აპოლოგეტიკა - ღია წერილი ბ-ნ ირაკლი წერეთელს - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ღია წერილი ბ-ნ ირაკლი წერეთელს


ბ-ნ ირაკლი წერეთელს ეჭვი შეაქვს ერთპიროვნული ხელდასხმის, ორი თითით პირჯვრისწერის, ორჯერადი ალილუიას მართებულობაში. მისი ყველა არგუმენტი ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ მოკლედ არის განხილული ჩვენს წინამდებარე პუბლიკაციაში. ეს მიმართვა ცალკე ბროშურად გამოიცა 2003 წელს.

ძველმართლმადიდებლობა

უფალო შეგვიწყალენ!

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ჩვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებლობა არ მომცა პასუხი გამეცა ძველმართლმადიდებელთა შესახებ გამოთქმული თქვენი იმ შეხედულებებისთვის, რომელსაც თქვენს ერთ-ერთი ინტერვიუში გავეცანით.

ძლიერ დამაინტერესა აგრეთვე, ერთ-ერთი ჩემი სულიერი შვილთან გამოთქმულმა თქვენმა მტკიცებულებებმა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ კანონიკურ, ლიტურგიკულ და ზოგიერთ ისტორიულ საკითხში ვერ ყოფილხართ გაცნობიერებული. ამიტომაც, გადავწყვიტე რაც შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად განმემარტა თქვენთვის ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

მინდა გირჩიოთ, რომ როდესაც საეკლესიო საკითხთა შესახებ აზრს გამოთქვამთ, ყოველთვის უნდა შეეცადოთ ეკლესიის წმიდა მამათა სწავლების საფუძველზე მის განხილვას, რამეთუ მაში საშუალებით "ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს და რას შეაქციოს ზურგი... რათა უმეცრების ვნებით არ გაიხრწნას" (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლ. საეკლ. კრების 19-ე კანონი).

ყური მივაპყროთ სოლომონ ბრძენს, რომელიც ამბობს: "ვაი შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას..." (ეკლესიასტე 10:16). ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ასეთი "ბავშვი" ყოფილა სოლომონის ძე, მეფე რობოამი, რომელიც ახალგაზრდათა რჩევებს იყო აყოლილი (3 მეფ. თ. 12), მაგრამ ბავშვი იყო ის არა ასაკითი, არამედ ჭკუით. ცნობილია, რომ მან ორმოცი წლისამ მიიღო სამეფო, მაშინ როდესაც სოლომონმა პირიქით, სამეფო ძალაუფლება თორმეტი წლისამ იპყრო და არ იწოდება ყრმად, რადგან დიდსულოვანი და უღრმესი სიბრძნის პატრონი იყო. ამიტომაც არის "ასაკით ბავშვი" გონებრივი მოწიფულობით "უხუცესად" რომ იწოდება ხოლმე და პირიქით" (იხ. Творения блаж. Иеронима Стридонского. Часть 7. Киев 1882 г., стр. 60-61).

ამის გამო ამბობს წმ. დავით ფსალმუნთმგალობელიც: "ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" (ფსალმ. 136:9). "კლდეში" კი მართალ სარწმუნოებას გულისხმობს. მაშ დავაკვირდეთ, რას გვირჩევს ღვთის სიტყვა: ნუ იქნებითო ყრმები ("ჩჩვილნი") გონებით და "კლდეს", ანუ ღმრთის სიტყვას "მიახეთქეთო" (ანუ მისით გადაამოწმეთო) თქვენი აზრები და შეხედულებანი.

ამრიგად, მოვინდომოთ ვიყოთ გულისხმიერნი, ვჰპოვოთ სიბრძნე და არ ვიყოთ "ყრმები"; მსგავსადვე ვეძიოთ მრჩეველნიც და ნუ დავემსგავსებით მეფე რობოამს, რომელიც, როგორც წმ. მამამ განგვიმარტა, ყრმა ყოფილა ჭკუით და არა ასაკით.

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩემი თქვენდამი პატივისცემისდა მიუხედავად, ქვემოთ განსახილველი თქვენი "ანტი-სტაროვერული" არგუმენტების მიხედვით, რომლებიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ, გვერდში ამოგიყენებიათ "არამცხოვანი" და "ყრმა" მრჩეველნი.

რაოდენ ნაკითხნიც უნდა იყვნენ ეს უკანასკნელნი, მათი ზერელე ცოდნა ვერასოდეს შეედრება "რასკოლის" ექსპერტების კომპეტენტურ მონაპოვარს. მოგეხსენებათ, რომ უამრავი სერიოზული ნაშრომი არსებობს ამ თემაზე და თქვენ თუ გულწრფელად გაინტერესებთ არის თუ არა ძველი წესები ძველბერძნული და მართლმადიდებლური ან სწორად იწერთ თუ არა პირჯვარს და იმყოფებით თუ არა სულის საცხოვნებელ გზაზე, ადვილად გაარკვევთ ამას ამ ნაშრომების მიხედვით, რადგან, არც ისე რთულია ამის გაგება.

ახლა კი, მოდი, პუნქტობრივად განვიხილოთ თქვენი "არგუმენტები" (1) და თვალნათლივ დავრწმუნდეთ ნათქვამის სიმართლეში.


* * *


1. თქვენ თურმე ეჭვის თვალით უყურებთ ჩემს ხელდასხმას. თქვენი თქმით "მეუფე პავლეს მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა, იონამ, დაასხა ხელი და, თუ ამ დროს მას (ანუ ეპ. იონას - არქიეპ. პ.) რაიმე ერეტიკული ჰქონდა დაწერილი, მისი ხელდასხმა არ ითვლება". თანაც აღგინიშნავთ, რომ ეს ხელდასხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისაღები, იონას მეორე, თანამწირველ ეპისკოპოსთან ერთად რომ აღესრულებინა იგი.

მოდი, თავიდანვე გავარკვიოთ, რას ნიშნავს გამოთქმა, რომ "მისი (ა. ი. რაღაც მწვალებლურის დამწერი ეპისკოპოსის) ხელდასხმა მისაღები იქნებოდა მაშინ, თუკი ეყოლებოდა მას მეორე, თანამწირველი ეპისკოპოსი?". საინტერესოა, რითი "შეუმსუბუქებდა" მდგომარეობას მწვალებლურად მოაზროვნე ეპისკოპოსს მეორე, არამწვალებელი თანამწირველი ეპისკოპოსი? ღვთის მადლზე ეს ვერ მოახდენდა ვერავითარ გავლენას, რადგან მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ უნდა სწირავდეს მწვალებელთან ერთად, ხოლო თუ სწირავს, ის უკვე აღარ არის მართლმადიდებელი. "ვაი მას, ვინც მწვალებლობით რყვნის წმიდა სარწმუნოებას ან თანაზიარობა აქვს მწვალებლებთან" (წმ. ეფრემ ასურელი. 106-ე სიტყვა).

2. განვიხილოთ თქვენი სხვა "არგუმენტიც", რომლის მიხედვითაც: "თუ ეპისკოპოსი (ვთქვათ ეპ. იონა - არქიეპ. პ.) რაიმე ერეტიკული ჰქონდა დაწერილი, მისი (ანუ მის მიერ აღსრულებული - არქიეპ. პ.) ხელდასხმა არ ითვლება".

თქვენ თუ იმას გულისხმობთ, რომ ეპისკოპოსი (ან ნებისმიერი ადამიანი) როგორც კი რაიმე ერეტიკულს დაწერს, იმწუთიდანვე უნდა გამოცხადდეს ერეტიკოსად, გიპასუხებთ, რომ არც ეს აზრია მისაღები. ღირ. მაქსიმე ბერძენის (XV ს.) სწავლებით: "ვინც დარიგების მიუხედავად მტკიცედ მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გაილაშქრებს იმ ზომით, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცევის იმედსაც კი არ ტოვებს, მწვალებელია. ხოლო, თუ უცოდინარობით მოსდიოდეს შეცდომა, - შემცდარად იწოდება და არა ერეტიკოსად" (Соч. Преп. Максима Грека. Ч. 1. Печ. Казань 1859 г., сл. 25. По другому издангию 1894 г., стр. 421).

მაშასადამე, წმიდა მამის სწავლებით ადამიანმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ ამის გამო ნაუცბათევად კი არ გამოცხადდება მწვალებლად, არამედ მხოლოდ შემცდარად. ერეტიკოსად ის მაშინ შეირაცხება, როდესაც "დარიგების მიუხედავად, მტკიცედ მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებებს და მართლმადიდებლობისკენ მოქცევის იმედსაც კი არ დატოვებს". თუ არა და, სადღა იქნება დარიგება ან იმედი მოქცევისა, თუკი ადამიანს იმწუთიდანვე გამოვაცხადებთ ერეტიკოსად, რაჯამსაც კი წერილობით ჩამოაყალიბებს თავის მცდარ შეხედულებას? ეს ღვთის რჯულისა და კაცთმოყვარეობის საწინააღმდეგოცაა. მოყვრისადმი სიყვარული გვავალდებულებს გავაფრთხილოთ შემცდარი, რათა არ ჩავარდეს წარწყმედის მთხრებლში.

ასე გვასწავლის მაცხოვარი, ასე გვასწავლიან მოციქულნი. ასევ ვიცით ეკლესიის ისტორიდანაც, რამეთუ ცნობილია უამრავი ფაქტი იმისა, რომ სარწმუნოებაში შემცდარი ადამიანები იმწუთასვე კი არ ცხადდებოდნენ მწვალებლებად, არამედ მრავალჯერადი გაფრთხილებისა და შეგონების შემდეგ.

ყველა ეს ღონისძიება ჩვენ ჩატარებული გვქონდა არა მხოლოდ ეპისკოპოსად ჩემი ხელდასხმის შემდეგ, არამედ ხელდასხმამდეც. ანუ ერისკაცად ყოფნის პერიოდშიც. მაგრამ, მაშინ ეპისკოპოსი იონა ყოველივეში გვეთანხმებოდა და წიგნის გასწორებასაც გვპირდებოდა (უფრო დეტალურად იხ. ეპ. პავლე (ხორავა) "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო". თბ. 1999 წ.).

ასე რომ, ჩემზე ხელდასხმის აღსრულების პერიოდში ის სრულიად მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო. ამდენად, ჩემს ხელდასხმასთან დაკავშირებული თქვენი კრიტიკული არგუმენტები, რბილად რომ ვთქვათ, მეტად მიამიტურია. გარდა ამისა, ის გამსჭვალულია უმეცრებითაც, რადგან ეკლესიამ იცის მწვალებელთა მიერ ხელდასხმულ სასულიერო პირთა თავისსავე ხარისხებში მიღების უამრავი ფაქტი. ანუ, არა თუ იმ ადამიანის ხელდასხმაა მისაღები, ვისაც ხელდასხმის დროს რაიმე ერეტიკული ჰქონდა გამოთქმული, არამედ ანათემაზე გადაცემული ერეტიკოსებისაც, თუ თვით ხელდასხმული პიროვნება მართლმადიდებლობას აღიარებს და ეკლესიას შემოუერთდება. ამდენად, თქვენი შენიშვნა მიამიტურის გარდა არის არაკანონიკურიც.

სხვათა შორის, თუ შეგონებას არ შეისმენს და ჯიუტად მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებას, მწვალებლად შეირაცხება არა მხოლოდ რომელიმე თხზულების ავტორი, არამედ ამდაგვარი ნაწარმოების ან ცდომილების თარგმანების მაკურთხებელ-გამომცემელიც და მისი გამავრცელებელიც. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, როგორც მწვალებელის ხელდასხმაა მადლგაცლილი (სანამ ეკლესიას არ შემოუერთდება სინანულით), ასევე არც მწვალებელზე აღსრულებული ხელდასხმაა რაიმე სარგებლობის მომტანი.

საქმე იმაშია, რომ ამ რამოდენიმე წლის წინ ოფიციალური საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის ლექტორმა, ბ-ნმა ედიშერ ჭელიძემ, მწვალებლური იდეების ქადაგებაში მკაცრად ამხილა სერიის - "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" მაკურთხებელ-გამომცემელი და მათი გამავრცელებლები, ანუ ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფების" ლიდერები: შიომღვიმის მონასტერი და ძმები აროშვილები.

კერძოდ, ბროშურებში: "ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ" (თბილისი. 1994 წ.) და "ანტიერეტიკონი" (თბილისი 1997 წ.), როგორც ზ. და გ. აროშვილები, ასევე მთარგმნელი ვ. ბურკაძე და "მაკურთხებელი" შიომღვიმის მონასტერი, "აურაცხელი დოგმატური ცდომილებებით დასნეულებულნი" აღმოჩნდნენ ("ანტიერეტიკონი". გვ. 3).

მათ გამოცემაში დაფიქსირდა ტრითეისტული, არიანული, მაკედონიანური, მონოფიზიტური, აპოლინარიული და სხვა მრავალი მწვალებლობანი. "ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ, - წერს ბ-ნი ჭელიძე, რომლის მტკიცებითაც შიომღვიმის მონასტრის მიერ დალოცვილი და ნაკურთხი ერეტიკული ცდომილებების მთლიანი აღნუსხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ თავს იყრის ჩვენთვის ცნობილი თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება" (იქვე. გვ. 7).

და აი, ამ ადამიანებს, ძმებ ზ. და გ. აროშვილებს, თქვენს სულიერ მოძღვრებს, რომელთაც გამოუციათ ყოველგვარი მწვალებლობით აღსავსე თარგმანები, "ბოსტონური იერარქიისგან" ხელდასხმა მიუღიათ. თუ არ იზიარებთ ჩვენს ზემოთ მოტანილ განმარტებას ეპ. იონას მიერ ჩემს ხელდასხმასთან და მის მიერ დაწერილ წიგნთან დაკავშირებით, თქვენივე შეხედულების თანახმად, თავადვე აღმოჩნდებით მწვალებელი, ვითარცა მწვალებლობაში შთავარდნილთა თანაზიარი. მაშინ როდესაც, ეპ. იონა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ხელდასხმის პერიოდში სრულიად მართლმადიდებელი იყო (უფრო დაწვრილებით იხ. ეპ. პავლე (ხორავა) "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო". თბილისი 1999 წ.).

ამრიგად, თქვენს მიერ ჩამოყალიბებული შეხედულება მცდარია და არა გაქვთ არავითარი საფუძველი არ სცნოთ ჩემი ხელდასხმა, რამეთუ ეპ. იონა ჩემი ხელდასხმის მომენტშიც და შემდეგაც იყო მართლმადიდებელი. ხოლო ის, თუ როგორ შეასრულა მან თავისი დაპირება წიგნის გასწორების თაობაზე, გამოაშკარავდა მომდევნო პერიოდში, კერძოდ, 2001 წელს, რისთვისაც მიიღო საკადრისი პასუხი.

რაც შეეხება ერთპიროვნულ ხელდასხმას და თქვენს მტკიცებას, რომ თითქოსდა ერთ ეპისკოპოსს არ ძალუძდეს ხელდასხმის აღსრულება მეორე, თანამწირველი ეპისკოპოსის გარეშე, რადგან მოციქულთა პირველი კანონის თანახმად ხელდასხმას უნდა ატარებდეს ორი ან სამი ეპისკოპოსი, მოკლედ მოგახსენებთ, რომ საკითხის არც ამდაგვარი დასმაა მართებული.

ეპისკოპოსის ერთპიროვნული ხელდასხმა სრულიად კანონიკურია და ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული "დიდ სჯულისკანონში". კერძოდ, იუსტინიანე დიდის ახალ მცნებათა გრაგნილის 42-ე თავში წერია: "Аще три епископа не обрящутся, достойно есть и при двоя и при едином избранию быти на епископство" ("თუ არ იყოს სამი ეპისკოპოსი, შეიძლება ორი ან ერთი ეპისკოპოსის მიერაც მოხდეს ეპისკოპოსის არჩევა") (Славянская Кормчая, гл. 42. § 28-29. Стр. 302).

ამ განწესებიდან ცხადი ხდება, რომ ერთ ეპისკოპოსსაც ეძლევა უფლება საეპისკოპოსო კანდიდატის არჩევისა და, თუკი სხვა ეპისკოპოსი არ მოიძებნება, ბუნებრივია და სრულიად ლოგიკური, მანვე დაასხას ხელი თავისსავე არჩეულს, სხვაგვარად რაღა აზრი ექნებოდა არჩევას? ხელდასხმას, რამდენი ეპისკოპოსიც უნდა ესწრებოდეს, ყოველთვის აღასრულებს ერთი ეპისკოპოსი და არა ყველა ერთად, როგორც ჰგონია ეს ამ საიდუმლოს არსში ჩაუხედავ ზოგიერთ პიროვნებას.

წმ. მოციქულთ პირველი კანონი ატარებს დისციპლინარულ და არა დოგმატურ ხასიათს, ამიტომაც, იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიას არ აღმოაჩნდება ორი ან სამი ეპისკოპოსი, ხელდასხმის საიდუმლოს ჩატარება ერთ ეპისკოპოსსაც შეუძლია.

დაბოლოს, ეკლესიის ისტორიამ ერთპიროვნული ხელდასხმის მრავალი მაგალითი იცის, კერძოდ: იტალიელმა ეპისკოპოსმა ავტონომემ (ხს. 12 სექტემბერს) მარტომ დაასხა ხელი ეპისკოპოსად ვინმე კორნელიუსს (იხ. პროლოგი, 12 სექტემბერი). იქვე, პროლოგში (23 მარტი), გადმოცემულია შემთხვევა თუ როგორ დაასხა ხელი ერთმა ეპისკოპოსმა ღირ. ნიკონს და იგი ჯერ პრესვიტერად, ხოლო სამი წლის შემდეგ 190 მეუდაბნოვე ბერთა ეპისკოპოსადაც დაადგინა. ეპისკოპოსმა ილიოდორემ მარტომ დაასხა ხელი დისონ პრესვიტერს (პროლოგი, 9 აპრილი) და სხვა.

ეს მოკლე განმარტება თუ საკმარისი არ აღმოჩნდება თქვენთვის ერთპიროვნული ხელდასხმის კანონიკურობაში დასარწმუნებლად, მზად ვართ, განგიმარტოთ ეს საკითხი უფრო ვრცლად და დეტალურად. ერთი კი უწყოდეთ: ერთპიროვნული ხელდასხმა აკრძალულია მხოლოდ მაშინ, როდესც ეკლესიას მოეპოვება მრავალი (თუნდაც სამი) ეპისკოპოსი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ქიროტონია ერთპიროვნულად არ უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფარულ ხელდასხმად ჩაითვლება, რაც შეიძლება ხელდამსხმელთათვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

3. არანაკლებ უცნაურია თქვენი არგუმენტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებთან მიმართებაშიც, რომელთაც რუსული სახელწოდებით მოიხსენიებთ. თქვენი აზრით, თურმე "სტაროვერები" "არასაკმარისი მიზეზის გამო გამოყოფიან ეკლესიას".

"მართალია, - ამბობთ თქვენ, - არც ნიკონიანელებს უნდა მიენიჭებინათ ობრიადებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა და ამის გამო ხალხი დაეხოცათ, მაგრამ მხოლოდ ობრიადების გულისთვის არ შეიძლებოდა ურჩობა". თუმცა, არ გიფიქრიათ, რომ, როდესაც "ობრიადების" გულისთვის ადამიანებს ხოცავენ, "ურჩობა" საკმაოდ მართლზომიერ ქმედებად წარმოჩინდება.

უნდა გაცნობოთ, რომ "ობრიადებს" საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თვით მართლმადიდებლური ეკლესია. წმ. ბასილი დიდი მათ საკმაოდ დიდი ძალის მქონედ მიიჩნევს და გვასწავლის "თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, უხილავად ვავნებთ თვით სახარებას ძირითად საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელიღა შეგვრჩება" (იხ. Правила свв. Отцов с толкованиями. Св. Василия Великого из 27 главы книги о Св. Духе к блаж. Амфилохию. Москва, 1884 г., стр. 427-428; Творения иже во святых отца нашего Василия Великого архиеп. Кесарии Кападокииския. Часть 3. Москва 1993 г, стр. 332). და ეს იმიტომ, რომ საეკლესიო წესებში ჩადებულია დოგმატური შინაარსი. ხსენებულ სიტყვაში ამას სრულიად ცხადად გვასწავლის წმ. ბასილი დიდი.

სჯულის კომენტატორი ზონარა წმ. ბასილი დიდის ხსენებულ განწესებაში განმარტავს: "წმინდანი გვასწავლის იმ ჩვეულებების შესახებ, რომლებიც დაუწერელი გადმოცემითაა მოცემული და ამბობს, რომ, თუ მათ (ე. ი. დაუწერელ ჩვეულებებს - არქიეპ. პ.) უარვყოფთ, მაშინ თვით სახარებას ვავნებთ ძირითად საკითხებში, ანუ თვით სარწმუნოებას, რომელიც გვეუწყა სახარებით" (იხ. იქვე).

პატრ. ბალსამონის (XIII ს.) თქმით, წმ. ბასილი დიდის მიერ ჩამოთვლილი ისეთი საეკლესიო ჩვეულებანი, როგორიცაა პირჯვრისწერის წესი, მუხლმოყრები, პირით აღმოსავლეთისკენ დგომა ლოცვის ჟამს, სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში და სხვა, "დაურღვეველნი არიან აბსოლუტური აუცილებლობით და ძალაში უნდა იყვნენ მარადის" ("… по совершенной необходимости не нарушаемые, но долженствующие вечно быть") (იქვე. გვ. 438-439).

ხოლო არის თუ არა საკმარისი მიზეზი ამ წესების შერყვნის გამო ამხედრება (მით უფრო, როდესაც ისინი მთლად ერეტიკულადაც არიან გამოცხადებულნი), შეიძლება განვსაჯოთ წმ. ბასილი დიდის სიტყვებითაც. ის წერს: "ეკლესიაში დაცული დოგმატები და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს, მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც გააჩნია" (Правила свв. Отцов с толкованиями. Св. Василия Великого из 27 главы книги о Св. Духе к блаж. Амфилохию. Москва, 1884 г., стр. 427).

ეს სიტყვები ასევე კარგად პასუხობს თქვენს იმ შეხედულებასაც, რომლის მიხედვითაც "სტაროვერები" თურმე გაუნათლებლები და უმეცრები ყოფილან, რამეთუ არ სცოდნიათ, რომ წეს-ჩვეულებებს თურმე, დოგმატებისგან განსხვავებით, არა უმთავრესი, არამედ "მეორეხარისხოვანი" მნიშვნელობა ჰქონიათ. მაგრამ წმ. ბასილი დიდის, სხვა წმიდა მამათა და ქრისტეს ეკლესიის მტკიცებით კი, პირიქით, ორივეს ერთი და იგივე ძალა ჰქონია კეთილმსახურებისთვის და "ეს ცნობილია ყველასთვის, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს მიღებული".

აი, ასეთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ საეკლესიო ჩვეულებებს წმიდა მამები და სჯულის მართლმადიდებელი კომენტატორები. ხოლო თქვენ და თქვენი ე. წ. "ბოსტონის კონფესია" კი ამ საკითხს უმნიშვნელოდ და "არასაკმარის მიზეზად" მიიჩნევთ მათ დამრღვევთაგან გამოყოფისთვის.

საეკლესიო წეს-ჩვეულებების დარღვევას და მათ ახლით შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევდა წმ. პატრიარქი ფოტიც (XI ს.). ერთ-ერთი ისტორიკოსის თქმით: "თუ მხედველობაში მივიღებთ პატრ. ფოტის მიერ ლათინთა წინააღმდეგ დაწერილ "მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეს", შორს არ ვიქნებით იმ აზრისგან, რომ ეს პატრიარქი ეკლესიის საწესჩვეულებო მხარეს, თითქმის მის დოგმატურ შინაარსს უთანაბრებდა... ფოტი აღნიშნავდა, რომ ქრისტეანული სწავლების უგულებელყოფამდე მიყვანა გადმოცემათაგან უმცირეს გადახრასაც კი შეუძლია" (ციტ. А. П. Лебедев. "Очерки внутренней истории византииско-восточной церкви в IX, X и XI веках. Изд. Виор. Москва. 1902 г., стр. 220).

წვერის პარსვა, მარხვათა დარღვევა, უწმინდურის ჭამა, მაცით ზიარება და სხვა მრავალი, რომელიც დღემდე "უმნიშვნელო" და "მეორეხარისხოვან" საკითხად მიაჩნია ზოგიერთს, IX-XI საუკუნეებში საკმაოდ მძაფრი პოლემიკის საგანი გახლდათ. ა. ლებედევის დასკვნით: "მოტანილი მაგალითებიდან ცხადი ხდება, რომ განსახილველ ეპოქაში (IX-XI სს.- არქიეპ. პ.) საწესჩვეულებო მხარე აღმოსავლეთის ეკლესიაში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს. მოცემული ეკლესიის საწესჩვეულებო პრაქტიკის იდენტურობა აღმოსავლეთის ეკლესიის პრაქტიკასთან ამ ეკლესიის ჭეშმარიტების კრიტერიუმად იყო მიჩნეული. მეტიც, გარეგნული, საეკლესიო წეს-ჩვეულებების მკაცრი შესრულება გათანაბრებული იყო გულითად ღვთისმოსაობასთან ცხონების მიღების საკითხში" (იქვე. გვ. 227).
ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საწესჩვეულებო საკითხებს წმ. პატრიარქები ფოტი, მიქაელ კერულარიოსი, ცნობილი ბერი წმ. ნიკიტა სტიფატი და სხვები.

ა. ლებედევი ერთგან რატომღაც წუხს იმის გამო, რომ "აღმოსავლეთის ეკლესიის შემდგომ ისტორიაში მკვიდრდება ფოტის შეხედულება, რომელიც ამ პატრიარქის მიერ გამოხატულია მის "მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში" (იქვე. გვ. 223). ამ ავტორის აზრით კი, წმ. ფოტის ეს შეხედულება თურმე "ზედმეტად მკაცრი" და "არცთუ სამართლიანი" ყოფილა (იქვე).

ეკლესიის ისტორია ადასტურებს, რომ აღმოსავლეთის ეკლესია მართლაც წმ. ფოტისა და სხვა მართლმადიდებელ წმინდანთა აზრს მისდევდა მომდევნო ეპოქებშიც. თუმცა, ამავე შეხედულებით ხელმძღვანელობდა ის ფოტიმდელ პერიოდშიც, რასაც ადასტურებენ ეკლესიაში ძველ მწვალებელთა მიღების წესებიც.

ეს აზრი ეკლესიაში მტკიცედ რომ იყო დამკვიდრებული ჩანს თუნდაც ნიკონ პატრიარქის დროინდელ მოვლენებშიც. კერძოდ, როგორც ერთი (რეფორმატორთა მხარე), ასევე მეორე (ძველი წესების მიმდევრები) იცავდნენ საეკლესიო გადმოცემებს, როგორც სარწმუნოებრივი შინაარსის შემცველთ და შინაგანი ღვთისმოსაობის გარეგნულ ფორმობრივ გამოხატულებას.

რეფორმატორები ამტკიცებდნენ, თითქოსდა მათი წესები იყო ძველი და მოციქულთაგან მიღებული (მაგ. სამი თითით პირჯვრისწერა), ხოლო არსებული "რუსული წესები" კი "სიახლედ" და "მწვალებლობად" იყო გამოცხადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეეცვალათ ისინი ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით.

ეს იყო შეცდომა, რამეთუ არა მხოლდ პროფ. კაპტერევის, არამედ "რასკოლის" საკითხის თუნდაც ოდნავ ავტორიტეტული მკვლევარების აღიარებითაც კი (აღარას ვამბობთ დღევანდელ გამოკვლევებსა და აღმოჩენებზე) ბერძენ რეფორმატორებს დავიწყნიათ, რომ ეს "ერეტიკული" "რუსული" წესები სინამდვილეში მათი, ძველბერძნული იყო, ოღონდაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შეცვლილი და მივიწყებული (უფრო დეტალურად იხ. "მართლმადიდებელი", 2001 წ. №№ 1-6; სტ. "მართლმადიდებლობის აპოლოგია").

იმედია, თქვენთვის უცნობი არ არის ის, რომ ეკლესიაში ყოველთვის ადგენდნენ და დღესაც არის მწვალებელთაგან მიღების წესები. ამათგან ყველაზე ხელმისაწვდომად შეიძლება ჩავთვალოთ იაკობიტ-მონოფიზიტთა ეკლესიაში მიღების წესი (იხ. მაგ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. № 1. მ. რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი"). ამ წესებში თუ ჩაიხედავთ, ნათლად იხილავთ სეკლესიო ჩვეულებების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცეულებმა ანათემას უნდა გადასცენ და დასწყევლონ არა მხოლოდ მწვალებლური სწავლანი და დოგმატები, არამედ ერეტიკული ჩვეულებებიც.

ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, თითქოსდა უცოდინარ და გაუნათლებელ სტაროვერებს წესები და დოგმატები ერთმანეთში ეშლებათ. თუ რომელიმე თქვენთაგანი ჯიუტად იმეორებს ამ აზრს, მან უნდა გაიხსენოს ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები. წმ. ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და კარგად დაფიქრდეს, ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული ეს კრიტიკა...

4. ჩვენ უკვე ვახსენეთ დაუწერლად გადმოცემული საეკლესიო წეს-ჩვეულებები და ვნახეთ, როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ წმიდა მამები. ამ წესებს შორისაა პირჯვრისწერის წესიც და ამის შესახებ სრულიად მკაფიოდ ბრძანებს წმ. ბასილი დიდი.

საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირჯვრისწერის წესი მოხსენიებულია მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ მონოფიზიტთა მიღების წესშიც. ამ წეს-განგების და მასში გადმოცემული ანათემატიზმების ტექსტი ხელმისაწვდომია ყველასთვის, რამეთუ იგი შეტანილია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" და მთლიანად არის დამოწმებული მ. რაფავას პუბლიკაციაში "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი" ("მაცნე", ენისა და ლიტერატურის სერია. 1999 წ. № 1).

"დოგმატიკონი" არის არსენ იყალთოელის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაშრომი, "ფილოსოფიური და პოელმიკურ-დოგმატური ტრაქტატების კრებული". როგორც კ. კეკელიძე წერს, ამ ძეგლში თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო ქართველებისთვის, "ქრისტეანობის დოგმატურ-ფილოსოფიური შინაარსის შესაგნებად" (კ. კეკელიძე. "ქართული ლიტერატურის ისტორია". I, გვ. 278. ციტ. ივ. ლოლაშვილი. "არსენ იყალთოელი". თბილისი, 1978 წ. გვ. 104). ამიტომაც, მის შესამკობად შეუთხზავთ იამბიკოც:

"დოგმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითა,

სჯულთა საღმრთოთა გონების მქონეთა მრთუმელი,

ქრისტეანთა მზეებრ მანათობელი

იუდეანთა და სარკინოზთა მარღვ და


უთაოთა სომეხთა პირის დამხშველი" (ქუთ. 564. ფ. 300. ციტ. იქვე).


სწორედ ამ ნაშრომში შეუტანია არსენს მონოფიზიტთა ეკლესიაში მიღების წესიც სათაურით: "შეჩვენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა", რომელიც, ქართველ მეცნიერთა აზრით, უეჭველად IX-XI საუკუნეებშია შედგენილი. ამ შეჩვენებაში ერთ-ერთი ფორმულა ასეა ჩამოყალიბებული: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენებულ იყავნ".

ამ წყაროს წინააღმდეგ თქვენ ასეთი "საფუძვლიანი" არგუმენტი გქონიათ: თურმე არსენ იყალთოელი მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი არ არის. მაგრამ, ასეც რომ იყოს, რა შუაშია აქ არსენ იყალთოელის ავტორიტეტი? ნუთუ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონოფიზიტების მიღების წესი არსენ იყალთოელის დაწერილი გგონიათ?

ორი თითით პირჯვრისწერის და კურთხევის შესახებ ასწავლიან: წმ. მელეტი ანტიოქიელი (IV ს.), ნეტ. თეოდორიტე (IV ს.), წმ. იოანე მოსხი (VII ს.), წმ. პეტრე დამასკელი (IX ს.), ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.). ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ საეკლესიო-კრებითი დადგენილება მიღებულ იქნა XI ს. კონსტანტინოპოლში, ასევე, მოსკოვში, XVI ს-ში, "ასმუხლიან კრებაზე", რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვის უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი, "დიდი საკითხავი თვენის" (Великая четья-минея) შემდგენელი. ამავე კრებას ესწრებოდნენ სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედი მამები: გური და ბარსონუფი (ყაზანელი საკვირველთმოქმედნი), წმ. აკაკი ტვერელი და სხვები.

არსებობს სხვა მასალებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის ეკლესიის უძველესი, მართლმადიდებლური წესი და არა ერეტიკული ჩვეულება, როგორც ამას აცხადებდნენ რუსეთის პატრ. ნიკონი და მისი თანამოზიარენი. მათ შორის, ე. წ. "წმინდანები": დიმიტრი როსტოველი, იოანე კრონშტადტელი, სერაფიმე საროველი, პაისი ველიჩკოვსკი და სხვები.

5. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ძველმოწესენი "არასაკმარისი მიზეზის გამო გამოეყვნენ თავიანთ ეკლესიას" და, რომ ისინი ურჩობდნენ მხოლოდ "ობრიადების" გულისთვის.

კარგი იქნება ძველმოწესეებთან და ნიკონის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოდგენას შეიქმნიდეთ "რასკოლის" ცნობილ მკვლევართა (პროფ. ნ. კაპტერევი, პროფ. ნ. გოლუბინსკი და სხვ.) სერიოზული ნაშრომების და არა "ბოსტონის დაჯგუფების" არაკვალიფიციურ მრჩეველთა მონაყოლის მიხედვით.

ზემოთ უკვე დაგიმოწმეთ "დიდ სჯულისკანონში" შეტანილი წმ. ბასილი დიდის სწავლების საეკლესიო გადმოცემათა (წეს-ჩვეულებათა) მნიშვნელობის შესახებ. ამ სახის საეკლესიო-საკანონმდებლო კრებულში მისი შეტანა საყოველთაო-სავალდებულოდ ხდის მას და ანიჭებს კანონის ძალას. ხოლო კანონის უარყოფა სრულიად არ გახლავთ "არასაკმარისი მიზეზი".

იგივე წმ. მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვს, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (წმ. ბასილი დიდი. კანონები 87 და 91. ციტ. "დიდი სჯულისკანონი". Правила свв. Отцов с толкованиями. Москва, 1884 г.).

ბერძნულ "პიდალიონშიც" ("დიდი სჯულისკანონი") დადასტურებულია, რომ "იქ, სადაც არ არის განწესება და დაწერილი კანონი, განწესების და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" (ციტ. იქვე. გვ. 388).

მაშასადამე, როგორც ვხედავთ, დაუწერელი წესების დაკავშირება სახარების ძირითად საკითხებთან (ანუ დოგმატებთან) ძველმორწმუნეთა ახირება კი არ ყოფილა, არამედ წმიდა მამათა სწავლება, რაც დასტურდება (იხ. § 3) წმიდა, მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და პრაქტიკით.

VI მსოფლიო საეკლესიო კრება (VI ს.) ბრძანებს: "სამგზის ანათემა ყოველგვარ სიახლეს" (საქმე მე-8).

ღირ. ბიკენტი ლირინელის თქმით: "თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცდუნების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება" V გვ. 33-344) (იხ. აგრეთვე: მამათა სწავლანი წმ. გადმოცემის შესახებ - რედ.).

კონსტანტინოპოლის პატრიარქი მეთოდე აღმსარებელი (IX ს.) განდგომილებს უწოდებს იმათაც, "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს" (ახალი სჯულის ფიცარი. 17:45. ციტ. იქვე).

ამჯერად ახალმოწესე რეფორმატორებმა უბრალოდ "მეორეხარისხოვანი" წესები კი არ შეცვალეს, როგორც თქვენ ამტკიცებთ, არამედ, მწვალებლობად გამოაცხადეს ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემები, წესები, რომელთაც კანონის ძალა აქვთ. ხოლო კანონის (დაწერილის თუ დაუწერლის) უარყოფა და, მითუმეტეს, მისი შერაცხვა მწვალებლობად, სრულიადაც არ არის "არასაკმარისი მიზეზი".

თქვენ არა მხოლოდ არასაკმარის მიზეზად მიიჩნევთ მართლმადიდებლურ გადმოცემათა მწვალებლობად შერაცხვას, არამედ ჩამოყალიბებულიც კი გაქვთ სწავლება ამ გადმოცემათა "უმნიშვნელობის", "მეორეხარისხოვნობის" შესახებ და თავდაუზოგავად ქადაგებთ იმას, რის დასტურსაც წმ. მამათა ვერც ერთ თხზულებაში ვერ იპოვით.

როგორც ნახეთ, თქვენი შეხედულებები ეწინააღმდეგება წმ. მამათა გადმოცემებს, რაც თქვენდაუნებურად ერეტიკოსად გაქცევთ...

მეტიც, პატრ. ნიკონმა და მისმა მომხრეებმა, როგორც მწვალებლობა, ანათემას გადასცეს და დასწყევლეს წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის კრებითად და წმიდა მამათა სწავლების დონეზე მიღებული დაწერილი კანონებიც. მაგალითად, 1029 წელს კონსტანტინოპოლში სომეხ-იაკობიტთა და მონოფიზიტთა საწინააღმდეგოდ მიღებულ იქნა ფორმულა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა - შეჩუენება". მოგვიანებით, 1551 წელს, იგივე გაიმეორა "ასმუხლიანმა" (Стоглав) კრებამაც.

ეს იყო საყოველთაო წესი მართლმადიდებელთათვის!

მაგრამ, ახალმოწესე რეფორმატორმა "მართლმადიდებლებმა" საერთოდ დაივიწყეს კონსტანტინოპოლის 1029 წლის კრების მოთხოვნა, ხოლო "სტოგლავის" კრების დადგენილება იმ მოსაზრებით უარყვეს, რომ იქ მყოფი წმინდანები თურმე "უმეცრები" და გაუნათლებლები ყოფილან.

განა არ უწერიათ წმ. მამებს ან საეკლესიო კრებებს, ამა თუ იმ იერარქისგან (ან იერარქთა ჯგუფისგან) სამართლიანი გამოყოფისთვის რა მიზეზებია საკმარისი?! განა თქვენივე ეკლესიის გამოცემა ("ეკუმენიზმი - ანტიქრისტეს რელიგია") არ იმოწმებს წმ. იოანე დამასკელს, რომლის თქმითაც: "უმნიშვნელო გადმოცემათა დავიწყებაც ისეთივე საზიანოა ეკლესიისთვის, როგორც შენობებისთვის მისი შემადგენელი ქვების თანდათანობით მოცილება, რომელიც დაანგრევს მთელ შენობას" (წმ. იოანე დამასკელი. I სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ. ციტ.: "ეკუმენიზმი - ანტიქრისტეს რელიგია". გამომც. "მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში". 2002 წ. გვ. 14)?!

პატრ. ნიკონი და მისი მომხრეები კი არათუ ივიწყებდნენ ამ "უმნიშვნელო" გადმოცემებს, არამედ მწვალებლობადაც კი რაცხდნენ მათ და უარყოფდნენ მრავალგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, წყევლა-კრულვებითა და ანათემატიზმებით. ისინი თანდათანობით კი არ აცლიდნენ ქვებს ეკლესიის შენობას, არამედ პიდაპირ და ერთბაშად ესროდნენ ჭურვებს მის მტკიცე გალავანს - გადმოცემებს.

თუკი წმ. ათანასე დიდის (IV ს.) სწავლებით უზნეობა იმდენად საშიში სენია, რომ ამგვარად მცხოვრებ იერარქთაგან ჩამოცილებას და ცალკე ლოცვას გვიბრძანებს (იხ. მათეს სახარების განმარტება. Творения св. Афанасия Великого в четырех томах, т. 4. М. 1994 г., стр. 429). როგორ არ უნდა ჩამოცილებოდნენ მართლმადიდებელნი უძველეს გადმოცემათა მწვალებლობად შემრაცხველ რეფორმატორებს, რომლებიც, ამავე დროს, თვითონ იყვნენ აშკარა უნიატები და თავიანთი სასულიერო ხარისხებიდან ჩამომხობილი "იერარქები" (წყაროები. იხ. "მართლმადიდებელი" 2001 წ. №4 გვ. 12-15; № 5 გვ. 7-14). თუკი წმ. ირინეოს ლიონელი (IV ს), როგორც თქვენსავე გამოცემაში წერია, - "მწვალებელთა რანგში აყენებს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც საკუთარ სიამოვნებას ემსახურებიან, ქედმაღლობენ თავიანთი თანამდებობით და ფარულად მრავალ ბოროტებას სჩადიან" (Против ересей. IV 26:3-4. ციტ. "ეკუმენიზმი - ანტიქრისტეს რელიგია" გამომცემელი: მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში. 2002 წ. გვ. 96) და ეს საკმარისი მიზეზია მათგან გამოსაყოფად, როგორც შეიძლება "არასაკმარის მიზეზად" ჩავთვალოთ განშორება იმგვარ იერარქთაგან, ვინც მწვალებლობად აცხადებს მართლმადიდებლურ გადმოცემას და წყევლის მას?

მეტიც, რეფორმატორები შეურაცხყოფდნენ იმ წმინდანებსაც კი, რომლებიც ძველად, რეფორმამდე, ამ გადმოცემებს მისდევდნენ და რომელთა უხრწნელი გვამები დავიწყებას მისცეს ფიზიკური განადგურებით. მათ შორის არიან: წმ. ანა კაშინსკაია, წმ. ეფროსინე ფსკოველი და სხვები, ნიკონიანელ რეფორმატორთა მიერ წმინდანთა დასიდან "ამორიცხულნი", შეურაცხყოფილნი და "განკანონებულნი", უმეცრებად, მდაბიოებად და ერეტიკოსებად გამოცხადებულნი...

ყოველივე ამის შემდეგ, თურმე ნუ იტყვით და, ეს ყოველივე ამგვარი უღვთოების მოქმედთაგან გამოყოფისთვისი სკმარისი მიზეზი არ ყოფილა. საეკლესიო კალენდრის რეფორმა საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა თქვენთვის, რათა გამოყოფოდით ამის მოქმედ იერარქებს და შეერთებოდით ე. წ. ძველმესტილეთა "ბოსტონის დაჯგუფებას", ხოლო საეკლესიო რეფორმა - ძველი, სამოციქულო და წმ. მამებისეული გადმოცემების მწვალებლობად შერაცხვა, რატომღაც არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი.

ნუ იტყვით, და თუ იტყვით, - დაამტკიცეთ, რომ ორიათასწლოვანი საეკლესიო გადმოცემების, უძველესი საეკლესიო წესების მწვალებლობად შერაცხვა, უფრო ნაკლები მნიშვნელობისაა და არ არის საკმარისი გამოყოფისთვის, ვიდრე კალენდრის რეფორმა, რამეთუ ორივე წმიდა საეკლესიო გადმოცემათა სფეროს განეკუთვნება და დაცულია წმიდა მამათა სჯულმდებლობით.

6. შემდეგ, - თქვენ გამოგითქვამთ შეხედულება, თითქოსდა "პირჯვრის წერის წესს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ, რომ მაშინ 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას არ გამოეპარებოდა მისი დაკანონება".

მაშასადამე, თქვენი მტკიცებით, ის მწვალებლები, რომლებიც 7 მსოფლიო საეკლესიო კრებამდე ან მათ შემდეგ არსებობდნენ და, შესაბამისად, ამ კრებებზე არ განხილულან, "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონენი" არ ყოფილან. ან იქნებ გვაუწყოთ, რომელი მწვალებლობაა "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე" და რომელი არა?

თქვენი ეს შეხედულება, რომელსაც, ალბათ, ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფების" ლიდერებიც იზიარებენ, ძალიან წააგავს პაპისტი ერეტიკოსის, ვლ. სოლოვიოვის შეხედულებას იმის შესახებ, რომ იმისთვის, რათა სიმბოლოს დანამატი "filioque" მწვალებლობად შეირაცხოს, საჭიროა მსოფლიო ეკლესიის პირდაპირი, დოგმატური დადგენილება, რომელმაც უნდა განიკითხოს ეს პაპისტური სწავლება და დაგმოს ძისგან სულიწმიდის გამოყოფის ცრუ დოგმატი (ციტ. Е. Аквилонов. "Церковь, научные определения церкви и апостольское учение о ней как о теле Христовом". С. П. 1894 г. Примечания, стр. 54).

მაგრამ, მინდა იცოდეთ, ამა თუ იმ ცდომილების მწვალებლობად გამოცხადებისთვის სრულებითაც არ არის საჭირო მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. მწვალებლობანი, რომლებიც I მსოფლიო კრებამდე არსებობდა და, ასევე, ის ცდომილებები, რომლებიც VII მსოფლიო კრების შემდეგ აღმოცენდა, ისევე იწოდება მწვალებლობად, როგორც 7 მსოფლიო კრებაზე განკითხული და დაგმობილი მწვალებლობანი.

იმედია, თქვენ იცით ამის შესახებ და ნათქვამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ მოგვთხოვთ. ამჯერად კი მოკლედ მოგახსენებთ, რომ "მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ და არც მართებთ, თუნდაც წმიდა მორალური მოთხოვნილებებისდა შესაბამისად, სიმშვიდეს მიეცნენ მანამ, სანამ ნათლად და მკაფიოდ არ გაარკვევენ მოცემულ სადავო საკითხებს, რისთვისაც იყენებენ კიდევაც სახელწოდებებს "ერესი", "სქიზმა" და ა. შ. ასეთ შემთხვევებში, მსოფლიოში განფენილი ეკლესიის თანხმობა მსოფლიო კრებაზე გამოცხადებული ვერდიქტის ტოლფარდია" (Овербек. ციტ. Е. Аквилонов. დასახ. შრ. Примечания, стр. 55).

უფრო სწორად, ეს მტკიცებულება, როგორც დასკვნა, გამომდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი 2000-წლოვანი ისტორიიდან, სადაც ზოგიერთი საკითხი წყდებოდა არა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, არამედ საყოველთაო პრაქტიკაში მისი დანერგვით ან უარყოფით, ან ადგილობრივ ეკლესიათა თანხმიერი გადაწყვეტით.

უნდა განგიმარტოთ, რომ ამა თუ იმ წესის კრებითად დაკანონება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მწვალებლები ეჭვქვეშ აყენებენ მის მართებულობას და სანაცვლოდ ნერგავენ ეკლესიის მიერ დროებით შეწყნარებულ ან სრულიად ახალ წესებს.

თქვენთვის საინტერესო პირჯვრისწერის წესი ეკლესიის დაუწერელი გადმოცემა რომ არის და ეკლესიის დაწერილი დოგმატების ტოლფასია, ნათლად და მკაფიოდ არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონში, რომელიც წმ. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდ სჯულისკანონში შეიტანა.

სხვათა შორის, ცნობილი ათონელი მოღვაწე, "არასტაროვერი", ახალმოწესე ბერძენი ათონელი ბერი, თქვენი სულიერი წინაპარი, ცნობილი თხზულების "უხილავი ბრძოლის" ავტორი და ბერძნული "პიდალიონის" (დიდი სჯულისკანონის") კომენტატორი ნიკოდიმოს მთაწმინდელი განმარტავს, რომ წმ. ბასილი დიდი პირჯვრისწერის შესახებ მსჯელობისას (91-ე კანონში) სწორედ ძველ ჩვეულებას, ორი თითით პირჯვრისწერას გულისხმობდა.

ნიკოდიმოსი აღწერს კიდევაც თუ როგორ უნდა აღმართოს მორწმუნემ ორი თითი, აქედან მოხაროს ერთი და შეკრას დანარჩენი სამი (ანუ ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებენ ძველმორწმუნენი), რაც, წმ. ბასილი დიდის თქმით, მიანიშნებს: "მორწმუნეთა მიერ ჯვრის გამოსახვას ჩვენი უფლის, ქრისტეს სახელის მიმართ".

მართალია, წმ. მსოფლიო კრებებს არ დაუკანონებიათ პირჯვრისწერის წესი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს რაღაც უმნიშვნელო რამ არის, არამედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ამის საჭიროება არ ყოფილა. თუმცა, მოგვიანებით აღმოსავლეთის ადგილობრივ ეკლესიათ (კონსტანტინოპოლის, რუსეთის, საქართველოს და სხვა) პრაქტიკაში ორი თითით პირჯვრისწერა მაინც დაკანონდა.

II მსოფლიო კრებაზე შეკრებილი ერისთვის ეს წესი მშვენივრად და სასწაულებრივად განუმარტავს წმ. მელეტის. აბა, ნახეთ, როგორ გადმოგვცემს ამ სასწაულს თქვენივე სულიერი მოძღვარი, "მღვდელი" გ. აროშვილი: "II მსოფლიო კრებაზე, არიანელთა სამხილებლად წმ. მელეტის სთხოვეს ჩამოეყალიბებინა სწორი სწავლება ყოვლადწმიდა სამების შესახებ. მღვდელმსახური წამოდგა, აღმართა მარჯვენა, შეაერთა სამი თითი (სამების პირთა აღსანიშნავად), შემართა დარჩენილი ორი თითი, ერთი მათგანი მოხარა და ამგვარად აკურთხა შეკრებილნი" (გ. აროშვილი. "დოგმატი ყოვლადწმიდა სამების შესახებ". "ჯვარი ვაზისა", 1993 წ. № 1).

ყოველგვარი გაუგებრობებისა და ყალბი კომენტარების თავიდან ასაცილებლად, მოდი, სიტყვასიტყვით განვიხილოთ ეს ცნობა.

1) "აღმართა მარჯვენა", რადგან პირჯვარს ვიწერთ და ვაკურთხებთ მარჯვენა ხელით.

2) "შეაერთა სამი თითი", რომელი სამი თითი? რა თქმა უნდა ცერი, ნეკა და არათითი, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო წინადადებას აზრი ეკარგება.

3) "შემართა დარჩენილი ორი თითი და ერთი მოხარა".

ცხადია, თქვენებურ სამთითიან წყობაზე რომ იყოს ლაპარაკი, სადაც შეერთებულია პირველი სამი თითი და მოკეცილია ბოლო ორი, "შემართაო" არ იტყოდნენ. თანაც, სამი თითით კურთხევის პრაქტიკა თქვენს ეკლესიაში არასოდეს ყოფილა. საღმრთო მადლმა ნათელყო ამ წესის მართლმადიდებლურობა იმით, რომ ამ დროს წმინდანის თითებიდან თურმე ცეცხლმა გამოკვესა!

7. თქვენ გაინტერესებთ რატომ მივიჩნევთ სამების ჯვარცმად სამი თითით პირჯვრისწერას, ხოლო ორი თითით პირჯვრისწერაზე ვამბობთ, რომ ეს არ არის ქრისტეს საღმრთო ბუნების ჯვარცმა.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯვართან მიმართებაში ვიყენებთ ორ თითს ჯვარცმული ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად (რადგან ჯვარცმული იყო წმ. სამების მეორე იპოსტასი, ქრისტე).

ორი თითი (ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი სიმბოლო) ედება შუბლს, ნიშნად მაცხოვრის "ზეცითგან გარდამოხდომისა" (იხ. მრწამსი), ასევე ნიშნად იმისა, რომ ის არის ეკლესიის თავი.

თითები ჩამოგვაქვს ქვემოთ (ჭიპზე) ნიშნად ქრისტეს გარდამოხდომია და განკაცებისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელში.

შემდეგ კვლავ ავამაღლებთ ორ თითს მარჯვენა მხრისკენ, რაც მისი მკვდრეთით აღდგომის შემდგომ ამაღლებასა და მამის მარჯვენით ჯდომას მოასწავებს.

და კვალადვე, გადაგვაქვს ეს ორი თითი მარცხენა მხარზე ნიშნად დიდებით მისი მოსვლისა (მრწამსი) და ვედრებისა, გვიხსნას განკითხვისა და საუკუნო განსასჯელისგან.

პირჯვრისწერაში ეს ქმედება მართლმადიდებლურ აზრს იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1) ღმრთის გარდამოსვლის, 2) ხორცშესხმის, 3) ამაღლებისა და 4) მეორედ მოსვლის გამომხატველ სიმბოლოდ აღვმართავთ ორ თითს და არა სამს. როდესაც ამ სიმბოლოებს გამოხატავენ სამი თითით, ზემოთ აღწერილი აღმსარებლობითი დოგმატი ირღვევა.

აგვიხსენით, რას ნიშნავს შუბლზე სამი თითითს დადება, მისი ჩამოწევა ჭიპზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე ამაღლება და დადება და შემდეგ მისი გადატანა მარცხენაზე, თუ არა იმას, რომ მან, ვინაც ეს მოიფიქრა, ჩადო მასში ერეტიკული (თეოპასხიტური) შეხედულება? სხვათა შორის სწორედ ამ მწვალებლობას ებრძოდა "სტოგლავის" კრება, როდესაც სამი თითით პირჯვრისწერის საწინააღმდეგოდ, რომელიც იმხანად ვრცელდებოდა რუსეთში, ორი თითით პირჯვრისწერის წესი დააკანონა.

ორი თითით პირჯვრისწერის წესს აღგვიწერს, განგვიმარტავს და გვასწავლის მრავალი წმიდა მამა და რამდენიმე საეკლესიო კრება, ასევე ეკლესიის ორიათასწლოვანი პრაქტიკა (იხ. § 3). იქნებ გვიპასუხოთ, "რასკოლამდე" რომელი წმიდა მამა ან საეკლესიო კრება აღგვიწერს პირჯვრისწერის თქვენებურ წესს და განგვიმარტავს ან გვასწავლის თუ რას ნიშნავს სამი თითით პირჯვრისწერა?

მეორეც, მთელი "საიდუმლო", თუ რატომ მიიჩნევენ ძველმორწმუნენი სამი თითით პირჯვრისწერის წესს მწვალებლობად, თვით ახალმოწესე რეფორმატორთა განმარტებაში მდგომარეობს. კერძოდ, ოფიციალური ეკლესია ასე განმარტავს სამი თითით პირჯვრისწერას: "კეთილმსახურსა და მართლმადიდებელ ქრისტეანსა მართებს, რომ პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის სამი თითი ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელის სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა, დიდი თითი, ე. ი. ცერი და შემდგომი მისი ორი თითი, ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობასა და ერთარსობას და ამასთანავე, შეურევნელობას...", ხოლო შემდეგ ნათქვამია: "და ესრეთ, ამნაირად, ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა... ჭეშმარიტად პატივიცემების და იდიდების ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი" ("ლოცვანი". დაიბეჭდა პატრ. ეფრემ II-ის დროს. 1963 წ. 16 აგვისტო).

ამრიგად, თუკი ჯვარს ვისახავთ ჯვარცმულის სადიდებლად, ამ განმარტების თანახმად, ჯვარცმული იდიდება სამი თითით, რომელიც არის არა მაცხოვრის, არამედ ღვთაებრივ იპოსტასთა ერთარსობის, თანასწორობისა და შეურევნელობის სიმბოლო. ასე მივიღეთ წმიდა სამების ჯვარცმის მწვალებლური პრაქტიკა.

საგულისხმოა, რომ მე-19 საუკუნის მიწურულისთვის თვით ნიკონიანური (ანუ ახალმოწესე რეფორმატორული) ეკლესია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ "არ არსებობს არც ერთი წმ. მამის მოწმობა ან განმარტება სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ" (როგორც ეს გვხვდება ორი თითით პირჯვრისწერის შემთხვევაში, რომელსაც განმარტავს საკმაოდ მრავალი ავტორიტეტული საეკლესიო წყარო და წმ. მამა).

ასე მაგალითად, ცნობილი მიტროპოლიტი ფილარეტ ჩერნიგოველი ჯერ კიდევ რიგის ეპისკოპოსად მისი ყოფნის პერიოდში, 1847 წლის 26 მაისს დაწერილ წერილში ამბობს: "Православие не требует для своей твердости гнилых подпор, каковы НИ НА ЧЕМ НЕ ОСНОВАННЫЕ СЛОВА ОБ АПОСТОЛЬСКОМ ПРОИСХОЖДЕНИИ ТРОЕПЕРСТИЯ" ("მართლმადიდებლობას თავისი სიმტკიცისთვის არ სჭირდება დამპალი საყრდენები, როგორიცაა არაფერზე დაფუძნებული სიტყვები სამი თითით პირჯვრისწერის სამოციქულო წარმომავლობის შესახებ") ("Православное обозрение". 1887 г., т. 1. Изд. Москва, 1887 г., стр. 237 ან Творения свв. Отцев 1884 г., стр. 330-331 в примечании).

"В пользу двоеперстия, - წერს სხვა ავტორიტეტული გამოცემა, - у нас явилось целых четыре свидетельства… а впользу троеперстия… не было ни одного. Естественно, что ПРИ СОВЕРШЕННОМ ОТСУТСТВИИ СВИДЕТЕЛЕЙ В ПОЛЬЗУ ТРОЕПЕРСТИЯ, спор между двумя перстосложениями был решен у нас в пользу первого (т. Е. двоеперстия). Решение спора о двух перстосложениях имело для наших предков тот смысл, что двоеперстие есть единстенно истинное и единственно православное, а что троеперстие есть еретическая новизна" ("ორი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ ჩვენთან გამოჩნდა ოთხი მოწმობა... ხოლო სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ... არცერთი. ბუნებრივია, რომ სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ არარსებული მოწმობების პირობებში, დავა პირჯვრისწერის ორ წესს შორის ჩვენში გადაწყდა პირველის (ანუ ორი თითის -რედ.) სასარგებლოდ". გადაწყვეტილებას პირჯვრისწერის ორ წესთან დაკავშირებით ჩვენი წინაპრებისთვის ჰქონდა ის აზრი, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის ერთადერთი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური წესი, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა მწვალებლური სიახლე" ("Богословский вестник" за 1892 г. Апрель, стр. 48).

პროფ. ნ. კაპტერევის მტკიცებით სამი თითით პირჯვრისწერის აპოლოგეტებს მათი ჩვეულების სასარგებლოდ არ ძალუძთ დაიმოწმონ თუნდაც ერთი ავტორიტეტული წყარო მაინც, მსგავსი იმისა, რაც გააჩნიათ ორი თითით პირჯვრისწერის დამცველებს ("…не могут привести в пользу троеперстия ни одного авторитетного свидетельства в роде тех, какие имеет за себя двоеперстие" (Проф.Н. Каптерев. "Патр. Никон и его противники…" М. 1887 г., стр. 61).

8. თქვენ ეჭვი გეპარებათ იწერდნენ თუ არა რუსები პირჯვარს ორი თითით მთელი 7 საუკუნის განმავლობაში, მოყოლებული მათი გაქრისტეანების დღიდან, თუ არადა, რაღა საჭირო იქნებოდაო, გიკითხავთ თქვენ, მოსკოვის "ასმუხლიანი" კრება?

შევთანხმდეთ, რომ საეკლესიო კრებებს სწორედ მაშინ იწვევენ, როდესაც ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

დიახ, რუსეთში, დღიდან მისი გაქრისტეანებისა, ყოველთვის, მთელი 7-8 საუკუნე პირჯვარს იწერდნენ ორი თითით! რაც შეეხება "ასმუხლიან" კრებას, მან ახალი რამ კი არ დაამკვიდრა, არამედ განამტკიცა ძველი, რომელსაც ერეტიკული სიახლეები არყევდა!

"სტოგლავის" თქვენეულ კონტექსტში შეგიძლიათ თუ არა ამიხსნათ, რამ განაპირობა 7 მსოფლიო კრების მოწვევა ან I-IV მსოფლიო კრებების მიერ ქრსიტოლოგიური დოგმატების მიღება? იმან ხომ არა, რომ, თქვენი ლოგიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "მარტივად არ ყოფილა საქმე და ეკლესია ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატს ყოველთვის არ აღიარებდა"?

"სტოგლავის" ("ასმუხლიანი") კრება თქვენში ეჭვს თუ ბადებს ძველ წესებთან მიმართებაში და გაფიქრებინებთ, რომ "რაღაც სხვაობები მანამდეც ყოფილა", მაშინ ლოგიკურად ასე მოგიწევთ ფიქრი ნებისმიერ კრებაზეც და მათ შორის 7 მსოფლიო კრებათა შესახებაც. მოგიწევთ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ეკლესიას I მსოფლიო კრებამდე არ ჰქონია ცხადი და მკაფიო ქრისტოლოგია, რაცა თითქოსდა I-მა მსოფლიო კრებამ შეიმუშავა. ასეთ უაზრობებს ავრცელებენ მხოლოდ ე. წ. "იეღოვას მოწმეები" და ბრალს დებენ მართლმადიდებელთ, თითქოსდა ისინი ასწავლიან I მსოფლიო კრების მიერ შემუშავებულ და არა მოციქულთა და პირველდაწყებითი ეკლესიის სწავლებას.

კრებათა შესახებ მოგახსენებთ, რომ მათ იმიტომაც იწვევდნენ, რათა აღმოეფხვრათ ის სწავლებები, რომლებიც ავლენდნენ სხვაობას ჭეშმარიტ, ძველმართლმადიდებლურ სწავლებასთან... და ამ მხრივ გამონაკლისი არც "სტოგლავია".

9. არ შეიძლება პასუხი არ გავცეთ იმ შეხედულებასაც, რომლის მიხედვითაც, სამი თითით პირჯვრისწერა თითქოსდა ყველაზე სრულყოფილად გამოხატავს მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატურ სწავლებას წმ. სამების შესახებ.

რეალურად, ზემოთ დამოწმებული ფაქტებისა და მსჯელობის ფონზე, ასეთი შეხედულება მათი ავტორების ოცნება უფროა.

თუმცა, მათი ეს ოცნება მეტად შეურაცხყოფს წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამი თითით პირჯვრისწერა, როგორც ამას ერთხმად აღიარებენ მკვლევარები, საკმაოდ გვიან (დაახლ. XV-XVI საუკუნეებში) გამოჩნდა. გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეკლესიას არ ცოდნია როგორ გადაწერა პირჯვარი და თავისი სამწყსო როგორ ეკურთხებინა?!

ამგვარი მტკიცებულებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, ის, რომ არასრულყოფილი ყოფილა თვით მოციქულთა, 7 მსოფლიო კრებისა და მათ შემდგომდროინდელ წმ. მამათა პირჯვრისწერა მანამ, სანამ აგერ მე-15 თუ მე-16 საუკუნეში ვიღაცას არ მოუფიქრებია სამი თითით პირჯვრისწერის გადაწერა. საინტერესოა, ვინ იყო ეს "გენიოსი"?

10. თქვენი აზრით, თურმე, ასევე არ ჰქონია მნიშვნელობა თუ რამდენჯერ იტყვი ალილუიას. "თუ მინდა 100-ჯერ ვიტყვიო", განგიცხადებიათ. კი ბატონო, თქვით 100-ჯერ და თუ გნებავთ 1000-ჯერაც, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ ალბათ უნდა გესმოდეთ, რომ ღვთისმსახურებაში ასეთი თვითნებობა დაუშვებელია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ წმიდა ეკლესიის მიერ დაკანონებული ლოცვებით, რომლებიც გადმოგვცეს წმიდა მამებმა, ხოლო ალილუიას თქმა იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ადამიანს მოეპრიანება, განწესებული არც არსად ყოფილა, არც არის და არც იქნება!

უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგიერთ ლოცვაში (მაგ.: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტოში) ყოველი იკოსის შემდეგ ალილუია ითქმის მხოლოდ ერთხელ. ცისკრის ლოცვებში, როდესაც წმინდანზე "ღმერთი უფალის..." ნაცვლად განწესებულია ალილუია და მიცვალებულის დაკრძალვაზე და პანაშვიდის ლოცვებში, მგალობლები მე-8 ხმაზე სამჯერ გალობენ ალილუიას ("დიდება შენდა ღმერთოს" დამატების გარეშე).

ფსალმუნებში ალილუია იგალობება ორჯერ და ემატება "დიდება შენდა ღმერთო", რაც უძველესი ჩვეულებაა. გალობის სწორედ ეს ფორმა გახდა სადავო ახალმოწესე რეფორმატორთათვის, რომლებმაც ის სამჯერადი ალილუიათი შეცვალეს "დიდება შენდა ღმერთოს" დამატებით.

11. თქვენი აზრით, სამგზისი ალილუია ძალზედ ლოგიკურად განიმარტება: კერძოდ, სამი ალილუია წმ. სამების სამ იპოსტასზე მიანიშნებს, "დიდება შენდა ღმერთო" კი სამების ერთღმერთობას აღნიშნავს. დიდად დაგვავალებთ, თუ გვამცნობთ, რომელ წმიდა მამასთან ამოიკითხეთ ამგვარი რამ.

უცნაურია პირდაპირ, ჩვენგან გამუდმებით ითხოვთ ამა თუ იმ ჩვეულების დამტკიცებას წმ. მამათა თხზულებათაგანჯ, საკუთარ თავს კი, როდესაც ჩვენს საწინააღმდეგოდ მსჯელობთ, იგივეს გაკეთებას რატომღაც არ ავალდებულებთ.

12. თქვენ დაინტერესებულხართ თუ "რას წარმოადგენს ის, ვინც გვასწავლა ან ლოცულობდა ორჯერად ალილუიას".

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ჩვენთვის ეკლესიის უძველესი გადმოცემა და პრაქტიკა მეტად ანგარიშგასაწევია, ნებისმიერი წმინდანი კი საპატივცემოა. ორჯერადი ალილუია ეკლესიის უძველესი გალობაა. ასე გამოუცხადა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა წმ. ეფროსინე ფსკოველს. ასე გალობდა ამ საგალობელს XI საუკუნიდან მოყოლებული ნიკონის რეფორმამდე (ანუ მე-17 საუკუნემდე) ყველა რუსი წმინდანი. ასეთია ძველბიზანტიური გადმოცემა, როგორც ადასტურებენ ამას, თვით ნიკონიანელი თეოლოგები და ისტორიკოსები.

ასე დააკანონა "ასმუხლიანმა" კრებამ, რომელსაც საკვირველთმოქმედი მამები ესწრებოდნენ.

ეს ლოცვა აღწერილია ძველ ქართველ წმინდანთა ცხოვრებაშიც. კერძოდ, წმ. მღვდელმთავარ ზაქარიას შესახებ ნათქვამია, რომ მასში თურმე სიყრმიდანვე გამოვლინდა მღვდლობის მადლი. ერთხელაც, როდესაც ცხვარს მწყემსავდა, თამაშობით გაამზადა შესაწირავი პატიოსანი ჯვრის წინაშე. მის გარშემო მდგომი სხვა ბავშვები კი დაუდუმებლად ხმობდნენ ანგელოზთა გალობას ასე: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ცაბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა შენითა, ალილუია, ალილუია, დიდებაი ღმერთსა". ხოლო ზეციდან უბრწყინვალესი ნათლის სვეტი დაადგრა ამ უმანკო ყრმა მღვდელს (იხ. გიორგი მერჩულე. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ქართული პროზა. წიგნი I. V-XI ს-ს მწერლობა. "საბჭოთა საქართველო". თბილისი 1982 წ. გვ. 303-304. § 68).

ანუ, ორჯერადი ალილუია, როგორც ზემოთ დამოწმებული სასაწაულიდანაც ჩანს, ყოფილა ანგელოზთა საგალობელი და არა მწვალებლობა, როგორც ირწმუნებოდნენ ამას თქვენი სულიერი წინაპრები, რუსი, ბერძენი და ქართველი რეფორმატორები...

იმედია, ეს წმიდა მამები "რაღაცას წარმოადგენენ" თქვენს თვალში...

თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამჯერადი ალილუია ახალმოწესე რეფორმატორებმა ორჯერადის სანაცვლოდ იმიტომ დაამკვიდრეს, რომ სამჯერადი მიაჩნიათ სამოციქულო გადმოცემად, ორჯერადი კი მწვალებლობად (იხ. Присяга на степень священства Иоакима патриарха… 1679 г. იხ. В. М. Удольский "Хронологический указатель славяно-русских книг церковной печати с 1941 по 1841 г.", стр. 103, 942. Изд. Москва 1873; ასევე А. Прозорский. "Сильвестр Медведев, его жизнь и деятельность". Изд. 1856 г.).

შეგიძლიათ მწვალებლობად შერაცხოთ ანგელოზთა საგალობელი?

ადასტურებს თუ არა ორჯერად ალილუიას უძველესობას და მის მართლმადიდებლურობას წმ. გრიგოლ ხანძთელის (IX ს.) ცხოვრებაში აღწერილი ეს სასწაული? ან რის საფუძველზე უნდა შეცვლილიყო წმ. მამათა ცხოვრებასი აღწერილი ეს ლოცვა?

13. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თურმე ახალმოწესე რეფორმატორებს "წიგნების გადაკეთებისას არსებითი ცვლილებები არ დაუშვიათ და ამიტომაც არ ღირდა ძველმორწმუნეთა მხრიდან პროტესტის ასეთი ემოციური სახით გამოხატვა (ლაპარაკია მე-17 ს. რუსეთში პატრ. ნიკონის რეფორმებისადმი ძველმართლმადიდებელთა დაუმორჩილებლობაზე - არქიეპ. პ.). ეს შეხედულება ნათელყოფს "რასკოლის" ისტორიისა და მიზეზების ცოდნის თქვენეულ დონეს.

ოდნავ მაინც რომ შეიწუხებდეთ თავს და გაზეთ "მართლმადიდებელში" (2001 წ. №№ 1-7) ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალას მაინც გაეცნობოდეთ, იხილავთ, რა არსებითი ცვლილებები დაამკვიდრეს ნიკონიანელმა რეფორმატორებმა. მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს...

ამჯერად კი მოკლედ გეტყვით: საღვთისმსახურებო წიგნებში გამოცემულია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატური სწავლება და მათი შერყვნა ელემენტარული მწვალებლობაა. მწვალებლობათა შეტანა ღვთისმსახურებაში კი სულაც არ არის "უმნიშვნელო ცვლილება".

პროფ. კაპტერევის თქმით "ეს გადამთიელნი (იგულისხმებიან რუსული ეკლესიის ბერძენი რეფორმატორები - არქიეპ. პ.) და გარმიანელნი, საეკლესიო სიძველეთა მგრეველნი, რომლებიც წყვეტდნენ მთელ რიგ საკითხებს ეკლესიაში და ვითომცდა წმენდდნენ "დამუქებულ მართლმადიდებლობას", სინამდვილეში მხოლოდ რყვნიდნენ მის სიწმინდეს" (იხ. Проф. Н. Ф. Каптерев. "Характер отношении России к православному востоку", стр. 219).

სხვა, თანამედროვე მკვლევარი, ბ. კუტუზოვი კი ასკვნის: "ძველი და ახალი ტექსტების შედარება გვაფიქრებინებს, რომ ხშირად წარმოებდა ტექსტების საგანგებოდ შენიღბული და შეგნებული შერყვნა პრინციპით - "რაც უარესია, მით უკეთესია".

ამ ავტორის თქმით, "რუსეთში ნიკონის რეფორმის ყველა ნებაყოფლობითი მომხრე მართლმადიდებლობის მტერი იყო, რამეთუ რეფორმა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, დაუსჯელად ემასხარავებინათ ეკლესია და ამასხარავებდნენ კიდეც..." (XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?).

ჩვენი აზრით, მართლმადიდებლური საღვთისმსახურებო ტექსტების შერყვნაზე და ეკლესიის სიწმინდეთა გამასხარავებაზე რეაგირების საჭიროება ეჭვქვეშ შეიძლება დააყენოს მხოლოდ არამართლმადიდებელმა...

14. თქვენ გაინტერესებთ, "ჰქონდათ თუ არა ბერძნებს მართლმადიდებლობა დაკარგული და თუ არ ჰქონდათ, მაშინ მათ ყაიდაზე რუსული ეკლესიის აჭრაში არაფერი უნდა ყოფილიყო საძრახისი".
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნამდვილად საძრახისია ეს რეფორმა!

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ტიპიკარული განაწესი და წეს-ჩვეულებები რუსებმა XI საუკუნეში თვით ბერძნებისგან მიიღეს დასრულებული სახით და შეინარჩუნეს იგი ვიდრე ნიკონ პატრიარქამდე. აი, თავად ბერძნებმა კი, როგორც ამას ცნობილი და ავტორიტეტული მკვლევარები ადასტურებენ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დროთა განმავლობაში, მართლმადიდებლობისთვის უცხო და გაუგონარი წესებით შეცვალეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ დაკარგეს ის, რაც ადრე ჰქონდათ.

მეორეც, ამავე ბერძენი რეფორმატორებისა და მათი მხარდამჭერი რუსი იერარქების აღიარებით, საეკლესიო წესების შეცვლა არის ერესი, ხოლო მათ დროს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვიდრებული ჩვეულებანი მწვალებლობად გამოაცხადეს. ამიტომაც, დასახეს მათ რეფორმა და ახალბერძნულ წესებზე გადმოაკეთეს ძველბერძნული საეკლესიო გადმოცემა.
მაშ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?

თუ ეთანხმებით იმდროინდელ რეფორმატორებს და მათთან ერთად ამტკიცებთ, რომ რუსებს ვითომცდა დაუკარგავთ მართლმადიდებლობის სიწმინდე, დაუმკვიდრებიათ სხვადასხვა მწვალებლობები (გამოხატული სხვადასხვა საეკლესიო წეს-ჩვეულებებში) და შეუცვლიათ ისინი, რატომ არ შეიძლება იგივე ვამტკიცოთ ჩვენც, ოღონდ პირიქით?!

თუ მართლმადიდებლური გადმოცემების (წეს-ჩვეულებების) დაკარგვა და მათი შეცვლა მწვალებლობაა, მაშინ ეს მარცხი ჭეშმარიტად ბერძნულ ეკლესიას შემთხვევია და არა რუსულს, რომელსაც იმ დროისთვის ეპყრა სრულიად ძველბიზანტიური და მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემა.

ამ ფაქტს აღიარებს თვით რუსული ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიაც, რომელმაც ჯერ 1929 წ. სინოდალურ დონეზე, ხოლო 1971 წ. საერთო-საკრებო დონეზე (რომელსაც, სხვათა შორის საქართველოს ახალმოწესე-მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია II-ც ესწრებოდა) აღიარეს ძველი წესების მაცხოვნებლობა და დაგმეს მათი შეურაცხმყოფელი და განმაქიქებელი გამონათქვამები.

უკვე აღიარეს, რომ ნიკონის რეფორმა იყო შეცდომა!

ძველმორწმუნეებს უხდიან ბოდიშს ! (მაგ.: მიტრ. ვიტალი (აშშ), ეპ. ნექტარიოსი (აშშ)).

ატარებენ საღვთისმეტყველო კონფერენციებსა და ბეჭდავენ წიგნებს, რომლებშიც ადასტურებენ ძველი წესების ძველბიზანტიურობასა და მართლმადიდებლურობას.

მაშ, თუ ასეა, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ XVII საუკუნის ბერძნებს (ლიტურგიკული, ანუ პრაქტიკული ღვთისმეტყველების დონეზე) მართლმადიდებლობის სიწმიდე დაკარგული ჰქონდათ.

მათ მწვალებლობად შერაცხეს, დასწყევლეს და ანათემას გადასცეს მართლმადიდებლური გადმოცემები. ამგვარი ქმედება კი კვალიფიცირდება როგორც მწვალებლობა!

მეტიც, მათ საშინელი წამებით დახოცეს და დევნეს ათეულ თუ ასეულ ათასობით სრულიად უდანაშაულო მართლმადიდებელი!...

მომდევნო პერიოდში ბერძნებმაც და ნიკონიანელმა რუსებმაც მათთან ევქარისტულ ერთობაში მყოფ ადგილობრვი ეკლესიებთან ერთად კიდევ უფრო გააღრმავეს ეს დანაშაული:

შეცვალეს სწავლება ეკლესიის შესახებ, კერძოდ, დაამკვიდრეს კოლექტიური პაპიზმის (ანუ ეპისკოპატის გარეშე ეკლესიის ვითომცდა არარსებობისა და ამავე ეპისკოპატის უცთომელობის) დოგმატი.

საეკლესიო საიდუმლოებებში მადლის წყაროდ, სულიწმიდის მომავლინებლად მიიჩნიეს არა ღმერთი, არამედ ეპისკოპოსი.

საეკლესიო იერარქიის ქვემო დასებს (მღვდელი, დიაკვანი) "ჩამოართვეს" სამღვდელო პრეროგატივები და ისინი ეპისკოპოსთა ყურმოჭრილ მონებად თუ მათ უბრალო დელეგატებად აქციეს.

მღვდლის ხარისხს ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე წაართვეს ყოველგვარი პრეროგატივა, რასაც ის ღებულობს ხელდასხმის საიდუმლოში და მრავალი სხვა ამდაგვარი...

დასასრულ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით რეფორმატორები: არსენ ბერძენი, მელეტი ანტიოქიელი, ეპიფანე სლავინეცკი და სხვები, 1667 წლის მოსკოვის საეკლესიო კრების თავმჯდომარე პაისი ლიგარიდთან ერთად, იყვნენ აშკარა იეზუიტები, თავიანთი კათედრებიდან ჩამომხობილი და ანათემირებული იერარქები (იხ. ჩვენი ალმანახი "მართლმადიდებელი", 2001 წ. № 4-5, "მართლმადიდებლობის აპოლოგია").

ჩვენ ჩვენი სინდისი არ გვაძლევს უფლებას, ყოველივე ამის მიმართ გულგრილნი ვიყოთ და ამიტომაც, ასეთ შემთხვევაში ვალდებულნი ვართ გამოვიყენოთ "დიდ სჯულისკანონში" ეკლესიის მიერ დაწესებული კანონები (ორგზისი კრების მე-13, მე-14, მე-15; VII მსოფლ. კრების 1-ლი და მე-2 კანონები და მრავალი სხვა).

მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენი სინდისი სხვაგვარად სჯის...

15. თქვენ გაინტერესებთ, რატომ არ მივიჩნევთ წმინდანად სერაფიმე საროველს.

მიზეზი ძალიან მარტივია.

სქიზმატიკოსები და მწვალებლები წმინდანები არასოდეს ყოფილან. როგორც არ არიან წმინდანები XI საუკუნის დიდი სქიზმის შემდეგ დასავლურ, პაპისტურ ეკლესიაში შერაცხილი მოღვაწეები: თომა აქვინელი, ფრანჩესკო ასიზელი, ვინმე ტერეზია და სხვები, ასევე წმინდანად ვერ შეირაცხებიან ჭეშმარიტებისა და სხვა საეკლესიო გადმოცემებს ამხედრებულნი, სულიწმიდის მგმობარნი და მართლმადიდებელთა ხოცვა-ჟლეტის გამამართლებელნი.

სხვათა შორის, ეს სერაფიმე წერდა: "ორი თითით პირჯვრისწერა წმიდა განწესებების საწინააღმდეგოა"-ო (? - არქიეპ. პ.) (იხ. Житие преп. Серафима, сост. Автор летописи Серафимо-Дивеевского монастыря, архимандрит СерафимЧичагов. Изд. 2. Серафимо-Дивеевский монастырь. СПБ. 1903 г., стр. 74. По изд. 1. СПБ, 1903 г., стр. 69).

საინტერესოა მაინც, რომელ "წმიდა განწესებებს" გულისხმობდა თქვენი "წმინდანი"?

ორი თითით პირჯვრისმაწერალ მართლმადიდებლებზე ბ-ნი სერაფიმე ამბობდა: "სათნოებით აღსავსე ადამიანებიც რომ იყონ, მაინც შეკრულნი იქნებიან, რამეთუ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ვჯარს" (იქვე. გვ. 75. По изд. 1. СПБ, 1903, стр. 70-71).

ამბობენ, რომ სერაფიმე იყო გლეხი და არ გააჩნდა რაიმე სერიოზული საერო განათლება, მაგრამ მას არც სასულიერო განათლება ჰქონია და არც სულიწმიდით ყოფილა განბრძნობილი. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წმინდანმა არამაცხოვნებლად ჩათვალოს მართლმადიდებლური წესი ან ცხოვნების გარეშე გამოაცხადოს მის დაბადებამდე რუსეთში გაბრწყინვებული წმინდანები, "ასმუხლიანი" კრების სასწაულთმოქმედი მამები, რომლებიც არა თუ პირჯვარს იწერდნენ ორი თითით, არამედ აკანონებდნე კიდევაც მას.

ასე, რომ ორი თითით პირჯვრისმაწერალი ქრისტეანი კი არ არის წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის განწესებებს დაპირისპირებული, არამედ თავად სერაფიმე, რომელიც იმის აზრზეც კი არ იყო, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის ძველთუძველესი, მოციქულთამიერი გადმოცემა.

16. კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც თქვენ გვედავებით, არის კათალიკოს ანტონ I-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მოვლენები. თქვენ ამტკიცებთ, რომ თითქოსდა "ანტონ I კათალიკოსს არაფერი გაუკეთებია გასაკიცხი".

რა თქმა უნდა, ფსევდო-მართლმადიდებლების თვალსაზრისით არაფერი!

მან მარტოდენ უღალატა მართლმადიდებლობას და გახდა იეზუიტი, რის გამოც კინაღამ პატივი აჰყარეს და გააძევეს საქართველოდან!

მარტოდენ საღვთისმსახურებო წიგნები შერყვნა და თანაც იმ დონეზე, რომ ცნობილი ენათმეცნიერი პროფ. აკაკი შანიძე გაკვირვებული წერდა: "შესაძლებელია შეირყვნას წიგნი, მაგრამ იმგვარი შერყვნა, როგორც ეს ანტონის და მის მოწაფეთაგან შესწორებულ წიგნებს ახასიათებს, წარმოუდგენელია" (გაზეთი "მადლი", 1996 წ. № 26. მარტი. გვ. 4).

გაცნობებთ, რომ თქვენმა სათაყვანებელმა და საფიცარმა ანტონმა (კათალიკოსმა) ქართული ლიტურგიკული წიგნები შერყვნა, ასევე თქვენთვის ძვირფასი და თაყვანსაცემი რუსი შემსწორებლების მიერ გადაკეთებული ტექსტების მიხედვით...

უფრო დეტალურად ანტონ I კათალიკოსის "საგმირო საქმეებს" გაეცანით ჩვენს ბროშურაში: "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი. ანტონ I კათალიკოსი". თბილისი 1993 წ.

17. თქვენ გეეჭვებათ ჩვენი ეკლესიისა, რადგან მიიჩნევთ, რომ შეუძლებელია ეკლესია დაქვრივდეს (ანუ დარჩეს ეპისკოპოსის გარეშე) 250 წელიწადს (როგორც ეს მოხდა ჩვენი ეკლესიის შემთხვევაში), მაგრამ არ გეეჭვებათ თქვენი ეკლესიისა, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო 5 წლის განმავლობაში.

თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ეკლესიას საერთოდ არ შეუძლია არსებობა ეპისკოპოსის გარეშე, მაშინ თქვენ როგორღა არსებობდით უეპისკოპოსოდ მთელი 5 წელი? ხოლო, თუკი შეუძლია მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, 5 წელს გაგრძელდება ეკლესიის ქვრივობა თუ 250 წელს?

იქნებ საღვთისმეტყველო დონეზე აგვიხსნათ, რას ცვლის ეკლესიის ქვრივობის დროის ხანგრძლივობა? იმედია თქვენი "მღვდლები" და "თეოლოგები" კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცნას და საფუძვლიანად დასაბუთებულ მტკიცებულებებს მოგვაწვდიან... თუმც ვშიშობ ეს შეძლონ, რადგან შესაძლებელი რომ ყოფილიყო ამგვარი ამოცანის გადაჭრა, არც დაახანებდნენ და ქვეყანას მოსდებდნენ თავიანთ "ანტისტაროვერულ" "არგუმენტაციას".

18. თქვენ ეხებით მღვდლების მიერ ეპისკოპოსთა მიღების წესსაც და ითხოვთ, წარმოგიდგინოთ დამამტკიცებელი მასალა იმისა, რომ მართლმადიდებელ მღვდელს შეუძლია მირონცხებით ან ლოცვით მიიღოს მწვალებლობიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცეული ეპისკოპოსი.

მასალას წარმოგიდგენთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ გიჩნდებათ ეს შეკითხვა თქვენი ეპისკოპოსებისა და მღვდლების მისამართით, რამეთუ 5 წლიანი ქვრივობის შემდეგ "ბოსტონის დაჯგუფებაში" გადმოსული ეპისკოპოსი უცილობლივ მღვდლის მიერ უნდა ყოფილიყო მიღებული?!

რაც შეეხება ეკლესიისკენ მოქცეულ შემცოდეთა და მწვალებელთა მიღება-შეწყნარებას, მოგახსენებთ, რომ მღვდეელს არა თუ შეუძლია მიიღოს ეკლესიისკენ მოქცეული შემცოდე ან ერეტიკოსი, არამედ მეტიც, წმ. მოციქულთა 52-ე განწესების თანახმად, მას უფლება არა აქვს, არ მიიღოს ამდაგვარი.

უნდა უწყოდეთ, რომ შეკვრისა და გახნის უფლება (იოანე 20:19-23; მათე 18:15-18) ქრისტემ მისცა როგორც ეპისკოპოსებს, ასევე მღვდლებსაც (იხ. ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. Благовестие от Иоанна. Зач. 65, лю 301. Толкование).

ამას ადასტურებენ: წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.) (О покаянии, кн. 1, гл. 2, л. 3. Изд. Киево-Печ. Лавра 1824), წმ. იოანე ოქროპირი (Маргарит, сл. 5. "О Озии царе", л. 214), წმ. ეფრემ ასურელი (Творения, ч. II, сл. 57. "О священстве", стр. 609). По изд. Серг.-Посад. 1908 г., мтр. 397) და მრავალი სხვა წმიდა მამა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ელემენტარული ჭეშმარიტების შეგნება, რომ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: "დიდი განსხვავება არ არის პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს შორის... რაც უთხრა ქრისტემ ეპისკოპოსებს, ეხება პრესვიტერებსაც, ოღონდაც პირველთ (ანუ ეპისკოპოსებს - არქიეპ. პ.) აქვთ ის უპირატესობა, რომ მხოლოდ მათ მისცა უფლება აღასრულონ ხელდასხმები, - მხოლოდ ამ ერთშია (ანუ ხელდასხმის უფლებაში - არქიეპ. პ.) განსხვავება მათ შორის" (Бесседы. 1 Тимофеч. Беседа 11. СПБ. 1905 г., т IX, стр. 690). იგივეს გვასწავლის განმარტებითი სამოციქულოც (Апостол толоковый, зач. 283, л. 913), "კორმჩაია" (სლავ. დიდი სჯულისკანონი) (Кормчая Иосифовская, гл. 36, л. 283, об.) და სხვა.

მეტიც, ტოლედოს (403 წ.) და არავზიკანის (მე-5 ს. I ნახევარი) წმიდა კრებები პირდაპირ ავალდებულებენ პრესვიტერებს მირონცხებასა და ერეტიკოსების მიღებას ეპისკოპოსის არყოფნის შემთხვევაშიც (იხ. Опыт православно-догматического богословия ап. Сильсестра. Т. IV, изд. 2. Киев. 1897 г., стр. 451-452).

ერეტიკოსის (თუნდაც ეპისკოპოსის) მიღება რომ არ შედიოდეს პრესვიტერის უფლებამოსილებაში და ამ ხარისხში მყოფს, საკრალური თვალსაზრისით, არ ძალუძდეს ერეტიკოსი ეპისკოპოსის ეკლესიაში მიღება, მაშინ არავინ დაავალებდა მონოთელიტი ეპისკოპოსის მიღებას მღვდელ მიქაელს, როგორც ამას გადმოგვცემს ისტორიკოსი ბარონი (Бароний. Лето Господне 712, число 1, л. 819; Лето Господне 713, читсло 1, 2).

არც ერთ პატრიარქს ან ეპისკოპოსს არა აქვს უფლება და არც ძალუძს დაავალოს პრესვიტერს თუნდაც უქვემოესი საეკლესიო ხარისხის ხელდასხმა, რადგან, როგორც განგვიმარტავს წმ. იოანე ოქროპირი, ეს უფლება ქრისტემ მხოლოდ ეპისკოპოსს მიანიჭა. ამიტომაც, პრესვიტერს ვერ დაავალებენ იმას, რისი გაკეთებაც მას არ ძალუძს. მაგრამ თუკი მას ავალებენ, ეკლესიაში ლოცვით ან მირონცხებით მიიღოს ერეტიკოსი ეპისკოპოსი, ცხადია, ეს მის უფლებამოსილებებში შედის და ამის გაკეთება ძალუძს, რამეთუ "პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს შორის განსხვავება არც თუ დიდია".
რაც შეეხება მირონცხებით ერეტიკოსის მიღებას, ეს არ არის ქიროტონია (ანუ ხელდასხმა და არ შეგეშალოთ ხელის დადებით, ანუ ქიროტესიით სულიწმიდის გარდამოწვევაში, რაც შემდეგ მირონცხებით შეიცვალა), მისი შესრულება პრესვიტერს რომ არ შეეძლოს.

19. დასასრულ, მინდა გაუწყოთ, რომ ორთოდოქსულობაზე დიდი პრეტენზიის მიუხედავად, კონფესია, რომელშიც დღეს იმყოფებით, არც ორთოდოქსული გახლავთ და არც შთაფლვითი ნათლობის განუხრელი დამცველი, როგორც განაცხადეთ ეს თქვენ გაზეთ "არგოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ("არგო", 2000 წ. 6-12 თებერვალი).

"ბოსტონელი იერარქები" ორთოდოქსებად არ ჩაითვლებიან იმიტომ, რომ ისინი იმ რეფორმატორების მემკვიდრეები არიან, რომელთა წაქეზებით თუ მხარდაჭერით განხორციელდა სრულიად მიუღებელი ცვლილებები XVII ს. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

განუხრელად არ იცავენ შთაფლვის წესს ნათლისღების საიდუმლოში.

ასე მაგალითად, ბოსტონელმა "მიტროპოლიტმა" ეფრემმა ყოველგვარი ნათლისღების გარეშე მიიღო თავისი ეკლესიის წიაღში ქართული მრევლი აროშვილებისა და სხვა მათი მომხრეების მეთაურობით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი "მონათლულები" იყვნენ წყალპკურებით.

ეფრემი ორთოდოქსი რომ ყოფილიყო, მაშინ მას თავიდან, შთაფლვით უნდა მოენათლა ნიკონიანურ ეკლესიაში წყალპკურებით "მონათლული" ქართველები. მან კი, პირიქით, არათუ არ მონათლა, ამ მოუნათლავებს (ვგულისხმობ აროშვილებს) სამღვდლო "ქიროტონიებიც" კი მიუბოძა. თქვენ კი ამ ადამიანებს აბარებთ აღსარებას და ანდობთ თქვენს სულს.

მეტიც, არათუ ეს იერარქია არ არის ორთოდოქსული, თქვენც, ჩვენო ძვირფასო თანამემამულევ და შეცდომილო შვილო, დაკარგული გაქვთ ორთოდოქსული იერსახეც და აზრებიც.

თქვენი ზოგიერთი შეხედულება მაქსიმალურად მოკლედ უკვე მიმოვიხილეთ, რაც შეეხება იერსახეს, წვე-რულვაშგაპარსული კაცი იმდენად არ უნდა გაკადნიერდეს, რომ "ორთოდოქსულობისკენ მიდრეკილებად" ("არგო", 2000 წ. 6-12 თებერვალი) გამოაცხადოს უძველესი მართლმადიდებლობის თვით უმცირესი ნიუანსების დამცველნი, ხოლო მარტლმადიდებლობის ბურჯად მიიჩნიოს ორთოდოქსიისგან ნამდვილად შორს მდგომი საკუთარი თავი და ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფება".

ძველად, წვერ-ულვაში სინდის-ნამუსის და კაცურკაცობის სიმბოლო იყო, დღემდე ასეა ეს ძველმორწმუნეებში. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ძველმორწმუნეებში...

თბილისი 19.10.2003 წ

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика