) წერილობითი არგუმენტები. ხოლო ამგვარი არგუმენტები ბუნებასი არ არსებობენ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ ეს ტერმინი არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

რაც შეეხება "ხიბლში ყოფნას", ეს სულ სხვა ტერმინია და მას მე კიდევ დავუბრუნდები. ამჯერად კი გავაგრძელოთ თქვენი წერილის ციტირება. მაშ, "ვინ არიან ისინი, რომლებიც ხიბლიან (ე. ი. "ხიბლში მყოფ" - ეპ. პ.) კაცად მრაცხენ? რა არგუმენტებს ეყრდნობიან, როცა ამას ასე საჯაროდ აცხადებენ?" - წერთ თქვენ და იქვე არწმუნებთ მკითხველს:

"ისინი (ე. ი. მე და ზ. ნოდია - ეპ. პ.) მაბრალებენ მეუფე იონას წინასწარმეტყველება არ ახდაო. ჯერ ერთი, არსად განმიცხადებია, ეს ჩემი წინასწარმეტყველებაა-მეთქი. ვამბობ, რომ ეს ჩემეული განმარტებაა აპოკალიფსისისა. ვის შეუძლია ამის გამო მე ხიბლში მყოფად გამომაცხადოს?" (თქვენი წერილი. გვ. 14). მოდი, კვლავ შევჩერდეთ, რადგან ამ წინადადებებში ზოგი რამ გაურკვეველი და ბუნდოვანია, ზოგი რამ კი ერთმანეთშია არეული. საკითხის გასარკვევად ზემოთ მოტანილი მსჯელობა დავანაწევროთ შეკითხვებით:

1) კონკრეტულად რომელ წინასწარმეტყველებებზეა აქ ლაპარაკი, რომლის შესახებაც "არსად განგიცხადებიათ, რომ ეს თქვენი წინასწარმეტყველებაა?" ამ ფრაზით საითკენ უბიძგებთ მკითხველს? - ალბათ, იქითკენ, რომ იფიქროს, თითქოსდა თქვენთვის მიგვიწერია ისეთი წინასწარმეტყველება, რომელიც არ შესრულდა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ (მე და ზ. ნოდია) გამოვდივართ სიცრუის მოქმედნი და ცილისმწამებელნი.

2) თქვენ წერთ: "ვამბობ, რომ ეს ჩემეული განმარტებაა აპოკალიფსისისა. ვის შეუძლია ამის გამო მე ხიბლიში მყოფად გამომაცხადოს?" ამ წინადადებაში გაურკვეველია რას გულისხმობთ ნათქვამში: "ვამბობ, რომ ეს ჩემეული განმარტებაა აპოკალიფსისისა". უკაცრავად, მაგრამ გაუგებარია რა - "ეს"? რა იგულისხმება ამ გამონათქვამში? თუ ის წინამდებარე წინადადებაში ნახსენებ რომელიღაც "წინასწარმეტყველებასთან" არის დაკავშირებული, რომელიც "თქვენეული განმარტებაა აპოკალიფსისისა", მაშინ უნდა მიგეთითებინათ, კონკრეტულად რაზეა ლაპარაკი. ჩვენ კი მხოლოდ ერთს ვიტყვით: თუ თქვენ განმარტეთ აპოკალიფსისის რომელიღაც წინასწარმეტყველება და ის არ ახდა, მაშინ გამოდის, რომ არასწორად განგიმარტავთ და ჩვენი მხილებაც სამართლიანი ყოფილა, რადგან აპოკალიფსისის განმარტებაში შეიძლება შეცდეს ადამიანი (კომენტატორი), მაგრამ არასოდეს ცდება თვით "აპოკალიფსისი", რამეთუ ის უფლის გამოცხადებით არის დაწერილი. და ბოლოს:

3) მე არასოდეს მითქვამს, რომ "აპოკალიფსისის" ამა თუ იმ პირის მიერ მოცემული კერძო განმარტება არის ხიბლი! თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხიბლში მყოფმა ადამიანმა, რომელიც საკუთარი პიროვნების რჩეულობის იდეას აყალიბებს, შეიძლება მისი ხიბლისმიერი შეხედულებების შესაბამისად "განმარტოს" აპოკალიფსისი და შთავარდეს უმძიმეს მდგომარეობაში. ხიბლად შეიძლება, ასევე, იწოდოს ამა თუ იმ პიროვნების შეხედულებბა, რომ მას ძალუძს ჩასწვდეს წმ. წერილის ამა თუ იმ წიგნის ან წინასწარმეტყველების (მით უმეტეს, აპოკალიფსისის) სიღრმეს და დაიწყოს მისი მტკიცება, რომ მან ზუსტად განმარტა იგი. თუ ვინ შეიძლება იყოს წმ. წერილის განმმარტებელი, ჩვენ თქვენი წიგნისადმი მიძღვნილ ცალკე წერილში ვილაპარაკებტ, აქ კი ვიტყვით, რომ თავისთავად წმ. წერილის, ასევე "აპოკალიფსისის" განმარტება ამა თუ იმ კერძო პირის მიერ ჯერ კიდევ არ არის ხიბლი.

ამრიგად, ზემოთ მოტანილი თქვენი აზრი იმდენად ბუნდოვანია, რომ შესაძლებლობას არ იძლევა კონკრეტულად გაირკვეს:

1) რა "დაგაბრალეთ" და რომელ წინასწარმეტყველებაზეა აქ ლაპარაკი?

2) აპოკალიფსისის რომელ თქვენეულ განმარტებას გულისხმობთ?

3) ასევე ერთმანეთშია აღრეული "ხიბლისა" და "თეოლოგუმენის" (ანუ კერძო საღვთისმეტყველო აზრის) ცნებები, რომლის შედეგად მკითხველს რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოსდა აპოკალიფსისის კომენტირების მცდელობას ხიბლად გითვლით.

აქაც ვიკითხავ, რას ეფუძნება თქვენი ბრალდებები? და ვუპასუხებ: კვლავ თქვენს სიტყვიერ და დაუსაბუთებელ მტკიცებებს, რამეთუ არსად, არასოდეს დამიწერია სადმე, რომ (არათუ რომელიმე წიგნის კომენტირებისთვის, არამედ საერთოდ) ხიბლში იმყოფებით. სიტყვიერად კი დიახაც, რომ მითქვამს (ისიც მეტად ვიწრო წრეში) და არცთუ უსაფუძვლოდ. იმისთვის, რათა გავფანტოთ ეს ბურუსი, მოდი, ვნახოთ, რომელ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით შეიძლებოდა გამოგვეთქვა საყვედური; არის თუ არა ის თქვენი წინასწარმეტყველება და რა კავშირშია მასთან "აპოკალიფსისი"? და საერთოდ, ადამიანის ხიბლში ყოფნად (ანუ მოხიბლულად) მიჩნევა, არის კი რაიმე სახიხ დანაშაული? ამისთვის ვიხილოთ რამდენიმე თქვენი (და არა აპოკალიფსისის) "წინასწარმეტყველება" წიგნიდან "რა უნდა ვაკეთოთ".


ე) არშესრულებული "წინასწარმეტყველებანი"


კორესპონდენტის კითხვაზე: "როდის ახდება იოანე-ზოსიმე ნაწინასწარმეტყველევი" (ე. ი. როდის გაბრწყინდება საქართველო და როდის დაიწყება მსოფლიოს მხილება ქართული ენით - ეპ. პ.)? თქვენ პასუხობთ: "ბაბილონის დაცემის შემდგომ, ხოლო 1994 წელს მთელი მსოფლიო დაიჯერებს მკვდრეთით აღდგომილი საქართველოს საქვეყნო მესიანისტურ ფუნქციას. როგორც ეს გვაუწყეს, საქართველო გაიხარებს" ("რა უნდა ვაკეთოთ", 1994 წ. გვ. 419 §102-103).

აი, კიდევ ერთი "წინასწარმეტყველება", რომელიც უკვე 1994 წელთან ერთად რუსეთის უკვე ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს ეხება. თქვენს წიგნში ვკითხულობთ: "რუსეთში ელცინის მთავრობა სასწრაფოდ ემხობა. იწყება ბრძოლა ადრინდელი რეჟიმის დასამყარებლად, ტახტს იკავებს დანიელის წინასწარმეტყველების მეათე მეფე. აპოკალიფსისის მიხედვით, მხეცის ქვეყნის (ე. ი. რუსეთის - ეპ. პ.) მერვე მეფეს სიკვდილი ელოდება"... ცოტა ქვემოთ, 28-ე მუხლში კი წერთ: "ამის შემდეგ (ე. ი. ელცინის დამხობის შემდეგ - ეპ. პ.) მსოფლიო თვითგამორკვევის ჟამი დგება. ღვთის სიტყვა სასწრაფოდ შემოივლის დედამიწას. 1994 წელი - ენა ქართული შეიძენს ღვთიურ მადლს. ხდება ის, რაც იწინასწარმეტყველა იოანე-ზოსიმემ" და ა. შ. (იქვე. გვ. 492, § 25-28).

ძვირფასო მეუფეო, ალბათ, გონების დიდი დაძაბვა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ საქმე გვაქვს ტიპიურ ხიბლისმიერ ცრუ წინასწარმეტყველებასთან. ეს "წინასწარმეტყველებანი" 1992 წელს დაიწერა, ახლა კი 2000 წელია (იგულისხმება ამ თხზულების დაწერის თარიღი - არქიეპ. პ.). ბორის ელცინი დღემდე ცოცხალია და რუსეთიც ჯერ-ჯერობით შეურყევლად დგას. 1994 წელს მადლშემოსილ ქართულ სიტყვას მსოფლიო არ შემოუვლია; 1994 წელს ქართული ენის რაიმე განსაკუთრებული ღვთიური მადლით შემოსვაზე მსოფლიოს არაფერი სმენია (ისე, მე თუ მკითხავთ, რაც ქრისტეანობა დამკვიდრდა საქართველოში, ქართული სიტყვა მადლგანძარცული არასოდეს ყოფილა). ისიც უცნობია, 1994 წლიდან დიდების რა კვარცხლბეკზე შედგა გაწარმართებული და პორნოგრაფიის ჭაობში ჩანთქმული მსოფლიოს წინაშე ქართული ენა? და რაც მთავარია რუსეთში 1994 წელს მთავრობის ძალმომრეობითი დამხობაც არ მომხდარა...

ამრიგად, თუკი გვითქვამს, რომ თქვენი წინასწარმეტყველება არ აღსრულდა, არაფერში შევმცდარვართ! წარმოდგენილი წინასწარმეტყველებანი თქვენია და არა იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისისა! ცხადია, რომ ასეთი შეცდოომა უკვე ავტომატურად ეჭვქვეშ აყენებს თქვენს სხვა "წინასწარმეტყველებებსაც".

რაც შეეხსება თქვენს მეორე ფრაზას: "ვამბობ, რომ ეს ჩემეული განმარტებაა აპოკალიფსისისა. ვის შეუძლია ამის გამო მე ხიბლში მყოფად გამომაცხადოს?" - უკვე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, რომ გაუგებარია, აპოკალიფსისის რომელ "თქვენეულ" განმარტებას გულისხმობთ, რის გამოც ძალზედ ძნელია ამგვარ ბუნდოვან მტკიცებულებაზე პასუხის გაცემა. ამიტომ, აქ აღვნიშნავთ, საზოგადოდ, აპოკალიფსისის განმარტებასთან დაკავშირებულ ორ ძირითად მომენტს:

პირველი, როდესაც "აპოკალიფსისის" და, საზოგადოდ, მთელი წმ. წერილის განმარტება ხიბლი კი არ არის, არამედ თეოლოგუმენის სფეროში შედის და

მეორე, როდესაც წმ. წერილი განმარტება გამოწვეულია:

ა) ხიბლით, ანუ როდესაც წმ. წერილის განმმარტებელს ჰგონია, რომ მან იმდენად კარგად იცის წმ. წერილი, რომ შეუძლია მისი განმარტება და

ბ) როდესაც, წმ. წერილის კომენტატორი საკუთარი ხიბლისმიერი იდეის შესაბამისად განმარტავს წმ. წერილს და ცდილობს ამ იდეას როგორმე შეუთავსოს წმ. წერილის ესა თუ ის ადგილები თუ გამონათქვამები.

ამ საკითხებს ჩვენ შევეხებით იმ წერილში, სადაც განხილულია მთელი თქვენი რიგი საკამათო ადგილები თქვენი წიგნიდან "რა უნდა ვაკეთოთ" და აქვე მოცემულია წმ. წერილის თქვენეული კომენტარები, ამიტომაც, ამ საკითხზე აქ მეტად აღარ შევჩერდები.


ვ) კვლავ ხიბლის, როგორც ასკეტური ტერმინის არასწორი გამოყენებისა და ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდებებითვის

შემდგომ თქვენ წერთ: "გნებავთ, შევცდე კიდეც აპოკალიფსისის ჩემეულ განმარტებაში, ამის გამო რომ ხიბლში მყოფი მეწოდოს, არ იქნება მართებული, რადგან მოვიყვან, მაგალითად, კირილე იერუსალიმელის "აპოკალიფსისის" განმარტებას, სადააც იგი მეორედ მოსვლას ვარაუდობს რომის იმპერიის დაცემის დროს. მაშ როგორ მოვიქცეთ? განა ხიბლში იმყოფებოდა წმ. კირილე იერუსალიმელი?

წმ. კირილე იერუსალიმელს "აპოკალიფსისი" არ განუმარტავს, წმ. კირილემ თავის "კატეხიზმოში" (16-ე სიტყვა კათაკმეველთათვის) გადმოგვცა ეკლესიის სწავლება ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს შესახებ, სადაც განმარტა რამდენიმე ადგილი "აპოკალიფსისიდან". თანაც შეცდომაა იმის მტკიცება, თითქოსდა წმ. კირილე მეორედ მოსვლას ვარაუდობს "რომის იმპერიის დაცემის დროს". წმ. კირილე იმას კი არ ამბობს, რომ მეორედ მოსვლა რომის იმპერიის დაცემის დროს იქნებაო, არამედ ანტიქრისტეს გამოჩენაზე ლაპარაკობს და მის მოვლინებას ვარაუდობს რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. უფრო ზუსტად, წმ. კირილეს სიტყვებით: "ნაწინასწარმეტყველევი ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც რომის სამეფოს დრო ამოიწურება და სამყაროს აღსასრული მოიწევა. ათი რომაელი მეფე ერთად აღზევდება, და შესაძლოა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთსა და იმავე დროს გამეფდება. მათ შემდეგ მეთერთმეტე იქნება ანტიქრისტე. იგი ბოროტი, ჯადოსნური ხელოვნებით მიიტაცებს (რომის - ეპ. პ.) სამეფოს" და ა. შ. (ჟურნ. "ეკლესია" 2000 წ. § 12. გვ. 18).

როგორც ვხედავთ წმ. კირილე ანტიქრისტეს მოსვლას ვარაუდობს რომის იმპერიის დაცემის შემდგომ. თანაც ამ იმპერიას დასცემს თვით ანტიქრისტე და ძალაუფლებასაც მიიტაცებს. აქ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დღესაც კი ბოლომოდე გარკვეული არ არის თუ რას გულისხმობდნენ ტერმინ "რომის იმპერიაში" წმ. მამები. არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

1. საკუთრივ რომის იმპერია.

2. რომის ეპისკოპოსის (ე. ი. პაპის) კათედრა.

3. საზოგადოდ - პოლიტიკური ძალაუფლება.

და სხვა...

ამდენად, საკმაოდ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად "შეცდა" აქ წმ. კირილე. რომის იმპერიის დაცმის საკითხში რომც შემცდარიყო, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ხიბლი, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვი, კერძო საღვთისმეტყველო აზრის (თეოლოგუმენის) გამოთქმა არავითარი ხიბლი არ არის. ამ თვალსაზრისით არც "აპოკალიფსისის" რომელიმე კერძო განმარტებაა ხიბლი. ხიბლის არსზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და ისიც ვთქვით, რომ ასეთად "აპოკალიფსისის" განმარტება მაშინ ჩაითვლება, თუ კომენტატორი გარკვეული თვალსაზრისით ხიბლში იმყოფება და აპოკალიფსისის ამ თავისი ხიბლისმიერი თვალსაზრისით ესმის, ანუ ცდილობს "აპოკალიფსისის" ესა თუ ის ადგილი თავის ხიბლისმიერ შეხედულებას შეუსაბამოს. ასე, მაგალითად, თუ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თქვენი მტკიცება თითქოსდა იოანე ღვთისმეტყველისა და მოციქულის სულითა და ძლიერებით მოსული და მისივე ფუნქციის მატარებელი პიროვნება ბრძანდებით, არის ხიბლი (რომელიც, სხვათა შორის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს მთელ რიგ სიზმრებზე) ცხადია, რომ აპოკალიფსისის თავების თქვენეულ განმარტებას და წმ. კირილე იერუსალიმელის კომენტარებთან პარალელის გავლებას შეუსაბამოდ ჩავთვლით, რადგან თუ წმ. კირილე გამოთქვამს საკუთარ აზრს რაღაც მოვლენასთან ან ანტიქრისტესთან დაკავშირებით, თქვენ, "აპოკალიფსისის" ზემოთხსენებული ადგილების კომენტარებს საკუთარ თავს და საკუთარ წიგნს "რა უნდა ვაკეთოთ" უკავშირებთ. ესეც არ იყოს, მე ვვარაუდობ და ეჭვს გამოვთქვამ, რომ შესაძლებელია თქვენი ეს მტკიცება იყოს ხიბლი და არ ვარ კატეგორიული!

ამდენად, თუ თქვენ ბრძანებთ, რომ უფლება გაქვთ გამოთქვათ თქვენი აზრი "აპოკალიფსისთან" დაკავშირებით და ჩამოაყალიბოთ ასეთი თამამი იდეა, რის საფუძველზე გვართმევთ იგივე უფლებას და ასეთ მოქმედებს ლამის დანაშაულადაც კი გვითვლით?! ვფიქრობ, თქვენი ასეთი გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი! კერძო შეხედულებათა ზოგადსაეკლესიო სწავლების რანგში აყვანის უფლება არავისა აქვს!

ნუ მიწყენთ, მაგრამ არც მომავალში მიეცემა ვინმეს უფლება საკუთარი, კერძო შეხედულება აიყვანოს ზოგადსაეკლესიო სწავლების რანგში. რაც შეეხება წმ. კირილეს, მას თავისი კერძო შეხედულებები არასოდეს გამოუცხადებია ზოგადსაეკლესიო სწავლებად. ასე იქცეოდა ყველა წმიდა მამა, როდესაც ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეკლესიის მიერ არ იყვნენ დოგმატიზირებულნი.

კერძო შეხედულების ზოგადსაეკლესიო რანგში აყვანა, ანუ კატეგორიული მოთხოვნა საკუთარი კერძო შეხედულება უცილობლივ ჭეშმარიტებად აღიქვას მთელმა ეკლესიამ, ნიშნავს ამ კერძო შეხედულების აყვანას ზოგადსაეკლესიო დოქტრინის რანგში, რაც უდიდეს საფრთხეს შეუქმნის თვით ეკლესიას, რამეთუ მისი შეწყნარების შემთხვევაში, თუკი ეს შეხედულება არ გამართლდა, ან მცდარი აღმოჩნდა, მთელი ეკლესია ჩავარდება ცთომაში, რაც დაუშვებელია! და, მერწმუნეთ, ამაში საწყენი და მით უმეტეს, დანაშაულებრივი არაფერია!

გავაგრძელებ თქვენი წერილის ციტირებას: "თუკი ჩემი ხიბლიანობას "წინასწარმეტყველების" გარდა, ჩემს მიერ გაცხადებულ მესიანისტურ მოწოდებაში ხედავთ, მიპასუხეთ, არის თუ არა მთელი დედამიწა ერეტიკულ ყოფაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არსებობას, რომლის პირველიერარქი მე გახლავართ? რაღა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა ერეტიკულია. მაშ, გვიპასუხეთ, რა სახიბლო ცოდვა ჩაიდინა ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის პირველიერარქმა, როდესაც ქვეყანას მიუნიშნა მართალი საკურთხეველი, რითაც საფხიზლო ზარები დაარისხა მიძინებული კაცობრიობისთვის და აქვე თავისი თავიც წარმოაჩიინა ამ მესიანური ფუნქციის აღმასრულებლად? სიცრუე ითქვა რამე? და, თუკი ზემორე განცხადებული ჭეშმარიტებას წარმოადგენს, სად ვეძიოთ ხიბლის საფუძველი?" (გვ. 15).

მოგეხსენებათ, რომ ჯერ ერთი, "სახიბლო ცოდვა" მეტად არაზუსტი ტერმინია. ხიბლი თავისთავად არავითარი ცოდვა არ არის! ხიბლი სულიერი მდგომარეობაა და არა ცოდვა! თანაც არსად გვითქვამს, რომ ჩადენილი გაქვთ "სახიბლო ცოდვა". ცოდვა შეიძლება აღმოცენდეს ხიბლისმიერი შეხედულებისგან, როდესაც ხიბლში მოყოფი ესა თუ ის პირი დააძალებს ეკლესიას აუცილებელ ჭეშმარიტებად მიიღოს მისი შეხედულებანი.

მეორეც, არსად გვითქვამს, რომ მართალი საკურთხეველის მინიშნებით ცოდვა ჩაიდინეტ. აქვე ვიტყვით, რომ ამ მტკიცებასი არ არის არავითარი სიცრუე! ამიტომაც, ხიბლის საფუძველს ამ ჭეშმარიტებაში კი არ ვეძებთ, არამედ თქვენს სიზმრებში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული თქვენს "მესიანისტურ" პრეტენზიებთან და თქვენს წიგნთან, რომელშიც, სხვათა შორის, არის მრავალი დოგმატური ხასიათის ცდომილება. ასეთ წიგნს კი შეუძლებელია ჰქონდეს მსოფლიო მამხილებელი მისია! მეტიც, თუ ეს ცდომილებანი არ გასწორდა, თავადვე იქნებით სამხილებელი!

და მესამე, თქვენ არა მხოლოდ "წინასწარმეტყველებთ", არა მხოლოდ აპოკალიფსისის თქვენეული გაგების მიხედვით ცდილობთ ჩამოაყალიბოთ საეკლესიო პოლიტიკა (ვქთვათ, კომუნისტებთან მიმართებაში), გვაიძულებთ მის მიყოლას და უცილობელ გაზიარებას, არამედ მეტიც, მიისწრაფვით სასწაულთმოქმედებისკენ და ამკვიდრებთ აზრს, რომ მოვა დრო, როდესაც თვენ გახდებით სასწაულთმოქმედი, ავადმყოფთა მკურნალი, მეხთა მტყორცნელი და სხვა მისთანანი, რომელთა შესახებაც არაერთხელ განგიცხადებიათ, როგორც ჩემთან, ასევე თქვენს სხვა სულიერ შვილებთან საუბარში. ამის დასტურია, ოფიციალური ეკლესიის შვიდი მღვდელმსახურის სატანაზე გადაცემის ფაქტიც, რომელიც სასწაულზე იყო გათვლილი, და რომელიც, თქვენი თქმით, "პირველი მაგალითი უნდა ყოფილიყო გაწარმართებული მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, თუ ვისთან დგას ღმერთი" ("რეზონანსი". დასახ. ნომერი).

"იქნებ ისიც ხიბლი იყო, - აგრძელებთ თქვენ, - როცა 25 წლის წინ მარტოკა დავდიოდი თბილისის ქუჩებში და ჭეშმარიტებად მესახებოდა ძველმართლმადიდებლური კონფესიის დაფუძნება-აღორძინება?" ამგვარი მსჯელობით ცდილობთ თქვენს ბრალდებებში მკვეთრი, ემოციური დატვირთვის შემოტანას. მთელი შემდგომი მსჯელობა მკითხველის ემოციურად დამუხტვისა და ჩვენს წინააღმდეგ ერთგვარი ზიზღის და უკმაყოფილების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თქვენ წერთ: "იქნებ ისიც ხიბლი იყო, როცა განვიზრახე ჩამქრალი საკურთხეველის ანთება, რაც საეპისკოპოსო ხელდასხმით შევძელი. ან კიდევ, როცა ვარკეთილის მოშიშვლებულ გორაკზე ეკლესიის საამშენებლო წერაქვი დავკარი მიწას, სიღარიბით მდიდარმა და უფლის წყალობის მოიმედემ. იქნება ისიც ხიბლი იყო, როცა მსოფლიო მასონებს გამოვუცხადე უკომპრომისო ბრძოლა? თუ ჩემი არ გჯერათ, საქმეებით გაცხადებულ ღვთის წყალობას ხომ არ უნდა მოუხუჭოთ თვალი?"

ამ მეტად ემოციური მსჯელობის ქვეტექსტი ნათელია: ჩვენ (მე და ზ. ნოდიას) ვერ შეგვიმჩნევია ან სრულიად მიგვიჩქმალავს თქვენი ღვაწლი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. თქვენი საამშენებლო სულიერი და მატერიალური ღვაწლი ჯეროვნად არის დაფასებული ჩვენს მიერ. ამის ნათელი დასტურია ქ-ნ ელენე რუსიაშვილის (ბ-ნ ზ. ნოდიას მეუღლის) მეტად ვრცელი წერილი, რომელიც ჩვენი გაზეთის, "მართლმადიდებლის" 1998 წლის მესამე ნომერში დაიბეჭდა და სადაც, ვფიქრობ, ჯეროვნად არის ასახული მთელი ის ღვაწლი, რომელიც, როგორც თქვენ გვსაყვედურობთ, "არ დაგიფასეთ".

მასონობის სამხილებლად გაწეული თქვენი შრომაც არ დაგვრჩენია შეუმჩნეველი. ეს მონდომება ხაზგასხმული მაქვს ჩემს სტატიაში: "ჭეშმარიტების საძიებლად და არა ერთურთის დასამარცხებლად". სადაც სიტყვა მიწერია: "აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 800 გვარდიან წიგნში ბევრი რამ საგულისხმოა და მათ შორის უპირველესად მიგვაჩნია ოფიციალური ეკლესიის უღვთოებისა და მასონური უსჯულოების მხილება" ("მართლმადიდებელი", 1998 წ. 4 (15) - იხ. აგრეთვე. "ვიდრე ჰხუალ მორწმუნეო", თბილისი 1999 წ. გვ. 93 და 99).

ესეც არ იყოს, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ასაღორძინებლად გაწეული თქვენი ღვაწლი დაფასებული რომ არ ყოფილიყო და ხიბლად მიგვეჩნია, მაშინ, ჯერ ერთი, თქვენი ამ უდიდესი ღვაწლის ამსახველი მასალები არ დაიბეჭდებოდა გაზეთ "მართლმადიდებელში" და, მეორეც, ჩვენ არ ვიქნებოდით არც თქვენს გვერდით და არც საქართველოში თქვენს მიერ აღორძინებული ეკლესიის წევრებად დავრჩებოდით. უსაფუძვლოდ და ხიბლისმიერად ჩავთვლიდი ჩემზე, თქვენს მიერ აღსრულებულ ქიროტონიას და ძველმართლმადიდებლური ეკლესიისგან გავიდოდი (სამწუხაროდ, ასე იქცევა დღეს ერისკაცი ზვიად ნოდია, რითაც უმძიმეს შეცდომას სჩადის).

დაბოლოს, თქვენს მიერ აღწერილ ღვაწლს არავითარი კავშირი არა აქვს ხიბლთან. ახდენთ რა ამ ორი ცნების (ხიბლისა და სჯულიერი მოღვაწეობის) ურთიერთაღრევას, ჩვენი "უმადურობისა" და "უსამართლობისადმი" ზიზღის გამოწვევით, უბრალოდ, ხელს უწყობთ მკითხველში ჩვენდამი უარყოფითი ემოციების ესკალაციას.


ზ) რწმენა და სასწაული


თქვენ ასევე წერთ: "ან რატომ არ დასვით იგივე კითხვა და ხიბლიანად (?) არ ჩამთვალეთ მაშინ, როდესაც თქვენს მომაკვდავ შვილებს, დედებს სიცოცხლეს ვჩუქნიდი ღვთის წყალობით".

1) იგივე კითხვა აქ ვერ დაისმება, რადგანაც ეპისკოპოსისათვის სჯულით განსაზღვრული უფლება-მოვალეობა, მომაკვდავს ან ავადმყოფს წაუკითხოს ლოცვა და ღმერთს შეავედროს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხილისმიერი მოქმედება სულაც არ არის!

2) ადამიანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩუქნის ღმერთი, ამავე ადამიანის რწმენის ან მისი რომელიმე ახლობლის რწმენის შესაბამისად (იხ. მათე 9:22; 22:29; 15:28; 21:22; მარკოზი 2:5; 5:34; 10:52; ლუკა 5:20; 7:50; 8:48; 17:19; 18:42; საქმე 3:16; 14:9; იაკობი 1:67; 5:15; ებრ. 11:6; 11:11; 11:20, 30 და სხვა მრავალი) და არა მღვდელი ან ეპისკოპოსი.

წმ. ანტონი დიდი, უდიდესი მოსაგრე და სასწაულთმოქმედი ბერი იყო, მაგრამ მისი ვედრებით სიძვა-მრუშობის ვნებისგან ვერ გათავისუფლდა ერთი მონაზონი, რომელიც ანტონის შეწევნას ევედრებოდა. წმ. მამამ ამ მვედრებელს ასე მიუგო: "არათუ მე, არამედ თვით ქრისტე ღმერთიც ვერ გიშველის თუ საკუთარ თავს თვითონ არ შეეწევი". მეუდაბნოვე მამათა ცხოვრების აღმწერელი, IV საუკუნის ქრისტეანი მწერალი, რუფუნუსი ერთ ერთი წმიდა მოსაგრის იოანეს შესახებ (რომელიც წინასწარმეტყველების, განკურნების და სხვა სასწაულთმოქმედების ნიჭით იყო დაჯილდოვებული) გადმოგვცემს ამ მოსაგრის სიტყვებს, რომლითაც მიმართა მან ერთ დედაკაცს საკვირველი განკურნების შემდეგ: "მე მართალი ან წინასწარმეტყველი კი არ ვარ, როგორც შენ ფიქრობ, არამედ თქვენი რწმენის შესაბამისად წარვსდგები ხოლმე ღვთის წინაშე და მანაც ხორციელ სნეულებათაგან განკურნება თქვენი რწმენისაებრ მოგანიჭათ" (რუფინუსი. "მეუდაბნოვე მამათა ცხოვრება". თავი პირველი. იოანე. "ეკლესია". 2000 გვ. 2).

როდესაც თქვენ ან ნებისმიერ მღვდელმსახურს მორწმუნეები მიმართავენ ამა თუ იმ თხოვნით, მიეცემათ მათ სათხოვარი მათი რწმენისა და საღმრთო განგებულების შესაბამისად. "მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე... - ბრძანებს წმ. მოციქული იოანე და იქვე დასძენს, - რამეთუ მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან" (იაკობი 1:6, 7).

"სარწმუნოებით თხოვნა" (ძვ. ქართ. "ლოცვა") აცხოვნებს სნეულს და არა მღვდელმსახურის ლოცვა, როდესაც იმ ადამიანს, ვისთვისაც ვედრება აღევლინება, მტკიცე რწმენა აქვს ღვთისადმი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთი ადამიანის რწმენას ძალუძს აცხოვნოს მეორე ადამიანი, თუნდაც უგონოდ მყოფი იყოს, ან დიდი მანძილით დაშორებული და აღადგინოს თვით მიცვალებულიც კი. ამის ბრწყინვალე მაგალითებია წმ. წერილში.

ჩვენ ყველანი მადლობელნი ვართ, რომ არ დაიზარეთ ლოცვა ჩვენი ახლობლებისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ჩვენმა რწმენამ ითამაშა უმთავრესი როლი. ესეც არი იყოს, ამ ვითარებათა შეხსენებით, ისე ხომ არ გამოდის, რომ ჩვენთვის გაწულ ლოცვით ღვაწლს უკვე გვამადლით? ან ხომ არ გსურთ მიგვანიშნოთ, რომ თქვენ ხართ სასწაულთმოქმედი მკურნალი? იქნებ ასე უნდა გავიგოთ თქვენი მომდევნო სიტყვები: "ან იქნებ თითქმის მკვდარი მეუფე ლეონტის გაცოცხლება მიიჩნიოთ ხიბლად?"

თქვენგან მსმენია, რომ მეუფე ლეონტი იყო მომაკვდავი და არა თითქმის მკვდარი. "თითქმის მკვდარი" ითქმის კომაში მყოფზე, უფრორე კი კლინიკურ სიკვდილზე. ხოლო მომაკვდავსა და უკვე კლინიკურ სიკვდილში მყოფთა შორის უდიდესი განსხვავებაა. თანაც გაცოცხლება შეიძლება მკვდრისა და არა კლინიკურ სიკვდილში მყოფისა, რამეთუ სიკვდილი - ეს სულისა და ხორცის ურთიერთგაყრაა. ხოლო კომაში ან კლინიკურ სიკვდილში მყოფის სხეულიდან სული არ გადის და სხეულიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიცოცხლეს.

ამდენად, თქვენი ლოცვით მეუფე ლეონტის გამოჯანმრთელებას "გაცოცხლებას" ვერ ვუწოდებთ. ესეც არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჩვენ არ ვყოფილვართ პერმში და მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ლეონტის გამოჯანმრთელების მიზეზებში შეიძლებოდა გვეგულისხმა სხვა ფაქტორებიც (თანაც ამ ისტორიას პერმელები უარყოფენ) ეჭვი არასოდეს შეგვპარვია იმაში, რომ თქვენი რწმენით და მხურვალე ლოცვით ღმერთმა ფეხზე დააყენა იგი.

საყვედურების ასეთი ფორმით წარმოდგენა მიგვანიშნებს, რომ საკუთარ სასწაულმოქმედ ძალაზე გსურთ საუბარი, რაც შეიძლება ხიბლში შემყვანებელი პირველადი განწყობილება აღმოჩნდეს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მსმენელისთვისაც. გაიხსენეთ თუნდაც მხცოვანი იოანეს მაგალითი, რომელიც მისი ვედრებით სასწაულებრივად განკურნებულ დედაკაცს არწმუნებდა: "მე მართალი ან წინასწარმეტყველი კი არ ვარ, როგორც შენ ფიქრობ, არამედ თქვენი რწმენის შესაბამისად წარვსდგებოდი ხოლმე ღვთის წინაშე, ამიტომაც, ხორციელ სნეულებათაგან განკურნებას ღებულობდით თქვენი რწმენისამებრ". თუ მეტყვით რომ განკურნების მომენტში მეუფე ლეონტი უგრძნობლად იყო, ან იმდენად ღონეწართმეული, რომ არ ლაპარაკი არ შეეძლო, გიპასუხებთ, რომ ნამდვილად თქვენი რწმენის შესაბამის ჯილდოდ აღვიქვამთ ამ განკურნებას, რაც ხშირად ხდება დიდი განსაცდელის ჟამს, როდესაც ექსტაზში (დადებითი, ქრისტეანული გაგებით) მყოფ მორწმუნეთა ვედრება იმდენად გულწრფელი, ცრემლიანი და გულმხურვალეა, რომ განწმენდს ადამიანის სულიერ ბიწიერებას და მართლად წარადგენს ღვთის წინაშე და ისიც, მვედრებლის რწმენის შესაბამისად, მოიღებს წყალობას.

ამიტომაც, ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის არსებობა ნუ გაგიკვირდებათ. ასეთი შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაშიც ყოფილა, მაგრამ მათ შესახებ ან არავინ იცის, ან კიდევ ცნობილია მხოლოდ მეტად ვიწრო წრისთვის, რამეთუ მათ განცხადებას და "რეკლამირებას" ვერიდებით. თანაც, როგორც ვთქვი, უკიდურესად მძიმე ვითარებით, უდიდესი საფრთხით და შიშით გამოწვეული აფექტური (დადებითი გაგებით) განწმენდის შემდგომ, ამ საფრთხის გადასვლისთანავე, ადამიანი კვლავ ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება და მის ლოცვებსაც უკვე აღარა აქვს ხსენებული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი უბიწოება, გულწფრელობა, სიმხურვალე და მადლი. წმ. მამები ასეთ უბიწო ლოცვას, რასაც ჩვეულებრივ ადამიანებში დიდი საფრთხით გაჩენილი შიში იწვევს, უდიდესი ღვაწლით, ვნებათა დათრგუნვით, საკუთარ თავში ღმრთის შიშის ჩანერგვით და თავმდაბლობით აღწევდნენ. ამიტომაც, მათ ლოცვებს და მადლმოსილებას არ უნდა შევადაროთ აფექტურ მდგომარეობაში აღვლენილი ჩვენი ლოცვები. წყალობა შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ნუ ვცდუნდებით, ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი მადლმოსილების ნიშანი და თუ ამას არ შევიგნებთ და ამგვარი შემთხვევებით თავს მოვიწონებტ, ჭეშმარიტად შთავცვივდებით ხიბლში! აქედან გამომდინარე, გულწრფელად გირჩევთ ნუ დაიჯერებთ, რომ შეგიძლიათ, როგორც წერთ, "სტიქიის მართვა" (გვ. 15) და თუ მაინც გჯერათ, თამამად გეტყვით, მანდვილად ყოფილხართ ხიბლში!

რაც შეეხება "სულთაგან ეშმაკის განსხმას", წმ. ბასილის დიდის მიერ დაწერილი ამ ლოცვებით ეს ხელეწიფება ნებისმიერ სჯულიერ მღვდელმსახურს, და ისიც ავადმყოფის ანუ შეპყრობილის ან (თუ უგონოდ არის) მისი ახლობლების რწმენის ქმედითი მონაწილეობით.

"სულთაგან ეშმაკის განსხმაზე" როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა ვუწყოდეთ, რომ არიან ეშმაკები, რომლებიც ლოცვის შემდეგ ადვილად გადიან ადამიანიდან, არიან ისეთებიც, რომელთა განსხმას, როგორც უწყით, ხანგრძლივი ლოცვა და მარხვა სჭირდება მაცხოვრის მცნებისამებრ; და ბოლოს, არის შემთხვევებიჩ, როდესაც ეშმაკი ადამიანის სულს არ შეეშვება თვით სიკვდილამდეც კი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ მათი დამოწმებით თავს არ შეგაწყენთ, რათა ზედმეტად არ დავაგრძელო ჩვენი ისედაც გაწელილი წერილი.

ამრიგად, დაიმდაბლეთ თავი, მეუფეო, სასწაულთმოქმედებისთვის ჯერ კიდევ უღირსად ჩათვალეთ თქვენი თავი, მოუმატეთ მარხვას, ლოცვას, ღვთისმსახურებას; იყავით თავმდაბალი და გულისხმიერი და იხილავთ თუ როგორია ასეთი ღვაწლის შედეგი. თუ არა და, უცილობლივ შთავარდებით ხიბლში, რომლისგან ადამიანის გამოყვანა, თუ თვით უფალმა არ ინება, ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია. ეს კია, აღსანიშნავია თქვენი დაუზარელობა და მონდომება, როდესაც გაჭირვებაში მყოფი სულიერი შვილები რაიმეს გთხოვენ. ეს არის თქვენი უდიდესი სათნოება, რომელსაც ყოველთვის მოვყავდით აღფრთოვანებაში.


თ) ისევ ხიბლის შესახებ და ზოგიერთი შეურაცხყოფანი


შემდეგ თქვენ წერთ: "ან კიდევ ხიბლიანის მორჩილება სად თქმულა, რადგან იგი ურჩობის სულით შეპყრობილი ამპარტავანია, როგორც თქვენ (?! - ეპ. პ.), რომელსაც ღმერთი არა თუ უსმენს და წყალობით ავსებს, არამედ სძაგს და წინ აღუდგება მათ მზვაობრობას, რასაც თქვენი სულიერი ყოფა გაგრძნობინებთ (? - ეპ. პ.)".

როდესაც "ხიბლიანის მორჩილება სად თქმულა"-ო ბრძანებთ, გაურკვეველია, ვის ან რის მორჩილებას გულისხმობთ თქვენ, როდესაც, როგორც პირველიერარქი, არავის ემორჩილებით?! უნდა ემორჩილებოდეთ საეკლესიო კრებას, რომელიც სულ ორჯერ ჩატარდა მთელი 20 წლის განმავლობაში! ასევე უნდა ემორჩილებოდეთ სულიერ მოძღვარს, რომლის განწესებანი და ეპითიმიები შეუვალი უნდა იყოს თქვენთვის.

ამდენად, როგორც გაურკვეველია ის, თუ ვის ან რას მორჩილებთ და რა შემთხვევაში, ასევე გაუგებარია ჩემს მიმართ გამეტებული თქვენეული დახასიათების მიხედვით, ვის ვეურჩები ან რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ ვარ ამპარტავანი?!

საქებრად არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ურჩობა ეკლესიაში არავის სმენია! მე ყოველთვის ვიყავი ჩემი მოძღვრების, ჯერ თქვენი, ხოლო შემდეგ მამა ბასილის მორჩილი, თანაც იქ, სადაც საკითხი ეხება ჩემს პირად ცოდვებს, საეკლესიო საკითხის გადაწყვეტისას კი მე, როგორც ეპისკოპოსი, შეიძლება დავემორცილო: 1) საეკლესიო კრებას და 2) პირველიერარქს, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი გადაწყვეტილება მართლმადიდებლურია და სჯულიერი. წინააღმდეგ შემთხვევასი მე არავის დავემორჩილები და ასეთი გადაწყვეტილება, სხვათა შორის, ასევე სავსებით სჯულიერია "დიდი სჯულისკანონის" მიხედვით.

ამდენად, იმის დაწერა, რომ მე ვარ ამპარტავანი და ურჩობის სულით შეპყრობილი ადამიანი, "რომელსაც ღმერთი არათუ უსმენს და წყალობით ავსებს, არამედ სძაგს და წინ აღუდგება", მოყვასის ჩვეულებრივი განკითხვაა და სხვა არაფერი! თანაც დაუსაბუთებელი და პიროვნების შეურაცხმყოფელი ცილისწამებებით შეკმაზული. რაც შეეხება ჩვენი პოლემიკის თუ ურთიერთკონფლიქტის პერიოდში ჩემს სულიერ მდგომარეობას (იგულისხმება სრულიად ბუნებრივი მღელვარება - არქიეპ. პ.), ის გამოწვეული იყო მთელი რიგი გაუგებრობებით, რომელთაც დაეფუძნა, სამწუხაროდ, თქვენი დაუსაბუთებელი ბრალდებები.

იმ განწყობას მიზეზები, რომელშიც თქვენი უმძიმესი ბრალდებებისა და მუქარების გამო აღმოვჩნდი, სწორედ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ თქვენსა და თქვენს მხარდამჭერთა ქმედებებში უნდა ვეძებდეთ! უძილობა, უკიდურესი დაძაბულობა, ნერვიულობა, - აი, ჩემს წინააღმდეგ მომართული ღონისძიებებისა და ბრალდებების შედეგები. სამწუხაროდ, აქ აშკარად იჩენს თავს თქვენი ერთი მეტად უარყოფითი თვისება, როცა თქვენი აზრებისადმი დაუთანხმებელი მორწმუნეების მიმართ ქმნით ფსიქოლოგიური ზეწოლის და შიშის ატმოსფეროს, რომ თქვენთან დაუთანხმებლობის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად "დავისჯებით"!

ჩემზე უსაფუძვლოდ გაგულისებული, თქვენი წერილის დასკვნით ნაწილში ბრძანებთ, თითქოსდა მე ვიმყოფები "ეშმაკის ხახაში" (?), რომელმაც თურმე ლაპარაკი დამიწყო, არ მაძინებს და არის ჩემი "უაზრო გადაწყვეტილებების მოლოდინში". ჩემი უძილობის მიზეზი უკვე დავასახელე. ეშმაკიც არასოდეს დამლაპარაკებია და არც მის ხახაში ვიმყოფები! ალბათ გრძნობთ, მეუფეო, როგორ გროვდება თქვენს წერილში ჩემი შეურაცხმყოფელი ეპითეტები, კერძოდ, თითქოს მე ვარ: 1) ცრუ, 2) ურცხვი, 3) თვალთმაქცი, 4) ამპარტავანი, 5) ურჩობის სულით შეპყრობილი. ამაზე უარესი ეპითეტებითაც "მამკობთ", მაგრამ მოდი, ყველაფერს მივყვეთ თანმიმდევრობით, რათა თვალნათლივ დავინახოთ "მღვდლობის პატიოსან სახელს" ვინ აყენებს "შეურაცხყოფას", როგორც ამას ბრძანებს სარდიკიის 19 (20)-ე კანონი.

ხიბლთან დაკავშირებით თქვენ უშვებთ ერთ უზუსტობასაც, კერძოდ, არ არის სავალდებულო ხიბლში ჩავარდნილი ადამიანი ურჩობის სულით შეპყრობილი იყოს. რა თქმა უნდა, ამპარტავნება, სიამაყე, პირველობისა და სასწაულთმოქმედების წყურვილი და ა. შ. ხშირად ხდება ხიბლის მიზეზი, ოღონდ ხშირად ხიბლში ვარდებიან მორჩილებაში მყოფი, მაგრამ სულიერად ჯერ კიდევ უმწიფარი, ან ეშმაკთა მზაკვარების არმცოდნე და მათთან ბრძოლის გამოცდილების არმქონე ადამიანები.

თქვენ წერთ: "განა ხიბლშია ის კაცი, რომელისაც ამ ხნის განმავლობაში კბილებით დაუცავს ჩვენი ეკლესია მთელს კავშირში?".

ხიბლისა და სულიერი მოღვაწეობის ცნებათა ურთიერთაღრევის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ანალოგიური ხასიათის ამ შეკითხვის განხილვას ამჯერად არ შევუდგებით. აქვე მოგახსენებტ, რომ თქვენს მიერ ორი ტაძრისა და ერთი რეზიდენციის აშენებას, ასევე, კიდევ ორი ტაძრის აშენების შესაძლებლობას ჩვენ ხიბლად არ მივიჩნევთ! არ გვესმის, რა საჭიროა ასეთი უაზრო ბრალდებები?! ზემოთ უკვე ვთქვი და აქაც გავიმეორებ: ჩვენ არასოდეს აგვირევია ერთმანეთში თქვენი სულიერი მოღვაწეობა და ხიბლისმიერი მდგომარეობა, ამიტომაც, ჩვენი მისამართით წამოყენებული ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და არაფრის მთქმელი. ღმერთმა დაგილოცოთ მარჯვენა თქვენი დაუღალავი მოღვაწეობისთვის და ღვთის შემწეობით არათუ ორ, არამედ ბევრ ადგილას შემოგაკვრევინოთ ღვთის სადიდებელი ზარი!

თქვენი მეოთხე ბრალდების ("მეოთხე სიცრუე") ბოლოში წერთ: "როდესაც გაჩნდა აზრი, ჩემს წიგნში ზოგიერთი თეოლოგიურ საკითხთა მართებულობა-უმართებულობაზე, მეუფე პავლემ ჩემგან უმალვე მიიღო თანხმობა წიგნის რედაქტირებაზე. ამით თვალნათლივ დადგინდა ჩემი მორჩილება მრევლისადმი".

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ახსნა-განმარტება, ვერანაირად ვერ თავსდება მთელი მეოთხე ბრალდების (ანუ ე. წ. "მეოთხე სიცრუის") კონტექსტში. თვალი გადაავლეთ ამ ბრალდების პირველ ნაწილს და თავადვე დარწმუნდებით, რომ ეს მეოთხე ნაწილი შეუთავსებელია პირველთან. თანაც თანხმობას იძლევიან მოთხოვნაზე, მე კი თქვენი წიგნის რედაქტორად ყოფნა არასოდეს მომითხოვია და არც მომავალში ვითხოვ. პირიქით, როდესაც მე წარმოგიდგინეთ პირობები წიგნის გასწორებასთან დაკავშირებით, თქვენ მთხოვეთ, ვყოფილიყავი თქვენივე წიგნის რედაქტორი. თქვენი მტკიცების მიხედვით კი მე გამოვდივარ მთხოვნელი, თქვენი კი - ნებართვის დიდსულოვნად მომცემი. მე კი ერთს გეტყვით, გაასწორეთ წიგნი და რედაქტორად ვინც გსურთ ის დააყენეთ!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "რეზონანსში" დაბედილ ჩემს განცხადებაში არათუ წერილობით არ არის დაფიქსირებული, ქვეტექსტშიაც კი არ არის მინიშნებული, რომ თქვენ ხიბლში იმყოფებით. მით უფრო, რომ ამპარტავანი ხართ, ან შეურაცხადი. ასეთი დასკვნა გახლავთ მხოლოდ თქვენი ეჭვიანობისა და ტექსტის არასწორი გააზრების შედეგი, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება თქვენი, როგორც ეპისკოპოსის, განქიქების ბრალდებითი საქმისწარმოების საფუძველი.

ასე, მაგალითად, მე შემიძლია აღვძრა საქმე თქვენს წინააღმდეგ ჩემი მისამართით გამოყენებული შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: "ურჩი", "ამპარტავანი", "თვალთმაქცი", "თავხედი" (იხ. ქვემოთ). მაშინ, როდესაც არც განსახილველ განცხადებაში და არც რომელიმე ჩემს პუბლიკაციაში თქვენი მისამართით არასოდეს გამომიყენებია (და ღმერთმაც დამიფაროს!) ისეთი სიტყვები, როგორსაც თქვენ მაკადრებთ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика